ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსებმა სამხედრო ბაზად აქციეს – WSJ

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად გადააქციეს. შეიტანეს ტექნიკა, შეიყვანეს 500-ზე მეტი სამხედრო და ტერიტორიის გარშემო სანგრებს თხრიან.

ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, The Wall Street Journal-ი ევროპელ და უკრაინელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის არმია ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს თავდაცვით ფარად იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ატომური ელექტროსადგურიდან 4 კილომეტრში იმყოფებიან, ისინი, ფაქტობრივად, ვერ მოქმედებენ, რადგან საარტილერიო ბრძოლები ბირთვული რეაქტორების სიახლოვეს გარდაუვალ საფრთხეს ნიშნავს.

WSJ-ის ინფორმაციით, რუსებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განათავსეს „სმერჩები“, „გრადები“, ტანკები და ჯავშანმანქანები. გარშემო სანგრებია გათხრილი. ელექტროსადგურის დაცულ ბუნკერში კი რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის – „რუსატომის“ უფროსმა სპეციალისტებმა ბაზა მოიწყვეს.

„როგორც ჩანს, ეს რუსების ერთ-ერთი ტაქტიკაა – აიღოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მქონე ობიექტები და ის თავდაცვის ფარად გამოიყენონ,“ – ამბობს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი. – „ჩვენ არ ვაპირებთ სადგურზე იერიშს. ერთადერთი გზაა – ალყა შემოვარტყათ მას, დავიკავოთ მიმდებარე რაიონები და ოკუპანტებს იქაურობის დატოვება მოვთხოვოთ“.

WSJ-ის ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც შიშობენ, რომ ელექტროსადგურის მზარდმა მილიტარიზაციამ, შესაძლოა, ახალი ავარია გამოიწვიოს, ჩერნობილიდან სულ რაღაც 300 მილის მოშორებით.

გასულ ოთხშაბათს უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“, რომელიც ამ დრომდე მართავს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს, განაცხადა, რომ რუსი სამხედროები გამაგრილებელი აუზებიდან წყლის გაშვებით იმუქრებიან. რუსების თქმით, მათ უნდა იპოვონ იარაღი, რომელიც უკრაინელმა მებრძოლებმა წყალქვეშ დამალეს.

WSJ-ი აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ ელექტროსადგურისთვის სერიოზულ პრობლემას შექმნის, რადგან მას გაფილტრული წყლის მუდმივი ნაკადი სჭირდება რეაქტორებისა და გამოყენებული საწვავის მილების გასაგრილებლად.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიკავა. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსები სერიოზულ პროვოკაციას გეგმავენ ობიექტზე, რათა შემდეგ უკრაინელ სპეციალისტებს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე იარაღის შენახვა დააბრალონ. მათ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს და წამებით ცდილობენ, აღიარებითი ჩვენებების მიღებას.

მთავარი ფოტო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური/ფოტო: “ენერგოატომი”

რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

Radisson Hotel Group საქართველოში მასშტაბებს აფართოვებს – რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

Radisson Hotel Group- სიამაყით აცხადებს, რომ Next Group – თან ხელშეკრულების გაფორმებით მან საქართველოში თავისი პორტფელი 9 სასტუმრობდე გაზარდა.

ახალი სასტუმრო Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu მეორე საკუთრება და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი და უძველესი ქალაქია. ის ცნობილია სხვადასხვა არქიტექტურული ფორმების ეკლექტიკური ნაზავით, ისტორიული პორტით, ევროპული სტილის მოედნებით, ციხე-სიმაგრეებით, მზიანი სანაპიროებითა და საოცარი პეიზაჟებით. ბათუმი ხშირად მასპინძლობს კლასიკურ და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებს და უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს.

Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს – ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში განთავსდება 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. სასტუმროს ნაწილი მოიცავს ორ რესტორანს, რომლებიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს. ასევე, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო აღჭურვილი იქნება შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენრებით, კაზინოთი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს საკონფერენციო დარბაზებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც შეხვედრების ორგანიზება და გამართვა იქნება შესაძლებელი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ. გავაფორმეთ ხელშეკრულება Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio-სთან და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც პირდაპირ წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ასევე ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ Next Group-თან და გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისთვის“,- განაცხადა Radisson Hotel Group-ის, აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ Radisson Hotel Group-თან ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ბათუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებას უამრავ სიახლეს შესთავაზებს, მათ შორის აპარტამენტებს, კაზინოებს, სპა ცენტრებს, მას ექნება შესანიშნავი მდებარეობა. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის შემდეგ უფრო გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ ახალ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Next Group-ის მფლობელმა, კახა დევაძემ.

 

Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია „ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.

ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.

  

როდის აღდგება გარე განათება გონიოს ბულვარში

აქტიურ ტურისტულ სეზონზე გონიოს ბულვარი ჩაბნელებულია. ბულვარის მთელ პერიმეტრზე გამორთულია გარე განათება, რის გამოც სანაპიროზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

სინათლის წყაროდ სანაპიროზე მხოლოდ პალმების ძირში დამონტაჟებული სანათებია.

რატომ არის ჩაბნელებული გონიოს ბულვარი? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას. სამდღიანი ლოდინის მიუხედავად, მერიიდან კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„აღნიშნულ საკითხზე მუშაობს შესაბამისი სამსახური. უახლოეს პერიოდში განათება იქნება აღდგენილი,“ – მოგვწერეს ზოგადი პასუხი ბათუმის მერიიდან.

ბათუმის მერიაში ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყება გარე განათების აღდგენა გონიოს ბულვარში, ან რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ამისთვის.

ენერგეტიკის საერთაშორისო ექსპერტი: საქართველო მზად არის საათობრივი ბაზრისთვის

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. ბირჟის მიზანია შეიქმნას თავისუფალი ბაზარი, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. ბაზრის ოპერირება განხორციელდება Nord Pool-ის მიერ განხორციელებული სკანდინავიური/ბალტიისპირეთის ბაზრების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის სამიზნე მოდელის მიხედვით.

ნორვეგიულ გამოცდილებაზე, როგორც ელექტროენერგიით ვაჭრობის კუთხით, ამავდროულად ენერგეტიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საუბრობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია/შუახევიჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორი  ტრონ ენგბრეტსენი. ის 40 წელზე მეტია, რაც ენერგეტიკის სექტორში მუშაობს, იყო Statkraft-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და SN Power-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. ის ასევე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა Statkraft-ში ელექტროენერგიის წარმოების დირექტორად და პასუხისმგებელი იყო ყველა ოპერაციასა და რეკონსტრუქციაზე ყველა რეგიონში და განვითარებაზე სკანდინავიის ქვეყნებში.

ბატონო ტრონ, საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ ჰიდრორესურსების დაახლოებით 22% აქვს ათვისებული. როგორია ნორვეგიის გამოცდილება?

ნორვეგიამ თავისი ჰიდროპოტენციალის გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომიდან 1990 წლამდე პერიოდში ჩვენ ავაშენეთ ბევრი საცავი. ევროპაში რეზერვუარის სიმძლავრის დაახლოებით 40% გვაქვს და ქვეყანა ელექტროენერგიის დაახლოებით 92%-ს ჰიდროენერგიიდან იღებს. დანარჩენი ძირითადად ხმელეთის ქარია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს რამდენიმე ჰიდროენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ნორვეგიაში მომდევნო წლებში მთავარ აქცენტს ოფშორულ ქარზე გავაკეთებთ მწვანე ენერგიაზე გადასვლის მიზნით.

რამდენად ინტეგრირებულია ნორვეგიის ენერგეტიკული სისტემაჰიდრორესურსებთან ერთად იყენებს თუ არა ის განახლებადი ენერგიის პოტენციალს, როგორიცაა მზის ან ქარის ენერგია?

ნორვეგიას აქვს სრულად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული სისტემა და ის ასევე მჭიდროდ არის ინტეგრირებული შვედეთთან, დანიასთან და ფინეთთან ურთიერთკავშირების (ინტერკონექტორების) და ელექტროენერგეტიკული საერთო ბაზრის მეშვეობით. ჩვენ ასევე გვაქვს კაბელები გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე რამდენიმე ათასი მეგავატია.

თანამედროვე სამყარო აქტიურად განიხილავს მწვანე წყალბადის გამოყენების საკითხს, როგორც დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, ნახშირბადის ემისიების მინიმიზაცია წყალბადის საშუალებით არის შესაძლებელი. საქართველოს მთავრობა მწვანე წყალბადის კუთხით ქვეყნის პოტენციალის კვლევას გეგმავს, რა ზომებს იღებს ნორვეგია ამ კუთხით?

მწვანე წყალბადი ან ამიაკი, რომელიც უფრო მართვადი ფორმაა, განიხილება, როგორც თვითმფრინავების, გემების და სხვა მძიმე ტრანსპორტის საწვავი მომავალში და ნორვეგიის ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს ამ ახალ ინდუსტრიაში. პირადად მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი დაბალი ენერგოეფექტურობის გამო, რომელსაც მივიღებთ ელექტროენერგიიდან წყალბადზე გადასვლისას და შემდგომ ძრავაში ბრუნვის მომენტში. მე მჯერა, რომ მეცნიერება გამოიგონებს ელემენტებს, რომელთა სიმძლავრე  ათჯერ მეტი იქნება თითოეულ კილოგრამზე, ვიდრე დღეს გვაქვს.

ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს და ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გეოპოლიტიკურ ნებაზე ვართ დამოკიდებული.

რას გვეტყვით საათობრივ ბაზარსა და სიმძლავრის ბაზარზე, რომელიც მოქმედებს ნორვეგიაში და რომლის დანერგვასაც ახლა გეგმავს საქართველო?

ნორვეგიამ ბაზარზე დაფუძნებული ენერგეტიკული ვაჭრობა ჯერ კიდევ 1991 წელს დანერგა. იმის ნაცვლად, რომ დაეგეგმა საბაზრო გადაწყვეტილებებზე ეტაპობრივი გადასვლა, როგორც ეს ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააკეთა, ნორვეგიამ იმგვარად განახორციელა ცვლილება, რომ პრინციპში, ბაზარი თავიდანვე ქვეყნის ყველა მომხმარებლისთვის გახსნა. ნორვეგია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უზრუნველყო საყოველთაო წვდომა ბაზარზე. დღესდღეობით, სკანდინავიური ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული როგორც ფიზიკური ურთიერთდამაკავშირებლებით (ინტერკონექტორებით), ასევე ფინანსური ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით. Nord Pool-ი, რომელიც დაფუძნებულია ოსლოს გარეთ, არის ბირჟა ფიზიკური ენერგიის ვაჭრობისთვის სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებისთვის. 1996 წლიდან Nord Pool-ი მსოფლიოში პირველ საერთაშორისო ელექტროენერგიის ბირჟად გადაიქცა, როდესაც მას შეუერთდნენ შვედეთი, დანია და ფინეთი. სკანდინავიური ბაზარი  დანარჩენ ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბაზრებთან ინტეგრირებულია როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც.

ჩვენ გვაქვს პირველადი რეზერვის ორი ბაზარი. ერთი იხურება წინა დღის ვაჭრობამდე, მეორე იხურება მას შემდეგ, რაც წინა დღის ვაჭრობა დაიხურება და მოხდება კომუნიკაცია.

ნორვეგიას და შვედეთს აქვთ დიდი ჰიდროელექტროსიმძლავრე, ამიტომ სიმძლავრის ბაზრის საჭიროება ამ სერვისების შეთავაზებისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ დამდგარა. ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ბაზრები, მაგრამ ბაზრების ინტეგრაციისა და ქარის სადგურებიდან დიდი რაოდენობით წყვეტილი ენერგიის დანერგვის გამო, ყველაფერი შეიცვალა. ნორვეგია პირველი სკანდინავიური ქვეყანაა, სადაც დაბალანსების სერვისის პროვაიდერებს (BSP) შეუძლიათ შეთავაზებების გაკეთება ახალ პლატფორმაზე aFRR (ავტომატური სიხშირის აღდგენის რეზერვი) სიმძლავრის გადაცემის სისტემის მფლობელებისთვის (TSO, ე.ი. Statnett) (ის დაარსდა 2021 წლის  29 ნოემბერს). შემდეგი იქნება ფინეთი და შვედეთი 2022 წლის დასაწყისში. ენერგიეტის მიმდინარე გეგმა  სკანდინავიურ ბაზართან პირდაპირი დაკავშირებაა.

რას ფიქრობთ საქართველოში მიმდინარე ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე? მისცემს, ის თუ არა ელექტროენერგიის მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს? როგორ ფიქრობთ, საქართველო მზად არის ამისთვის?

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა ყველა ქვეყანაში იყო პოლიტიკური და არა სექტორული ცვლილება. ვფიქრობ, საქართველო მზად არის საათობრივი ბაზრისთვის. ეს ელექტროენერგიის მწარმოებლებს დაეხმარება თავიანთი წარმოების უკეთ ოპტიმიზაციაში, ხოლო ქვეყანას – ყოველთვის გამოიმუშაოს ენერგია ყველაზე იაფი წყაროებიდან. ფასის მერყეობა, რომელიც წინა დღის ბაზრის კარგად ფუნქციონირების შედეგია, მომხმარებლებისთვის უფრო რთულად შესაგუებელია. მსხვილი პროფესიონალი მომხმარებლებისთვის ეს უფრო ადვილია, რადგან მათ შეუძლიათ დადონ ფინანსური გარიგებები უშუალოდ მწარმოებლებთან. შინამეურნეობებისთვის ეს უფრო რთულია და, როგორც წესი, არსებობენ საბითუმო კომპანიები, რომლებიც ყიდიან ელექტროენერგიას მოცემული ტარიფით მცირე მომხმარებლებზე და იღებენ საჭირო რისკებს – რა თქმა უნდა, გარკვეული ფასის სანაცვლოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი, ალბათ, დაიწყებენ შინამეურნეობებზე კონტრაქტების გაყიდვას ადგილზე ფასის სანაცვლოდ და შეთანხმებულ ფასს მომსახურების საკომისიოსაც დაამატებენ.

მაისში რუსეთიდან 313 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში

ფულადი გზავნილები რუსეთიდან უკვე 888 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში 313.90 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით 888-პროცენტიანი ზრდაა.

ფულად გზავნილებზე სტატისტიკურ მონაცემს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ივნისის მონაცემები ჯერ არ განახლებულა.

აპრილში რუსეთიდან საქართველოში გზავნილები დაახლოებით 300 პროცენტით გაიზარდა – აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.98 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – 27 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი  რუსეთის 90 239-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 38 678-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. მაისში რუსეთის 51 561 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ფულად გზავნილებს: მაისში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფული იტალიიდან ჩარიცხეს – 36.82 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 15-პროცენტიანი ზრდაა.

შემცირდა ფულადი გზავნილი საბერძნეთიდან 1.47 პროცენტით და ის 20.33 მლნ აშშ დოლარია.

მაისში გერმანიიდან საქართველოში 13.31 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს [ზრდა 46 პროცენტი], აშშ-დან 27.78 მლნ დოლარი [ზრდა 15.03 პროცენტი].

ამ თემაზე:

რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

 

რუსეთის არმიას აღარ აქვს ერთზე მეტ ფრონტზე შეტევის ძალა – დანილოვი

უკრაინაში შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ რუსულ არმიაში შეიმჩნევა დაღლილობის ნიშნები და მას აღარ ჰყოფნის ძალა, რომ განახორციელოს შეტევა ერთზე მეტ ფრონტზე –  განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა The Wall Street Journal-თან.

მისივე თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად იყენებს უკრაინაში საბჭოთა დროის დაბალი სიზუსტის რაკეტებს და არ აქცევს ყურადღებას, ურტყამს თუ არა მშვიდობიან მოსახლეობას. დანილოვი მიიჩნევს, რომ ეს კეთდება უკრაინულ საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით, რომელსაც არ სურს დათმობა რუსეთთან.

დანილოვი ასევე ამბობს, რომ უკრაინის არმიამ უკვე გამოიყენა საბჭოთა იარაღის მარაგი და ახლა უკრაინა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღზე. მან ხაზი გაუსვა HIMARS-ის და სხვა სარაკეტო სისტემების ჩატანის მნიშვნელობას უკრაინაში, რამაც შესაძლებელი გახადა დარტყმა რუსეთის სამიზნეებზე ფრონტის ხაზზე, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

ამასთან, დანილოვი ამბობს, რომ უკრაინას კიდევ ათეულობით HIMARS-ი სჭირდება, მანამდე კი საჭიროა თავდაცვითი ომის წარმოება.

გუშინ, 6 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ახლა წინ მიიწევენ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, სამხრეთით – ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ე.წ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ლუგანსკის ოლქში, „უნდა დაისვენონ“.

გუშინ, 6 ივლისს, დანილოვმა განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, უკრაინის დაახლოებით მილიონი მოქალაქე იღებს საბრძოლო და სამხედრო გამოცდილებას და „უკრაინული ხარისხი“ გადაწონის „რაშისტების რაოდენობას“.

ოკუპანტებმა ოდესაში საწყობებს ესროლეს, განადგურდა 35 ტონა მარცვლეული

დღეს, 7 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შეუტიეს ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონს – ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერგეი ბრაჩუკი წერს ტელეგრამზე.

ოკუპანტებმა რაკეტა ესროლეს სასოფლო-სამეურნეო საწყობებს, რის შედეგადაც განადგურდა 35 ტონა მარცვლეული.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

ასევე, ოკუპანტებმა ესროლეს კუნძულ ზმეინის, რომელიც 30 ივნისს გაათავისუფლეს უკრაინელმა მებრძოლებმა საოკუპაციო ძალებისგან.

ბათუმში პლასტმასის საწარმო იწვის – ხანძარი სამრეწველო ზონაში

ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საწარმოში ცელოფნის პარკებს ამზადებდნენ.

ბათუმის სამრეწველო ზონა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არის მოწყობილი, სადაც სხვადასხვა სახის საწარმო მუშაობს.

ხანძრის ზონასთან ახლოს დასახლება არ არის.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ღია სივრცეში იწვის პლასტმასის ნარჩენები, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი პლასტმასის საწარმოში, როინ გუნდაძის ფოტო

სილქფესტის აქცია მრავალფეროვანი შეთავაზებით ბრუნდება

მხოლოდ ერთი დღით, 7 ივლისს, სილქნეტის მობილურ ქსელში, შეგიძლიათ გაიაქტიუროთ:

  • 600 ადგილობრივი წუთი – 10₾
  • 10 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 10₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + 10 000 MB ინტერნეტი – 20₾

ერთი ან რამდენიმე პირობის ჩართვას მომხმარებელი შეძლებს: კოდით  *202# ; ან  აპლიკაციით My Silknet ; ან სილქნეტის ვებ გვერდიდან

აჩუქე სილქნეტში ჩართულ ნებისმიერ სხვა ნომერს სილქფესტის საუკეთესო შეთავაზებები, იგივე კოდით, საკუთარი ბალანსიდან! 

აქცია ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

რა უნდა იცოდეთ ნახე აქ.

რუსეთი ეძებს გზებს, არ გამოაცხადოს სახელმწიფო მობილიზაცია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ინტენსიური საარტილერიო შეტევები გრძელდებოდა 6 ივლისს, დონეცკის ფრონტის ხაზზე, თუმცა რუსეთის არმიამ მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ის დანაყოფები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ წინა კვირის წარმატებულ შეტევებში, ახლა გადაჯგუფების პროცესში არიან.

7 ივლისს გამოქვეყნებულ რელიზში, უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ხელისუფლების კანონპროექტზე „საგანგებო ეკონომიკური ზომების შესახებ“, რომელიც დუმამ პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

„კანონპროექტი, სავარაუდოდ, სპეციალური უფლებებით აღჭურვავს ხელისუფლებას შრომითი ურთიერთობების, სამობილიზაციო ობიექტების ფორმირებისა და სახელმწიფო აქტივებიდან რეზერვების გამოყენების თვალსაზრისით“, – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ვარაუდით, კანონმდებლობა, კრემლის მცდელობაა, შემოიღოს ეკონომიკური ზონები თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად ისე, რომ ფორმალურად არ გამოაცხადოს სახელმწიფო მობილიზაცია, რაც პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია.

„ეს ასევე საშუალებას მისცემს რუსეთს, არ აღიაროს თავისი მონაწილეობა ომში და წარუმატებლობა, რომ ვერ დაამარცხა უკრაინის არმია, რომელსაც როგორც რიცხობრივად ასე ტექნიკით ბევრად აღემატება,“ – წერს დაზვერვა.

გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი ლისიჩანსკში და მთლიანად ლუგანსკის ოლქში თავისი კონტროლის განმტკიცებას განაგრძობს, დონბასისთვის ბრძოლის მომდევნო გადამწყვეტი მომენტი კი სლოვიანსკისთვის ბრძოლა იქნება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 602 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 3 797 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 815 ერთეული [+3]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 667 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 665 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 234 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 479 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 724 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 102 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

მკვდრეთით აღმდგარი – ბუჩაში დახვრეტილი და გადარჩენილი 43 წლის კაცის ისტორია

სუნთქვას ძლივს იკავებს. რა იქნება, ერთხელ მაინც რომ ღრმად ამოისუნთქოს. ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და ალბათ, მკვლელები აუცილებლად შეამჩნევენ გაყინულ ჰაერში ამომავალ ორთქლს. გვერდში ნატყვიარიც გაუსაძლისად სტკივა, მაგრამ იცის, რომ ერთი ამოკვნესაც, ისევე, როგორც ერთი ამოსუნთქვა, მისთვის საბედისწერო გახდება.

ესმის, როგორ დადიან რუსები და დახვრეტილებს ამოწმებენ, ვინმეს სიცოცხლის ნიშანწყალი ხომ არ ეტყობა, რომ საკონტროლო გასროლა მიაყოლონ. „ეს ისევ ცოცხალია,“ – ამბობს ერთი. ნეტავ, მასზე ამბობენ? იქნებ სხვაზე. „თავისით მოკვდება,“ – პასუხობს მეორე და გასროლის ხმა ისმის. სხვა აღმოჩნდა.

ივან სკიბა, 43 წლის ტაქსის მძღოლი და ოთხი შვილის მამა, მოგვიანებით ამ სურათს კიდევ ბევრჯერ ნახავს სიზმარში, თუმცა მანამდე ჯერ ისევ მკვდრებში წევს და კიდევ დიდხანს დარჩება იქ, თავისი დახვრეტილი მეგობრების გვერდით.

____________

ივან სკიბა – მკვდრეთით აღმდგარი ადამიანია. ბუჩის ტერიტორიული დაცვის ძალების რვაკაციანი ჯგუფიდან ის ერთადერთია, ვინც გადარჩა.

ახლა პოლონეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. მან და მისმა ოჯახმა იქ თავშესაფარი იპოვეს. სამსახურიც აქვს, ბავშვებსაც აღარ ეშინიათ. დათბა კიდეც და ოჯახი საღამოობით პარკში სეირნობს. სახეზე ცემის კვალი აღარ ეტყობა, ჭრილობაც შეუხორცდა.

24 თებერვლის დილით ივანი თავისი ტაქსით კიევში მიდიოდა. აფეთქებების ხმა გაიგონა, თუმცა ვერაფრით დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. მას მერე, რაც ვარაუდი დისპეტჩერმაც დაუდასტურა, ივანი სასწრაფოდ დაბრუნდა ბუჩაში, სიდედრის სახლში, სადაც ცოლ-შვილი ეგულებოდა.

ოჯახმა იქ დარჩენა და თავშესაფრის სარდაფში მოწყობა გადაწყვიტა.

ივანი, მეგობართან, თავისი პატარა გოგოს ნათლიასთან, სვაიტოსლავ ტუროვსკისთან ერთად ტერიტორიული დაცვის ძალებში ჩაეწერა.

ივანი (მარცხნივ) სვიატოსლავ ტუროვსკისთან და შვილთან ერთად/ფოტო: BBC News/ Україна

მათი ქვედანაყოფი ცუდად იყო შეიარაღებული. მხოლოდ ავტომატები და ხელყუმბარები ჰქონდათ და ერთი დურბინდი ათ კაცზე.

„შიშს ვერ ვგრძნობდით. არავითარი შიში. იყო მხოლოდ გაერთიანების სურვილი. სულ ფეხზე ვიდექით, დასვენების გარეშე. თავისუფალ დროს საჭმელი მიგვქონდა თავშესაფრებში, ქალებისა და ბავშვებისთვის. შიშის დრო სად იყო,“ – იხსენებს ივანი.

27 თებერვალს რუსეთის არმია კიევის შემოგარენიდან განდევნეს, თუმცა 3 მარტს ვითარება რადიკალურად შეიცვალა – პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსები ახალი ძალებით დაბრუნდნენ.

ივანის რვაკაციანი რაზმი იაბლუნსკაიას ქუჩაზე, 31 ნომერთან მორიგეობდა. მშვიდობის დროს ეს ტერიტორია, თავისი ტბით, მეთევზეების საყვარელი ადგილი იყო. როდესაც, რუსები, იაბლუნსკაიას ქუჩაზე, მათ საგუშაგოს მიუახლოვდნენ, ივანი და რაზმის სხვა წევრები დასამალად იქვე მცხოვრები ვალერი კოტენკოს სახლში შეცვივდნენ.

ივანი იხსენებს, როგორ შევარდნენ რუსები სახლში. ყველას წაართვეს მობილურები და ფეხსაცმელები გახადეს.

როდესაც რუსი სამხედროები ბუჩას დატოვებენ და უკრაინის სამართალდამცველები ქუჩის კამერების ჩანაწერებს შეამოწმებენ, ნახავენ, როგორ მიჰყავთ იაბლუნსკაიაზე რუს სამხედროებს ფეხშიშველი კაცები. ყველა მათგანს ცალი ხელი მის წინ მიმავალის ქამრისთვის მოუჭიდია, მეორე კი თავზე აქვს შემოდებული.

ტყვეები, იმავე ქუჩაზე, 144 ნომერში, რუსული ბაზის კედელთან მუხლებზე დააყენეს. თავებზე მაისურები და ჯემპრები გადააცვეს, რომ ვერაფერი დაენახათ. სცემდნენ სათითაოდ და დაჰყვიროდნენ: „თქვე ბანდერელებო, თქვენ ჩვენი დაწვა გინდოდათ მოლოტოვის კოქტეილებით! ახლა ჩვენ დაგწვავთ ცოცხლად!“

ეს ფრაზები ივანს ცხადად ახსოვს. ასევე, ახსოვს, მათ თვალწინ, დანარჩენების დასაშინებლად, როგორ მოკლეს 28 წლის ვიტალი კარპენკო. სწორედ ამის შემდეგ გათქვა რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, რომ ტერიტორიული დაცვის ძალებიდან იყვნენ.

ამის შემდეგ, მათდამი მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი გახდა.

ივან სკიბა საგუშაგოზე/ფოტო: BBC News/ Україна

ივანი იხსენებს, რომ ადგილობრივ დურგალთან, ანდრეი ვერბოვთან ერთად შენობაში დაკითხვაზე შეიყვანეს. ივანს თავზე ვედრო ჩამოაცვეს და კედელთან დააჩოქეს. ზურგზე სათითაოდ აწყობდნენ აგურებს, მანამდე, ვიდრე სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და წაიქცა. აგურებს თავზე ჩამოცმულ ვედროზე ამტვრევდნენ და სცემდნენ. შემდეგ გაიგონა გასროლის ხმა. ანდრეის ყვირილი აღარ ისმოდა.

იაბლუნსკაიას 144 ნომერთან, სადაც ტყვეები ჰყავდათ, რუსებმა ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეკრიბეს. „ნუ უყურებთ ამ ადამიანებს, მიწაზე რომ წვანან. ისინი ადამიანები არ არიან. ეს ჭუჭყია. ჭუჭყი,“ – უთხრა ერთმა რუსმა ოფიცერმა ადგილობრივს, ლუსია მოსკალენკოს.

4 მარტს, დღისით, აღარც ანდრეი იყო ცოცხალი და აღარც ივანის ორი თანამებრძოლი.

„რუსები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რა უნდა ექნათ ჩვენთვის. ერთი მეორეს ეუბნებოდა, რომ უნდა მოვეკალით, მაგრამ ცხედრები აქ არ დაეტოვებინათ,“ – ჰყვება ივანი.

ის და რაზმის დარჩენილი წევრები ბაზის გვერდით, პატარა ეზოში გაიყვანეს. ბეტონის პატარა მოედანზე ივანმა კაცის სხეული დაინახა. ის მანამდე დაეხვრიტათ.

„სიამოვნებას იღებდნენ ამისგან, გვეუბნებოდნენ, – „მორჩა, კაპუტ! დაემშვიდობეთ ერთმანეთს და ეგაა“. მათ შორის, ვისაც ივანი იმ დღეს დაემშვიდობა, სვიატოსლავიც იყო, მისი გოგონას ნათლია.

ერთ-ერთმა გაქცევა სცადა. იქვე დახვრიტეს. შემდეგ დანარჩენებს ესროლეს.

„ვიგრძენი, გვერდში მომხდა ტყვია. წავიქეცი,“ – ივანს ზუსტად არ ახსოვს, რამდენ ხანს დარჩნენ იქ რუსები, ალბათ წუთები, რომლებიც მას საათებად ეჩვენებოდა.

იცოდა, რომ არ უნდა განძრეულიყო, არ უნდა ამოეკვნესა, არ უნდა ამოესუნთქა.

როდესაც მიხვდა, რომ წავიდნენ, მხოლოდ მაშინღა გაბედა, თავზე ჩამოცმული ქურთუკიდან გამოეხედა. ეზო ცარიელი იყო. გვერდით ის კაცი ეგდო, რომელიც ეზოში რომ შეიყვანეს, მაშინ დაინახა. ბატინკები ეცვა. გახადა და ჩაიცვა. ღობემდე მიხოხდა და მეზობელ ბაღში გადაძვრა. მერე კიდევ ერთ ღობეზე გადახოხდა და მიტოვებულ სახლამდე მიაღწია.

ცემის კვალი ივანის სახეზე და ნატყვიარი/ფოტო: BBC News/ Україна

აბაზანაში რაც იპოვა, ჭრილობა იმით დაიმუშავა და სახლის პატრონის ტანსაცმელი ჩაიცვა. ის იყო, პლედი შემოიხვია და დასვენება დააპირა, რომ ხმა მოესმა. რუსული საუბარი. სახლში რუსი სამხედროები იყვნენ.

„დამინახეს და გამოკითხვა დამიწყეს, იქ რას ვაკეთებდი,“ – იხსენებს ივანი. დაარწმუნა, რომ სახლის პატრონი იყო, იქ ცხოვრობდა, მისმა ოჯახმა ბუჩა დატოვა, თვითონ დარჩა. დაჭრით კი სროლისას შემთხვევით დაიჭრა.

ივანი ისევ იაბლუნსკაიას 144-ში წაიყვანეს – ერთი ტყვეობიდან მეორეში.

ამჯერადაც გაუმართლა. ბაზაზე ჭრილობა დაუმუშავეს. ფიქრობს, რომ ის სამხედროები, რომლებმაც ის და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს, იმ დროს ან იქ არ იყვნენ, ან ვერ იცნეს.

მოქალაქეებთან ერთად მოათავსეს შენობის ბუნკერში. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ყველას გასვლის უფლება მისცეს.

მოკლულთა სხეულები, მათი, ვინც ივანთან ერთად ბუჩას იცავდა, მთელი თვის განმავლობაში, ვიდრე დასახლება ოკუპირებული იყო, იმ ეზოში ეყარა, სადაც რუსები ნაგავს ყრიდნენ.

ადმინისტრაციული შენობა იაბლუნსკაიას 144-ში, მკვლელობის ადგილი/ფოტო: BBC News/ Україна

ივანი იმ მოვლენების გადარჩენილი მონაწილეა, რომლის შესახებაც, 2022 წლის 19 მაისს The New York Times-მა ვრცელი ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის ბუჩაში, იაბლუნსკაიას 144-ში მომხდარი დახვრეტის ამბავი.

გამოცემამ სამი ვიდეო ჩანაწერი მოიპოვა – ერთი ქუჩის კამერის, რომელშიც ზუსტად ის სურათი ჩანს, რომელსაც ივანი აღწერს, როგორ მოჰყავთ ქუჩაში სამხედროებს ტყვეები, მეორე – ადგილობრივის გადაღებული, მესამე კი – დრონის.

ივან სკიბა იმ თვითმხილველებს შორისაა, ვინც მაშინ The New York Times-ის ჟურნალისტს მომხდარის შესახებ მოუყვა. როგორც გამოცემა წერდა, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 8 ადამიანი მოკლეს – მათ შორის არიან ვიტალი კარპენკო, ანდრეი ვერბოვი და სვიატოსლავ ტუროვსკი, ივანის მეგობარი.

თუ როდისმე ბუჩის დანაშაულებს სასამართლო განიხილავს, ივან სკიბა აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი მოწმე იქნება.

მან და მისმა ოჯახმა ოკუპაციას თავი დააღწიეს, თუმცა იაბლუნსკაიას 144-ში მომხდარის მოგონებებს – ვერა.

„ღამით უცებ გეღვიძება შიშისგან და ტალღასავით გადაგივლის შეგრძნება – ელოდები, როდის გესვრიან თავში.“

მთავარი ფოტო: ფოტოკოლაჟი – სქრინი ვიდეოდან და ივან სკიბა

წყარო: BBC News/ Україна, The New York Times

სლავიანსკთან სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ფრონტზე ვითარება „ძალიან დინამიკურია“ და სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარად ვითარდება. მის კომენტარს უკრაინული 24tv.ua ავრცელებს.

მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ორივე, უკრაინული და რუსული მხარე ძლიერია, რის გამოც ბრძოლა მწვავეა.

„სადღაც არის გამარჯვებები, სადღაც – მარცხი, სიტუაცია დინამიკურია და არ იძლევა ნაჩქარევი პროგნოზების გაკეთების საშუალებას.

მაგალითად, ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეტევას, მაგრამ ძირითადად ის თავდაცვაზეა. რაც შეეხება სლავიანსკს, იქ ძალიან სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ორივე მხარე იყენებს ძლიერ ძალას,“ – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 6 ივლისს საღამოს შეჯამებაში აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები შეტევისთვის იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით.

გენშტაბის ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ისვრიან რამდენიმე დასახლებული პუნქტის მიმართულებით. ოკუპანტები მიიწევდნენ დოლგენკოე – მაზანოვკას მიმართულებით, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი უკუაგდეს და ოკუპანტებმა უკან დაიხიეს დანაკარგებით.

___________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

 

თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ჯარიმა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოქალაქემ

თურქეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაა, სადაც დასაქმება შეუძლიათ.

თურქეთის სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს ლეგალურად დასაქმების სეზონური პროგრამა, ამის გარდა შესაძლებელია გაკეთდეს სამუშაო ვიზები. უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმება ნიშნავს, რომ მოქალაქის საბაზისო უფლებები იქნება დაცული.

მიუხედავად ამისა, თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი. ისინი დეპორტის შიშით ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

საკონსულტაციო-სათარჯიმნო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელი, მიხეილ ჭაღალიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ხშირად სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო ადეპორტებენ. ასევე ადეპორტებენ, თუ ჩადენილი აქვთ მცირე დანაშაულები ან გადააქვთ კონტრაბანდული საქონელი.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის ივნისში, თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადების დამრღვევ უცხოელთათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა: თურქეთში შესვლაზე აკრძალვას, იგივე დეპორტს არ ექვემდებარება პირი, ვისაც სამ თვეზე ნაკლები ვადაგადაცილება აქვს, საკუთარი ნებით ტოვებს ქვეყანას და გასვლისას იხდის ჯარიმას.

ასევე დეპორტის გარეშე შეუძლიათ დატოვონ თურქეთი იმ პირებმა, ვისაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, მიღებული აქვთ გაფრთხილება ქვეყნის დატოვების შესახებ, მაგრამ  ქვეყანაში მათი არალეგალურად ყოფნა სამ თვეზე ნაკლებია. თუ ეს პირები დათქმულ ვადაში დატოვებენ ქვეყანას, გასვლისას გადაიხდიან მხოლოდ ჯარიმას და არ მიიღებენ დეპორტს.

ახალი კანონის თანახმად, პირი, რომელიც თურქეთში არალეგალურად სამ თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარი ნებით ტოვებს ქვეყანას, საზღვარზე იხდის ჯარიმას. ჯარიმასთან ერთად მას გარკვეული პერიოდით ეკრძალება თურქეთში შესვლა.

  • თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 3 დან – 6 თვემდე, მას ერთი თვით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
  • თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 6 თვიდან – 1 წლამდე, მას სამი თვით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
  • თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 1 წლიდან – 2 წლამდე, მას 1 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
  • თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 2 წლიდან – 3 წლამდე, მას 2 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
  • თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 3 წელზე მეტი ხნით,  მას 5 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.

შესაძლებელია თუ არა დეპორტის მოხსნა და როგორ?

„რამდენიმე სახის მიმართვაა, რითაც შეიძლება მოიხსნას დეპორტი – ტურისტული მიმართვა, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო და ოჯახის გაერთიანების მიზნით. ყველაზე მარტივია ტურისტული განაცხადის შევსება ვიზის მისაღებად, რომლითაც იხსნება დეპორტი.

მაგრამ ბოლო პერიოდის ტენდენცია ასეთია – ტურისტულ ვიზაზე ბოლოს რაც გავაგზავნეთ, 90 % უარი მოვიდა. მოქალაქეებს ვურჩევ, რომ არ გააკეთონ განაცხადი ტურისტულ ვიზაზე. აზრი არ აქვს, უარი მოდის,“ – ამბობს საკონსულტაციო-სათარჯიმნო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭაღალიძე.

ის წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება სავიზო და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ლეგალურად დასაქმებისთვისაა საჭირო.

მიხეილ ჭაღალიძე

მიხეილ ჭაღალიძის თქმით, დეპორტის მოხსნა შესაძლებელია ოჯახის გაერთიანების მოტივით, თუ მოქალაქეს ჰყავს თურქეთის მოქალაქე მეუღლე ან შვილი.

„ყველაზე მარტივია ტურისტული ვიზა. გამოაგზავნინებ მოწვევას, დაჯავშნი სასტუმროს და ბილეთებს. ჩააბარებ განაცხადს.

სხვა ვიზები არის ორეტაპიანი. მაგალითად, სამუშაო ვიზებზე რომ განაცხადს ჩააბარებ, პარალელურად თურქეთში უნდა გყავდეს დამსაქმებელი ნაპოვნი, გააფორმო მასთან ხელშეკრულება შაბლონით, რომელიც შემუშავებული აქვს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვა საბუთებსაც მოაგროვებ, ჩააბარებ საკონსულოში. საკონსულო გაძლევს კოდს, რომლითაც დამსაქმებელი უნდა წავიდეს თურქეთის შემოსავლების სამსახურში და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქის გადასახადებს გადაიხდის. სიგორტას ეძახიან – დაზღვევა, რაც უნდა გადაიხადოს.

თუ დამსაქმებელი მეორე ეტაპს არ გაივლის, ამ შემთხვევაში მოქალაქე შეტანილ თანხას კარგავს, რაც საკმაოდ სოლიდურია. იკარგება დროც.

ოფიციალურად, საკონსულოში გადასახდელია 50 დოლარი. ამის შემდეგ განაცხადის მომზადებას (აპლიკაციის შევსებას) სჭირდება 50 ლარი. ამას ემატება თარგმანი – ერთი გვერდის თარგმანის ღირებულება 25 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე ადის.

სტუდენტებსაც შეუძლიათ ვიზის აღება, მაგრამ სტუდენტები ძირითადად არ არღვევენ სავიზო რეჟიმს,“ – ამბობს მიხეილ ჭაღალიძე.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე სავიზო რეჟიმის დარღვევით გადმოდიან, დეპორტთან ერთად უწერენ ჯარიმას. მიხეილ ჭაღალიძის თქმით, ჯარიმის გადახდა სავალდებულოა.

„ჯარიმა, რომელსაც სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის აძლევს თურქული მხარე საქართველოს მოქალაქეებს, სავალდებულოა გადასახდელად. ბევრი ფიქრობს საქართველოს მხარეს გადმოსვლისას, რომ არ გადაიხდის და მერე ეს ჯარიმა თავისით ჩამოიწერება.

როცა არ უნდა წავიდნენ, ერთი წელი იქნება საზღვრის კვეთიდან გასული თუ ხუთი, აზრი არ აქვს – თურქული მხარე მაინც ითხოვს ამ თანხის გადახდას.

თუნდაც დაადეპორტონ. ეს ეშლებათ ხშირად. ადრე იყო დეპორტს რომ ჩაგირტყამდნენ, ჯარიმას აღარ გიწერენ. ახლა დეპორტთან ერთად ჯარიმასაც გიწერენ, რომლის გადახდაც, სავალდებულოა, – ამბობს მიხეილ ჭაღალიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ არის თანხა, თუ რა ოდენობის იქნება ჯარიმა, რომლის გადახდაც მოუწევს მოქალაქეებს.

„დოლარის ვალუტაში აჯარიმებენ, მაგრამ იმ დღის კურსით, რომელ დღესაც პირი კვეთს საზღვარს. თითოეულ გადაცილებულ დღეზე თვლიან კურსის მიხედვით. ამის გამო იცვლება ჯარიმების ოდენობა,“ – ამბობს მიხეილ ჭაღალიძე.

მისი თქმით, არსებობს სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეს თავად შეუძლია გამოითვალოს დაახლოებით რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო.

რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე.

„თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 %-ის ოკუპაციაში, მაგრამ საქართველოს 80 პროცენტი მეორე ქვეყანას აქვს ოკუპირებული, ამაზე რატომ ხუჭავთ თვალს?“ – ხუმრობის გარეშე გვკითხა ვიქტორ კუსიანმა, „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. – „დანარჩენი ოკუპირებულია იმის მიერ, ვინც ლუგარის ლაბორატორია აგვიშენა და დაგვაყენა საფრთხეების წინაშე,“ – გვითხრა ვიქტორ კუსიანმა, რომელიც ადასტურებს, რომ 3 ივლისს თბილისში უკვე მეორეჯერ მოაწყო საერთაშორისო კონფერენცია ბიოლოგიურ ომზე, „ცრუ პანდემიასა“ და „ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალ საფრთხეებზე“.

ჩვენთან საუბრის დასაწყისში ვიქტორ კუსიანმა სცადა ჩვენი ყურადღების მიქცევა იმაზეც, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის პირობებში რამდენჯერმე ახსენა ლუგარის ლაბორატორია, როგორც საფრთხე. „ყველგან ახსენებს რუსეთი ამას“, – გაგვიმეორა ვიქტორ კუსიანმა.

ვიქტორ კუსიანი – „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორი, მან რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოყენებით აშშ ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ დაიწყოს ბიოლოგიური ომი. მან მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და მსოფლიო საზოგადოებას ლუგარის ლაბორატორიების ლიკვიდაციის მოთხოვნით.

„ხართ დაზღვეული, რომ რუსეთმა არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები?… არსებობს 1972 წლის შეთანხმება ბიოლოგიური იარაღის გავრცელებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს დარტყმას, თუკი ვინმე აწარმოებს, ავრცელებს, ან გადაიტანს ბიოლოგიურ იარაღს. რუსეთი მეზობელი სახელმწიფოა, იცით, ამის შესახებ?“ – კონკრეტიკის და განმარტებების ნაცვლად ისევ კითხვების შემობრუნება არჩია ვიქტორ კუსიანმა.

რის გადამოწმება შეუძლია პროფესიით იურისტ ვიქტორ კუსიანს, ლუგარის ლაბორატორიაში რომ შეუშვან? – ORT-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლაბორატორიაში შესვლის მოთხოვნასაც აჟღერებს ვიქტორ კუსიანი იმის მიუხედავად, რომ იქ სპეციალისტები და დაინტერესებული პირები წინა წელსაც შეუშვეს.

„მე გასულ წელსაც ვიყავი შესული ლაბორატორიაში,“ – დაგვიდასტურა ვიქტორ კუსიანმა. – „მაგრამ იქ საცავების კარები დახშულია ქართველი სპეციალისტებისთვის… მე კი ვერ აღმოვაჩენდი, სპეციალისტები აღმოაჩენდნენ, მაგრამ არ შეგვიშვეს. იქ უნდა შევიდნენ ბიოლოგები, სპეციალისტები,“ – აღნიშნა ვიქტორ კუსიანმა.

რა საფუძვლით შეიძლება იყოს მართებული რუსეთისთვის მიმართვა ლაბორატორიის ლიკვიდაციაზე, საფრთხეები რომც არსებობდეს? ამ კითხვაზე პასუხის სანაცვლოდ, ვიქტორ კუსიანმა შეთქმულების ახალი თეორია გაახმოვანა, რომ თითქოს „ბათუმელი ბავშვებისგან სისხლს იღებენ და ევროპაში მიაქვთ“. 

„თქვენ ინფორმაციის ნაკლებობა გაქვთ. იცით, რომ ბათუმში სისხლს იღებენ ბავშვებიდან და აგზავნიან დასავლეთში? ჰკითხეთ თქვენს მეგობარ დასავლეთს, აქ რომ გამოვარდებით და იწყებთ საუბარს ოკუპანტებზე…“, – ეს ყალბი მესიჯი შემოგვთავაზა ვიქტორ კუსიანმა დამშვიდობებამდე და გვითხრა, რომ მოგვასმენინებდა ვერსიებს, თუ ორგანიზაციაში ვესტუმრებოდით.

დეზინფორმაციულ სიუჟეტში მოსაზრებები ასევე გამოთქვეს: ექიმმა თინათინ გოცაძემ და თეიმურაზ მაკარიძემ, „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ თანათავმჯდომარემ. ამ ადამიანებმა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თქვეს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სამეცნიერო კვლევების ნაცვლად, მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე.

თინათინ გოცაძე – ექიმი. მან რუსეთის პირველი არხის ეთერში თქვა, რომ პენტაგონი მართავს ლუგარის ლაბორატორიას და მის პროექტებს, მათ შორის, პროექტს სახელწოდებით „მოკავშირე მწერები“

მაგალითად, თეიმურაზ მაკარიძეს თავის ფეისბუქგვერდზე 15 ივნისს გამოქვეყნებული აქვს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ ის თინა გოცაძესთან და ვიქტორ კუსიანთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიდის და ცენტრის ხელმძღვანელობას სთხოვენ ღია სატელევიზიო ეთერში დისკუსიას. „დაშინებულია ექიმების დიდი ნაწილი,“ – ეუბნება ამ ჩანაწერში ექიმი თინათინ გოცაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეპარტამენტის უფროსს ქეთევან ზახაშვილს და ცდილობს ახსნას, რატომ არ უნდა ყოფილიყო სავალდებულო პირბადეების ტარება.

თეიმურაზ მაკარიძე – „ნაციონალური ერთობის კავშირის“ ხელმძღვანელი, თეიმურაზ მაკარიძემ რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება საშიში ექსპერიმენტები“

საქართველოს მთავრობაში და კიდევ რამდენიმე უწყებაში არსებობს სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური, რომლის ვალდებულებაა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა. მაგალითად, მთავრობის სტრატკომის ბოლო ნიუსია ევროსაბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შესახებ, მას მოსდევს 18 მაისის ამბავი – ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენმდივანს შეხვდა.

მთავრობის სტრატკმის გვერდზე არაფერია ნათქვამი დეზინფორმაციაზე, რომელსაც რუსეთის პირველი არხი ვრცელ სიუჟეტს უძღვნის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით, რომელთაც პროპაგანდისტულ სიუჟეტში მოიხსენიებენ, როგორც ქართველ მეცნიერებს. სიუჟეტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა და იმაზე, რომ, მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსებს ქართველი ხალხისა თუ რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ და ამ ყველაფრის უკან აშშ დგას.

კრემლის მხრიდან მორიგ დეზინფორმაციულ სვლას ამ დრომდე არც თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი გამოხმაურებია: ამ უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ბოლოს ახალი ამბავი 7 ივნისს განახლდა და ერთ-ერთ ქართულ მედიასაშუალებას აკრიტიკებენ „ჯარის დისკრედიტაციისთვის“.

დეზინფორმაციას თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე ამ დრომდე არც ლუგარის ლაბორატორია გამოხმაურებია.

„ამ საქმის მიჩუმათება არის დეზინფორმაციული ომის გაძლიერება. ეს ძალიან საშიშია,“ – მიიჩნევს იურისტი თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი. – „ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რა განცხადებას აკეთებს ქვეყნის პრემიერი. ხელისუფლებას, მათ შორის, სტრატკომებს, შეუძლიათ დეზინფორმაციული ომის განელება. დეზინფორმაციული ომის შედეგია ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ყველა ფხიზლდება ჩვენ ირგვლივ, საქართველოს ხელისუფლების გარდა,“ – გვითხრა მან.

თამარ კორძაიას აზრით, ხელისუფლების მკაფიო რეაგირების გარდა, თავად ლუგარის ლაბორატორიამ უნდა იდავოს სასამართლოში სამოქალაქო წესით და ადამიანებს, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ფაქტების უარყოფა მოსთხოვოს. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] როლზეც:

„რას აკეთებს ამ დროს სუსი? სუსს აქვს ანალიტიკური სამსახური და ის უნდა ინტერესდებოდეს მსგავსი შემთხვევებით, როცა ასეთი მტრული, საშიში განცხადებები კეთდება, როცა რუსეთი ახდენს იდეოლოგიურ ექსპანსიას. სუსმა უნდა შეაფასოს ეს სახელმწიფოებრივი რისკები და კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს ღირსების საკითხი, რადგან ეს არის პირდაპირი მუქარა რუსეთის მხრიდან. წარმოუდგენელია, ეს ხდებოდეს რუსეთის აქტიური ჩარევის გარეშე. ამიტომაც, ძალიან მკაფიო განცხადებებია საჭირო ხელისუფლების მხრიდან,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ.

დაიწყო თუ არა რაიმე სახის მოკვლევა სუსმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართულნი? – კითხვით სუსის პრესცენტრს გუშინ, 5 ივლისს, მივმართეთ. ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

რატომ არ გამოეხმაურა პრემიერი ან მთავრობა დეზინფორმაციას თბილისში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც მთავრობის პრესცენტრიდან მივიღეთ.

————————-

რა არის ლუგარის ლაბორატორია?

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, არის გამოყვანილი და ა.შ.

მითები ლუგარის ლაბორატორიაზე გააქტიურდა 2019 წელსაც, როცა პანდემია დაიწყო. მაშინ რუსული პროპაგანდა მუშაობდა ვერსიაზე, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოიყვანეს ლაბორატორიებში.

ამ თემაზე:„კომიკურობამდე მისული დეზინფორმაცია” – ღამურების, ოკუპაციისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ხარკოვში დაიღუპა ბრაზილიელი სნაიპერი ქალი, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა

უკრაინელი მედია იუწყება, რომ ბრაზილიელი სნაიპერი ქალი, ტალიტა დუ ვალე ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამი კვირის წინ შეუერთდა.

უკრაინული გამოცემა “უნიანი” წერს, რომ ტალიტა დუ ვალე გასულ კვირას დაიღუპა, როცა რაკეტა მის ბუნკერს მოხვდა ხარკოვში. სარაკეტო თავდასხმას ასევე შეეწირა ტალიტას მეწყვილე, 40 წლის ბრაზილიის არმიის ყოფილი ჯარისკაცი დუგლას ბურიგო, რომელიც ბუნკერში დაბრუნდა ტალიტას საპოვნელად – წერს „უნიანი“.

უცხოური მედიის ცნობით, 39 წლის ტალიტა დუ ვალე ჩართული იყო ჰუმანიტარულ მისიებსა და სამაშველო ოპერაციებში, ასევე იბრძოდა ISIS-ის წინააღმდეგ ერაყში. ის ყოფილი მოდელი და მსახიობი იყო.

ტალიტა საკუთარ YouTube არხზე განთავსებული ჰქონდა ვიდეოები, სადაც ISIS-ის წინააღმდეგ ომზე საუბრობდა. ასევე ვიდეო, რომელიც ასახავდა თუ როგორ მიიღო სნაიპერული წვრთნა, როდესაც შეუერთდა დამოუკიდებელი ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულ ძალებს.

სწავლობდა უფლებადამცველად, ახალგაზრდობაში მუშაობდა მოდელად და მსახიობად, ასევე შეუერთდა ცხოველების დაცვის მოძრაობას.

Ativismo no Curdistão Iraquiano ❤️☀️💚

2019 წლის სექტემბერი, ტალიტას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იეზიდ ბავშვებთან

კადიროველები ბერლინამდე ჩასვლას აპირებენ – თუ პუტინი არ გააჩერებს

კადიროვის რაზმის ერთ-ერთი წევრი, რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ბერლინამდე ჩავლენ, თუმცა მანამდე ნიკოლაევს, ხერსონსა და ოდესას აიღებენ.  

ვიდეოს სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს და წერს, რომ კადიროველებმა იმ ქალაქების სახელებიც კი ვერ დაიმახსოვრეს, რომელთა დაპყრობასაც აპირებენ. 

„ნიკოლავესკიც, ხირსონიც და ადესაც. ვიდრე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი არ გაგვაჩერებს, ბერლინამდეც ჩავალთ. გავიმარჯვებთ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ“, – ეუბნება კადიროველი ჟურნალისტებს.

უკრაინული მედია მიუთითებს, რომ ეს არაა გერმანიის მიმართ მუქარის პირველი შემთხვევა. მარტში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსების მი-24, რომლის კორპუსსაც ასეთი წარწერ ჰქონდა – „ბერლინისკენ“.

„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

მომდევნო ორ კვირაში უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებას ელიან ხერსონში. თუმცა ამის პარალელურად, რუსები ხერსონში მოსახლეობის რეპრესიებს და სამხედრო პოზიციებს აძლიერებენ. რა სტრატეგიას ირჩევს უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად, ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

  • ბატონო ვანო, უკრაინელებს აქვთ მოლოდინი, რომ ივლისის ბოლოს ხერსონს გაათავისუფლებენ. საჯარო წყაროების თანახმად, რუსები ამყარებენ ამ ქალაქში პოზიციებს. თქვენი დაკვირვებით, ეს რა შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს? 

იმ შეიარაღების შედეგად, რაც დასავლეთმა მოგვაწოდა. როგორც იცით, ჰაიმარსები მოგვეწოდა. ბუნებრივია, ამ შეიარაღებამ უკეთესი შედეგი მოიტანა. მაგალითად ის, რომ მელიტოპოლის აეროპორტი უკვე აღარ არსებობს, გუშინ დაიბომბა და, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა რუსების იარაღის საწყობი.

ვფიქრობ, ამჯერად სწორი სტრატეგია აირჩია უკრაინამ, რადგან ამ ჰაიმარსებს რუსული ლოჯისტიკის გასანადგურებლად იყენებს – ზურგში უნადგურებს მარაგებს.

საწყობები, საკომუნიკაციო კავშირები, რკინიგზის კვანძები და ასე შემდეგ – ყველაფერი ნადგურდება. თუ საწვავი, ტყვია-წამალი აღარ ექნებათ, როგორ იომებს რუსი? ასე, რომ ხერსონში რომ რუსი გამაგრდეს, ლოჯისტიკა სჭირდება, ამიტომ უნადგურებს უკრაინა ლოჯისტიკას.

  • დიდი დასაყრდენი აქვთ ხერსონში?

ლოჯისტიკის მხრივ რუსებს ხერსონში აქვთ ორი დასაყრდენი, ერთი ეს იყო მელიტოპოლი და ასევე ნოვაკახოვკაში აქვთ, თუმცა ორივე დასაყრდენი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ამ საწყობებიდან მარაგდებოდნენ ტყვია-წამლით, მელიტოპოლიდან ჰქონდათ ვერტმფრენების ასაფრენი, ამიტომ ამ ინფრასტრუქტურის დაზიანებით, სერიოზული ზარალი მიადგათ.

  • მაგალითად, გამოცემა „ეკონომისტი“ ამ დღეებში წერდა, რომ უკრაინელები ძირითადად აღმოსავლეთიდან ცდილობენ რუსების შეჩერებას. როგორ ახერხებენ რუსები შეტევას?

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ უკრაინა ყველაზე მეტად სევეროდონეცკში დაზარალდა. ამ არასწორმა მოქმედებებმა დააზარალა ყველაზე მეტად უკრაინა და ძალიან სწორი იყო, როცა იქიდან გამოვიდნენ. სწორედ სევეროდონეცკში შექმნილმა ქაოსმა გამოიწვია ის, რომ რუსები გაძლიერდნენ მაგ მიმართულებაზე და უკრაინას გარკვეული პოზიციების დაკარგვა მოუხდა.

ორი კვირის წინ რუსებმა ჩრდილო-აღმოსავლეთით შეძლეს ფრონტის ხაზის შემოჭრა და ამან ძალიან შემაშფოთა, თუმცა გუშინ უკრაინელებმა მწვავე საარტილერიო კონტრშეტევის შედეგად გააჩერეს რუსების შეტევა.

პოპასნაზე აქვთ აქცენტი გაძლიერებული, რადგან თუ ამ პოზიციას დაკარგავენ რუსები, ფაქტობრივად, ომის ბედი მათ წინააღმდეგ შეტრიალდება.

ამ ყველაფრის მიზეზი იყო ისიც, რომ შეიარაღება გაწერილი გრაფიკით არ შემოვიდა – სამწუხაროდ, დაიგვიანა და ამიტომ დადგა ეს შედეგი.

  • „ეკონომისტი“ წერს, რომ ხერსონში ჯარისკაცები საბრძოლო მასალებსა და ქვეითების დეფიციტს უჩივიან, რატომ შეიქმნა ეს დეფიციტი? 

არ არის ასე. ვფიქრობ, ეს რუსული პროპაგანდაა, რადგან ადრე ქართველებზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მოვკალითო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

საერთაშორისო მედიებიც ძირითადად ტელეგრამ არხებზე არიან დამოკიდებული და ამის გამო ვრცელდება მსგავსი ინფორმაციები.

  • გასაგებია, მაგრამ სანდო მედიაზე ვსაუბრობ, რომლებიც ასევე სანდო წყაროებს ეყრდნობიან.

თავის დროზე მედია ცენტრალურ სადაზვერვოზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ირპენი დაიკარგებაო, მაგრამ დაიკარგა? ვინც აქ, ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, იმათგან უნდა გამოიტანოთ ინფორმაცია.

  • ხერსონში ორ სოფელზეა კიდევ საუბარი, სადაც რუსებს ძლიერი ბაზები აქვთ. ამბობენ, რომ თავდაცვის დანაყოფი იცავს მათ. ეს ბაზებიც ხომ არ დაბომბილა ამ დღეებში?

მელიტოპოლთან ახლოს არის პატარა სოფელი გამაგრებული, ვალნავახასთან არის კიდევ ასეთი ადგილი, თუმცა უკრაინას ახლა ძალიან სწორი სტრატეგია აქვს აღებული: ხერსონში კარგად მუშაობენ, სადღაც საათ-ნახევარში გაათავისუფლეს ხერსონის მისადგომებთან ორი სტრატეგიული სოფელი. ფაქტობრივად, პლაცდარმი შეტევისთვის უკვე მზად არის.

მაგრამ არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის ხერსონის მოსახლეობა, რომლის გაყვანაც ვერ მოხერხდა დროულად. სამწუხაროდ, როცა ქალაქს ათავისუფლებ და მასიურ შეტევაზე გადადიხარ, მშვიდობიან მოსახლეობაშიც იქნება მსხვერპლი.

  • სწორედ მინდოდა ხალხზე მეკითხა, რადგან რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ, როგორ შეძლებს ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის არმია ნაკლები მსხვერპლის ფასად?

თავის დროზე, როცა რუსებმა გეზი აიღეს აქეთკენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია. მოსახლეობა არ გავიდა, რადგან არც მათ სჯეროდათ ბოლომდე, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა.

ხელისუფლებამ დააგვიანა მოსახლეობის გამოყვანა ხერსონიდან – არსებობდა მოლოდინი, რომ პარტიზანული რაზმები იმოქმედებდნენ ქალაქში და პრინციპში, მართლაც ძალიან ბევრია პროუკრაინული მოსახლეობა ხერსონში. ისინი დღემდე მედგრად უმკლავდებიან რუსებს, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინამაც ხერსონი უნდა გაათავისუფლოს.

რუსები კი, როგორც ვიცით, ისე არსაიდან არ გადიან, მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული ზარალი რომ არ მიაყენონ, როგორც ბუჩაში ან ჰოსტომელში მოხდა.

ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ისევ არის ლოჯისტიკის განადგურება, ამაზეა გათვლილი ძირითადად ხერსონის დაბრუნება, რომ დიდი ნგრევის და მსხვერპლის გარეშე მოხერხდეს ეს ყველაფერი.

  • ითქვა, რომ ხერსონის დაბრუნებით უკრაინა აპირებს ყირიმზე გასვლას. ეს გეგმაა?

ეს უკვე გადაწყვეტილია. დამიჯერეთ, ყირიმის გასასვლელი გზები ძალიან ახლოსაა და წვდომა გვექნება ქერჩის ხიდამდე, ჰაიმარსების დახმარებით.

  • ითქვა, რომ ორი მნიშვნელოვანი კვირა ელოდება უკრაინას წინ, ამ ვადაშია მოაზრებული ხერსონის დაბრუნება?

ვიტყოდი, რომ ივლისის ბოლოს ველოდებით ნოვაკახოვკას და, რა თქმა უნდა, ხერსონის გათავისუფლებას, შემდეგ მიმდებარე ქალაქებიც გათავისუფლდება. შორსმსროლელებს წვდომა ექნებათ ქერჩის ხიდზეც, ეს იმას ნიშნავს, რომ ყირიმიც რუსული ლოჯისტიკის გარეშე დარჩება.

  • ზღვიდან არ არის შეტევის საფრთხე?

რაც ეს ხომალდსაწინააღმდეგო ჰარპუნები გამოჩნდა, რუსები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. კუნძული ზმეინი მაგის გამო დატოვეს, დაბომბვის ქვეშ მოექცნენ. ვერ უახლოვდებოდნენ, რომ მარაგები მიეტანათ. ჰარპუნები მუშაობდნენ და ფაქტობრივად, მაგის შედეგი იყო ეს. იმავეს ველოდები ყირიმის შემთხვევაშიც.

ჰარპუნების გამო რუსები ვეღარც ოდესას უახლოვდებიან, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ვეღარ იგერიებს მათ.

ორი დღეა ეძებენ ტექნიკის ლოკაციას და ვერ იპოვეს. შოკში არიან ჰაიმარსების გამო, რადგან ძალიან სწრაფად მოქმედებენ ჰაიმარსები. გაისვრიან თუ არა, უცებ იცვლიან პოზიციას.

ასე, რომ ორ კვირაში ხერსონის, ნოვაკახოვკას დაბრუნებას და იზიუმთან მიახლოებასაც ველოდები.

  • ცოცხალი ძალა ბევრი ჰყავდათ აქამდე რუსებს, ისევ ამატებენ ხერსონში ჯარისკაცებს?

უკვე აღარ შეიმჩნევა მატება. იძულებითი მობილიზაცია რომ გააკეთეს, მას შემდეგ დიდი მატება არ აქვთ. თუმცა ველოდებით ბელარუსიიდან შემოტევას, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა აქვთ – ცდილობენ ლუკაშენკოს საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინონ.

  • გადადგამს კი ლუკაშენკო ამ ნაბიჯს? მან ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ წყენა დაევიწყებინა. 

კი, გადადგამს, მაგრამ გეტყვით, რაც მოხდება. ბელარუსიას სპეციალური ოპერაციების ძალები ჰყავს, რომლის შემადგენლობაშიც 900 კაცია და კიდევ ერთი მოტომსროლელი ბრიგადა ჰყავს უკრაინასთან ახლოს. ჩვენ გვაქვს კავშირი ბელარუს პატრიოტებთან, აქაც ბევრი ბელარუსი იბრძვის უკრაინის მხარეს და მათაც აქვთ კავშირი. როგორც კი ლუკაშენკო მაგ ნაბიჯს გადადგამს და დაბომბავს უკრაინას, დამიჯერეთ, ოთხი ათასი კაციც აღარ შერჩებათ – დაიწყება მასობრივი დეზერტირობა სპეციალურ ძალებშიც და ჩვეულებრივ ბრიგადებშიც. ბელარუსები გაუწევენ წინააღმდეგობას ლუკაშენკოს.

თუმცა ლუკაშენკოს მსოფლიოში დასაყრდენი სხვა არსად აქვს, ამიტომ იქნება პროვოკაცია. ორი კვირის წინ იყო მცდელობა ჟიტომირის მიმართულებით შემოსვლის, მაგრამ 6 კაცი ადგილზე მოუკლეს. ეს ამბავი აქამდე არ გასაჯაროებულა.

წესით, 8 ივლისს, ლუკაშენკოს სპეცრაზმმა წვრთნები უნდა დაასრულოს, სავარაუდოდ, მდინარეზე აპირებენ გადმოსვლას და შემდეგ თავდასხმას. დღეს სწორედ ამ მიმართულებაზე ვიყავით გასული. პუტინს ჩაფიქრებული აქვს მაქსიმალურად გაიწელოს ომი.

  • თუ რუსეთი სუსტდება სანციების გამო, რაში აწყობს ომის გაწელვა, რას იგებს ამით?

რუსეთს აქვს საომარი რესურსი. ალბათ, იმედი აქვს ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობის. პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა. თუ გახსნა, ბელარუსიას შეწირავს, რადგან თუ იქ იარაღი გაჩხარუნდება, არც პოლონეთი და ლიეტუვა დაიძინებს და აღარც ნატო. უბრალოდ, ლუკაშენკოს შეწირვით რაღაც პოზიციებს გაიმაგრებს, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში.

თუმცა, ჩემი პროგნოზით, პუტინის გეგმა მაინც განწირულია. ლუკაშენკო კი ცხვირში ისეთს მიირტყამს, უკრაინის რეგულარული ჯარიც კი არ დასჭირდება მათ უკუგდებას.

  • პარტიზანული რაზმები მუშაობენ ხერსონში?

ხერსონში, მელიტოპოლში, ყველგან არიან. სამხრეთი უკრაინა საბედნიეროდ ძალიან აქტიურობს. სახელს ვერ დავასახელებ, მაგრამ მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ძლიერი პარტიზანული რაზმი მოქმედებს, რომელსაც ჩემი ყირიმელი თათარი მეგობარი ხელმძღვანელობს, ძალიან მაგარი და გამოცდილი ადამიანია. ეს რუსებმაც იციან – ეძებენ, ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.

ხერსონში განადგურდა ოკუპანტების იარაღის საწყობი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში დღეს, 6 ივნისს, საღამოს, აფეთქების ხმა გაისმა და კვამლი გამოჩნდა. ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, სერგეი ხლანი ფეისბუქზე წერს, რომ განადგურებულ იქნა ოკუპანტების იარაღის საწყობი.

„ხერსონში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში, განადგურდა ცეცხლსასროლი იარაღის საწყობი. გაგრძელება იქნება“ – წერს სერგეი ხლანი.

ხერსონში საწყობის დაწვაზე წერს ადგილობრივი ტელეგრამ არხიც, სადაც ხანძრის ამსახველი რამდენიმე მოკლე ვიდეოც გამოქვეყნდა.

ხერსონის ოლქი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა ოლქში არ წყდება პარტიზანული მოძრაობა. უკრაინული გამოცემა hromadske წერს, რომ ბოლო თვეებში ხერსონში ადგილობრივი კოლაბორაციონისტების აფეთქების სულ მცირე 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რის დროსაც რამდენიმე კოლაბორაციონისტი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

რუსებმა ხერსონი პირველ მარტს დაიკავეს. უკვე ოთხი თვეა, რუსეთი ხერსონელების გადაბირებას ცდილობს: დასდევენ, იტაცებენ, კლავენ. თუმცა ხერსონი პირველი დღიდანვე იბრძვის: თავიდან მიტინგებს აწყობდნენ, ახლა კი ბრძოლა იატაკქვეშეთში გადავიდა – ქალაქში კოლაბორაციონისტების მანქანებს აფეთქებენ.

ვრცლად ამ თემაზე: 

პარტიზანები და კოლაბორაციონისტები – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

რა წერია მთავრობის სარჩელში, რომლითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივლა

„საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლიზმის მაღალი ხარისხი,“ – სარჩელშიც საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტის უფლებამოსილებების სიმბოლურ ხასიათს, რაზეც „ქართული ოცნება“ 14 მარტს საუბრობდა, მაშინ მმართველ პოლიტიკურ ძალას პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში არ მოეწონა და კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკვე უჩივლა საკონსტიტუციო სასამართლოში. პლენუმმა სარჩელი განსახილველად უკვე დაუშვა. დავის საგანია რამდენიმე ელჩის დანიშვნა, რაზეც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას უარი უთხრა.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზა: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გაეროში დავით ბაქრაძე დაენიშნა, ასევე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე – კახა იმნაძე.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა,“ – წერია სარჩელში.

მთავრობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ელჩი სახელმწიფოს წარმოადგენს და „მნიშვნელოვანია მისი დანიშვნა იმ ორგანოს მიერ ხორციელდებოდეს, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ატარებს,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მთავრობას თავისი პოზიციის საილუსტრაციოდ მოჰყავს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განმახორციელებელი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც პრეზიდენტს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნის და გათავისუფლების უფლებამოსილება სიმბოლურად მიანიჭა.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც კი არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რომ ხსენებული უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლური და სამართლებრივი ბუნებისა იყო. ამასთან, სწორედ ამგვარ განმარტებაზეა მითითება კონსტიტუციური კანონის განმარტებით ბარათშიც, რითაც ცალსახად დასტურდება კანონმდებლის ნება.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. კერძოდ, თუ საქართველოს პარლამენტი უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას საგარეო პოლიტიკის სფეროში, მას შეუძლია, საქართველოს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, თავისი შეხედულებით დანიშნოს ელჩი ან დიპლომატი, რაც გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ინსტიტუტს და მას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილება არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ელჩი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მისი დანიშვნა და გათავისუფლება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უპირობოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად უნდა იქნეს მიჩნეული,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ოლიგარქ მედვედჩუკის თვითმფრინავი და ვერტმფრენი უკრაინის არმიას გადასცეს

სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულ უკრაინელ პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკს, სამართალდამცველებმა თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოართვეს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს.

„სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, ოპერატიულმა მუშაკებმა და გამომძიებლებმა ამოიღეს ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რომლითაც ვიქტორ მედვედჩუკის ოჯახი სარგებლობდა“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ჩამორთმეული ვერტმფრენი/ფოტო: უკრაინის გენპროკურატურა

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიებამ მანამდე დააყადაღა მედვედჩუკის კომპლექსი „მედვეჟია დუბრავა“ და სხვა აქტივები, რომელთა ბენეფიციარიც დეპუტატის ცოლი ოქსანა მარჩენკოა.

რადას დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება აქვს წაყენებული, მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

უკრაინული და დასავლური მედია ვიქტორ მედვედჩუკს რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირედ და პუტინის „ნათლიმამად” მოიხსენიებს.

მთავარი ფოტო: ვიქტორ მედვედჩუკის თვითმფრინავი/ფოტო: უკრაინის გენპროკურატურა

ერთადერთი კაფე სოფელ ყინჩაურში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელშეწყობით გაიხსნა

„კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია“ როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში აფინანსებდა და აფინანსებს სოციალურ და მიკრობიზნესპროექტებს აჭარაში, მათ შორის, სოფელ ყინჩაურშიც.

კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის ნიშნით სპეციალური მემორანდუმი აქვს გაფორმებული სოფელ ყინჩაურთან და ყოველწლიურად აფინანსებს ბიზნესპროექტებს. ასე დაფინანსდა 6 სხვადასხვა მიმართულების საქმიანობა სოფელ ყინჩაურში, სადაც უკვე 2021 წლის დეკემბრიდან პატარა კაფეც ამოქმედდა სხალთის მონასტერთან ახლოს, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური ხელშეწყობით.

კაფეს მასპინძელი 50 წლის გულიკო აბაშიძეა მეუღლესთან ერთად, თუმცა სოფელში კაფეს გახსნის იდეა მათ რძალს, თამარ შაინიძეს ეკუთვნის. თამარმა პროექტი დაწერა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონკურსზე წარადგინა. მისი პროექტი მოიწონეს და დააფინანსეს.

გულიკო აბაშიძე
გულიკო აბაშიძე

სხალთის მუზეუმის წინ ეს კაფე 2021 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ცენტრალურ გზაზე გამვლელ ტურისტებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი.

„ვცდილობთ, სტუმრებს დავაგემოვნებინოთ შხამქიმიკატების გარეშე მოყვანილი ეკოპროდუქტი. რძის პროდუქტები, თაფლი, სეზონური ბოსტნეული და ბაღჩეული – ყველაფერი ადგილზე გვაქვს, მხოლოდ ნესვის და საზამთროს ყიდვა გვიწევს. ხანდახან, როცა მე არ მაქვს რამე ბოსტანში, მეზობლისგან გადმომაქვს, ეს მათთვისაც კარგია,“ – ამბობს გულიკო აბაშიძე.

ის ყოველ დილით 8 საათზე დგება და კაფეს ხსნის. ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ხანდახან გვიან ღამემდე უწევს გულიკოს მეუღლესთან ერთად კაფეში დარჩენა. სამომავლოდ აპირებს მზარეული და მიმტანი დაასაქმოს, ასე ის და მისი მეუღლე ძირითად სამსახურებსაც შეინარჩუნებენ და რამდენიმე სამუშაო ადგილსაც გააჩენენ სოფელში.

კერძებს კაფეში ახლა გულიკო ამზადებს: უგემრიელეს სინორს, ახალამოყვანილი ყველის ბორანოს, აჭარულ ტკბილეულს – ბორეგს, ჰალვას და სხვას.

კაფეში აჭარულ ყავასაც ხარშავენ, სქელი ქაფით და ზომიერად შაქრით ან უშაქროდ. როცა ძალიან ცხელა, ტურისტები ცივ, ჩამოსასხმელ ლუდს აგემოვნებენ.

ხანდახან გულიკოსთან კაფეში მოსული სტუმრები იმდენად შინაურულ გარემოში გრძნობენ თავს, რომ კაფეს დიასახლისს ღამის გასათევსაც სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ჯერ საოჯახო სასტუმრო არ აქვს.

სოფელ ყინჩაურში, სხალთის მუზეუმის წინ მდებარე კაფე ერთადერთია მთელ სოფელში.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი სხალთის თემში, ჯანგულ შაინიძე ამბობს, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტულია ქალების მიერ ინიცირებული პროექტების ხელშეწყობა თემსა და მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ჯანგულ შაინიძე
ჯანგულ შაინიძე

„თამარ შაინიძის პროექტი განვითარებაზე ორიენტირებული მცირე ბიზნესია, თან სტრატეგიულ ადგილზეა. ასეთი საქმიანობის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სანამ იარსებებს ჩვენი კომპანია და გამოვიმუშავებთ ელექტროენერგიას, პარალელურად დავაფინანსებთ მსგავს პროექტებს მაღალმთიანი აჭარის, ტურისტული გარემოს განვითარებისთვის.

შევეცდებით, ხალხთან ურთიერთობით გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება.

ჩვენი ინტერესის საგანია განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები, საოჯახო სასტუმროები, კაფე-ბარები და ა.შ. მცირე ბიზნესი, რომელიც სამომავლოდ სხვებსაც დაასაქმებს.

დაფინანსებული გვაქვს ასევე საოჯახო სასტუმრო, თაფლის საწარმო და მესაქონლეობის მიმართულება, ეს პროექტებიც სოფელ ყინჩაურში ხორციელდება“ – ამბობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი.

კომპანიამ უკვე ექვსი ბიზნესპროექტი დააფინანსა. ჩატარდა ტრენინგები, პროექტის მონაწილეებს კონსულტაციებს უწევდნენ სპეციალისტები.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ მომავალშიც გეგმავს.

ხედი კაფეს ფანჯრიდან
ხედი კაფეს ფანჯრიდან

სეს-მა ვადაგასული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად 40-მდე დარღვევა გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ამ პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც. წელს აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესის, ასევე რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 90 ათასი მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი 90 239-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც 38 678-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.

მაისში 51 561 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში.

რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ივნისში საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებიდან სომხები სჭარბობენ – 61 974-მა სომხეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, შემდეგ მოდის უკრაინა – 15 273 ვიზიტორი, შემდეგ აზერბაიჯანი – 13 067 და ბოლოს ბელარუსი – 12 284 ვიზიტორი.

დანარჩენი ქვეყნებიდან ბევრად ნაკლებია ვიზიტორთა რაოდენობა.

მაისის თვეში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

  • უკრაინიდან 15 005-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი
  • აზერბაიჯანიდან – 12 634-მა ვიზიტორმა
  • ბელარუსიდან – 9 780-მა ვიზიტორმა
  • პოლონეთიდან  – 3 388-მა ვიზიტორმა

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე  წლის ივნისში საქართველოში სულ 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„ზრდა 2021  წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტია.

ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი.

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით  +234.5% – ია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.

2022 წლის 6 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი,“- წერს ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

_________________________

მსგავს თემაზე:

https://netgazeti.ge/life/619717/

10 000 უკრაინელი სამხედრო დიდ ბრიტანეთში გაივლის წვრთნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლთა პირველი ჯგუფი  ჩავიდა დიდ ბრიტანეთში სპეციალური მომზადების გასავლელად.  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

სამხედრო დახმარების გაწევის ფარგლებში სასწავლო პროგრამას 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის. წვრთნები ერთდროულად რამდენიმე სამხედრო პოლიგონზე გაიმართება.

„უკრაინელი ჯარისკაცები გაივლიან კურსებს დიდ ბრიტანეთში მიღებული საბაზისო სამხედრო წვრთნის საფუძველზე. ეს მოიცავს იარაღის მართვას, პირველად დახმარებას ბრძოლის ველზე, საველე აღჭურვილობას, საპატრულო ტაქტიკას და ა.შ. თითოეული კურსი გაგრძელდება რამდენიმე კვირა,“ – განაცხადა უოლესმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავრობა აპირებს პროგრამის მასშტაბის გაფართოებას სხვა ქვეყნებიდან ტრენერებისა და ტექნოლოგიების მოზიდვით. კურსების სიხშირე განისაზღვრება უკრაინის საჭიროებების შესაბამისად.

„ბიბისი“ წერს, რომ უკრაინის ჯარების ცალკეული ნაწილების მომზადება დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგალითად, უილტშირის ბაზაზე, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, უკრაინელი მებრძოლები სწავლობენ ბრიტანული მრავალჯერადი რაკეტების გამოყენებას, რომელთა გასროლის მანძილი 80 კილომეტრზე მეტია.

ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინას მიაწოდოს სამი ასეთი სარაკეტო თავდაცვის სისტემა.

_________________

ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო/facebook

რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი თავისი ქალაქების დაბომბვას დგამს და „კრემლს ტრიბუნალი ელის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარ ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვისაც“.

პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის მიზანია ამ გზით შეინარჩუნოს რუსებში ანტიუკრაინული განწყობები და ხელი შეუშალოს დასავლეთიდან იარაღის მიწოდებას.

„რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? „მაცივრიდან“ რუსების ყურადღების გადასატანად, ანტიუკრაინული ისტერიის დონის შესანარჩუნებლად და დასავლური იარაღის მოწოდების შესაფერხებლად. მაგრამ ყველაფერი აღრიცხულია. კრემლს ტრიბუნალი ელის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ტერიტორიებზე „ტერორიზმის“ საფრთხეა გამოცხადებული. ამ დრომდე საზღვრისპირა რამდენიმე რუსულ რეგიონში დაფიქსირდება სროლა ან როგორც რუსულ წყაროებშია მოხსენებული ბოლო შემთხვევა – „ძლიერი სროლის სერია ისმოდა“.

ოფიციალური კიევი შემთხვევათა უმრავლესობაზე განცხადებას არ აკეთებდა.

გაუსაძლისი, ღირსების შემლახავი. საჭიროა სასწრაფოდ განსახლება – ომბუდსმენი სოციალურ სახლებზე

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ ოზურგეთის, ქუთაისისა და გორის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სოციალური საცხოვრისები თებერვლისა და მარტის თვეში შეამოწმა.

ოზურგეთისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება მოითხოვა.

სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე.

„სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს” – ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში.

ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი

შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი.

განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები.

შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის.

რაც შეეხება ქუთაისის სოციალურ საცხოვრისს, იგი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით აქ 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს.

მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართობები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები.

მონიტორინგის თანახმად, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისი

შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებლად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, ის მუდმივ საცხოვრებლად უვარგისია.

საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა.

ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება.

გორის სოციალური საცხოვრისი

აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს – მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილონ ამ შენობებში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების ობიექტიდან განსახლების და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხები.

ამავე თემაზე:

როგორ გაჩნდა ოზთურქის საქმეში მარიხუანა, ბიზნესმენი 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 6 ივლისს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა „მარიხუანას მცირე ოდენობით შენახვისთვის“. ეს ადმინისტრაციული სახდელია, რაც გათვალისწინებულია მარიხუანას შენახვისთვის. მილიონერი გალიფ ოზთურქი ასევე ბრალდებულია ნარკოდანაშაულის საქმეზე და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის, საქმეში მარიხუანაზე საუბარი ამ დრომდე არ იყო.

31 მაისს, როცა ოზთურქის კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა, ამ უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით“.

საგამოძიებო სამსახურის ამ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ოზთურქს ფინანსური ხასიათის დანაშაულის ჩადენას არ ედავებიან [როგორც ამის შესახებ უწყება დაკავებამდე, წინასწარ აცხადებდა -ავტ], მაგრამ ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 31 მაისის განცხადებაში არ იყო აღნიშნული, რომ ოზთურქს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც ედავებოდნენ, მაგალითად, „მცირე ოდენობით მარიხუანას შენახვას“.

2 ივნისს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ გალიფ ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან კონკრეტულად „ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი“. მარიხუანა არც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ფიგურირებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოზთურქის მიმართ მარიხუანაზე სამართალდარღვევის ოქმი 29 ივნისს შევიდა – ოზთურქი 2 ივნისს დააკავეს.

„არ ვიცი მარიხუანას ნაწილი, თბილისში ვარ ახლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა, რომელიც ოზთურქის ინტერესებს იცავს. ბიზნესმენის მეორე ადვოკატია თენგიზ კახიძე, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

გალიფ ოზთურქი ადმინისტრაციული დავის განხილვას  დისტანციურად ესწრებოდა.

გუშინ, 5 ივლისს, კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა.

___

მთავარი ფოტო: გალიფ ოზთურქის ფეისბუქგვერდიდან

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა

 

როგორ გავხდი ვეგანი – ხულოში მცხოვრები ქალის გადაწყვეტილება

„ვეგანობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“ – გვითხრა 30 წლის ნათია ვასაძემ.

ნათია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ცხოვრობს. ის დაახლოებით ერთი წელია რაც ვეგანია, მანამდე კი, დაახლოებით 11 წელი, ნათია ვეგეტარიანელი იყო.

ნათია ხულოში მცხოვრებ სხვა ვეგანებს არ იცნობს, შესაძლოა ის ხულოში მცხოვრები ერთადერთი ვეგანი იყოს.

მასთან ინტერვიუ იმაზე საუბრით დავიწყეთ, თუ როდის და რატომ გახდა ვეგანი.

  • ნათია, რამდენი ხანია რაც ვეგანი ხართ?

ვეგანი ვარ 2021 წლის 10 სექტემბრიდან.

  • თუ გახსოვთ, როდის გაიგეთ პირველად ვეგანიზმის შესახებ და როდის მიხვდით, რომ თქვენც უნდა გამხდარიყავით ვეგანი?

ვეგანიზმის შესახებ ბოლო 1-2 წელია რაც გავიგე. სანამ ვეგანი გავხდებოდი, იქამდე თითქმის 11 წელი ვეგეტარიანელი ვიყავი და მეგონა, რომ ვეგეტარიანელობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცხოველების სიცოცხლე მეხსნა.

მინდოდა ფეისბუქში ვეგეტარიანელების ჯგუფი მომეძებნა. ვეგანობაზე მაშინ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა. ძებნისას ამომიგდო ვეგანიზმიც. ეს ის ჯგუფია, სადაც დღეს მეც ვაქტიურობ.

ვხედავდი ამ ჯგუფში პოსტებს, ვათვალიერებდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ვეგანიზმი, თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ვეგანობა არის რთული. ვფიქრობდი, რომ კვება გამიჭირდებოდა.

მე ეთიკური ვეგანი ვარ, ანუ იმის გამო არ ვარ ვეგანი, რომ ვეგანური კვება შედარებით ჯანსაღია. ჩემი პრიორიტეტი არის ეთიკა. ემპათიურად ვარ ცხოველების მიმართ განწყობილი.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, წარმოშობით ხულოელი მადონა ცეცხლაძე რომ მიხვდა დაინტერესებული ვიყავი ვეგანიზმით, პირადში მომწერა. მან ყველაფერი ამიხსნა.

კარგად მახსოვს, 10 სექტემბრის საღამოს მითხრა, მოდი, მინიმუმ 1 თვე სცადე და ვეგანურ კვებაზე იყავი, შეხედე, როგორ იქნება, როგორ იგრძნობ თავს და მაგის მიხედვით გადაწყვიტეო. ვუთხარი, კარგი, მორჩა, ხვალიდან უკვე ვეგანურ კვებაზე ვიქნები-მეთქი.

მეორე დღეს წავედი ბაზარში. ნუში, სოიას მარცვლები, მუხუდო და ასეთი რაღაცები ვიყიდე, რაზეც ინფორმაცია მქონდა. დაახლოებით 100 ლარის პროდუქტი შევიძინე, რაც 3 თვის განმავლობაში მეყო.

აი, ამ დღიდან მე გავხდი ვეგანი. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც ვამბობდი, რომ ვეგანი ვარ. ბევრი ნიუანსია. ვეგანურ კვებაზე თუ ხარ მხოლოდ, ესე იგი, ხარ დიეტაზე და არ ხარ ვეგანი. ვეგანობა კიდევ სხვა რამეა და არა მხოლოდ კვება. მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვაც არაა. ესაა გარემოზე ზრუნვაც.

ნათია ვასაძე

ვეგანები ძირითადად მეორეული ტანსაცმლის ყიდვას ვანიჭებთ უპირატესობას და არა ისეთი ტანსაცმლის, რომელიც, ვთქვათ, სადღაც, საზღვარგარეთ იკერება 5 ლარად ან 1 ლარად მუშების მიერ, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ესეც არავეგანურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ მათი შრომითი ექსპლუატაცია ხდება.

არც ისაა ჩვენთვის მისაღები, რომ ძროხა დააბა, გამოწველო ის რძე, რომელიც შენ არ გეკუთვნის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი სახეობის ახალშობილისთვისაა განკუთვნილი. ძროხის რძე მხოლოდ მისი ნაშიერისთვისაა, ვირთხის რძე – მისი ნაშიერისთვის და ა.შ.

ვცდილობთ, ნაკლებად ან მრავალჯერადად გამოვიყენოთ პოლიეთილენის პარკები, რომ მისი ბევრი წარმოება არ გახდეს საჭირო და შემდეგ გარემოში არ მოხვდეს. ვერიდებით გაზიან სასმელებს.

ასევე, ჩვენთვის მიუღებელია სიგარეტის მოწევა. კი, არსებობს ისეთი სიგარეტები, რომლებიც არ იტესტება ცხოველებზე, მაგრამ მისი ნამწვი მაინც აზიანებს გარემოს და ჩვენთვის არავეგანურია. დალევა და სხვა მავნე ჩვევებიც, ასევე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი თვეები მას შემდეგ, რაც ვეგანი გახდით?

დასაწყისში, პირველ დღეებში, კვირებში, ძალიან მეხალისებოდა. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იყო, მაგრამ სადღაც 20 დღის შემდეგ იმდენად მომენატრა ყველი, ვერ აღვწერ. იმიტომ, რომ ყველი შეიცავს კაზეინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. ზოგადად ადამიანებს, ვისაც სურთ ვეგანურ კვებაზე გადასვლა, რძის პროდუქტებიდან უჭირს ძირითადად ყველზე უარის თქმა, იმიტომ, რომ დამოკიდებულებას იწვევს. ძალიან გამიჭირდა მეც.

იმდენად მიჭირდა, როცა ყველს ვხედავდი, როცა ერთი თვე სრულდებოდა [რაც ვეგანი გავხდი] მახსოვს, რომ ორი ლუკმა გამომცხვარი ხაჭაპური ჩავკბიჩე და იმ წუთში გამიელვა თავში, მე ეთიკური ვეგანი ვარ და არა მხოლოდ კვების გამო. ეს იყო ჩემი წამიერი სისუსტე. საშინელი გულისრევა დამეწყო. მაშინვე უკან გადმოვაფურთხე ეს 2 ლუკმა და მსგავსი სისუსტე აღარ მქონია. მას შემდეგ ბოლომდე მართალი ვარ საკუთარ სინდისთან. ეს ერთადერთი სისუსტე მქონდა მხოლოდ.

ოჯახში მხოლოდ მე ვარ კვების ამ გზაზე. ოჯახში კი არა, ხულოში მცხოვრები ვეგანი მხოლოდ მე ვარ. სხვას არავის ვიცნობ.

  • როგორი იყო თქვენს გადაწყვეტილებაზე ოჯახის წევრების, თქვენი გარშემომყოფების დამოკიდებულება?

პირდაპირ გეტყვით, რომ დამცინიან. ძირითადად ალმაცერად მიყურებენ. ზოგიერთს ვეცოდები. აი, სუფრასთან რომ დავჯდებიო, ერთხელ მითხრა ერთმა, სულ შენზე ვფიქრობ, რას ჭამო. ასეთი გამხდარი ხარო, ვიტამინებისგან გამოიფიტებიო.

ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ამან. ყველა ანალიზი გავიკეთე და ჩემი ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია, პირიქით, მაგალითად, ჰემოგლობინი გამიუმჯობესდა კიდეც. კვლევებიც არსებობს, რომ ვეგანური კვება სასარგებლოა. ახალშექმნილი ოჯახი მაქვს, დამიწყეს დარიგება, ორსულად რომ იქნები, მერე ბავშვს ვერ მოაკლებო.

ზოგი ჭკუას მარიგებს, ზოგი მკიცხავს – რა სისულელეს აკეთებო. ზოგი ფიქრობს, რომ რაღაც სექტას ვარ აყოლილი. ასეთი დამოკიდებულებებია.

  • უშუალოდ ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორია?

მამაჩემი ნაწილობრივ ჩემ მსგავსად იკვებება. ძალიან შევაყვარე ოსპი, ტოფუ. მუხუდოსაც სალათის მსგავსად ვაკეთებ და ძალიან უყვარს მამაჩემს, მაგრამ ყველი უყვარს ძალიან და ვერ დათმო. თუმცა რასაც მე ვჭამ ვეგანურს, სიამოვნებით ჭამს და მასთან არანაირი პრობლემა არ არის.

ჩემი ქმრის ოჯახში სულ რაღაცნაირად განიცდიან – რა უნდა ჭამო, ჭამე, რომ ცოტა ენერგიაზე იყო. არადა, ამ დროს არაფერი არ მაკლია. ვერ ვამტყუნებ მათ, იმიტომ, რომ მათი ცნობიერება ისეთია, რომ ხორცი და რძის პროდუქტები აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს. არადა, ამ დროს, არაერთი სპორტსმენია, რომლებიც ვეგანები არიან და ჩემპიონობას აღწევენ.

  • თუ იცოდნენ მათ, რას ნიშნავს იყო ვეგანი, ამ თემაზე თუ ავრცელებთ ინფორმაციას?

ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ვავრცელებ.

ახლა ჩვენ ფეისბუქჯგუფში რამდენიმე ადამიანი ვუწევთ ორგანიზებას და ვაგროვებთ თანხას „ქრაუდფანდინგის“ მეშვეობით. გვირიცხავენ შემოწირულებას არავეგანებიც. არის ასეთი ვეგანი, მაიკლ გრეგერი, ძალიან პოპულარული და თან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ვიდეოები აქვს მცენარეულ კვებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ამ თანხით მისი ვიდეოების გახმოვანება გვინდა ქართულად, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ასევე, ჩვენთან, მეზობლებში, სადაც მაქვს საშუალება, ყოველთვის ვამბობ, თუ რატომ ვარ ვეგანი. მე ვარ ვეგანი ცხოველებისთვის, იმ არსებების გამო, რომლებსაც ისევე უხარიათ და უყვართ სიცოცხლე და ცხოვრება მათ საყვარელ არსებებთან ერთად, როგორც ჩვენ. მათ შვილები ჰყავთ, მათ ჩვენც ვუყვარვართ ხომ?! მათ გამო ვარ ვეგანი, რომ მათ არ წავართვა სიცოცხლე. ჩემი ვეგანობის ძირითადი მიზეზი ეს არის.

ვავრცელებ ინფორმაციას, მაგრამ დამცინიან. ზოგი აგრესიას გამოხატავს, მოგვწყინდა შენი პოსტების ნახვაო, რაზეც ჩემი პასუხია, რომ თუ ასე ძლიერ წუხდებიან, გააუქმონ გამოწერა.

ვეგანობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ამით ამაყი ვარ და მე ამას ვემსახურები. სხვანაირად არ შემიძლია, ამაზე უნდა ვისაუბრო.

  • ხომ არ არის ვინმე, ვისაც ამ ყველაფრის შესახებ მოუყევით და უნდა, რომ გახდეს ვეგანი?

არის ერთი გოგო, აქტიური ახალგაზრდა, ვინც გახდა ვეგეტარიანელი და აქვს სურვილი, რომ გახდეს ვეგანიც. უბრალოდ უნდა, რომ ყველაფერი გაიგოს და მზად იყოს.

  • როგორ იკვებებით, როგორია თქვენი კვების რაციონი?

აფთიაქებშიც კი არ იციან, აქვთ თუ არა ვეგანური კოსმეტიკა, ან ვეგანური ვიტამინები და ა.შ. აი, მაგალითად, ვეგანური კბილის პასტა მინდოდა, აფთიაქში ვიკითხე და არ გვაქვსო, მითხრეს. დამწუხრებულმა დახლზე ყურება დავიწყე და დავინახე, რომ იყო ვეგანური კბილის პასტაც და ფარმაცევტს რომ ვუთხარი, აი, ნახეთ, გქონიათ-მეთქი, თვითონაც გაოცებული იყო.

მეგონა ძალიან რთული იქნებოდა ვეგანური ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში არაერთი ბრენდის კბილის პასტა, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილები, ზოგადად, კოსმეტიკური ვეგანური საშუალებები ვიპოვე მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი ვეგანური პროდუქციაა, უბრალოდ ზოგს არ აწერია და ამის კულტურა არ არის ჯერ საქართველოში. არის შოკოლადები, ტკბილეული.

მომავალი დედა ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილიც ვეგანად გაიზარდოს. ვნახე არაერთი ვეგანური საბავშვო კვება, ორცხობილები და მსგავსი რაღაცები, რასაც საკმაოდ ხშირად ვყიდულობ და ძალიან გემრიელია. ცხოვრებაში არანაირად არ შევზღუდულვარ. ჩემი მენიუ გახდა ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესო.

როცა ვჭამ, ვიცი, რომ ჩემი კუჭის ამოვსების გამო არც ერთი ცხოველი არ იღუპება, არც ერთ ცოცხალ არსებას არ ადგება ზიანი, არც ერთი დედა არ კარგავს შვილს, არც ერთი ხბო არ იკვლება სიცოცხლის პირველივე დღეებში.

ეს ფერმებში ყველაზე დიდი პრობლემაა. როგორც კი გაჩნდება მამრობითი სქესის ხბო, აშორებენ დედას და მიჰყავთ დასაკლავად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცი ჩემ გამო არ მოხდება ეს ყველაფერი.

მენიუში მაქვს ცილოვანი პროდუქტები. სოია და მუხუდო აქამდე არ მქონდა. დავთესე საცდელად და გაიხარა, ამობიბინდა. იმდენად მსიამოვნებს, რომ ვუყურებ… ყოველ დღე ჩავდივარ ყანაში. ვაკვირდები, როგორ გაიზარდა და გაიხარა. არ ვიცი, ხულოში რამდენად მოასწრებს [მოსავლის მოცემას], დიდი ალბათობით უნდა მოასწროს და მინდა, რომ უფრო მეტი დავთესო, რათა ყიდვა აღარ დამჭირდეს.

ხულოში ყველაფერი მოგვყავს. ხილი, ბოსტნეული გვაქვს და საერთოდ ყველაფერი, რომ თავისუფლად შევძლოთ ყოფნა ვეგანურ კვებაზე, ვიყოთ ჯანმრთელები და არ მოგვშივდეს.

ისეთი საინტერესო გახდა ვეგანობა. ვისწავლე ტოფუს გაკეთება, რომელიც მეგონა, რომ ურთულესი იქნებოდა. ჩემი ერთ-ერთი პირველი ბარიერი იყო, რომ სანამ ვეგანი გავხდებოდი, ტოფუს გარეშე ვეგანი ვერ წარმომედგინა. სულ ტოფუს ფოტოებს აქვეყნებდნენ. მართლა უგემრიელესი საკვებია და ალბათ ამიტომ. ვეგანი რომ გავხდი და სოიას მივაგენი, პირველ რიგში ტოფუ გავაკეთე. პირველივე გაკეთებაზე ისეთი გემრიელი გამომივიდა, ყოველ კვირას ვაკეთებდი ხოლმე.

სამწუხაროდ, ხულოში არ იყიდება ტოფუ. ბათუმში იყიდება, მაგრამ არ არის ეს პრობლემა, ხელმისაწვდომია მაინც.

  • რამდენად ძნელია საქართველოში, ხულოში იყო ვეგანი?

ვეგანი რომ იყო, არის უმარტივესი. კი ბატონო, გვაქვს ვეგანური პროდუქციის ნაკლებობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ არ მოგვინდება რაღაც განსაკუთრებული საკვები, არ არის რთული. მე, მაგალითად, მაქვს იმის საშუალება, რომ დაბალანსებულად და სრულყოფილად ვიკვებო. ყველაფერს ვჭამ, რაც ვიტამინებს შეიცავს და ჩემს ორგანიზმს სჭირდება.

დანარჩენი ყველაფერი არის იმისთვის, რომ იყო ვეგანი და არ შეგექმნას პრობლემა. საპონი, შამპუნები და ა.შ.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად მდიდარია ქართული და კონკრეტულად აჭარული სამზარეულო ვეგანური კერძებით?

აჭარული სამზარეულო ძირითადად ვეგეტარიანულია. ჩვენ ტრადიციული კერძი ხორცის შემადგენლობით არ გვაქვს. მე არ მახსენდება. ხულოში პოპულარულია ბორანო, ნაღბი ბორანო და ა.შ.

ვეგანური საკვებითაც ძალიან მდიდარია ზოგადად საქართველო. გვაქვს ლობიო, სოია, ბოსტნეული, ხილი. რაც ჩვენ გვჭირდება ორგანიზმისთვის, ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენს მიწაზე, ყველაფრის მოყვანა შეიძლება. მოვიყვანთ თუ არა, ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

  • თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე რთული ვეგანისთვის?

ჩემთვის, როგორც ვეგანისთვის, ყველაზე რთული ის არის, რომ ვიცი, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხორცი და რძის პროდუქტები აუცილებელია და ვერ იაზრებენ, რომ მათი კუჭის გამო არაერთ ცხოველს აწამებენ.

ადამიანების უმრავლესობა ვერ იაზრებს, რომ ცხოველებსაც სტკივათ, ისინიც განიცდიან. უნდა ნახოთ როგორ ტირის ძროხა, როცა ახალდაბადებულ ხბოს ართმევენ და იმის გამო მიჰყავთ, რომ რძე თავად მოწველონ და მისგან სარგებელი მიიღონ.

მე ვეგეტარიანელი თავის დროზე იმის გამო გავხდი, რომ ჩემი საყვარელი ძროხა ჩემს ეზოში დაკლეს. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება იმ ძროხის ხმა. ეს ყველაზე დიდი სტრესია, რაც ბავშვობაში მიმიღია. ძალიან მწყდება გული, რომ ვეგანობის შესახებ თავის დროზე, უფრო ადრე არ გავიგე. გული მწყდება, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ, თუ რამდენად ცუდად ექცევიან ცხოველებს.

ვერ იაზრებენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ასე ბოროტად არ მოექცეოდნენ ცხოველებს.

მე მაინც მჯერა, რომ საბოლოოდ სამყარო ვეგანური იქნება.

დღეს, 6 ივლისს, მასწავლებლების გამოცდა იწყება

დღეს, 6 ივლისს, მასწავლებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება.

მასწავლებლების გამოცდა მეორე სესიაზე დაიწყება, უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდით. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებმა რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გაიარონ, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

2022 წლის მასწავლებლის გამოცდაზე 34 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა რამდენი გამოცხადდება აქედან, ჯერჯერობით უცნობია. ამათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზეა დარეგისტრირებული.

12 500-ზე მეტმა მასწავლებელს წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება სურს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 6 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 600 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 3 789 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 812 ერთეული [+6]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 664 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 153 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 648 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 65 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 232 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 462 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 915 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 720 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 096 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 043 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

მთავარი ფოტო: უკრაინული სუ-25 საბრძოლო დავალების შესრულებისას/ფოტო: უკრაინის გენშტაბი

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

სლოვიანსკისთვის ბრძოლა მომდევნო გადამწყვეტი მომენტი იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ლისიჩანსკში და მთლიანად ლუგანსკის ოლქში თავისი კონტროლის განმტკიცებას განაგრძობს.

„ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, წინ კიდევ 5 კილომეტრით წაიწიეს იზიუმიდან და უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობას შეეჩეხნენ“, – აღნიშნავს უწყება 6 ივლისის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, რუსეთი არმიის აღმოსავლეთ და დასავლეთ დანაყოფების ნაწილები ახლა სლოვიანსკიდან 16 კილომეტრში იმყოფებიან.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის დანაყოფების შეტევის საფრთხის ქვეშაა, სრულიად რეალურია, რომ სლოვიანსკისთვის ბრძოლა დონბასის ბრძოლის მომდევნო გადამწყვეტ მომენტად იქცევა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების 5 ივლისის რელიზის მიხედვით, ლისიჩანსკის დაკავებით, რუსეთმა, ფაქტობრივად, კონტროლი მოიპოვა ლუგანსკის მთელ ოლქზე, რაც მას საშუალებას აძლევს, განაცხადოს, რომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს და თავის პოლიტიკურ მიზანს, რომელსაც თავიდანვე ომის უშუალო მიზნად წარმოაჩენდა – დონბასის „გათავისუფლებას.“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს.

მთავარი ფოტო: სქრინი ვიდეოდან

ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ ავტომანქანა ორ ნაწილად გაიყო ავარიის შედეგად.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე  გარდაცვლილი დახვდა ერთი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

გიორგი ერმაკოვი თავისუფალია, ის გაფლანგვის ნაწილში გამართლდა – ადვოკატი

თავისუფალია ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2019 წელს დააპატიმრეს. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძემ გაამართლა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. ამისთვის ბათუმის ყოფილ მერს 3 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

„ეს ვადა უკვე გავიდა, ამიტომაც ერმაკოვი პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა, გია ერმაკოვი უკვე ბათუმში მოდის, გზაშია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

რატომ არ გაიმართა ამ დრომდე გია ერმაკოვის საქმის სააპელაციო განხილვა? – ლევან მახარაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ამ დრომდე კოვიდპანდემიის მომიზეზებით აჭიანურებდა საქმის განხილვას.

—————

ბათუმის ყოფილი მერი, გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების განაჩენი ნახეთ აქ.

________________________

ფოტოზე: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ადვოკატი ლევან მახარაშვილი. ფოტო გადაღებულია დღეს, 5 ივლისს, როცა გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

ამ თემაზე:

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა

„ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით წარმოდგენილ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ დღეს, 5 ივლისს, გაასაჯაროვა.

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

გალიფ ოზთურქის ექსპერტიზის დასკვნა

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილია კონკრეტული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რაც ოზთურქის სისხლში არ აღმოჩნდა. დასკვნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 21 ივნისსაა გაცემული. თუმცა კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორი, რაულ კახაძე ამბობს, რომ დასკვნა მტკიცებულების სახით დაცვის მხარეს დღეს ჩაჰბარდა.

„აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის დაკავების დღიდანვე გამოვხატავდით; კერძოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნის ბ-ნ გალიფ ოზთურქს და მისი „აღმოჩენა“ მთელ რიგ კითხვებს ბადებს, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად გაეცემა პასუხი. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ გალიფ ოზთურქის უდანაშაულობის შესახებ წარდგენილ ბრალდებაში, რაც სასამართლოსა და ფართო საზოგადოების წინაშე დადასტურდება საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ბ-ნ გალიფ ოზთურქმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შექმნილ ვითარებას უწოდა გაუგებრობა და მთავარ პრობლემად, მის საკუთრებაში არსებული “მეტრო ჰოლდინგის” შეუფერხებელი მუშაობა და ჰოლდინგში დასაქმებულ 5000-მდე პირის შემდგომი ბედი დაასახელა. ბ-ნ ოზთურქს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღემდე „მეტრო ჰოლდინგი“ ყველა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასში შემავალი კომპანიები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგამოძიებო ღონისძიებებში, რათა საქმეზე დროულად დადგენილიყო ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემოდა პასუხი,“ – აღნიშნულია „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

წყარო: BBC News/ Україна

თავისი ბინის ფანჯრიდან ალექსანდრამ რამდენჯერმე დაინახა, როგორ მიათრევდნენ მინდორში ვიღაცას. მანქანიდან გადმოიღეს, გზის პირს მოშორდნენ და გადააგდეს. ნაგავივით. ერთხელაც, ალექსანდრამ გადაწყვიტა, იმ ადგილთან ახლოს მისულიყო  – ბალახზე გამხდარი, შავთმიანი კაცი ეგდო.

„ეტყობოდა, რომ ნაწამები იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი იმ მინდორს და დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მოყოლაც კი არ შემეძლო ვინმესთვის. მე ხერსონიდან გამოვიქეცი, ის კაცი კი იქ დარჩა“, – ტირილით ჰყვება ალექსანდრა, მისი სახელი შეცვლილია.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ქალაქებში გამუდმებით უჩინარდებიან ადამიანები. უფრო მეტად – კაცები. ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის ნებისმიერი გამოცდილება შეიძლება „დაკავების“ მიზეზი გახდეს.

„თუ იგებენ, რომ პოლიციაში მუშაობდა, ეგრევე იჭერენ. თუნდაც სუპერმარკეტში დაცვად ემუშავა, მაინც აკავებენ. ასე გაუჩინარდა ბევრი ჩემი ნაცნობი. ადამიანები მუდმივად შიშში ცხოვრობენ,“ – ამბობს ნატალია, მისი სახელიც შეცვლილია.

მისი ბიძაშვილიც გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ მოკლული იპოვეს, სხეულზე სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.

ნატალიამ უკრაინა დატოვა, მისი ოჯახი კი ამ დრომდე ოკუპაციაშია.

ასე გამოიყურებოდა ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკოპოლიე ოკუპაციამდე/ფოტო: VYSOKOPILSKAOTG.DOSVIT.ORG.UA

„სტანისლავიდან, ტომინა ბალკიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს სოფლებიდან მოდის ინფორმაცია კაცების მასობრივად დაკავების შესახებ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ორმოებში ყრიან. სასტიკად სცემენ. სრულიად უმიზეზოდ,“ – ჰყვება სერგეი დანილოვი, ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ის უკრაინის სამხრეთში არსებულ ვითარებას სწავლობს.

„ჩემს მეგობარს, დონბასის ომის ვეტერანს, ფეხში სჭვალი ჩაახრახნეს. ვეღარ დადის“, – ამბობს სერგეი.

აპრილის ბოლოს, დონბასის ომის ვეტერანი ნაზარ კაგალნიაკი გარდაიცვალა. ის სასტიკად იყო ნაცემი.

„უკრაინის სამხრეთში, რუსებმა გაიტაცეს და აწამეს დაახლოებით 500-600 ადამიანი,“ –  გვეუბნება თამილა ტაშევა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში.

მისი თქმით, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს შენობა, სადაც უკანონოდ დაკავებული ადამიანები ჰყავთ. ეს შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება ან სამხედრო ადმინისტრაცია. ასეთია იზოლატორი ხერსონში, პოლიციის განყოფილებები კახოვკაში და ნოვა კახოვკაში, პროფტექნიკუმის შენობა გენიჩესკში.

„ვიღაცას მხოლოდ 24 საათი აჩერებენ და უშვებენ. ვიღაცას კი თვეობით იტოვებენ,“ – ამბობს ტაშევა.

ოკუპირებულ სამხრეთში მომხდარ მოვლენებს უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს „ხერსონის ბუჩა“.

უბრალოდ ისროდნენ

ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ნოვა კახოვკა, ვისოკოპოლიე, არხანგელსკოე და კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ტერორის ადგილებად გადაიქცა.

რუსი სამხედროების დანაშაულებზე მტკიცებულებებს უფლებადამცველი ორგანიზაციების კოალიცია აგროვებს. ეს მონაცემები უკრაინელ გამომძიებლებსა და საერთაშორისო პროკურორებს გადაეცემათ.

რუსი სამხედროების განსაკუთრებულ სისასტიკეზე უფლებადამცველებს სოფლების მცხოვრებლები უყვებიან.

პირველ ივნისს, ვისოკოპოლიეში, ხერსონის ჩრდილოეთით, საკუთარი სახლის ზღურბლზე რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარი დახვრიტეს – სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები. მკვლელობას ხერსონის ოლქის პროკურატურა იძიებს.

სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები/ფოტო: ლიუბოვ ტომილინას ფეისბუქიდან

კიდევ ერთ კაცს, ამავე სოფლიდან, პაველ ზაბოლოვსკის, მაშინ ესროლეს, როდესაც თავის მეურნეობაში შედიოდა.

პაველი ვისოკოპოლიეს საავადმყოფოს პალატაში მიხაილთან ერთად იწვა. მიხაილი მალაია ალექსანდროვკიდან იყო და რუსმა სამხედროებმა 2 აპრილის საღამოს დაჭრეს, როდესაც თხების მიზანში ამოღებით ირთობდნენ თავს.

„ადრე, უბრალოდ, გართობის მიზნით კლავდნენ. ახლა სისტემურად იტაცებენ, კლავენ კაცებს, ეჭვობენ, რომ პარტიზანები არიან. ასე ცდილობენ წინააღმდეგობის ჩახშობას,“ – ამბობს ანატოლი, რომელიც ხერსონიდანაა.

მოგვიანებით დასახიჩრებულ სხეულებს მინდვრებსა და თხრილებში პოულობენ, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ პოულობენ.

„სამხრეთში ვითარება ისეთივეა, როგორიც ბუჩაში იყო. განსაკუთრებით პატარა სოფლებში, სადაც ასე 500-600 ადამიანი ცხოვრობს, სადაც დამალვა შეუძლებელია. ოკუპაცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. სრული განუკითხაობაა, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე, მკვლელობის ადგილებსა და სამარხებზე ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, რაც სამხრეთი გათავისუფლდება, განსაკუთრებით, ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი,“ – ამბობს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი დანილოვი.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობებს უარყოფს, თუმცა უკრაინელმა სამართალდამცველებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა უკვე უამრავი მოწმის ჩვენებასა და მტკიცებულებას მოუყარეს თავი.

„მელოტიესე იგი ნაცისტია

„თუკი ადრე მიტინგებზე იჭერდნენ, ახლა სახლებიდან მიჰყავთ,“ – ამბობს ნადეჟდა დობრიანსკაია, ცენტრ ZMINA-ს პროექტების კოორდინატორი. მისმა ორგანიზაციამ შეაგროვა ასობით მოწმის ჩვენება, რომლებიც აქტივისტების, პედაგოგებისა თუ მოხალისეების დაკავებებს ადასტურებს. – „რუსები იტაცებენ აქტივისტებს, რომ წინააღმდეგობა შეასუსტონ და ხალხს თანამშრომლობა აიძულონ. ყველანი ჰყვებიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.“

მარტსა და აპრილში ხერსონში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა. სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის საბჭოს შენობებზე ჯერ კიდევ ეკიდა უკრაინული დროშები.

საპროტესტო აქცია ხერსონში/ფოტო: Unian.net

„მელოტი – ესე იგი ნაცისტი ხარ. სიმპსონებიანი ტრუსები გაცვია – ესე იგი ამერიკის აგენტი ხარ,“ – უთხრეს რუსებმა სერგეის (სახელი შეცვლილია), როდესაც ხერსონში დააკავეს. სერგეი ტერიტორიულ დაცვაში მსახურობდა და დაცვის სხვა წევრებთან ერთად ჩასაფრებაში მოხვდა.

სერგეი ერთი თვე ჰყავდათ ტყვეობაში – თავიდან ხერსონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში, რომელიც ციხედ გადააქციეს. მერე ყირიმში გადაიყვანეს.

მთელი თვე აწამებდნენ  – ელექტროშოკით, ავტომატის კონდახით, რკინის მილებით. თავზე ტომარას აცმევდნენ. ნეკნები დაუმტვრიეს და კბილები ჩაულეწეს.

„პირველ დღეებში არანაირ კითხვას არ მისვამდნენ. მცემდნენ, უბრალოდ მცემდნენ. მამცირებდნენ. მერე მეკითხებოდნენ სახელებს, ტელეფონებს, პაროლებს. მეკითხებოდნენ, რატომ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რატომ არ ვხდებით ყვავილებით,“ – იხსენებს სერგეი, რომელიც ბოლოს იმ ტყვეების სიაში მოხვდა, რომლებიც გაცვალეს და ასე გადარჩა. დღემდე მკურნალობს.

სერგეისთან ერთად ტყვეობაში ხერსონის ტერიტორიული დაცვის ძალების კიდევ ორი წევრი იმყოფებოდა –  124-ე ბრიგადის ასეულის მეთაური დენის მირონოვი და პოლიციის გადამდგარი პოდპოლკოვნიკი, მასწავლებელი ვიტალი ლაპჩუკი. ისინი ცემით მოკლეს.

დენის მირონოვის დასახიჩრებული სხეული ახლახან დაუბრუნეს ახლობლებს. სიკვდილის მიზეზი – ბლაგვის საგნით მიყენებული ტრავმა მკერდის არეში, რომელმაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.

დენის მირონოვის დაკრძალვა/ვადიმ კრანსოშტანის ფოტო

მაისის ბოლოს, ვიტალი ლაპჩუკის ხელფეხშეკრული ცხედარი ხერსონში, მდინარეში იპოვეს. თავგახეთქილი. ფეხებზე გირები ეკიდა. მხარზე თანდაყოლილი ლაქით ამოიცნეს.

ვიტალი ლეპჩუკი ოკუპირებულ ქალაქში დაკრძალეს. მისი ცოლი, ოლენა ლაპჩუკი, რომელმაც ოკუპაციას თავი დააღწია, იხსენებს, რომ ქმარი ბოლოს 27 მარტს ნახა – ნაცემი და დასისხლიანებული, სახლის ჩხრეკაზე მიიყვანეს.

„მესმოდა, გვერდით ოთახში როგორ სცემდნენ და ახრჩობდნენ ჩემს ქმარს. მისგან ითხოვდნენ, რომ საკუთარი მეგობრები გაეცა, მათი მისამართები დაესახელებინა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტისთვის,“ – ამბობს ოლენა ლაპჩუკი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მისი ქმრის მკვლელები როდისმე აუცილებლად დაისჯებიან.

„მათი მეტსახელები მახსოვს: „ბესი“ „ფორტუნა“ „ურალი“ „დუნაი“. მე ისინი დავინახე და მე მათ ამოვიცნობ,“ – თქვა ოლენამ ეუთოს შეხვედრაზე ვენაში, ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინაში ძალადობრივ გაუჩინარების შემთხვევებს ეძღვნებოდა.

ვიდრე ოლენა ლაპარაკობდა, ეკრანზე მოღიმარი, ჭაღარა კაცის ფოტო ჩანდა. ვიტალი ლაპჩუკი მეცნიერების დოქტორი იყო, ხერსონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ომის პირველივე დღეებში ტერიტორიული დაცვის ძალებში ჩაეწერა.

ეს ყველაფერი უკვე იყო

„რუსები სამხრეთში იმავე მეთოდებს იყენებენ, რასაც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში. ყველაფერი მეორდება – აშინებენ, აწამებენ, კლავენ,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

„ეს მათი სტრატეგიაა, ასე ცდილობენ წინააღმდეგობის გატეხას. ეს არის უკრაინელთა სისტემური განადგურება,“ – ეს ნადეჟდა დობრიანსკაიას აზრია.

„ხალხი უჩინარდება დღისით და ღამით. იქ ცხოვრება უკიდურესად საშიშია. ჩემი ახლობლები შეშინებულები არიან, იშვიათად გამოდიან სახლიდან, ყველა მიმოწერას შლიან. ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააჩერონ, დოკუმენტები შეუმოწმონ, ტელეფონები ჩამოართვან,“ – ამბობს ნატალია.

უფლებადამცველები ჰყვებიან, რომ ხერსონიდან გატაცებული ადამიანები ხშირად ყირიმში მიჰყავთ.

ასე გაიტაცეს მაისის ბოლოს ხერსონის მცხოვრები ირინა გორობცოვა, რომელიც თავის პროტესტს სოციალურ ქსელებში ღიად გამოხატავდა. მოგვიანებით, კომენდატურაში, მის მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა სიმფეროპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენი გაიტაცეს. ყველა დანაშაულის დოკუმენტირება ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობრივი ქმედებების სისტემურობას,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

მისი თქმით, ის, რასაც რუსები ბუჩაში აკეთებდნენ, ახლა ოკუპირებულ სამხრეთში ხდება.

ზოგი ხალათითა და ფლოსტებით გარბის – კილომეტრებს გადის, ხან ფეხით, ხან ველოსიპედით. ასეთ გზას ყველა ვერ უძლებს.

ორი დღე დასჭირდა ალექსანდრას რომ ოკუპირებული ხერსონიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ წამოსვლა მოახერხა.

„ჩვენ თითქოს გულაგი გამოვიარეთ. 19 საგუშაგო, რომლებზეც გვჩხრეკდნენ, გვკითხავდნენ და მზეზე გვაყენებდნენ. საშინელება იყო. მაგრამ მაინც მთავარია, რომ იქიდან გამოვაღწიე.“

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ვისოკოპოლიეს თემის ფეისბუქგვერდიდან

Exit mobile version