მთავარი,სიახლეები

„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

06.07.2022 • 21831
„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

მომდევნო ორ კვირაში უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებას ელიან ხერსონში. თუმცა ამის პარალელურად, რუსები ხერსონში მოსახლეობის რეპრესიებს და სამხედრო პოზიციებს აძლიერებენ. რა სტრატეგიას ირჩევს უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად, ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

  • ბატონო ვანო, უკრაინელებს აქვთ მოლოდინი, რომ ივლისის ბოლოს ხერსონს გაათავისუფლებენ. საჯარო წყაროების თანახმად, რუსები ამყარებენ ამ ქალაქში პოზიციებს. თქვენი დაკვირვებით, ეს რა შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს? 

იმ შეიარაღების შედეგად, რაც დასავლეთმა მოგვაწოდა. როგორც იცით, ჰაიმარსები მოგვეწოდა. ბუნებრივია, ამ შეიარაღებამ უკეთესი შედეგი მოიტანა. მაგალითად ის, რომ მელიტოპოლის აეროპორტი უკვე აღარ არსებობს, გუშინ დაიბომბა და, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა რუსების იარაღის საწყობი.

ვფიქრობ, ამჯერად სწორი სტრატეგია აირჩია უკრაინამ, რადგან ამ ჰაიმარსებს რუსული ლოჯისტიკის გასანადგურებლად იყენებს – ზურგში უნადგურებს მარაგებს.

საწყობები, საკომუნიკაციო კავშირები, რკინიგზის კვანძები და ასე შემდეგ – ყველაფერი ნადგურდება. თუ საწვავი, ტყვია-წამალი აღარ ექნებათ, როგორ იომებს რუსი? ასე, რომ ხერსონში რომ რუსი გამაგრდეს, ლოჯისტიკა სჭირდება, ამიტომ უნადგურებს უკრაინა ლოჯისტიკას.

  • დიდი დასაყრდენი აქვთ ხერსონში?

ლოჯისტიკის მხრივ რუსებს ხერსონში აქვთ ორი დასაყრდენი, ერთი ეს იყო მელიტოპოლი და ასევე ნოვაკახოვკაში აქვთ, თუმცა ორივე დასაყრდენი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ამ საწყობებიდან მარაგდებოდნენ ტყვია-წამლით, მელიტოპოლიდან ჰქონდათ ვერტმფრენების ასაფრენი, ამიტომ ამ ინფრასტრუქტურის დაზიანებით, სერიოზული ზარალი მიადგათ.

  • მაგალითად, გამოცემა „ეკონომისტი“ ამ დღეებში წერდა, რომ უკრაინელები ძირითადად აღმოსავლეთიდან ცდილობენ რუსების შეჩერებას. როგორ ახერხებენ რუსები შეტევას?

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ უკრაინა ყველაზე მეტად სევეროდონეცკში დაზარალდა. ამ არასწორმა მოქმედებებმა დააზარალა ყველაზე მეტად უკრაინა და ძალიან სწორი იყო, როცა იქიდან გამოვიდნენ. სწორედ სევეროდონეცკში შექმნილმა ქაოსმა გამოიწვია ის, რომ რუსები გაძლიერდნენ მაგ მიმართულებაზე და უკრაინას გარკვეული პოზიციების დაკარგვა მოუხდა.

ორი კვირის წინ რუსებმა ჩრდილო-აღმოსავლეთით შეძლეს ფრონტის ხაზის შემოჭრა და ამან ძალიან შემაშფოთა, თუმცა გუშინ უკრაინელებმა მწვავე საარტილერიო კონტრშეტევის შედეგად გააჩერეს რუსების შეტევა.

პოპასნაზე აქვთ აქცენტი გაძლიერებული, რადგან თუ ამ პოზიციას დაკარგავენ რუსები, ფაქტობრივად, ომის ბედი მათ წინააღმდეგ შეტრიალდება.

ამ ყველაფრის მიზეზი იყო ისიც, რომ შეიარაღება გაწერილი გრაფიკით არ შემოვიდა – სამწუხაროდ, დაიგვიანა და ამიტომ დადგა ეს შედეგი.

  • „ეკონომისტი“ წერს, რომ ხერსონში ჯარისკაცები საბრძოლო მასალებსა და ქვეითების დეფიციტს უჩივიან, რატომ შეიქმნა ეს დეფიციტი? 

არ არის ასე. ვფიქრობ, ეს რუსული პროპაგანდაა, რადგან ადრე ქართველებზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მოვკალითო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

საერთაშორისო მედიებიც ძირითადად ტელეგრამ არხებზე არიან დამოკიდებული და ამის გამო ვრცელდება მსგავსი ინფორმაციები.

  • გასაგებია, მაგრამ სანდო მედიაზე ვსაუბრობ, რომლებიც ასევე სანდო წყაროებს ეყრდნობიან.

თავის დროზე მედია ცენტრალურ სადაზვერვოზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ირპენი დაიკარგებაო, მაგრამ დაიკარგა? ვინც აქ, ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, იმათგან უნდა გამოიტანოთ ინფორმაცია.

  • ხერსონში ორ სოფელზეა კიდევ საუბარი, სადაც რუსებს ძლიერი ბაზები აქვთ. ამბობენ, რომ თავდაცვის დანაყოფი იცავს მათ. ეს ბაზებიც ხომ არ დაბომბილა ამ დღეებში?

მელიტოპოლთან ახლოს არის პატარა სოფელი გამაგრებული, ვალნავახასთან არის კიდევ ასეთი ადგილი, თუმცა უკრაინას ახლა ძალიან სწორი სტრატეგია აქვს აღებული: ხერსონში კარგად მუშაობენ, სადღაც საათ-ნახევარში გაათავისუფლეს ხერსონის მისადგომებთან ორი სტრატეგიული სოფელი. ფაქტობრივად, პლაცდარმი შეტევისთვის უკვე მზად არის.

მაგრამ არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის ხერსონის მოსახლეობა, რომლის გაყვანაც ვერ მოხერხდა დროულად. სამწუხაროდ, როცა ქალაქს ათავისუფლებ და მასიურ შეტევაზე გადადიხარ, მშვიდობიან მოსახლეობაშიც იქნება მსხვერპლი.

  • სწორედ მინდოდა ხალხზე მეკითხა, რადგან რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ, როგორ შეძლებს ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის არმია ნაკლები მსხვერპლის ფასად?

თავის დროზე, როცა რუსებმა გეზი აიღეს აქეთკენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია. მოსახლეობა არ გავიდა, რადგან არც მათ სჯეროდათ ბოლომდე, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა.

ხელისუფლებამ დააგვიანა მოსახლეობის გამოყვანა ხერსონიდან – არსებობდა მოლოდინი, რომ პარტიზანული რაზმები იმოქმედებდნენ ქალაქში და პრინციპში, მართლაც ძალიან ბევრია პროუკრაინული მოსახლეობა ხერსონში. ისინი დღემდე მედგრად უმკლავდებიან რუსებს, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინამაც ხერსონი უნდა გაათავისუფლოს.

რუსები კი, როგორც ვიცით, ისე არსაიდან არ გადიან, მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული ზარალი რომ არ მიაყენონ, როგორც ბუჩაში ან ჰოსტომელში მოხდა.

ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ისევ არის ლოჯისტიკის განადგურება, ამაზეა გათვლილი ძირითადად ხერსონის დაბრუნება, რომ დიდი ნგრევის და მსხვერპლის გარეშე მოხერხდეს ეს ყველაფერი.

  • ითქვა, რომ ხერსონის დაბრუნებით უკრაინა აპირებს ყირიმზე გასვლას. ეს გეგმაა?

ეს უკვე გადაწყვეტილია. დამიჯერეთ, ყირიმის გასასვლელი გზები ძალიან ახლოსაა და წვდომა გვექნება ქერჩის ხიდამდე, ჰაიმარსების დახმარებით.

  • ითქვა, რომ ორი მნიშვნელოვანი კვირა ელოდება უკრაინას წინ, ამ ვადაშია მოაზრებული ხერსონის დაბრუნება?

ვიტყოდი, რომ ივლისის ბოლოს ველოდებით ნოვაკახოვკას და, რა თქმა უნდა, ხერსონის გათავისუფლებას, შემდეგ მიმდებარე ქალაქებიც გათავისუფლდება. შორსმსროლელებს წვდომა ექნებათ ქერჩის ხიდზეც, ეს იმას ნიშნავს, რომ ყირიმიც რუსული ლოჯისტიკის გარეშე დარჩება.

  • ზღვიდან არ არის შეტევის საფრთხე?

რაც ეს ხომალდსაწინააღმდეგო ჰარპუნები გამოჩნდა, რუსები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. კუნძული ზმეინი მაგის გამო დატოვეს, დაბომბვის ქვეშ მოექცნენ. ვერ უახლოვდებოდნენ, რომ მარაგები მიეტანათ. ჰარპუნები მუშაობდნენ და ფაქტობრივად, მაგის შედეგი იყო ეს. იმავეს ველოდები ყირიმის შემთხვევაშიც.

ჰარპუნების გამო რუსები ვეღარც ოდესას უახლოვდებიან, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ვეღარ იგერიებს მათ.

ორი დღეა ეძებენ ტექნიკის ლოკაციას და ვერ იპოვეს. შოკში არიან ჰაიმარსების გამო, რადგან ძალიან სწრაფად მოქმედებენ ჰაიმარსები. გაისვრიან თუ არა, უცებ იცვლიან პოზიციას.

ასე, რომ ორ კვირაში ხერსონის, ნოვაკახოვკას დაბრუნებას და იზიუმთან მიახლოებასაც ველოდები.

  • ცოცხალი ძალა ბევრი ჰყავდათ აქამდე რუსებს, ისევ ამატებენ ხერსონში ჯარისკაცებს?

უკვე აღარ შეიმჩნევა მატება. იძულებითი მობილიზაცია რომ გააკეთეს, მას შემდეგ დიდი მატება არ აქვთ. თუმცა ველოდებით ბელარუსიიდან შემოტევას, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა აქვთ – ცდილობენ ლუკაშენკოს საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინონ.

  • გადადგამს კი ლუკაშენკო ამ ნაბიჯს? მან ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ წყენა დაევიწყებინა. 

კი, გადადგამს, მაგრამ გეტყვით, რაც მოხდება. ბელარუსიას სპეციალური ოპერაციების ძალები ჰყავს, რომლის შემადგენლობაშიც 900 კაცია და კიდევ ერთი მოტომსროლელი ბრიგადა ჰყავს უკრაინასთან ახლოს. ჩვენ გვაქვს კავშირი ბელარუს პატრიოტებთან, აქაც ბევრი ბელარუსი იბრძვის უკრაინის მხარეს და მათაც აქვთ კავშირი. როგორც კი ლუკაშენკო მაგ ნაბიჯს გადადგამს და დაბომბავს უკრაინას, დამიჯერეთ, ოთხი ათასი კაციც აღარ შერჩებათ – დაიწყება მასობრივი დეზერტირობა სპეციალურ ძალებშიც და ჩვეულებრივ ბრიგადებშიც. ბელარუსები გაუწევენ წინააღმდეგობას ლუკაშენკოს.

თუმცა ლუკაშენკოს მსოფლიოში დასაყრდენი სხვა არსად აქვს, ამიტომ იქნება პროვოკაცია. ორი კვირის წინ იყო მცდელობა ჟიტომირის მიმართულებით შემოსვლის, მაგრამ 6 კაცი ადგილზე მოუკლეს. ეს ამბავი აქამდე არ გასაჯაროებულა.

წესით, 8 ივლისს, ლუკაშენკოს სპეცრაზმმა წვრთნები უნდა დაასრულოს, სავარაუდოდ, მდინარეზე აპირებენ გადმოსვლას და შემდეგ თავდასხმას. დღეს სწორედ ამ მიმართულებაზე ვიყავით გასული. პუტინს ჩაფიქრებული აქვს მაქსიმალურად გაიწელოს ომი.

  • თუ რუსეთი სუსტდება სანციების გამო, რაში აწყობს ომის გაწელვა, რას იგებს ამით?

რუსეთს აქვს საომარი რესურსი. ალბათ, იმედი აქვს ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობის. პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა. თუ გახსნა, ბელარუსიას შეწირავს, რადგან თუ იქ იარაღი გაჩხარუნდება, არც პოლონეთი და ლიეტუვა დაიძინებს და აღარც ნატო. უბრალოდ, ლუკაშენკოს შეწირვით რაღაც პოზიციებს გაიმაგრებს, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში.

თუმცა, ჩემი პროგნოზით, პუტინის გეგმა მაინც განწირულია. ლუკაშენკო კი ცხვირში ისეთს მიირტყამს, უკრაინის რეგულარული ჯარიც კი არ დასჭირდება მათ უკუგდებას.

  • პარტიზანული რაზმები მუშაობენ ხერსონში?

ხერსონში, მელიტოპოლში, ყველგან არიან. სამხრეთი უკრაინა საბედნიეროდ ძალიან აქტიურობს. სახელს ვერ დავასახელებ, მაგრამ მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ძლიერი პარტიზანული რაზმი მოქმედებს, რომელსაც ჩემი ყირიმელი თათარი მეგობარი ხელმძღვანელობს, ძალიან მაგარი და გამოცდილი ადამიანია. ეს რუსებმაც იციან – ეძებენ, ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: