მთავარი,სიახლეები

რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

06.07.2022 • 1832
რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე.

„თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 %-ის ოკუპაციაში, მაგრამ საქართველოს 80 პროცენტი მეორე ქვეყანას აქვს ოკუპირებული, ამაზე რატომ ხუჭავთ თვალს?“ – ხუმრობის გარეშე გვკითხა ვიქტორ კუსიანმა, „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. – „დანარჩენი ოკუპირებულია იმის მიერ, ვინც ლუგარის ლაბორატორია აგვიშენა და დაგვაყენა საფრთხეების წინაშე,“ – გვითხრა ვიქტორ კუსიანმა, რომელიც ადასტურებს, რომ 3 ივლისს თბილისში უკვე მეორეჯერ მოაწყო საერთაშორისო კონფერენცია ბიოლოგიურ ომზე, „ცრუ პანდემიასა“ და „ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალ საფრთხეებზე“.

ჩვენთან საუბრის დასაწყისში ვიქტორ კუსიანმა სცადა ჩვენი ყურადღების მიქცევა იმაზეც, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის პირობებში რამდენჯერმე ახსენა ლუგარის ლაბორატორია, როგორც საფრთხე. „ყველგან ახსენებს რუსეთი ამას“, – გაგვიმეორა ვიქტორ კუსიანმა.

ვიქტორ კუსიანი – „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორი, მან რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოყენებით აშშ ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ დაიწყოს ბიოლოგიური ომი. მან მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და მსოფლიო საზოგადოებას ლუგარის ლაბორატორიების ლიკვიდაციის მოთხოვნით.

„ხართ დაზღვეული, რომ რუსეთმა არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები?… არსებობს 1972 წლის შეთანხმება ბიოლოგიური იარაღის გავრცელებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს დარტყმას, თუკი ვინმე აწარმოებს, ავრცელებს, ან გადაიტანს ბიოლოგიურ იარაღს. რუსეთი მეზობელი სახელმწიფოა, იცით, ამის შესახებ?“ – კონკრეტიკის და განმარტებების ნაცვლად ისევ კითხვების შემობრუნება არჩია ვიქტორ კუსიანმა.

რის გადამოწმება შეუძლია პროფესიით იურისტ ვიქტორ კუსიანს, ლუგარის ლაბორატორიაში რომ შეუშვან? – ORT-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლაბორატორიაში შესვლის მოთხოვნასაც აჟღერებს ვიქტორ კუსიანი იმის მიუხედავად, რომ იქ სპეციალისტები და დაინტერესებული პირები წინა წელსაც შეუშვეს.

„მე გასულ წელსაც ვიყავი შესული ლაბორატორიაში,“ – დაგვიდასტურა ვიქტორ კუსიანმა. – „მაგრამ იქ საცავების კარები დახშულია ქართველი სპეციალისტებისთვის… მე კი ვერ აღმოვაჩენდი, სპეციალისტები აღმოაჩენდნენ, მაგრამ არ შეგვიშვეს. იქ უნდა შევიდნენ ბიოლოგები, სპეციალისტები,“ – აღნიშნა ვიქტორ კუსიანმა.

რა საფუძვლით შეიძლება იყოს მართებული რუსეთისთვის მიმართვა ლაბორატორიის ლიკვიდაციაზე, საფრთხეები რომც არსებობდეს? ამ კითხვაზე პასუხის სანაცვლოდ, ვიქტორ კუსიანმა შეთქმულების ახალი თეორია გაახმოვანა, რომ თითქოს „ბათუმელი ბავშვებისგან სისხლს იღებენ და ევროპაში მიაქვთ“. 

„თქვენ ინფორმაციის ნაკლებობა გაქვთ. იცით, რომ ბათუმში სისხლს იღებენ ბავშვებიდან და აგზავნიან დასავლეთში? ჰკითხეთ თქვენს მეგობარ დასავლეთს, აქ რომ გამოვარდებით და იწყებთ საუბარს ოკუპანტებზე…“, – ეს ყალბი მესიჯი შემოგვთავაზა ვიქტორ კუსიანმა დამშვიდობებამდე და გვითხრა, რომ მოგვასმენინებდა ვერსიებს, თუ ორგანიზაციაში ვესტუმრებოდით.

დეზინფორმაციულ სიუჟეტში მოსაზრებები ასევე გამოთქვეს: ექიმმა თინათინ გოცაძემ და თეიმურაზ მაკარიძემ, „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ თანათავმჯდომარემ. ამ ადამიანებმა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თქვეს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სამეცნიერო კვლევების ნაცვლად, მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე.

თინათინ გოცაძე – ექიმი. მან რუსეთის პირველი არხის ეთერში თქვა, რომ პენტაგონი მართავს ლუგარის ლაბორატორიას და მის პროექტებს, მათ შორის, პროექტს სახელწოდებით „მოკავშირე მწერები“

მაგალითად, თეიმურაზ მაკარიძეს თავის ფეისბუქგვერდზე 15 ივნისს გამოქვეყნებული აქვს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ ის თინა გოცაძესთან და ვიქტორ კუსიანთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიდის და ცენტრის ხელმძღვანელობას სთხოვენ ღია სატელევიზიო ეთერში დისკუსიას. „დაშინებულია ექიმების დიდი ნაწილი,“ – ეუბნება ამ ჩანაწერში ექიმი თინათინ გოცაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეპარტამენტის უფროსს ქეთევან ზახაშვილს და ცდილობს ახსნას, რატომ არ უნდა ყოფილიყო სავალდებულო პირბადეების ტარება.

თეიმურაზ მაკარიძე – „ნაციონალური ერთობის კავშირის“ ხელმძღვანელი, თეიმურაზ მაკარიძემ რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება საშიში ექსპერიმენტები“

საქართველოს მთავრობაში და კიდევ რამდენიმე უწყებაში არსებობს სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური, რომლის ვალდებულებაა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა. მაგალითად, მთავრობის სტრატკომის ბოლო ნიუსია ევროსაბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შესახებ, მას მოსდევს 18 მაისის ამბავი – ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენმდივანს შეხვდა.

მთავრობის სტრატკმის გვერდზე არაფერია ნათქვამი დეზინფორმაციაზე, რომელსაც რუსეთის პირველი არხი ვრცელ სიუჟეტს უძღვნის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით, რომელთაც პროპაგანდისტულ სიუჟეტში მოიხსენიებენ, როგორც ქართველ მეცნიერებს. სიუჟეტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა და იმაზე, რომ, მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსებს ქართველი ხალხისა თუ რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ და ამ ყველაფრის უკან აშშ დგას.

კრემლის მხრიდან მორიგ დეზინფორმაციულ სვლას ამ დრომდე არც თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი გამოხმაურებია: ამ უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ბოლოს ახალი ამბავი 7 ივნისს განახლდა და ერთ-ერთ ქართულ მედიასაშუალებას აკრიტიკებენ „ჯარის დისკრედიტაციისთვის“.

დეზინფორმაციას თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე ამ დრომდე არც ლუგარის ლაბორატორია გამოხმაურებია.

„ამ საქმის მიჩუმათება არის დეზინფორმაციული ომის გაძლიერება. ეს ძალიან საშიშია,“ – მიიჩნევს იურისტი თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი. – „ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რა განცხადებას აკეთებს ქვეყნის პრემიერი. ხელისუფლებას, მათ შორის, სტრატკომებს, შეუძლიათ დეზინფორმაციული ომის განელება. დეზინფორმაციული ომის შედეგია ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ყველა ფხიზლდება ჩვენ ირგვლივ, საქართველოს ხელისუფლების გარდა,“ – გვითხრა მან.

თამარ კორძაიას აზრით, ხელისუფლების მკაფიო რეაგირების გარდა, თავად ლუგარის ლაბორატორიამ უნდა იდავოს სასამართლოში სამოქალაქო წესით და ადამიანებს, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ფაქტების უარყოფა მოსთხოვოს. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] როლზეც:

„რას აკეთებს ამ დროს სუსი? სუსს აქვს ანალიტიკური სამსახური და ის უნდა ინტერესდებოდეს მსგავსი შემთხვევებით, როცა ასეთი მტრული, საშიში განცხადებები კეთდება, როცა რუსეთი ახდენს იდეოლოგიურ ექსპანსიას. სუსმა უნდა შეაფასოს ეს სახელმწიფოებრივი რისკები და კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს ღირსების საკითხი, რადგან ეს არის პირდაპირი მუქარა რუსეთის მხრიდან. წარმოუდგენელია, ეს ხდებოდეს რუსეთის აქტიური ჩარევის გარეშე. ამიტომაც, ძალიან მკაფიო განცხადებებია საჭირო ხელისუფლების მხრიდან,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ.

დაიწყო თუ არა რაიმე სახის მოკვლევა სუსმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართულნი? – კითხვით სუსის პრესცენტრს გუშინ, 5 ივლისს, მივმართეთ. ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

რატომ არ გამოეხმაურა პრემიერი ან მთავრობა დეზინფორმაციას თბილისში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც მთავრობის პრესცენტრიდან მივიღეთ.

————————-

რა არის ლუგარის ლაბორატორია?

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, არის გამოყვანილი და ა.შ.

მითები ლუგარის ლაბორატორიაზე გააქტიურდა 2019 წელსაც, როცა პანდემია დაიწყო. მაშინ რუსული პროპაგანდა მუშაობდა ვერსიაზე, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოიყვანეს ლაბორატორიებში.

ამ თემაზე:„კომიკურობამდე მისული დეზინფორმაცია” – ღამურების, ოკუპაციისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: