მთავარი,სიახლეები

როგორ გავხდი ვეგანი – ხულოში მცხოვრები ქალის გადაწყვეტილება

06.07.2022 • 9753
როგორ გავხდი ვეგანი – ხულოში მცხოვრები ქალის გადაწყვეტილება

„ვეგანობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“ – გვითხრა 30 წლის ნათია ვასაძემ.

ნათია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ცხოვრობს. ის დაახლოებით ერთი წელია რაც ვეგანია, მანამდე კი, დაახლოებით 11 წელი, ნათია ვეგეტარიანელი იყო.

ნათია ხულოში მცხოვრებ სხვა ვეგანებს არ იცნობს, შესაძლოა ის ხულოში მცხოვრები ერთადერთი ვეგანი იყოს.

მასთან ინტერვიუ იმაზე საუბრით დავიწყეთ, თუ როდის და რატომ გახდა ვეგანი.

  • ნათია, რამდენი ხანია რაც ვეგანი ხართ?

ვეგანი ვარ 2021 წლის 10 სექტემბრიდან.

  • თუ გახსოვთ, როდის გაიგეთ პირველად ვეგანიზმის შესახებ და როდის მიხვდით, რომ თქვენც უნდა გამხდარიყავით ვეგანი?

ვეგანიზმის შესახებ ბოლო 1-2 წელია რაც გავიგე. სანამ ვეგანი გავხდებოდი, იქამდე თითქმის 11 წელი ვეგეტარიანელი ვიყავი და მეგონა, რომ ვეგეტარიანელობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცხოველების სიცოცხლე მეხსნა.

მინდოდა ფეისბუქში ვეგეტარიანელების ჯგუფი მომეძებნა. ვეგანობაზე მაშინ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა. ძებნისას ამომიგდო ვეგანიზმიც. ეს ის ჯგუფია, სადაც დღეს მეც ვაქტიურობ.

ვხედავდი ამ ჯგუფში პოსტებს, ვათვალიერებდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ვეგანიზმი, თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ვეგანობა არის რთული. ვფიქრობდი, რომ კვება გამიჭირდებოდა.

მე ეთიკური ვეგანი ვარ, ანუ იმის გამო არ ვარ ვეგანი, რომ ვეგანური კვება შედარებით ჯანსაღია. ჩემი პრიორიტეტი არის ეთიკა. ემპათიურად ვარ ცხოველების მიმართ განწყობილი.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, წარმოშობით ხულოელი მადონა ცეცხლაძე რომ მიხვდა დაინტერესებული ვიყავი ვეგანიზმით, პირადში მომწერა. მან ყველაფერი ამიხსნა.

კარგად მახსოვს, 10 სექტემბრის საღამოს მითხრა, მოდი, მინიმუმ 1 თვე სცადე და ვეგანურ კვებაზე იყავი, შეხედე, როგორ იქნება, როგორ იგრძნობ თავს და მაგის მიხედვით გადაწყვიტეო. ვუთხარი, კარგი, მორჩა, ხვალიდან უკვე ვეგანურ კვებაზე ვიქნები-მეთქი.

მეორე დღეს წავედი ბაზარში. ნუში, სოიას მარცვლები, მუხუდო და ასეთი რაღაცები ვიყიდე, რაზეც ინფორმაცია მქონდა. დაახლოებით 100 ლარის პროდუქტი შევიძინე, რაც 3 თვის განმავლობაში მეყო.

აი, ამ დღიდან მე გავხდი ვეგანი. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც ვამბობდი, რომ ვეგანი ვარ. ბევრი ნიუანსია. ვეგანურ კვებაზე თუ ხარ მხოლოდ, ესე იგი, ხარ დიეტაზე და არ ხარ ვეგანი. ვეგანობა კიდევ სხვა რამეა და არა მხოლოდ კვება. მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვაც არაა. ესაა გარემოზე ზრუნვაც.

ნათია ვასაძე

ვეგანები ძირითადად მეორეული ტანსაცმლის ყიდვას ვანიჭებთ უპირატესობას და არა ისეთი ტანსაცმლის, რომელიც, ვთქვათ, სადღაც, საზღვარგარეთ იკერება 5 ლარად ან 1 ლარად მუშების მიერ, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ესეც არავეგანურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ მათი შრომითი ექსპლუატაცია ხდება.

არც ისაა ჩვენთვის მისაღები, რომ ძროხა დააბა, გამოწველო ის რძე, რომელიც შენ არ გეკუთვნის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი სახეობის ახალშობილისთვისაა განკუთვნილი. ძროხის რძე მხოლოდ მისი ნაშიერისთვისაა, ვირთხის რძე – მისი ნაშიერისთვის და ა.შ.

ვცდილობთ, ნაკლებად ან მრავალჯერადად გამოვიყენოთ პოლიეთილენის პარკები, რომ მისი ბევრი წარმოება არ გახდეს საჭირო და შემდეგ გარემოში არ მოხვდეს. ვერიდებით გაზიან სასმელებს.

ასევე, ჩვენთვის მიუღებელია სიგარეტის მოწევა. კი, არსებობს ისეთი სიგარეტები, რომლებიც არ იტესტება ცხოველებზე, მაგრამ მისი ნამწვი მაინც აზიანებს გარემოს და ჩვენთვის არავეგანურია. დალევა და სხვა მავნე ჩვევებიც, ასევე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი თვეები მას შემდეგ, რაც ვეგანი გახდით?

დასაწყისში, პირველ დღეებში, კვირებში, ძალიან მეხალისებოდა. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იყო, მაგრამ სადღაც 20 დღის შემდეგ იმდენად მომენატრა ყველი, ვერ აღვწერ. იმიტომ, რომ ყველი შეიცავს კაზეინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. ზოგადად ადამიანებს, ვისაც სურთ ვეგანურ კვებაზე გადასვლა, რძის პროდუქტებიდან უჭირს ძირითადად ყველზე უარის თქმა, იმიტომ, რომ დამოკიდებულებას იწვევს. ძალიან გამიჭირდა მეც.

იმდენად მიჭირდა, როცა ყველს ვხედავდი, როცა ერთი თვე სრულდებოდა [რაც ვეგანი გავხდი] მახსოვს, რომ ორი ლუკმა გამომცხვარი ხაჭაპური ჩავკბიჩე და იმ წუთში გამიელვა თავში, მე ეთიკური ვეგანი ვარ და არა მხოლოდ კვების გამო. ეს იყო ჩემი წამიერი სისუსტე. საშინელი გულისრევა დამეწყო. მაშინვე უკან გადმოვაფურთხე ეს 2 ლუკმა და მსგავსი სისუსტე აღარ მქონია. მას შემდეგ ბოლომდე მართალი ვარ საკუთარ სინდისთან. ეს ერთადერთი სისუსტე მქონდა მხოლოდ.

ოჯახში მხოლოდ მე ვარ კვების ამ გზაზე. ოჯახში კი არა, ხულოში მცხოვრები ვეგანი მხოლოდ მე ვარ. სხვას არავის ვიცნობ.

  • როგორი იყო თქვენს გადაწყვეტილებაზე ოჯახის წევრების, თქვენი გარშემომყოფების დამოკიდებულება?

პირდაპირ გეტყვით, რომ დამცინიან. ძირითადად ალმაცერად მიყურებენ. ზოგიერთს ვეცოდები. აი, სუფრასთან რომ დავჯდებიო, ერთხელ მითხრა ერთმა, სულ შენზე ვფიქრობ, რას ჭამო. ასეთი გამხდარი ხარო, ვიტამინებისგან გამოიფიტებიო.

ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ამან. ყველა ანალიზი გავიკეთე და ჩემი ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია, პირიქით, მაგალითად, ჰემოგლობინი გამიუმჯობესდა კიდეც. კვლევებიც არსებობს, რომ ვეგანური კვება სასარგებლოა. ახალშექმნილი ოჯახი მაქვს, დამიწყეს დარიგება, ორსულად რომ იქნები, მერე ბავშვს ვერ მოაკლებო.

ზოგი ჭკუას მარიგებს, ზოგი მკიცხავს – რა სისულელეს აკეთებო. ზოგი ფიქრობს, რომ რაღაც სექტას ვარ აყოლილი. ასეთი დამოკიდებულებებია.

  • უშუალოდ ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორია?

მამაჩემი ნაწილობრივ ჩემ მსგავსად იკვებება. ძალიან შევაყვარე ოსპი, ტოფუ. მუხუდოსაც სალათის მსგავსად ვაკეთებ და ძალიან უყვარს მამაჩემს, მაგრამ ყველი უყვარს ძალიან და ვერ დათმო. თუმცა რასაც მე ვჭამ ვეგანურს, სიამოვნებით ჭამს და მასთან არანაირი პრობლემა არ არის.

ჩემი ქმრის ოჯახში სულ რაღაცნაირად განიცდიან – რა უნდა ჭამო, ჭამე, რომ ცოტა ენერგიაზე იყო. არადა, ამ დროს არაფერი არ მაკლია. ვერ ვამტყუნებ მათ, იმიტომ, რომ მათი ცნობიერება ისეთია, რომ ხორცი და რძის პროდუქტები აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს. არადა, ამ დროს, არაერთი სპორტსმენია, რომლებიც ვეგანები არიან და ჩემპიონობას აღწევენ.

  • თუ იცოდნენ მათ, რას ნიშნავს იყო ვეგანი, ამ თემაზე თუ ავრცელებთ ინფორმაციას?

ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ვავრცელებ.

ახლა ჩვენ ფეისბუქჯგუფში რამდენიმე ადამიანი ვუწევთ ორგანიზებას და ვაგროვებთ თანხას „ქრაუდფანდინგის“ მეშვეობით. გვირიცხავენ შემოწირულებას არავეგანებიც. არის ასეთი ვეგანი, მაიკლ გრეგერი, ძალიან პოპულარული და თან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ვიდეოები აქვს მცენარეულ კვებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ამ თანხით მისი ვიდეოების გახმოვანება გვინდა ქართულად, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ასევე, ჩვენთან, მეზობლებში, სადაც მაქვს საშუალება, ყოველთვის ვამბობ, თუ რატომ ვარ ვეგანი. მე ვარ ვეგანი ცხოველებისთვის, იმ არსებების გამო, რომლებსაც ისევე უხარიათ და უყვართ სიცოცხლე და ცხოვრება მათ საყვარელ არსებებთან ერთად, როგორც ჩვენ. მათ შვილები ჰყავთ, მათ ჩვენც ვუყვარვართ ხომ?! მათ გამო ვარ ვეგანი, რომ მათ არ წავართვა სიცოცხლე. ჩემი ვეგანობის ძირითადი მიზეზი ეს არის.

ვავრცელებ ინფორმაციას, მაგრამ დამცინიან. ზოგი აგრესიას გამოხატავს, მოგვწყინდა შენი პოსტების ნახვაო, რაზეც ჩემი პასუხია, რომ თუ ასე ძლიერ წუხდებიან, გააუქმონ გამოწერა.

ვეგანობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ამით ამაყი ვარ და მე ამას ვემსახურები. სხვანაირად არ შემიძლია, ამაზე უნდა ვისაუბრო.

  • ხომ არ არის ვინმე, ვისაც ამ ყველაფრის შესახებ მოუყევით და უნდა, რომ გახდეს ვეგანი?

არის ერთი გოგო, აქტიური ახალგაზრდა, ვინც გახდა ვეგეტარიანელი და აქვს სურვილი, რომ გახდეს ვეგანიც. უბრალოდ უნდა, რომ ყველაფერი გაიგოს და მზად იყოს.

  • როგორ იკვებებით, როგორია თქვენი კვების რაციონი?

აფთიაქებშიც კი არ იციან, აქვთ თუ არა ვეგანური კოსმეტიკა, ან ვეგანური ვიტამინები და ა.შ. აი, მაგალითად, ვეგანური კბილის პასტა მინდოდა, აფთიაქში ვიკითხე და არ გვაქვსო, მითხრეს. დამწუხრებულმა დახლზე ყურება დავიწყე და დავინახე, რომ იყო ვეგანური კბილის პასტაც და ფარმაცევტს რომ ვუთხარი, აი, ნახეთ, გქონიათ-მეთქი, თვითონაც გაოცებული იყო.

მეგონა ძალიან რთული იქნებოდა ვეგანური ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში არაერთი ბრენდის კბილის პასტა, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილები, ზოგადად, კოსმეტიკური ვეგანური საშუალებები ვიპოვე მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი ვეგანური პროდუქციაა, უბრალოდ ზოგს არ აწერია და ამის კულტურა არ არის ჯერ საქართველოში. არის შოკოლადები, ტკბილეული.

მომავალი დედა ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილიც ვეგანად გაიზარდოს. ვნახე არაერთი ვეგანური საბავშვო კვება, ორცხობილები და მსგავსი რაღაცები, რასაც საკმაოდ ხშირად ვყიდულობ და ძალიან გემრიელია. ცხოვრებაში არანაირად არ შევზღუდულვარ. ჩემი მენიუ გახდა ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესო.

როცა ვჭამ, ვიცი, რომ ჩემი კუჭის ამოვსების გამო არც ერთი ცხოველი არ იღუპება, არც ერთ ცოცხალ არსებას არ ადგება ზიანი, არც ერთი დედა არ კარგავს შვილს, არც ერთი ხბო არ იკვლება სიცოცხლის პირველივე დღეებში.

ეს ფერმებში ყველაზე დიდი პრობლემაა. როგორც კი გაჩნდება მამრობითი სქესის ხბო, აშორებენ დედას და მიჰყავთ დასაკლავად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცი ჩემ გამო არ მოხდება ეს ყველაფერი.

მენიუში მაქვს ცილოვანი პროდუქტები. სოია და მუხუდო აქამდე არ მქონდა. დავთესე საცდელად და გაიხარა, ამობიბინდა. იმდენად მსიამოვნებს, რომ ვუყურებ… ყოველ დღე ჩავდივარ ყანაში. ვაკვირდები, როგორ გაიზარდა და გაიხარა. არ ვიცი, ხულოში რამდენად მოასწრებს [მოსავლის მოცემას], დიდი ალბათობით უნდა მოასწროს და მინდა, რომ უფრო მეტი დავთესო, რათა ყიდვა აღარ დამჭირდეს.

ხულოში ყველაფერი მოგვყავს. ხილი, ბოსტნეული გვაქვს და საერთოდ ყველაფერი, რომ თავისუფლად შევძლოთ ყოფნა ვეგანურ კვებაზე, ვიყოთ ჯანმრთელები და არ მოგვშივდეს.

ისეთი საინტერესო გახდა ვეგანობა. ვისწავლე ტოფუს გაკეთება, რომელიც მეგონა, რომ ურთულესი იქნებოდა. ჩემი ერთ-ერთი პირველი ბარიერი იყო, რომ სანამ ვეგანი გავხდებოდი, ტოფუს გარეშე ვეგანი ვერ წარმომედგინა. სულ ტოფუს ფოტოებს აქვეყნებდნენ. მართლა უგემრიელესი საკვებია და ალბათ ამიტომ. ვეგანი რომ გავხდი და სოიას მივაგენი, პირველ რიგში ტოფუ გავაკეთე. პირველივე გაკეთებაზე ისეთი გემრიელი გამომივიდა, ყოველ კვირას ვაკეთებდი ხოლმე.

სამწუხაროდ, ხულოში არ იყიდება ტოფუ. ბათუმში იყიდება, მაგრამ არ არის ეს პრობლემა, ხელმისაწვდომია მაინც.

  • რამდენად ძნელია საქართველოში, ხულოში იყო ვეგანი?

ვეგანი რომ იყო, არის უმარტივესი. კი ბატონო, გვაქვს ვეგანური პროდუქციის ნაკლებობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ არ მოგვინდება რაღაც განსაკუთრებული საკვები, არ არის რთული. მე, მაგალითად, მაქვს იმის საშუალება, რომ დაბალანსებულად და სრულყოფილად ვიკვებო. ყველაფერს ვჭამ, რაც ვიტამინებს შეიცავს და ჩემს ორგანიზმს სჭირდება.

დანარჩენი ყველაფერი არის იმისთვის, რომ იყო ვეგანი და არ შეგექმნას პრობლემა. საპონი, შამპუნები და ა.შ.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად მდიდარია ქართული და კონკრეტულად აჭარული სამზარეულო ვეგანური კერძებით?

აჭარული სამზარეულო ძირითადად ვეგეტარიანულია. ჩვენ ტრადიციული კერძი ხორცის შემადგენლობით არ გვაქვს. მე არ მახსენდება. ხულოში პოპულარულია ბორანო, ნაღბი ბორანო და ა.შ.

ვეგანური საკვებითაც ძალიან მდიდარია ზოგადად საქართველო. გვაქვს ლობიო, სოია, ბოსტნეული, ხილი. რაც ჩვენ გვჭირდება ორგანიზმისთვის, ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენს მიწაზე, ყველაფრის მოყვანა შეიძლება. მოვიყვანთ თუ არა, ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

  • თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე რთული ვეგანისთვის?

ჩემთვის, როგორც ვეგანისთვის, ყველაზე რთული ის არის, რომ ვიცი, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხორცი და რძის პროდუქტები აუცილებელია და ვერ იაზრებენ, რომ მათი კუჭის გამო არაერთ ცხოველს აწამებენ.

ადამიანების უმრავლესობა ვერ იაზრებს, რომ ცხოველებსაც სტკივათ, ისინიც განიცდიან. უნდა ნახოთ როგორ ტირის ძროხა, როცა ახალდაბადებულ ხბოს ართმევენ და იმის გამო მიჰყავთ, რომ რძე თავად მოწველონ და მისგან სარგებელი მიიღონ.

მე ვეგეტარიანელი თავის დროზე იმის გამო გავხდი, რომ ჩემი საყვარელი ძროხა ჩემს ეზოში დაკლეს. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება იმ ძროხის ხმა. ეს ყველაზე დიდი სტრესია, რაც ბავშვობაში მიმიღია. ძალიან მწყდება გული, რომ ვეგანობის შესახებ თავის დროზე, უფრო ადრე არ გავიგე. გული მწყდება, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ, თუ რამდენად ცუდად ექცევიან ცხოველებს.

ვერ იაზრებენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ასე ბოროტად არ მოექცეოდნენ ცხოველებს.

მე მაინც მჯერა, რომ საბოლოოდ სამყარო ვეგანური იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: