მთავარი,სიახლეები

მკვდრეთით აღმდგარი – ბუჩაში დახვრეტილი და გადარჩენილი 43 წლის კაცის ისტორია

06.07.2022 • 25246
მკვდრეთით აღმდგარი – ბუჩაში დახვრეტილი და გადარჩენილი 43 წლის კაცის ისტორია

სუნთქვას ძლივს იკავებს. რა იქნება, ერთხელ მაინც რომ ღრმად ამოისუნთქოს. ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და ალბათ, მკვლელები აუცილებლად შეამჩნევენ გაყინულ ჰაერში ამომავალ ორთქლს. გვერდში ნატყვიარიც გაუსაძლისად სტკივა, მაგრამ იცის, რომ ერთი ამოკვნესაც, ისევე, როგორც ერთი ამოსუნთქვა, მისთვის საბედისწერო გახდება.

ესმის, როგორ დადიან რუსები და დახვრეტილებს ამოწმებენ, ვინმეს სიცოცხლის ნიშანწყალი ხომ არ ეტყობა, რომ საკონტროლო გასროლა მიაყოლონ. „ეს ისევ ცოცხალია,“ – ამბობს ერთი. ნეტავ, მასზე ამბობენ? იქნებ სხვაზე. „თავისით მოკვდება,“ – პასუხობს მეორე და გასროლის ხმა ისმის. სხვა აღმოჩნდა.

ივან სკიბა, 43 წლის ტაქსის მძღოლი და ოთხი შვილის მამა, მოგვიანებით ამ სურათს კიდევ ბევრჯერ ნახავს სიზმარში, თუმცა მანამდე ჯერ ისევ მკვდრებში წევს და კიდევ დიდხანს დარჩება იქ, თავისი დახვრეტილი მეგობრების გვერდით.

____________

ივან სკიბა – მკვდრეთით აღმდგარი ადამიანია. ბუჩის ტერიტორიული დაცვის ძალების რვაკაციანი ჯგუფიდან ის ერთადერთია, ვინც გადარჩა.

ახლა პოლონეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. მან და მისმა ოჯახმა იქ თავშესაფარი იპოვეს. სამსახურიც აქვს, ბავშვებსაც აღარ ეშინიათ. დათბა კიდეც და ოჯახი საღამოობით პარკში სეირნობს. სახეზე ცემის კვალი აღარ ეტყობა, ჭრილობაც შეუხორცდა.

24 თებერვლის დილით ივანი თავისი ტაქსით კიევში მიდიოდა. აფეთქებების ხმა გაიგონა, თუმცა ვერაფრით დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. მას მერე, რაც ვარაუდი დისპეტჩერმაც დაუდასტურა, ივანი სასწრაფოდ დაბრუნდა ბუჩაში, სიდედრის სახლში, სადაც ცოლ-შვილი ეგულებოდა.

ოჯახმა იქ დარჩენა და თავშესაფრის სარდაფში მოწყობა გადაწყვიტა.

ივანი, მეგობართან, თავისი პატარა გოგოს ნათლიასთან, სვაიტოსლავ ტუროვსკისთან ერთად ტერიტორიული დაცვის ძალებში ჩაეწერა.

ივანი (მარცხნივ) სვიატოსლავ ტუროვსკისთან და შვილთან ერთად/ფოტო: BBC News/ Україна

მათი ქვედანაყოფი ცუდად იყო შეიარაღებული. მხოლოდ ავტომატები და ხელყუმბარები ჰქონდათ და ერთი დურბინდი ათ კაცზე.

„შიშს ვერ ვგრძნობდით. არავითარი შიში. იყო მხოლოდ გაერთიანების სურვილი. სულ ფეხზე ვიდექით, დასვენების გარეშე. თავისუფალ დროს საჭმელი მიგვქონდა თავშესაფრებში, ქალებისა და ბავშვებისთვის. შიშის დრო სად იყო,“ – იხსენებს ივანი.

27 თებერვალს რუსეთის არმია კიევის შემოგარენიდან განდევნეს, თუმცა 3 მარტს ვითარება რადიკალურად შეიცვალა – პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსები ახალი ძალებით დაბრუნდნენ.

ივანის რვაკაციანი რაზმი იაბლუნსკაიას ქუჩაზე, 31 ნომერთან მორიგეობდა. მშვიდობის დროს ეს ტერიტორია, თავისი ტბით, მეთევზეების საყვარელი ადგილი იყო. როდესაც, რუსები, იაბლუნსკაიას ქუჩაზე, მათ საგუშაგოს მიუახლოვდნენ, ივანი და რაზმის სხვა წევრები დასამალად იქვე მცხოვრები ვალერი კოტენკოს სახლში შეცვივდნენ.

ივანი იხსენებს, როგორ შევარდნენ რუსები სახლში. ყველას წაართვეს მობილურები და ფეხსაცმელები გახადეს.

როდესაც რუსი სამხედროები ბუჩას დატოვებენ და უკრაინის სამართალდამცველები ქუჩის კამერების ჩანაწერებს შეამოწმებენ, ნახავენ, როგორ მიჰყავთ იაბლუნსკაიაზე რუს სამხედროებს ფეხშიშველი კაცები. ყველა მათგანს ცალი ხელი მის წინ მიმავალის ქამრისთვის მოუჭიდია, მეორე კი თავზე აქვს შემოდებული.

ტყვეები, იმავე ქუჩაზე, 144 ნომერში, რუსული ბაზის კედელთან მუხლებზე დააყენეს. თავებზე მაისურები და ჯემპრები გადააცვეს, რომ ვერაფერი დაენახათ. სცემდნენ სათითაოდ და დაჰყვიროდნენ: „თქვე ბანდერელებო, თქვენ ჩვენი დაწვა გინდოდათ მოლოტოვის კოქტეილებით! ახლა ჩვენ დაგწვავთ ცოცხლად!“

ეს ფრაზები ივანს ცხადად ახსოვს. ასევე, ახსოვს, მათ თვალწინ, დანარჩენების დასაშინებლად, როგორ მოკლეს 28 წლის ვიტალი კარპენკო. სწორედ ამის შემდეგ გათქვა რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, რომ ტერიტორიული დაცვის ძალებიდან იყვნენ.

ამის შემდეგ, მათდამი მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი გახდა.

ივან სკიბა საგუშაგოზე/ფოტო: BBC News/ Україна

ივანი იხსენებს, რომ ადგილობრივ დურგალთან, ანდრეი ვერბოვთან ერთად შენობაში დაკითხვაზე შეიყვანეს. ივანს თავზე ვედრო ჩამოაცვეს და კედელთან დააჩოქეს. ზურგზე სათითაოდ აწყობდნენ აგურებს, მანამდე, ვიდრე სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და წაიქცა. აგურებს თავზე ჩამოცმულ ვედროზე ამტვრევდნენ და სცემდნენ. შემდეგ გაიგონა გასროლის ხმა. ანდრეის ყვირილი აღარ ისმოდა.

იაბლუნსკაიას 144 ნომერთან, სადაც ტყვეები ჰყავდათ, რუსებმა ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეკრიბეს. „ნუ უყურებთ ამ ადამიანებს, მიწაზე რომ წვანან. ისინი ადამიანები არ არიან. ეს ჭუჭყია. ჭუჭყი,“ – უთხრა ერთმა რუსმა ოფიცერმა ადგილობრივს, ლუსია მოსკალენკოს.

4 მარტს, დღისით, აღარც ანდრეი იყო ცოცხალი და აღარც ივანის ორი თანამებრძოლი.

„რუსები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რა უნდა ექნათ ჩვენთვის. ერთი მეორეს ეუბნებოდა, რომ უნდა მოვეკალით, მაგრამ ცხედრები აქ არ დაეტოვებინათ,“ – ჰყვება ივანი.

ის და რაზმის დარჩენილი წევრები ბაზის გვერდით, პატარა ეზოში გაიყვანეს. ბეტონის პატარა მოედანზე ივანმა კაცის სხეული დაინახა. ის მანამდე დაეხვრიტათ.

„სიამოვნებას იღებდნენ ამისგან, გვეუბნებოდნენ, – „მორჩა, კაპუტ! დაემშვიდობეთ ერთმანეთს და ეგაა“. მათ შორის, ვისაც ივანი იმ დღეს დაემშვიდობა, სვიატოსლავიც იყო, მისი გოგონას ნათლია.

ერთ-ერთმა გაქცევა სცადა. იქვე დახვრიტეს. შემდეგ დანარჩენებს ესროლეს.

„ვიგრძენი, გვერდში მომხდა ტყვია. წავიქეცი,“ – ივანს ზუსტად არ ახსოვს, რამდენ ხანს დარჩნენ იქ რუსები, ალბათ წუთები, რომლებიც მას საათებად ეჩვენებოდა.

იცოდა, რომ არ უნდა განძრეულიყო, არ უნდა ამოეკვნესა, არ უნდა ამოესუნთქა.

როდესაც მიხვდა, რომ წავიდნენ, მხოლოდ მაშინღა გაბედა, თავზე ჩამოცმული ქურთუკიდან გამოეხედა. ეზო ცარიელი იყო. გვერდით ის კაცი ეგდო, რომელიც ეზოში რომ შეიყვანეს, მაშინ დაინახა. ბატინკები ეცვა. გახადა და ჩაიცვა. ღობემდე მიხოხდა და მეზობელ ბაღში გადაძვრა. მერე კიდევ ერთ ღობეზე გადახოხდა და მიტოვებულ სახლამდე მიაღწია.

ცემის კვალი ივანის სახეზე და ნატყვიარი/ფოტო: BBC News/ Україна

აბაზანაში რაც იპოვა, ჭრილობა იმით დაიმუშავა და სახლის პატრონის ტანსაცმელი ჩაიცვა. ის იყო, პლედი შემოიხვია და დასვენება დააპირა, რომ ხმა მოესმა. რუსული საუბარი. სახლში რუსი სამხედროები იყვნენ.

„დამინახეს და გამოკითხვა დამიწყეს, იქ რას ვაკეთებდი,“ – იხსენებს ივანი. დაარწმუნა, რომ სახლის პატრონი იყო, იქ ცხოვრობდა, მისმა ოჯახმა ბუჩა დატოვა, თვითონ დარჩა. დაჭრით კი სროლისას შემთხვევით დაიჭრა.

ივანი ისევ იაბლუნსკაიას 144-ში წაიყვანეს – ერთი ტყვეობიდან მეორეში.

ამჯერადაც გაუმართლა. ბაზაზე ჭრილობა დაუმუშავეს. ფიქრობს, რომ ის სამხედროები, რომლებმაც ის და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს, იმ დროს ან იქ არ იყვნენ, ან ვერ იცნეს.

მოქალაქეებთან ერთად მოათავსეს შენობის ბუნკერში. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ყველას გასვლის უფლება მისცეს.

მოკლულთა სხეულები, მათი, ვინც ივანთან ერთად ბუჩას იცავდა, მთელი თვის განმავლობაში, ვიდრე დასახლება ოკუპირებული იყო, იმ ეზოში ეყარა, სადაც რუსები ნაგავს ყრიდნენ.

ადმინისტრაციული შენობა იაბლუნსკაიას 144-ში, მკვლელობის ადგილი/ფოტო: BBC News/ Україна

ივანი იმ მოვლენების გადარჩენილი მონაწილეა, რომლის შესახებაც, 2022 წლის 19 მაისს The New York Times-მა ვრცელი ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი მსოფლიოსთვის ბუჩაში, იაბლუნსკაიას 144-ში მომხდარი დახვრეტის ამბავი.

გამოცემამ სამი ვიდეო ჩანაწერი მოიპოვა – ერთი ქუჩის კამერის, რომელშიც ზუსტად ის სურათი ჩანს, რომელსაც ივანი აღწერს, როგორ მოჰყავთ ქუჩაში სამხედროებს ტყვეები, მეორე – ადგილობრივის გადაღებული, მესამე კი – დრონის.

ივან სკიბა იმ თვითმხილველებს შორისაა, ვინც მაშინ The New York Times-ის ჟურნალისტს მომხდარის შესახებ მოუყვა. როგორც გამოცემა წერდა, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 8 ადამიანი მოკლეს – მათ შორის არიან ვიტალი კარპენკო, ანდრეი ვერბოვი და სვიატოსლავ ტუროვსკი, ივანის მეგობარი.

თუ როდისმე ბუჩის დანაშაულებს სასამართლო განიხილავს, ივან სკიბა აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი მოწმე იქნება.

მან და მისმა ოჯახმა ოკუპაციას თავი დააღწიეს, თუმცა იაბლუნსკაიას 144-ში მომხდარის მოგონებებს – ვერა.

„ღამით უცებ გეღვიძება შიშისგან და ტალღასავით გადაგივლის შეგრძნება – ელოდები, როდის გესვრიან თავში.“

მთავარი ფოტო: ფოტოკოლაჟი – სქრინი ვიდეოდან და ივან სკიბა

წყარო: BBC News/ Україна, The New York Times

გადაბეჭდვის წესი


ასევე: