მთავარი,სიახლეები

ბათუმის „სანდასუფთავების“ უფროსი ახალ ავტომანქანას ყიდულობს

14.02.2023 • 2483
ბათუმის „სანდასუფთავების“ უფროსი ახალ ავტომანქანას ყიდულობს

„ბატონო არჩილ, მართლა მაინტერესებს, რა მანქანა გემსახურებათ?“ – ჰკითხა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ. მანვე სხდომაზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიის ორგანიზაცია, შპს „სანდასუფთავება“ ორი ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის ბიუჯეტი 212 000 ლარია. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ერთ ავტომანქანას ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, სულხან ევგენიძისთვის ყიდულობენ.

საკრებულოს წევრს აინტერესებდა, რატომ ყიდულობს ბათუმის მერიის სანდასუფთავების უფროსი ძვირადღირებულ ავტომანქანას მაშინ, როცა ორგანიზაციას ნარჩენების დროულად გასატანად მანქანები არ ჰყოფნის.

„როგორც ვიცი, დიპლომატებთან შეხვედრა მისი სტატუსით არ უწევს, უმაღლესი თანამდებობის პირებთან დახვედრა არ უწევს და რაში სჭირდება გვითხრას, აგვიხსნას და ჩვენც დავეთანხმებით“, – მიმართა საკრებულოს წევრმა ბათუმის მერს საკრებულოს სხდომაზე.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავება“ ორ ახალ ავტომანქანას ყიდულობს, შესყიდვის ბიუჯეტი 212 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაციას 2022 წელს გამოშვებული ორი ახალი, მსუბუქი ავტომანქანის შეძენა სურს, მათ შორის, ერთი მაღალი გამავლობის უნდა იყოს.

განსაკუთრებულ მოთხოვნებში ავტომანქანის ფერიც არის მითითებული. ორგანიზაციას შავი ავტომანქანების შეძენა სურს, თუმცა მიმწოდებელს სხვა ფერის შეთავაზებაც შეუძლია: „შესასყიდი ავტომობილის ფერი შავი, სხვა შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმებით“ – ვკითხულობთ სატენდერო წინადადებაში.

სატენდერო წინადადებების მიხედვით, ავტომანქანის მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს: ცხენის ძალა – 152, არანაკლებ 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ელექტროშუშები, მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, ელექტროსარკეები გამათბობლით, ტყავის სავარძლები, წინა და უკანა სავარძლის გათბობა და ასე შემდეგ…

საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია სხდომაზე ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით კოლეგების მოსაზრებითაც დაინტერესდა, თუმცა მას მხოლოდ დავით მახარაძე გამოეხმაურა „ოცნებიდან“. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კი, მოგვიანებით მხოლოდ ის თქვა, რომ მერიის ავტოპარკი დიდი ხანია არ განახლებულა.

„თანამდებობის პირები ხართ. მართლა მაინტერესებს, რომელიმეს 2022 წლის 40 000-დოლარიანი მანქანები გემსახურებათ? – სიგიჟე არ არის? – ნაგავს მიაქვს ბულვარი. ხშირად იმის გამო ვჩხუბობთ, ნაგავი ვერ გააქვთო და დავამატოთ თანხა და დასუფთავების მანქანა ვიყიდოთ არ ჯობია?  – მართლა სიგიჟეა სანდასუფთავების უფროსი დადიოდეს 40 000 -დოლარიანი მანქანით“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ სხდომაზე.

დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას უპასუხა, რომ ხშირად უწევს საცობში დგომა სანდასუფთავების მანქანის უკან, შესყიდვის შესახებ კი არ იცის და ვერ იჭორავებს:

„ძალიან ხშირად ვდგავარ საცობში სანდასუფთავების მანქანის უკან  და მადლობა მათ ნამდვილად კარგად მუშაობენ,  დანარჩენი არ ვიცი… მაგი სხვა თემაა, დასაბუთება უნდა და ვერ ვიჭორავებთ.“

საბოლოოდ ვაჟა დარჩია მიხვდა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ საკითხი სერიოზულად არ განიხილა. „მართლა თუ მასე მუშაობს სანდასუფთავება, რომ შეუძლია 40 000- დოლარიანი მანქანა იყიდოს, მეც მომიძებნეთ სამსახური მანდ“, – ასე დაასრულა საკრებულომ „სანდასუფთავების“ ავტომანქანების შესყიდვის გადაწყვეტილების განხილვა.

ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებული ტენდერი 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შესყიდვას განმეორებით გამოაცხადებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით შპს „სანდასუფთავებას“ დეტალების დაზუსტების თხოვნით მივმართეთ. ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება მერის ავტომანქანას, ჩვენი ინფორმაციით, მერი გადაადგილდება „ჰიუნდაი სონატათი“ და ის ამ ავტომანქანით გადაადგილდებოდა მაშინაც, როცა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: