მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

15.02.2023 • 4116
ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად.

ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [3557%-ია], მაგრამ მონაცემები მწირია იმის დასადასტურებლად, რომ ეს რეალურად ასეა.

ინსემინაციის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალის ასაკია. ინ-ვიტრო კლინიკა Birth-ის რეპროდუქტოლოგი ირმა რამიშვილი ამბობს, რომ ეს პროცედურა რეკომენდებულია 35-36 წლამდე ასაკის ქალებისთვის.

ირმა რამიშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რა პროცედურაა საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია?

ეს არის სპეციალურად დამუშავებული სპერმის შეყვანა კათეტერის საშუალებით და დატოვება საშვილოსნოს ღრუში. ხელოვნური ინსემინაცია არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, ანუ უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი გზით ორსულობის დადგომისთვის გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს.

როგორც წესი, სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში თხელი კათეტერის მეშვეობით, საშვილოსნოს ყელის გავლით, რითაც მცირდება სპერმის მიერ კვერცხუჯრედამდე გასავლელი მანძილი, გადალახულია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ბარიერი და იზრდება განაყოფიერების შანსი.

ინსემინაცია ინიშნება ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, როცა პრობლემა არსებობს ძირითადად სპერმის მხრიდან და ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია სპერმის დამუშავების შედეგად, ან შეიძლება ორივე პარტნიორთან იყოს პრობლემა – ქალთან, მაგალითად, იყოს ფოლიკულის ზრდის შეფერხება.

სხვა ჩვენებებია: ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ფაქტორები; ვაგინიზმი (საშოსა და საშვილოსნოს ყელის კუნთების სპაზმი); დონორის სპერმის გამოყენების აუცილებლობა; ეაკულატორულ-სექსუალური დარღვევები (როდესაც საშოში სპერმის მოხვედრა შეუძლებელია); სპერმის კონცენტრაციის ან მოძრაობის უმნიშვნელო შემცირება.

ინსემინაციისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კვერცხსავალი მილები იყოს გამავალი, რადგან საშვილოსნოს ღრუში შეყვანილმა სპერმამ უნდა გაიაროს მილები კვერცხუჯრედამდე მისაღწევად.

ამ მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელი, საერთო ჯამში, დაახლოებით 13-15 %-ია, მსოფლიოს ძალიან დიდი კლინიკებში, სადაც ინსემინაციის ჩატარების მაღალი რიცხვია, შედეგიანობა 18%-ს აღწევს.

  • როგორი უნდა იყოს მაჩვენებლები, რომ ინსემინაცია ჩატარდეს?

ინსემინაციისთვის მომზადებას ვიწყებთ იმით, რომ ქალს ვიბარებთ მენსტრუაციის დაწყებიდან მე-2 ან მე-3 დღეს, ვიწყებთ ფოლიკულების მონიტორინგს, ანუ დაკვირვებას იმაზე, თუ რა ზომის ფოლიკული გააჩნია ქალს და ვაძლევთ შესაბამის დანიშნულებას იმისთვის, რომ ეს ფოლიკულები გავზარდოთ.

პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ვაკვირდებით, როგორ იზრდება საშვილოსნოს შიგნითა შრე, ანუ ენდომეტრიუმი. შემდეგ ვაჯამებთ ორ მთავარ მონაცემს – ფოლიკულის სიდიდეს და ენდომეტრიუმის სისქეს.

ფოლიკულის სიდიდე უნდა იყოს 18-20-22 მმ და ენდომეტრიუმის სისქე – 8 მმ და მეტი, სტრუქტურა კი უნდა იყოს სამშრიანი.

როცა ეს კომპონენტები გვაკმაყოფილებს, მაშინ პაციენტს ვაძლევთ დამატებით დანიშნულებას, პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ოვულაციას.

ამის შემდეგ გადავითვლით გარკვეულ საათებს, რადგან ჩვენ ვიცით ამ წამლის გაკეთების შემდეგ, რამდენ საათში მოხდება ოვულაცია და სწორედ იმ გარკვეულ საათებში, უკვე კათეტერით ქალის საშვილოსნოს ღრუში შევიყვანთ დამუშავებულ სპერმას, რითაც რეალურად სპერმას ვუმოკლებთ გზას საშოდან საშვილოსნოს ღრუმდე. საშვილოსნოში მოთავსებული სპერმატოზოიდები უფრო ადვილად მოძრაობენ მილების მიმართულებით, სადაც ხდება განაყოფიერება.

  • რატომ განისაზღვრება ამ მეთოდისთვის ასაკის ზედა ზღვარი 35-36 წლით?

იმიტომ, რომ 35 წლის შემდეგ ქვეითდება ფოლიკულების რაოდენობა, კვერცხუჯრედის ხარისხი და განაყოფიერების უნარიც.

ინსემინაციის დროს ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ფოლიკულს, მაგრამ არ ვიცით არის თუ არა შიგნით კვერცხუჯრედი.

კვერცხუჯრედის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს – ფოლიკულური სითხე ქალს უნდა ამოუღო პუნქციით და მიკროსკოპის ქვეშ გაადიდო; ინსემინაციის დროს შესაძლებელია გაიზარდოს ერთი ან სამი ფოლიკული, მაგრამ გარანტია არ გვაქვს, რომ შიგნით იქნება კვერცხუჯრედი.

ამიტომ არის ეს პროცედურა ნაჩვენები ამ ასაკამდე ქალებში, რადგან 35-36 წლამდე თეორიულად შესაძლებელია, რომ მეტი რაოდენობის კვერცხუჯრედი იყოს და ისინი იყოს უკეთესი ხარისხის.

  • ამ მეთოდს მიმართავენ როგორც შვილოსნობის პრობლემის მქონე წყვილები, ისე პოტენციური მარტოხელა დედები [დონორთან ერთად], რომელთაც შესაძლოა შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში როგორია ამ მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელი?

არ არსებობს მასშტაბური კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომელი ჯგუფის წყვილში იქნა უფრო მაღალი ალბათობით წარმატება მიღებული. ზოგადად არსებობს კვლევა, რომ წარმატების მაჩვენებელი არის 13-15%-ში.

დაახლოებით 15 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ უშვილობის შემთხვევათა 60% იყო ქალის ფაქტორით განპირობებული, 10 წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 50/50-ზეა; დღეს კი მიიჩნევა, რომ შვილოსნობის პრობლემა 40% შემთხვევაში ქალის ფაქტორით არის განპირობებული, 40% – კაცის ფაქტორით, 20% კი დაუდგენელი ფაქტორებია – როცა ქალთანაც ყველაფერი მწყობრშია, კაცთანაც და ორსულობა მაინც არ დგება.

  • რა დრო სჭირდება წინარე გამოკვლევებს და უშუალოდ ინსემინაციის პროცედურას ჯამში?

ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი. აუცილებლად კეთდება ზოგადი გამოკვლევა – რამდენად ჯანმრთელია ქალი. აუცილებლად უნდა შემოწმდეს წინასწარ სარძევე ჯირკვლები, საშვილოსნოს ყელი და რა თქმა უნდა – ფარისებრი ჯირკვალი. ვაკეთებთ ზოგადი ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრას, ვიღებთ პროლაქტინს – საკვერცხის ჰორმონებს.

როცა ქალს ეს ყველაფერი წესრიგში აქვს, ციკლის მოსვლის მეორე ან მესამე დღეს, ვიწყებთ ფოლიკულომეტრიას – ვამოწმებთ ფოლიკულის ზომას, ქალს ვაძლევთ დანიშნულებას, რომ გავზარდოთ ფოლიკულები და როცა ფოლიკულები გახდება 18-20-22 მმ, ვაკეთებთ ტრიგერს, ანუ ნემსს, რომ მოვახდინოთ ოვულაციის პროვოცირება და გარკვეული საათების შემდეგ შეგვყავს სპერმა.

თუ ყველაფერი წესრიგშია, თავისუფლად შესაძლებელია ციკლის მეორე დღიდან პროცედურის ჩატარებამდე ორი კვირა გვეყოს, შესაძლოა – 1 თვე.

  • რა არის საშუალოდ ამ პროცედურის ფასი?

პროცედურის ღირებულება საშუალოდ 800 ლარია, კვლევები პროცედურამდე და მედიკამენტები დაახლოებით იგივე თანხა ჯდება. ანუ საშუალოდ ეს 1600-1700 ლარია.

  • როგორ უნდა მოემზადონ ადამიანები ორსულობის დადგომამდე?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რაც შეიძლება მალე – თამბაქოს მოხმარება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ შეწყდეს, ასევე, აღიკვეთოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

ასევე, არსებობს სპეციფიკური შემადგენლობის ვიტამინების ნაკრები, რომელმაც შესაძლოა (ეს რანდომიზირებული კვლევით დადასტურებული არ გახლავთ) გააუმჯობესოს, მაგალითად, სპერმის ხარისხი, კვერცხუჯრედის ხარისხი. ამ დანიშნულებასაც, ძირითად დანიშნულებასთან ერთად, დამატებითი სახით ვაძლევთ.

მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. საქმე ის არის, რომ ძილის საათი სწორად განსაზღვრავს ქალის ჰორმონების გამომუშავების რიტმს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქალისთვის სტრესული გარემოს შემცირება საჭიროა იმიტომ, რომ ნერვიულობისას მის ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა ადრენალინი, ადრენალინი კი გამოიწვევს საკვერცხის ჰორმონების გამოყოფის დათრგუნვას და ციკლის არევას, ამიტომ მშვიდ გარემოს, ძილს, სუფთა ჰაერზე სეირნობას რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: