სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს.
„საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი.
შესაბამისად, 2020-2021 წლებში სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება:
- ხულოში – ჯამში 95 523 ლარის ღირებულების საწვავის,
- შუახევში – ჯამში 95 385 ლარის საწვავის,
- ქედაში – ჯამში 106 817 ლარის საწვავის.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში „ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.“
აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „2020-2021 წლებში ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 833 654 ლარი.
ხულოს მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2020-2021 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა აგაი სისტემის [ავტომანქანის გამართვის და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა] გამოყენებით და ჯამში გახარჯულია 234 515 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 138 994 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 21 ერთეულ ავტოტრანსპორტზე – 95 523 ლარის საწვავი.
ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასათანადო კონტროლია დაწესებული ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არ შეუმუშავებია მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სფეროს რეგულირებას.“
რაც შეეხება შუახევის მერიას, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2020-2021 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა საწვავის ტალონებით და ჯამში გახარჯულია 409 413 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 27 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 314 028 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ავტოტრანსპორტზე გახარჯულია 95 385 ლარის საწვავი.
„ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება ვერ დასტურდება, კერძოდ: საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში გაცემულია 42 700 ლიტრი, 95 385 ლარის ღირებულების საწვავი, რომლის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები ზოგადი ხასიათისაა და არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულ პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულებით გადაადგილება, შესრულებული სამუშაო, გავლილი მანძილი და გაწეული მომსახურება.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით, „დადგინდა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ წინა პერიოდებში, ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში გაცემული და ჩამოწერილი საწვავიდან, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში გაუხარჯავია არანაკლებ 2 200 ლიტრი.“
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.
ამასთან, იმსჯელოს ცალკეული პირების მიერ საწვავის ნაშთის დაგროვების გამომწვევ მიზეზებზე და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი თანხების ბიუჯეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი.
ანგარიშის მიხედვით, 2020-2021 წლებში ქედის მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე არსებული 11 ავტომანქანით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა საჯარო მოსამსახურეების ავტომანქანებზეც, კერძოდ, 2020 წელს გაცემულია − 20, ხოლო 2021 წელს − 34 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე.
- „სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 100 903 ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 219 016 ლარი. მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 106 175 ლარის საწვავი.
- მუნიციპალიტეტში საწვავის გამოყოფის და მისი ხარჯვისას დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლით ირკვევა, რომ არ ხდება საჭიროების, საწვავის ლიმიტის ოდენობის განსაზღვრის და ხარჯვის მიზნობრიობის ანალიზი და დასაბუთება.
- ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ აქვთ შემუშავებული მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის და მისთვის გამოყოფილი ხარჯის მიზნობრიობას.“
„აუდიტის შედეგად, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოვლინდა მივლინების გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ საწვავის ჩასხმის, ასევე სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზის მოცულობაზე მეტი ჩასხმის შემთხვევები.
კერძოდ, 9 შემთხვევაში − 642 ლარის ღირებულების, 263 ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისმა დაწესებულებამ [შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო“] ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია სამსახურებრივი ავტომობილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის სამსახურებრივი საჭიროება.
ასევე 7 შემთხვევაში [შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“] სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხმულია საწვავის ავზის მოცულობაზე ბევრად მეტი საწვავი [TOYOTA RAV4, გამოშვების წელი – 2005, სახელმწიფო ნომერი PP 838 SP, საწვავის ავზის მოცულობა – 65. ერთჯერადად განხორციელებულია 87 ლიტრიდან 132 ლიტრამდე ჩასხმები].“ – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, „ქედის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.“
ამავე თემაზე:
ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი