მთავარი,სიახლეები

რას აკეთებენ აჭარის მთის სკოლები, სადაც ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავთ 

14.02.2023 • 1353
რას აკეთებენ აჭარის მთის სკოლები, სადაც ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავთ 

„ბათუმელებს“ ინგლისური ენის სერტიფიცირებული, ახალგაზრდა მასწავლებელი ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ სურდა აჭარის მთის რომელიმე სოფლის სკოლაში მუშაობა დაეწყო ინგლისურის მასწავლებლად, მაგრამ პროგრამის ფარგლებში ეს ვერ მოახერხა: მას უთხრეს, რომ პროგრამა გაუქმებულია.

მასწავლებელმა „ბათუმელებს“ სთხოვა, შემდგომში პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

საქმე ისაა, რომ აჭარის განათლების სამინისტრომ, თავის დროზე, სწორედ სოფლის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავა პროგრამა – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“. თუმცა, მთის სოფლების ზოგიერთ სკოლაში დღემდე, მაგალითად ინგლისურ ენას ასწავლის სხვა საგნის, ან სულაც არასერტიფიცირებული მასწავლებელი. შესაბამისად, პროგრამის საჭიროება ისევ დგას დღის წესრიგში.

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება“.

პროგრამა, მოტივაციის გაზრდის მიზნით, მასწავლებლებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რის საფუძველზეც უთხრეს უარი ახალგაზრდა, ინგლისურის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ჩართულიყო აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამაში – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“?

სამინისტროში პროგრამის კოორდინატორი, მაია დოლიძე კვლავაც ადასტურებს, რომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მიმდინარეა პროგრამა და ითვალისწინებს ხულოს, შუახევისა და ქედის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის შევსებას, სადაც უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული მასწავლებლები არ ჰყავთ.

„სკოლა ჯერ უშუალოდ რესურსცენტრს მიმართავს და რესურსცენტრი აგზავნის [მასწავლებლებზე] მოთხოვნის წერილს [განათლების] სამინისტროში.

ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, რომ ამა თუ იმ სკოლას არ ჰყავს ინგლისურის, მათემატიკის, თუ ფიზიკის მასწავლებელი, პირობითად“, – გვითხრა მაია დოლიძემ.

აქ წაიკითხეთ „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატია – ხულოს 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს.

მაია დოლიძე აზუსტებს, რომ განათლების სამინისტროში შესული ყველა მსგავსი წერილი [მასწავლებლების დეფიციტზე], მათ დეპარტამენტში გადადის.

„მე, უშუალოდ მაია დოლიძეს, ამ წუთას, მსგავსი წერილი არ მომსვლია და არ მაქვს. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. მე ვარ ამ პროგრამის კოორდინატორი, თუ იქნებოდა მსგავსი მომართვა, ყველა შემთხვევაში ეს მოვიდოდა ჩემთან.

ჩვენ საბუთებს ვიღებთ უწყვეტ რეჟიმში. ნებისმიერ დროს შეუძლია აპლიკანტს ჩააბაროს საბუთები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მირეკავენ და მეკითხებიან, დავუშვათ, რომ შემოვიტანო განცხადება, როდის გავივლი კონკურსს? რა თქმა უნდა, მაგაზე მე პასუხი არ მექნება…  მიუხედავად ასეთი პასუხისა, ადრე მაინც შემოჰქონდათ საბუთები, ახლა აღარ კარგავენ დროს. ამ წუთას მე საერთოდ არც ერთი განაცხადი არ მაქვს.

პედაგოგები, რომლებსაც ჩვენ აქედან ვაგზავნით უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, ვაძლევთ დანამატს ჩატარებული საათების მიხედვით – თვეში 800-1000 ლარის ოდენობით. გამოყოფილია მათთვის ბინაც“, – ამბობს მაია დოლიძე.

ხულოს რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი, რამინ ბერიძე ამბობს, რომ მათი სკოლა, სადაც ახლა 57 მოსწავლე სწავლობს, ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს უკვე 5 წელია ეძებს და ჯერ ისევ არ ჰყავთ. მისი თქმით, ამის შესახებ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრშიც იციან.

„სასწავლო წლის დასაწყისში მე-12 კლასში სკოლას 5 მოსწავლე ჰყავდა, ახლა მხოლოდ 1 ჰყავს. უცხო ენის გამო მოსწავლეები ახალ წლამდე გადავიდნენ ქალაქის სკოლებში. ინგლისურში პრობლემა რომ არ ჰქონოდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ამიტომ გადავიდნენ.

სისტემატურად მიდევს ვაკანსიაზე ინგლისურის და რუსულის საათები, მაგრამ არავინ არ მოდის.

რესურსცენტრიც ჩართულია, უნდა დამეხმაროს, მაგრამ რელიეფურად ძალიან მაღალი სოფელია ჩვენი, ძალიან ცუდი კლიმატური პირობებია ზამთარშიც და ამის გამო არიდებენ თავს მასწავლებლები მოსვლას“, – ამბობს რამინ ბერიძე.

ხულოს ვერნების საჯარო სკოლაც ეძებს ინგლისურის სერტიფიცირებულ მასწავლებელს. სკოლის დირექტორის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქმის კურსშია ხულოს რესურსცენტრიც და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ მიქელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლაშიც იყო, კონტაქტი ჰქონდა სკოლის დირექტორთან და ინგლისურის მოქმედ მასწავლებელთან სკოლაში.

„ინგლისურის ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი მყავს და ინგლისურის სხვა მასწავლებელიც აუცილებლად გვესაჭიროება. სულ 31 [ინგლისური ენის საგაკვეთილო] საათი გვაქვს სკოლაში. უშუალოდ ერთი მასწავლებელი ვერ სწვდება, დროებით ასწავლის“, – გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

„ბათუმელებმა“ ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ედუარდ მიქელაძეს ჰკითხა, სერტიფიცირებული მასწავლებლების გაგზავნის მიზნით ამ და სხვა სკოლებში, სადაც კადრების დეფიციტია, მიმართეს თუ არა პროგრამას – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“.

„ეს პროგრამა, რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოცხადებულა. მიმართვა გვქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა პროგრამით უშუალოდ ვინც თავის დროზე მიიღეს ისინი არიან, ანუ არც მომატებულა და პრინციპში, ვინც ვერ ჩააბარა ის მასწავლებლები წავიდნენ, მოაკლდნენ, თუმცა დამატებით აღარ ყოფილა.

მე წელსაც მქონდა საუბარი ქალბატონ მაიასთან და მითხრა, რომ პროგრამის გაგრძელებაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ დავამატებთ თუ არა უკვე შემდეგისთვის იქნება ცნობილი, სექტემბრიდან გაჩერებულები ვართო“, – ამბობს ედუარდ მიქელაძემ.

„ბათუმელებმა“ ხულოს რესურსცენტრის დირექტორს გადასცა მაია დოლიძის განცხადება – რომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მიმდინარე პროგრამაა.

„მაშინ, თუ მიმდინარეობს ჰკითხეთ, როცა მოგმართეს, რატომ არ დაუმატეთ [ინგლისურის მასწავლებლები] იმ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მასწავლებლებიო. საქმის კურსშია ყველა, რომ მასწავლებლები არ გვყავს რამდენიმე სკოლაში.

მაია დოლიძემ მითხრა, რომ ამ ეტაპზე გაჩერებულია პროგრამა, უფრო სწორად არ ვამატებთ არაფერსო და შემდეგისთვის, ალბათ უფრო სექტემბრიდან რაღაც სიახლეები გვექნებაო“, – დასძინა ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მოგვიანებით, ედუარდ მიქელაძე დაგვიკავშირდა და შემდეგი განაცხადა: „თებერვალში ვაკანსიები ინგლისურში პრაქტიკულად აღარ გვაქვს. ერთადერთი, ვერნებში რომ მრავალი საათია ეგ რჩება მხოლოდ. ამ ეტაპზე საციხურში რაც იყო, მოვაგვარეთ და პრაქტიკულად არსად არ გვაქვს ინგლისურში ვაკანსიები“.

„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სკოლებს, სადაც გასულ კვირას განმარტეს, რომ არ ჰყავთ ინგლისურის სერტიფიცირებული მასწავლებელი. სკოლის დირექტორებმა ისევ გაიმეორეს, რომ არ ჰყავთ ინგლისურის მასწავლებელი, ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ ეს პრობლემა შემდეგი კვირიდან მოგვარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: