ქობულეთში დაკავებული რუსი ჰაკერი პროკურატურამ აშშ-ს გადასცა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია.

აშშ-ში ჩატარებული გამოძიების ვერსიის თანახმად, რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა.

„ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტპლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო“ – წერს პროკურატურა.

ძებნილი პირი საქართველოში 2022 წლის 22 ოქტომბერს, ქობულეთში დააკავეს.

ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

რუსეთს, სავარაუდოდ, ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვს – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 14 მარტს, ყოველდღიურ მოკლე შეფასებაში წერს, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვთ.

ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, იმდენად გაუარესდა, რომ ფრონტის ბევრ ადგილას ჭურვების გამოყენებაზე უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს.

ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს უნდა უყოს იმის მთავარი მიზეზი, რომ ვერცერთმა რუსულმა ფორმირებამ ვერ შეძლო ოპერატიულად მნიშვნელოვანი შეტევის განხორციელება.

ასევე, დაზვერვა წერს, რომ რუსეთი სავარაუდოდ უკვე იყენებს ძველ საბრძოლო მარაგს, რომელიც ადრე სარგებლობისთვის უვარგისად მიიჩნეოდა.

 

ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შაბათ-კვირას კი წვიმაა მოსალოდნელი.

თიბისი IT აკადემიაში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.

„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. თიბისი IT აკადემია სტუდენტებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების საშუალებას აძლევს. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, – ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.

კურსები არის პროფესიონალ ლექტორებთან ურთიერთობისა და თანამედროვე პროფესიების დაუფლების უფასო შესაძლებლობა, რომელიც პროფესიული თუ პიროვნული განვითარების და წამყვან კომპანიებში დასაქმების მაღალ გარანტიას იძლევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)

უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე

დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით.

ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი.

„ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც არც კი პასუხობს კითხვებს, არის თუ არა დაცული უსაფრთხოების წესები ატრაქციონებზე.

დავინახეთ, როგორ შეაქცია ზურგი ჟურნალისტებს და არ უპასუხა კითხვებს, რომელიც არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მოსახლეობის კითხვებიცაა.

მერს არ აუღია პასუხისმგებლობა, როცა ქალაქში ჩამოიქცა საცხოვრებელი კორპუსი, არ იღებს პასუხისმგებლობას ჩამოვარდნილ ლიფტებზე, დამწვარ მრავალსართულიან სახლზე, იმაზე, რომ სახანძრო კიბე არ არსებობს ამ ქალაქში, არც 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე.

პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ თავის ხელფასზე, თავის ფუფუნებაზე, „ატკატებზე“, ქალაქის ჩაბეტონებაზე, ახლობლებისა და ნათესავების დასაქმებაზე“, – ამბობს ხარაზი.

მისი თქმით, როცა ტრაგედია ხდება ამ ქალაქში, სამგლოვიარო ცერემონიალზე ყვავილით ჩამოვლა შეუძლია მხოლოდ მერს, „სხვა არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას“.

„ამიტომ უნდა დავიწყოთ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ მერს“, – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, მერის გარდა ყველა იმ სამსახურების ხელმძღვანელების საკითხიც უნდა დადგეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე.

„ეს ქალაქი იქცა ტრაგედიების ქალაქად, უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან როგორც ადგილობრივების, ასევე სტუმრების უსაფრთხოებას, ამიტომ ასეთი მერი ამ ქალაქს არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, – ამბობს ხარაზი.

მისი თქმით, ყველა ტრაგედიის შემდეგ პასუხისმგებლობას აკისრებენ მუშას ან რომელიმე დაბალი რგოლის წარმომადგენლებს. „არადა, მერს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მის მოვალეობაშიც შედის მსგავსი ობიექტების კონტროლი“, – ამბობს ხარაზი.

როგორ ამოვიცნოთ ვენების გაგანიერება საწყის ეტაპზე – ექიმის რჩევები

ვარიკოზული ვენები გაფართოებული, დაგრეხილი ვენებია, რომლებიც შეიძლება სხეულის ნებისმიერ წერტილში ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ქვემო კიდურებში გვხვდება.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ანგიოლოგი, კონსტანტინე კეკელია ამბობს, რომ ვარიკოზთან მიმართებაში ყველაზე საყურადღებო ასაკი 35 წლიდან 45 წლამდეა. ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია დაავადება შევაჩეროთ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, ელასტიური კომპრესით და ვენოტონური საშუალებებით.

  • ბატონო კონსტანტინე, რა დაავადებაა ვარიკოზი?

ქვემო კიდურებში, ვენურ სისტემაში, სისხლი მოძრაობს ქვემოდან ზემოთ, მიზიდულობის ძალა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, ამიტომ ვენას აქვს სარქველი; ვენების გაგანიერება არის დაავადება, როდესაც ვენის სანათური განიერდება, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო ვენის კედლები ერთმანეთს შორდება და სარქვლები ერთმანეთს ვეღარ სწვდება იმისთვის, რომ სისხლი ქვემოდან ზევით აიტანოს.

როცა სარქველი ზიანდება, ქვემოდან ზევით აღარ მიდის სისხლი, ამიტომ ვენა ფართოვდება, ვენის კედლები ერთმანეთს სცილდება და იწყება ვარიკოზული დაავადება, ანუ ვენების გაგანიერება.

  •  რა შეიძლება იყოს ვარიკოზის გამომწვევი მიზეზი?

მიზეზთა შორის პირველი შეიძლება დავასახელოთ გენეტიკა. წინაპრებს თუ ჰქონდათ ეს დაავადება, მაღალია რისკი, რომ განვითარდეს [შთამომავალშიც].

მიზეზი შეიძლება გახდეს სისტემატურად და ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჯდომა. შესაბამისად, რისკჯგუფში არიან ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი სამსახურის/პროფესიის გამო უწევთ ხშირად ჯდომა ან დგომა.

ასევე, რისკჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებული, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. შტანგის აზიდვა.

მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პათოლოგია და ტრავმის შემდგომი მდგომარეობაც.

ზოგადად, სტატისტიკურად, ქალებში უფრო ხშირია ვარიკოზული დაავადება და ამის მთავარი მიზეზი ორსულობაა, რადგან ეს მდგომარეობა ვარიკოზის ერთ-ერთი რისკფაქტორია. 

ასეთ შემთხვევაში, ორსულებისთვის რეკომენდებულია, მთელი ორსულობის განმავლობაში ელასტიკური კომპრესიის ტარება, რომ ვენას გარედან მივეხმაროთ სისხლი ქვემოთ აღარ ჩამოცურდეს. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ორსულობისას კონსულტაცია ანგიოლოგთან.

  • რა ნიშნები ახასიათებს ვარიკოზს საწყის ეტაპზე?
Mayoclinic

დაავადების მიმდინარეობას აქვს 6 სტადია.

პირველ სტადიაზე პაციენტებს (ძირითადად ქალებს) ბარძაყის არეში გამოესახებათ პატარა კაპილარული ქსელები, ობობას ქსელებივით. ეს უმეტესად მიანიშნებს დაავადების საწყის სტადიაზე; შემდეგ ამას ემატება უკვე სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ძირითადად დღის ბოლოს; მესამე სტადიაზე – დიდ ხანს ჯდომის ან დგომის მერე ეწყებათ შეშუპება, გარედან ვლინდება ვენები.

რაც შეეხება მეოთხე სტადიას, ამ დროს უკვე იწყება კანის გაუხეშება, ქავილი, დერმატოსკლეროზული ცვლილებები, კანის გაშავება, რასაც უკვე მეხუთე სტადიაზე მოჰყვება წყლულები, რომლებიც პერიოდულად ხორცდება და იხსნება.

მეექვსე სტადიაზე კი წყლული აღარ ხორცდება.

Mayoclinic: ვარიკოზული ვენების ნიშნებია: ვენები, რომლებიც ხილვადი ხდება ფეხზე, დაგრეხილი და ამობურცულია, ხშირად წააგავს კაბელებს. ვარიკოზულმა ვენებმა შეიძლება არ გამოიწვიოს ტკივილი.

როდესაც ვარიკოზული ვენების მტკივნეული ნიშნები და სიმპტომები ვლინდება, ისინი შეიძლება შეიცავდეს: ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში; წვას, თრთოლა/პულსაციას, კუნთების კრუნჩხვას და შეშუპებას ქვედა კიდურებში; ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ; ქავილი ერთი ან რამდენიმე ვენის ირგვლივ, კანის ფერის ცვლილება ვარიკოზული ვენის ირგვლივ.

  • გარდა დაავადების შორსწასული ფორმებისა, სხვა რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ვარიკოზი?

ვინაიდან ვენები დაკლაკნილია და სისხლი უმოძრაოდაა, თრომბოზის დიდი რისკია. მესამე სტადიიდან, როდესაც უკვე ვენები გამოვლენილია გარედან, შესაძლებელია მოხდეს დათრომბვა.

 გაგანიერებულ ვენაში სისხლი არ მოძრაობს და გამობერილ უბანში სისხლი ერთ ადგილას დგას, ამიტომ ეს რისკი არის ყოველთვის. შეიძლება ადამიანმა 100 წელი იცხოვროს გაგანიერებული ვენებით და არაფერი მოუვიდეს, შეიძლება რამდენჯერმე დაითრომბოს.

  • რა სიჩქარით პროგრესირებს დაავადება?

ეს დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესსა და გენეტიკაზე. შეიძლება ერთ ადამიანს ერთი სტადიიდან მეორე სტადიაში გადასასვლელად დასჭირდეს 10 წელი, ხოლო მეორე ადამიანს პირველიდან მესამე სტადიაში ერთ წელიც გადაუვიდეს, თუ, რა თქმა უნდა, არ დაიცავს რეკომენდაციებს ელასტიკური კომპრესიის ტარებასთან, ვარჯიშებთან და ფეხების მოსვენებასთან დაკავშირებით.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ამ მხრივ?

რჩევა პირველი – ბევრი სიარული. თუ სამსახურში დიდხანს გვიწევს ჯდომა, როგორც კი საშუალება გვექნება, ფეხები უნდა ავაწყოთ ზევით; როცა მივალთ სახლში, სავარძელში კი არ უნდა ჩავჯდეთ, არამედ უნდა წამოვჯდეთ/წამოვწვეთ და ფეხები მაღალზე ავწიოთ, რადგან ვსხედვართ თუ ვდგავართ, მაინც ერთნაირი დატვირთვა მიდის ვენებზე, რის გამოც სისხლი ქვემოდან ზევით ვეღარ იტუმბება.

ასევე, კარგია დილის ვარჯიშები, საღამოს ცერებზე აწევა და დაწევა. ეს არის ვარიკოზის საპრევენციო რეკომენდაციები.

Mayoclinic: სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესებამ შესაძლოა შეამციროს ვარიკოზული ვენების განვითარების რისკი. 

[checklist]

  • მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მჭიდრო ტრიკოტაჟს
  • რეგულარულად შეცვალეთ ჯდომის ან დგომის პოზა
  • მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი და მცირედ მარილიანი საკვები
  • ფეხები აიტანეთ მაღლა ჯდომის და წოლის დროს
  • აკონტროლეთ წონა

[/checklist]

  • როგორია მკურნალობა?

პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია დაავადება შევაჩეროთ მხოლოდ და ფიზიკური აქტივობით, ელასტიური კომპრესით და ვენოტონური საშუალებებით.

მესამე სტადიაზე, როდესაც უკვე შეშუპებებია, საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა – ვენოტონიკური საშუალებები, გარეგანი მალამოები, ელასტიკური კომპრესია. თუმცა ესეც დაავადების შეჩერებას ემსახურება, რადგან როცა უკვე ვენა გაგანიერდება, ის განკურნებას არ ექვემდებარება.

შემდეგ სტადიებში, როდესაც პაციენტის ჩივილები მატულობს, ემატება შეშუპება, რეკომენდებულია [დაავადება  სრულიად რომ შევაჩეროთ], მთავარი სარქვლის მოშორება, ანუ ხდება გადაგვარებული ვენის რეზექცია (ამოღება). ეს არის რადიკალური, ოპერაციული მკურნალობა, ეს არის საბოლოოდ განკურნება.

ოპერაცია ტარდება ორნაირად, ღია სახით და ვენის ლაზერული აბლაცია, რაც ნიშნავს ოპერაციას უსისხლოდ [ვენა მოიწვება შიგნიდან], მაგრამ ეს მაინც საწყის სტადიებშია კარგი; როდესაც გარედან გამოიბურცება ვენა, მაინც განაკვეთებია საჭირო, ამიტომ ამ შემთხვევებში ღია ოპერაცია კეთდება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საპრევენციო ღონისძიებები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რისკჯგუფშია პროფესიის ან სხვა მიზეზის გამო. ასეთ ზომას წარმოადგენს პირველი ხარისხის კომპრესიული წინდების ტარება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

  • რეაბილიტაციას რა დრო სჭირდება?

რეაბილიტაცია, ორივე შემთხვევაში, ოპერაცია ღია წესით ჩატარდება თუ დახურულით, არ არის რთული და ხანგრძლივი.

ღია წესით ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში პაციენტი 1 დღე ყოვნდება სტაციონარში, კეთდება სპინალური ანესთეზიის ქვეშ და ეწერება მეორე დღეს; 10-12 დღეში იხსნება ნაკერები. სრული რეაბილიტაცია დგება დაახლოებით ერთ თვეში. სრულ რეაბილიტაციაში იგულისხმება სილურჯეების გაქრობა, თორემ ნაკერების მოხსნიდან, ანუ 2 კვირაში, პაციენტი აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას.

ოპერაციის დახურული მეთოდით ჩატარებისას რეაბილიტაცია უფრო მარტივია, რადგან როდესაც გარეგანი ვენები არ არის გამოყრილი გარეთ, მთავარი ღერო მოიწვება, პაციენტი იმ დღესვე დგება საწოლიდან და აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას.

აჭარაში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებისთვის 1 პირია ბრალდებული – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარის რეგიონში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად, ჯამში მიიღო 431 916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.

გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316 653 ლარის გადახდას.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 160 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 740]
  • ტანკი – 3 484 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 6 789 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 2 519 ერთეული [+16]
  • MLRS – 495 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 260 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 304 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 120 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 367 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 256 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 401 თვითმფრინავი
  • 220 ვერტმფრენი
  • 3 418 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 412 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 293 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 057 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 350 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 924 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

„Перезвоню позже“ – მთელი დღეა ამ ავტომატურ SMS შეტყობინებას იღებს „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის დირექტორი მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძისგან.

ბათუმის ბულვარში 12 მარტს, გვიან ღამით, ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი, გარდაცვლილის ძმა, 3 წლის ბავშვი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დილის მონაცემებით მისი მდგომარეობა მძიმეა.

ბავშვის დაღუპვიდან 20 საათი გავიდა. ამ დრომდე არც ბათუმის მერია და არც ბათუმის ბულვარი არ პასუხობს კითხვებს, ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება?

კითხვები, რომლებზე პასუხსაც სახელმწიფო უწყებები არ სცემენ

  • ვის ეკუთვნოდა ატრაქციონი, რა ფორმით და რა პირობით იყო ბულვარში ტერიტორია მესაკუთრეზე გაცემული?
  • როდის დამონტაჟდა ეს ატრაქციონი?
  • უტარდებოდა თუ არა ტექნიკური დათვალიერება ატრაქციონს?
  • ბოლოს როდის ჩატარდა გასართობი ატრაქციონის ტექნიკური შემოწმება, ვინ ჩაატარა და რა დასკვნა დაიდო?

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„Перезвоню позже“ [მოგვიანებით დაგირეკავთ] – ამ ავტომატურ შეტყობინებას ვიღებდით მთელი დღის განმავლობაში ლაშა მიქელაძის ტელეფონიდან. მასთან დაკავშირება დღის განმავლობაში არაერთგზის ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. დღის ბოლოს ბულვარის დირექტორმა ტელეფონში მუდმივი დაკავების ფუნქციაც გააქტიურა.

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რამდენჯერმე დავურეკეთ სხვადასხვა ტელეფონიდან.

„ბათუმელებმა“ კითხვებზე პასუხის მიღება ბათუმის მერისგანაც სცადა.

ვის ეკისრება მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა და იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული? – ჟურნალისტებმა ეს კითხვა არჩილ ჩიქოვანს დაუსვეს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ. ვიზიარებ გარდაცვლილი, ახალგაზრდა ბავშვის გარდაცვალებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მეორე მცირეწლოვანს, რომელიც ტრავმებით მოხვდა საავადმყოფოში, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.

ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს რომ ხელი არ შეეშალოს, ამ ეტაპისათვის სხვა ინფორმაციის გაჟღერება არ შემიძლია. თუმცაღა დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს ობიექტურ მიზეზებს, თუ რის გამო მოხდა აღნიშნული ტრაგედია. შესაბამისად იქნება რეაგირება,“ – ამ ზოგადი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მსგავსი კომენტარით შემოიფარგლა ბათუმის მერი.

არჩილ ჩიქოვანმა არ უპასუხა კითხვებს, გასართობი ატრაქციონის ტექნიკურ შემოწმებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მერმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და ისე მოიქცა, თითქოს არ ესმოდა მისი მისამართით დასმული კითხვები.

რა ვიცით მომხდარ ფაქტზე ამ დროისთვის

შსს-ს ინფორმაციით,  12 მარტს, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი – 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.

ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს

27 წლის ბათუმელი თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ეს ცენტრი მოიცავს უნივერსიტეტს, ჰოსპიტალს და კვლევით ცენტრებს. „საოცნებო გარემოში“ მოხვედრის შემდეგ თამთა მეცნიერებითაც დაინტერესდა. აღფრთოვანებულია იმით, რომ ჩართულია კვლევაში, რომელიც მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს.

ერთი წელია, რაც თამთა ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მან ექიმის სალიცენზიო გამოცდები ჩააბარა, აშშ-ში სამუშაოდ დიპლომის აღიარება მიიღო, შემდეგ კი მუშაობის დასაწყებად აპლიკაცია შეავსო.

როგორც გვიყვება დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თამთამ ყოველთვის იცის, რა ხდება საქართველოში და ცდილობს, თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს.

თამთას ბოლო აქტივობა, რომელიც მისი, როგორც მოქალაქის პოზიციას გამოხატავდა, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოსვლა იყო. თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად ემიგრანტებმა აქცია – „არა რუსულ კანონს“ ნიუ იორკშიც გამართეს, რომელშიც თამთაც მონაწილეობდა.

თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტების აქციაზე

„სტუდენტობის პერიოდში რამდენჯერმე ვიმოგზაურე ევროპაში. მეც მქონდა საშუალება, მიმეღო დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომელიც ფინანსდებოდა ევროპიდან. ისინი ახალგაზრდებს აძლევდნენ საშუალებას, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მიეღოთ გამოცდილება, ხარჯების 80 პროცენტს ფარავდნენ. ჩამონათვალში იყო აზიის ქვეყნებიც, მაგრამ მე ევროპა ავირჩიე და იქ 2 თვის განმავლობაში, სხვადასხვა ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

„ძალიან ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გვქონდა შეხება, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ლექციები და ტრენინგები გვიტარდებოდა. დაფინანსების გარეშე ალბათ ვერც წავიდოდი. შანსი მომეცა, ბევრი ადამიანი გამეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან დღემდე მაქვს არამხოლოდ მეგობრული, არამედ საქმიანი ურთიერთობაც კი. იმდენი რაღაც მომცა ამ რამდენიმე თვემ…

და ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ კარგ საქმეს აკეთებენ, აგენტები უნდა დავუძახოთ? – მათ უკან ხომ უბრალო ადამიანები დგანან. ამ კარგ სარგებელს იღებენ სტუდენტები, ფერმერები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, ძალიან ბევრი“ – ამბობს თამთა. 

თამთამ საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, აშშ-ში სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის კი სტუდენტობაშივე დაიწყო მზადება:

„თავიდანვე გავაკეთე არჩევანი – რა მინდოდა, სად მინდოდა წასვლა და ამისთვის დავისახე გეგმა. როცა გავარკვიე, რომ ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა აკრედიტაცია, რომელიც მაძლევდა შესაძლებლობას ჩემი დიპლომი ეღიარებინათ და ამის შემდგომ მომცემდნენ უფლებას, რომ გამოცდაზე გავსულიყავი, დავიწყე მზადება.

ეს საკმაოდ რთული, მრავალეტაპიანი გამოცდაა და რამდენიმე წელი დავუთმე ამ გამოცდებისთვის მზადებას დამოუკიდებლად. იმდენად დიდი დრო და ენერგია წაიღო, რომ ძალიან ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა. ვგულისხმობ, მაგალითად, გაცვლით პროგრამებს. რამდენიმეზე ვიყავი, მაგრამ ბევრზე უარის თქმა მომიწია“.

უნივერსიტეტის დასრულებას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. თამთას გეგმებიც დროში გაიწელა: გამოცდები, გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტები… თუმცა თამთას უკან არ დაუხევია.

გამოცდების ჩასაბარებლად ჯერ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, ეს ქალაქი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, შემდეგ კი ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრიდან მიიღო თანხმობა.

თამთა გვიყვება, რომ აქ ის საოცნებო გარემოში მოხვდა. ამ გარემომ მას ახალი ინტერესები გაუჩინა, ახლა თამთას კლინიცისტობის პარალელურად უნდა მეცნიერებაში მოსინჯოს ძალები.

„აღმოვაჩინე, რომ გარდა იმისა, რისთვისაც ვემზადებოდი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იყო. მაგალითად, კლინიკური კვლევები, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი მიზნები კიდევ უფრო გაიზარდა, აღმოვაჩინე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ექიმი-მეცნიერი და არამხოლოდ კლინიცისტი, რომელსაც მხოლოდ პაციენტებთან ურთიერთობა ექნებოდა.

ამჯერად ვმუშაობთ კვლევებზე, რომლებიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ულტრათანამედროვე მედიცინაში. არც ვიფიქრებდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ ყველაფერში.

ამ პროექტის გარდა ვმუშაობთ კოვიდის შემდგომ ისეთ გართულებებზე, როგორიცაა: გულის მწვავე დაზიანება, თირკმლის მწვავე დაზიანება და ა.შ.“ – გვიყვება თამთა.

კითხვაზე, რატომ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამთამ გვიპასუხა, რომ ამის უმთავრესი მიზეზი კარგი განათლების მიღების შესაძლებლობაა:

„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო სისტემა, ისევე, როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფრო საბჭოთა სტილის იყო. მაღალი ხარისხის, დასავლურ განათლებას, სამწუხაროდ, ვერ მთავაზობდა ჩემი უნივერსიტეტი.

საქართველოში, როდესაც ამთავრებ უნივერსიტეტს, რეზიდენტურაზე უნდა ჩააბარო იმისთვის, რომ აიღო დამოუკიდებლად მუშაობის ლიცენზია და გახდე დამოუკიდებელი ექიმი. რეზიდენტურა არის სამწლიანი, ოთხწლიანი – გააჩნია, რა სპეციალობას ირჩევ, ყველა ქვეყანაში გაქვს ანაზღაურება, გარდა რუსეთის ან ბელარუსისა. ამერიკაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ანაზღაურება საკმაოდ კარგია, საქართველოში კი რეზიდენტურა არის ფასიანი. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ექიმები მუშაობენ, მორიგეობენ – რაც არ გიტოვებს შანსს, რომ პარალელურად სხვაგან იმუშაო და დაფარო ეს ხარჯები.

ბევრმა დატოვა ამის გამო საქართველო, თუმცა ძალიან ბევრი დარჩა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ახალგაზრდობის წლების შეწირვა“.

თამთა გვიყვება, რომ თავს შესვენების უფლება არ მისცა და ნიუ იორკში დაბინავებისთანავე დაიწყო სამსახურის ძებნა, მალევე აინშტაინის სამედიცინო ცენტრის აპლიკაცია შეავსო, საიდანაც მეორე დღესვე დაუკავშირდნენ:

„როგორც კი ჩამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რომ რამდენიმე დღეში დავიწყებდი სამსახურს. ყველას ეცინებოდა, მეუბნებოდნენ, რამდენიმე კვირა მაინც მიეცი საკუთარ თავსო, მაგრამ არა, მე აქ ჩამოვედი განათლების მისაღებად.

რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. სპეციალობა ჯერ არ მაქვს, იმიტომ, რომ რეზიდენტურა უნდა გავიარო, შინაგანი მედიცინა არის ჩემი სპეციალობა, ქართულად – თერაპია, მაგრამ საბოლოოდ კარდიოლოგობას ვაპირებ.

აქ ცოტა სხვა სისტემაა, ჯერ გადიხარ თერაპიის რეზიდენტურას, იღებ დამოუკიდებელი ექიმის ლიცენზიას და შემდგომ უკვე ირჩევ სპეციალობას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეცნიერება ისევე მაინტერესებს, როგორც კლინიცისტობა. შეიძლება PHD -ხარისხიც ავიღო მომავალში, ჯერ კიდევ სიახლეების აღმოჩენის პროცესში ვარ“ – ამბობს თამთა.

ცვლილება მასწავლებლის კარიერულ სქემაში – მინისტრის ბრძანება

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მასწავლებელს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდება არა მხოლოდ საგნობრივი გამოცდების ჩაბარება, არამედ საქმიანობის ანუ ე.წ პორტფოლიოს წარმოებაც.

ბრძანების მიხედვით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც გულისხმობს, პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას, ასევე, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა, იგივე პორტფოლიო, როგორც ბრძანებაში წერია, ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში eschool.emis.ge

პორტფოლიოს სტანდარტებს ამტკიცებს მასწავლებლის სახლი.

მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით. ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უფროს ან წამყვან მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია:

უფროსმა მასწავლებელმა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  1. პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას;
  2. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  1. პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას
  2. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას

უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.“

იმ მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელიც შეუძლია წარმოადგინოს იმ სკოლაში, სადაც ასწავლის.

თუ მასწავლებელი ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში, პორტფოლიო უნდა წარუდგინოს ორივე სკოლის დირექტორს.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოს დროულად არ წარადგენს სკოლის დირექტორი, მასწავლებელს უფლება აქვს, დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ფაქტიდან ერთი თვის ვადაში.

„საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ცვლილებები შეეხო სპეციალური მასწავლებლის წესსაც.

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი – მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული.
  • უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.“

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).“

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).“

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას

ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოც ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში

სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.

2023 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;

ბ) გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე).

მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“

ხულო-გოდერძის გზა დიაკონიძეებთან ჩაკეტილია

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებთან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ამ დროისთვის [18:00 სთ.] ჩაკეტილია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი მეწყერია.

ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც საცობშია, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იციან, როდის გაიხსნება გზა: „ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ გზას გაწმენდენ და მანქანებს გაატარებენ“.

ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადრე ჩამოწოლილი მეწყრის ადგილებზე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები, რის გამოც გზას გარკვეული დროით კეტავენ „ამჯერადაც [18:35 სთ.] გზა დროებით არის ჩაკეტილი გაწმენდითი სამუშაოების გამო და წუთი-წუთზე გახსნიან“.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ხულო, სოფელი დიაკონიძეები / მიმდინარეობს მეწყრისგან ჩაკეტილი გზის გაწმენდა / 13.03.2023


ხულოს სოფელ დიაკონიძეებში მეწყერი 6 მარტსაც ჩამოწვა.

მეწყერი ხულო-გოდერძის გზაზე ჩამოწვა დიდაჭარის კაშხალთანაც 9 მარტს [აქ ავტომობილებს გზის გაწმენდის პარალელურად ეტაპობრივად ატარებენ]:

დიდაჭარაში კაშხალთან მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ.

კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში.

შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია ქალებში. მისი ძირითადი სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საათობით ან დღეების განმავლობაში. ასევე, შაკიკს შეიძლება ახლდეს მომატებული მგრძნობელობა სინათლის ან ხმის მიმართ, გულისრევა, ღებინება ან მხედველობის დარღვევა.

უკვე არსებობს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები შაკიკის სამკურნალოდ, მათ შორის, რამდენიმე სახის ცხვირის სპრეი. „ზავზპრეტი“ პირველია ამ მედიკამენტებს შორის, რომელიც ბლოკავს თავის ტვინში გამოყოფილ იმ ცილას [კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდი – CGRP], რომელიც ხელს უწყობს ანთებით პროცესს. ამავე ცილას ბლოკავს შაკიკის საწინააღმდეგო რამდენიმე აბი, მაგრამ შაკიკის მქონე ბევრ ადამიანს შეტევის დროს აქვს გულისრევის შეგრძნება, რის გამოც მედიკამენტების ორალურ მიღებას ისინი თავს არიდებენ.

„პფაიზერი“: The Lancet Neurology-ში გამოქვეყნებულმა კვლევის მესამე ფაზამ აჩვენა, რომ „ზავზპრეტმა“ აჩვენა ფართო ეფექტურობა, მაგალითად, ისეთ შედეგებში, როგორიცაა 15 და 30-წუთიანი ტკივილის შემსუბუქება, ასევე, ადამიანი უბრუნდება ნორმალურად ფუნქციონირებას 30 წუთში. მედიკამენტმა ასევე აჩვენა ეფექტურობის ხანგრძლივობა (მაგალითად – 2-24 და 2-48 საათის განმავლობაში ტკივილის მდგრადი შემსუბუქება და გაქრობა).

“ზავზპრეტი” ასევე არის ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება ან სხვა ისეთი მდგომარეობა, რაც ხელს უშლის მათ, უსაფრთხოდ გამოიყენონ შაკიკის სამკურნალო სხვა სახის საშუალებები.

სპრეი „ზავზპრეტს“, რომელიც ივლისში გამოვა, „ორი მთავარი უპირატესობა აქვს ძველ ანტაგონისტებთან შედარებით: ის უსაფრთხოა გულ-სისხლძარღვთა რისკფაქტორების მქონე ადამიანებისთვის და მეორე, არ იწვევს წამლების გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეულ თავის ტკივილს“, – განმარტა კლივლენდის კლინიკის ფსიქიატრმა დოქტორ ემად ესტემალიკმა „როიტერსთან“ საუბრისას.

ბათუმში ხანძარია – ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში, ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი დაბალსართულიან სახლებს უკიდია.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლი.

ცეცხლი დაბალსართულიან სახლებს უკიდია

ინფორმაცია განახლდება. 

____________

ფოტოზე: სქრინი პირდაპირი ჩართვიდან

ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი – 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს.

სამინისტროს განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედური შემთხვევა წუხელ, 12 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები.

უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა

10 მარტს კიევში დაკრძალეს უკრაინის გმირი, დმიტრი კოციუბაილო, მეტსახელად „და ვინჩი“, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

დმიტრი კოციუბაილო

„და ვინჩისთან“ გამოსამშვიდობებლად კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა ოფიციალური პირები.

უკრაინელი მაღალჩინოსნები „და ვინჩის“ დაკრძალვაზე
ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

დაკრძალვაზე იმყოფებოდა ფინეთის პრეზიდენტი სანა მარინიც, რომელიც 10 მარტს ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული კიევში.

დმიტრი კოციუბაილო 2014 წლიდან იბრძოდა უკრაინის დასაცავად, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა თინეიჯერი იყო. იგი ომში მოხალისედ წავიდა და 18 წლის ასაკში მოხალისეთა ოცეულის, შემდეგ კი ასეულის მეთაური გახდა. 2014 წელს დონეცკის ოლქში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ფრონტზე დაბრუნდა.

მედიასთან იგი ამბობდა, რომ უნდოდა მხატვარი გამოსულიყო, სწორედ მის ამ ოცნებას უკავშირდება კოციუბაილოს საბრძოლო მეტსახელი – „და ვინჩი“.

8 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2022 წლამდე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, დმიტრი კოციუბაილო აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა. იგი ამბობდა, რომ სურდა სამოქალაქო ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ არ შეეძლო ეს, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებდა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას.

21 წლის ასაკში „და ვინჩი“ მისი ცნობილი ქვედანაყოფის,  „და ვინჩის მგლების“ მეთაური გახდა, რომელიც უკრაინელი მოხალისეების ბატალიონში შედიოდა.

2017 წელს „და ვინჩიმ“ მიიღო უკრაინის სახალხო გმირის ორდენი, 2021 წელს კი ის გახდა პირველი უკრაინელი მოხალისე, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო უკრაინის გმირის წოდება. მაშინ მას გმირის მედალი უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად გადასცა.

2021 წელი

უკრაინის გმირის წოდების მიღების შემდეგ მან თქვა, რომ ამ ჯილდოს აღიქვამს, როგორც  ჯილდოს, რომელიც ეკუთვნის ყველა მოხალისეს, რომელიც იცავს ქვეყანას.

„და ვინჩი“ არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო და არ მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მას მხოლოდ 2022 წელს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

დმიტრი კოციუბაილო 7 მარტს დაიღუპა ბახმუტთან, 27 წლის ასაკში.

მის დაკრძალვაზე უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ მუხლზე დაუჩოქა „და ვინჩის“ დედას.

ზალუჟნი უკრაინის გმირის დედის წინ.
უკრაინის მთავარსარდალი პირადად იცნობდა „და ვინჩის“.

„უკრაინის გმირი, მოხალისე, ადამიანი – სიმბოლო, ადამიანი – სიმამაცე. დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში, უკრაინისთვის ბრძოლაში. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირი. ერთ-ერთი მათგანი, რომლის პირადი ისტორია, ხასიათი, სიმამაცე სამუდამოდ იქცა უკრაინის ისტორიად“ – განაცხადა ზელენსკიმ დმიტრი კოციუბაილოს დაკრძალვის შემდეგ.

დაკრძალვის ცერემონია.
ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

________________

მომზადებულია უკრაინულ გამოცემა, hromadske-ზე დაყრდნობით.

Accor ჯგუფი თბილისში „იბისის“ ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

ბრენდ „იბისის“ 72-ნომრიანი სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს გაიხსნება.

სტუმარმასპინძლობის მსოფლიო ინდუსტრიის წამყვანმა ჯგუფებმა -ი Accor-მა და დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ბრნედ „იბისის“ (Ibis) კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელი მოვაწერეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „იბისის“ სახელით ახალი სასტუმროს მშენებლობას. სასტუმრო გაიხსნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი ადამიანის მასპინძელია. დარწმუნებულები ვართ, რომ აეროპორტის „იბისი“ ტურისტებისათვის, საქმიანი მიზნით მოგზაურებისთა თუ ტრანზიტული მგზავრებისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.

კომფორტული ონლაინრეგისტრაცია, მყუდრო გარემო და რაც მთავარია, მისაღები ფასები ხელსაყრელი შეთავაზებაა როგორც მოკლეხნიანი ვიზიტორებისთვის, ასევე ტრანზიტული მგზავრებისთვის“ – ამბობს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„იბისი“ განთავსდება ახალგანაშენიანებულ ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთით ფეხით სავალზე, რკინიგზისა და ავტობუსის გაჩერებების მახლობლად. სასტუმროს მოხერხებული მდებარეობა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომელთა განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.

ამასთან, საქართველო სახელგანთქმულია გამორჩეული კულინარიული ტრადიციებით. ეს კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რაც ასე იზიდავს გასტრონომიული შთაბეჭდილებების მოყვარულებს.

საქართველო ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ღვინის წარმოება 8000 წელს ითვლის.

2022 წელს National Geographic Travel-მა თბილისი შეიყვანა ახალ ტურისტულ გზამკვლევში „100 საუკეთესო ქალაქი, რომლებსაც უნდა ესტუმრო“.

სასტუმრო „იბისის“ მშენებლობაში მრავალი ჯილდოს მფლობელი ფრანგი არქიტექტორის ჩართულობა, „არტ სტუდიოს“ ადგილობრივ გუნდთან ერთად, მყარი გარანტიაა, რომ პროექტი განსაკუთრებული ხელწერით შესრულდება. „ეს იქნება პირველი ნაბიჯი ტერიტორიის ურბანული ტრანსფორმაციისათვის, რადგან იგი საფუძველს ჩაუყრის თბილისის აეროპორტის ტერიტორიის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს კლემო ბლანშე, ფრანგი არქიტექტორი.

სასტუმროში განთავსდება 72 კომფორტული ნომერი და იქნება „იბისის“ ბრენდის „Plaza“-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი.

საცხოვრებლის სტილის თემატიკის ეფექტს კიდევ უფრო გააძლიერებს ხისა და ლითონის მკვეთრი ელემენტები. თითოეულ ოთახში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული გარემო, მათ შორის: სამუშაო ადგილი, Sweet Bed საწოლი და რა თქმა უნდა, უფასო წვდომა უკაბელო ინტერნეტზე.

„იბისის“ ახალი სასტუმროს რესტორანში შესაძლებელი იქნება გვიან საუზმის სერვისის მიღებაც. ღია სივრცეში მოწყობილი ლობი და ცენტრალური ბარი სტუმრებს თავშეყრისა და განტვირთვის საშუალებას მისცემს.

სასტუმროში განთავსდება თანამედროვე ბიზნესცენტრი, შეხვედრების ოთახები და ქართული ღვინის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი შერჩეული კოლექცია საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლიან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს.

ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ შევქმნათ სრულიად ახალი სამოგზაურო და გასართობი ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. „იბისი“ იქნება პირველი ნაბიჯი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გეგმებისაკენ. პროექტის შემდგომი ეტაპი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 000 კვ. მ. ფართობის განაშენიანებას, რაც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის მარშრუტის მნიშვნელობის დაბრუნებას.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მუდმივი მხარდაჭერისა და დაფასებისათვის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელება“ – ამბობს Fujin Silk Properties-ის აღმასრულებელი დირექტორი.

###

Accor-ის შესახებ

სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი ჯგუფი Accor-ი  მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5300 უძრავ ქონებასა და 10 000 კვების ობიექტს აერთიანებს. ის ფლობს და ოპერირებას უწევს 40-ზე მეტ როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო და ბიუჯეტურ სეგმენტზე გათვლილ სასტუმროს ბრენდებს. ამასთან, Accor ჯგუფს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სრულად ინტეგრირებული სტუმარმასპინძლობის ეკოსისტემები.

ჯგუფის სასტუმროებში შედის გართობისა და ღამის ცხოვრების ობიექტები, რესტორნები და ბარები, ბრენდის ქვეშ მყოფი კერძო საცხოვრებლები და ასე შემდეგ.

Accor ჯგუფი უკონკურენტოა ე.წ. lifestyle სტუმარმასპინძლობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია და მას მართავს Ennismore-ის ერთობლივი საწარმო, სადაც Accor-ი აქციათა დიდი წილის მფლობელია. Ennismore არის კრეატიული კომპანია, სადაც გლობალურ დონეზე გაერთიანებულია სამეწარმეო და დამფუძნებლების მიერ შექმნილი ბრენდები.  Accor-ი ასევე გამორჩეულია სახასიათო ბრენდების უკონკურენტო პორტფელით და მსოფლიოს მასშტაბით 230 000 წევრისაგან შემდგარი გუნდით.  ჯგუფი ორიენტირებულია, რომ პოზიტიური ქმედებები განახორციელოს  ბიზნესეთიკის ამაღლების, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ტურიზმის, გარემოს მდგრადობის, საზოგადოების ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მიმართულებით.  კომპანია Accor SA 1967 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი საფრანგეთში მდებარეობს, ხოლო მისი აქციები განთავსებულია პარიზის საფონდო ბირჟაზე Euonext (ISIN code: FR0000120404) და აშშ-ში, OTC Market-ზე (Ticker: ACCYY). group.accor.com.

————-

Fujin Silk Properties-ის შესახებ

Fujin Silk Properties-ი არის დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარი მიმართულება სტუმარმასპინძლობის სფეროა. მის პორტფელში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

კომპანია ერთგვარი გადაკვეთის წერტილია, რომელიც აღმოსავლეთის ინვესტიციებს დასავლეთთან აკავშირებს. ევროპელი და ჩინელი ინვესტორების მოზიდვით მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის მასშტაბით, სტუმარმასპინძლობის ბაზრის განვითარებაში.

ამას გარდა კომპანიას გააჩნია უნიკალური გამოცდილება, კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარებაში, რაც მას დამსახურებულად სანდო და საიმედო საინვესტიციო პარტნიორის რეპუტაციას უქმნის.

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა

ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა გუშინ, 13 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დასაქმდი აეროპორტში – ბათუმში „ტავ ჯორჯიას“ დასაქმების ფორუმი გაიმართება

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, დასაქმების ფორუმზე ამჯერად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს.

ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 159 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 710]
  • ტანკი – 3 474 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 774 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 503 ერთეული [+16]
  • MLRS – 493 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 259 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 304 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 109 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 354 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 251 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 400 თვითმფრინავი
  • 220 ვერტმფრენი
  • 3 401 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 412 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 280 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 333 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 904 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სპეციალობების აკრედიტაცია ბსუ-ში

წელს ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია მიმდინარეობს.

რომელი სპეციალობებია წარდგენილი სააკრედიტაციოდ, რომელმა სპეციალობებმა გაიარა უკვე აკრედიტაცია, რომელი სპეციალობების აკრედიტაციის განხილვა მიმდინარეობს ჯერ კიდევ, რა შეიცვალა ამა თუ იმ საფეხურზე, სპეციალობაზე სწავლებაში? – ამის შესახებ ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თეონა ბერიძეს ვკითხეთ. ის ამ თანამდებობაზე ახლახან აირჩიეს.

თეონა ბერიძის ინფორმაციით, სულ სამი – ენების, ფილოლოგიის და ისტორია-არქეოლოგიის კლასტერი ჰქონდათ აკრედიტაციისთვის წარდგენილი.

„ენების კლასტერში  გაერთიანებული იყო 8 პროგრამა – გერმანული, რომანული, სლავური, ინგლისური ფილოლოგიისა და თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები. ასევე, ევროპული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თავისთავად ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ მოდულებად არის ჩაშლილი. თარგმანთმცოდნეობისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა და თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა“, – გვითხრა თეონა ბერიძემ.

მისი თქმით, ენების კლასტერმა სრულად გაიარა აკრედიტაცია და თითოეულ პროგრამას, 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, 7-წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა, თუმცა პროგრამებში შევიდა ცვლილებებიც.

„რუსული ფილოლოგიის მონაცვლედ წარვადგინეთ სლავური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა უფრო გაფართოვდა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და მხოლოდ რუსულ ენაზე კი არ კეთდება აქცენტი, არამედ, ზოგადად, სლავურ ფილოლოგიაზე. შესაბამისად, თითოეულ კურსდამთავრებულს ექნება რუსულ ენასთან ერთად, ასევე მისი არჩევანის შესაბამისად, ან უკრაინული, ან პოლონური ენის ფლობის კომპეტენცია.

ფრანგული ფილოლოგიის ნაცვლად წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რომანული ფილოლოგიის პროგრამამ, სადაც ასევე უფრო გაფართოვდა საგანმანათლებლო პროგრამის არეალი და ფრანგული ძირითადი ენის პარალელურად სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ აირჩიონ ან ესპანური, ან იტალიური ენა, რომლის ენობრივ კომპეტენციასაც მიიღებს.

გარდა ამისა, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში კიდევ ერთხელ გადაიხედა, როგორც სასწავლო გეგმა, სასწავლო კურსები, ასევე სასწავლო კურსების მოცულობა და მათი წილი სასწავლო გეგმაში. რიგ შემთხვევაში შეიცვალა კრედიტები, რიგ შემთხვევაში საათების რაოდენობა და ჩვენი ბოლო წლების გამოცდილების, აგრეთვე სტუდენტების ყოველსემესტრული გამოხმაურების, შრომის ბაზრის კვლევის, კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შესაბამისად მოხდა მოდიფიცირება.

რიგ შემთხვევაში, სასწავლო კურსის შესაძლოა გაიყოს 2 ნაწილად, რიგ შემთხვევაში გაერთიანდეს. მაგალითად, მე რადგან გერმანული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელიც ვარ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროგრამაში გერმანული ლიტერატურის ისტორია 4 სემესტრში ისწავლებოდა და ახლა, მასალების მოცულობიდან გამომდინარე, 5 სემესტრადაა გაყოფილი“, – ამბობს თეონა ბერიძე.

მისი თქმით, ყველა პროგრამაში გამრავალფეროვნდა არჩევითი კურსებიც. ენების კლასტერის შემთხვევაში დარგობრივ ენებს უფრო მეტი ყურადღება მიექცა და თუ კი ადრე ძირითადად ბიზნესის ენა ისწავლებოდა, ახლა ისწავლება მედიის ენა, სამართლის ენა, ტურიზმის ენა და ბიზნესის ენა.

„ბათუმელებმა“ თეონა ბერიძეს ჰკითხა პრობლემაზე, რაც სტუდენტებისგან ხშირად ისმის –  სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აფრთხილებენ, რომ არჩევით საგანზე სწავლის დასაწყებად საჭიროა სტუდენტების კონკრეტული რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში კი, ეს „საჭირო“ რაოდენობა ვერ გროვდება. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მოჩვენებითი არჩევითი საგნების რაოდენობის გაზრდა და რა გეგმა აქვს უნივერსიტეტს იმ სტუდენტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ირჩევენ ნაკლებად მოთხოვნად საგნებს.

„ვითვალისწინებთ შიდა რესურს, როგორც აკადემიურს, ასევე მატერიალურს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი მოქნილი იყოს სასწავლო გეგმა, შემოთავაზებული არჩევითი კურსების ფორმატი და შესაძლებლობა, რომ სტუდენტს დავუტოვოთ თავისუფალი არჩევანი.

რიგ შემთხვევებში არათანაბრად ხდება სტუდენტების გადანაწილება, თუმცა უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, შესაძლებლობების ფარგლებში არ შეუზღუდოს არჩევანის თავისუფლება და მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მოთხოვნები“, – ამბობს თეონა ბერიძე.

თეონა ბერიძის თქმით, ფილოლოგიის კლასტერი აერთიანებს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ლიტერატურათმცოდნეობას და ლინგვისტიკის მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. ისტორია-არქეოლოგიის კლასტერი კი სამივე საფეხურის პროგრამებს ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულებით.

ეს ორი კლასტერი ახლაც აკრედიტაციის პროცესშია – „პირველადი დადებითი დასკვნები მიღებული გვაქვს. გვწამს, რომ როდესაც საბჭო ჩაინიშნება, ესენიც სრულად გაივლიან აკრედიტაციას მომდევნო 7 წლით“.

თეონა ბერიძის თქმით, ყველა სხვა პროცედურა ამ 2 სააკრედიტაციო კლასტერებზე გავლილია და საბჭოს ჩანიშვნას მარტის შუა რიცხვებში ელიან.

დეკანის თქმით, ასევე გადახალისდა საგანმანათლებლო პროგრამები: რიგ შემთხვევაში დაზუსტდა და შეიცვალა კვალიფიკაციები, რიგ შემთხვევაში დარჩა როგორც საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე მისანიჭებელი კვალიფიკაცია, თუმცა შევიდა შინაარსობრივი და თემატური ცვლილებები. ცვლილება შეეხო სასწავლო კურსების სახელწოდებებს, კრედიტების მოცულობას და საათების რაოდენობას.

დეკანის განმარტებით, ძირითადი ცვლილება, რაც ყველა პროგრამას შეეხო, ისაა, რომ საბაკალავრო ნაშრომის დაწერა თითოეული სტუდენტისთვის სავალდებულო გახდა. აქამდე სტუდენტს შეეძლო ნაშრომის დაწერის ნაცვლად 10 კრედიტის მოცულობის არჩევითი საგნები გაევლო.

თეონა ბერიძის თქმით, თურქეთის მცოდნეობასა და თურქულის საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა პირველი მაისს ეწურება და ამ პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტები და მიღებული დიპლომი ვალიდური აღარ იქნება.

დეკანის თქმით, პროგრამის რეაკრედიტაციისთვის შეიმუშავეს თურქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გააერთიანებს თურქეთის მცოდნეობასა და თურქულ ფილოლოგიას.

„სახელი შეეცვალა – თურქეთის მცოდნეობა და თურქული ფილოლოგია გაერთიანდა. აკრედიტაცია გავიარეთ თურქოლოგიის სახელწოდებით. რუსული ფილოლოგიის ნაცვლად, აკრედიტაცია გაიარა სლავურმა ფილოლოგიამ, ფრანგულის ნაცვლად რომანულმა ფილოლოგიამ და ევროპეისტიკის სამაგისტრო პროგრამის ნაცვლად აკრედიტაცია გაიარა ევროპული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამამ“, – ამბობს თეონა ბერიძე.

აკრედიტაციას აღარ ექვემდებარება თარგმანთმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა. თეონა ბერიძის თქმით, ამ პროგრამის საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილებები საქართველოს მასშტაბით 2022 წლის აგვისტოში შევიდა, რომლის მიხედვითაც თარგმანთმცოდნეობის კვალიფიკაციას ვეღარ მიიღებენ ბაკალავრის სტუდენტები – პროგრამამ სამაგისტრო საფეხურზე გადაინაცვლა.

„[თარგმანთმცოდნეობის] სტუდენტებთან იყო უშუალო კომუნიკაცია. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების ნაწილი მობილობით გადავიდა სხვა პროგრამაზე. რაც შეეხება მეოთხეკურსელებს, მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდა და პირველ მაისამდე, ნაცვლად ივლისის თვისა, ისინი ასრულებენ საბაკალავრო პროგრამას. შესაბამისად, ძველი აკრედიტაციის პირობებში მიიღებენ კვალიფიკაციას და ბაკალავრის დიპლომს“, – განმარტა დეკანმა.

ხულოში ბაკო-ხიხანის გზაზე ბეტონს დააგებენ – რატომ გადაანაწილეს სამუშაო 180 დღეზე და 2 წელზე

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოში, ბაკო-ხიხანის გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

3 377 230 ლარით გამოცხადებულ ტენდერში, დეპარტამენტს შპს „ჯავახავტოგზა“ შესაბამის მომსახურებას 3 297 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 180 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა ის 6 ეტაპად განხორციელდება. აქედან ოთხი ეტაპი 2023 წელს, ხოლო დარჩენილი ორი ეტაპი – 2024 წელს. რატომ?

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მიმდინარე წელს შესაბამისი ფინანსების არარსებობის გამო, დეპარტამენტმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით ტენდერი მრავალწლიანი შესყიდვით გამოაცხადა, სამუშაოები კი, ფინანსებიდან გამომდინარე ეტაპებად დაყო.

„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 3 377 230 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს ფინანსური რესურსების მიხედვით დამტკიცებულია 2 502 550,16 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულებისათვის, აუცილებელია 2024 წელს დარჩენილი 874 679,84 ლარის ოდენობის სამუშაოების განხორციელება“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის უფროსის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში.

ტენდერის პირობის მიხედვით კი, „თითოეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს, 2023 წელს უნდა შესრულდეს 4 ეტაპი და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 2 502 550 ლარი; ხოლო 2024 წელს – დანარჩენი 2 ეტაპი და შესრულდეს ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ღირებულების დარჩენილი თანხის სამუშაოები.“

ამასთან, დეპარტამენტმა განსაზღვრა შემდეგი პირობაც: „მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები როგორც 2023 წელს, ასევე 2024 წელს დაიწყოს არაუგვიანეს 1-ლი ივნისისა“, თუმცა, იქვე მიუთითა, რომ იმავე წლებში „მიმწოდებელს შეუძლია, ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, სამუშაოები დაიწყოს 1-ელ ივნისამდე პერიოდშიც“.

ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

  • მიწის ვაკისი – მოსამზადებელი სამუშაოები, რკ/ბეტონის კიუვეტების ცხაურებით ჭების მოწყობა
  • ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი მილების მოწყობა, რკ/ბეტონის მილისა და სწორკუთხა მილის მოწყობა, გაბიონის კედლების მოწყობა
  • საგზაო სამოსი – საფუძვლის პროფილირება ქვიშა-ხრეშოვანი მასალის დამატებით, ქვესაგები ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით, საფარის მოწყობა არმირებული ც/ბეტონით
  • საგზაო სამოსის მოწყობა შესასვლელებზე
  • მისაყრელი გვერდულების მოწყობა, დამცავი ზღუდარის მოწყობა და გზის მონიშვნა

წითელი ხაზით აღნიშნულია ბაკო-ხიხანის გზის მონაკვეთი, სადაც ცემენტობეტონი უნდა დააგონ [ფოტო ტენდერიდან]
პროექტის განმარტებითი ბარათიდან:

  • „საკვლევ ტერიტორიაზე თანამედროვე საშიში გეოდინამიკური პროცესები არ აღინიშნება;
  • სეისმურობის მიხედვით რაიონი განეკუთვნება 9-ბალიან ზონას, ხოლო გრუნტების სეისმურობის მიხედვით IV ჯგუფს;
  • გზა ხასიათდება ხშირი მოხვევის კუთხეებით, რომელთა რადიუსები მიღებულია ადგილზე არსებული პირობების შესაბამისად და არ იცვლება;
  • საპროექტო მონაკვეთზე გზის გეგმიური მიმართულება უცვლელია;
  • სავალი ნაწილი ძირითადად ხრეშოვანი საფარია, გადარეცხილია და დაფარული ფერდობებიდან ჩამოცვენილი გრუნტებით, განივი და გრძივი პროფილები მთლიანად დარღვეულია;
  • მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის მარცხენა მხარეს გათვალიწინებულია ლითონის თვალამრიდის მოწყობა 712 გრძ/მეტრი…“

გზა, სადაც ცემენტობეტონის საფარი უნდა დააგონ, იწყება მდინარე ხიხანისწყალთან [სოფელ ბაკოში მისასვლელი გზიდან], მიდის სასაზღვრო პოსტთან, სადაც გზა უხვევს ხიხანის ციხისკენ და მთავრდება მდინარე ხიხანისწყალთან [გზა მონიშნულია წითელი მრუდით]
ამავე თემაზე:

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

 

ონლაინ კაზინოს მოწყობა 5 მილიონი ეღირება – ახალი კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებით ონლაინ თამაშობების მოწყობა ფასიანი იქნება. კერძოდ:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისთვის ბიუჯეტში გადასახადი წელიწადში 5 მილიონი ლარი იქნება;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის – წელიწადში 1 მილიონი ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის კი – წელიწადში 100 ათასი ლარი.

ახალი ცვლილება უშვებს გამონაკლისსაც:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისთვის, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე – გადასახადი წელიწადში 100 ათასი ლარი იქნება;
  • წელიწადში 100 ათასი ლარი იქნება გადასახადი ასევე ისეთი სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის, რომლის ნებართვაც გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე [დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს გადასახადები დაწესებული არ არის].

ახალი ცვლილებები, რომელიც აღნიშნულ გადასახადებს აწესებს, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი:

„აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინის მოწყობის ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით [ანუ, ონლაინ თამაშობების მოწყობის ნებართვისთვის ცალკე თანხას არ იხდის].

აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის დღეს ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

ამასთანავე, სამორინის მოწყობის ერთი ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით: „ვინაიდან აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა, აზარტული თამაშობების, მათ შორის სამორინეს თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება შესაძლებელია რეალურად მოწყობილი სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში.“

2024 წლის ივნისიდან კი, გადასახადს გადაიხდის ის, ვისაც ონლაინ კაზინო სამორინეს ნებართვის საფუძველზე ექნება მოწყობილი და ამასთან, ონლაინ კაზინოს მოწყობა შესაძლებელი იქნება ცალკე, რეალურად მოწყობილი სამორინეს ნებართვის გარეშეც, თუმცა, სანებართვო მოსაკრებელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაცილებით მეტი იქნება.

მოქმედი კანონმდებლობით, ცალკე გადასახადებია დადგენილი [არაელექტრონული] აზარტული და მომგებიანი თამაშობების [მათ შორის სამორინეს] მოწყობის ნებართვისთვის.

[toggle title=”ამ გადასახადების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:

  • წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი;
  • სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;
  • ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი;
  • ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

სამორინეს მოწყობა:

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარისა;

ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი;

  • აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით.

სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

[/toggle]

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა; მაღალ მთაში თოვლჭყაპი;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მეტრ წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 მარტს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დღეს ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სავალი ნაწილი შევიწროვდება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, საღამოს 10 საათიდან დილის 6 სააათამდე პერიოდში, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება.

გზა, ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო ზოლზე, დაახლოებით 1 კილომეტრ მანძილზე შევიწროვდება – მეჯინისწყლის ხიდიდან მახვილაურის გადასახვევამდე მონაკვეთში.

„დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია გაერთიანებული საწარმო POLATYOL & MAPA JV ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და გარე-განათების ქსელის კვების ალტერნატიული მილსადენის მშენებლობის მიზნით:

  • 2023 წლის 12 მარტის 22:00 სთ-დან, 13 მარტის 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომები.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

__________

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხშირად ისედაც შეფერხებულია.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის 13 ივნისს გააფორმა 19 399 999 ლარზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია კი, 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შევიდა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ხალვაშის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2023 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი დღეს / 12.03.2023

წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ვერც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა დროულად. ახალი გზა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი, მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 159 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 090]
  • ტანკი – 3 466 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 769 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 487 ერთეული [+4]
  • MLRS – 493 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 259 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 304 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 108 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 348 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 242 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 400 თვითმფრინავი
  • 220 ვერტმფრენი
  • 3 385 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 411 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 275 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 326 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 879 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ალბათ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები ბახმუტთან – ინტერვიუ

„27 წლის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მივატოვე, არც საქართველო დაუბრუნდება წარსულს“

გიორგი ბერიძე ერთი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის მოსკოვის ოლქში დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ დაბრუნების სურვილი პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩნდა.

„მაშინ 13 წლის ვიყავი და წამოსვლა ვერ მოვახერხე, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა ჩემში“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

რუსეთის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

„27 წელი ვიცხოვრე, მაგრამ რუსეთში ყოფნა აუტანელი იყო ჩემთვის. ომის შემდეგ კი მორალურადაც და სულიერადაც ძალიან ცუდად ვიყავი. ფინანსური პრობლემები არ მქონდა, მაგრამ იქ ვეღარ დავრჩებოდი.

რეპრესიების შესახებ კანონმა კიდევ უფრო ცუდად გამხადა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი პუტინის პოლიტიკას უჭერს მხარს და ეს ჩემთვის მიუღებელია.

ახლა, როცა საქართველოს მოვლენებს ვუყურებდი, ზუსტად ის პერიოდი წარმომიდგა თვალწინ, ზუსტად ასე ვითარდებოდა იქაც მოვლენები. მაშინაც იმას ამბობდა პუტინი, რომ აგენტების კანონი არ შეეხებოდა ყველას, მაგრამ რეალურად, არა მარტო მედიას შეეხო, აგენტების რეესტრში ძალიან ბევრი ფიზიკური პირი შეიყვანეს.

მახსოვს, ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები 2011-12 წლებში, ბალოტნაიაზე დაიწყო და მას შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა კანონი.

დღეს უკვე მხოლოდ იმიტომ კი არ მოხვდები აგენტების რეესტრში, რომ ვინმე შეიძლება უცხოეთიდან გაფინანსებდეს, უბრალოდ შენი პოზიციის გამო – შეიძლება რაღაც თქვა, აზრი გამოხატო და ამის გამო შეგიყვანონ რეესტრში.

თუ უკრაინას უჭერ მხარს მაშინაც, თუ ვინმეს დაეხმარები ფინანსურად, მაშინ სახელმწიფოს მოღალატედ გამოგაცხადებენ“, – გვეუბნება გიორგი.

ის გვიყვება მეგობრებსა და ახლობლებზე, ვისთან ერთადაც არაერთხელ გასულა საპროტესტო აქციაზე. „მახსოვს როგორც გვარბევდნენ, გვცემდნენ, ვისაც აკავებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ. თავზე პოლიეთილენის პარკებს აცმევდნენ და ასე აწამებდნენ.

ასეთ სურათებს თითქმის ყოველდღე ხედავდნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები. საბედნიეროდ, მე არ დავუკავებივარ პოლიციას. შემდეგ აქციებზეც აღარ გავდიოდით.

ამიტომ ის კანონი, რომლის მიღებასაც აპირებდა საქართველოს ხელისუფლება, ზუსტად რუსული კანონი იყო, იქ დაწერილი და არანაირი შეხება არ აქვს ამერიკულთან. ამიტომ გამწარდნენ ასე რუსეთში“, – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, 2000-2003 წლებში, თითქოს დაიწყო განვითარებისკენ მსვლელობა, თუმცა წლების გასვლასთან ერთად რეჟიმი ძლიერდებოდა, საბოლოოდ კი აგენტების შესახებ კანონმა მთლიანად გააქრო სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.

„ადამიანები აიძულეს სახელმწიფოსთვის „მიეყიდა“ ბიზნესები კაპიკებად. იგივე „იანდექსი“, რომელიც ადრე იყო კერძო პირის, სახელმწიფომ მიისაკუთრა, სოცქსელი „ვკონტაქტე“ წაართვეს კერძო პირს, ოლეგ ტინკოვს ონლაიბნაკი წაართვეს და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს მისცეს.

ის ადამიანებიც კი, ვისაც უცხოეთიდან ეხმარებოდნენ ნათესავები, აგენტების რეესტრში შეიყვანეს. ასე, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს დღეს ამ რეესტრში, თუკი რაიმეს იტყვი ან დაწერ მათი პოლიტიკის წინააღმდეგ“, – გვეუბნება გიორგი ბერიძე.

რუსეთში ცხოვრების დროს, როგორც გიორგი ამბობს, რამდენიმე კერძო კომპანიაში მუშაობდა იურისტად, ახლა კი კვიპროსში დაფუძნებულ ინგლისურ სკოლაში მენეჯერად მუშაობს, ოღონდ ონლაინ.

„ამდენი წელი ვიცხოვრე რუსეთში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ იქ არასდროს დავბრუნდები. არც საქართველო უნდა დაბრუნდეს რუსეთში, არასოდეს. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, რადგან რუსეთში არანაირი განვითარება არ არის.

ალბათ ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, მაგრამ დღევანდელი რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი, ის საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდი ვერსიაა.

მე როგორც არ მიყვარდა საბჭოთა კავშირი, ისევე არ მიყვარს დღევანდელი რუსეთიც.

მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის გარდა, არანაირი წინსვლა არ არის სხვა ქალაქებში. არც ინფრასტრუქტურა ვითარდება, არც სოციალური პროგრამებია, არც თანამედროვე ტექნოლოგიები. საბჭოთა კავშირის დროს კოსმოსში მაინც ჰქონდათ რაღაც განვითარება, ახლა მანქანებსაც კი აღარ აწარმოებენ.

ვორონეჟში, ვოლგოგრადში ან სხვა რომელიმე ქალაქში თუ ცხოვრობ, რომელიც არ არის ფედერალური მნიშვნელობის, ეს ნიშნავს, რომ იცხოვრებ სიღარიბეში. თუ სამუშაოს იპოვი, ისიც დაბალანაზღაურებადია, კომუნალურებსაც კი ვერ გადაიხდი და ესეც მაშინ, თუ უმაღლესი განათლება გაქვს“, – გვეუბნება გიორგი.

გიორგის ახლა ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მაგრამ როგორც გვეუბნება, მალე მოქალაქეობასაც მიატოვებს და ამით სამუდამოდ დაემშვიდობება პუტინის რუსეთს.

თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენ ინტერესებს – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, ლინდა ცინცაძე ფარმაციის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ“ შემაშფოთებელი იყო.

ლინდას ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბსუ-ს არაერთ ლექტორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს გაუჭირდა აზრის გამოთქმა რუსულ კანონზე.

მიიჩნევს, რომ 8 მარტს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ისედაც დაგვიანებული ფეისბუქპოსტიც, რომელშიც არ ჩანს პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტობის“ კანონპროექტზე.

ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ფეისბუქპოსტი. 8 მარტი, საღამო: „ევროპა ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და წარმატებული მომავალია! უკვე 1000-მდე სტუდენტი გვყავს, რომლებმაც Erasmus+ და ევროკავშირის სხვა პროექტების ფარგლებში აკადემიური სემესტრი და სასწავლო პრაქტიკა ევროპის უნივერსიტეტებში და სხვა ინსტიტუციებში გაიარეს!”

„ვერ ვიტყვი, რომ რექტორის პოზიცია კონკრეტულია, რადგან ის არ ახსენებს უშუალოდ რასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას. კი, ვისწრაფვით ევროპისკენ, მაგრამ რასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საკმაოდ ორაზროვანი საკითხია. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კონკრეტიკა გამოეჩინა რექტორს“, – ამბობს ლინდა.

ლინდას არც ის გამორჩენია, თუ როგორ იქცეოდა რუსულ კანონთან დაკავშირებით ბსუ-ს თვითმმართველობა. ამბობს, რომ მისი საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში, უნივერსიტეტის თვითმმართველობა, არც ერთხელ არ წარმოადგენდა სტუდენტების ხმას.

„ამ მოვლენების მიმართაც, როგორც ყოველთვის, თვითმმართველობამ დუმილი არჩია. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის.

თვითმმართველობა უნივერსიტეტის სახეა, რომელიც, პირველ რიგში, აპოლიტიკური უნდა იყოს და არ ატარებდეს მმართველი პარტიის ინტერესებს. თვითმმართველობის ინტერესები, სტუდენტების ინტერესებთან თანხვედრაში არ არის“, – ამბობს ლინდა.

სტუდენტის თქმით, თუ ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე და წევრები, რაღაც მიზეზებით საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებდნენ, შეეძლოთ სხვა ფორმით ჰქონოდათ სტუდენტებთან ურთიერთობა. სტუდენტის თქმით, „ეს არ მომხდარა, რაც საკმაოდ შემაძრწუნებელი და სამწუხაროა ჩვენთვის“.

„ყველას არ ვიცნობ [თვითმმართველობაში] და ვერ ვიტყვი, რომ არავინ იყო მათგან აქციებზე, თუმცა არც ერთხელ არ გაჟღერებულა, რომ თვითმმართველობის რომელიმე წარმომადგენელი შემოგვიერთდა და თავისი ხედვა დააფიქსირა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მიუხედავად ამის, ფეისბუქპოსტების საშუალებით, ჩვენ კარგად ვხედავთ რა პოზიციაც აქვთ. მე მოვუწოდებ თვითმმართველობას – თუ ჩვენი, სტუდენტების მხარეს არ არიან, იქნებ ასეთი საჯარო განცხადებებისგან საერთოდ შეიკავონ თავი“, – გვეუბნება ლინდა ცინცაძე.

ამავე თემაზე:

„ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს“ – ილიაუნის რექტორი

კობახიძის დაღმასვლა – დიუსელდორფიდან ლგბტქ თემის ანტიპროპაგანდამდე

საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგად, რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იმ ჯგუფების ლექსიკით ალაპარაკდა, რომლებიც წლებია, „ეკლესიის“ და „ეროვნული ღირებულებების“ დაცვის სახელით, ღიად თუ შეფარულად ძალადობენ და ეწევიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში.

კობახიძემ, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც მათ რუსული კანონის გაწვევა მოსთხოვა, „ეკლესიის მტრებად“ და ლგბტქ საზოგადოების პროპაგანდისტებად მოიხსენია. რის მიღწევის  ცდილობს კობახიძე ამით და რას მიაღწევს თავად „ოცნება“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ლონდონში მუშაობს.

  • ბატონო დავით, რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ, სხდომიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ ახსენა ორი ტერმინი, – „ეკლესიის გინება“ და „ლგბტ პროპაგანდა“.  ვიცით, რომ ამ ლექსიკით პრორუსული დაჯგუფებები საუბრობენ საქართველოში. თქვენი აზრით, კობახიძის და „ქართული ოცნების“ როგორ მდგომარეობაზე მეტყველებს ეს?

ყველამ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული იდეის მომხრეა. ბუნებრივია, საზოგადოების ამ ნაწილში ის ადამიანებიც მოიაზრებიან, ვისაც უნდა ევროკავშირი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ აქვს რაციონალურად გააზრებული, რას ნიშნავს ევროპულ სახელმწიფოდ ყოფნა.

ევროპულმა იდეამ ყველა ეს ჯგუფები გააერთიანა რუსული კანონის წინააღმდეგ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ გადაწყვიტა გამოიყენოს საზოგადოების დაყოფის პოლიტიკა და იმუშაოს იმ ჯგუფებზე, ვისაც შესაძლოა უნდა ევროკავშირში ყოფნა, მაგრამ არ აქვს უმცირესობების მიმღებლობა ბოლომდე.

ასევე, თუ ადამიანი საპატრიარქოსთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან აიგივებს თავის იდენტობას, მაგრამ მაინც მომხრეა ევროკავშირის, „ოცნება“ შეეცდება ამ ხალხთან იმუშაოს და დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი „ეკლესიის მაგინებლებს“ უნდათ და ეს წაშლის მათ იდენტობას.

ირაკლი კობახიძის რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ უნდათ ევროკავშირის მომხრე 80 პროცენტი დაშალონ მარტივ მამრავლებად. ჯერ კიდევ არსებობს თემები, რომლის გამოყენებასაც ცდილობს „ოცნება“ მოწინააღმდეგე ჯგუფების გასაშავებლად – ეს თემებია ლგბტ თემი და ე.წ „ეკლესიის მტრები“.

ამიტომ, კობახიძე ფიქრობს, რომ ისვრის ასეთ ფრაზებს და ეს მეთოდი დაიწყებს მუშაობას.

ასეთივე თემაა სააკაშვილის საკითხიც ხომ, რადგან ყველას არ აქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ ასეთი თემას შემოაგდებენ, რომელზეც ვთქვათ ორი ადამიანი ვერ თანხმდება, მეტი შანსი აქვთ, რომ ეს ორი ადამიანი საერთო მიზანს ჩამოაშორონ.

  • დღემდე ეს ფუნქცია ჰქონდა სხვა პრორუსულ დაჯგუფებას, პარტიებს. რადგან ახლა კობახიძემ დაიწყო ამ ლექსიკით საუბარი, ეს არის კობახიძის შავი დღე, როგორც პოლიტიკოსის, თუ რაიმე შედეგს მიაღწევს?

ეს არის კობახიძის დაღმასვლა, კი. დიუსელდორფის უნივერსიტეტიდან ლგბტქ თემის ანტიპროპაგანდამდე დაშვება, ეს არის კრიზისი. როგორც ჩანს, არც ხარისხიანი განათლება არ არის ადამიანური ფაქტორების განმსაზღვრელი ბოლომდე.

რაც არ უნდა განათლება გქონდეს ადამიანს, თუ ღირებულებითი ნაწილი აცდენილია, ვერაფერს ვეღარ უშველი. ნორმალურ ქვეყანაში ამ პოლიტიკოსების დასასრული წლების წინ დადგებოდა.

როცა ადამიანი საყდრისს ააფეთქებს, წესით ეს უნდა ყოფილიყო უკვე რაღაცის დასასრულის დასაწყისი.

დღეს ვხედავთ, რომ კობახიძე ირჩევს ტაქტიკას, რომელსაც კომუნისტები და ფაშისტები მისდევდნენ. გამოიყენოს უმცირესობების თემა და ასე დაყოს საზოგადოება. რამდენიმე წელი გასტანეს ასეთმა რეჟიმებმა, მაგრამ დემოკრატიულმა სამყარომ მაინც გაიმარჯვა ბოლოს ხომ. მართალია „ოცნება“ ისევ მთავრობაშია, მაგრამ რეალურად, კობახიძე მკვდარი პარტიის მკვდარი პოლიტიკოსია.

ისიც კარგად ვიცით, რომ „ხალხის ძალა“ და „ოცნება“ ერთი დრაკონის ორი თავია. ახლა „ოცნება“ ცდილობს ეს მარცხი მათ მიაწეროს და თავად დაიწყოს მოქმედება.

  • ვხედავთ, რომ „ეკლესიის მაგინებლები“ და „ლგბტ პროპაგანდისტების“ თემა მაინცა და მაინც ვეღარ მუშაობს, არ ამართლებს ბოლომდე ეს რიტორიკა. რისი იმედი აქვს ამჯერად კობახიძეს?

რისი იმედი ჰქონდათ, როცა ზურაბიშვილის არჩევნებზე კობახიძის და ივანიშვილის ფოტოები მიაწებეს საარჩევნო პლაკატებს? ცალკე საკითხია რეალურად რამდენი ავტორიტეტი აქვთ, მაგრამ ხომ ჰგონიათ, რომ მათი ავტორიტეტი იმუშავებდა. დაახლოებით ასეთი ტაქტიკაა.

არა მგონია, რომ პოლიტიკოსი, სამართლის დოქტორი, ვერ ხვდებოდეს, რომ საერთოდ არაფერ შუაშია ლგბტქ პროპაგანდა ევროკავშირის თემასთან და ყველამ, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს დასავლურ უნივერსიტეტებთან იციან, რომ ლგბტ ვერ გახდები ვერანაირი პროპაგანდით თუ არ ხარ დაბადებით ასეთი, მაგრამ კობახიძე მაინც ცდილობს ამ ფაქტორის გამოყენებას.

ცდილობს ის მცირე ნაწილი მაინც შეკრას მათ სასარგებლოდ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ეს საკითხი ბოლომდე გააზრებული.

აქამდე ცდილობდნენ, რომ ამ ნაწილს „ხალხის ძალას“ მეშვეობით წაიღებდნენ და მეორე ნაწილი, ვისაც ჯერ კიდევ ეგონა, რომ „ოცნება“ პროევროპული იყო, მათ მისცემდა ხმას, საბოლოოდ კი კოალიციას შეკრავდნენ პარლამენტში, მაგრამ ახლა ცდილობენ არ დაკარგონ ის ნაწილიც, რომელიც ჯერ კიდევ თავის იდენტობას აიგივებს საპატრიარქოსთან და არ აქვს ლგბტქ თემის მიმღებლობა.

რა თქმა უნდა, ეს არის ყველა წარმავალი პოლიტიკური პარტიის და ყველა წარმავალი პოლიტიკოსის ნიშანი, რადგან არაერთი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ამის მსოფლიოში.

ვიქტორ ორბანიც ასეთი რიტორიკით საუბრობდა უნგრეთში და ვხედავთ, რომ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევა ბოლო პერიოდში ეს ქვეყანა. როცა ჩნდება ეკონომიკური პრობლემები ან სხვა კრიზისები, მაშინ ცდილობენ პოლიტიკოსები სენსიტიური თემებით ამ პრობლემების გადაფარვას. იგივეს ცდილობს კობახიძეც.

მართალია, რუსული კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ შეეცდებიან პატარ-პატარა რუსული კანონების შემოპარებას, ისევე როგორც მოხდა რუსეთში, როცა ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს კანონით, აქაც ჰქონდათ ხომ საუბარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე. ასეთი მეთოდებით შეეცდებიან რუსული საქმის გაკეთებას. ამისთვის სჭირდებათ ეს რიტორიკა.

განვითარებულ ქვეყნებში ეს არ ამართლებს, იქ პირიქით ხდება, უმცირესობების ლანძღვით ვერავის მოემატება რეიტინგი, პირიქითაა.

ალბათ კობახიძეც ფიქრობს, რომ თუ ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ შემოიღებენ კანონს, ამის წინააღმდეგ ნაკლები ადამიანი გამოვა, თუ საპატრიარქოს სასარგებლოდ რაიმე კანონს შემოიღებენ, არც ამის წინააღმდეგ გამოვა ბევრი და ასე შემდეგ. უნდათ, რომ მცირე ჯგუფებს დაარტყან.

  • ერთი კვირაა გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, რომ „ოცნება“ მოღალატეა და მუშაობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რამდენად რეალურია, რომ მოღალატის იმიჯით კობახიძემ ამ ერთიანობის დარღვევა მაინც მოახერხოს?

სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ასე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებშიც, რომ შესაძლოა არ ეთანხმებოდე რაღაც გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ რაღაც არის შენი იდენტობის ნაწილი, მაინც უჭერ მხარს.

კობახიძეც ასე ფიქრობს ალბათ, რომ შეუძლია „ეკლესიის მტრების“ და ლგბტ თემის დისკრედიტაციით გადაფაროს ღალატის ამბავი. იმუშავებს თუ არა, ეს ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

ეს ადამიანები მართლა მივლენ ხალხთან და დაუწყებენ ამ ტყუილების გავრცელებას, ამიტომ უნდა ვუთხრათ მათ სიმართლე.

ქვეყნის მტერი ის კი არ არის, ვინც საპატრიარქოს აკრიტიკებს, არამედ ის არის ქვეყნის მტერი, ვინც რუსულ კანონს მოაწერა ხელი. ქვეყნის მტრობის საკუთარი ვერსიის შემოთავაზებას ცდილობს „ოცნება“, სადაც მათი განმარტებით, ქვეყნის მტერი არის ის, ვინც „ქართული ტრადიციების“ მტერია და ქართული ტრადიციების მტრად უნდა წარმოაჩინოს ლგბტქ თემი და „ანტიეკლესიური“ ადამიანები.

რეალურად, მტერია ის, ვინც ამდენი დახვრეტილი, ომში დაღუპული, რეპრესირებული ადამიანების ხსოვნას არ მიაგებს პატივს და პირდაპირ გვექაჩება რუსეთისკენ.

ეს კითხვები უნდა დავუსვათ ამ ადამიანებს, რომ მაშინ რისთვის კვდებოდნენ ქართველები, იმისთვის, რომ რუსეთის დაქვემდებარებაში ვიყოთ ისევ და იმისთვის, რომ ვიღაც მოვიდეს და რუსების გამო ანტიეკლესიურობაში დაგვდოს ბრალი?

წელიწად-ნახევარია არჩევნებამდე დარჩენილი და ალბათ კობახიძე, „ოცნება“ შეეცდება როგორმე ჩამოიშოროს მოღალატის იარლიყი, რადგან ეს იარლიყი ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი მისცემს მათ ხმას. ახლა უნდათ საზოგადოება დააჯერონ, რომ ეს ასე არ იყო, რომ თურმე ისინიც მიდიან ევროპისკენ, რომ ისინი არიან ტრადიციულებიც ამასთან ერთად და ასე შემდეგ.

მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ „ოცნება“ მხოლოდ რუსეთის მიმართულებით არის პროაქტიული და, შესაბამისად, მორიგი სტრატეგიაც ტყუილი იქნება.

ბათუმში კაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცივი იარაღით ერთ-ერთი ბარიდან გამოსვლის შემდეგ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, შელაპარაკება ორ კაცს შორის მოხდა, ერთ-ერთმა კი ცივი იარაღით დაჭრა მეორე, რის შემდეგაც აღნიშნული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

შემთხვევა წუხელ, 10 მარტს მოხდა საღამოს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ომში რუსეთის არმიის დანაკარგი სულ არის 158 000 სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 158 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 010]
  • ტანკი – 3 458 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 6 762 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 2 483 ერთეული [+8]
  • MLRS – 493 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 257 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 304 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 108 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 344 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 242 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 400 თვითმფრინავი
  • 218 ვერტმფრენი
  • 3 384 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 411 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 264 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 321 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 857 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ალბათ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები ბახმუტთან – ინტერვიუ

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი.

ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“.

7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის მუხლებით სულ 133 პირი დააკავა. დაკავებულები წუხელ გაათავისუფლეს, თუმცა ზოგიერთი მათგანის სასამართლო განხილვა არც კი შემდგარა.

საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე ამბობს, რომ აქციაზე დაკავებული სამივე პირი, ვისაც თავად იცავდა, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამრღვევად ცნო.

„არ გამიგია, რომელიმე სხვა დაკავებულის მიმართაც შეწყვეტილიყო საქმისწარმოება,“ – ამბობს საიას იურისტი.

„7 მარტს ღამით, როცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, 01:30 საათზე ვიყავი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან. დავინახე, რომ ქუჩაში წაქცეულ ადამიანს ურტყამდნენ პოლიციელები,“ – გვიყვება გიორგი მექვაბიშვილი. – „ერთი პოლიციელი ხელკეტს ურტყამდა კაცს, მეორე წიხლით სცემდა. რატო სცემთ, რატო? – ჩემი ეს შეკითხვა ვიდეოშიც ისმის, რომლის გადაღებაც მოვასწარი.

პოლიციელებმა მისაყვედურეს, ვიდეოს რატომ იღებო, შენს გარდა ასი ჟურნალისტია აქო. ეს მითხრეს მხოლოდ და მეც დამაკავეს, ტელეფონი გამორთეს, მე წინააღმდეგობას არ ვუწევდი…

სასამართლოში თქვეს, რომ თითქოს მე ქუჩის სავალ ნაწილს არ ვათავისუფლებდი მაშინ, როცა ამის შესახებ იყო საჯარო გაფრთხილება. პოლიციელებს არ ჰქონდათ ჩართული სამხრე კამერები.

სასამართლომდე, რომელიც წუხელ გვიან ღამით შედგა, გამაჩერეს იზოლატორში და მანამდე კიდევ დიღომში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციელი ვაჟა ჯანქაიძე დიდხანს ავსებდა ჩემი დაკავების ოქმს. ის ვერ ხვდებოდა, რა ჩაეწერა ოქმში, თითს აყოლებდა ჩანაწერს და სხვას ეკითხებოდა. მერე ვიღაც კაცი შემოვიდა, ხუთი ვარსკვლავი ჰქონდა გაკრული მხარზე და ის კარნახობდა.

პოლიციელები, მგონი, ვერც იმას მიხვდნენ, რომ მე ვიდეოს შენახვა მოვასწარი.

მოსამართლემ საერთოდ არაფერი განმარტა, ისე დამაჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ,“ – ამბობს გიორგი მექვაბიშვილი.

მოქალაქის თქმით, მოსამართლემ ვიდეო ჩანაწერი ნახა, მაგრამ სამართალდამრღვევად მაინც ის მიიჩნია.

საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძის თქმით, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს სასამართლო სხდომაზე არ გაუჟღერებია, რა მიიჩნია სამართალდარღვევად და რატომ, როცა პოლიციელებს ინდივიდუალურად არ გაუფრთხილებიათ გიორგი სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე, ხოლო საჯარო მოწოდების გაუთვალისწინებლობა პირდაპირ აქციის მონაწილის დაკავების საფუძველი ვერ იქნება.

სასამართლოს მსჯელობის საგანია ასევე, რამდენად კანონიერი იყო აუდიოჩანაწერის ჩართვა აქციაზე, რასაც შსს პერიოდულად აკეთებდა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ამის უფლება შსს-ს არ ჰქონდა და ეს იყო უკანონო მოთხოვნა.

„გიორგის გარდა სასამართლომ ასევე 2000 ლარით 44 წლის აქტივისტი იმიტომ დააჯარიმა, რომ პატრულ-ინსპექტორმა თქვა, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებითო. 22 წლის სტუდენტი კი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს უწყვეტი ვიდეო მტკიცებულება მივუტანეთ, დაკავებამდე როგორ მშვიდად გამოხატავდა [სტუდენტი] პროტესტს. თუმცა სასამართლომ საბოლოოდ განმარტა, რომ რამდენიმე წამით შეწყდა კადრი და, პოლიციელის ჩვენების მიხედვით, სწორედ მაშინ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგსო,“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ.
აქციის დარბევის შემდეგ, შსს-ს მაღალჩინოსნების და პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა ბრალდებული ჯერ არავინაა. სამაგიეროდ, ერთი პირია უკვე დაკავებული სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

ალბათ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები ბახმუტთან – ინტერვიუ

„რუსები უნდა ელოდონ უკრაინელების კონტრშეტევას,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაახლოებით ერთ კვირაში ელოდება დაპირისპირების ახალ ტალღას ბახმუტთან, სადაც უკრაინამ შესაძლოა ახალ დარტყმით დაჯგუფებას მოუყაროს თავი.

ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას დასავლეთიდან შესაბამისი სამხედრო ტექნიკა ჯერ არ მიუღია. ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთი დასუსტებულია და ამას აჩვენებს ისიც, რომ ბახმუტის აღება 8 თვეა უჭირს. გადამდგარი გენერალი ელის, რომ რუსეთი სარაკეტო თავდასხმებით ისევ ეცდება უკრაინის პოზიციების შეცვლას.

„…საპასუხოდ უკრაინელებმაც დაარტყეს ჰაიმარსიდან მარიუპოლის აეროდრომს. ვფიქრობ, კიდევ იქნება დარტყმა რუსების მხრიდან, ასეთი წინათგრძნობა მაქვს, ვინაიდან ხომალდები არ დაბრუნებულან უკან, სევასტოპოლში,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

ვახტანგ კაპანაძე მოხიბლული ჩანს მარტივი, მუყაოს დრონებით, რომელიც ავსტრალიელებს გაუგზავნიათ უკრაინელებისთვის, უკრაინელ ხელოსნებს კი, იაფად დარტყმითი დრონები შეუქმნიათ.

„სადღაც 60-დან 80 კილომეტრამდე ფრენის რადიუსი აქვს. ეს პიცის ზომის ყუთებია, ადვილად ასაწყობია და ავსტრალიელები იყენებდნენ მიუწვდომელ ადგილებში მცირე ზომის ტვირთის გადატანისთვის,“ – განმარტავს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ამჯერად ბახმუტთან? 

მთავარია ის, რომ უკრაინამ გადაწყვიტა დაჯგუფების შექმნა, რომ ბახმუტისთვის ბოლომდე იბრძოლოს, სამხრეთიდან გადაისროლეს დამატებითი ძალები ბახმუტისკენ. ეს ძალები ჯერჯერობით არ არიან ჩაბმული ამ ბრძოლაში, თუმცა დიდი საბრძოლო დაპირისპირება მზადდება. ალბათ ამ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები.

რაღაც ნაწილი გამოიყვანა უკრაინამ ბახმუტიდან, ეს შესაძლოა იყოს როტაცია. მცირე დანაყოფებია იქ დარჩენილი… უკრაინელებმა აღადგინეს ის ხიდი, რომელიც რუსებმა ააფეთქეს და ერთადერთი გზა არის ბახმუტში შესასვლელად.

„ვაგნერის“ შემადგენლობამ ფაქტობრივად აღმოსავლეთ ბახმუტი დაიკავა, ანუ მდინარის ერთი მხარე მთლიანად, გარკვეული წარმატებები აქვთ ასევე რუსებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. რუსებს აქვთ აქტიური მცდელობა, როგორმე ალყაში მოაქციონ ბახმუტი, თუმცა ეგ არ ნიშნავს აღებას. კარგად გვახსოვს მარიუპოლი – რამდენი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ რუსებს სრულად ალყაში მყოფი მებრძოლები, აქ კი, სრულად ალყის შენარჩუნება რთული იქნება.

ბახმუტში რუსებმა ორი სარტყელი უნდა გააკეთონ – შიდა და გარე, რადგან ალყის გარეთაც არიან უკრაინული დანაყოფები.

თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ ბახმუტისთვის, მაშინ რუსები უნდა ელოდონ უკრაინელების კონტრშეტევას.

  • თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა ზალუჟნიმ საჭიროდ ბახმუტის დაცვა და ამისთვის ახალი დარტყმითი დაჯგუფების შექმნა? 

ორივე მხარე ირწმუნება, რომ ბახმუტი არის ხაფანგი მოწინააღმდეგისთვის. რუსები ირწმუნებიან, რომ უკრაინელებს ბახმუტთან ბრძოლით არ მისცეს კონტრდარტყმის საშუალება სამხრეთში, რასაც ყველა ელოდა. უკრაინელები კი ამბობენ, რომ რუსები ბახმუტში ჩაითრიეს გრძელვადიან დაპირისპირებაში და ამ გზით მაქსიმალურად ასუსტებენ.

უკრაინელებს აქვთ ეს არგუმენტიც: დროის მოგება და თავდაცვითი სიღრმის გაძლიერება.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ, მოახერხებენ საბოლოოდ უკრაინელები ბახმუტის დაცვას? 

გააჩნია, რა მასშტაბის შეტევა განხორციელდება. მე ისევ ეჭვი მეპარება, რომ ბახმუტი ვერ აიღონ რუსებმა, მაგრამ ეს იქნება მათი ბოლო წარმატება. ისინი ხარჯავენ ისეთ რესურსებს ბახმუტზე, რომ თუ მართლაც მოახერხეს ბახმუტის აღება, ეგ ძალიან დიდ ფასად დაუჯდებათ.

  • 8 თვეა ვერ ახერხებს რუსეთი ბახმუტის აღებას. ეგ აჩვენებს, რომ რუსეთი დასუსტდა, თუ არის სხვა დაშვებაც? 

რუსეთი დასუსტებულია, ორი აზრი არ არსებობს.

გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებაზე რუსებმა თავიდანვე არასწორად დაიწყეს შეტევა – ქალაქზე დაიწყო შეტევა, მისი ბლოკირებისა და ალყაში მოქცევის ნაცვლად. ბახმუტი დონეცკიდან სასაზღვრო ზოლში მდებარეობს და 2014 წლიდან გადადიოდა ხელიდან ხელში. შესაბამისად, ის უკრაინელებს თავდაცვისთვის ჰქონდათ მოწყობილი.

მარიუპოლი, რომელიც ბახმუტზე გაცილებით დიდია, დაახლოებით 5 თვეში აიღეს. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებს აღარ გააჩნიათ ის ძალები, რაც ჰქონდათ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ უკრაინელები უკვე ადაპტირდნენ ამ ომისთვის.

ამჯერად უკრაინა ეცდება, ბახმუტის დაცვის ამოცანით დაარტყას რომელიმე მიმართულებას და შეტევის შეჩერება შეძლოს, ასევე აქცენტის გადაიტანოს სხვა მიმართულებაზე.

  • შესაძლოა, უკრაინამ მოახერხოს ფართომასშტაბიანი დარტყმითი დაჯგუფების შექმნა? 

არა. ეს უკვე ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ვერ შეძლებს ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის დაჯგუფების შექმნას, ბრძოლა იღებს ლოკალური შეტაკებების სახეს. რესურსების ასე გახარჯვა დიდი ფრონტზე ნიშნავს, რომ ბრძოლა იღებს უფრო პოზიციური დაპირისპირების სახეს ცალკეული, ლოკალური უპირატესობებით და უკანდახევით – ტაქტიკურ დონეზე გადავა მთელი ფრონტის ხაზი.

ეს არის უკრაინელების გასათვლელი – აქ პრობლემაა ის, რომ ერთდროულად ვერ იღებენ ტექნიკას, რაც მათ სჭირდებათ. მათ ურჩევნიათ, რომ არ დაუთმონ დამატებითი ტერიტორიები, რათა გარკვეული უპირატესობა არ მიიღონ რუსებმა განსაკუთრებით, მორალური და ფსიქოლოგიური.

ორივე გრძნობს, რომ ახლოვდება კულმინაცია, რაღაც მომენტში დადგება საკითხი ცეცხლის შეწყვეტაზე. ორივე მხარე ცდილობს მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციიდან მივიდეს.

  • წინა ინტერვიუში გვიყვებოდით, რომ კარგი იქნებოდა მოულოდნელად სხვა მიმართულების გააქტიურება უკრაინელების მხრიდან, მაგალითად, დნესტრისპირეთში. დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინამ ტერაქტი მოაწყო. რა ხდება თქვენი ინფორმაციით?

ჯერჯერობით ახალი ამ კუთხით არაფერია, თუმცა ვრჩები იმ აზრზე, რომ უკრაინელებს აქვთ ეს კოზირი, დაარტყან დნესტრისპირეთს. ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის.

  • ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, დიდი სარაკეტო თავდასხმა ჰქონდა რუსეთს გუშინ უკრაინაში. ამოცანა არის ისევ ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება?

81 რაკეტა იყო გაშვებული, როგორც გავიგე და ეს იყო პასუხი იმ დივერსიულ აქტებზე, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ჩვენ ვისაუბრეთ წინა ინტერვიუში იმაზე, რომ აღარ ჩანდა უპილოტო საფრენი აპარატები და ზუსტად ამ კომბინირებული დარტყმისთვის გამოიყენეს ერთობლივად, ვინაიდან ამ დროს საჰაერო თავდაცვის სისტემის ყურადღება გადადის უპილოტოებზე და, შესაბამისად, მძლავრი რაკეტა დაუზიანებელი რჩება.

საპასუხოდ უკრაინელებმაც განახორციელეს დარტყმა ჰაიმარსიდან მარიუპოლის აეროდრომზე. ვფიქრობ. კიდევ იქნება დარტყმა რუსების მხრიდან, ასეთი წინათგრძნობა მაქვს, ვინაიდან ხომალდები არ დაბრუნებულან უკან, სევასტოპოლში.

  • ამასობაში რამდენად ექმნებათ რუსებს სამხედრო ტექნიკის შევსების პრობლემა? – ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ პირველი გვარდიის სატანკო არმიის ნაწილებმაც კი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის მთავარი სატანკო ფორმირებაა, გამოიყენონ ძველი T-62 ტანკები, წინა დანაკარგების კომპენსაციისთვის.

მეც მაქვს ეს ინფორმაცია. ფაქტია, რომ რუსეთი ვერ ასწრებს დაზიანებული ტექნიკის რემონტს და ვერც ახლის წარმოებას. შესაძლებელია ისიც, რომ რუსეთი აგროვებდეს ტექნიკას დარტყმითი დაჯგუფებისთვის, ხოლო ყოველდღიურად იყენებს არსებულ ტექნიკას, რაც მრავლად აქვს შემორჩენილი საბჭოთა კავშირიდან.

ახლა მთავარია, ვის ეყოფა ძალა, რომ არ მივიდეს კულმინაციის წერტილამდე, მოწინააღმდეგე აიძულოს, რომ მთელი ძალები მიიყვანოს, შინაურულად რომ ვთქვათ – წკიპზე.

  • რა ტენდენცია იკვეთება რუსეთში – დაალაგეს ურთიერთობა პრიგოჟინმა და შოიგუმ? 

პირიქით, პრიგოჟინი იძახის, საერთოდ მომკვეთეს პუტინსო. რაც ჩანს ღია წყაროებიდან, ჯერ ამ ურთიერთობას დალაგების პირი არ უჩანს. რა თქმა უნდა, ეს აისახება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე და დადებითად არა, ცხადია. პუტინი ხანს ერთს ემხრობა, ხან – მეორეს,

დიქტატორულ რეჟიმებს უყვართ ბალანსის შექმნა. პუტინი ამ ეტაპზე უფრო თავდაცვის სამინისტროსკენ არის და ვნახოთ, შემდეგში რა იქნება. არ არის გამორიცხული, მოულოდნელად ისევ პრიგოჟინს დაუჭიროს მხარი.

ჩემი აზრით, პრიგოჟინის ამბიციები და მისი ასე აღზევება პუტინს არ მოსწონს.

  • რატომ?

შეიძლება, მას კონკურენტად ხედავს.

  • რადგან ფინანსური სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა არის კლებადი, რამდენად მოახერხებს რუსეთი გაჭიანურებული ომის წარმოებას? 

ამ დინამიკით და იმ რესურსებით, რაც საბჭოთა კავშირიდან შემორჩა, რუსეთს შეუძლია წლობით აწარმოოს მსგავსი დაპირისპირება. ეს ხომ არ არის თანამედროვე, მანევრული ბრძოლა? ეს არის სტაციონარული, პოზიციური დაპირისპირება ერთმანეთში, დაბალი რაოდენობით მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება, აქ არ არის საჰაერო ბრძოლები და რესურსების აქეთ-იქეთ გადასროლა.

  • თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდა დასავლეთიდან უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო ტექნიკის მიწოდებას? 

რთულია ამის დაზუსტებით თქმა, რადგან ამისთვის საჭიროა დახურული საწარმოების ხელახლა ამუშავება. როგორც ვიცით, გერმანიამ დაიწყო, მაგალითად, ჭურვების საწარმოს ამუშავება. განადგურდა, ან დაზიანებულია ის ტექნიკა, რომელიც ჩათვალეს, რომ აღარ სჭირდებოდათ. აღდგენას და ფორმაში მოყვანას დრო სჭირდება… სათადარიგო ნაწილები პრობლემაა, ექსპლუატაცია პრობლემაა.

თუ ერთდროულად მიიღებს უკრაინა დაპირებულ ტანკებს და თვითმფრინავებს, ეს იქნება თვისობრივი გარდატეხა, ასევე ჰაიმარსის 150-კილომეტრიან რაკეტებს.

მაგალითად, უკრაინამ ახლა მიიღო ავსტრალიისგან მუყაოს დრონები, რომელიც უმარტივესია და სადღაც 60-დან 80 კილომეტრამდე ფრენის რადიუსი აქვს. ეს პიცის ზომის ყუთებია, ადვილად ასაწყობია და ავსტრალიელები იყენებდნენ მიუწვდომელ ადგილებში მცირე ზომის ტვირთის გადასატანად. უკრაინელებმა ხელოსნებმა ეს მუყაოს ყუთები გადააკეთეს დარტყმით დრონებად.

თითოეული ასეთი დრონი დაახლოებით 600 დოლარამდე ჯდება. ძვირადღირებულ „ბაირახტარებს“ უფრო სიღრმეში გამოიყენებენ, ახლო მანძილზე კი – ეს შეიძლება. ამით გარდატეხას ვერ შეიტან, მაგრამ დაეხმარება საკმაოდ.

დღეს ვკითხულობდი ბრიტანულ პრესაში, რომ დიდ ბრიტანეთს შეიარაღებაში ჰქონია მხოლოდ 157 ტანკი. ძალიან ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ომი აღარ იქნება და აღარ იყო საჭირო ეს ჯავშანტექნიკა. ფაქტის წინაშეა ახლა ყველა, რომ ამ აღჭურვილობის წარმოებას ვერ ახერხებენ იმ რაოდენობით და სისწრაფით, რაც უკრაინას სჭირდება.

„მეწყერი საფრთხეს გვიქმნის, მერიაში კი გვეუბნებიან, რომ სამუშაოები ძვირია“ – ოჯახი ქედიდან

„მეწყერი მოდის, იშლება მიწა და ბზარები უჩნდება სახლს. ექსპერტიზის დასკვნა ორი წელია გვაქვს, რომ საფრთხე გვემუქრება, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ სამუშაოები ძვირია და ვერ გააკეთებენ,“ – გვიყვება თამარ ხოზრევანიძე. ის ქედაში, სოფელ მეძიბნაში ცხოვრობს 3 შვილთან ერთად.

მოქალაქის თქმით, მეწყრის პრობლემა მას შემდეგ გააქტიურდა, როცა სახლის მიმდებარედ გზა შეაკეთეს.

„გზაზე როცა მუშაობდნენ, მაშინ ჩამოვიდა მეწყერი სახლთან და ხელით გავწმინდეთ, ის მიწაც არ გაიტანეს. მას შემდეგ იშლება მიწა და მოდის ხშირად… 70 წლის წინ აშენებული სახლია, სად წავიდეთ?

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოვიდნენ საპროექტოდან და შეისწავლეს აქაურობა, მაგრამ მას შემდეგ ორი წელი გავიდა, არაფერი შეცვლილა. ქედის მერიაში მითხრეს, რომ სამუშაო ძვირი ჯდება და ვერ გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა.

ღამე შიშით გვძინავს, არ ვიცით, როდის რა იქნება. კედლები დაბზარულია და ახალი ბზარები ჩნდება,“ – უთხრა თამარ ხოზრევანიძემ „ბათუმელებს“.

თამარ ხოზრევანიძემ ექსპერტიზის დასკვნაც გვაჩვენა, რომელიც 2021 წელს არის მომზადებული და წერია, რომ შესაბამისი სამუშაოები თუ არ ჩატარდება, „საფრთხე შეექმნება საცხოვრებელი სახლის მდგრადობას“.

დასკვნის მიხედვით, „აუცილებელია ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და შესაბამისი არხების ან მილების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქედის მერიას, სადაც კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არ მიგვიღია.

მეწყერი თამარ ხოზრევანიძის სახლთან

 

 

მოღობილი ტროტუარი ბათუმში – რა გააკეთა მერიამ პრობლემის გადასაწყვეტად

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და სევასტოპოლის ქუჩების კვეთასთან, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია – კონკრეტული სახლის წინ ტროტუარი ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. იმისთვის, რომ სიარული განაგრძო, ქუჩაში უნდა გადახვიდე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე.

„ეს ჩვენი საკუთრებაა, დანარჩენი მერიაში იკითხეთ, რატომაა ასე,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ციალა ჩხარტიშვილმა. იგი სხვა დეტალებზე არ გვესაუბრა.

ტროტუარი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა
ტროტუარი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე
ეზოს ჭიშკარი ტროტუარზე

მესაკუთრეს სახლში შესასვლელი ჭიშკარიც ქვის ღობით აქვს მოწყობილი. იმისთვის, რომ ამ სახლის ეზოში მოხვდე, ავტომანქანების სავალი ნაწილიდან უნდა შეაღო ჭიშკარი.

ციალა ჩხარტიშვილის თქმით, ტერიტორია მათი საკუთრება იყო ყოველთვის და შემდეგ ქვის ღობეც ამოაშენეს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თქმით, ტერიტორია, სადაც ტროტუარი უნდა იყოს, სახლის მესაკუთრეს საკუთრებად აქვს რეგისტრირებული და სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. შემოღობილი ადგილი, საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც, ნინო ჩხარტიშვილის საკუთრებაშია.

რა გააკეთა ბათუმის მერიამ იმისთვის, რომ ტროტუარი არ წყდებოდეს და ამ ნაწილში ფეხით მოსიარულეს ავტომანქანების სავალ ნაწილზე არ უხდებოდეს გადასვლა? სცადა თუ არა მერიამ გამოესყიდა ქონება, როცა არსებობს შესაბამისი საზოგადოებრივი საჭიროება? – შეკითხვა ბათუმის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.

ტროტუარი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მარტის 21 საათიდან 11 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 მარტს კი ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს.

Exit mobile version