მთავარი,სიახლეები

ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს

13.03.2023 • 2451
ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს

27 წლის ბათუმელი თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ეს ცენტრი მოიცავს უნივერსიტეტს, ჰოსპიტალს და კვლევით ცენტრებს. „საოცნებო გარემოში“ მოხვედრის შემდეგ თამთა მეცნიერებითაც დაინტერესდა. აღფრთოვანებულია იმით, რომ ჩართულია კვლევაში, რომელიც მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს.

ერთი წელია, რაც თამთა ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მან ექიმის სალიცენზიო გამოცდები ჩააბარა, აშშ-ში სამუშაოდ დიპლომის აღიარება მიიღო, შემდეგ კი მუშაობის დასაწყებად აპლიკაცია შეავსო.

როგორც გვიყვება დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თამთამ ყოველთვის იცის, რა ხდება საქართველოში და ცდილობს, თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს.

თამთას ბოლო აქტივობა, რომელიც მისი, როგორც მოქალაქის პოზიციას გამოხატავდა, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოსვლა იყო. თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად ემიგრანტებმა აქცია – „არა რუსულ კანონს“ ნიუ იორკშიც გამართეს, რომელშიც თამთაც მონაწილეობდა.

თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტების აქციაზე

„სტუდენტობის პერიოდში რამდენჯერმე ვიმოგზაურე ევროპაში. მეც მქონდა საშუალება, მიმეღო დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომელიც ფინანსდებოდა ევროპიდან. ისინი ახალგაზრდებს აძლევდნენ საშუალებას, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მიეღოთ გამოცდილება, ხარჯების 80 პროცენტს ფარავდნენ. ჩამონათვალში იყო აზიის ქვეყნებიც, მაგრამ მე ევროპა ავირჩიე და იქ 2 თვის განმავლობაში, სხვადასხვა ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

„ძალიან ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გვქონდა შეხება, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ლექციები და ტრენინგები გვიტარდებოდა. დაფინანსების გარეშე ალბათ ვერც წავიდოდი. შანსი მომეცა, ბევრი ადამიანი გამეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან დღემდე მაქვს არამხოლოდ მეგობრული, არამედ საქმიანი ურთიერთობაც კი. იმდენი რაღაც მომცა ამ რამდენიმე თვემ…

და ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ კარგ საქმეს აკეთებენ, აგენტები უნდა დავუძახოთ? – მათ უკან ხომ უბრალო ადამიანები დგანან. ამ კარგ სარგებელს იღებენ სტუდენტები, ფერმერები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, ძალიან ბევრი“ – ამბობს თამთა. 

თამთამ საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, აშშ-ში სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის კი სტუდენტობაშივე დაიწყო მზადება:

„თავიდანვე გავაკეთე არჩევანი – რა მინდოდა, სად მინდოდა წასვლა და ამისთვის დავისახე გეგმა. როცა გავარკვიე, რომ ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა აკრედიტაცია, რომელიც მაძლევდა შესაძლებლობას ჩემი დიპლომი ეღიარებინათ და ამის შემდგომ მომცემდნენ უფლებას, რომ გამოცდაზე გავსულიყავი, დავიწყე მზადება.

ეს საკმაოდ რთული, მრავალეტაპიანი გამოცდაა და რამდენიმე წელი დავუთმე ამ გამოცდებისთვის მზადებას დამოუკიდებლად. იმდენად დიდი დრო და ენერგია წაიღო, რომ ძალიან ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა. ვგულისხმობ, მაგალითად, გაცვლით პროგრამებს. რამდენიმეზე ვიყავი, მაგრამ ბევრზე უარის თქმა მომიწია“.

უნივერსიტეტის დასრულებას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. თამთას გეგმებიც დროში გაიწელა: გამოცდები, გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტები… თუმცა თამთას უკან არ დაუხევია.

გამოცდების ჩასაბარებლად ჯერ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, ეს ქალაქი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, შემდეგ კი ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრიდან მიიღო თანხმობა.

თამთა გვიყვება, რომ აქ ის საოცნებო გარემოში მოხვდა. ამ გარემომ მას ახალი ინტერესები გაუჩინა, ახლა თამთას კლინიცისტობის პარალელურად უნდა მეცნიერებაში მოსინჯოს ძალები.

„აღმოვაჩინე, რომ გარდა იმისა, რისთვისაც ვემზადებოდი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იყო. მაგალითად, კლინიკური კვლევები, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი მიზნები კიდევ უფრო გაიზარდა, აღმოვაჩინე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ექიმი-მეცნიერი და არამხოლოდ კლინიცისტი, რომელსაც მხოლოდ პაციენტებთან ურთიერთობა ექნებოდა.

ამჯერად ვმუშაობთ კვლევებზე, რომლებიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ულტრათანამედროვე მედიცინაში. არც ვიფიქრებდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ ყველაფერში.

ამ პროექტის გარდა ვმუშაობთ კოვიდის შემდგომ ისეთ გართულებებზე, როგორიცაა: გულის მწვავე დაზიანება, თირკმლის მწვავე დაზიანება და ა.შ.“ – გვიყვება თამთა.

კითხვაზე, რატომ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამთამ გვიპასუხა, რომ ამის უმთავრესი მიზეზი კარგი განათლების მიღების შესაძლებლობაა:

„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო სისტემა, ისევე, როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფრო საბჭოთა სტილის იყო. მაღალი ხარისხის, დასავლურ განათლებას, სამწუხაროდ, ვერ მთავაზობდა ჩემი უნივერსიტეტი.

საქართველოში, როდესაც ამთავრებ უნივერსიტეტს, რეზიდენტურაზე უნდა ჩააბარო იმისთვის, რომ აიღო დამოუკიდებლად მუშაობის ლიცენზია და გახდე დამოუკიდებელი ექიმი. რეზიდენტურა არის სამწლიანი, ოთხწლიანი – გააჩნია, რა სპეციალობას ირჩევ, ყველა ქვეყანაში გაქვს ანაზღაურება, გარდა რუსეთის ან ბელარუსისა. ამერიკაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ანაზღაურება საკმაოდ კარგია, საქართველოში კი რეზიდენტურა არის ფასიანი. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ექიმები მუშაობენ, მორიგეობენ – რაც არ გიტოვებს შანსს, რომ პარალელურად სხვაგან იმუშაო და დაფარო ეს ხარჯები.

ბევრმა დატოვა ამის გამო საქართველო, თუმცა ძალიან ბევრი დარჩა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ახალგაზრდობის წლების შეწირვა“.

თამთა გვიყვება, რომ თავს შესვენების უფლება არ მისცა და ნიუ იორკში დაბინავებისთანავე დაიწყო სამსახურის ძებნა, მალევე აინშტაინის სამედიცინო ცენტრის აპლიკაცია შეავსო, საიდანაც მეორე დღესვე დაუკავშირდნენ:

„როგორც კი ჩამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რომ რამდენიმე დღეში დავიწყებდი სამსახურს. ყველას ეცინებოდა, მეუბნებოდნენ, რამდენიმე კვირა მაინც მიეცი საკუთარ თავსო, მაგრამ არა, მე აქ ჩამოვედი განათლების მისაღებად.

რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. სპეციალობა ჯერ არ მაქვს, იმიტომ, რომ რეზიდენტურა უნდა გავიარო, შინაგანი მედიცინა არის ჩემი სპეციალობა, ქართულად – თერაპია, მაგრამ საბოლოოდ კარდიოლოგობას ვაპირებ.

აქ ცოტა სხვა სისტემაა, ჯერ გადიხარ თერაპიის რეზიდენტურას, იღებ დამოუკიდებელი ექიმის ლიცენზიას და შემდგომ უკვე ირჩევ სპეციალობას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეცნიერება ისევე მაინტერესებს, როგორც კლინიცისტობა. შეიძლება PHD -ხარისხიც ავიღო მომავალში, ჯერ კიდევ სიახლეების აღმოჩენის პროცესში ვარ“ – ამბობს თამთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: