რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 166 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 3 552 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 6 879 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 586 ერთეული [+9]
  • MLRS – 507 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 270 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 167 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 428 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 266 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 403 თვითმფრინავი
  • 223 ვერტმფრენი
  • 3 502 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 070 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 403 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 039 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მეწყერი ბუთურაულში – საფრთხეში მყოფი სოფელი დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში 14 მარტს მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები სოფელში დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით რთულია.

ჩავარდა სოფლის ცენტრალური გზის ერთი ნაწილი და იზოლაციაში მოექცა გზის იქით უბანში მცხოვრები მოსახლეობა. ამ უბნიდან სკოლაში ვეღარ დადიან მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. უბნამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანაც.

მეგი დიასამიძის ოჯახი ბუთურაულში ცხოვრობს, მეგი კი თბილისში სწავლობს.

მისი თქმით, რეალობა იმაზე ბევრად საშიშია, რაც ფოტოებსა თუ ვიდეოებზე ჩანს.

„14 მარტიდან ერთი კვირის შუალედში სერიოზული საფრთხეები შეიქმნა.

მე თბილისში ვიყავი და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე ჩამოსვლა, რადგან ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც მოქალაქე.

დაზიანებული სავალი გზის ნაწილის ზემოთ ცხოვრობს და ჩაკეტილია 18-20 ოჯახი. მათი ძირითადი მოთხოვნაა უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ამ სოფლიდან გასახლებას ითვალისწინებს, იმიტომ, რომ აქ ცხოვრება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია. ნებისმიერ წუთს ელოდებიან ძვრებს და უფრო მეტ საფრთხეს. უნდა ითქვას ისიც, რომ საფრთხე ემუქრება სოფლის ქვედა და სხვა ნაწილებსაც“, – ამბობს მეგი.

შუახევი, სოფელი ბუთურაული. ფოტო/მეგი დიასამიძე

მეგიმ გვითხრა, რომ დღეს, 20 მარტს, მთელი დღის განმავლობაში გარეთ იყვნენ ოჯახები.

„ყველა იმას ამბობს, რომ ღამით ძილი დაკარგეს, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ელოდებიან, რაღაც მოხდება.

შესამჩნევია ისიც, რომ ემოციურად დაიღალა ხალხი. ალბათ ამიტომაცაა, რომ თავდაპირველად თუ ამბობდნენ – პირუტყვი გვყავს ყველას, ხომ არ დავტოვებთ და წავალთო, ახლა ამაზე ვეღარ კონცენტრირდებიან და ამბობენ, უსაფრთხო გარემო შეგვიქმენით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთო,“ – უთხრა მეგიმ „ბათუმელებს“.

მეგის თქმით, შუახევის მერის წარმომადგენელი ადგილობრივ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდა. მერიის წინადადებაა, რომ „ლოგიკურად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველაფერი“, გეოლოგებმა შეამოწმონ ადგილი და დასკვნის მომზადების შემდეგ განიხილონ, თუ რა და როგორ მოხდება.

„საქმე იმაშია, რომ მეწყრულ კერებზე ცვლილებებია და ახალი მოცემულობები როცა იქმნება, თავიდანაა შესასწავლი, ახალი დასკვნაა დასადები… რაღაც მომენტში მოსახლეობას ნდობა შეუმცირდა, რადგან ეს პროცესები ძალიან იწელება დროში, მეწყრულ კერებზე კი ყოველდღე ვამჩნევთ ცვლილებებს.

მოსახლეობას უნდა უსაფრთხო გარემოში გადასვლა. მერიიდან გვეუბნებიან, ეტაპობრივად უნდა მივყვეთ ყველაფერსო. რა თქმა უნდა, ესეც ლოგიკურია, რომ გეოლოგების მიერ [ადგილის] შესწავლის გარეშე არაფერი არ მოხდება, მაგრამ დროის ფაქტორია გასათვალისწინებელი. შედარებით სწრაფი რეაგირებაა საჭირო, იმდენად დიდ საფრთხეშია უბანიც და სოფელიც“, – ამბობს მეგი.

შუახევი, სოფელი ბუთურაული. ფოტო/მეგი დიასამიძე

მეგი გვეუბნება იმასაც, რომ უბანში, სადაც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი, ახლა ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ:

„რადგან მეწყრული ცვლილებები მარტივი შესამჩნევია და მერიისგან სწრაფი რეაგირება არ ხდება, ბევრმა გადაწყვიტა მოხუცები გაეყვანა, თუმცა ოჯახებით ვერ მიდიან. ფიზიკურად არ აქვთ წასასვლელი და ბუნებრივია, ასე უცებ ვერ წავლენ, ვერ გადასახლდებიან. ამიტომაა მათი პირველი მოთხოვნა უსაფრთხო საცხოვრებელი“.

მეგის ძმა უკვე ერთი კვირაა, რაც ბაღში ვერ დადის. „ბავშვებს მარტო ვერ გაუშვებენ სკოლაში, რადგან შეიძლება გზის სავალ ნაწილზე ჩავარდნენ“ – გვითხრა მან.

მეგი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ყველამ დროულად ისაუბროს, რადგან გეოლოგიური დასკვნები არ სჭირდება იმ სიტუაციის შეფასებას, რაც ახლა ბუთურაულშია და ძალიან ცხადად ჩანს.

შუახევი, სოფელი ბუთურაული. ფოტო/მეგი დიასამიძე

„ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა გეოლოგთა ჯგუფს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში კრიტიკულ ზონებს სწავლობდა.

მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსმა მაშინ გვითხრა, რომ ოჯახების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია იმ ზონებიდან, სადაც გააქტიურებულია მეწყრული პროცესები, გეოლოგიური დასკვნის თუ რეკომენდაციების მომზადებამდე, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში გადაყვანა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და მერის წარმომადგენელს სოფელ ბუთურაულში. მათგან ზეპირი კომენტარი ვერ მივიღეთ, თუმცა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა ამ თემასთან დაკავშირებით წერილობით მოგვწერა:

„შუახევში ბოლო დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა სოფელში და ასევე, სოფელ ბუთურაულში, მეწყრული პროცესები განვითარდა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიური სამსახურის მიერ იქნა შესწავლილი, გაკეთდა პირველადი შეფასებები.

ადგილობრივი მოსახლეობა დამეწყრილი ადგილების ხელმეორედ შესწავლას მოითხოვს.

მერიის მხრიდან მოწვეული იქნა დამატებით გეოლოგების ჯგუფი და ხვალიდან დაიწყება დამეწყრილი ადგილების დეტალური შესწავლა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“.

მოსამართლეები, რომლებსაც სამართალი არ უსწავლიათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში

„ბიზნესინჟინერი“, „ინფორმატიკა“ – მოსამართლისთვის უჩვეულო ამ და სხვა სპეციალობებს ფლობს ზოგიერთი მოსამართლე საქართველოში. მათ იურისტის განათლებაც აქვთ – იურისტის კვალიფიკაცია მოსამართლისთვის კანონით სავალდებულო მოთხოვნაა. თუმცა მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე ის სპეციალობები აურჩევიათ, რომლებსაც სამართალთან და კანონთან შეხება არ აქვთ.

შალვა თადუმაძის სკანდალის“ შემდეგ [მას ოთხწლიანი უმაღლესი, იურიდიული განათლება ჰქონდა, გენერალური პროკურორი იყო და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა], მხოლოდ ოთხწლიანი იურიდიული განათლებით სხვა ადამიანებიც ხდებიან აქტიურად მოსამართლეები.

მაგალითად, გიორგი ლობჟანიძე რამდენიმე დღის წინ გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასევე ოთხწლიანი უმაღლესი განათლებით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიხედვით, „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება“.

„ბათუმელებმა“ გადახედა 26 საქალაქო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეების ბიოგრაფიებს, რაც სასამართლოების ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზეა გამოქვეყნებული. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებსაც  გავლილი აქვთ სხვა სპეციალობის მაგისტრატურა, მაგალითად, ბაკალავრიატში  სამართალი ისწავლეს 4 წელი და შემდეგ პროფესიად ინფორმატიკა ან ბიზნესის მართვა აირჩიეს.

ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ კონკრეტული მოსამართლეები მოსამართლეობას არ აპირებდნენ და რაც მთავარია: მოსამართლისთვის რეალურად საჭირო და ხანგრძლივი იურიდიული განათლების მიღებით ისინი არ დაკავებულან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის ეტაპზე.

მაგალითად, ბიზნესინჟინერინგის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული 2012 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილს. 2010 წელს ნინო სახელაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაუმთავრებია.

იგი 2022 წლიდან განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს ბათუმში.

ნინო სახელაშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიას დოქტორის აკადემიური ხარისხი აქვს ინფორმატიკაში. დოქტორანტურა მოსამართლეს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაუმთავრებია 2015 წელს. მანამდე, 2000 წელს, ლევან ყოლბაიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში დაუმთავრებია „ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.“

ლევან ყოლბაია 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ ბათუმში.

მოსამართლე ლევან ყოლბაია

მოსამართლე დავით სვანაძეს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, 1986 წელს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა დაუმთავრებია.

მოსამართლე დავით სვანაძე

არარატ ესოიანს კი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, 1989 წელს მოსკოვის ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტი დაუსრულებია „ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით“.

მოსკოვში უმაღლესი განათლების დასრულებიდან ზუსტად ერთ წელში, 1990 წელს, არარატს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტიც დაუმთავრებია „სახალხო მართვის სპეციალობით.“

მოსამართლის ბიოგრაფიის მიხედვით, რაც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, არარატ ესოიანს 2000 წელს დაუმთავრებია თბილისის ეკონომიკისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

მოსამართლე არარატ ესოიანი

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაეკატერინე მაღრაძე – ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლეა ხობში 2022 წლიდან. მას 2012 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა აქვს გავლილი, 2010 წელს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუმთავრებია იურიდიული ფაკულტეტი.

მოსამართლე ეკატერინე მაღრაძე

ხაშურის რაიონულ სასამართლოში კი, მოსამართლე ირმა გოგალაძეს 2006 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი დაუმთავრებია.

მოსამართლე ირმა გოგალაძე

ამ მოსამართლის ბიოგრაფიის მიხედვით, ის ამ ინსტიტუტში საერთაშორისო სამართალს სწავლობდა და „მინიჭებული აქვს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია“.

ამ მოსამართლის სხვა უმაღლესი განათლების შესახებ ბიოგრაფიაში ინფორმაცია არ იძებნება. ირმა გოგალაძე 2020 წელს გაამწესეს მოსამართლედ 3 წლის ვადით.

განახლება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში იყო ინფორმაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შესახებ. ის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეა და დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში „იბერია“ იურიდიული ფაკულტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ბიზნესის  ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით.   

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მოსამართლე თავად დაგვიკავშირდა და გვაჩვენა დოკუმენტი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 6 აგვისტოს #MES 4 20 0000669763 დადასტურება, რომლითაც დგინდება, რომ ვლადიმერ ხუჭუას მიერ თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერია”-ში გავლილი 5-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეესაბამება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. 

1440 კვ. მეტრი მშენებარე სახლი შინდისში – განათლების ახალი მინისტრის ქონება

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი თბილისთან ახლოს, სოფელ შინდისში, მირიან მეფის ქუჩაზე, ფეშენებელურ სახლს იშენებს. უკვე ყოფილი დეპუტატისა და მოქმედი მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ამ სახლის სამშენებლო სამუშაოებში მის მეუღლეს 350 000 ლარი დაუხარჯია.

2314 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ სოფელ შინდისში გიორგი ამილახვარს 2021 წელს 798 000 ლარად შეუძენია.

პროექტის მიხედვით, გიორგი ამილახვარი იშენებს სამსართულიან სახლს ერთი მიწისქვეშა და ორი მიწისზედა სართულით. პროექტი ითვალისწინებს ტერასის, დამხმარე ფართობის, საუნისა და სპორტული მოედნის მოწყობასაც.

პროექტის განაშენიანების ფართობი 1677 კვ.მეტრია: საერთო ფართობი 1440.7 საცხოვრებელი ფართობი 913.9, საზაფხულო ფართობი 380.5 …
პროექტის რენდერი – პროექტი ითვალისწინებს აუზის და სპორტული მოედნის მოწყობას.
შესასვლელი- რენდერი

პროექტის მიხედვით, შენობა უნდა აშენდეს რკინა-ბეტონის კარკასითა და ფართო ვიტრაჟებით, კედლები დეკორატიული ბეტონის ფაქტურით, ნაწილობრივ ფასადის კერამიკული ქვით უნდა მოეწყოს.

განათლების ახალი მინისტრი და მისი მეუღლე კიდევ რამდენიმე საცხოვრებელს ფლობენ. მათ შორის, გიორგი ამილახვარი ფლობს ბინას მანსარდით თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, ორივე ფართობი ჯამში 277 კვ.მეტრია. იმავე მისამართზე მის საკუთრებაშია სარდაფიც – 31 კვ.მეტრი,  როგორც დეკლარაციაში მიუთითა, ეს ქონება მისთვის 2006 წელს უჩუქებიათ.

ყაზბეგის ქუჩაზე ამილახვარი ფლობს ასევე არასაცხოვრებელ ფართობს, 76 კვ, მეტრს – ეს ფართობი მას 2018 წელს შეუძენია.

2011 წელს გიორგი ამილახვრის მეუღლეს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, შეუძენია ბინა [196,91 კვ.მ] დამხმარე ფართობი და ორი ავტოფარეხი [ჯამში 50 კვ.მ., თავისივე დეკლარაციაში გიორგი ამილახვარი შენიშვნის სახით წერს, რომ ეს ბინა მეორე სართულის და ტერასის ჩათვლით, ჯამში 390,34კვ.მეტრია. ამაღლების ქუჩაზე შეძენილ ქონებაში ამილახვრის მეუღლეს ერთობლივად 540 000 ლარი გადაუხდია.

გიორგი ამილახვრის მეუღლე შპს „თოუ დეველოპმენტის“ ასი პროცენტის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 2013 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის მართვაში მეუღლეს გადასცა.

პარლამენტარის მეუღლე არის ასევე შპს „ნიმის“ და „ნიმი 1“ – ის დირექტორი, ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს.

გასულ წელს ამილახვრის მეუღლემ 600 000-ზე მეტი ლარი გამოიმუშავა, თავად ამილახვრის, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის შემოსავალი 53 501 ლარი იყო. გარდა ამისა, მას, შემოსავლის სახით, 12 388,71 ლარი მიუღია არასაცხოვრებელი ფართობის გაქირავებიდან.

  • საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.

მაჯის საათი ერთადერთი ნივთი არ არის, რაშიც გიორგი ამილახვარი დიდ თანხას იხდის. გასულ წლებში ოჯახმა ძვირადღირებული ფერწერული ტილოებიც იყიდა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია, ეს დაახლოებით 30 000 ლარია. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც, მას 4900 ევრო ანუ 15000 ლარი გადაუხდია. საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2022 წელს პარლამენტარის მეუღლემ კიდევ ერთი ძვირადღირებული ნივთი იყიდა, მან ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა.

2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს ამილახვარმა და მისმა მეუღლემ 50 000 ლარი დახარჯეს ახალი ტანსაცმლის შეძენაში, გასულ წელს კი – 40 000 ლარი.

საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის 2021 წელს 70 000 ლარი, 2022 წელს კი 55 000 ლარი დაუხარჯიათ.

შვილების სწავლის დასაფინანსებლად გასულ წელს პარლამენტარის [ახლა უკვე მინისტრის] მეუღლემ 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი გადაიხადა – ჯამში 42 000 ლარი. ანალოგიურად გადაუხდია 2021 წელსაც. მათი ორივე შვილი სკოლის ასაკისაა.

გიორგი ამილახვარი ფლობს 2019 წელს შეძენილ ავტომანქანას „Mercedes GLE 450“, ამ ავტომანქანაში მას 76000 ევრო გადაუხდია.

მინისტრის მეუღლეს გასულ წელს, დახმარების სახით, 20 ათასი ლარი გაუცია.

გიორგი ამილახვარი 39 წლისაა და ორი შვილი ჰყავს.

გიორგი ამილახვარი

რა იწვევს აირების დაგროვებას მუცელში და რა საკვებს უნდა ერიდოთ ამ დროს – ექიმის რჩევები

მეტეორიზმი ხასიათდება აირების, იგივე გაზის დაგროვებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იწვევს შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კუჭიდან სწორ ნაწლავამდე, შეიცავს ნაწლავის გაზს, როგორც ყლაპვისა და საჭმლის მონელების ბუნებრივ შედეგს. თუმცა როგორც ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა განმარტავს, ნაწლავებში აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება ზოგჯერ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევაზე მიანიშნებს და ზოგჯერ ისეთი მწვავე შეტევითი ტკივილის მიზეზი ხდება, რომ პაციენტებს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახებაც კი უწევთ.

  • ქალბატონო ხათუნა, რა არის, როგორ განისაზღვრება მეტეორიზმი?

მეტეორიზმი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებსა და კუჭში, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ატარებდეს მუდმივ ხასიათს, რაც უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზმში არის რაღაც ქრონიკული პროცესი.

ეს პრობლემა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

  • რა იწვევს მეტეორიზმს?

გაზის დაგროვება არის როგორც დიაფრაგმული საყლაპავის ხვრელით გამოწვეული, ასევე საჭმლის არასწორი მონელებით მიმდინარე.

ძირითადი მიზეზებია საჭმლის მონელების დარღვევა, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, საკვების სწრაფად ღეჭვა და ყლაპვა, რაც ფიზიოლოგიურ ნორმადაც კი ითვლება, მაგრამ თუ ზედმეტი ჰაერი ჩაჰყვა, უკვე აეროფაგიაა [ჰაერის ზედმეტი რაოდენობით ჩაყლაპვა, რაც იწვევს აირების დაგროვებას კუჭში], რომელიც  ვლინდება ჭარბი გაზების გამოყოფით.

შებერილობის მიზეზი ასევე ხდება, თუ კი პაციენტს აქვს ლაქტოზის, ან გარკვეული ფერმენტების, მაგალითად, ფრუქტოზის აუტანლობა – ასეთ დროს ხილის მირთმევა იწვევს შებერილობას.

Mayoclinic: ზედა ნაწლავის განყოფილებებში გაზის დაგროვება შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვეულებრივზე მეტი ჰაერის გადაყლაპვით, საკვების ჭარბად მიღებით, თამბაქოს მოწევით ან საღეჭი რეზინის ღეჭვით; ნაწლავის ქვედა განყოფილებებში გაზების დაგროვება შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული საკვების ჭარბი მიღებით და ზოგიერთი პროდუქტის სრულად მონელების უუნარობით.

ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს  ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა, რაც მეტეორიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ნაწლავის მიკროფლორის დარღვევაა, როცა ადამიანის ნაწლავებში ხდება არასაჭირო ბაქტერიების გამრავლება – ანუ დისბიოზი, იგივე დისბაქტერიოზი.

  • რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

აირებს მუცელში ჩვეულებრივ წარმოქმნიან ბაქტერიები, რომლებიც ახდენენ მოუნელებელი საკვების ფერმენტაციას ნაწლავში.

ნაწლავის მიკროფლორის დარღვევისას ხდება არა მარტო მონელების დარღვევა, არამედ ხდება ლპობითი პროცესის დარღვევა. როცა მრავლდება ორგანიზმისთვის არასაჭირო ბაქტერიები, ამ შემთხვევაში გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა იწვევს შებერილობას და შესაბამისად იმ დისკომფორტს, რაც შებერილობას ახლავს თან.

  • როგორი ტკივილი ახასიათებს მეტეორიზმს?

ამ პრობლემას ხშირად ახლავს თან  ძლიერი ტკივილი, იმდენად ძლიერი, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარებასაც კი იძახებს. ტკივილის სიმწვავიდან გამომდინარე ხშირად ჰგონიათ, რომ აბსოლუტურად სხვა დაავადების გამო აქვთ შეტევითი ხასიათის ტკივილი და ამ დროს,  აღმოჩნდება, რომ მიზეზი არის ნაწლავში გაზების ჭარბი რაოდენობით დაგროვება.

სიმპტომურად ექიმი ადვილად გამოარჩევს, მაგრამ პაციენტს ხშირად უჭირს გაარჩიოს გაზებით გამოწვეული ტკივილი ჯანმრთელობის რომელიმე სხვა პრობლემით გამოწვეული ტკივილისგან; შემხვედრია, როცა პაციენტი ნაღვლის შეტევის ტკივილს ადარებს ნაწლავურ შებერილობას, განსაკუთრებით, როცა გაზი ხვდება მსხვილი ნაწლავების კუთხეებში (ელენთისა და  ღვიძლის კუთხეებში); როდესაც ნაწლავის პერისტალტიკა კარგად არ მუშაობს, ხდება გაზების დიდხანს გაჩერება და ამას ძლიერი ხასიათის ტკივილი ახლავს.

ასევე, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ორივე ფერდქვეშ, ან რომელიმე ფერდის ქვედა არეში ძლიერი ხასიათის, ლოკალურ ტკივილს.

  • რა საკვები შეიძლება იყოს შებერილობის მაპროვოცირებელი და რას უნდა ვერიდოთ განსაკუთრებით მკურნალობის პროცესში?

პაციენტმა ამ შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოს პარკოსნებისგან, არ უნდა მიიღოს კომბოსტო, ვაშლი, ატამი, მსხალი, ბურღულეული ნაწარმი და, რა თქმა უნდა, უარი უნდა თქვას გაზიან სასმელებზე.

რიგ შემთხვევაში, არ უნდა მიიღოს რძე და რძის პროდუქტები, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, შებერილობის მიზეზი შეიძლება იყოს ლაქტოზის და ფრუქტოზის აუტანლობა, რაც საკმაოდ ხშირია.

ეს კვებითი შეზღუდვები შესაძლოა გასათვალისწინებელი იყოს იმ პერიოდში, როცა პაციენტი ექიმთან ერთად მუშაობს და აგვარებს გამომწვევ პრობლემას, მაგრამ პაციენტებს, რომლებიც ქრონიკული მდგომარეობით მიდიან ექიმთან, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უწევთ თავის შეკავება გარკვეული პროდუქტებისგან და ზოგიერთ პროდუქტზე საერთოდ უარის თქმაც.

Mayoclinic: საკვები და ნივთიერებები, რომლებიც იწვევს გაზის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას:

  • ლობიო და ოსპი
  • ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა: კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო
  • ქატო
  • რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლაქტოზას
  • ფრუქტოზა, რომელიც გვხვდება ზოგიერთ ხილში და გამოიყენება როგორც დამატკბობელი გამაგრილებელ სასმელებში და სხვა პროდუქტებში
  • სორბიტოლი, შაქრის შემცვლელი, რომელიც გვხვდება უშაქრო ტკბილეულში და ხელოვნურ დამატკბობლებში
  • გაზიანი სასმელები, მათ შორის, ლუდი

 

  • მკურნალობა რას მოიცავს?

მკურნალობამდე საჭიროა გარკვეული კვლევების ჩატარება, ანალიზების აღება, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი შემოწმება, ასევე უნდა გაკეთდეს კოლონოსკოპიური კვლევა და ნაწლავის შიგთავსის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომ ექიმმა სწორად განსაზღვროს, რა მიმართულებით წაიყვანოს მკურნალობის ტაქტიკა.

მკურნალობა ძირითადად მოიცავს სპაზმპოლიტიკებისა და გაზგამომყოფი პრეპარატების მიღებას, ასევე, სწორ დიეტას, აღდგეს ნაწლავის ნორმალური ფლორა.

პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს, როდესაც ხვდება, რომ გაზების დაგროვების გამო მუცელი გაეზარდა ზომაში, დაეწყო ფაღარათი ან შეკრულობა (ან ორივე შერეულად), ხშირად აქვს დისკომფორტი მუცელში, აქვს მჭრელი ხასიათის ტკივილი, ჭარბი რაოდენობით გამოეყოფა გაზები, ბუყბუყი მუცელში, უსიამოვნო სუნი პირში, ბოყინი, გულძმარვა, წვის შეგრძნება… ამ სიმპტომებს შესაძლოა ერთვოდეს გულის რითმის დარღვევა და მოთენთილობაც.

რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის

ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა.

ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით.

მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს.

„სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული ენის არ ცოდნა. რამდენიმე დღის წინ ვნახე, ერთ-ერთ რესტორანს ვაკანსია ჰქონდა მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მომეწონა სამუშაო დრო და მოვალეობებიც. თუმცა უარი იმის გამო მივიღე, რომ რუსული ენაზე არ ვსაუბრობდი. ამ პოზიციაზე კი სჭირდებოდათ რუსულ ენის მცოდნე კადრი,“ – ამბობს მარიამი.

მარიამი 26 წლისაა. ის იმ თაობის წარმოადგენს, რომელსაც რუსული ენას სკოლაში სავალდებულო საგნად აღარ ასწავლიდნენ. მარიამმა გერმანული და ინგლისური ისწავლა.

მარიამი და მისი მეგობრები ხშირად ავსებენ განაცხადებს და სხვადასხვა კომპანიაში აგზავნიან. მარიამის თქმით, ტენდენცია შეიცვალა. ადრე თუ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი იყო, ახლა განაცხადებში „სასურველად“ არის მითითებული.

„ცუდია ის, რომ დასაქმების საიტებზე ინგლისური ენის ცოდნა „სასურველია“ და კანდიდატს რუსული ენის ცოდნას და ამ ენაზე თავისუფლად საუბარს სთხოვენ,“ – ამბობს მარიამი.

სამსახურს ეძებს ნატა ფარტენაძეც. ცოტა ხნის წინ იფიქრა, რომ მის უმუშევრობას წერტილი დაესვა – ნატამ გასაუბრება წარმატებით გაიარა და სამსახურში აიყვანეს.

„ერთ-ერთ რესტორანში ესაჭიროებოდათ მენეჯერი. ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი, რაც ჰქონდათ განაცხადში მითითებული. გასაუბრება წარმატებით გავიარე და ამიყვანეს.

სამსახურში გასვლამდე ორი დღით ადრე დამირეკეს, მკითხეს მზად ვიყავი თუ არა ამხელა პასუხისმგებლობისთვის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე, ჩემი იდეები და სამომავლო გეგმებიც გავუზიარე. საუბრის დასასრულს მკითხეს – რუსული ხომ იცი?! ვუპასუხე, რომ ვიცოდი, მაგრამ გამართულად არა.

პასუხმა არ დააყოვნა – ეს როგორ გამოგვეპარა, სამწუხაროდ ვერ შედგება ჩვენი თანამშრომლობაო და დამემშვიდობა,“ – იხსენებს ნატა.

ნატას თქმით, საქართველოში ისედაც ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, რადგან დამსაქმებლები ხშირად მრავალწლიან გამოცდილებას ითხოვენ და არ ირჩევენ დამწყებებს.

„ახლა ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ რაც არ უნდა მრავალწლიანი გამოცდილება გქონდეს, აუცილებლად უნდა ფლობდე რუსულ ენას. ორი წელია სამსახურის ძიებაში ვარ იმ იმედით, რომ ჩემს იდეებს და გამოცდილებას ვინმე დააფასებს და არ მომთხოვს რუსული ენის ცოდნას ისე, როგორც მშობლიურ ენას ვფლობ,“ – ამბობს ნატა.

Jobs.ge საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაქმების ვებგვერდია. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა მხოლოდ მომსახურების სფეროში არსებული ვაკანსიები. ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ოპერატორი, მოლარე, კონსულტანტი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეგხვდებათ შემდეგი შინაარსის ტექსტები:

„რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე“, „რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე“, „უცხო ენები: რუსული, ინგლისური“.

მარკეტერი ნათია სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სიტუაცია „ბაზარმა დაარეგულირა“.

„ადრე თუ ინგლისური ენის ცოდნას წერდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, ახლა დაემატა რუსული ენა. გარკვეულწილად მოთხოვნის მატება შეინიშნება. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ბათუმშია. თბილისშიც იგივე სიტუაციაა. უბრალოდ რადგან დიდი აგრესიაა რუსული ენის მომთხოვნი კომპანიების მიმართ, წინასწარ არ ამბობენ და შემდეგ გასაუბრებაზე ეუბნებიან კანდიდატებს, რომ უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვინც რუსული ენა იცის,“ – ამბობს  ნათია სირაბიძე.

მარკეტერის თქმით, ხშირად შეუნიშნავს, როცა ამა თუ იმ მომსახურების ობიექტზე შესვლისას კონსულტანტი ცდილობს რუსულად დაელაპარაკოს მომხმარებელს.

„მაღაზიის კონსულტანტს სულ არ მოეთხოვება იცოდეს სხვა ენები, რადგან საქართველოში მუშაობს. პირიქით, ჩვენ უნდა ვუბიძგოთ უცხოელებს, რომ ელემენტარული ქართული ისწავლონ.

ბაზარი მართავს – რა თქმა უნდა დამსაქმებლის საქმეა, მაგრამ ინიციატივა, აგერ მე რუსული ვიცი და დაგელაპარაკები, მაღიზიანებს. ამიტომ ისევ ჩვენ უნდა დავარეგულიროთ. თუ არ არის აუცილებლობა, რატომ უნდა ველაპარაკოთ რუსულად?“ – კითხვას სვამს ნათია სირაბიძე.

ბათუმში ჭიშკრების შეცვლაზე მერიის სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

ბათუმში საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელი ჭიშკრების მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 132 ათას 910 ლარი.

ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ერთ-ერთი მონაწილე შპს „იმპექსის“ საჩივარი გახდა, რომლითაც ის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში ასაჩივრებდა. კომისიამ ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ხარვეზი მათ მიერ მომზადებულ სატენდერო პირობებში იყო და ამ პირობების დაზუსტების მიზნით, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა:

ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის შესახებ მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმიდან

ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა: „მედიატორი“, რომელიც სამმართველოს მომსახურებას 127 999 ლარად სთავაზობდა; „იმპექსი“ – 126 126 ლარი; „მშენებელთა ჯგუფი“ – 122 221 ლარი და „ინტერიერი“ – 99 784 ლარი.

მათგან სამს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო „მედიატორი“, რომელიც ყველაზე ძვირად სთავაზობდა მომსახურებას, სამმართველომ ხელშეკრულების გასაფორმებლად 2023 წლის 27 იანვარს მიიწვია, 21 თებერვალს კი, ტენდერი შეწყვიტა.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 29 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა სამმართველოს არ შეუცვლია და ის ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება სატენდერო მოთხოვნას, რომელიც მერიის სამმართველომ შეცვალა, შეწყვეტილ ტენდერში შესაბამისი პუნქტი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (მეტალის ჭიშკარი, მეტალის კარი, რკინის კონსტრუქციების შედუღების სამუშაოები დამზადება-მონტაჟი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით“.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი, იგივე პუნქტი ასეა შეცვლილი:

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (მეტალის ჭიშკარი, მეტალის კარი, რკინის კონსტრუქციების (სადაც იკვეთება შედუღება) დამზადება-მონტაჟის სამუშაოები) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით;
ასევე 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდრის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (მეტალის ჭიშკარი, მეტალის კარი, რკინის კონსტრუქციების (სადაც იკვეთება შედუღება) დამზადება-მონტაჟის სამუშაოები) სამუშაოები უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.“

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, თუ სად აპირებს ბათუმის მერია ჭიშკრების შეცვლას, მისამართები ნახეთ ამ ბმულზე:

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი – IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.

იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით:

  • შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“
  • შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება
  • გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად
  • დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას
  • ადასტურებს გადარიცხვას
  • თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება

ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.

ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share

„ზამთარში სიცივისგან მერხთანაც ვერ ვსხდებოდით“ – აჭყვისთავის სკოლის მოსწავლე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა ხარვეზებით მუშაობს, რის გამოც მოსწავლეებმა, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი სიცივეში გაატარეს.

ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიცივის გამო თებერვალში ორი კვირა სკოლის გაცდენაც კი მოუწია, რადგან კლასი გაყინული იყო და გაციების შეეშინდა.

„ხშირად მერხთანაც ვერ ვსხდებოდით სიცივისგან და ფეხზე ვმდგარვარ. თებერვალში ორი კვირა მე და ჩემი მეგობრები ვერ დავდიოდით სკოლაში სიცივის გამო, რადგან არ გვინდოდა გაცივება“, – გვითხრა მოსწავლემ.

მისი თქმით, სკოლაში რამდენიმე წელია გათბობის პრობლემაა, მაგრამ წელს ყველაზე მეტად ციოდა.

„წელს საერთოდ გაფუჭდა ცენტრალური გამათბობელი და მთელ სკოლაში სიცივეა. იყიდეთ ელექტროქურები და გათბითო – გვეუბნებოდნენ ბავშვებს. როცა კითხვებს ვსვამდით, რა ხდებოდა, რატომ ითიშებოდა გათბობა, გვეუბნებოდნენ – არ ვიცით, გაფუჭებულია.

ჩვენს კლასში ისედაც არ მუშაობდა ბატარეა და შარშან ელექტროქურით ვთბებოდით, მაგრამ გაფუჭდა და წელს აღარ ვიყიდეთ. საჯარო სკოლაა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, წესით, გათბობა“, – გვითხრა მოსწავლემ.

მისი თქმით, სხვა საკლასო ოთახებშიც იგივე მდგომარეობაა და მხოლოდ დაწყებითის რამდენიმე კლასშია ელექტროქურა. „მშობლებმა იყიდეს და დადგეს. მაღალ კლასებში არსად არის ელექტროქურები“.

მოსწავლის თქმით, სკოლაში საწვავი მიიტანეს, თუმცა გათბობა მაინც არ არის. „დილით ათ საათზე იწყება სკოლა, ჩართავენ ათზე და 11 საათზე უკვე ცივია ბატარეები. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის კლასების გასათბობად.“

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს მიხეილ გრიგოლიასაც ესაუბრა.

დირექტორი არ უარყოფს, რომ სკოლაში გათბობის პრობლემაა, თუმცა დასძენს, რომ ბავშვები „მთლად გაყინულიც არ არიან“.

„სიცივეში ისხდნენ, უტრირებული ნათქვამია, იმიტომ, რომ ელექტროპლეტები დაიდგა და სითბო არის ხარისხობით. ახლა, გაღუღუნებული სხვაა, სითბო – სხვაა. 600-700 ლარს ვიხდით ელექტროენერგიაში.

დიზელზე ვართ და დიზელის გაძვირების გამო ვეღარ ვახერხებთ, არ ჰყოფნის. ამას ისეთი სისტემა აქვს, რომ 24 საათი უნდა იყოს ჩართული, თუ გვინდა, რომ შენობა გათბეს. ეკონომიურად ვახდენთ ხარჯვას“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლას აქვს თავისი ბიუჯეტი, რომლითაც იხდის ხელფასებს, საკანცელარიო და სხვა მიმდინარე ხარჯებს. საწვავისთვის გათვალისწინებული იყო ათი ათასი ლარი, თუმცა მიხეილ გრიგოლიას თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„ასეთი გამათბობლები დღეში წვავს დაახლოებით 80 ლიტრს, ამიტომ საკმარისი არ არის და ეს პრობლემა აქვს ყველა სკოლას, რომელიც დიზელზეა, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, – ამბობს დირექტორი.

მას ვკითხეთ, იყო თუ არა განათლების სამინისტრო ინფორმირებული ამის თაობაზე და რა ზომებს მიმართა. დირექტორმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას და დასძინა, რომ „ასეთი პრობლემა ზოგადად არსებობს“.

„მარტო გათბობის პრობლემა ხომ არ არის. როცა სკოლა სარეაბილიტაციოა, იქ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, მაგრამ ჩასმულია სარეაბილიტაციო სკოლების სიაში და როგორც ვიცით, 2027 წლამდე ყველა სკოლა უნდა იყოს კეთილმოწყობილი“, -გვითხრა დირექტორმა.

აჭყვისთავის სკოლა, წესით, სამი წლის წინ უნდა გარემონტებულიყო, თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, პანდემიამ შეუშალათ ხელით. „ყოველ წელს მცირე ტენდერებით რემონტდება, მაგრამ ჩასმულია კაპიტალურ რემონტში და ველოდებით“.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სოფელ აჭყვისთავში ბუნებრივი აირი ორი წელია შეყვანილია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელს მაინც არ ურთავენ გაზს. „როგორც ჩანს, არჩევნებს ელოდებიან“, – ამბობს მოსახლეობა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ილია ჩოხელი.

მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დედოფლისწყაროში დაუდასტურეს, სადაც ამჟამად მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ წერენ უკრაინელებიც. გავრცელებული ცნობებით, 23 წლის ილია ჩოხელი ხარკოვთან დაიღუპა. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ფრონტზე იბრძოდა.

__________

ფოტოზე: ილია ჩოხელი. ფოტო: დედოფლისწყაროს ტელევიზია

 

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი

დღეს, 20 მარტს, საქართველოს განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინეს.

ამილახვარი საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა რაიმე არსებითი საკანონმდებლო ინიციატივა მის სახელს არ უკავშირდება.

მოსკოვში დაბადებული ამილახვარი, ბოლო პერიოდში ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა იყო, არ იყო რუსული და პირველი მოსმენის დროს მხარიც დაუჭირა.

ამილახვარმა საზოგადოების ყურადღება ასევე მიიქცია ვაკის პარკში 13 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ გაკეთებული განცხადებით – ტრაგედიის დღეებში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა: „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“.

თუმცა საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, განათლების ახალ მინისტრის შვილები კერძო სკოლაში უნდა დაჰყავდეს, რადგან გასულ წელს, მაგალითად, შვილის განათლებაში 25 000 ლარი და 5 900 დოლარი აქვს გადახდილი.

ამილახვარი, დეკლარაციის მიხედვით, ძვირადღირებული საათების, ტანსაცმლისა და მოგზაურობის მოყვარულია.

2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  გასულ წელს გიორგი ამილახვარმა და მისმა მეუღლემ, ნინო წერეთელმა, მოგზაურობაში 55 ათასი ლარი დახარჯეს, ტანსაცმელში – 40 ათასი ლარი, ხოლო ძვირადღირებულ საათებში, მხოლოდ 2022 წელს 14 600 ევრო აქვთ გადახდილი.

გიორგი ამილახვრის ქონება და შემოსავლები ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულში.

რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ჩხენკელს, მისი თანამდებობიდან გადაყენების მოტივი ოფიციალურად უცნობია.

ჩხენკელი ორჯერ დანიშნეს განათლების მინისტრად. 2019 წელს მან ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ის ყოველთვის ლოიალური განცხადებებით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიმართ.

არაოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსულ კანონთან დაკავშირებით სამინისტროს კრიტიკული შეფასება იყო.

მთავრობის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 90-ე ადგილზეა

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 90-ე ადგილზეა 109 ქვეყანას შორის.

2019 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2019 წელს საქართველო „ბედნიერი ქვეყნების“ ჩამონათვალში 119-ე ადგილზე იყო.

კვლევა ბედნიერი ქვეყნების შესახებ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნდა.

საქართველოს შემდეგ, 92-ე ადგილზეა უკრაინა.

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი წელსაც ფინეთია. ყველაზე „ბედნიერი ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: 1. ფინეთი; 2. დანია; 3. ისლანდია; 4. ისრაელი; 5. ნიდერლანდები; 6. შვედეთი; 7. ნორვეგია; 8. შვეიცარია; 9. ლუქსემბურგი; 10. ახალი ზელანდია.

„ბედნიერი ქვეყნების“ რეიტინგი დგება ისეთი მონაცემების გათვალისწინებით, როგორიცაა: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ჯანმრთელობა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციასთან ბრძოლა ქვეყანაში და ა.შ.

ბედნიერი ქვეყნების შესახებ კვლევა ყოველ წელს, 20 მარტს, ბედნიერების საერთოშიროსი დღეს ქვეყნდება.

_____________

ფოტოზე: ბათუმი, წარწერა კედელზე. ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 165 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700]
  • ტანკი – 3 537 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 869 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 2 577 ერთეული [+9]
  • MLRS – 507 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 270 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 160 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 416 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 265 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 402 თვითმფრინავი
  • 223 ვერტმფრენი
  • 3 471 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 355 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 070 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 395 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 027 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემლი ირწმუნება, რომ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – ბათუმის კონცხთან წყალქვეშა ფერდობს შეისწავლიან

„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტენდერის გარეშე „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენის და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით, სათანადო კვლევის ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვას გეგმავს.

აღნიშნულ კვლევასა და დოკუმენტაციაში სამმართველო 41 700 ლარის გადახდას აპირებს [ხოლო მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღე აქვს მითითებული]. ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო ბათუმის კონცხთან არსებული საფრთხის შესამცირებლად.

სამმართველომ, შესაბამისი ნებართვის მისაღებად, შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 17 მარტს მიმართა; განხილვის თარიღად 22 მარტია მითითებული.

„როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშველოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში“, – აღნიშნულია იმავე პროექტში, რომლის საფუძველზეც ზღვაში ხრეში შეაქვთ:

რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო

ბათუმის კონცხთან 1999 წლის 14 იანვარს, ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

კონცხთან არსებული საფრთხე ერთ-ერთია იმ პრობლემებიდან, რაც ქალაქის სანაპირო ზოლშია წარმოქმნილი.

ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის დასაცავად კი, ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურად არის აუცილებელი.

მეტიც, სპეციალისტების დასკვნით, „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ:

  • „1999 წლის იანვრიდან დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა.
  • 2007-2009 წლებში, ნაპირის ხაზი, ორ დეზს შორის, შესაბამისად 54-40 მეტრზე იყო უკან დახეული 2015 წელთან შედარებით.
  • მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იახტკლუბთან ხდებოდა მასალის დაგროვება და ნაპირის წინ წაწევა, საშუალოდ 2 მ/წელიწადში სიჩქარით.
  • ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული.“

ამ თემაზე ვრცლად:

პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე

 

მეწყერი ღორჯომში – გზას ტექნიკით წმენდენ | ფოტო

ხულოში, ღორჯომის თემში, გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამჟამად გზას ტექნიკით წმენდენ.

ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯემალ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გზა ჩაკეტილი არ არის და მოძრაობა თავისუფალია. მისივე თქმით, მეწყრული პროცესი სოფლის შესასვლელ გზაზე განვითარდა და არა საცხოვრებელ სახლებთან, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო კვირებია მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა.

გეოლოგების თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რომ მაღალმთიან აჭარაში ახლა მეწყრის არამხოლოდ მიძინებულ, არამედ ახალ კერებსაც ვხვდებით.

ღორჯომი, მეწყრული პროცესი გზაზე. ადგილზე ტექნიკა მუშაობს
ღორჯომი, მეწყრული პროცესი გზაზე. ადგილზე ტექნიკა მუშაობს
ღორჯომი, მეწყრული პროცესი გზაზე. ადგილზე ტექნიკა მუშაობს
ღორჯომი, მეწყრული პროცესი გზაზე. ადგილზე ტექნიკა მუშაობს

კრემლი ირწმუნება, რომ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

რუსული მედია ავრცელებს კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „სამუშაო ვიზიტით“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის მიერაა ოკუპირებული.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა „ქალაქის რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა“.

რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით გაფრინდა, ავტომანქანით მოიარა ქალაქის რამდენიმე რაიონი და გზადაგზა გაჩერდა.

„მოგზაურობის დროს ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ქალაქსა და მის შემოგარენში სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა. კერძოდ, საუბარი იყო ახალი საცხოვრებელი უბნების, სოციალური და საგანმანათლებლო ობიექტების, საბინაო და კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის, სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობაზე“, – აცხადებს კრემლის პრესსამსახური.

რუსულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პუტინის ვიზიტი ღამით შედგა.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ჩავა იმ ქვეყნებში, რომლებიც ცნობენ ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას [ასეთია 123 ქვეყანა], ამ ქვეყნებს ექნებათ მისი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება.

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის არმიამ განსაკუთრებული სისასტიკით დაანგრია. უცნობია მსხვერპლის რაოდენობა ამ ქალაქში, საუბარია ათასობით მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეზე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით – წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 21 მარტს, დღისით, ბათუმში და მთელს აჭარაში გამოიდარებს და  22-23 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 164 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 3 532 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 6 853 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 2 568 ერთეული [+8]
  • MLRS – 507 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 268 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 159 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 408 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 262 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციაგანაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 402 თვითმფრინავი
  • 222 ვერტმფრენი
  • 3 464 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 069 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 388 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 011 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას, რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს,“ – ასეთი მოლოდინი აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს.

ამავე თემაზე:

„ვერავინ დადგება კანონზე მაღლა“ – გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერზე

„ამ გამარჯვებას გარდაცვლილ მწვრთნელს ვუძღვნი“ – ბათუმელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა

21 წლის სპორტსმენი, დიეგო ჩხიკვაძე, ევროპის ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან 2023 წლის 15 მარტს რუმინეთში, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის დაიკავა პირველი ადგილი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

დიეგო ამბობს, რომ წარმატებას მის პირველ მწვრთნელს, ლევან შავაძეს უძღვნის, რომელიც ყველაზე დიდ მხარდაჭერას უცხადებდა და კვარცხლბეკზეც ის მაისური ჩაიცვა, რომელზეც მწვრთნელის ფოტო წინასწარ დაბეჭდა.

დიეგო ჩხიკვაძე კვარცხლბეკზე. ფოტო: uww.org

ახალგაზრდა სპორტსმენს ამ წარმატებამდე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. იგი  იძულებული გახდა ერთი წლით სპორტს ჩამოშორებოდა და თავი დაენებებინა ვარჯიშისთვის ტრავმის გამო.

„ვარჯიში 12 წლის ასაკში დავიწყე ბათუმში. ჩემი პირველი მწვრთნელი ლევან შავაძე იყო. მქონდა სხვადასხვა წარმატება და მოვხვდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც“, – ამბობს დიეგო. მისი თქმით, უფრო და უფრო ეზრდებოდა მოტივაცია მომდევნო ტურნირებში უკეთ ეასპარეზა, მეტად მობილიზებული გახდა და სპორტმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მის ცხოვრებაში.

„ევროპის ჩემპიონატი რამდენჯერმე მაქვს მოგებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი 2021 წელს მოგებული ჩემპიონატი იყო ჩემთვის.

2020 წელს, საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებისას, მივიღე წელის ტრავმა, რის გამოც, თითქმის 1 წლის განმავლობაში გამოვეთიშე სპორტულ აქტიურობას, მძიმე ტრავმა მქონდა.

როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ოპერაცია დავგეგმე, სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. ნაკრების ექიმმა დამირეკა და ოპერაციის ჩატარება გადამაფიქრებინა. მირჩია, კიდევ გამეგრძელებინა მკურნალობა, რადგან ისეთი ტრავმა მქონდა, გრძელვადიანი მკურნალობა მჭირდებოდა უკეთესი შედეგისთვის.

ხანგრძლივი, ერთწლიანი მკურნალობის ეტაპი იყო, უამრავი რამ, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიში, ელექტროსიმულაციები და ა.შ.

ამ ყველაფერს ემატებოდა კოვიდით გამოწვეული სოციალური პრობლემები. კიდევ უფრო რთული ხდებოდა ექიმებთან კომუნიკაცია, ქალაქებს შორის გადაადგილება და ა.შ. ამ პერიოდში აბსოლუტურად გამოვეთიშე სპორტს.

რთული პერიოდი მქონდა და მის გადალახვაში ბევრი დამეხმარა. დიდი მხარდაჭერა მქონდა პირველი მწვრთნელისგან, ლევან შავაძისგან, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ შევძლებდი ამ ყველაფრის უკან მოტოვებას და ისევ გავაგრძელებდი სპორტულ კარიერას, გვერდში მედგნენ ოჯახის წევრებიც“, – გვიყვება დიეგო.

ის ფიზიოთერაპიის ბოლო კურსს გადიოდა 2020 წელს, როცა მისი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სტატუსის მფლობელი ლევან შავაძე კოვიდით გარდაიცვალა და დიეგოს ვარჯიშის განახლება ინდივიდუალურად მოუწია, შემდეგ კი ახალგაზრდა მწვრთნელები ეხმარებოდნენ.

„ჩემთვის რთული იყო ერთწლიანი წყვეტის შემდეგ ისევ დავბრუნებოდი სისტემატურ ვარჯიშს. ძალიან მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებით მომიწია დაწყება. მეშინოდა, რომ ტრავმა ისევ განმეორდებოდა და ბევრი სხვადასხვა მოძრაობისგან თავს ვიკავებდი. იყო მოძრაობები, რის დროსაც ზურგის ტკივილი ისევ მქონდა. მეტი ფიზიკური მომზადება და დრო მჭირდებოდა, რათა აღარ მქონოდა ტკივილი და თამამი ვყოფილიყავი ჭიდაობის დროს. თავისუფლად გამერისკა იმ მოძრაობების გაკეთება, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ გამომივიდოდა.

დიეგო ჩხიკვაძემ ფინალში თურქ სპორტსმენს სძლია

ამ წლის ევროპის ჩემპიონატისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით. მიზანი, რა თქმა უნდა, ოქროს მედალი იყო, რათა დამემტკიცებინა, რომ ჩვენ კვლავ შევძლებდით ამ სპორტში წარმატების მიღწევას და გავამართლებდი ჩვენი მწვრთნელის, ლევან შავაძის იმედებს. ის ძალიან დაგვაკლდა ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში“, – ამბობს დიეგო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს, 18 მარტს, განაცხადა, რომ მას მომავალ კვირაში, სამშაბათს დააპატიმრებენ, რადგან პროკურორები განიხილავენ ბრალდებებს პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო – წერს „ბიბისი“.

მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში – Truth Social-ში დაწერა და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

„ბიბისის“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რომ ტრამპის განცხადება ეფუძნება მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას შეიძლება მომავალ კვირას წაუყენონ ბრალი.

თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება პირველი სისხლის სამართლის საქმე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ბიბისი“ წერს, რომ ხუთი წლის განმავლობაში ნიუ იორკში პროკურორები იძიებდნენ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ტრამპის სახელით ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფული გადაუხადეს დუმილის სანაცვლოდ.

კერძოდ, სტორმი დენიელსი ამბობს, რომ მას ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა 2016 წლის არჩევნებამდე გადაუხადა 130,000 დოლარი, სავარაუდო რომანის შესახებ დუმილის ნაცვლად.

ტრამპი უარყოფს, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა დენიელსთან და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ნიუ იორკის რაიონულ პროკურატურაში კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებიათ. ტრამპის ადვოკატმა, სიუზან ნეჩელესმა კი BBC-ის ამერიკულ პარტნიორ CBS News-ს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება მედიის ცნობებს ეფუძნებოდა.

„ბიბისი“ ასევე წერს, რომ ამერიკული მედიაორგანიზაციების ცნობით, ნიუ იორკში სამართალდამცავი უწყებები ემზადებიან იმისთვის, რომ ტრამპს ბრალი წაუყენონ და ამის შესახებ მანჰეტენის სასამართლო დარბაზში გამოცხადდეს მომავალ კვირას.

ახალი ინვესტიცია გონიოში – აჭარის ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე 17 მარტს ახალი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, აჭარაში, კერძოდ გონიოში სასტუმრო კომპლექსი აშენდება. პროექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარს მოიცავს და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, რომ სასტუმრო 1055 ნომერს გააერთიანებს All Inclusive სერვისით, სასტუმროს ოპერირებას კი საერთაშორისო კომპანია Aimbridge Hospitality განახორციელებს.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამინისტრო არ წერს, ვინ არის ინვესტორი. უცნობია, რატომ – ინვესტორის ვინაობა უმნიშვნელო ინფორმაციად ჩათვალეს, თუ არც ამ უწყებაში გრძნობს არავინ თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

სამინისტრომ 10 ჰექტარი ახსენა, მაგრამ არც ის მიუთითა, კონკრეტულად, სად, რა მისამართზე აშენდება კომპლექსი. სამინისტრომ გამოაქვეყნა რენდერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპლექსს ზღვის ხედი ექნება.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს ასევე, რომ პროექტის პრეზენტაცია „ვიწრო წრეში“ შედგა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ დასწრებია. მთავარი სტუმრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინა ზოიძე იყვნენ.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობას შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ გეგმავს. კომპანია წელს, 2023 წლის 23 იანვარს არის დაფუძნებული და მისი ასივე პროცენტი შპს „ეუროპიან ვილაჯის “ ეკუთვნის. ორივე კომპანიის დირექტორი არჩილ ფარტენაძეა.

შპს „ეუროპიან ვილაჯი“ უკრაინის ორ მოქალაქეს, ანდრიი მოზოლევსკის და ჰალინა დიმაროვსკას ეკუთვნით.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, გონიოში, წმინდა ნინოს I ჩიხში, #9გ- ში, მომაღლო ადგილზე მდებარეობს და ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.

მშენებლობის ნებართვის მისაღებად აქ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს სტატუსი შეუცვალეს. სამშენებლო ტერიტორიას ირგვლივ კარგად გამწვანებული ნაკვეთები ესაზღვრება, მის წინა მხარეს კი გონიოს პლაჟისა და ზღვის ხედი იშლება.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიაში 2022 წლის ივლისში შპს „აჭარა ლენდ ინვესტმა“ მოითხოვა. ერთ თვეში ბათუმის მერმა გამოსცა ბრძანება პროექტის შეთანხმების თაობაზე და მეორე ეტაპისთვის კომპანიას ორი დავალება მისცა: სასოფლო- სამეურნეო სტატუსის მქონე ნაკვეთების არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთებად დარეგისტრირება და ხუთივე ნაკვეთის ერთ საკადასტრო კოდზე გაერთიანება.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 12 დეკემბერს მიიღო.

2023 წლის თებერვალში უკვე გაერთიანებული ნაკვეთების მესაკუთრედ შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ დარეგისტრირდა, ამ კომპანიაზე გადავიდა მშენებლობის ნებართვაც. 2023 წლის მარტში კი რეესტრში სამშენებლო ნაკვეთზე [გაერთიანებულ კოდზე] პრობლემა დაფიქსირდა.

2023 წლის მარტში შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერას“ დირექტორმა არჩილ ფარტენაძემ საჯარო რეესტრს მიმართა. მან სამშენებლო ნაკვეთზე არსებული მშენებარე ობიექტების რეგისტრაცია მოითხოვა, თუმცა რეესტრმა ხარვეზი დაადგინა და მისი აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა.

რეესტრის განმარტებით ირკვევა, რომ კომპანია მშენებლობას შეთანხმებული პროექტის დარღვევით აწარმოებდა, რასაც კომპანიის დირექტორი უარყოფს: „მცირე ცდომილებაა მხოლოდ, რასაც ვასწორებთ, მივმართეთ მერიას“

ამონარიდი დოკუმენტიდან:

„სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე [პირველადი განშლა]… წარმოდგენილ ბრძანებაში მითითებული ფართები არ ეყრდნობა პროექტის სართულებრივ გეგმაზე ნაჩვენებ ფართებს. [არ ედრება საცხოვრებელი და საზაფხულო ფართი]; შენობა N4 ბრძანებით მითითებულია, როგორც საოფისე ფართი, ხოლო სართულებრივ გეგმაზე წერია დამხმარე ფართი. ასევე, შენობა N4-ს მეორე სართულის ფართს არ აწერია კვადრატულობა; პროექტის სართულებრივ გეგმაზე არა მითითებული აუზის ფართი “.

საჯარო რეესტრის მონაცემებით წმინდა ნინოს I ჩიხში, #9გ- ში გაერთიანებული მიწის ნაკვეთების ჯამი 5364 კვ. მეტრია და არა სამი ჰექტარი, როგორც ამას აჭარის მთავრობა წერს.

რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ერთი მხრიდან სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ტერიტორია ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი – კერძო საკუთრება.

კომპანიის დირექტორის, არჩილ ფარტენაძის განმარტებით, შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერას“ მფლობელები კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობენ საქართველოში, მათ შორის არის „აჭარა ლენდ ინვესტი“ , რომელმაც მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. მათთან დაკავშირებული კომპანიაა ასვე „შპს „ეუროპიან ვილაჯი აქვა“

„ნაკვეთებს შორის არის მცირე დაშორებები, ამიტომაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა კომპანიაზე გვაქვს გაფორმებული და ნებართვებიც ცალ-ცალკე გვაქვს მიღებული. ერთი კომპანიით მართვა რთულია და ამიტომ გადაწყვიტა ასე დამფუძნებელმა. ასევე, შესყიდული გვაქვს ნაკვეთი, რომელსაც უახლოეს მომავალში გადმოგვიფორმებს მესაკუთრე, ჯამში ეს ნაკვეთები 3 ჰექტარი იქნება“ – უთხრა არჩილ ფარტენაძემ „ბათუმელებს“. 

რეესტრის მონაცემებით, შპს „ეუროპიან ვილაჯი“ „ეუროპიან ვილაჯი აქვასთან“ ერთად ფლობს 4438 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ანდრია პირველწოდებულის ქუჩის #51-ის მიმდებარედ, სადაც სასტუმროს აშენებს. რეესტრის ინფორმაციით კომპანიას აქ 18 598.9 კვ.მეტრი ფართობი აქვს უკვე აშენებული. აქ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას გასული წლის მაისში გაუცია.

პროექტის რენდერი

საერთო ჯამში „ეუროპიან ვილაჯთან“ დაკავშირებული კომპანიები გონიოში რამდენიმე ნაკვეთს ფლობენ. არჩილ ფარტენაძის ინფორმაციით, მათ გონიოში ვილების მშენებლობა 2016 წელს დაიწყეს და ამ დროისთვის 22 ვილა აქვთ აშენებული.

„ვერავინ დადგება კანონზე მაღლა“ – გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერზე

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინზე სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემულ დაკავების ორდერს.

„კანონზე და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა შოლცმა დღეს, 18 მარტს, ტოკიოში ვიზიტის დროს, „ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი“ – დასძინა მან.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გუშინ, 17 მარტს გამოსცა.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

„არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადადაა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე. 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 164 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
  • ტანკი – 3 511 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 830 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 560 ერთეული [+8]
  • MLRS – 506 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 159 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 404 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 259 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 402 თვითმფრინავი
  • 221 ვერტმფრენი
  • 3 457 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 330 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 066 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 996 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ

აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ

„ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას, რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს,“ – ასეთი მოლოდინი აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. მისი აზრით, რუსეთს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, თუმცა სამხრეთით უკრაინელებს კონტრშეტევა მოუწევთ.

„მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, ეს საკითხი განსაკუთრებით სათუო გახდა. რუსებმა ბახმუტს მოაყარეს მთელი ძალები და უკრაინელებმაც მიაყარეს,“ – ამბობს ლაშა ბერიძე.

პოლკოვნიკს ვკითხეთ საქართველოზეც: რამდენად გაიზარდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა აგვისტოს ომის შემდეგ?

„ის, რომ საქართველოს დაარტყამენ, ეს განაცხადი არის მხოლოდ და მხოლოდ სამაშველო რგოლის გადაგდება „ქართული ოცნებისთვის,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი და დასძენს: „ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა გზით, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ნებისმიერი რუსული პროვოკაციის მოგერიება შევძლოთ. ჩვენ დაგვიცავს სწრაფი წინსვლა დასავლეთისკენ და ნატოსთან პარტნიორობა. მხოლოდ იმის ძახილი, რომ გვეშინია, გვეშინია, არ გამოვა. სუსტებს არავინ ეფერება…“ – გვითხრა პოლკოვნიკმა.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ლაშა, რა ხდება ამჯერად ბახმუტში? სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპი შენელებულია და „ვაგნერი“ კულმინაციას უახლოვდება. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რუსებმა ბახმუტიც ვერ აიღონ?

რუსებს თავი არ აქვთ, რომ მეტი რამ გააკეთონ. ბახმუტი რუსებმა აქციეს გარკვეულ გრავიტაციის ცენტრად, რითაც ბახმუტს მიანიჭეს უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მას აქვს. რუსებმა შექმნეს წარმოდგენა, რომ აი, ბახმუტს თუ აიღებენ, ფაქტობრივად, ომს იგებენ. სწორედ ამიტომ, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მთელი ძალებით ბოლომდე დაეცვათ ბახმუტი.

რუსებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს მდინარის გადალახვა, შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთ ნაწილში გადასვლა, ამიტომაც, ქალაქს უტევენ ფლანგებიდან. ისინი ცდილობენ სამხრეთიდან შემოვლას, რომ ფეხი მოიკიდონ, საკომუნიკაციო და ლოჯისტიკური გზები გადაკეტონ, რაც არ გამოსდით… ტაქტიკური სიტუაციის ანალიზი ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან ამისთვის სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გქონდეს.

მე არც მქონდა მოლოდინი, რომ რუსები ბახმუტს აიღებდნენ, თუმცა გარკვეულ წრეებში ეს მოლოდინი არსებობდა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, ეს საკითხი განსაკუთრებით სათუო გახდა. რუსებმა ბახმუტს მოაყარეს მთელი ძალები და უკრაინელებმაც მიაყარეს.

იმდენი იტრაბახა პრიგოჟინმა [კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელი] ბახმუტი ჩვენია, ჩვენიაო, თუ ვერ აიღებს, ეს იქნება გარკვეული შერცხვენა. კოორდინაცია არ არის რუს სამხედროებსა და ამ სამხედრო დაჯგუფებას შორის და ეს კარგია უკრაინელებისთვის: მოწინააღმდეგე როდესაც აბნეულია, ეს ყოველთვის შენს წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს გრძელვადიანი ომია, არაკონვენციური და გამომფიტავი. უკრაინას არ აქვს ამ ეტაპზე შესაძლებლობა, რომ სწრაფი ომი აწარმოოს. ბახმუტის აღებით კი რუსეთი ცდილობდა ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას, გარკვეული სტიმულის მიცემას თავისი ხალხისთვის – რომ აი, ქალაქი აიღეს. თუმცა, უკუშედეგი მიიღეს. ერთი მხრივ, ხალხს აჯერებენ, რომ იმპერია აქვთ, ამხელა ჯარი და ამ დრომდე ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი.

მორალურ და ფსიქოლოგიურ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი ბრძოლებია, მსხვერპლი დიდია. ჩემი აზრით, რა რესურსებიც აქვს უკრაინას, ამით ის ეფექტურ ომს აწარმოებს. გარკვეულ ეტაპზე ალბათ ყველას იორჭოფებდა, დავთმოთ უნდა თუ არა ბახმუტიო, უფრო დიდი ქალაქებია უკანა ხაზზე, მაგრამ ასეთი გმირული თავდაცვით ძალიან მაღლდება ქვეყნის თავდაცვითი მორალი. მძიმე საყურებელი იყო მარიუპოლი ალყაში, მაგრამ ბრძოლამ და შემართებამ, როგორ იცავდნენ ქალაქს, უკრაინელი ხალხის მორალი ძალიან აამაღლა.

  • იზრდება უკრაინის შესაძლებლობები, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს? 

უკრაინას ამდენი რესურსი ჯერჯერობით არ აქვს, რომ კონტრშეტევა შეძლოს.

ლოკალურ დონეზე, ტაქტიკურად, უკრაინელები ყოველდღიურად უტევენ, სტრატეგიული შეტევა შეიძლება და ალბათ განხორციელდება კიდეც სამხრეთის მიმართულებით, მაგალითად, მელიტოპოლის გასათავისუფლებლად და სამხრეთიდან დასავლეთისკენ, ბერდიასნსკი და ასე შემდეგ.

  • არის ამის ნიშნები? უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კოლაბორაციონისტებს უკრაინის სამხრეთიდან თავიანთი ოჯახები გაჰყავთ ყირიმში. რას აჩვენებს ეს თქვენთვის?

თუ ვინმეს სურს რუსეთში ცხოვრება, ალბათ დღესვე უნდა წაიყვანოს ოჯახი რუსეთში. თუმცა იმისთვის, რომ სამხრეთის მიმართულებით შეტევა განხორციელდეს, საჭიროა, პირველ რიგში, ძალიან ბევრი ჯავშანტექნიკა.

  • უკრაინას უკვე გადასცეს 115 „ლეოპარდი“, ასევე საფრენი აპარატები…

ეს არაა საკმარისი. უკრაინას მინიმუმ 1000 ერთეული ჯავშანტექნიკა სჭირდება. ჯავშანტექნიკის გარდა, აუცილებელია ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები. ეს კოლონა აუცილებლად უნდა დაიცვა 80 %-ით მაინც საჰაერო შეტევებისგან. ასეთი შეტევისთვის ასევე საჭიროა მინიმუმ ხუთჯერ მეტი საარტილერიო საბრძოლო საშუალებები, რაც დღეს უკრაინას აქვს.

განსაკუთრებით შორსმსროლელი საბრძოლო ტექნიკაა საჭირო, რათა რუსული საარტილერიო ბატარეები და დივიზიონების ჩახშობა მოახერხო. ასეთ შეტევას სჭირდება გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე დღეს უკრაინას აქვს. ომი, რომელსაც აწარმოებს უკრაინა, მუშაობს რუსეთის სამხედრო ძალების გამოფიტვასა და განადგურებაზე. თავდაცვითი ხასიათის ომის წარმოება გაცილებით მომგებიანია დღეს უკრაინისთვის.

  • არ უშვებთ, რომ შესაძლოა, რუსებმა შეტევის რესურსი ბოლომდე ამოწურონ, მაგრამ მოახერხონ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა? 

ის ტერიტორიები, რაც რუსებმა დათმეს, იმიტომ კი არ დათმეს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, არამედ დათმეს იმიტომ, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ბრძოლა თუ გაგრძელდება, ჩემი აზრით, რუსები ყველა ტერიტორიას დათმობენ. სამხრეთის მიმართულებით უკრაინელებს შეტევა ნამდვილად დასჭირდებათ. იქ დასახლებული პუნქტები ძალიან შორი-შორსაა, ჯავშანდაჯგუფებაა იქ საჭირო, რომ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეზე მიხვიდე.

ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას. რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს. როგორი იქნება ეს მსხვრევა, ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე არ ველოდები მასობრივ შეტევას უკრაინის მხრიდან, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ იქნება ისეთი რამ, როგორც ეს იყო ვიეტნამში, ავღანეთის პირველი ომი, მეორე ომი, ერაყის ომი, როცა დიდი ქვეყანა ვეღარ აგრძელებს ბრძოლას და იძულებული ხდება რაღაც პირობებს დათანხმდეს და წავიდეს იქიდან.

  • ჩანს უკვე რუსების გამოფიტვის ნიშნები? 20-29-მდე შემცირდა რუსული არმიის სახმელეთო შეტევის რაოდენობა, როცა თავდასხმების რიცხვი 90-100-მდე იყო. ეს არის უკრაინის არმიის პოლკოვნიკის, ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემები.

ყველა ინდიკატორის მიხედვით, რუსეთი არის გაცილებით დასუსტებული და დეგრადირებული, ვიდრე ეს იყო ომის დაწყებამდე. ომის დასაწყისში რუსეთს შეეძლო მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო დარტყმების. დღეს ფიზიკურად ძალიან შეზღუდულ ტერიტორიაზე თუ დაფრინავენ რუსი სამხედროები. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ძალიან მოძლიერდა და ყველა თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, რომელიც რუსების ზოლს გასცდება.

ომის დასაწყისში ჩვენ ასევე გვახსოვს უზარმაზარი კოლონებით შეტევა. რუსებს დღეს არც ამის შესაძლებლობა აქვთ. ერთადერთი მას დარჩა საარტილერიო დაბომბვები და ცოცხალი ძალის მიყრა. არავითარი ტაქტიკა და საბრძოლო ტექნიკა არ იგრძნობა.

  • გარდამტეხი რა შეიძლება გახდეს ამ ვითარებაში? 

ვფიქრობ, ამის ინდიკატორი იქნება ის, რომ რუსეთში გარკვეული შიდა დაპირისპირება დაიწყება კულისებს მიღმა, ან კულისებში. ასეთი მასშტაბის ომს და მსხვერპლს, ასევე სანქციებს ვერ გაუძლებს რუსეთი. ჩემი აზრით, რუსებს მოუწევთ დიდი ქალაქებიდანაც ახალგაზრდების წაყვანა. რაც უფრო მეტი კუბო ჩავა რუსეთში, მით უფრო მალე გატყდება რუსეთი.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, პრიგოჟინს სურდა ხაზი გაესვა საკუთარი მნიშვნელობისთვის და თავად მოიგონა, რომ კრემლი მის ჩამოშორებას ცდილობდა. თქვენი დაკვირვებით, რა სახეს იღებს პრიგოჟინის და შოიგუს დაპირისპირება?

ეს დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და პრიგოჟინი ცდილობს, რომ გარკვეულწილად ეროვნული გმირის როლი მოირგოს, ხოლო შოიგუ და რუსი სამხედროები გამოიყვანოს „ჩმორის“ როლში. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, რადგან შოიგუს და რუსეთის გენშტაბს მართლაც არაფრის უნარი არ აქვთ, სამხედრო თვალსაზრისით რომ შევაფასოთ. პრიგოჟინი ბანდიტური მენტალიტეტის ადამიანია და ისე იქცევა, როგორც მტაცებელი. „ვაგნერის“ დაჯგუფება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტურობით თავდაცვით ქვედანაყოფებთან შედარებით, აქ არის დიდი პიარკამპანია და უფრო ის მომენტი, რომ „ვაგნერს“ შეუძლია მსხვერპლი იოლად გაიღოს, თავდაცვის სამინისტროს კი, ამის საშუალება არ აქვს. მომზადებული სამხედრო ოფიცერი იმას ვერ გააკეთებს, რასაც ბანდიტები აკეთებენ. მათ არანაირი მორალური ზღუდე არ აქვთ.

რაღაც პერიოდი იყო პრიგოჟინი პუტინის ფავორიტი, რაც შეიცვალა. ძნელია გაიგო, რა მოსწონს და რა არ მოსწონს პუტინს, იზოლაციაში მყოფ ოლიგარქს და დიქტატორს. პრიგოჟინს სურს, როგორმე თავდაცვის სამინისტროში შეძვრეს და დაწინაურდეს მმართველ რგოლში, თუმცა რეალურად ჩანს, რომ რესურსი პრობლემაა – შეტევაზე წასულ „ვაგნერის“ მებრძოლებს ავტომატებიც რომ არ ჰქონდათ, თავად ჰყვებოდნენ. თანაც, ავტომატებს ხომ თავად აწარმოებენ, მაგრამ აქ უკვე მხოლოდ წარმოება არ არის პრობლემაა. სერიოზული პრობლემები აქვთ ლოჯისტიკაში.

  • ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, იმდენად გაუარესდა, რომ ფრონტის ბევრ ადგილას ჭურვების გამოყენებაზე უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს.

საბრძოლო მასალები არის ისეთი რამ, რის წარმოებასაც შეძლებს რუსეთი, გაზრდის წარმოებას, რაღაცას მოიფიქრებს და ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს გახდება პრობლემა. რის წარმოებაც არ შეუძლია რუსეთს, ეს არის მომზადებული პირადი შემადგენლობა. რუსეთს ამის წარმოება არ შეუძლია, რაც სჭირდება შეტევისთვის.

  • დღეს გაირკვა, რომ სლოვაკეთი გადასცემს უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს. ეს რამდენად ცვლის უკრაინის საჰაერო სამხედრო შესაძლებლობას? 

ყველაფერი, რასაც გადასცემენ უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პირველი პრიორიტეტი ამ ეტაპზე უკრაინისთვის არის საბრძოლო მასალების მიწოდება, რაც სჭირდება ხუთჯერ და ექვსჯერ მეტი, ვიდრე დღეს აქვს. შემდეგია, რაც შეძლება მეტი ჯავშანტექნიკა და სარაკეტო დაცვის საშუალებები.

შეტევისთვის უკრაინას, რა თქმა უნდა, სჭირდება უფრო მეტი ავიაცია. უკრაინას ახლა სჭირდება ბომბდამშენი ავიაცია, რომ დაბომბოს რუსული პოზიციები.

  • შავ ზღვაზე მინდა გკითხოთ: აშშ-ის განცხადებით, ამერიკული სადაზვერვო დრონი, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მანევრის შედეგად, შავ ზღვაში ჩავარდა. ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან „უგუნურ“ ქმედებაზე საუბრობს, მოსკოვში კი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას.

რუსებმა აღმოაჩინეს დრონი და ჩამოაგდეს ისე, რომ სროლა არ უნდოდათ. შემდეგ რაღაც მანევრი ჩაატარეს, ბენზინი გადაასხეს და ვითომ გაითამაშეს, რომ თვითმფრინავი დაეჯახა ცაში… ამას ჰქვია ვირეშმაკობა, ზემო იმერული დიალექტით რომ ვთქვათ.

ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თვითონ დრონების ასეთი აქტიური მოქმედება შავი ზღვის მიდამოებში ძალიან კარგია, რადგან ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ. ეს იმას აჩვენებს, რომ ამერიკული სადაზვერვო საშუალებები გააქტიურებული არიან, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ და ნატოს ძალების განლაგება შავი ზღვის აკვატორიაში იცვლება. ისე არ იქნება ახლა, რომ დრონის ჩამოგდების შეეშინდათ ამერიკელებს და კიდევ არ ააფრენენ დრონებს. ვფიქრობ,  რუსები თუნდაც ასეთი მანევრის ჩატარებას ვეღარ მოახერხებენ. თუკი აქამდე დომინანტი იყო რუსეთი შავ ზღვაზე, ახლა ვიხილავთ, რომ რუსეთი აღარ იქნება ამ აკვატორიაში ძირითადი მოთამაშე და ვნახავთ ნატოს გააქტიურებას.

  • რამდენად ზრდის ეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას? რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“. რამდენად ხედავთ ამის საფრთხეს დღეს და თავდაცვის რა საშუალებები აქვს საქართველოს, რა გაუმჯობესდა და შეიცვალა აგვისტოს ომის შემდეგ?

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი თავდაცვითი უნარები დიდად არ გაუმჯობესებულა, რა ინფორმაციაც მე მაქვს, 8 წელია წამოსული ვარ შეიარაღებული ძალებიდან. თუმცა ის, რომ საქართველოს დაარტყამენ, ეს განაცხადი არის მხოლოდ და მხოლოდ სამაშველო რგოლის გადაგდება „ქართული ოცნებისთვის“.

რეალურად, რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა ამ ეტაპზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. რუსეთს სჭირდება კავკასიაში მშვიდობა. კარგად ვნახეთ ყველამ ყარაბაღის შემთხვევაში როგორ წავიდა სომხეთი დათმობაზე აზერბაიჯანთან.

რუსეთი არის მტერი და მისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ თავდასხმას, ამიტომაც, უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენ თავდაცვით ძალებს, რაც შეიძლება მეტი რეზერვები უნდა მომზადდეს, ამ დროს კი, ხელისუფლება მარტო იმას გვეუბნება:„აბა, ომი გინდათ?“ ეს ძალიან ცუდი ნათქვამია, ომი არავის უნდა. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ რუსეთი ერთადერთ შემთხვევაში ვერ გაბედავს პროვოკაციის მოწყობას საქართველოში, თუ იცის, რომ ეს დაუჯდება ძვირად და ჩვენ გავცემთ ისეთივე პასუხს, რა პასუხსაც სცემენ უკრაინელები.

ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის ძალები, ვერ გეტყვით, რომ შეგვიძლია რუსული შემოტევის მთლიანად მოგერიება, მაგრამ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ნებისმიერ დროს დაგვბომბონ, რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა გზით, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ნებისმიერი რუსული პროვოკაციის მოგერიება შევძლოთ.

ჩვენ დაგვიცავს სწრაფი წინსვლა დასავლეთისკენ და ნატოსთან პარტნიორობა. მხოლოდ იმის ძახილი, რომ გვეშინია, გვეშინია, არ გამოვა. სუსტებს არავინ ეფერება თავზე. ასე რომ, პირველ რიგში, სუსტები არ უნდა ვიყოთ.

ბინების გაყიდვების 60% ახალ ბულვარზე მოდის – როგორ იზრდება საბინაო ფონდი ბათუმში

ბათუმში უძრავი ქონების საბინაო ბაზარზე გარე მოთხოვნას არაპროპორციულად მაღალი ზეგავლენა აქვს, რაც გასულ წლებში მეტწილად ტურიზმის გავლენით იყო განპირობებული, გასული წლიდან დღემდე კი ფასების ისედაც მზარდი ტენდენცია ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დრამატულად შეცვალა რუსეთის მოქალაქეების დაინტერესებამ, რომელთაც ბათუმში ბინები მაღალ ფასად და ხანგძლივი ვადით იქირავეს ან იყიდეს.

უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმში ქირის ფასი 100%-ით გაიზარდა და საშუალოდ 300 აშშ დოლარიდან 1200 დოლარამდე მერყეობს. გასული ზამთარი კი იყო პირველი ბოლო წლებში, როცა ბათუმში ბინის ქირის ფასი არ შემცირებულა და პირიქით – გაიზარდა.

ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ცვლილების გავლენას ქალაქის განაშენიანების ტენდენციებზე კარგად გვაჩვენებს ბათუმის გენგეგმის უკვე მომზადებული ნაწილიც, რომელიც მერიას უკვე ჩაბარდა. დოკუმენტი ბათუმის საბინაო ფონდის ფორმირების ბოლო წლების, როგორც პანდემიამდელ, ასევე პანდემიის შემდგომ ტენდენციას მიმოიხილავს.

ბათუმის გენგეგმაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მუშაობს.

კომპანიის განმარტებით, კვლევაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა სხვა კვლევების შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობენ ბათუმის მერიისა და ზოგიერთი სხვა უწყების მიერ გაზიარებული ინფორმაციიდან, სტატისტიკური და ლიტერატურული მასალის ანალიზიდან, ბოლო პერიოდში ჩატარებული საცხოვრისის ბაზრის კვლევების მონაცემებიდან და მიგნებებიდან; ასევე, გენგეგმის ჯგუფის მიერ ქალაქში განხორციელებული საველე–ვიზუალური დაკვირვებებიდან და სხვადასხვა ექსპერტული ანალიზიდან.

ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბათუმის საბინაო ფონდი დღეისთვის არანაკლებ 5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს უნდა მოიცავდეს. კვლევაშივეა ნათქვამი, რომ ეს ვარაუდია და საბინაო ფონდის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

ზემოთ მითითებული საბინაო ფონდის მოცულობა მიახლოებითი გამოთვლების შედეგია და შემდეგ პარამეტრებს ეყრდნობა:

  • ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის, „ენერგო-პრო“-ს მიერ კომპანიისთვის გადაცემული მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრისათვის ბათუმში აბონენტების რაოდენობა, საყოფაცხოვრებო სექტორში 90 ათასზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ ქალაქში ამ რაოდენობის ბინა ან სახლია.
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის საყოველთაო აღწერით, ბათუმში შინამეურნეობის [იგულისხმება მესაკუთრე ან ოჯახი] საშუალო ზომა 3.1 ადამიანს შეადგენდა. [ეს ციფრი შემდგომი წლების განმავლობაში იმდენად მნიშვნელოვნად ვერ შემცირდებოდა, რომ დიდი გავლენა იქონიოს გამოთვლაზე]
  • საქსტატის იმავე პერიოდის მონაცემებით, ბათუმში საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 18 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი მოდიოდა.

კომპანიის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი სამი პარამეტრის გამრავლება გვაძლევს დაახლოებით ინდიკაციას ქალაქში საცხოვრებელი ფართობის საერთო მოცულობაზე, რაც, 5 მილიონი კვ.მ-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ციფრი „გაბერილია“, საბინაო ფონდის საერთო მოცულობა 4.5 მლნ კვ.მ-ზე ნაკლები მაინც არ იქნება.

მსჯელობას ამყარებს საერთაშორისო კომპანია „კოლიერსის“ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ბათუმში 6,424 ბინა აშენდა, რომლის საერთო ფართობი 1.4 მილიონ კვ.მეტრ ფართობს აღემატება. „თიბისი კაპიტალის“ თანახმად კი, კიდევ 1.25 მილიონი კვ.მ. ფართობის 130 პროექტის მშენებლობა 2019–20 წლებში უნდა დასრულებულიყო.

კვლევის მიხედვით, ბათუმში საბინაო დეველოპმენტის ბოლო წლების შთამბეჭდავი მასშტაბები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დღეისათვის ქალაქში დაახლოებით 5 მილიონი კვადრატული მეტრი საბინაო ფონდია ფიზიკურად ხელმისაწვდომი.

ეს ნიშნავს, რომ მექანიკური გადათვლის შემთხვევაში, ბათუმში რეზიდენტ ერთ სულ მოსახლეზე უკვე არანაკლებ 30 კვ.მ. საბინაო ფართობი მოდის. თუმცა, საცხოვრისის ბაზრის ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ფორმალური გადათვლა ზუსტად ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას – ესეც ვარაუდია.

კვლევის მიხედვით, საცხოვრისის ბაზარზე დეველოპერთა ბოლოდროინდელმა ჰიპერაქტიურობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა არა მხოლოდ ბათუმის საბინაო ფონდის მოცულობაში, არამედ შეცვალა მისი სტრუქტურა და ქალაქის უძრავი ქონების, კერძოდ საცხოვრისის ბაზარს განსხვავებული შტრიხები შესძინა. მათ შორის არის საბინაო მშენებლობის მოცულობის სწრაფი ზრდა წლიდან წლამდე.

რაც შეეხება გაყიდვებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს ბაზარზე გამოჩენილ ახალაშენებული ბინების 40% პრემიუმ სეგმენტს განეკუთვნებოდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს.

ბინების ნახევარი, რომლებიც ბაზარზე მხოლოდ 2018–19 წლებში უნდა გამოსულიყო, 2017–ში უკვე გაყიდული იყო. ამ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების საერთო ღირებულებამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით კი 2018 წელს ის კიდევ 22%–ით გაიზარდა და 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

საინტერესოა, რომ 2018 წელს ბათუმის მასშტაბით რეალიზებული ბინების საცხოვრებელმა ფართობმა 665 000 კვ.მ. შეადგინა.

აღნიშნული წყარო გვაძლევს მკაფიო სურათს, თუ რა გეოგრაფიული თავისებურება ახასიათებს ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებს.

ბოლო პერიოდში გაყიდვების 60% ახალ ბულვარზე მოდის. ზოგადად, პანდემიამდელ წლებში პირველი ზოლი, რომელშიც ახალი ბულვარიც შედის, ლიდერობდა საბაზრო ტრანზაქციების რაოდენობით [10 000–ზე მეტი], ხოლო გარეუბნები – გაყიდული ფართობით [500 000 კვ.მ-ზე მეტი].

ყველა ამ მონაცემზე დაყრდნობით სპეციალისტები ასკვნიან, რომ საბინაო ბაზარზე, გარე მოთხოვნას აქვს არაპროპორციულად მაღალი ზეგავლენა და ამას ურბანული პოლიტიკისთვისაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა.

ამ ყველაფრის ფონზე, 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში, განსაკუთრებით მწვავე პრობლემის წინაშე დგანან ის მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ქირით ცხოვრობენ.

მათ საცხოვრებლის დატოვება მაისამდე უნდა შეძლონ – ასეთია მოთხოვნა „დიასახლისების“, რომლებიც უკვე ბინების „სეზონური, საზაფხულო გაქირავებებისთვის“ ემზადებიან.

ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს – „სამზარეულოში ტრიალს ეს მირჩევნია“

ნატალია შანთაძე სოფელ ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. სოფელში ნატალიას ყველა იცნობს – ეს ის ქალია, რომელიც მოტობლოკით მეზობლებს მიწას უმუშავებს.

45 წლის ნატალია ოთხი შვილის დედაა. იგი ყოველ დილას 5 საათზე დგება და სამსახურში მიდის. ქობულეთში, დასუფთავებაში მუშაობს. მიწის დამუშავება ნატალიასთვის დამატებითი შემოსავალია – ოთხ შვილს ბევრი სჭირდება.

„ჩემი მეუღლე სულ ემიგრაციაში იყო, მე სახლში ბავშვებს და ავადმყოფ დედამთილს ვუვლიდი. რამდენიმე წლის წინ ჩემს მაზლს ვთხოვე, მოტობლოკის ყიდვაში დამხმარებოდა. ძალა უნდა მიწის დახვნას, აღმოჩნდა, რომ მე შედარებით იოლად გავუმკლავდი. ჯერ მარტო ჩემს ბაღჩას ვხნავდი. მოსავალი რომ ავიღე და მეზობლებმა დაინახეს საქმე კარგად გამომდიოდა, შემომთავაზეს მათაც დავხმარებოდი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ნატალია.

მოგვიანებით ნატალიას მეუღლე საქართველოში დაბრუნდა და ახლა ცოლ-ქმარი ერთად შრომობს.

„შეიძლება ზოგ ქალს გაეცინოს, მაგრამ ჩემი მეუღლე როცა სახლშია, ბავშვს უვლის, ბაღში მიჰყავს, საჭმელს უმზადებს. მე მას ვეხმარები, ის მე მეხმარება.

მძიმე სამუშაოა შეიძლება რასაც ვაკეთებ, მაგრამ მე თვითონ მსიამოვნებს. იცი რატომ? აი, მთელი დღე სამზარეულოში რომ დააღამო და გაათენო, მაინც არაფერი არ ჩანს, მაინც იგივეა.

კაცები აგერ შეშას დაჩეხავენ, ტრაქტორით იმუშავებენ და ჩანს… მე რომ ვმუშაობ, მთელი სოფელი მიყურებს და ხედავს – აუ, შენ რამდენს შრომობო. გარეთ შრომა უფრო ჩანს.

და სახლში, კარგად იცით, სისუფთავეს ძალიან, ძალიან დიდი დრო სჭირდება, დილიდან საღამომდე რომ აკეთო, ოთხ ბავშვთან მით უმეტეს, მაინც არ ჩანს. თუმცა მაინც, კაცის და ქალის საქმე რამ გაყო?“ – ამბობს ნატალია.

მისი თქმით, მართალია, მიწაზე მუშაობა ურჩევნია, მაგრამ სამზარეულოშიც ძლიერია –  კარგი ხელი მაქვს, ყველაფერი კარგად გამომდისო – ამბობს.

ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს

ნატალიას ოთხი შვილი ჰყავს. გოგო საკონდიტროზე სწავლობს, ერთი ბიჭი სკოლას ამთავრებს და მეზღვაურობას აპირებს, კიდევ ერთი ბიჭი მერვე კლასის მოსწავლეა, ყველაზე პატარა კი ბაღში დადის.

მეოთხე შვილი რომ შეეძინა, მთავრობისგან დახმარების სახით 1000 ლარი მიიღო. ამ თანხით ოჯახმა შესაწამლი აპარატი იყიდა და ახლა ამ აპარატით ყოველ გაზაფხულზე შემოსავალი აქვთ. როცა საკუთარ ბაღებს შეწამლავენ, მერე მეზობლების ბაღებში მუშაობენ.

ნატალია ამბობს, რომ ზოგჯერ, ზაფხულობით ბავშვები სამსახურშიც მიჰყავს, რათა მათაც ნახონ, როგორ მუშაობს.

„ჩემს შვილებს ჩემთან ერთად შრომას ვასწავლი. ხანდახან შაბათ-კვირას ბევრია დასასუფთავებელი და დამყავს, რომ იცოდნენ, თუ არ ისწავლიან, იქნებიან ისე, როგორც მე ვარ – სხვის ბაღჩებს ვხნავ და ვცდილობ, შვილებს არაფერი მოვაკლო. მინდა, ასე არ იყვნენ, ისწავლონ და რაც შეიძლება, მეტი მივცე.

მე იმას კი არ ვიძახი, რომ მიწაზე შრომა ცუდია. მშრომელი ხალხიც სჭირდება ქვეყანას, ყველა მინისტრი ხომ ვერ გამოვა. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ,“ – ამბობს ნატალია.

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებზე – ექიმის რჩევები

კვანძები ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობამ შესაძლოა იქამდე ვერ გაიგოს, რომ კვანძი აქვს, სანამ ეს პროფილაქტიკური გამოკვლევისას ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის დიაგნოსტირებისას არ გამოჩნდება. თუმცა “ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის” ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ზოგჯერ შეიძლება ზომაში იმდენად გაიზარდოს, რომ გახდეს ხილული ან/და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა.

ენდოკრინოლოგ თეონა გოგიტიძეს „ბათუმელები“ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების წარმოშობის მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა, რას წარმოადგენს კვანძები ფარისებრ ჯირკვალში?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მოცულობითი წარმონაქმნი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში. ნორმალურ მდგომარეობაში აქ კვანძოვანი ჩანართები არ უნდა გვხვდებოდეს, ფარისებრ ჯირკვალში უნდა იყოს ჰომოგენური, ერთგვაროვანი სტრუქტურა.

  • როგორ კვანძები არსებობს?

ძირითადად, უხეშად რომ დავყოთ, არსებობს ორი სახის კვანძი – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.

ჯერ ჩნდება კისტოზური ჩანართი, იგი განიხილება არა კვანძოვან ჩანართად, არამედ კვანძოვანი ჩანართის წინაპირობად. 

კისტოზური ჩანართები ფარისებრ ჯირკვალში არის სითხით სავსე ბუშტის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა გადაიზარდოს კვანძოვან ჩანართში, გაიკეთოს კაფსული, გადაგვარდეს ქსოვილოვან სტრუქტურაში და ჩამოყალიბდეს კვანძად. 

კეთილთვისებიან კვანძოვან წარმონაქმნებში უფრო მეტად იგულისხმება ადენომები, რომლებიც არ იძლევიან მეტასტაზებს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, არ ახასიათებთ მკვეთრი ზრდა და გადაგვარება ავთვისებიან ქსოვილში.

ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს, რა თქმა უნდა, უფრო მეტია რისკი იმისა, რომ განვითარდეს მეტასტაზები, გავრცელდეს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში პირველ რიგში და შემდგომ – სხვადასხვა ორგანოში, უფრო მეტად – ფილტვებში. 

  • რამ შეიძლება განაპირობოს ფარისებრ ჯირკვალში კვანძების წარმოქმნა?

ძირითადად, ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჩვენთან იოდის დეფიციტია ორგანიზმში, რაც საკმაოდ ხშირია იოდდეფიციტურ ზონებში. ჩვენს ქვეყანაში ასეთ ზონებს მიეკუთვნება მაღალმთიანი რეგიონები, სადაც იოდის დეფიციტია წყალში და საკვებში, ამიტომაც აქ ხშირად ვითარდება კვანძოვანი ჩანართები.

გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება იყოს რადიაციული ფონის მომატება და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

  • გარდა ავთვისებიანობისა, სხვა რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ესა თუ ის კვანძოვანი ჩანართი ფარისებრ ჯირკვალში?

შეიძლება გვქონდეს კვანძოვანი ჩანართები ფარისებრ ჯირკვალში, მაგრამ არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. 

კვანძოვან ჩანართებს ახასიათებთ ზრდა. კეთილთვისებიანიც რომ იყოს, თუ ზომაში გაიზარდა, მაგალითად გახდა სამ სანტიმეტრზე მეტი (გააჩნია რა ლოკალიზაციისაა), შეიძლება მოგვცეს კომპრესია, დაწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე, იქნება ეს სასულე თუ საყლაპავი, შეიძლება ზეწოლა გამოიწვიოს საძილე არტერიაზე, რამაც შემდგომი კლინიკური სურათი მოგვცეს – ყლაპვის გაძნელება, ან ხველა, ან თავბრუსხვევა იმის გამო, რომ საძილე არტერიებზე ზეწოლა ხდება; ასევე, შეიძლება მოგვცეს არტერიული წნევის ცვალებადობა იმის გამო, რომ სისხლის მიმოქცევას აუარესებს თავის ტვინში. ძირითადად ეს არის ის, რაც კეთილთვისებიან კვანძოვან ჩანართებს შეუძლია გამოიწვიოს.

თუ ავთვისებიანია, როგორც აღვნიშნეთ – იძლევა მეტასტაზებს და რა თქმა უნდა, სამკურნალოა აუცილებლად. რა სამკურნალო მეთოდს გამოვიყენებთ, ამას ენდოკრინოლოგი და ქირურგი წყვეტს.

ასევე, შესაძლოა იყოს ტოქსიკური კვანძები. ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვან ჩანართებს ახასიათებთ ავტომატურად თავისი (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების გამოყოფა, ამას ახერხებს კვანძი მას შემდეგ, რაც ავტონომიურობას იძენს დროთა განმავლობაში და შეიძლება მოგვცეს თირეოტოქსიკოზის გამოვლინება, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის კლინიკური სურათი.

  • რადგან ყოველთვის სიმპტომები არ ახასიათებს, ვისთვის როდის არის რეკომენდებული პროფილაქტიკური კვლევა ამ მხრივ?

პროფილაქტიკური კვლევა რეკომენდებულია პირველ რიგში ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით პუბერტატულ, ანუ გარდატეხის პერიოდში. ამ პერიოდში ფარისებრი ჯირკვალი აქტიურად მუშაობს და შეიძლება მოგვცეს ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში. სკრინინგის მეთოდში ითვლება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ფუნქციის შემაფასებელი ჰორმონის, ეს არის TSH – თირეოტროპული ჰორმონის შემოწმება.

ასევე, აუცილებელია შემოწმება ორსულობისას.

აჭარაში დანერგილია ფარისებრი ჯირკვლის კვლევის სკრინინგული პროგრამა, რომელშიც შედის ორსულისთვის ექოსკოპია, ჰორმონალური კვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ეს აუცილებელია, რათა არ გამოგვეპაროს, თუ ორსულობის პერიოდში გვაქვს რაიმე პატარა ცვლილება, რომ ნაყოფი ჩამოყალიბდეს და განვითარდეს სწორად და იმისთვის, რომ შემდგომში ნაყოფს არ ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. 

ასევე რეკომენდებულია სკრინინგი 65 წლის ზემოთ ადამიანებში, პირველ რიგში ქალებში, რადგან სტატისტიკურად, ქალებში უფრო ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

  • როგორია პრევენციული ზომები?

პირველ რიგში პროფილაქტიკური ღონისძიებებით დავიწყოთ. პრევენციული მეთოდი გულისხმობს იოდიზებული მარილის გამოყენებას და ძალიან კარგად დაგვეხმარა ეს მეთოდი, დიდი ხანია დანერგილია და შეამცირა კიდეც სტატისტიკურად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები [რეგიონში].

კვებითი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ მიიღოს ზღვის პროდუქტებით გაჯერებული საკვები, ასევე იოდის შემცველი ხილი, მაგალითად: ხურმა, კივი, ფეიხოა. ასეთი საკვები განსაკუთრებით რეკომენდებულია აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ეს იოდ-დეფიციტური ზონაა.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

გააჩნია ზომას. რაც უფრო ადრეულ პერიოდში დიაგნოსტირება კვანძოვანი ჩანართები, ბუნებრივია, უკეთესია, იმიტომ, რომ წინასწარ პროფილაქტიკური ღონისძიებებითა და წინა მკურნალობებით შეგვიძლია ხელი შევუშალოთ კვანძის ზრდას, განვითარებასა და შემდგომ გადაგვარებას. 

დიაგნოსტირების მეთოდია პალპაცია, რაც გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის დათვალიერებას თითების მეშვეობით. ფარისებრ ჯირკვალში იოლად შეიძლება იგრძნო თითებით კვანძოვანი ჩანართი, იმიტომ, რომ ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა არის ძალიან რბილი, ელასტიკური და მოძრავი, თუ რაიმე ცვლილება არის, შესაძლებელია თითების საშუალებითაც დიაგნოსტირდეს, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. 

შემდგომ, თუ რაიმე საეჭვოა, ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია. იქვე შეიძლება შეფასდეს ზომა, ფორმა, სტრუქტურა, სისხლმომარაგება და კვანძოვანი ჩანართი ფარისებრ ჯირკვალში.

იმისდამიხედვით, თუ რა ულტრასონოგრაფიული სურათი იქნება, ექიმი წყვეტს, არის თუ არა საჭირო პუნქციური ბიოფსია, ანუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძვანი ჩანართის ასპირაციული ბიოფსია, რის დროსაც ჩანართის რამდენიმე ადგილიდან ვიღებთ უჯრედების ნაწილს ულტრასონოგრაფიული კონტროლით და ვაფასებთ ამ უჯრედების ხასიათს.

ციტოლოგიური კვლევა გვაძლევს პასუხს, რამდენად არის ავთვისებიანად გადაგვარების საშიშროება და ამის მიხედვით ვწყვეტთ მკურნალობის მეთოდს.

  • მკურნალობა რას მოიცავს?

თუ პატარა კვანძოვანი ჩანართია, იქ ჰორმონალური სტატუსი გვაძლევს საშუალებას ან იოდის პრეპარატით დავიწყოთ მკურნალობა ან გამოვიყენოთ ე.წ. სუპრესიული თერაპია – დავიწყოთ ეუთიროქსის ძალიან პატარა დოზის მიღება, რაც ხელს უშლის კვანძოვანი ჩანართების შემდგომ ზრდას, იმისთვის, რომ თირეოტროპული ჰორმონი ზედმეტად არ გაიზარდოს.

მეორე მეთოდია ოპერაციული ჩარევა. თუ კვანძი დიდია, პროტოკოლით არის მოწოდებული შეფასების მეთოდები, როდის ვიყენებთ ფარისებრი ჯირკვლის ირგვლივ კვანძოვანი ჩანართების ოპერაციულ ჩარევას. 

ექოსკოპიური სურათი და შემდგომ პუნქციური ბიოფსია გვაძლევს იმისი საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, ეს ჩანართი არის ავთვისებიანობისკენ მიდრეკილი თუ არა. თუ არ არის, შესაძლოა მედიკამენტურად ვმართოთ კვანძოვანი ჩანართი და დიდი ხნის განმავლობაში, დინამიკაში დავაკვირდეთ.

თუ ჰორმონალური კვლევისა და პუნქციური ბიოფსიის მონაცემებით საჭიროა ქირურგიული ჩარევა, მაშინ ხდება ქირურგიული ჩარევა, თუმცა ამის შემდეგაც პაციენტი ბრუნდება ენდოკრინოლოგთან და მისი მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობასა და დაკვირვებას.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისარის თანამდებობა უკავია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში.

„არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადააა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტებმა პრორუსი პოლიტიკოსების საგანზე უარი თქვეს, რატომ არ არის ეს დევნა – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, საზოგადოების პროტესტის ფონზე, რუსულ კანონს მისცეს ხმა, თსუ-ს სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათი საგანი გააუქმეს და განაცხადეს, რომ არ აქვთ პრორუსი პოლიტიკოსების ლექციების მოსმენის სურვილი. სტუდენტები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ერთ-ერთ ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილსაც, რომელიც ასევე პრორუსულ „ალტ-ინფოზე“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა.

რამდენად ლეგიტიმურია სტუდენტების პროტესტი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, სოციალურ ქსელებში იყო კითხვები იმაზე, ხომ არ არის ეს ადამიანების დევნა მათი „განსხვავებული პოზიციის“ გამო და რამდენად შეიძლება „განსხვავებული პოზიცია“ ვუწოდოთ დღეს რუსეთის მხარეს დგომას?

ეპითეტი „დევნა“ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი არის არასამართლიანი და უსაფუძვლო.

სტუდენტების პროტესტი ვერანაირად ვერ იქნება დევნა, რადგან სტუდენტები არ წყვეტენ, ვინ უნდა დარჩეს უნივერსიტეტში. დევნა არის ქმედება, როცა ხდება ადამიანის რეპრესია და გაშვება უნივერსიტეტიდან.

„განსხვავებული პოზიცია“ რას ნიშნავს? თქვენ რომ გერმანიაში მოინდომოთ და ნაცისტური იდეები გამოფინოთ, დაგაპატიმრებენ, ციხეში ჩაგსვამენ დაგეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ამიტომ გააჩნია, პოლიტიკურ პოზიციას. თუ პოლიტიკური პოზიცია არის ფაშიზმის კულტივაცია, ის უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა.

სტუდენტები პროტესტს აცხადებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ღიად იბრძვის საქართველოს ევროპული განვითარებისთვის. ასეთი პროტესტის გამოთქმის უფლება სტუდენტებს, ცხადია, აქვთ.

გერმანიაშიც სტუდენტები პროტესტს უცხადებდნენ ყველა იმ პროფესორს, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმთან და ფაშიზმთან თანამშრომლობდნენ.

ასე, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, თავიანთი პროევროპული ღირებულებები დაიცვან, რადგან პროევროპული ღირებულებები ამავე დროს არის ჰუმანური ღირებულებები – თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, რის რეპრესირებასაც ახდენს რუსული ავტორიტარული რეჟიმი.

ამიტომ, ეს პროტესტი ჩვენ ღირებულებით კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, როცა ამბობს, რომ სტუდენტს რა უფლება აქვს გააპროტესტოს ლექტორის სოციალური ქცევა საუნივერსიტეტო სივრცეში.

სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თუ ქვეყანაში მყარდება ისეთი რეჟიმი, რომელიც სამოქალაქო სექტორის და იმ ღირებულებების რეპრესირებას ახდენს, რაც საზოგადოების დემოკრატიულ მშენებლობას სჭირდება, სტუდენტებმა სწორედაც რომ უნდა ამოიღონ ხმა და აქამდე იმაზე ვწუხდით, რომ სტუდენტები ამას არ აკეთებდნენ.

არ უნდათ სტუდენტებს აუდიტორიაში „ალტ-ინფოს“ იდეოლოგია, რომელიც დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული და დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას ეწინააღმდეგება და იკეტება ულტრა-ნაციონალური იდეოლოგიების ჩარჩოში.

  • სოციალურ ქსელში როცა ამ საკითხს განიხილავდნენ, ერთი ადამიანი წერდა, რომ რა განსხვავებაა, „ლევან ბერძენიშვილს შევუშლით ხელს ლექციის ჩატარებაში, თუ ირაკლი კობახიძეს?“ შეგიძლიათ ახსნათ, რა განსხვავებაა ამ ორ ხელშეშლას შორის?

განსხვავება ძალიან დიდია, რადგან შევხედოთ, რას ემსახურება ერთი და რას – მეორე. ბერძენიშვილი ემსახურება დემოკრატიულ, ლიბერალურ ღირებულებებს, კობახიძე, თავისი რიტორიკით, ემსახურება რუსულ ავტორიტარიზმს და განსხვავება არ არის?!

აქ ავტორიტარიზმი და დემოკრატია უპირისპირდება ერთმანეთს. ბერძენიშვილი დემოკრატიის სამსახურში დგას, კობახიძე – ავტორიტარიზმის, როგორ არ არის განსხვავება.

პროტესტი თავისთავად ხომ არ არის თვითმიზანი, პროტესტი ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში და რისთვისაც ეს პროტესტი არის ინსტრუმენტი, იქ არის სწორედ რადიკალური განსხვავება.

აქ არის დაპირისპირება ორ იდეოლოგიას შორის – ეს არის ლიბერალიზმი და ავტორიტარიზმი.

  • „ქართული ოცნება“ ბოლო დღეებია აქტიურად ცდილობს ტერმინის „ლიბერალური ფაშიზმის“ პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?

ეს ტერმინი საიდანაც წარმოიშვა და ის, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება, დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ეს ტერმინი გაჩნდა, როდესაც მემარცხენე ორიენტაციის ადამიანებმა გამოაცხადეს, რომ დემოკრატიის სამსახურში უნდა ჩადგეს ხელისუფლება.

ანუ როცა ითქვა, რომ ლიბერალიზმის დამკვიდრებაზე ხელისუფლება უნდა გახდეს პასუხისმგებელი და არა სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ უწოდეს ამას „ლიბერალური ფაშიზმი“. თუ სახელმწიფოს ხელშია ყველაფერი და დემოკრატიული საზოგადოების აშენება ხელისუფლების პრეროგატივაა მხოლოდ, აი, ეს არის ლიბერალური ფაშიზმიო.

დღეს რა მნიშვნელობითაც იყენებს „ქართული ოცნება“ ამ ტერმინს, ეს არის ოქსიმორონი (ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის გამომრიცხველი შეხამება), ანუ „ლიბერალური ფაშიზმი“ იგივეა, რაც მრგვალი კვადრატი.

როგორც კვადრატი არ შეიძლება იყოს მრგვალი, ასევე ლიბერალიზმი და ფაშიზმი არ შეიძლება ერთმანეთს უკავშირდებოდეს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს გამორიცხავს თავისი შინაარსით, საზრისით.

ლიბერალიზმი ემსახურება თავისუფლებას, ფაშიზმი ემსახურება ჩაგვრას.

ეს ნათლად უნდა ავუხსნათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც სჭირდება ამის განმარტება. არ ვამბობ, რომ პოლიტიკური პროპაგანდა უნდა გასწიონ, მაგრამ პედაგოგებმა – სკოლაში, ლექტორებმა აუდიტორიაში უნდა აუხსნან ახალგაზრდებს ამ იდეოლოგიებს შორის განსხვავება და ის, თუ რა არის ამ ტერმინის წყარო.

  • გამოდის, „ქართული ოცნება“ ცდილობს ფაშიზმისთვის დამახასიათებელი თვისებები ლიბერალიზმს მიაწეროს?

რა თქმა უნდა, რადგან ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა. ზუსტად იმავეს აკეთებს პუტინიც რუსეთში და წმინდა რუსული პროპაგანდაა, როდესაც ცდილობენ ლიბერალური ღირებულებების დაცვა გამოაცხადონ ლიბერალური ღირებულებების იძულებით დანერგვად.

აი, ეს არის მიზანი ამ ხელისუფლების, იგივე, რაც იყო და არის პუტინის რუსეთში.

  • როცა სტუდენტები, ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ კობახიძის, სამხარაძის და იმ დეპუტატების ქმედება, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა, არის ანტიკონსტიტუციური, ანუ ქვეყნის ინტერესების ღალატი, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამ ადამიანებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა?

წმინდა ემოციური თვალსაზრისით ტერმინის – „მოღალატის“ გამოყენებას მე პირადად არ მივესალმები, რადგან ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. თუმცა, მეორე მხრივ, რასაკვირველია, ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აშორებს, არის ანტიკონსტიტუციური.

თუ ანტიკონსტიტუციურად იქცევა ლექტორი, პროფესორი, ყველა შემთხვევაში სტუდენტებმა ამ ხალხის ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას პროტესტი უნდა გამოუცხადონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და შემდეგ უკვე ამ ლექტორის სინდისზეა, შეიცვლის თუ არა თავის წარმოდგენებს და შეხედულებებს.

რაც შეეხება ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცეში შესვლას და გასვლას გარკვეული წესები არეგულირებს, თავისი პროცედურები აქვს ამას, ამიტომ როცა რომელიმე ლექტორი კონსტიტუციას არღვევს, არის თუ არა ეს ლეგიტიმური საფუძველი შეუწყვიტონ კონტრაქტი, ამაზე შეიძლება იმსჯელოს უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ და მიიღოს გადაწყვეტილება. და არა ასე, ხელაღებით.

გამოცხადდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023

დღეს, 17 მარტს, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განცხადებების მიღება დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ 30 აპრილის ჩათვლით.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პედაგოგები, რომელთა საქმიანობამაც სკოლაში, კონკრეტულ თემში, სასიკეთო ცვლილებები მოიტანა. მასწავლებელი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და შეუძლია ინოვაციების დანერგვა სასწავლო სივრცეში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მეშვიდე წელია, რაც ტარდება საქართველოში.

ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს გამოვლინდება.

კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, ფინალში გადასულებს კი, 5-5 ათასი ლარი.

__________

ამ თემაზე:

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

დააკავეს პირი, რომელიც „TV პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირი – მ.ა. დააკავეს.

15 მარტს ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთში, სოფელ ბახვში, იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 15 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.

რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.

აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულს გამოძიება ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ედავება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების  მუხლებითაც.

დააკავეს პირი, რომელმაც აშშ-ის ვიზების სანაცვლოდ ოჯახს 10 450 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას.

„ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომ გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, წლის განმავლობაში, შერჩეულ 5-6 ოჯახს აგზავნიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. მისი განმარტებით, გამგზავრებული ოჯახი სარგებლობდა პოლიტიკური სტატუსით, ბინადრობის და მუშაობის უფლებით,

აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10 450 აშშ დოლარს,“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________

ფოტოზე: კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

სლოვაკეთი უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს, MiG-29-ს გადასცემს

დღეს, 17 მარტს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ  უკრაინისთვის 13 ავიაგამანადგურებლის, MiG-29ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„სლოვაკეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა უკრაინაში! დაპირებები უნდა შესრულდეს და როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით, კიევი საბჭოთა წარმოების ოთხ თვითმფრინავს უახლოეს დღეებში მიიღებს, დანარჩენს კი – მომავალში.

რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მიწოდებას, რომელთა მართვაშიც უკრაინელი პილოტები გაწვრთნილნი არიან, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ.

უკრაინას დასავლური ქვეყნებისგან არაერთხელ უთხოვია თანამედროვე თვითმფრინავების, მათ შორის, F-16-ების მიწოდება.

________________

ფოტოზე: MiG-29. ფოტო: ვიკიპედია

რუსული ძალები ბახმუტთან დაწინაურდნენ, თუმცა შესაძლებლობები ამოწურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

17 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ბახმუტთან რუსული ძალები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან შეუძლებელი გახადა მათი წინსვლა სხვა რაიონებში.

დაზვერვის ცნობით, ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ დაქირავებულებმა შეძლეს გამაგრება მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირზე, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი აგრძელებენ ქალაქის დასავლეთ ნაწილის დაცვას.

ამავე დროს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ფრონტზე რუსეთის შეტევის დონე ახლა ყველაზე დაბალია 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან.

დაზვერვის ვარაუდით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ რუსეთის ჯარებმა დროებით ამოწურეს ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობები იმ დონემდე, რომ ახლა ლოკალური, მცირე შეტევითი ოპერაციებიც კი არის მდგრადი.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, შეეცდება შეტევითი პოტენციალის აღდგენას პერსონალის და საბრძოლო მასალის შევსების შემდეგ. ამავდროულად, მეთაურები, როგორც ჩანს, დადგებიან არჩევანის წინაშე: განახორციელონ შეტევითი ოპერაციები, თუ უზრუნველყონ თავდაცვა ფრონტის ხაზის გასწვრივ.

შეკვეთილის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

შეკვეთილის ახალგახსნილ შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი არ დაშავებულა, ადგილზეა ამწე და გადავარდნილ ტრაილერს ამოიტანენ.

_______________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 19 მარტს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 20-21 მარტს კი – ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

Exit mobile version