მთავარი,სიახლეები

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

09.07.2023 • 2146
უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

41 წლის მალხაზ კვიჟინაძე რუსეთ-უკრაინის ომში 24 ივნისს დაიღუპა ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვებისას. საქართველოში მალხაზი მშობლიურ ქუთაისში პირველ ივლისს ჩამოასვენეს და მეორე დღესვე დაკრძალეს. იბრძოდა 2008 წლის ომში და რუსეთ-უკრაინის ომშიც 2016 წლიდან ჩაება.

2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შესახებ რომ შეიტყო, მეორე დღესვე წავიდა უკრაინაში.

2008 წელს ომში კონტუზია მიიღო. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი.

გოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლაში მალხაზი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნეს.

ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, როცა კლინიკა დატოვა და პოლონეთში ძმა მოინახულა, მერე კი ომში დაბრუნდა.

მალხაზ კვიჟინაძე, უკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლი.

ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მე გავაცილე პოლონეთიდან უკრაინაშიო, ამბობს მალხაზის ძმა, მირზა კვიჟინაძე. მირზა თავადაც ყოფილი ჯარისკაცია, ერაყში იბრძოდა.

მალხაზის დედა, ირა ვირსალაძე იხსენებს, რომ ფრონტიდანაც კი არასდროს საუბრობდა მალხაზი ომზე და არ ამბობდა, რომელ ქალაქში იყო, რა სირთულის ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. დედისთვის ყველაზე დიდი იმედი, როგორც თავად გვეუბნება, პატარა, ლურჯად აციმციმებული წერტილი იყო ტელეფონის სასაუბრო ფანჯარაში, რაც მას მიანიშნებდა, რომ მალხაზმა დედის მინაწერი წაიკითხა და ცოცხალი იყო.

„მთავარია, ცოცხალი ვარ, სხვა რამეს მნიშვნელობა არ აქვსო, მეუბნებოდა. იყო დღეები, როცა ტელეფონზე ორი სიტყვითაც ვერ გვპასუხობდა. ხანდახან კი ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. 23 ივნისს, პარასკევს, სანამ მისთვის უკანასკნელ სამხედრო ოპერაციაზე წავიდოდა, სამნი ვსაუბრობდით: მე, მალხაზი და მისი უმცროსი შვილი.

კარგ ხასიათზე იყო, ვიცინოდით. შვილმა რაღაც სთხოვა მალხაზს და კი მამა, რა თქმა უნდა, შეგისრულებ, თუ ცოცხალი დავბრუნდებიო. მომდევნო, 25 ივნისის, სამხედრო ოპერაციის შემდეგ მართლა აღარ დაბრუნებულა“, – იხსენებს უკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლის დედა.

ირა ვირსალაძემ შვილის დაღუპვის შესახებ ემიგრაციაში შეიტყო. დედა-შვილს 14 წელი არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი:

„მიცვალებულიც ვერ ვნახე. დახურულ ჭურჭელში შვილს დღე-ნახევარი ვუყურე მხოლოდ. სასახლე არ გაგვახსნევინეს. არ მეუბნებიან, მაგრამ ალბათ ძალიან იყო დაზიანებული მისი სხეული“, – ამბობს ირა ვირსალაძე.

მალხაზს ოთხი შვილი დარჩა, 22 წლის გოგო და სამიც ბიჭი: 17, 13 და 11 წლის. ბავშვებს 7 თვის წინ დედაც გარდაეცვალათ სიმსივნით. არასრულწლოვნებზე მეურვეობა ბავშვების ბიძამ, მირზა კვიჟინაძემ უნდა აიღოს.

მირზას საკუთარი ოჯახიც ჰყავს – ცოლი და არასრულწლოვანი შვილი. მეურვეობა და ოჯახის რჩენა რომ შეძლოს, პოლონეთში უნდა წავიდეს სამუშაოდ. უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ძმა ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. საკუთარი ბინა არც მალხაზს ჰქონდა – ის ოჯახთან ერთად ქუთაისში, ცოლის მშობლების სახლში ცხოვრობდა.

საქართველოს მთავრობამ მალხაზ კვიჟინაძის უკრაინიდან გადმოსვენება უზრუნველყო. სხვა შეღავათი დაღუპული მებრძოლის ოჯახს სახელმწიფოსგან ჯერ არ აქვს.

მალხაზის დანაყოფი, როგორც მებრძოლის დედა გვიყვება, 24 საათს ფრონტზე ატარებდა, 24 საათს კი ისვენებდა.

ირა ვირსალაძეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მოწამლული მალხაზი, საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ ომში აღარ დაბრუნდებოდა.

„არ მეუბნებოდნენ, რომ უკან დაბრუნდა. ბოლოს მირზამ დამირეკა და მითხრა, რა აზრი აქვს დამალვას, მალხაზი უკრაინაში დაბრუნდაო.

ბიჭებს დაჰპირებია, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ჩემი შვილი უკრაინაში საქართველოს იცავდა, არამხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც ვიბრძვი უკრაინაში ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგო, ამბობდა.

ნეტა, ჩემი შვილი იყოს ბოლო ქართველი, ვინც უკრაინის ომში დაიღუპა, ნეტა, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც ამ ომში შვილი დაკარგა“, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: