„თურქეთისთვის მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. ის განმარტავს, რატომ არჩია ერდოღანმა რადიკალურად დასავლეთისკენ შეტრიალება და რას ელის ამჯერად დასავლეთი თურქეთისგან. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის.
- ბატონო ქამრან, ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოღანი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას: უმასპინძლა ზელენსკისა და სტოლტენბერგს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაააქტიურა, შვედეთისა და უკრაინის ნატოში მიღებას მხარი დაუჭირა… რა იცვლება?
არჩევნებამდე არამხოლოდ დასავლეთში იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ თურქეთში ოპოზიცია არის პროდასავლური, ხოლო ერდოღანი იქნებოდა ძველი პოლიტიკის გამგრძელებელი, თუმცა ჩანს, რომ ერდოღანი სხვანაირად მოიქცა.
მან კაბინეტიც ისეთი დანიშნა, ვინც დასავლეთისთვის მისაღებია – დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო 10-15 წელი დასავლურ სივრცესთან იყვნენ ინტეგრირებულნი, ვინც ბრიუსელში ან ვაშინგტონში სწავლობდა, ან მუშაობდა. კაბინეტის ამ წევრებს ნულიდან არ მოუწევთ დასავლეთთან თანამშრომლობის დაწყება.
თურქეთისთვის აქამდე და ახლაც მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა, მისი საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორული და მრავალგანზომილებიანია. ევროკავშირთან აქამდე თურქეთს ბევრი უთანხმოება ჰქონდა, თუმცა ევროკავშირის ინსტიტუციების გარეშე ვერ წარმომიდგენია თურქეთი, იმდენად დიდია ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.
ეს ერდოღანის პრეზიდენტობის ბოლო ვადაა და იგი ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს, რაც გეგმაში ჰქონდა. 2 თვის წინ თურქეთში ევროკავშირზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. ახლა დღის წესრიგში დაბრუნდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
- რა გათვლა აქვს ერდოღანს, დასავლეთისკენ შეტრიალებით რა შეიძლება მიიღოს თურქეთმა და რა – დასავლეთმა?
დღეს და ხვალ თურქეთი ვერ გახდება ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, თუმცა ის მიიღებს სხვა ბენეფიტებს: ვიზალიბერალიზაცია, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ასე შემდეგ. თავის მხრივ, თურქეთმა შეიძლება გადადგას ის ნაბიჯები, რაც ევროკავშირისთვის იქნება საინტერესო, ეს იქნება მიგრანტების საკითხი, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება – ისედაც თურქეთი უკრაინასთან დაბალანსებულ და კარგ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
მას შემდეგ, რაც გაირკვა შვედეთზე თანხმობის საკითხი, გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ კანადამ მოუხსნა თურქეთს ემბარგო შეიარაღებისთვის საჭირო ნაწილების მიყიდვის კუთხით. ეს სანქციები კანადამ თურქეთს 2020 წელს დაუწესა, როცა ყარაბაღის ომი დაიწყო და თურქეთმა ოფიციალურად აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი. „ბაირახტარზე“ არის ერთი ნაწილი, რაც არის კანადური წარმოების. მაშინ კანადამ შესაბამისი ნაწილების მიყიდვა აკრძალა თურქეთისთვის. ეს ახალი გადაწყვეტილებაც ბენეფიტია თურქეთისთვის.
- დასავლეთთან თურქეთის გააქტიურება არის უფრო თურქეთის შიდა აუდიტორიისკენ მიმართული გზავნილი, თუ იზრდება თურქეთის, როგორც რეგიონული ლიდერის როლი?
ეს მუშაობს თურქეთის შიდა აუდიტორიისთვის. ფრაზაც, რაც ხშირად გვხდება თურქეთის მედიაში, რომ „შვედეთს ნატო და ჩვენ – ევროკავშირი“ არის შიდა ბაზრისთვის, რადგან 2024 წელს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია და ერდოღანმა უკვე დაიწყო ამ არჩევნების სამზადისი.
ერდოღანი მაქსიმალურად ცდილობს წარმოჩნდეს, როგორც კარგი ლიდერი გლობალურად და ქვეყნის შიგნით. თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გერმანიაშია, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან სამუშაოდ, არსებობს ვიზების პრობლემები. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის მიღება ძალიან დიდი საჩუქარი იქნება თურქეთის მოსახლეობისთვის.
- რას აჩვენებს კვლევები ამ კუთხით, რამდენად სურს თურქეთის მოსახლეობას ევროინტეგრაცია?
საინტერესოა ამ კუთხით ჩატარებული კვლევები. თურქეთში ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს მიიჩნევს თურქეთისთვის ნომერ პირველ საფრთხედ, ამავე დროს, გამოკითხულთა 60 %-ზე მეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნატო-ში დარჩენა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება.
რეალურად თურქეთის მოსახლეობა კარგად იაზრებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციები მათ სჭირდებათ, რომ გაიმარტივონ ცხოვრება. წლებია ქვეყანაში მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდაც. ამის შედეგია ის, რომ განსაკუთრებით ისლამურ ოჯახებში აშშ არის ნომერ პირველ საფრთხედ მიჩნეული.
- ამ ჯგუფებს ამჯერად არ გაანაწყენებს ერდოღანი?
ვფიქრობ, ერდოღანს ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს. სამთავრობო მედიაში ყველგან ეწერა არა ის, რომ შეთანხმება შედგა და თურქეთი ამერიკასთან დალაგდა, არამედ მთავარი გზავნილია, თურქეთმა როგორ გადაწყვიტა ნატოში შვედეთის გაწევრიანების ბედი, რომ აი, თურქეთის სიტყვა აღმოჩნდა საბოლოო. მედიაში წარმოჩენილი იყო ძირითადად ის, რომ თურქეთი არის ის სახელმწიფო, რომლის სიტყვაც არის გადამწყვეტი იგივე ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში.
ჩვენ არ ვიცით ჯერ, კიდევ რას მოიმოქმედებს ერდოღანი, მაგრამ თურქეთი ბოლომდე დასავლეთისკენაც ვერ გადაიხრება: თურქეთში ეკონომიკური კრიზისია და დასავლეთიდან ფინანსები არ შედის თურქეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი საუდის არაბეთში მიდიან, ემირატებში, კატარში, რომ დაარწმუნონ ემირები და სულთნები, მილიარდერები, ნავთობის ფული ჩადონ თურქეთის ეკონომიკაში. თურქეთის ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, თურქეთის ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცენ.
- რამდენად ძლიერდება და იცვლება თურქეთის, როგორც რეგიონული მოთამაშის როლი?
თურქეთი რომ რეგიონული მოთამაშეა, ეს გამოჩნდა მკაფიოდ 2020 წელს, როცა ყარაბაღის ომში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი და ვერცერთმა სხვა სახელმწიფომ ხმა ვერ ამოიღო. მანამდე ყარაბაღის ომში 30 წელი მთავარი აქტორი რუსეთი იყო. მაშინ თურქეთმა აჩვენა რუსეთსა და დასავლეთს, აქ მეც ვარ და ჩემთან საჭიროა საუბარიო.
გარდა ამისა, თურქეთი არის ლიბიაში, სირიაში, კატარშიც აქვს სამხედრო ბაზა და საუდის არაბეთისგან იცავდა. თურქეთი არის ცენტრალურ აზიაშიც აქტიურად და იქ ბევრი საერთო პროექტი აქვს სახელმწიფოებთან. თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონულმა ლიდერმა. უკრაინის შემთხვევაში კი, თურქეთი ნეიტრალიტეტს იცავს, არავის უპირისპირდება, თუმცა ამავე დროს უკრაინას აწვდის შეიარაღებას. ჩვენ ვიცით მარტო „ბაირახტრების“ მიწოდების შესახებ, თუმცა, როგორც ვიცი, ძალიან ბევრ შეიარაღებას აწვდის – ჯავშანტექნიკას, რაკეტებს, რაც მედიაში არ ჟღერდება.
დასავლეთში ვერ ხვდებოდნენ, ან არ სურდათ თურქეთის ამ როლის გააზრება. ამბობდნენ, რომ ჩვენ ერდოღანთან არ დავსხდებით, შეიცვალოს ხელისუფლება და დავიწყებთ თანამშრომლობასო. რეალურად, ეს იყო სისულელე. ერდოღანმა აჩვენა დასავლეთს, რომ არსად მიდის და ლაპარაკი თუ სურთ, უნდა ელაპარაკონ მას. როცა გლობალური ომი მიმდინარეობს, მსოფლიოს სჭირდება მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონში, რომლის სიტყვასაც აქვს წონა.
- როცა ნატომ გადაწყვიტა 40 ერთეული F16 გადაეცა თურქეთისთვის, ეს გზავნილია რუსეთისთვის, რომ თურქეთი სამხედრო კუთხით ძლიერდება ამ რეგიონში?
ეს აღჭურვილობა უნდა გადაეცათ თურქეთისთვის ჯერ კიდევ 3 წლის წინ, თანხაც იყო გადახდილი ამაში, თუმცა არსებობდა დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და აშშ-ს შორის, რის გამოც F16-ებზე უარი უთხრეს თურქეთს – კონგრესი ბლოკავდა ამას. რეალურად იყვნენ ადამიანები, სხვადასხვა ინტერესჯგუფი, მაგალითად, ისრაელის ლობი, სომხეთთან დაახლოებული ჯგუფი – ეს ლობები ბლოკავდნენ თურქეთისთვის აღჭურვილობის გადაცემას. ახლა, როგორც ჩანს, გაიაზრეს, რომ გადამწყვეტ დროს არ შეიძლება თურქეთთან დაპირისპირება.
თურქეთს უძლიერესი სახმელეთო არმია ჰყავს – ნატოში მეორე ძალაა, მაგრამ პრობლემა აქვს ჰაერში: არ აქვს კარგი მოიერიშეები საკმარისი რაოდენობით. როცა თურქეთმა ვერ მიიღო წლების წინ F16-ები, წავიდა და რუსეთისგან შეიძინა F400-ები. რუსეთმაც სიხარულით მიაწოდა თურქეთს F400-ები, რადგან რეალურად თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას: თურქეთი ბოლო 70 წელია ნატოს სტანდარტით მუშაობს, უცებ რაღაც ახალი, რუსული ტექნოლოგია შემოდის – თურქეთს დასჭირდა შესაბამისი წვრთნა რუსებისგან. რუსეთმა ამით ფული იშოვა და თურქეთი თავისკენ წაიყვანა – ასე ეგონათ, მაგრამ თურქეთი არ არის ასეთი პატარა სახელმწიფო, ან ცენტრალური აზიის სახელმწიფო, ასე მარტივად გადაიხაროს ერთ ფლანგზე.
თურქეთი თამაშობს და ცდილობს, თავისი სარგებელი მიიღოს.
- საქართველოსთვის რა იცვლება ამ კონტექსტში?
ჩვენ მაქსიმალურად გვაწყობს, თურქეთი იყოს ძლიერი და პროდასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ნატოს საზღვარი თურქეთის სახით და თურქეთი თუ ევროკავშირში გაწევრიანდა, ან სხვა ბენეფიტი მიიღო, ეს ჩვენთვისაც კარგია: ისეთი მეზობელი გვეყოლება, რომელიც ინტეგრირებულია დასავლეთის სივრცეში, შესაბამისად, ჩვენთვისაც გამარტივდება რაღაცები.
გარდა ამისა, თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც ნატოს ყოველ სამიტზე ამბობს ღიად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს ალიანსის წევრი.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვითანამშრომლოთ თურქეთთან, თანაც, კარგი ფორმატები გვაქვს: „საქართველო – თურქეთი – აზერბაიჯანი“, „ბაქო – თბილისი – ჯეიჰანი“, „ბაქო – თბილისი – ყარსი“ – ეს მაგისტრალები და ნავთობსადენი, რაც საქართველოში გადის, საქართველოს დამაკავშირებელი ხიდის როლს ზრდის.
ცენტრალური აზიიდან რაც წამოვა ტვირთები: ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან, გავა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ, მათ შორის, გავამარტივოთ საბაჟო რეგულაციები. საქართველო გახდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, თუმცა შესაბამისი მცდელობები არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. საჭიროა, პირველ რიგში, კარგი გზები, რაც ჩვენ არ გვაქვს. აუცილებელია რკინიგზა და რკინიგზაზეც ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რადგან ბათუმისა და ფოთის პორტები ვერ გაუმკლავდებიან იმ რაოდენობას, რაც წამოვა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან.