მთავარი,სიახლეები

პატარა სახლები ქრება – მახინჯაურის ახალი არქიტექტურა

14.07.2023
პატარა სახლები ქრება – მახინჯაურის ახალი არქიტექტურა

ისეთი ხასხასა მწვანე კურორტი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.  ყოველ დღე იცვლება მახინჯაური, „მწვანეში ჩაფლული“ ბალნელოგიური კურორტი ზღვის დონიდან 15 მეტრზე ორსართულიანი სახლებითა და ფერადი დიდი ეზოებით, როგორიც ახსოვდა დამსვენებელს, რომლებიც აქ თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდნენ.

ისევე, როგორც ბათუმი, მახინჯაურიც მშენებელი ინვესტორების სურვილების შესაბამისად იცვლის იერს – „მაღლდება“ და „ბეტონისფერი“ ემატება.

მომაღლო ადგილზე „შეფენილი“ ორსართულიანი სახლებიდან ზღვის ხედი აღარ ჩანს. სანაპიროს გასწვრივ თამარ მეფის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე ბეტონის კედელი თანდათან მთელ პერიმეტრს იკავებს.

თუ სანაპიროს ამ ზოლზე მიმდინარე და დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს გადახედავთ, სწორედ ასე, ერთი გრძელი კედლით ზღვამდე დაინახავთ მას.

შპს „ბანა“ ბათუმში, თამარ მეფის გამზირსა და იბერიის ქუჩების კვეთაში სასტუმროს აშენებას გეგმავს, თავიდან პროექტი მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ პროექტის ფუნქციის შეცვლა მოინდომა.

კომპანია ამ მშენებლობისთვის, ზღვასთან ახლოს ორი ინდივიდუალური საცხოვრებლის ათვისებას გეგმავს – ეს ნაკვეთები ჯამში 3048 კვ. მეტრია. კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია ერთ საკადასტრო კოდზე უკვე გააერთიანა.

შპს „ბანას“ სამშენებლო პროექტის რენდერი

რენდერი – შპს „ბანა“

შპს „ბანას“ ასივე პროცენტის მფლობელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი ასლან თავდგირიძეა.

შპს „კოლოს რეზიდენსი“ კი სანაპიროსთან, მეგობრობის ქუჩაზე, #1-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. მიწის ნაკვეთი 2759 კვ.მეტრია. კომპანია ასივე პროცენტით ნიკოლოზ წურწუმიას ეკუთვნის.

„კოლოს რეზიდენსის“ რენდერი

მშენებლობა  მეგობრობის ქუჩაზე #2- შიც მიმდინარეობს. აქ შპს „ა სექტორი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. კომპანია მურმან ჯიჯავაძეს ეკუთვნის.

შპს „ა სექტორის“ პროექტის რენდერი

„კოლოს რეზიდენსის“ პროექტის გვერდით, თამარ მეფის გამზირზე, #48-ში მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, შპს „სუპერმშენი“.

შპს „სუპერმშენის“ პროექტის რენდერი

შპს „სუპერმშენის“ წილებს რუსლან ჯუმუშაძე და ნინო ბოლქვაძე ინაწილებენ.

სანაპიროსთან,  კონცელიძის ქუჩაზე, N2ა/14 – ში, მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „გრინ სპეისი“. კომპანიამ აქ ექვსი საკადასტრო ერთეული აითვისა. ნაკვეთი ჯამში 1911 კვ.მეტრია. შპს „გრინ სპეისის“ მფლობელი ერეკლე ქაჯაიაა.

რენდერი შპს „გრინ სფეისი“

პირდაპირ სანაპიროზე მეზღვაურთა ქუჩის #41-ში მდებარე 6766 კვ.მეტრზე შპს „მირაკლი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. პროექტი ორი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

შპს „მირაკლი“ 50 პროცენტს ამავდროულად კომპანიის დირექტორი ემზარ დევაძე ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და პარალელურად რუსეთის მოქალაქეა. დარჩენილ 50 პროცენტს ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ვასილ დოურიგა ფლობს.

შპს „მირაკლი“ საქართველოში 2017 წელს დააფუძნეს.

შპს „მირაკლი“ – მიმდინარე მშენებლობა

შპს „მირაკლი“ – რენდერი

ამ სამშენებლო პროექტის უკან, გზის მხარეს, მეზღვაურთა ქუჩის #22-ში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „მარველი“ გეგმავს. თუმცა კომპანიას ჯერ სამშენებლო ნებართვა არ მიუღია.

ეს კომპანია 2020 წელს რესან გვარიშვილმა დააფუძნა და თავად ხელმძღვანელობს.

შპს „მარველი“ – რენდერი

მეზღვაურთა ქუჩაზე, #26-ში, მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „ციტრონ გრუპი“. ამ პროექტის პარამეტრები ვერ დავაზუსტეთ. კომპანიის მფლობელი თინათინ კომახიძე, დირექტორი კი გიორგი შერვაშიძეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: