ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გელა გოგიტიძე ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს ადმინისტრაციული სამსახურის ხარჯის გაზრდას ბიუჯეტში შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიების ხარჯზე სთხოვს. ადმინისტრაციის უფროსი მერს მთელ რიგ საჭიროებებსა და პრობლემებზე წერს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი ბიუჯეტში კორექტირებას და სამსახურისთვის 224 062 ლარის დამატებას ითხოვს.
ადმინისტრაციის უფროსის წერილი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის თანდართული დოკუმენტის სახით მიიღო. მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც გადაუგზავნა.
30 000 ლარი სტუმრებისთვის
ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, 26 მაისს ქობულეთში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სადაც მოწვეულები არიან დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, მათი მასპინძლობა და სასტუმრო ხარჯების სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ღონისძიებისთვის მერია დრონის დაქირავებას გეგმავს: „რათა აღნიშნული ღონისძიების გაშუქება მოხდეს სრულფასოვნად.“ გელა გოგიტიძის ინფორმაციით დრონს 900 ლარად დაიქირავებენ.
ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს
ადმინისტრაციის უფროსი ასევე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს, რაც განპირობებულია სივრცის არქონითა და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფით. მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციას ვებგვერდის განახლებისთვის 1500 ლარი სჭირდება:
„დამატებითი სივრცის შეძენად ვებგვერდისთვის პროვაიდერს დადგენილი თანხა აქვს ერთი თვის გადასახადი – 237 ლარი: „დარჩენილია 7 თვე – ჯამში 1659 .
ადმინისტრაციის უფროსი ითხოვს ასევე სპეციალური მოწყობილობის შესყიდვას შიდა ქსელის გამართულად მუშაობისთვის:
„მუნიციპალიტეტის ინტერნეტ შიდა ქსელის რეაბილიტაციის დროს ვერ მოხერხდა როუტერის შეძენა, რაც იწვევს არსებული ქსელის მუშაობის შეფერხებას, საჭიროა ახალი როუტერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 5 000 ლარს.
მოქალაქეების მანქანები მერიის პარკინგზე
ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შეწუხებულია იმითაც, რომ მერიის ავტოპარკინგს მოქალაქეებიც იყენებენ:
ამონარიდი ადმინისტრაციის უფროსის წერილიდან:
„მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია ავტოპარკირება, რომელზეც ქაოსურად შემოდიან მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები ვერ პარკინგდებიან, რაც იწვევს დისკომფორტს თანამშრომელთა შორის, ამიტომ გვესაჭიროება შლაგბაუმის რემონტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1000 ლარს.
საქართველოს ორგანულ კანონის მე-20 მუხლში შესული ცვლილების გამო, გვესაჭიროება საჯარიმო ქვითრების დაბეჭდვა, 500 ერთეული საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვის ღირებულება შეადგენს 750 ლარს“.
საწვავი ახალი მანქანებისთვის და კონდიციონერები
ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, ქობულეთის მერიას ახალი მანქანები შეუძენია: „მუნიციპალიტეტმა შეიძინა 5 ახალი ავტომობილი, რომელთა დაზღვევის თანხა შეადგენს 5593 ლარს.
…ასევე სამსახურში გვესაჭიროება ორი ერთეული კონდიციონერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 2400 ლარს. მოახლოებულ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით კონდიციონერების მიმდინარე შეკეთებისთვის გვესაჭიროება 1500.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გათბობის ხარჯებში გვესაჭიროება 13,000 ლარი. ელექტრო ენერგიის ხარჯში დამატებით სავარაუდოდ გვესაჭიროება 160,760 ლარი“ – წერს ადმინისტრაციის უფროსი.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
გადაწყვეტილება სამინისტრომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების გათვალისწინებით მიიღო. კანონში ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს აზუსტებს.
სამინისტროს განმარტებით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
მინისტრის 2023 წლის 15 მაისის ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:
გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში [EMIS] დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა უნდა მოხდეს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.
სამინისტროს განმარტებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 199 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
ტანკი – 3 762 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 348 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 3 150 ერთეული [+13]
MLRS – 562 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 316 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 732 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 973 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 048 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 410 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
427 თვითმფრინავი
233 ვერტმფრენი
4 178 უპილოტო საფრენი აპარატი
422 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 176 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 828 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 233 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია.
ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ შილაკი“, „იქნებ, ვინმეს ჰქონდეს კაბა“ და ასე შემდეგ.
რის შეცვლა არის საჭირო „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ვალდორფის“ სკოლის პედაგოგს ნინო ლომიძეს ესაუბრა.
მისი აზრით, ნებისმიერი ქმედების მიმართ უნდა გვქონდეს ცნობიერი, ფხიზელი მიმართება, თუ რატომ ვაკეთებთ ამას:
„არ ვიცი, ამას რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ტრადიცია, უფრო ინერციით არის გადმოცემული და წლიდან წლამდე მეორდება ერთი და იგივე.
იქნებ დასვან ახალგაზრდებმა კითხვები – რატომ კეთდება ეს ყველაფერი? რაში ვიღებთ მონაწილეობას? რას ვაორგანიზებთ? და საჭიროა იმის გაცნობიერება, რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს. მაგალითად, მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოჯახისთვის დღეს საქართველოში „ბანკეტი“ და „ბოლო ზარი“ მძიმე სიტყვებია, განაჩენივით ისმის.
იმიტომ, რომ ამ ოჯახებისთვის ეს არის ათასობით ლარი, ძვირფასი კაბები, ქუსლიანი ფეხსაცმელები, ბიჭებისთვის – შარვალ-კოსტიუმები, რესტორნის დაქირავება და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, არ ვიცი, ეს ბიჭები და გოგონები მათი ასაკისთვის აბსოლუტურად აცდენილ სამოსში რამდენად კარგად გრძნობენ ხოლმე თავს, ამ ყველაფრის რაღაც ილუზორულ წარმოდგენად გადაქცევა, რამდენად პასუხობს მათ ინდივიდუალიზმს.
ან რისთვის უნდა გასწიოს ამხელა ხარჯი ოჯახმა, კაბისთვის, რომელიც შემდეგ წლობით შეიკეტება კარადაში? რას გვაძლევს ეს ყველაფერი?“ – ამბობს ნინო ლომიძე.
ახალგაზრდები ხშირად ამბობენ, რომ წვეულება სკოლის დასრულების შემდეგ ერთგვარი დემონსტრირებაა იმის, რომ ბავშვობა დასრულდა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრება იწყება.
ნინო ლომიძე ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, მართლაც იყოს ახალგაზრდების გულწრფელი პასუხი ამ კითხვებზე, მაგრამ რამდენად გამოხატავს ზრდასრულობაში გადასვლას და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას მშობლების მიერ გადახდილი სოლიდური თანხები, მეორე საკითხია.
„მშობლის ფულით, გაჭირვებით ნაყიდი კაბის ან პიჯაკის ჩაცმა, ღრეობა მშობლის მიერ დაქირავებულ რესტორანში, რამდენად გამოხატავს ზრდასრულობას? ზრდასრულობა ხომ, წესით, უნდა გამოიხატებოდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაში საკუთარ თავზე?
მშობლის მიერ ნაყიდი კაბა ან დაქირავებული რესტორანია ზრდასრულობის გამომხატველი? მაინც მრჩება განცდა, რომ ეს არის გაუცნობიერებელი.
თუ მართლა ამას მიიჩნევენ ახალგაზრდები ზრდასრულობად, მაშინ მართლა ძალიან ცოტა აქვს სკოლას გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობის განცდა. თუ ახალგაზრდებს ზრდასრულობაზე ასეთი მცდარი წარმოდგენა უჩნდებათ, ესე იგი, არ გვაქვს სწორად ნამუშევარი“ – ამბობს მასწავლებელი.
მისი აზრით, თუ ახალგაზრდებს სურთ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება და რაღაც ნახტომის განცდა, მაშინ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს – „რა შემიძლია გავაკეთო განსხვავებული, რაშია ჩემი ინდივიდუალიზმი?“
„ღრეობით და დაქირავებული ლიმუზინით, დაქირავებულ რესტორანში მისვლით, თუ რაღაც სხვაც შემიძლია გავაკეთო? მაშინ რა შეიძლება ეს იყოს?
რატომ უნდა იყოს ჩვენი მოგონებები ასეთ პომპეზურ გამოხატვასთან. წლების შემდეგ თბილად, სიხარულით და ბედნიერებით სხვა რამეც ხომ შეიძლება გაიხსენო, რაიმე საინტერესო აქტივობა, რომელიც კლასელებთან ერთად გააკეთე და რომელიც არის ახალგაზრდების დაგეგმილი და არა სხვისი თავსმოხვეული იდეა?!
გავიხსენოთ თუნდაც ლაშქრობა საინტერესო ადგილას, კოცონის ირგვლივ ამბების მოყოლა და არა ეს პომპეზურობა, რაშიც დღეს ახალგაზრდები მონაწილეობენ.
თუ ლაშქრობა არ მომწონს, დავსხდეთ და რაიმე საინტერესო მოვიფიქროთ, ის, რაც მოეწონება კლასს და გათვალისწინებული იქნება სურვილები და ინტერესები.
რატომ უნდა იყოს ეს ის, რასაც აკეთებს ყველა?! – ამბობს ნინო ლომიძე.
მისი აზრით, თუ ამ თემაზე დაიწყება სკოლაში, ახალგაზრდებში საუბარი, იდეას უფრო მეტი მომხრე გამოუჩნდება:
„ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მაგალითად, შეიძლება სკოლას შევძინოთ რაღაც, პატარა სივრცე მოვაწყოთ შემდეგი კლასისთვის, რაღაც განსხვავებული, საინტერესო გავაკეთოთ.
არის ასეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლე უარს ამბობს ბანკეტებზე და ამბობს, რომ „არა, არ მივიღებ ამაში მონაწილეობას“, „ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო“.
ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ 12 წლის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, ფაქტობრივად, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, არიან მორჩილი და შემსრულებელი იმის, რასაც მათ ნაცვლად გეგმავენ სხვები. თითქოს არსებობს თვითმმართველობები, მაგრამ რეალურად ესეც არ მუშაობს.
არ ვიცით, რამდენად აქვთ ბავშვებს მათი იდეების განხორციელების შესაძლებლობა, რამდენჯერ მიაკითხეს დირექციას მათი იდეებით და მიიღეს მხარდაჭერა.
მეტწილად, მაინც რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სკოლებში 12 წლის განმავლობაში შინაარსების კონსერვირებით ვართ დაკავებული, რაც არასწორია. მაშინ, როცა ბავშვს სჭირდება კრიტიკული, თავისუფალი აზროვნება, ჯგუფური პროექტები და აქტივობები“.
ნინო ლომიძის თქმით, ჩვენს რეალობაში ექსკურსიებიც კი არა ცნობიერების გაზრდას და ახლის შემეცნებას, არამედ ღრეობას უკავშირდება. ნაკლები მუშაობა მიდის იმაზე, შეისწავლოს ბავშვმა მის ირგვლივ არსებული ლანდშაფტი, გაიგოს, რომელი მთა მოჩანს თუნდაც მისი სახლიდან.
„სიარული, ფიზიკური აქტივობა კი ბავშვს ეხმარება დააკვირდეს საკუთარ სხეულს, გაიგოს რა აქვს სუსტი და აქვს გამოსასწორებელი, ავიდეს მთის მწვერვალზე და დატკბეს ამ პროცესით.
მოქმედება, მეტი აქტივობაა მნიშვნელოვანი და არა ოთხ კედელში გამოკეტილი მოსწავლე“ – ამბობს მასწავლებელი.
მისი აზრით, სწორედ ასეთი დამოკიდებულებების ნაკლებობის ბრალია ის, რომ ახალგაზრდები ხშირად მიჰყვებიან სწორედ დინებას და ნაკლებად არიან ინდივიდუალისტები.
მსგავსი წვეულებების დროს არის შემთხვევები, როცა ვიღაც ვერ მიდის წვეულებაზე უფულობის გამო, ან ექსკურსიას აკლდება მოსწავლე იმიტომ, რომ მშობელმა ფული ვერ გადაიხადა.
„ბევრ პრობლემას წამოჭრის ხოლმე ეს მანკიერი ტრადიცია და ჩვენც ინერციით მივყვებით და ვიმეორებთ წლიდან წლამდე.
ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა შარშან ითქვა, რომ პატრულის ეკიპაჟი დაჰყვებოდა ბოლო ზარის შემდეგ მეთორმეტეკლასელების ესკორტს და ეს რაღაცნაირად პოზიტიურად იყო აღქმული საზოგადოებისგან.
ასეთ დროს ხომ უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არა?
დავსხდეთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და ისე ვიმოქმედოთ, საუკეთესო ცვლილებებისკენ“ – ამბობს ნინო ლომიძე.
ის იხსენებს კარგ მაგალითებსაც, როცა მეთორმეტეკლასელები შეთანხმდნენ და წვეულებისთვის გათვალისწინებული თანხა ქველმოქმედებას მოახმარეს.
მასწავლებლის აზრით, „ბოლო ზარის“ წვეულების შეცვლა მაშინ დაიწყება, როცა ახალგაზრდები და მასწავლებლები ერთად დაიწყებენ მსჯელობას.
„რაღაც აკრძალვებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ გააზრებული მსჯელობა უნდა იყოს. თვითონ უნდა მივიდნენ მოსწავლეები იმ აზრამდე, რომ არაფრისმომცემ ბანკეტებს რაღაც უფრო კარგის მოფიქრება სჯობს.
რაც შეიძლება მეტი უნდა ილაპარაკონ, რომ არაფერი ყრია აი, ამ რაღაც ილუზორულ ღრეობაში და შესაძლებელია მისი საპირწონე აქტივობის დაგეგმვა, რომ ა ის კოლოსალური თანხები და გაწეული ჯაფა არ ღირს იმად, რასაც ამდენ რესურს ახარჯავენ,“ – ამბობს ნინო ლომიძე.
საჯარო სკოლებში ბოლო ზარი მეთორმეტეკლასელებისთვის 20 მაისს დაირეკება.
უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკაში“ დღეს, 15 მაისს, აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კორნეტი, რუსული მედიის ცნობით, იგი რეანიმაციაში იმყოფება.
აფეთქება ლუგანსკის ცენტრში, სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ყუმბარა აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
კორნეტი ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მედიის ცნობით, როგორც ჩანს, სწორედ ის იყო აფეთქების ორგანიზატორების სამიზნე.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, კორნეტი 2014 წლამდე მუშაობდა ლუგანსკის ოლქში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის გამოძიების ოფიცრად. 2014 წლიდან დაინიშნა უკვე ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრად.
გასული კვირის ბოლოს ლუგანსკში ორი აფეთქება მოხდა– რუსეთი აცხადებს, რომ დარტყმა უკრაინამ განახორციელა ქარხანაზე.
მერიის განცხადებით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე ბეტონი თვითნებურად დააგო და ხეებიც ჩააბეტონა.
„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა.
შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები“ – იუწყება ხაშურის მერია.
მერიის განცხადებით, კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები.
ხეების ჩაბეტონების ფოტო დღეს, 15 მაისს, გავრცელდა ფეისბუქზე.
„მარიონეტი მოსამართლე ალ. გოგუაძე კონსტიტუციის მტერი“ – ეს ტრანსპარანტი ჩამოიკიდა გულზე დღეს, 15 მაისს, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა.
მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ პროტესტის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს.
ვაჟა თავართქილაძე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული დროებითი განცხადებისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს. დღეს, ერთკაციან აქციაზე, სასამართლოსთან ვაჟა თავართქილაძემ ზურგზე ეს განცხადებაც გაიკრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 28 აპრილს მიიღო, თუმცა იგი წერილობითი სახით ამ დრომდე ვაჟა თავართქილაძეს არ ჩაჰბარებია. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქემ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, იმავე საშაურმის ვიტრინაზე იმავე ფორმის განცხადება გამოაკრა, ამჯერად სხვა შინაარსით: „ვაკანსია მეშაურმის პოზიციაზე“. მუნიციპალურმა ინსპექციამ ეს განცხადება 10 დღე არ შეიმჩნია.
„მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ უნდა გვქონდეს არაფერზე. სასამართლომ თქვა, რომ პროტესტი არ უნდა იყოს გამოხატული არც ერთი ფორმით, პროტესტი თუ არის, მხოლოდ მისი გამოხატვა სახლში, გულში ან ჩანაფიქრში, ეს პროტესტი არ არის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.
მოქალაქემ კი მოსამართლეს პროფესიული დღე მიულოცა და დასძინა:
„მისთვის საჩუქარი მაქვს: მგონი, ვეღარასოდეს ეღირსება ისიც ამერიკაში გამგზავრებას, სამაგიეროდ, ორი ბილეთი მაქვს მისთვის რუსეთში, ციმბირის ტრამალზე სასეირნოდ“.
მოქალაქემ სასამართლოსთან კიდევ ერთი ტრანსპარანტი გამოფინა – „ჩვენ გვშია, ჩვენ მუშაობა გვინდა, ჩვენ არსებობა გვინდა“.
„ეს განცხადება მანამდე გვქონდა გამოკრული საშაურმესთან, ვიდრე მექნებოდა ის წარწერა: ბათუმის ზონდერი მერი. მაგრამ ამაზე რეაქცია მერიას არ ჰქონია. ჩვენ ვითხოვდით საშაურმის წინ ტროტუარის ერთი მეტრით სარგებლობას, ამ უფლებით სარგებლობს ძალიან ბევრი კაფე და რესტორანი. სარგებლობს კი არა, ველოსიპედს ვიყენებ და ბევრგან გავლაც კი შეუძლებელია,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.
„ვუთხარი, ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი. ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო…“, – იხსენებს ვაჟა თავართქილაძე საშაურმის წინ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას, რომელიც მანამდე შედგა, ვიდრე მოქალაქე გამოაკრავდა განცხადებას – „ბათუმის ზონდერი მერი“.
„…ღამით მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა, დედოფალივით კვიპაროსები მედგა ქუჩაში და დამილეწეს… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადების ვიტრინაზე გამოკვრისთვის ბიზნესმენი დააჯარიმა, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კანონიერად მიიჩნია.
ვაჟა თავართქილაძეს მუნიციპალურ ინსპექციაში უთხრეს, რომ მისი ნივთების წაღება შეუძლია, თუმცა მოქალაქე შენიშნავს იმასაც, რომ მისი ნივთების წაღების დროს არავითარი აღწერა არ ჩატარებულა – რა წაიღეს. „უნდა ჩართულიყვნენ ამაში შესაბამისი პირები და შედგენილიყო ოქმი… საწყობში მითხრეს, აგერ ყრია, ვისაც გინდათ, მოაშორეთ, წაიღეთო, არავითარი საბუთი: რა წაიღეს, რას მიბრუნებენ“, – დასძინა ვაჟა თავართქილაძემ.
„არათანაბარი მიდგომა და შერჩევითი სამართლის პრინციპები აქვს ბათუმის მერიას,“ – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი.
ბათუმის მერიას ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვებზე: რატომ დააჯარიმეს საშაურმე განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი“, როცა იმავე საშაურმის იმავე ადგილას ანალოგიური ფორმის სხვა განცხადებისთვის საშაურმე არ დაუჯარიმებიათ? რატომ დაჯარიმდა საშაურმე, როცა განცხადებები და წარწერები არაერთ სხვა სავაჭრო ობიექტის ვიტრინაზეცაა გამოკრული? რატომ ჩამოართვეს მოქალაქეს ტროტუარზე დატოვებული მცენარეები, როცა მას მისი აღებისთვის დრო ჯერ კიდევ ჰქონდა?
მოსამართლეს 28 აპრილიდან დღემდე არ დაუწერია დასაბუთება, რატომ მიიჩნია მან მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება კანონიერად.
სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს. ფაქტის ამსახველი ფოტო დღეს, 15 მაისს, გავრცელდა ფეისბუქზე. ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი ვერ დატენიანდება, რაც დიდი ალბათობით ხეების გახმობას გამოიწვევს.
ფოტო, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა
რატომ ჩააბეტონეს ხეები და ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ირაკლი ჩადუნელს.
„როგორც ჩანს, წიწვოვანი ხეები ამ შაბათ-კვირას ჩააბეტონეს, რადგან მანამდე მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს. უქმე დღეებში არის გაკეთებული.
წინა კვირას, მე როცა ვიყავი შემოვლაზე, არ იყო დასხმული“ – გვითხრა ირაკლი ჩადუნელმა.
მისი თქმით, ბეტონი დასხმულია ეზოს წინ, სადაც ცენტრალური გზა შედის. მან ასევე გვითხრა, რომ ეს ბაიათხევის ტერიტორიაა.
„სახლის წინ აქვს „სტიაშკა“ დასხმული, ახლა გაარკვევენ შესაბამისი სამსახურები, საკუთრებაში აქვს ეს ტერიტორია აღნიშნულ პირს თუ არა. თუ საკუთრებაში აქვს ეს ტერიტორია, მაშინ აქვს უფლება და თუ არ აქვს, გაირკვევა ყველაფერი, ხეებს ირგვლივ უნდა ჰქონდეს დატოვებული ნიადაგი, რომ ფესვებმა იკვებოს. ძირებში ბეტონი მიუსხა, ასეთი რამ არ ვიცი“- ამბობს ის.
ირაკლი ჩადუნელმა „ბათუმელებთან“ არ დააზუსტა, ვინ არის აღნიშნული პირი, ვინც ხეები ჩააბეტონა, თუმცა გვითხრა, რომ ამ საკითხს აუცილებლად მოიკვლევენ.
„აქ ისეთი ადგილია, ხშირად ქირავდება სახლები დამსვენებლებზე, გზიდან ახლოსაა და რადგან მანქანები შედის, როგორც ჩანს, ამის გამო მოასხა ბეტონი, თუმცა ღობე არ არის და არ ვიცით, კერძოა თუ არა ეს ტერიტორია“ – გვითხრა მან.
სურამი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, რომელიც ჰავითა და წიწვოვანი ტყეებითაა გამორჩეული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხა გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“.
„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის პირველ 3 თვეში 8 დონორისგან ჯამში 300 000 ლარი მიიღო / წყარო: „გამჭვირვალობა საქართველო“
„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2023 წლის 28 თებერვალს ორმა ბათუმელმა ბიზნესმენმა რომანგუნდაძემ და ზაურსალვარიძემ ჯამში 80 000 შესწირეს მმართველ პარტიას. ორივე პირი არაერთი კომპანიის მეწილეა.
„გუნდაძის 100%-იან საკუთრებაში არსებული შპს BS METAL GROUP 1.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების გამარჯვებულია და 350 000 ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული.
სალვარიძეს 2021 წელს 60 000 ლარი ჰქონდა მმართველი პარტიისთვის შეწირული, ხოლო გუნდაძეს 2020 და 2021 წლებში ჯამში 20 000 ლარი, მანამდე კი, 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ 10 000 ლარი ჰქონდა გაღებული.“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ მარტს ბათუმელმა ბიზნესმენებმა – რამაზ ბერიძემ, დავით ნაგერვაძემ [რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე], ნუკრი დოლიძემ და გიორგი ქიძინიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 180 000 ლარი შესწირეს.
„ნუკრი დოლიძემ 1-ელ მარტს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა, მას 2021 წელს უკვე აქვს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 60 000 ლარი გაღებული, ხოლო 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ორგანიზაციას „საქართველო არ იყიდება“ 10 000 ლარი შესწირა.
მისი კომპანიები: „ბონდი-2009“ და „მონოლითი-2005“ აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან და ჯამში 230 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერებში არიან გამარჯვებული, მათ შორის 45 მილიონამდე ღირებულების კონტრაქტები 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში აქვთ მიღებული.
ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა, 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად, ხოლო 2022 წლიდან ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა. 2021 წელს ლევან დოლიძეს მმართველი პარტიისთვის 5000 ლარი აქვს შეწირული.
დოლიძეების კომპანიებს უპირობო აუქციონებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან დადებული ნასყიდობის კონტრაქტების საფუძველზე ათასობით კვადრატული მეტრი უძრავი ქონება აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული. გარდა ამისა, ნუკრი დოლიძის ძმა, მერაბ დოლიძე, რესტორან „აჭარული სახლის“ მესაკუთრეა, რომელსაც გამარტივებული შესყიდვებით 300 000 ლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული“ – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“.
10 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან – 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი – 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ – 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 84 299 ლარით.
წყარო: „გამჭვირვალობა“
„გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 საქმეს, რომელიც პარტიის მიერ საფინანსო დეკლარაციების, შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშების წარმოუდგენლობას ეხება. საქმისწარმოება მიმდინარეობს შემდეგი პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების მიმართ: „სოციალური სამართლიანობისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“, „პროგრესული საქართველო“, „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ (2 საქმე), „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობა“, „ქართული არჩევანი“.
ორ პარტიას „ტრიბუნას“ და „შეცვალე საქართველოს“ წლიური დეკლარაციის წარმოუდგენლობისთვის გამოუცხადეს შენიშვნა, ხოლო პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა.
საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 45 მილიონი ლარამდე ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 230 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 21 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 2 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვები აქვთ მიღებული.“
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით თავდაცვის რაკეტასა და თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონებს მიაწვდის, რომელთაც 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ.
„ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინის წინააღმდეგობისთვის საშინელ, აგრესიულ ომში, რომელიც მას არ აურჩევია და არ დაუწყია“, – ციტირებს „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის განცხადებას.
გასული კვირის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის Storm Shadow-ის რაკეტებს. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
რუსულ სამხედრო ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა უკვე იყენებს Storm Shadow-ის რაკეტებს.
______________
ფოტოზე: რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ფოტო: EPA-EFE/NEIL HALL
გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ბათუმის მერია ნაკვეთებს ოთხთვიანი იჯარით გასცემს, რისთვისაც აუქციონები გამოაცხადა.
მერიას იჯარით გასაცემად ამჯერად 61 ნაკვეთი აქვს გამოტანილი ელექტრონულ აუქციონზე. ამ ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია და 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს.
შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ნაკვეთის 4 თვით სარგებლობის საიჯარო გადასახადიც.
მაგალითად:
240 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური 2 808 ლარია [ბიჯი 85 ლარი];
754 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური კი – 8 822 ლარი [ბიჯი 256 ლარი].
აუქციონზე იჯარით გასაცემი პლაჟების სარგებლობის ვადები და პირობები თითქმის ყველა ნაკვეთისთვის იდენტურია:
სარგებლობაში გადაცემის ვადაა 2023 წლის პირველი ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და დაუზიანებელი საპლაჟე ინფრასტრუქტურა [შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი];
მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ასევე ვალდებულია:
სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.
მოიჯარეს [აუქციონში გამარჯვებულს] ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე [პლაჟის მონაკვეთზე] საპლაჟე ინფრასტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;
მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს მეიჯარის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე;
მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა.
აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 22 მაისს დასრულდება.
როცა ბათუმის მერია პლაჟის იჯარით გაცემაზე საწყის ფასს ადგენდა, ითქვა, რომ ქალაქის მერია კაფეებისა და სხვა მცირე მასშტაბის კომერციულ ობიექტებს ერთიანი კონცეფციით თავად მოაწყობდა და შემდეგ გასცემდა იჯარით. მეორე ვერსიის თანახმად კი, პლაჟი გაიცემა პირობიან აუქციონზე – პირობა კი, ობიექტების წინასწარ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად მოწყობა იქნება.
ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ „ბათუმელებთან“ არც გონიო-კვარიათის პლაჟების გარკვეული მონაკვეთების გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემაც გამორიცხა.
დღეს, 15 მაისს, მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება დეტალები და კაფე-ბარების მოწყობის პირობებით აუქციონებს ცალკე გამოაცხადებენ, „ამჯერად აუქციონები მხოლოდ საპლაჟე ინფრასტრუქტურის განთავსებაზეა გამოცხადებული და სხვა რაიმე კონსტრუქციების მოწყობას არ ითვალისწინებს. კაფე-ბარების მოწყობაზე აუქციონების გამოცხადება იგეგმება“.
ბათუმში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად 2-3 ივნისს გაიხსნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 199 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
ტანკი – 3 759 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 336 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 3 137 ერთეული [+21]
MLRS – 562 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 316 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 720 ერთეული [+24]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 973 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 034 ერთეული [+16]
სპეცტექნიკა – 407 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
425 თვითმფრინავი
233 ვერტმფრენი
4 156 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 169 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 821 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 214 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსული მედია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „სპეცოპერაციის ზონაში“, უკრაინაში რუსული არმიის ორი პოლკოვნიკის დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, „შეტევების მოგერიებისას“ დაიღუპნენ მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური სამუშაოების სამხედრო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო.
მეათე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა მათ ეს სრულად ვერ შეძლეს. ბოლო დღეებში, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს. 13 მაისის მდგომარეობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ბახმუტში კონტრშეტევას.
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში, „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით ხაბელაშვილების ხიდიდან ცოტა მოშორებით აშენდება ახალი სამანქანე ხიდი, ადმინისტრაციის შენობა – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სასტუმრო, მოეწყობა მისასვლელი გზები, „წისქვილების სოფელი“, ოდა, ამფითეატრი; წყლის სისტემები, გარეგანათება; არსებულ ბილიკებს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი ბილიკები.
ოდა და წისქვილების სოფელი ხაბელაშვილების ხიდთან – რენდერი პროექტიდან
პროექტით დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის მშენებლობაც, თუმცა იქვე შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „საპროექტო საფეხმავლო ხიდი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე იგი წარმოადგენს, დროებით გადასასვლელ სავალს, რომლის მუშაობა გათვლილია მხოლოდ ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში.“
რაც შეეხება სამანქანო ხიდს:
„სამანქანო [მისასვლელ] ხიდზე მოძრაობა აეკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებას ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება 20 ტონას.
ხიდზე მანქანების მოძრაობა იქნება ცალმხრივი და მოძრაობის უპირატესობა მიენიჭება კომპლექსში მომსვლელ ვიზიტორს.“
სამანქანე [მისასვლელი] ხიდის რენდერი პროექტიდანაღნიშნული სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 8 მილიონ 697 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა თანხის ოდენობა ტენდერის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ივნისს დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდია. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა კი – საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელი.
პრეტენდენტის მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნაა, „საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე [გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი] 2020 წლის 1-ლი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, ჰქონდეს სამშენებლო [გარდა შეკეთება, დემონტაჟი] სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 4 500 000 ლარის ღირებულებით.“
ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაში სამინისტროს 328 ათას 40 ლარი აქვს გადახდილი შპს „ექო არჩიტექტისთვის“, რომელთანაც ხელშეკრულება 2020 წლის ნოემბერში დაიდო.
ხელშეკრულების დადებამდე სამინისტროს კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად შპს „ექო არჩიტექტი“ გამოავლინეს.
კონკურსის და ხაბელაშვილების ტურისტული ადგილის კონცეფციის დეტალები ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან ამ ბმულზე:
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 14 მაისს, 23:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის, წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს.
„ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზია სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვა.
ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია.
ხათუნა ამბობს, რომ სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია.
ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან ღრმა ემოციური კავშირი აქვს და აპირებს კიდევ ერთი უცხოური ენა შეისწავლოს.
ხათუნასთვის მასწავლებლობა ნიშნავს „გიყვარდეს შენი მოსწავლე და მოსწავლემ იცოდეს, შენ ყოველთვის მის გვერდით ხარ“.
მან დანამდვილებით არ იცის, შემდეგ წლებშიც თუ იმუშავებს ახალდაბის საჯარო სკოლაში, მაგრამ საკუთარ თავს მომავალშიც აქტიურ მასწავლებლად ხედავს.
„მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და მოსწავლეების წარმატებები ორმაგ მოტივაციას მაძლევს. თუ შენი საქმე გიყვარს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობ.
აუცილებლად უნდა წავიდეთ მასწავლებლები მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. თუკი გიყვარს შენი საქმე, რა მნიშვნელობა აქვს, სად აკეთებ. ქალაქი, სოფელი… გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გინდოდეს მასწავლებლობა. თუ ხარ გულით მასწავლებელი, გიყვარს მოსწავლე, რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე სოფელშიც და ასწავლო. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განვითარდე, გაიზარდო და შედგე. ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეებთან აგავსებს, საოცარი ხალასია“, – გვითხრა ხათუნამ.
ხათუნა ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში ცხოვრობს, თუმცა შუახევში, ახალდაბაში მუშაობს.მასწავლებლის თქმით, თავიდან არც თვითონ არ ფიქრობდა სოფლის სკოლაში ესწავლებინა. პროგრამაში – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მაშინ გადაწყვიტა მონაწილეობა, როდესაც პროგრამას და მის მიზანს გაეცნო – მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში დეფიციტური საგნის მასწავლებლების პრობლემის გადაჭრას რომ ემსახურებოდა.
„2012 წელს მივიღე პროგრამაში მონაწილეობა და ასე აღმოვჩნდი ახალდაბის საჯარო სკოლაში, თუმცა ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი, ნამდვილად არ მეგონა“, – გვეუბნება ხათუნა.
მისი თქმით, მისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ეპიზოდია მისი პირველად ასვლა ახალდაბის საჯარო სკოლაში, სადაც მის დასახვედრად მთელი სოფელი შეიკრიბა.
„დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას. ძალიან თბილი დამოკიდებულება დამხვდა. სწავლას იყვნენ მოწყურებულები და აი, ორი წლის თავზე უკვე თავისუფლად აბარებდნენ მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს ინგლისურ ენაში საკმაოდ მაღალ ქულებზე. დღემდე ასე გრძელდება. რა თქმა უნდა, მოსწავლეები რეპეტიტორთან არ დადიოდნენ. მანამდე ამ სკოლაში ინგლისური ენა არ ისწავლებოდა და მოსწავლეებიც მისაღებ გამოცდაზე რუსულს აბარებდნენ.
აი, ამაზე დიდი სიამაყე რა უნდა იყოს, როცა, ვთქვათ, მშობელი გეტყვის, არსად მომიმზადებია შვილი და თქვენი დამსახურებაა, უნივერსიტეტში რომ ჩააბარაო.“
ახალდაბის საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყების პირველ წელიწადს ხათუნას მხოლოდ ფრანგული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, თუმცა იმ წელსვე გაიარა სერტიფიცირება ინგლისურ ენაშიც.
„სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და კარგი თანამშრომლობის დამსახურებაა, რომ შემდეგ აქ გავხდი წამყვანი და მენტორი მასწავლებელი“, – ამბობს ხათუნა.
მასწავლებელი სკოლის სათანადო აღჭურვილობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საშუალებას აძლევს, საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვნად წარმართოს:
„2012 წელსაც, აბსოლუტურად ყველა საკლასო ოთახი იყო აღჭურვილი კომპიუტერით და სხვა ტექნიკით, გვქონდა პროექტორი და ყველა ის რესურსი, რაც მჭირდებოდა საგაკვეთილო პროცესის ნორმალურად, მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმართვისთვის.
რომ ავედი, განათლების სამინისტრომ მაშინ ბევრი ინგლისურენოვანი ლიტერატურა გამოაგზავნა. ზოგადად, ამ სკოლას ძალიან დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს მხატვრული ლიტერატურის თვალსაზრისით, მაგრამ რადგან იქამდე ინგლისური არ ისწავლებოდა, დამატებით გამოგვიგზავნეს ინგლისურენოვანი ლიტერატურაც“.
მასწავლებელი იხსენებს, რომ ახალდაბის საჯარო სკოლაში როცა დაიწყო მუშაობა, 50-55 მოსწავლე ჰყავდათ. მოსწავლეების რიცხვი ახლა 29-მდე შემცირდა.
ხათუნას ახრით, მცირეკონტინგენტიან სკოლებს გარკვეული უპირატესობებიც აქვთ.
„ყველაზე დიდი პლუსია, რომ კლასში მაქსიმუმ 5-7 მოსწავლეა. ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალურად გიწევს მუშაობა, რაც ამარტივებს [პროცესს]. მოსწავლეები ყველა აქტივობაში ერთვებიან, ყველა გამოკითხულია და არ რჩება არაფერი გაურკვეველი. დიდ დროს ვუთმობთ თითოეულ მოსწავლეს, მათ ეს ფუფუნება აქვთ. ქალაქის, დიდკონტინგენტიან სკოლებში ეს პრობლემაა.
ძალიან ბევრი მოსწავლე, აბიტურიენტი, ახლა უკვე პროფესიონალები არიან და ეს მეამაყება“, – გვითხრა ხათუნამ.
ახალდაბის საჯარო სკოლა 2-3 კილომეტრის დაშორებითაა ცენტრალური გზიდან, რამაც ხათუნას გადაადგილება გაუმარტივა. მისი თქმით, ალბათ ამიტომაა, რომ უკვე 12 წელია ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის.
მისი თქმით, „აქამდე ბოლომდე რომ არ დაიცალა სკოლები, ამას დეფიციტური საგნის მასწავლებლების შევსებამაც შეუწყო ხელი.“
ის აქტიური მიგრაციის მიზეზად მაღალმთიან სოფლებში ხანგრძლივ და მკაცრ ზამთარს ასახელებს.
„ალბათ ყველას არ შეუძლია მკაცრ ზამთარში აქ ცხოვრება. თოვლში სიარული მარტივი საქმე არ არის. ეს შეიძლება იყოს შემაფერხებელი მასწავლებლებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში რომ ასწავლონ. ასევე, სოფლების დიდი მანძილით დაშორება ცენტრალური გზიდან. “
ინგლისური ენის მასწავლებელი ახალდაბაში ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, რადგან მზრუნველი და სტუმართმოყვარე მასპინძლები შეხვდა.
მასწავლებელი ინგლისური ენის კლუბის შესახებ გვიყვება შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იდეით შეიქმნა გასული წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრში და დეკემბერში დასრულდა. კლუბმა ორი ასაკობრივი კატეგორიის, სასწავლო და საბაზო საფეხურის 64 მონაწილე გააერთიანა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლებიც ონლაინტესტირების შედეგად შეირჩნენ. კლუბის წევრები ინგლისურ ენაზე ეცნობოდნენ მათი ენის ცოდნის შესაფერის და ინტერესების შესაბამის მხატვრულ ლიტერატურას, ფილმებს და შემდეგ მათ განხილვებს აწყობდნენ.
კლუბს სამი მასწავლებელი ჰყავდა, კურატორი მასწავლებელი კი ხათუნა იყო. მისი თქმით, კლუბში ახალ მიღებას სექტემბერში გამოაცხადებენ.
„ეს ძალიან ეხმარება მოსწავლეებს. შესაძლოა სულაც ერთი მოსწავლე იყოს კლასში. ასეთი კლასიც მყავს. მსგავსი აქტივობის დროს მოსწავლეები თანამშრომლობით სწავლების მეთოდებს ეცნობიან. კლუბის მიზანი მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება, დახვეწა, ლექსიკური მარაგის განვითარება, კრიტიკული, შემოქმედებითი, სააზროვნო, ანალიტიკური უნარების განვითარება იყო. კლუბური მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს ყველა ამ უნარის გაუმჯობესებაში და ვფიქრობ, ამ შედეგებს მივაღწიეთ.
სხვა მუნიციპალიტეტებშიც თუ იქნება მსგავსი ტიპის კლუბები, ძალიან კარგად იმოქმედებს მოსწავლეების შემოქმედებით უნარებზე. გააუმჯობესებს შედარების ანალიზის უნარს და ა.შ. კლუბის წევრები ირგებდნენ როლებს. ვთქვათ, რომ ყოფილიყვნენ ავტორები, როგორ დაასრულებდნენ ნაწარმოებს, სხვადასხვა პერსონაჟის გადმოსახედიდან როგორ გადაჭრიდნენ პრობლემას და ა.შ“ – ამბობს ხათუნა ფარტენაძე.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში წერენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში განხორციელებული კონტრშეტევების შედეგად 16,85 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
ISW წერს, რომ 13 მაისის მდგომარეობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ბახმუტში კონტრშეტევას. აქვე აღნიშნულია, რომ ISW-ს არ უნახავს უკრაინელების მიღწევების ვიზუალური დადასტურება.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 13 მაისს განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში, ხოლო უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინის ჯარები ამჟამად აწარმოებენ აქტიურ ოპერაციებს ბახმუტის რაიონში.
ISW-ის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული წყაროები წერენ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტებით დარტყმაზე ოკუპირებულ ლუგანსკში.
Storm Shadow-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა დიდმა ბრიტანეთში კვირის ბოლოს დაადასტურა. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
დღეს, 14 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები თურქეთში საქართველოს დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგების გამოცხადება ღამით დაიწყება.
თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, მათგან დაახლოებით 4,9 მილიონი ადამიანი ხმას პირველად მისცემს.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ბლოკ „ATA ალიანსის“ კანდიდატი სინან ოღანი.
საპრეზიდენტო კენჭისყრაში გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ პირველ ტურში ეს ვერავინ შეძლო, 28 მაისს მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, მასში 26 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიათა ნახევარი წინასაარჩევნოდ შეკრულ 5 ალიანსშია გადანაწილებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტეს რაიონებში, ხოლო დღისით ზოგან წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 4-5 ბალი, დღისით 4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა კი, +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 198 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
ტანკი – 3 756 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 7 325 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 3 116 ერთეული [+21]
MLRS – 562 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 314 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 696 ერთეული [+31]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 018 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 404 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
425 თვითმფრინავი
231 ვერტმფრენი
4 135 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 159 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 813 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 193 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დღეს, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია აია სოფიაში შეაჯამა, მისი მთავარი მეტოქე, ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ კი ათათურქის მავზოლეუმში გამოჩნდა.
ხვალ, 14 მაისს, თურქეთში არჩევნებია.
„ერდოღანმა, როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნის და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეეხსენებინა თავისი ამომრჩევლისთვის – „მე გადავაქციე აია სოფია ისევ მეჩეთად…“ქილიჩდაროღლუს შემთხვევაში კი, ათათურქის მავზოლეუმი ცალსახა გზავნილია, რომ იგი ქემალისტურ გზას განაგრძობს – რესპუბლიკა, სეკულარიზმი,“ – ასე ხედავს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატების სიმბოლურ გზავნილებს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი.
როგორ გააქტიურდა და რა გზავნილები ჰქონდა რუსულ პროპაგანდას თურქეთში? – ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე „ბათუმელები“ თურქეთში თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა.
ბატონო ქამრან, პირველ რიგში, გვითხარით, რას აჩვენებს თქვენთვის ერდოღანის ერთ-ერთი ბოლო გზავნილი: „ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით, თუ ჩვენი ერი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ჩვენ გავაკეთებთ ზუსტად იმას, რასაც მოითხოვს დემოკრატია…“
ვიდრე ერდოღანი ამას იტყოდა, სამი დღით ადრე, მისი პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი გამოვიდა და თქვა, ჩვენ პატივს ვცემთ თურქ ამომრჩეველს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამომრჩეველმა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთო. გუშინ ერდოღანმაც რომ ეს თქვა, ეს არის სიგნალი მოსახლეობისთვის და პარტნიორებისთვის უცხოეთში, რომ დემოკრატიით მოვედი და დემოკრატიით წავალ, თუმცა 2019 წელს, როცა სტამბოლში დამარცხდნენ, გაუჭირდათ.
სხვათა შორის, ამ განცხადების გაკეთების დროსაც ერდოღანმა სტამბოლში დამარცხება გაიხსენა, დავთმეთო, მაგრამ დათმეს მესამე ცდიდან. პირველ ცდაზე როცა დამარცხდა ერდოღანის კანდიდატი, ეს არ აღიარეს. შემდეგ თქვეს, რომ ოპოზიციამ გააყალბა, მესამე არჩევნების შემდეგ კი, როცა უკვე ნათელი იყო უპირატესობა, ვეღარაფერი თქვეს.
ხომ არ გამოჩნდა, რომ ერდოღანი უშვებს მარცხს ამ არჩევნებში?
შეიძლება კი. არის ეს ვერსია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ იმიტომ, რომ იციან დამარცხდებიან.
ბევრი უცნაურობა ხდება ბოლო დღეებში, მაგალითად, უცნაური იყო ის, რომ მუარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა. მას მანამდე მოუწოდებდნენ ოპოზიციურ ფლანგზე, მოხსენი კანდიდატურა, ხმების გაყოფით ნუ ხარ დაკავებულიო. მაშინ ის ვერ დაითანხმეს. მას შემდეგ კი, რაც ყალბი ინფორმაცია და პირადი კადრები გავრცელდა, მან უკან დაიხია.
ვის მიერ გავრცელდა ეს კადრები, არავინ იცის, თუმცა ქილიჩდაროღლუმ როცა რუსულად დაწერა განცხადება, ღიად რუსები დაადანაშაულა ამაში.
ქამრან ოსმანლი, თურქოლოგი
რა ფორმით და რა გზავნილებით მუშაობს რუსული პროპაგანდა თურქეთის არჩევნებში?
როცა აქქუიუს ბირთვული რეაქტორი გაიხსნა, პუტინი არ ჩავიდა თურქეთში, თუმცა ამ პროცესს ონლაინ დაესწრო და ღიად დაუჭირა ერდოღანს მხარი.
გარდა ამისა, ტვიტერსა და სხვა სოციალურ მედიაში გააქტიურდნენ ტროლები, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ავრცელებენ ფეიკნიუსებს. ამ კამპანიის მიზანია განსაკუთრებით გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა, რომ აი, ხმა მიეცით ერდოღანს.
ტროლების გზავნილი ძირითადად არის ის, რომ ოპოზიციას აბრალებენ ქურთულ რადიკალურ ძალებთან თანამშრომლობას, გიულენის ორგანიზაციასთან დაახლოებას. ტროლების გზავნილი ძირითადად ასეთია: თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იქნება ძლიერი დარტყმა თურქეთის სუვერენიტეტისთვის. სხვადასხვა ორგანიზაცია იკვლევს ტროლ-ბოტების ამ აქტივობას და რამდენიმე დღის წინ ტვიტერმაც კი დაბლოკა ასობით ანგარიში.
თურქები და რუსები მეტოქეები არიან დღემდე, მათი ინტერესები განსხვავებულია, მათი ინტერესი განსხვავებულია აზერბაიჯანსა და საქართველოშიც კი, სირია, ლიბია…
მას შემდეგ, რაც ერდოღანი ევროკავშირს და ამერიკელებს დაუპირისპირდა სხვადასხვა საკითხის გამო, პუტინმა თავისი ხრიკებით ის თავის პოლუსზე გადაიბირა, თუმცა ამით ისინი მოკავშირეები არ გახდნენ. ისინი მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან, მათ შორის, სირიაში.
თურქეთის შემთხვევაში რამდენად დიდია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა?
დაახლოებით წლინახევრის წინ ასეთი იყო ამომრჩევლის 20 %. ახლა, არჩევნების წინ, ეს მაჩვენებელი შემცირდა 3-დან 5 %-მდე. ეს ძალიან კრიტიკული არჩევნებია და პარტიები ცდილობენ, მაქსიმალურად მოიზიდონ ხმები.
ერდოღანმა საარჩევნო კამპანია სიმბოლურად აია სოფიაში დაასრულა, ქილჩდაროღლუმ – ათათურქის მავზოლეუმში. რა გზავნილია ეს?
რაც არ უნდა ითქვას თურქეთზე, იქ არჩევნები ყოველთვის ღიად და კარგად ტარდება, თურქეთს ამის დიდი და კარგი გამოცდილება აქვს.
ერდოღანის გზავნილია ის, რომ როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნეს და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო ამით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი რეიტინგი იყო 60%-ზე ზევით. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეახსენოს თავის ამომრჩეველს – „მე გადავაქციე აია სოფია ისევ მეჩეთად“. ცხადია, აქ ისლამზე დიდი აქცენტია გაკეთებული.
თურქებს თავიანთი ისტორია ძალიან უყვართ და აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა უკავშირდება სულთან მეჰმედს, რომელმაც ბიზანტია დაამარცხა და შევიდა ქალაქში, როგორც გამარჯვებული. ერდოღანიც ამ მიდგომით თავის თავს ღიად ოსმალეთს უკავშირებს.
ქილიჩდაროღლუს შემთხვევაში კი, ათათურქის მავზოლეუმი ცალსახა გზავნილია, რომ იგი ქემალისტურ გზას განაგრძობს: რესპუბლიკა, სეკულარიზმი და ასე შემდეგ. ეს არის გზავნილი ამომრჩევლის მიმართ, რომ ათათურქის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გზა გაგრძელდება, მისი არჩევის შემთხვევაში.
აღნიშნეთ, რომ თურქეთს აქვს არჩევნების დიდი გამოცდილება. რამდენად ხედავთ ამ ეტაპზე იმის რესურსს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს? კვლევებით ჩანს, რომ თურქეთში არჩევნების მეორე ტურის ალბათობა დიდია, ხოლო ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ქვეყნებში მეორე ტურში ოპოზიციას წარმატების მიღწევა უჭირს
შესაძლოა ეს, რადგან თურქეთის ისტორიას საკმაოდ ბევრი არჩევნები ახსოვს და ფსონის დადება ერდოღანზე სისულელეა.
ცალსახად თქმა, ვინ მოიგებს, შეუძლებელია. მეორე ტურის შემთხვევაში წავა ვაჭრობა – არის მესამე კანდიდატი სინან ოღანი, რომელიც ბოლო 2 – 3 კვირაში გახდა პოპულარული, მისი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. გუშინდელ კვლევაში 2.1 % ჰქონდა. ეს არის ნაციონალისტების ფრთა. დღეს, 13 მაისს, გამოვიდა სინან ოღანი განცხადებით, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია ათათურქი და თურქეთის კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლის დაცვა. წავა ჩვეულებრივი ვაჭრობა.
მაგრამ თუ ოღანის აქცენტი ათათურქია, ეს ხომ უფრო ახლოსაა ქილიჩდაროღლუსთან?
ვერ ვიტყვით ასე ცალსახად – შესაძლებელია მათ ერდოღანმა შესთავაზოს რამე ისეთი, რაზეც უარს ვერ იტყვიან.
მიწისძვრის ფაქტორი არის თუ არა ისევ მნიშვნელოვანი, რის გამოც ერდოღანის რეიტინგი შემცირდა?
კატასტროფის პირველ-ორ თვეში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამოკითხვებით ჩანდა, რომ ერდოღანის და მისი პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა, თუმცა შემდეგ რეიტინგი ისევ დაუბრუნდა მიწისძვრამდელ მაჩვენებელს.
გამოდის, რომ დიდწილად საზოგადოების ნაწილის გულის მოგება ერდოღანმა ისევ შეძლო. ეს უკავშირდება სახლების აშენებას უფასოდ, სხვა უფასო სერვისების შეთავაზებას და ასე შემდეგ.
ცნობილია, რომ ოპოზიციას ეყოლება 500 ათასი დამკვირვებელი. შესაძლოა, სოფლებსა და პროვინციებში რაღაც გააყალბონ, მაგრამ დიდ ქალაქებსა და პროვინციებში ეს გაუჭირდებათ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ხაჭაპური საქართველოში გაიაფდა, თუმცა ბათუმში გაძვირდა.
2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის მომზადება 5 ლარად და 99 თეთრად იყო შესაძლებელი. ეს მაჩვენებელი 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მონაცემზე, თუმცა თვიურ ჭრილში – 2023 წლის მარტთან შედარებით – ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.
ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
2023 წლის მარტთან შედარებით, აპრილში „ხაჭაპურის ინდექსი“ ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა [-14.3%]. შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით.
„გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით, აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებში.
ISET-ის მონაცემებით, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხაჭაპური გაძვირდა , რადგან ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.
თვიურ ჭრილში კი, ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა.
ISET-ის მონაცემებით, მარტთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%). ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნის-ივლისში აღწევს.
„გარდა ამისა, იმპორტირებული აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს,“ – აღნიშნავენ ISET-ში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 198 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
ტანკი – 3 751 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 7 307 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 3 095 ერთეული [+27]
MLRS – 561 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 314 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 665 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 011 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 402 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
424 თვითმფრინავი
231 ვერტმფრენი
4 117 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 119 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 806 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 167 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული მედიის ცნობით, ლუგანსკში დღეს, 12 მაისს, 2 აფეთქება მოხდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ოკუპირებული ლუგანსკი ფრონტის ხაზიდან თითქმის 90 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამზე აფეთქების არაერთი კადრი ვრცელდება.
ოფიციალურ კიევს აფეთქებების შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
13 წლის ასაკში, ყაზახეთის ცხელ უდაბნოში ალბათ პირველად სთხოვა ღმერთს მთელი გულით – „გთხოვ, ნუ მომკლავ ისე, რომ არ დავლიო წყალი ონკანიდან და ასი მეტრი მაინც არ გავიარო ქვაფენილზე“.
მანამდე იყო ზამთრის ცივი ღამე, როცა ბათუმში, სახლში, 13 წლის მძინარე ბიჭს, შუაღამისას უცხო ადამიანები წამოადგნენ თავზე. ბიჭი, დედა და მამა, საწოლიდან პერანგისამარა წამოაგდეს და თავზე ავტომატი მიაბჯინეს.
„ჩემი ცხოვრება მაშინ, 13 წლის ასაკში შეიცვალა“-ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ რამიშვილი და გვიყვება, რა გამოიარა სტალინური რეპრესიების დროს მისმა ოჯახმა.
„ოთახში ოთხი შეიარაღებული კაცი იყო, რამდენიმე კი გარეთ იდგა. მამა სკამზე დასვეს და მოძრაობის უფლება არ მისცეს. შოკში იყო დედაც, რამდენიმე წუთით უხმოდ იჯდა იატაკზე.
შეიარაღებულმა კაცმა რაღაც ქაღალდი აჩვენა მშობლებს, გამოგვიცხადეს: „გადასახლებული ხართ, თქვენი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარება“.
თემურ რამიშვილი მშობლებთან ერთად
დედას 2 საათი მისცეს იმისთვის, რომ პირადი ნივთები შეეგროვებინა. საბანი, ზეწარი, ტანსაცმელი შევკარით, გარეთ გაგვიყვანეს და ღია სატვირთო მანქანაში ჩაგვსვეს“- ასე იხსენებს ყოფილი ელექტროინჟინერი 1951 წლის ღამეს, როცა სტალინურმა რეჟიმმა ის და მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლა.
„13 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა საშინელი რამ ხდებოდა ჩვენს თავს. სატვირთო მატარებლების სადგურში გაგვიყვანეს და დახურულ ვაგონებში შეგვყარეს. ერთ ვაგონში ჩვენს გარდა, კიდევ ოთხი ოჯახი შემოიყვანეს პატარა ბავშვებით. ბავშვები ტიროდნენ, კიოდნენ… დედა და მამა არ ტიროდა, არც მე მიტირია“.
უფანჯრო, ჩაკეტილ რკინის ვაგონებში ადამიანები იტანჯებოდნენ, მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ დაიძრა ვაგონები. არ ვიცოდით სად მივდიოდით, რატომ და რისთვის. არც ის ვიცოდით, ოდესმე დავბრუნდებოდით თუ არა“.
„წარმოიდგინეთ, წყალს ვუყურებდით და ვერ ვსვამდით“
თემურ რამიშვილი: „სატვირთო ვაგონში რამდენიმე ფიცარი ელაგა და მასზე მოვთავსდით. ყველაზე მტკივნეული საპირფარეშოს ამბავი დარჩა, არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. ბოლოს რამდენიმე კაცმა ვაგონის იატაკი ამოხვრიტა და ასე ზეწარაფარებულ მდგომარეობაში ვსარგებლობდით.
ასე ვიარეთ 16 დღე.
ვაგონებს შორის ავტომატიანი კაცები იდგნენ. საჭმელს და წყალს ორ დღეში ერთხელ გვაძლევდნენ, „მათლაფით“ შემოდგამდნენ ხოლმე ვაგონის კარებში და თან მოგვაძახებდნენ: „ხალხის გამყიდველები…“
შიმშილისა და წყურვილისგან ვიტანჯებოდით. მახსოვს ის დღე, როცა მატარებელი სადღაც გაჩერდა და ვაგონის პატარა, 30 სმ-იანი ფანჯრიდან გავიხედე. ყველას გვაინტერესებდა, სად ვიყავით, საით მივდიოდით. თითქმის მთელი დღე გაჩერებული იყო მატარებელი.
ჩვენი ვაგონი ზუსტად წყლის ონკანთან გაჩერდა. ადამიანები წყალს ქაჩავდნენ, ჭურჭლებს ავსებდნენ და მიჰქონდათ.
თემურ რამიშვილი დედასთან ერთად. ფოტო გადაღებულია (სავარაუდოდ) გადასახლებაში
ძალიან გვწყუროდა. პატარა ბავშვებიც იტანჯებოდნენ, ყვიროდნენ, – „გვწყურია“, „წყალი, წყალი გვინდა“. წარმოიდგინეთ, წყალს ვუყურებდით და ვერ ვსვამდით. ბოლოს ერთმა ჯარისკაცმა გააღო კარები და გვკითხა – „წყალი გინდათ?“ მოიტანა, სახეში შემოგვასხა და კარები მოგვიხურა. წყალი კი არ მოგვცა.
ღამე იყო, როცა მატარებელი საბოლოოდ გაჩერდა და სადღაც ჩამოგვყარეს. ღია მანქანებში ჩაგვსვეს და ასე ვიარეთ რამდენიმე საათი. სიბნელეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ შიშველ მინდვრებს თუ მოვკრავდით თვალს.
ბოლოს მიწისგან გაკეთებულ სოროებში მიგვიყვანეს, დილით რომ გაგვევლო, ალბათ ვერც კი მიხვდებოდით, ქვემოთ ვინმე თუ ცხოვრობდა. ლერწმის ტოტებით იყო გადახურული და ტალახით შეზელილი. მაშინ გავიგეთ, რომ ყაზახეთში, კიროვსკის რაიონში ვიყავით გადასახლებული“.
ფეხსაცმლის ცნობილი მკერავი და პარიზში აღებული ჯილდო
თემურ რამიშვილის მშობლები იმ დროისთვის ბათუმში ცნობილი ადამიანები იყვნენ. დედა, – ლუბა ალექსის ასული რამიშვილი (ზაზიკაშვილი), ქალაქში ცნობილი იყო ქარგვით. მისი ნამუშევრები წლების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმშიც ინახებოდა.
გადასახლებამდე ლუბა რამიშვილი რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო. მისი სახელი 1941 წელს გამოცემულ ბროშურაში – ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების გამოფენის კატალოგშიცაა ნახსენები, როგორც მხატვრული ქარგვის ოსტატის. კატალოგში შესულია მისი ნამუშევრები – „ამხანაგი ლ.პ ბერიას პორტრეტი (ქარგვა), „ამხანაგი ვოროშილოვის პორტრეტი“ (ქარგვა) და „ყვავილები“.
ოჯახში ლუბა რამიშვილის ნაქარგები ახლაც შემორჩენილი აქვთ
„დედა აჭარელ ქალთა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც მუშაობდა, გამგეობას ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩართული ქალების განათლებაში.
მამაჩემი – ვარლამ რამიშვილი, ქალაქში ყველაზე ცნობილი ფეხსაცმლის მკერავი იყო. მას საკუთარი პატარა საამქროც ჰქონდა, სადაც შეკვეთებს იღებდა სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის, რუსეთიდანაც. ბოლო წლებში კი სასამართლოს აღმასრულებლადაც მუშაობდა.
1907 წელს პარიზში გამართულ კონკურსზე ვარლამ რამიშვილიც მონაწილეობდა, სადაც ჯილდოც გადასცეს“ – “- გვიყვება თემურ რამიშვილი.
1907 წელს პარიზში მიღებული ჯილდო
ეს პატარა პარიზული მედალიონი ახლაც ინახება რამიშვილების ოჯახში.
ვერცხლის მედალიონის შუაგულში, ფირუზისფერ ფონზე, ოქროსფერი ფეხსაცმელია ამოტვიფრული. მედალიონზე ასევე ამოტვიფრულია პატარა ჩაქუჩი და მაკრატელი. მედალიონი შეკრულია დაფნის ვერცხლისფერი ფურცლებით.
„ერთი შეკვეთა გადასახლებაშიც კი წამოიღო და იქ დაასრულა, იმდენად პასუხისმგებლობიანი იყო თავისი საქმის მიმართ“ – გვეუბნება თემურ რამიშვილი.
რამიშვილის ოჯახი არაერთხელ გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა თემურ რამიშვილის ბიძა, ანანია რამიშვილიც. ის 1938 წელს, სტალინის ბრძანებით დახვრიტეს.
ანანია რამიშვილმა 1933 წელს განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც სამრეწველო ინსტიტუტი დაამთავრა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო წყაროების მიხედვით, დახვრეტამდე იგი მუშათა კოოპერატიული ამხანაგობის საცხოვრებელი მშენებლობის საქმეთა მწარმოებლად მუშაობდა.
საბჭოთა რეჟიმი მას გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდა ბრალს.
„სინამდვილეში იმიტომ დახვრიტეს, რომ გერმანიაში მიიღო განათლება, თანაც რამიშვილი იყო. სტალინი ხომ ვერ იტანდა ამ გვარს სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილის გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო. სტალინი ყველა რამიშვილს სდევნიდა“- ამბობს თემურ რამიშვილი.
თემურის მამა ყაზახეთში გადასახლებამდე ასტრახანშიც გადაუსახლებიათ.
„მაშინ მე არ ვიყავი დაბადებული. მხოლოდ ის ვიცი, რომ როცა ქალაქში კომუნისტებმა ფეხსაცმელების ქარხანა ააწყეს, მამაჩემს ქარხნის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, მან კი უარი უთხრა. ეს საბოტაჟად ჩაუთვალეს და ამიტომ გადაასახლეს“ – გვიყვება თემურ რამიშვილი.
პარიზში გამოცემული გაზეთი „ბრძოლა“.
1927 წელს, პარიზში გამოცემული ქართულ გაზეთში „ბრძოლა“, რომლის ეგზემპლარიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, მოიცავს ცნობებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა გადაასახლა, აწამა ან დახვრიტა.
29-30 ნოემბრის ნომერში დასახელებულია ოზურგეთის ჩეკაში ნაწამები ადამიანების სახელი და გვარები. ნახსენებია ვინმე ვარლამ რამიშვილიც, რომელიც „აწამეს და აშიმშილეს 9-8 დღე“.
თუმცა ოჯახს არ აქვს ზუსტი ცნობები, აქ ნახსენები ვარლამ რამიშვილი არის თუ არა თემურის მამა.
სახლი კოსტავას ქუჩაზე
ანანია და ვარლამ რამიშვილები ბათუმის ძველ უბანში, ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე, ერთსართულიანი ბელეტაჟის ტიპის სახლში ცხოვრობდნენ. სახლი 1927 წელს ანანია რამიშვილს ბერძენი ივანე ფოსტიროპულოსგან შეუძენია. სახლს პირვანდელი იერი დღემდე აქვს შენარჩუნებული.
ამ სახლში ამჟამად თემურის შვილი, პასტორი ვარლამ რამიშვილი ცხოვრობს.
ანანია რამიშვილს ეს სახლი 1927 წელს შეუძენია.
რა მოხდა გადასახლებაში
თემურ რამიშვილი: „ორი წელი ყაზახეთის უდაბნოში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში სტალინის სახელობის წყლის არხი გაიყვანეს ბამბის პლანტაციებში და ჩვენც იქ გვამუშავებდნენ. სკოლაში წასვლის უფლება არ მქონდა, ამიტომ მეც ბამბის პლანტაციაში ვმუშაობდი.
ჩვენი ქოხებიდან ოთხი კილომეტრის რადიუსში შეგვეძლო მხოლოდ გადაადგილება, თუ წავიდოდით, გაგვაციმბირებდნენ. არც ქალაქში გასვლის უფლება მოგვცეს. თვეში ერთხელ რაიონში უნდა გამოვცხადებულიყავით და ხელი მოგვეწერა საბუთზე.
ბამბის პლანტაციებში ისეთი სიცხე იყო, მზეზე კვერცხი იწვებოდა. საჭმელი ულუფებით მოჰქონდათ, თუმცა შემდეგ ესეც შეგვიწყვიტეს და თვითონ მოიმზადეთო – გვითხრეს. ბამბის მუშაობაში შრომადღის ფულს გვაძლევდნენ, თუმცა მხოლოდ იმდენს, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით.
თემური დედასთან ერთად
უდაბნოში სასმელი წყლის დეფიციტი იყო, ამიტომ არხში რა წყალიც გადიოდა, იმას ვსვამდით. იმ გუბურადან სვამდნენ ძროხებიც. ამის გამო ბევრი ადამიანი დაავადდა, რამდენიმე მოკვდა კიდეც. გადასახლებაში ადამიანის სიკვდილი ან ავადმყოფობა ხომ არაფერს წარმოადგენდა.
რაც იქ ვიყავით, თითქმის არ დაგვიბანია, რადგან არ იყო წყალი. მტვრიანი, ჭუჭყიანი ვიყავი 2 წელი.
იცით კიდევ რა მახსოვს? ჩემი ლოცვა – „ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, ონკანიდან წყალი არ დავლიო, ქვაფენილზე ერთი ასი მეტრი მაინც რომ არ გავიარო-მეთქი. გთხოვ, ღმერთო, გააკეთე რამე“ – ასე ვევედრებოდი.
რადგან დედა დეპუტატი იყო, ბოლოს „პატივი დასდეს“ და უდაბნოდან რაიონში გადაიყვანეს. ამან ჩვენი მდგომარეობა თითქოს შეამსუბუქა. მამას ფოსტაში მუშაობის უფლებაც მისცეს, რადგან წერა-კითხვა იცოდა, ბევრი ადგილობრივისგან განსხვავებით.
მე ჭადრაკს ვთამაშობდი ძალიან კარგად. ერთხელ, კომენდატურაში მისვლისას დავინახე როგორ ეთამაშებოდა კომენდანტი სამხედროებს. თავზე დავადექი და ერთი-ორჯერ შევუსწორე კიდეც. შემომხედა და მითხრა – „დაჯექი, ითამაშე“. ორი ხელი ზედიზედ მოვუგე. მესამედ ყველა ჯარისკაცი თავზე დაადგა, ეხმარებოდნენ, მაგრამ ის ხელიც მოვიგე. მეშვიდე სვლაზე მატი გავუკეთე. საშინლად გაბრაზდა, ხელი აიქნია და ფიგურები მიმოყარა.
ის დღეც მახსოვს, როცა კომენდატურაში მისვლისას ყველა კედლის რადიოს მისჩერებოდა. „უმერ ტავარიშ სტალინ“ – გადმოსცემდა რადიო…
იცით რა იყო საოცარი? ადამიანები, რომელსაც წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ქონება, აუკრძალეს ახლობლების, ნათესავების ნახვა, გადაასახლეს, მოუკლეს ოჯახის წევრები და როგორც მონას, ქამრითაც სცემდნენ გადასახლებაში, იდგნენ და ცხარე ცრემლებით ტიროდნენ.
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ჩამოდიოდა ცრემლი მათ დაღარულ სახეებზე. „ვაი, რა გვეშველება, ახლა ხომ დავიღუპებითო“ – მოთქვამდნენ. მეცინება, მეტი რაღა უნდა დამართოდათ, მთელი ცხოვრება გადასახლებაში უნდა ჩამკვდარიყვნენ, მაგრამ ასე იყვნენ ადამიანები მაშინ შთაგონებული, რომ სტალინის გარეშე არაფერი ეშველებოდათ.
ჩემი მშობლები არც მაშინ ტიროდნენ. ისინი სხვანაირად აზროვნებდნენ და სწორედ ამიტომაც გადაასახლეს, რომ ეს ტერორი და ეს წყობა არ მოსწონდათ.
სახლში დაბრუნება
„სტალინის სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტაცია მივიღეთ და წართმეული სახლიც დაგვიბრუნეს.
ნივთები, რა თქმა უნდა, აღარ დაგვხვდა. ყველაფერი გაყიდეს. მამაჩემის საყვარელი ხის დიდი სავარძელი გადაგვირჩა მხოლოდ, რადგან გადასახლების დღეს მეზობელმა გაიტანა თავისთან და ასე გადარჩა. ყველაზე მეტად პიანინო და პოლონური ბუფეტი დაგვენანა. ვარშავიდან იყო ჩამოტანილი და ძალიან ლამაზი ორნამენტებით ჰქონდა. თუმცა, ნივთებს ვინღა ჩიოდა, დავბრუნდით და ამაზეც თანახმა ვიყავით“ – ამბობს თემურ რამიშვილი.
ლუბას ნაქარგები ერთ დროს ხელოვნების მუზეუმშიც ინახებოდა
მისი თქმით, სკოლაში ყოველთვის კარგად სწავლობდა. თავიდან ოთხწლიან სკოლაში, მუზეუმის გვერდით, იქიდან კი ვაჟთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.
„სკოლა თბილისში დავამთავრე და იმავე წელს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოვეწყე. კათედრაზეც დამტოვეს, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო ბათუმში დავბრუნდი. პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ და ბოლო წლებში საქენერგოში ვმუშაობდი.
უნივერსიტეტში სწავლის წლებშიც ჩვენ ფიზიკოსები ბევრს ვსაუბრობდით სამყაროს შექმნის იდეაზე. არ ვიზიარებდი დარვინის მოსაზრებას და არც იმას, რომ რაღაც ქაოსისგან წარმოიშვა სამყარო.
თუმცა წლების წინ ღმერთის არსებობის არ მჯეროდა, ალბათ არც მაშინ, როცა ყაზახეთის უდაბნოში სახლში დაბრუნებას ვთხოვდი. ცხოვრებაში სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი სასწაულებრივად, ახლა ვიცი, რომ ღმერთმა შემიყვარა და ამ ცხოვრებით დამაჯილდოვა“ – ამბობს ის.
საქართველოდან ამერიკაში
თემურ რამიშვილი ახლა 80 წლისაა და აშშ-ში ცხოვრობს. ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრებაზე არასდროს უფიქრია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეერთებული შტატების მოქალაქე გახდებოდა.
„ევროპაზე უფრო ვფიქრობდი ბავშვობაში. მინდოდა საბჭოეთს იქეთ გამეღწია და მენახა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები. შემდეგ წლებშიც ვცდილობდით რკინის ფარდის იქით როგორმე გაგვეღწია.
რთულია ადამიანების გონებიდან საბჭოთა რეჟიმის კვალის წაშლა, რადგან ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე მთელი საბჭოთა სისტემა მუშაობდა.
რეჟიმი აიძულებს ადამიანს დაიჯეროს, რომ ის ორმო, სადაც ცხოვრობს, ყველაზე უკეთესია. პარტიის, სისტემის მორჩილებაა მთავარი მიზანი.
რეპრესიის შიში ისე იყო გამჯდარი ადამიანების გონებაში, რომ რამე კარგი თუ ხდებოდა, მართლა „ძია სტალინის და პარტიის“ დამსახურება ეგონათ. არავინ ამბობდა, რომ „ძია სტალინმა მოგიკლა შვილი“, „ძია სტალინმა მოგიკლა ბიძა, გადაგვისახლა ოჯახი“.
თემურ რამიშვილი მეუღლესთან, ლია თხილაიშვილთან ერთად დღეს აშშ-ში ცხოვრობს
ტოტალური შიში იყო ადამიანებში – „ვინმემ არ დამასმინოს“. ერთი ადამიანი 15 წელი ციმბირის მაღაროებში მარტო იმიტომ ამუშავეს, რომ ნაცნობებთან საუბარში თქვა, საბჭოთა თვითმფრინავები უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან გერმანელებს უკეთესი ჰყავთო.
რეჟიმისთვის ადამიანი ხომ არაფერს წარმოადგენდა, უბრალო ჭანჭიკი იყო. ტრაქტორს მეტი ფასი ედო, ვიდრე ადამიანს. სწორედ ეს არის განსხვავება რეჟიმსა და დემოკრატიას შორის. ევროპაში ადამიანია მნიშვნელოვანი და არა მატერია“ – ამბობს თემურ რამიშვილი.
მისი აზრით, ალბათ ორი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ ადამიანების გონებიდან საბჭოთა აზროვნება ამოიშალოს.
თემურ რამიშვილი
„საბჭოთა რეპრესიები გამოვიარე, გადასახლებაში ვიყავი, 50 წელი საქართველოსთვის ვიმუშავეთ მეც და ჩემმა მეუღლემ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი პენსიას არ გვაძლევს, ამერიკაში ცხოვრობთ და არ გეკუთვნითო.
ამერიკისთვის ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა ისეთი ცხოვრება მოგვცა, კომუნისტები რომ კომუნიზმს ეძახდნენ და გვპირდებოდნენ, იმაზე უკეთესი. აი, ეს არის განსხვავება დასავლეთსა და ჩვენს შორის.
ზოგადად, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნის გარეთაც, უნდა ნახონ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, როგორია სხვა კულტურა. ახალგაზრდებს უნდა ველაპარაკოთ თავისუფლებაზე და მის ფასზე“.
საუბრის დასასრულს თემურ რამიშვილი გვეუბნება: „გახსოვთ რას ვევედრებოდი ღმერთს გადასახლებაში? – ღმერთმა დამაბრუნა სახლში, დავლიე წყალიც ონკანიდან და გავიარე ქვაფენილზეც. ღმერთმა მომცა თავისუფლება სამშობლოშიც და აქაც, ამერიკაში, – თავისუფლების მიწაზე“.
_______________________
თემურ რამიშვილთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ 2020 წლის იანვარში ჩაწერა.
„მაინც მგონია, რომ ეს უფრო შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ, შემდეგ დაიწყება ძირითადი დარტყმები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი ვარაუდობს, რომ უკრაინელები რუსების ყურადღების გადატანას ეფექტურად შეძლებენ.
ვახტანგ კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს კატერებზეც, დნეპრის დელტაში რომ გამოჩნდნენ უკვე: „არაა გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ მცირე ჯგუფებით კუნძულებზე კონტროლი მოიპოვონ“, – ამბობს გადამდგარი გენერალი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ერთიანი კონტრშეტევისთვის უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა სჭირდება და ამის საშუალება ჯერ კიდევ არ აქვს.
„უკრაინელები ცდილობენ, რომ კონცენტრაცია მოახდინონ დაახლოებით 24-72 საათის განმავლობაში, რომ რუსებმა ვერ შეძლონ მათზე დარტყმების განხორციელება…ფაქტია, რომ უკრაინელებს ნამდვილად აკლიათ საჰაერო მხარდაჭერა. თანაც, როგორც ამინდის პროგნოზიდან ჩანს, წვიმა დაიწყება მალე. შესაძლოა, ისევ შეფერხდეს შეტევები“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი.
ვახტანგ კაპანაძეს პრიგოჟინზეც ვკითხეთ, რომელმა დღეს, 12 მაისს, ბახმუტში შოიგუ მიიწვია.
„მე მგონია, რომ პრიგოჟინმა აიღო ბილეთი ერთი მიმართულებით, არ ვიცი, უკან როგორ უნდა დაბრუნდეს?“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, გვითხარით ბოლო მონაცემები ბახმუტზე – თქვენი დაკვირვებით, დაანონსებული კონტრშეტევისთვის რამდენად ეფექტური დასაწყისი აქვს უკრაინას?
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებს აქვთ დარტყმები ძირითადად იმ მარწუხებზე, რომლითაც რუსები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცდილობდნენ სრულ ალყაში მოექციათ ბახმუტი.
უკრაინელებს განსაკუთრებით წარმატება აქვთ სამხრეთ მიმართულებაზე, სადაც იყვნენ არამხოლოდ „ვაგნერელები“, არამედ იყო რუსეთის ჯარის რეგულარული ნაწილი. იქ რამდენიმე კილომეტრზე დატოვეს რუსებმა პოზიციები.
2 კილომეტრით დაიხიეს უკანო, სირსკი აცხადებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური…
ამას ამბობენ უკრაინელები. ფაქტია, რომ უკან დაიხიეს რუსებმა არა ბახმუტში, არამედ მის შემოგარენში გარკვეული მიმართულებით, თუმცა „ვაგნერელებმა“ შეძლეს რაღაც ნაწილში უკრაინელების შეჩერება. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი უკრაინელებს გაკეთებული აქვთ იმაზე, რომ როგორმე შეძლონ და გახსნან ლოჯისტიკური ხაზი – მომარაგების გზა ბახმუტში მყოფი დანაყოფებისთვის.
ამავე დროს, „ვაგნერი“ ბახმუტის შიგნით განაგრძობს შეტევას. ჩამოყალიბდა შემდეგი ვითარება: უკრაინელების აქცენტია, ბახმუტს მოხსნან ბლოკადა. ასევე უკრაინელები ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებაზე განახორციელონ შეტევები, რათა რუსებმა ვერ შეძლონ კონცენტრირება რომელიმე ერთ მიმართულებაზე. თავის მხრივ, რუსები ჯიუტად ცდილობენ ბახმუტის საბოლოოდ აღებას, დარჩენილია რამოდენიმე ქუჩა, ამიტომ ჩქარობენ უკრაინელები.
ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელები ძირითადად იყენებენ დრონებს. მძიმე ტექნიკას ისინი იყენებენ შედარებით ნაკლები რაოდენობით მაშინ, როდესაც ხარკოვის და სევერსკის მიმართულებაზე შეიმჩნევა უკრაინელების ჯავშანტექნიკის დიდი კონცენტრაცია. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო კონტრ-შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ.
ასევე გამოჩნდა მონაცემები, რომ რეზინის კატერების კონცენტრაცია ხდება ხერსონის რაიონთან – არ არის გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ, მცირე ჯგუფებით დნეპრის დელტაში კუნძულებზე კონტროლი მოიპოვონ.
უკრაინელებს კონცენტრაციის სამი მიმართულება აქვთ ახლა აღებული: გააქტიურებულია ხარკოვის მიმართულება, ბახმუტის მიმართულება და ზაპოროჟიე. უკრაინელები ცდილობენ, რომ პირველ წარმატებას მიაღწიონ ბახმუტში, რომ ბახმუტი ამ ზეწოლიდან გამოიყვანონ, შემდეგ კი, ეცდებიან, რომ როგორც შემოდგომის კონტრშეტევის დროს მოხდა – სხვადასხვა მიმართულებიდან შეარჩიონ ის მიმართულება, სადაც წარმატება ექნება და ამ მიმართულებით განხორციელდება შემდეგ მთავარი დარტყმები.
ხარკოვის რაიონში რა ხდება, აქ რა სახის აქტივობა აქვთ უკრაინელებს?
საინტერესოა, რომ შეიმჩნევა მძიმე ტექნიკის გადადგილება რუსეთის საზღვრის მიმართულებით. ეს შეიძლება ცრუ მანევრი
იყოს, ან სულაც რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის მიმართულებას დაარტყან და რუსები აქეთ გადმოიყვანონ. ასევე, არაა გამორიცხული, კუპიანსკი-სევერსკის მიმართულებაზე განახორციელონ უკრაინელებმა დარტყმა, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად იქნება ძირითადი. უფრო მგონია, რომ ეს იქნება ყურადღების გადამტანი, რადგან ეს რთულია რაიონებია ლუგანსკის და დონეცკის, თან იქვე საზღვარია რუსების.
ასე რომ, ცოტა რთული ვითარებაა, თუმცა ამან შესაძლოა გამოიწვიოს რუსების ძალების დაბმა ამ მიმართულებაზე, რათა შესაძლებლობა მიეცეს შემდგომში ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შეტევის განვითარების.
შესაძლებელია ამ მოცემულობაში უკრაინელებმა შეძლონ ყურადღების გადატანა?
დიახ, შესაძლებელია ყურადღების გადატანა. ყოველ შემთხვევაში ერთი, დიდი, კონცენტრირებული დარტყმა უკრაინელების მხრიდან არ ხორციელდება. არის მხოლოდ მცირე შეტევები, რაც კეთდება, ჩემი აზრით, მოწინააღმდეგის სუსტი მხარის აღმოჩენისთვის. შემდეგ მოხდება უკვე ძირითადი დარტყმა.
პრელუდია ახსენეთ თქვენ, ანუ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა?
კონტრშეტევა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა. კონტრშეტევა დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებაზე.
ასევე, დაზვერვით ბრძოლებს აქვს ადგილი, რომლის მასშტაბიც თანდათან იზრდება. ერთიან, კონცენტრირებულ დარტყმას ჯერ უკრაინელები ვერ ახერხებენ. მცირე მასშტაბის კონტრშეტევებით კი, უკრაინელები ცდილობენ გამოავლინონ რუსების სისუსტეები.
ზელენსკი ამბობს, რომ „უკრაინას სჭირდება მეტი დრო კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან ის ელოდება დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდებას.
რუსები იძახიან, ეშმაკობს ზელენსკიო. პრიგოჟინს თუ დაეჯერება, იძახის, რომ უკრაინელები უკვე მზად არიანო. ფაქტია, რომ უკრაინელებს ნამდვილად აკლიათ საჰაერო მხარდაჭერა. თანაც, როგორც ამინდის პროგნოზიდან ჩანს, წვიმა დაიწყება მალე. შესაძლოა, ისევ შეფერხდეს შეტევები…
ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცა Storm Shadow, ფრთოსანი რაკეტები, რომელიც 250 კმ-მდე მანძილზე მოქმედებს. ეს არ გაზრდის უკრაინის საჰაერო მხარდაჭერას?
ეს საჰაერო მხარდაჭერას უფრო ნაკლებად ეხება, ეს არის სიღრმეში მეორე ეშელონების მოკვეთის და თავმოყრის რაიონებზე დარტყმის შესაძლებლობა, 450 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალება გადააქვს, საკმაოდ მძლავრი იარაღია და ამავდროულად ბრიტანელებმა მიიღეს გარანტია, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ეს გამოყენებული.
არ არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი ძირითადად გამოიყენონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის და საშუალებების გაუვნებელსაყოფად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი რაკეტა საიდან უნდა გაუშვან: ასეთი უკრაინელებს აქვთ მხოლოდ „სუ 24“, ბომბდამშენი, საიდანაც ამ რაკეტის გაშვება არის შესაძლებელი, რუსების მონაცემებით მსგავსი ბომდამშენი უკრაინელებს 10 ცალის ფარგლებში აქვთ დარჩენილი, თუმცა პოლონეთში განხორციელდა „სუ 24“-ების მოდერნიზება მოახდინეს, რათა ზუსტად ამ shadow-ებთან ადაპტირება
მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთმა განაგრძოს უკრაინის დახმარება და ეს თვითმფრინავებიც მიაწოდოს..
უკრაინელები ამერიკულ „აბრამსებს“ ელიან შემოდგომის შემდგომ. თვითმფრინავებზეც იყო საუბარი, რომ აი, წლის ბოლომდე მოახერხებენ მათ მიწოდებას.
უკრაინას ისევ გადასცეს ტანკები, მათ შორის, პოლონეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა… ეს რამდენად ზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს?
რა თქმა უნდა, ცვლის დადებითად, მაგრამ პოლონეთმა გადასცა უკრაინას T-72 – ების გაუმჯობესებული, მოდერნიზებული ვარიანტი, ასევე „ჩელენჯერები“ აქვთ ერთ ბრიგადაში თავმოყრილი. სხვათა შორის, ეხლახან დასრულდა ესპანეთში სატანკო შეჯიბრი და „ჩელენჯერმა“ პირველი ადგილი დაიკავა, მეორე „ლეოპარდი“ იყო ესპანური ეკიპაჟით. თუ არ ვცდები საერთო ჯამში 230 უცხოურ ტანკზე იყო საუბარი, რომ მიიღეს, თუმცა ითხოვდნენ 300-ს.
ერთია, რომ არის ტანკი და მეორეა, რამდენად კარგად მოხერხდება მისი გამოყენება. ფაქტია ისაა, რომ მოტივაციით და მომზადებით უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები სჯობიან რუსებს. ეს გამოჩნდა ბოლო მომენტებშიც, როცა რუსებმა ბრძოლის გარეშე მიატოვეს პოზიციები.
პრიგოჟინზეც მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რატომ ეპატიჟება პრიგოჟინი შოიგუს ბახმუტში? „გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ იმყოფება“, – ამბობს პრიგოჟინი.
იცის პრიგოჟინმა, რომ შოიგუ არ ჩავა იქ, ჯერ ერთი, პრიგოჟინის მიპატიჟებით… იმაზეა ისევ საუბარი, რომ პრიგოჟინს არ აწვდიან შეიარაღებას და ფაქტია, რომ პრიგოჟინს ისეთი გამოხტომები აქვს, არც უნდა დაელაპარაკო.
წარმოუდგენელ რეალობაში არიან, ამ რეალობაში როგორ უნდა მოხერხდეს ჯარების მართვა და კონტროლი, არ მესმის, ან როგორ უნდა ბედავდეს ამას ერთი მხარე და არ ისჯებოდეს ერთი, ან მეორე მხარე. საერთოდ სადაა უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში?
წინა ინტერვიუებში თქვენ აღნიშნავდით, რომ შესაძლოა, ეს იყოს პუტინის ტაქტიკა, ხან ერთი წამოწიოს წინა პლანზე, ხან – მეორე. ახლა ხომ არ ჩანს, რომ უმართავი გახდა პროცესი?
მე მგონია, რომ პრიგოჟინმა აიღო ბილეთი ერთი მიმართულებით, არ ვიცი, უკან როგორ უნდა დაბრუნდეს… როგორ განვითარდება მოვლენები: ან პრიგოჟინმა უნდა გაიმარჯვოს, რომელსაც აქვს ფული, შეიარაღებული ფორმირება და თავხედობა, სახელი და ცდილობს, თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს; მეორე საკითხია, პუტინი როგორ იმოქმედებს: მოძებნის რამე „ნოვიჩოკს“ ან
გამოიგონებს რამე „სტარიჩოკს“, ან სხვა რომელიმე საწამლავს… შესაძლოა, საერთოდ გაურკვეველი მიმართულებით გადმოგდებული
ხელყუმბარის აფეთქებით დაიღუპოს პრიგოჟინი, რადგან მან უკან დასახევი გზა მოიჭრა.
შოიგუ რა სტრატეგიით მოქმედებს ამ დროს?
რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის რაიონები გამოავლინოს, შემდეგ კი, განახორციელოს დარტყმები. დარტყმები ისევ ძირითადად ხორციელდება საარტილერიო და პლანირებადი, საავიაციო ბომბებით.
მათ ასევე მოწყობილი აქვთ თავდაცვითი ზღუდეები. ცდილობენ, რომ არ დაუშვან უკრაინელების მხრიდან იგივე დელტაში კუნძულების დაკავება, რომ არ მიეცეთ საშუალება, შექმნან პლაცდარმი. რთულია რაიმე სტრატეგიაზე საუბარი.
რას გვეტყვით მესამე მოიერიშე ბრიგადის შესახებ, რომელიც 2023 წლის იანვარში შეიქმნა და ცნობილი აზოვის პოლკის ახალი სახელწოდებაა. როგორია ამ ბრიგადის დატვირთვა დღეს?
ისინი გამოჩნდნენ ბახმუტთან და ყველაზე მოტივირებული არიან, ფაქტია, რომ ეს იდეოლოგიურად ყველაზე მომზადებულია დანაყოფია. მათი საბრძოლო სულისკვეთება ძალიან მაღალია.
ამ ეტაპზე რა არის უკრაინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: სამხედრო ხელოვნება, ყურადღების გადატანა ეფექტურად, საჰაერო მხარდაჭერა…
უკრაინელების შეტევაზე გადასვლის სულისკვეთება არის ძალიან მაღალი, რაც მათ აძლევს საშუალებას, მოტივირებული იყვნენ. უკრაინელების მომზადების ხარისხი არის რუსებზე ბევრად მაღალი.
უკრაინელებისთვის ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია საჰაერო მხარდაჭერა. უკრაინელები ცდილობენ, რომ რაღაც მიმართულებით კონცენტრაცია მოახდინონ დაახლოებით 24 – 72 საათის განმავლობაში, რომ რუსებმა ვერ შეძლონ მათზე დარტყმების განხორციელება. უკრაინელები ასე აჩქარებული კონცენტრაციით დიდი რაოდენობით თავმოყრას ერიდებიან.
საჰაერო მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ როგორც მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების მოგერიებას, ასევე უშუალოდ საჰაერო ახლო მხარდაჭერას შემტევი დანაყოფებისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს.
დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და ა.შ.
„აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯის ძირითად ნაწილს წარმოადგენს თანამონაწილეობა სამთო სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობაში. სახელმწიფოს ხარჯვითი წილი იქნება, სავარაუდოდ, 35 მილიონი აშშ დოლარი.
[ცალკე აღებული საბაგირო და სათხილამურო ტრასების შემოსავლით კერძო ინვესტორი ვერ შეძლებს გაწეული სრული დანახარჯების ამოღებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ღონისძიება შეადგენს კურორტის მთავარ მასტიმულირებელ ღონისძიებას, მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა]. სახელმწიფოს მხრიდან გასაწევი მთლიანი ხარჯი 46,9 მილიონი აშშ დოლარი იქნება“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
კონცეფციაში მოყვანილი გათვლებით, მხოლოდ სასტუმროებისა და საცხოვრებლების, მშენებლობისა და შემდგომი განვითარების დროს, სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავლები იქნება – ერთჯერადი შემოსულობის სახით – 7 460 000 დოლარი; ყოველწლიური შემოსულობები კი, მიახლოებით – 4 700 000 დოლარი, მათ შორის 994 000 დოლარი ქონების გადასახადის სახით მუნიციპალურ ბიუჯეტში.
„აქ არ არის გათვალისწინებული სხვა მცირე ბიზნესებიდან მიღებული შემოსულობების (რესტორნები, კაფე, მაღაზიები, აგრარული ბაზარი და ა.შ). ასევე, სასტუმროების და აპარტამენტების მშენებლობა-განვითარება, რაც გათვლილია დაახლოებით 3 500 საწოლზე. კურორტის სწორი განვითარებისა და მიმზიდველობის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ციფრის მნიშვნელოვნად გაზრდა (თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება სხვა ხელშემშლელი ფაქტორები)“ – წერია კონცეფციაში.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „ზოგიერთი ობიექტისთვის [მემთეურების საზაფხულო კარ-მიდამო] გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებაც.
ტურიზმის სფეროს დივერსიფიკაციის თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია ასევე ბეშუმში სამოყვარულო ობსერვატორიის მოწყობა, რისთვისაც შერჩეულია სათანადო ადგილი“.
„სადღეისოდ, სათანადო სამკურნალო-საპროფილაქტიკო ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, ბეშუმი კანონმდებლობით განსაზღვრულ „კურორტის“ სტატუსს ვერ აკმაყოფილებს. არსებითად, ის მხოლოდ „საკურორტო ადგილის“ სტატუსის მოთხოვნებს პასუხობს. „კურორტის“ სტატუსის დასაბრუნებლად და განსამტკიცებლად სათანადო ღონისძიებებია გასატარებელი, რის ფუნქციურ-გეგმარებით წინაპირობებს შემოთავაზებული ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტები შექმნის.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
კონცეფციის შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც შპს „ნიუ სითი დეველოფმენთმა“ გაიმარჯვა.
„გეგმარებითი ერთეულის გენერალური გეგმის კონცეფცია“ სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა. გეგმარებითი ერთეული კი მოიცავს – უშუალოდ კურორტ ბეშუმს – მიმდებარე იაილებით, შქერნალის უბანს და გოდერძის უღელტეხილს [ხულოს მუნიციპალიტეტში].
ბეშუმი / საპროექტო ტერიტორია და გზები / წყარო: კონცეფცია
„საპროექტო ტერიტორიას არ გააჩნია კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაცია, ამდენად, მისი განვითარება ხდება არაგეგმიურად და უსისტემოდ, რაც ზღუდავს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, აფერხებს დამსვენებელთა და ტურისტული ნაკადის ზრდას.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ამ გეგმის მოქმედების ფარგლებში მოქცეული/რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ ამ გეგმის, ძირითადი დებულებებისა და შესაბამისი უბნის/სამეზობლოს გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმის] მოთხოვნათა შესაბამისად.
გენგეგმა საბოლოოდ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე საუბარი აჭარის მთავრობამ 4 წლის წინ დაიწყო. კონცეფცია კი 2023 წლის მარტში მომზადდა და ზოგიერთი ღონისძიების განხორციელებისთვის ბოლო ვადად 2027 წელია მითითებული.
როდის დაამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტი გენგეგმას და როდის დაიწყება მისი განხორციელება, უცნობია. შესაბამისად, უცნობია იმ დროისთვის რამდენად რეალური იქნება დღევანდელი გათვლები და რა თანხა იქნება საჭირო ბიუჯეტიდან პროექტის რეალიზებისთვის.
„დარგობრივი რეჟიმების (გეგმაზე – ზონა/ზოლი) მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმავე რეჟიმებით დადგენილი პირობების დაცვით, მათ შორის, სატყეო/გამწვანებულ ტერიტორიაზე მოქცეული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ შეუსაბამოდ დაკავებულ/რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და დაუშვებელია გაფართოება/დაყოფა/გაერთიანება სამშენებლოდ გამოყენების მიზნებისთვის.
სამშენებლო ტერიტორიებზე მოქცეული მიწის ნაკვეთების გამოყენების მინიმალური დასაშვები ფართობი და/ან ზომები განისაზღვრება შესაბამისი უბნის სამეზობლოს გდგ, რომელიც არ უნდა იყოს 250 კვ.მ-ზე ნაკლები.
დაუშვებელია შენობის/ნაგებობის სახურავზე ნებისმიერი ფორმის/პროფილის შემდეგი გადახურვის მასალების დაგეგმარება:
ა) მოთუთიებული თუნუქი, გარდა შეღებილისა ან სხვაგვარი დაფარულობისა;
ბ) აზბესტ-ბეტონის სახურავი, ნაკეთობა (ფილა, შიფერი და სხვა), მათ შორის, შეღებილი ან სხვაგვარი დაფარულობისა.
სახურავზე მასალების ფერების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მიმდებარე გარემო (ბუნებრივი თუ ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული განაშენიანება). ფერთა რეკომენდებული ტონალობაა დაბალი სიმკვეთრის რუხი, პასტელური (ნებისმიერი ფერის შერჩევისას) ტონალობა.
საინჟინრო/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები და/ან ობიექტი (გარდა ხაზოვანი ნაგებობისა) უნდა დაგეგმარდეს იმგვარად, რომ მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს საჯარო გზიდან/ქუჩიდან. ამ მიზნით დასაშვებია ეკრანების, ჟალუზების და/ან სხვა მსგავსი ელემენტების გამოყენება ფასადზე.
ანტენების (სატელიტური, რადიო და სხვა) განთავსება უნდა დაგეგმარდეს შენობის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე.
სამშენებლო ტერიტორიებზე კაპიტალური, ყრუ ღობის მოწყობა დაუშვებელია. შემოღობვა დასაშვებია მსუბუქი, არა ყრუ კონსტრუქციით (ბადე, მინა, ცხაური და მსგავსი) ან გამწვანებით, რომლის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ უნდა იყოს 1 მეტრზე მეტი.
მშენებლობისას ხის ჭრა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სფეროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, თუ ხე არის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი (ფუტურო), გადაბერებული (ამორტიზებული) და/ან არამდგრადი. საკომპენსაციო რგვის და/ან მოსაკრებლის საკითხები წესრიგდება ხულოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი დადგენილებებით.“
ამავე კონცეფციის მიხედვით, ბეშუმი მიეკუთვნება „დასავლეთ საქართველოს შუამთიანეთის საკურორტო რაიონს“ შემდეგი მახასიათებლებით: პროფილი – პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური – რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებების, სისხლნაკლებობის, ბავშვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
ბეშუმი ისტორიულად სამ ფუნქციურ-გეგმარებით ნაწილად ჩამოყალიბდა:
მემთეურთა საკარმიდამო განაშენიანების არეალი
„კურორტ ბეშუმის“ უბანი
სხვა სააგარაკე-დასასვენებელი სახლების ტერიტორია
ანგარიშგასაწევია კურორტ ბეშუმის გარკვეული ნაწილის მდებარეობა საქართველოს სასაზღვრო ზონაში [5 კმ საზღვრის ხაზიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში], რაც კურორტის ზონირებისას და რეგლამენტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.
კონცეფციის მიხედვით:
[checklist]
მემთეურთა საკარმიდამო განაშენიანების არეალი უძველესია. ეს არის აჭარის მეცხოველეების საზაფხულო იალაღების ალპური ზონა, რომლის საძოვრები საქართველოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ამ არეალშია განთავსებული ტრადიციული საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. საგულისხმოა, რომ ეს არეალი ბუნებრივი გეოგრაფიული ობიექტებით მკაფიოდაა გამიჯნული ბეშუმის დანარჩენი ორი ნაწილისგან და უშუალო გასასვლელი აქვს ალპური საძოვრების მიმართულებით, რაც ბეშუმის ორ წამყვან ფუნქციას – სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი და მსხვილფეხა მესაქონლეობა – ტერიტორიულად მკაფიოდ მიჯნავს.
შქერნალის უბნის სახელწოდებით ცნობილია სეზონური დასახლება ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს შორის საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს. ამ უბანს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია – ის არ მოიხსენიება ხულოს მუნიციპალიტეტის 78 სოფელს შორის; მის დასახელებაში „უბნის“ კომპონენტი გულისხმობს უფრო მსხვილი დასახლების სისტემაში მის მოაზრებას. ასეთი დასახლება კი, უთუოდ, ბეშუმია, რომლისგან მას 3-4 კმ აშორებს.
ხაზგასასმელია, რომ ტურისტულ-საინფორმაციო გამოცემებსა და ინტერნეტრესურსებში ფიგურირებს „გოდერძის ალპური (ბოტანიკური) ბაღი“, რომელიც, როგორც ავტორები მიიჩნევენ, „კურორტ გოდერძის ახლოს მდებარეობს“ (მაგ., – Georgian Travel Guide). თუმცაღა, სხვა ავტორიტეტული რესურსები აზუსტებენ, რომ ის მდებარეობს „შქერნალის“ ტერიტორიაზე. ამ ბოტანიკური ბაღის გოდერძთან, ზოგჯერ, სულაც, „გოდერძის კურორტთან“ მენტალურ რუკაზე „მიბმა“, სავარაუდოდ, მარკეტინგულად მომგებიანი ხერხია, მაგრამ ის რეალურ ვითარებას არ შეესაბამება – კურორტი გოდერძი საკმაოდ შორსაა ბოტანიკური ბაღიდან.
[/checklist]
[/toggle]
ბეშუმის განვითარების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, უთუო სიკეთეებთან ერთად, კურორტს და მის მიმდებარე ტერიტორიას ობიექტური თუ სუბიექტური ნაკლოვანებები და ხარვეზებიც ახასიათებს.
„უწინარესად, ეს არის მოკლე ტურისტული/სააგარაკე სეზონი, რომელიც 4 თვეს არ აღემატება. ამ თვალსაზრისით, სურათის რადიკალურად შეცვლა შესაძლებელია საპროექტო ტერიტორიაზე ზამთრის ტურისტული ფუნქციის განვითარების გზით. ამთავითვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის სამთო-სათხილამურო ცენტრად განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მთელი რიგი რთული და ხარჯიანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური წინაპირობების შესრულების აუცილებლობა.
რაც შეეხება ზაფხულისა და ზამთრის სეზონთაშორის ტურიზმის განვითარებას, ის, თეორიულად და საყოველთაო პრაქტიკით, ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს ე.წ. MICE ტურიზმზე (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions, ანუ – შეხვედრები, წამახალისებელი ღონისძიებები, კონფერენციები, გამოფენები). ტურიზმის ეს სახეობა კულტურული ინფრასტრუქტურითა და თანმხლები ღონისძიებებით უნდა იყოს გამაგრებული და, ამ მხრივ, წარმატებულ კონკურენციას უნდა უწევდეს ჩამოყალიბებულ ტურისტულ ცენტრებს, რომლებიც აჭარაში მრავლადაა.“
კონცეფციის მიხედვით საჭირო იქნება:
„გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის“ უფრო აქტიური პოპულარიზება
„ანდრია პირველწოდებულის ბილიკის“ კლასტერის მემორიალიზება და შესაბამისი მონაკვეთის მარკირება
ადგილობრივი, „სხივური“ კონფიგურაციის ტურისტული მარშრუტების შეთავაზება
ტრეილერების პარკინგის გათვალისწინება
სხვადასხვა პროფილის საზაფხულო სკოლების მოწყობა
სასპორტო მოედნების, მაუნთინ-ბაიკის, საცხენოსნო ტურიზმის ორგანიზება
„შუამთობის“ ჩატარების ტრადიციასთან ერთად, სხვა სახისა და ფორმატების ღონისძიებების გათვალისწინება
მაღალმთიანი აჭარის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე არა მხოლოდ დემონსტრირება, არამედ პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაც
ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად განვითარება ორ, განსხვავებული თავისებურებების მქონე ნაწილადაა გასააზრებელი და ტურისტების/ ვიზიტორების სპეციფიკური მოთხოვნების კატეგორიებზეა მოსარგები. ეს ნაწილები და ამოცანებია:
ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტის სრულფასოვანი ფუნქციონირება
შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონების შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა, სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, აქტიური ორგანიზაციული ღონისძიებები და ეფექტიანი მენეჯმენტი. ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება შესაძლოა იყოს კაზინოც.
ხულოს მუნიციპალიტეტის განცხადებით, შემუშავებულია ბეშუმის [მიმდებარე ტერიტორიებით] გენერალური გეგმის კონცეფცია, რომლის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაბა ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1-ში. მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.“
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, მას ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია.
თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ ახალი ნაგავსაყარი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედებულიყო. მალე 2023 წლის ივნისი მოვა, ნარჩენები კი ისევ ძველ ნაგავსაყარზე მიაქვთ.
როგორც „ბათუმელებს“ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ უთხრეს, მიზეზი, რის გამოც აქამდე ნაგავსაყარმა ოპერირება ვერ დაიწყო, საერთაშორისო ტენდერია, რომელიც გასულ წელს ჩაიშალა. მიმდინარე წელს ტენდერი თავიდან გამოაცხადეს. ახალი გეგმით ახალმა ნაგავსაყარმა მუშაობა 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.
როდის გაიხსნება ახალი ნაგავსაყარი, რა ელის ძველს და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელს ნოდარ კონცელიძეს ესაუბრა.
ბატონო ნოდარ, ახალი ნაგავსაყარი აჭარაში 2022 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი და როდის გაიხსნება?
როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი ნაგავსაყარის პოლიგონის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში ცალკეული ტექნიკური საშუალების გაშვება, ოპერირებისთვის მომზადება. დასრულდა მწვანესაფარიანი ზონების მოწყობა. პერიოდულად ვრგავთ მწვანე ხე-მცენარეებს.
როგორც კი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, მობილური ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად სპეციფიკაციები შევიმუშავეთ. 2022 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ვერ შედგა.
ეს ობიექტი [ნაგავსაყარი] არის საკმაოდ რთული და ექსპლუატაციისთვის საჭიროა სპეციფიკური ტექნიკური საშუალების შეძენა.
ამიტომ განვაახლეთ სპეციფიკაციები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან [EBRD] განვიხილეთ ცალკეული ნიუანსები, შევათანხმეთ და 2023 წლის იანვარში განმეორებითი ტენდერი გამოვაცხადეთ.
ნოდარ კონცელიძე
რატომ ვერ შედგა ტენდერი? როცა ამბობთ, რომ „კონკრეტული სპეციფიკაციები გაქვთ“, რას გულისხმობთ? რა ტიპის ტექნიკა გჭირდებათ?
გვჭირდება შევიძინოთ კომპაქტორი, რომელიც არის საკმაოდ რთული მექანიზმი. ეს კომპაქტორი ამუშავებს უშუალოდ ნარჩენებს უჯრედში, პრესავს და ასწორებს.
საქართველოში ასეთი ტექნიკა ახალია და არ არის. ჩვენ ორი ერთეული კომპაქტორი უნდა ვიყიდოთ, რომლებიც ძვირადღირებულია. ეს ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკაა. აქედან გამომდინარე, ამ კომპაქტორის გარეშე ვერ დავიწყებთ ნაგავსაყარის ექსპლუატაციას.
ასევე უნდა შევიძინოთ მუხლუხა ექსკავატორი და სხვა ტიპის ექსკავატორები, მტვირთავები და ა.შ. დაახლოებით 13-14 დასახელების სხვადასხვა ტექნიკური საშუალებაა, რომლებმაც უნდა გადაამუშაონ ნარჩენი უჯრედში.
ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც მექანიკურ-ბიოლოგიურად დაამუშავებს ნარჩენებს. ორგანული ნარჩენი ცალკე წავა, აი, მეორადი რესურსის გამოსაყენებელი კი ცალკე იქნება. ეს დასაწყობდება, დაიპრესება და გადამამუშავებელ საწარმოს მიეწოდება.
ამ ეტაპზე რა ხდება?
2023 წლის იანვარში შედგა საერთაშორისო ტენდერი. მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენ მიმოწერა გვაქვს და ანგარიში წარდგენილია შეფასებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ბანკმა უნდა შეაფასოს და დაადასტუროს.
შესაბამისად, როგორც კი დადასტურება გვექნება, გავაფორმებთ ხელშეკრულებას მომწოდებელთან, მომწოდებელი კი მოგვაწვდის მობილურ-ტექნიკურ საშუალებას.
მოწოდებიდან ერთ თვეში ექსპლუატაციის საკითხი დადგება და დავიწყებთ. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას სადღაც შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ.
როდის დაკონსერვდება ძველი ნაგავსაყარები?
ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღების პარალელურად დავიწყებთ ბათუმისა და ქობულეთის ორი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყარის დახურვის ღონისძიებებს.
ამჟამად [ძველი ნაგავსაყარების] დახურვის კონცეფცია მუშავდება. ზაფხულში, დაახლოებით ივლისში, გვექნება საბოლოო კონცეფცია, რომელსაც ამუშავებს საერთაშორისო კომპანია. მოგვაწოდეს სამუშაო ვერსია და გავდივართ კონსულტაციებს.
ვფიქრობ, რომ როგორც კი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი, პოლიგონი ექსპლუატაციაში შევა, ასევე დაიწყება დახურვის ღონისძიებები. ევროსტანდარტის შესაბამისად მოეწყობა მეთანის დაჭერის ღონისძიებები, მოეწყობა ზედაპირული წყლების შემკრები და გამწმენდი.
სრულიად ევრო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ძველი ნაგავსაყარი.
რა ელით ბათუმის ნაგავსაყარზე მცხოვრებლებს? ამ ადამიანების ბედი თუ არის სადმე პროექტში გათვალისწინებული?
25 მოქალაქე, მომუშავე პირი გვყავს აღრიცხული. ჩატარდა გამოკითხვა. „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომელი და ძველი ნაგავსაყარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ამონიტორინგებს, ეს ხალხი ნამდვილად თუ ეწევა იქ სამეურნეო საქმიანობას, დადიან თუ არა და ა.შ. იმიტომ, რომ როდესაც დახურვის საკითხი დადგება, მათზე გაიცემა კომპენსაცია.
კომპენსაცია გაიცემა მინიმალური ხელფასის შესაბამისად. ეს არის სტანდარტი განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ეს ყველაფერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთანაა შეთანხმებული. კომპენსაცია გაიცემა დახურვის შემდეგ. ჯერ ვერ გეტყვით რა და როგორ. ჯერჯერობით არის მონახაზი, იქნება დაცული ის სტანდარტები და პროცედურა, რაც საერთაშორისო პროექტებს ახლავს.
_______________
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს.
ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო.
პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი – 2023 წლის ბოლო.
ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტზე თავისი შენიშვნები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ორმა ორგანიზაციამ წარუდგინა. მათ შორის არის „სითი ინსტიტუტი საქართველო“, კომპანია, რომელიც ბათუმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, განაშენიანების გენერალურ გეგმაზე [გენგეგმა] მუშაობს.
შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით „ურბანული განვითარების ინსტიტუტმაც მოამზადა“. ამ ორგანიზაციამ კანონპროექტის განხილვისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად 8 აპრილს არქიტექტორებისა და ურბანისტების შეხვედრაც მოაწყო. როგორც წერილშია განმარტებული, წარდგენილი რეკომენდაციები სპეციალისტებთან ერთად არის შეჯერებული და არ წარმოადგენს ერთი ორგანიზაციის შეფასებას.
ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტს საქართველოს პარლამენტი აჭარის წარმომადგენლების ინიცირებით განიხილავს. პროექტის ავტორები არიან დეპუტატები აჭარიდან: ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე, ქობულეთის მაჟორიტარი ზაალ მიქელაძე და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.
ინიცირებული პროექტით ავტორები ითხოვენ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.
ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.
სპეციალისტები შიშობენ, რომ პროექტის იმ ფორმით დამტკიცება, რა ფორმითაც ის არის ინიცირებული, სერიოზულ რისკებს შეიცავს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ის უკანონო და ქაოსურ მშენებლობებს ქალაქში კიდევ უფრო წაახალისებს.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აქცენტს აკეთებს კორუფციულ რისკებზეც, რასაც, მისი განმარტებით, პროექტის ბევრი ნაწილი შეიცავს.
„ჩვენ გვქონდა დახურული შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მე ვუთხარი, რომ მათ არ აქვთ უფლება, აირჩიონ ერთი კორპუსის მცხოვრებმა იცხოვროს კარგად და მეორემ არა, ერთს ჩამოეფაროს კედელი და მეორეს – არა. ერთი ადამიანის უფლებები არ შეილახოს და მეორის შეილახოს. ამ კანონში ასეთი ჩანაწერი არსებობს“.
პროექტის პირველი რედაქცია ორ მუხლში ცვლილებით საქართველოს დარგობრივმა კომიტეტმა 2023 წლის 8 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. სხდომა არც თუ ისე კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. განხილვას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი ირმა ზოიძე, რომელსაც კრიტიკული პოზიციების დაფიქსირებისა და საკითხის მომხსენებელთან პოლემიკის გამწვავების შემდეგ სხდომა დაატოვებინეს.
ირმა ზოიძე ითხოვდა მისთვის განემარტათ, რატომ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ, როცა მზადდება გენგეგმა, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება; რატომ იღებენ კანონს ბათუმისთვის და რატომ არ ვსარგებლობთ ერთიანი წესით; რატომ არ განიხილეს სპეციალისტების მოსაზრებები. მან თქვა, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც ორგანიზაციებმა წარადგინეს, თანხვედრაშია სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებთან:
„და როცა თქვენ საუბრობთ მოსახლეობის სახელით, ეს არის პოპულიზმი. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი“ – მიმართა მან რესან კონცელიძეს.
რესან კონცელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვერ შეხვდა დაინტერესებულ მხარეს, იმიტომ, რომ თბილისშია და ბათუმში არ ჩასულა.
დარგობრივი კომისიის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა ზოგადად განმარტა პროექტის არსის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ დაზუსტდა პროექტის მეცხრე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტების მიღების პროცესი გაიყოფა ორ ეტაპად და ამ პროცესში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი დოკუმენტების დახარვეზება. ასევე, ხარვეზის დადგენა იქნება შესაძლებელი ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების დროს. რესან კონცელიძის განმარტებით, „ეს საჭიროა იმისთვის, რომ პროცედურა დროში არ გაიწელოს, რომელიმე დაინტერესებული მხარის მხრიდან“.
კომისიის სხდომაზე საკუთარი პოზიცია მწვავედ დააფიქსირა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, საკითხის განხილვა იმ დრომდე უნდა გადადებულიყო, ვიდრე ავტორები პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჯგუფს არ შეხვდებოდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ შევხვდი კანონპროექტის ავტორებს, სადაც ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა საკითხის განხილვა გადადებულიყო და მომხდარიყო შეხვედრა იმ ჯგუფებთან, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ საკითხის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ გვესაუბრა გარკვეულ შეთანხმებაზე, დღეს მაინც განიხილება საკითხი.
ჩემთვის ეს გაუგებარია.
მე ვიცი, რომ თქვენ ამის თაობაზე წერილიც მიიღეთ ანა ბიბილაშვილისგან.
და რას განვიხილავთ ახლა ჩვენ? – მე კარგად ვხვდები, რომ მაშინ, როცა ქალაქის თვითმმართველობა არის იმ დღეში, რა დღეშიც არის, მას შეიძლება აკადრო ასეთი რამ, ისე, რომ ბათუმში არავის არაფერს ვეკითხებით, ვიღებთ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანეს, ყველაზე პრინციპულ საკითხზე.
იმას, რაც წლების განმავლობაში უკანონოდ აშენდა, რამაც დაამახინჯა ჩემი ქალაქი, მთლიანად უცვალა ბათუმს იერ-სახე, სადაც გვაქვს ყველანაირი ეჭვი, რომ არაერთგზის იყო კორუფციული გარიგება, ჩვენ ახლა ვაძლევთ საკანონმდებლო დასტურს და ვამბობთ, რომ არა უშავს.“
საკითხის განხილვა სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა, სხდომაზე ძირითადად დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი და დავით ხაჯიშვილი აქტიურობდნენ.
დავით ხაჯიშვილმა რესან კონცელიძე სიცრუეში დაადანაშაულა, მან თქვა, რომ კონცელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოატყუა, დაჰპირდა მათ შეხვედრას, მაგრამ არ შეხვდა.
წარდგენილი რეკომენდაციების მიხედვით სპეციალისტები თანხმდებიან, რომ განსახილველი პროექტი პრაქტიკულად სრულად იმეორებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დედაქალაქისთვის დადგენილ სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს.
„ბათუმისთვის შემოთავაზებული რეგულირება პრაქტიკულად არ შეიცავს დედაქალაქისგან განსხვავებულ მიდგომებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ვარგისად აღიარების საკითხისა. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის იდენტურმა წესმა უკვე დაიმსახურა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა დედაქალაქთან მიმართებით, ბათუმში წარმოებული ქაოსური მშენებლობების იურიდიული მოწესრიგების კანონპროექტში გამოხატული მიდგომების დეტალური შეფასება ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად:
„სანებართვო პირობების დარღვევა, როგორც ფაქტი, დაკავშირებული უნდა იყოს უნივერსალურ მიდგომებთან“ – ვკითხულობთ რეკომენდაციებში.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ თავის წერილში კონკრეტულ დაზუსტებებს სთავაზობს პროექტის ავტორებს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საკითხის განხილვა გენგეგმის მომზადების პარალელურად კვლევით მიღებული ინფორმაციის სიზუსტეზე იქონიებს გავლენას:
„კანონპროექტის მიღება იგეგმება ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის შემუშავების პარალელურად, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის მონაცემების სიზუსტეზე, ცვლის ფაქტობრივ სამართლებრივ მდგომარეობას და არარელევანტურს ხდის კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობის მიმართ ქალაქგეგმარებითი პროექტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს“.
სხდომაზე საკითხის მომხსენებელი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ადამიანებს უწევთ დაურეგისტრირებელ ფართობებში ცხოვრება, იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ, პროექტის დარღვევით არის აშენებული და ეს აქ მცხოვრებლების ბრალი არ არის, მათ სჭირდებათ, რომ ეს სახლები მერიამ ექსპლუატაციაში მიიღოს. ამ საკითხს ცალკე განხილვა სჭირდება, რადგან ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევის შესახებ, როცა რეესტრმა უკანონოდ აშენებული ფართობები დაარეგისტრირა, შეზღუდვა მხოლოდ 2022 წელს ამოქმედდა.
კომიტეტის სხდომაზე რესან კონცელიძემ თქვა, რომ ორგანიზაციების წერილებს ჯერ არ გაცნობია.
სპეციალისტები ითხოვენ, რომ ეს საკითხი პარლამენტმა „ერთი ხელის მოსმით არ განიხილოს“. იმავეს ითხოვდა სხდომაზე არმაზ ახვლედიანიც:
„ახლა საკითხის განხილვა და მით უმეტეს, მისი მიღება არის დაუშვებელი… ნურავინ ჩათვლის, იმიტომ, რომ ახლა, ამ თემაზე საპროტესტო აქციები არ არის, თქვენ, როგორც ჩანს, ვერ დაინახეთ ბათუმელების პროტესტი, ამან შეიძლება ასე გადაიაროს.
მე გპირდებით ყველას, ვინც ეს მოიფიქრა, ვისაც გამოგაქვთ, ბატონო რესან, მიუხედავად ჩვენი საუბრებისა და მიუხედავად იმ უხერხული მდგომარეობისა, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, თქვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით… მე ამას შევეწინააღმდეგები ყველა გზით და საშუალებით“.
მას შემდეგ, რაც ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს, ხელვაჩაურიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადმა აეროპორტის გზატკეცილზე გადაინაცვლა, რამაც კიდევ უფრო გადატვირთა მოძრაობა მაგისტრალზე.
აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოქალაქეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, რომ მაგისტრალის გადაკვეთა არც აქამდე ყოფილა უსაფრთხო, თუმცა მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის გამო, კიდევ უფრო სახიფათო გახდა.
მაგისტრალზე არ არის შუქნიშნები, ქვეითების გადასასვლელი ზებრები კი სულ რამდენიმე ადგილზეა და ისიც – გადაშლილი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მაგისტრალის გადაკვეთა სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში უწევთ.
„დღეს ძლივს გადავრჩი გადმოსვლისას, ისეთი სიტუაციაა. ორი ადამიანი უნდა მინიმუმ, რომ დადგეს და დაიცვას გზა, რომ გადახვიდე მეორე მხარეს. ხელები უნდა ასწიო და „გააჩერე“ ეძახო მანქანებს, ისე ვერ გადახვალ.
მძღოლები საერთოდ არ ითვალისწინებენ ქვეითების ინტერესებს, წაშლილია ზებრები, თუმცა არც ამას აქცევენ დიდად ყურადღებას. ერთი თუ აჩერებს, მეორე მანქანა უსწრებს წინ და მაინც სახიფათო სიტუაცია იქმნება.
საპატრულოშიც დავრეკე და მითხრეს, რომ ერთი კვირა გვაცალეთ, დამთავრდება გზა და სიტუაცია შეიცვლებაო.
მე როგორც ვიცი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამუშაოები ივნისამდე არ დამთავრდება, ამიტომ კარგი იქნება, სანამ სავალალო შედეგები არ დადგება, მანამდე მიიღონ ზომები“ – გვითხრა მზიური ბალაძემ.
აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის. მოძრაობა არც შუქნიშნით რეგულირდება.
„ძალიან მიჭირს ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა, ზებრაზე არ აჩერებენ, ძლივს გადავდივარ“ – გვითხრა მანანა მალაყმაძემ.
მისი თქმით, საჭიროა ავტომანქანების ნაკადის დარეგულირება შუქნიშნით, ასევე გზა უნდა დაიხაზოს ქვეითებისთვის.
„დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში ვართ. გზის გადაკეტვის გამო ისედაც გართულდა მოძრაობა, ავტობუსიც კი აღარ მოძრაობს გარკვეულ მონაკვეთებზე და აქაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
ყველგან უნდა იყოს მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, რომ ბავშვია თუ უფროსი, უსაფრთხოდ გადავიდეს მეორე მხარეს“- გვითხრა მან.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რის გამოც გადაიკეტა აღნიშნული გზა, 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადა ივნისამდე გადაიწია.
ფრიდონ ხალვაშის გამზირი ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია მეჯინისწყლის ხიდის მიმდებარე მონაკვეთში, შესაბამისად, ხელვაჩაურიდან მომავალი თუ ხელვაჩაურისკენ მიმავალი ავტომანქანები აეროპორტის გზატკეცილით მოძრაობენ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, დაადასტურა უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების – Storm Shadow-ის გადაცემა. ეს რაკეტები უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
უოლესმა ამ ნაბიჯს უწოდა პროპორციული პასუხი რუსეთის ესკალაციაზე.
საპასუხოდ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიიღებს „ადეკვატურ” სამხედრო ზომებს ბრიტანეთის მიერ მიწოდებული Storm Shadow-ის გამოყენების შემთხვევაში.
11 მაისს CNN-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა რამდენიმე Storm Shadow-ი უკრაინას. რაოდენობა არ ზუსტდება.
Storm Shadow-ი მონტაჟდება თვითმფრინავზე და მისი რადიუსი 250 კილომეტრია. „ბიბისის“ ცნობით, ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
დღეს, 12 მაისს, „ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის არხზე ტელეგრამში, ოფიციალური წერილი გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსადმი მიმართვით.
„მძიმე ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საბრძოლო მოქმედებებში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ იმყოფება და დამოუკიდებლად შეაფასოთ არსებული ვითარება“ – წერია წერილში.
პრიგოჟინი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის დასახლების 95%-ზე მეტს.
ამ წერილს წინ უძღოდა 5 მაისს გამოქვეყნებული პრიგოჟინის ვიდეომიმართვა, რომელშიც მან, ფაქტობრივად, აგინა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, გერასიმოვს. ვიდეოში პრიგოჟინი ამბობდა, რომ მის დაჯგუფებას საბრძოლო მასალების ხელოვნური დეფიციტი შეუქმნეს რუსეთის სამხედრო ბიუროკრატებმა.
მოგვიანებით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დატოვებდა ბახმუტს და პოზიციებს გადასცემდა კადიროველებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, „ვაგნერი“ ბახმუტში რჩება.
ბოლო დღეებში, უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ორი კილომეტრით წაიწიეს წინ ბახმუტში და უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადის შეტევითი მოქმედებების შედეგად რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები, ამ ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეულები, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურეს.
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.
„მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის გაჩერების ტექსტის გამოცხადებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საინფორმაციო ტექსტის გამოცხადებას“.
ამასთან, „ავტობუსის შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემა ინტეგრირებული უნდა იყოს სატრანსპორტო კომპანიის „ტრანსპორტის მართვისა და მონიტორინგის ერთიან სისტემასთან“, რომელშიც დისპეტჩერიზაციის მოდულიდან იმართება მარშრუტზე მომუშავე ავტობუსები და მათი გადაადგილება.
არსებულ სისტემასთან ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება სისტემის ავტორთან [„საქართველოს ბანკთან“] თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობით კი, შესაძლებელი იქნება დამუშავდეს ინტეგრაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემისთვის შემდეგი გაჩერების ტექსტის მიწოდებას; ახალმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაჩერების დასახელების ტექსტის გარდაქმნა ხმოვან სიგნალად…“
მუნიციპალურ ავტობუსებში შემდეგი გაჩერების ტექსტი უნდა გამოცხადდეს შემდეგი წესებით:
„ხაზზე მოძრავ ავტობუსში, ავტობუსის მოძრაობის დაწყების შემდეგ, უნდა მოხდეს მარშრუტის შემდეგი გაჩერების დასახელების გამოცხადება ქართულ ენაზე, რომლისკენაც მოძრაობს ავტობუსი;
ტექსტი უნდა გამოცხადდეს ერთჯერადად;
გამოცხადებულ გაჩერებაზე ავტობუსის მისვლის და გაჩერების შემდეგ, მისი დაძვრის შემდგომ უნდა მოხდეს შემდეგი გაჩერების გამოცხადება;
დამატებითი ტექსტი შესაძლებელი უნდა იყოს გამოცხადდეს შემდეგი გაჩერების დასახელებასთან ერთად;
შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით ტექსტის გამოცხადება იმ პირობებშიც, როდესაც არ არსებობს შემდეგი გაჩერების გამოსაცხადებელი ტექსტი.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, გაჩერების ტექსტის გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადაში; პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა კი – [დანერგვის შემდეგ, აპლიკაციის ყოველთვიური მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა სერვერზე] – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
[crosslist]
აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი სერვისის შექმნის პარალელურად, ბათუმში მწყობრიდანაა გამოსული პარკირების სისტემა, რის გამოც მოქალაქეები ვერ ახერხებენ ვერც პარკირების საფასურისა და ვერც ჯარიმების გადახდას.
[/crosslist]
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ რამდენიმე კვირის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პარკირების პროგრამულ სისტემაში იყო შეფერხება, რაც სერვერის დაზიანებას უკავშირდებოდა“. პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა, დამატებითი დეტალები კი „ავტოტრანსპორტისგან“ ვერ მივიღეთ.
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდაც დააანონსა, რაც 2023 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადახდის აპარატებიც შეცვალეს, თუმცა ეს სერვისი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი.
[/crosslist]
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 მაისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
„…დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხა საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.
აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 12 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლის სამართლებრივი დევნა კი, დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.
პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული – საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.
ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.
შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.
ეს დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ დაუსწრებლად.