ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ უკვე თითქმის 24 საათია წყალი არ მიეწოდებათ და ამ დრომდე იმის გარკვევაც კი ვერ მოახერხეს ბათუმის წყალში, როდის ჩაირთვება წყალი. „მთელი დღეა გვეუბნებიან 12 ჩაირთვება, სამზე, ექვსზე. ახლაც უწყლოდ ვართ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
„ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბათუმის წყალს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:
„გუშინ ყველა აბონენტს გავუგზავნეთ შეტყობინება წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დღესაც გაგრძელდა რეაბილიტაცია.
ამ დროისთვის დაზიანებული მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ხელვაჩაურის მიმართულებაზე წყლის მიწოდება უკვე აღდგა. სხვა ტერიტორიებზე წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, რადგან რეზერვუარის შევსებას 4 საათი სჭირდება. ღამის 12-საათამდე ყველა აბონენტს აღუდგება წყლის მიწოდება“.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, 800 მილიმეტრიანი მილი დაზიანდა შარაშიძის ქუჩაზე, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდა თოდოგაურის, ხელვაჩაურის რიგ და გონიოს დასახლების აბონენტებს სრულად“.