მთავარი,სიახლეები

როგორ ეხმაურება კადიროვი პრიგოჟინის დაღუპვას, რომელსაც დიდი ხნის მეგობარს უწოდებს

25.08.2023 • 12539
როგორ ეხმაურება კადიროვი პრიგოჟინის დაღუპვას, რომელსაც დიდი ხნის მეგობარს უწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ტელეგრამის საკუთარ ოფიციალურ არხზე ევგენი პრიგოჟინთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჩეჩნეთის ლიდერი ევგენი პრიგოჟინს უწოდებს „დიდი ხნის მეგობარს“.

კადიროვი პრიგოჟინზე წარსულ დროში საუბრობს. ის „ვაგნერის“ დამფუძნებლის მეგობრებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. ის გროზნოში პირველივე მიწვევაზე ჩამოვიდა, თუმცა ჩემზე უფროსი იყო.

მასთან შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე მსჯელობა. ის ყოველთვის მზად იყო, რომ დაგხმარებოდა და მთელი გულით, რეალურად გეხმარებოდა. ჩვენ მას დახმარების ხელი გავუწოდეთ ლიბიისა და აფრიკის ზოგიერთ საკითხში. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან მაჩუქა „ვაგნერის“ ოქროს მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

კადიროვის აზრით, პრიგოჟინი სახელმწიფო მასშტაბის ფიგურა იყო და მისი ღვაწლი უკრაინასთან ომში წარუშლელია.

„ის სახელმწიფო მნიშვნელობის პერსონა იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებაში. სხვა ყველაფრის  გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით – აქ და ახლა.

ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. მას ამ დამსახურებას ვერ წაართმევ. მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია“.

პრიგოჟინის დაღუპვაზე გუშინ მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმაც. ვლადიმერ პუტინის თქმით, პრიგოჟინს 90-იანი წლებიდან იცნობდა, „ის მძიმე ბედის კაცი იყო“ და ასევე „ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა“.

პუტინის შეფასებით, „ის საჭირო შედეგებს აღწევდა – საკუთარი თავისთვისაც და საერთო საქმისთვისაც, როცა მე ვთხოვდი. ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი“.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ „ამ ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში. ეს გვახსოვს, ვიცით და არ დავივიწყებთ“.
__

23 აგვისტოს, საღამოს, რუსეთში, კონკრეტულად კი ტვერის ოლქში, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი Embraer Legacy ჩამოვარდა. რუსული წყაროების მიხედვით, ბორტზე იმყოფებოდა  10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, მისი დაცვის წევრები, ასევე დიმიტრი უტკინი. კრემლის პროპაგანდისტული მედიის თანახმად, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი და ამჟამად ექსპერტიზა ტარდება.

2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ და „ვაგნერმა“ ერთი რუსული ქალაქი აიღო. თუმცა ის მალევე შეჩერდა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ ბელორუსში გადავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: