ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

ბათუმში, კერძო ბინებისა და პატარა სასტუმროების მფლობელები დამსვენებლების ნაკლებობაზე ჩივიან. მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად იაფია დღიურად გასაქირავებელი ბინები, თუმცა ტურისტების რაოდენობა მაინც ნაკლებია.

მაგალითად, საბა დობორჯგინიძე ბინას ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქირავებს დღიურად. გასულ წელს, სეზონზე 150 ლარად ქირავდებოდა მისი ბინა, წელს კი, როგორც გვეუბნება, 90 ლარშიც უჭირს გაქირავება. ამ ბინაში 3 ადამიანის განთავსება შეიძლება.

„ძალიან შემცირებულია ტურისტების ნაკადი. ამას ემატება ის, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ზღვა დაბინძურებულია და ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ტურისტების რაოდენობაზე. უფრო მეტად შიდა ტურისტის ნაკლებობაა, თორემ უცხოელები მეტ-ნაკლებად არიან“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, გასულ წელს ყველაზე ხშირად ქართველ დამსვენებლებზე აქირავებდა ბინას, რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ ჰყოლია.

„მე ზღვის ამბავს ვუკავშირებ დამსვენებლების შემცირებას, რადგან ინფრასტრუქტურა იგივეა, რაც შარშან იყო და სხვა არ ვიცი“, – ამბობს საბა დობორჯგინიძე.

გიორგი შალიკაძეც ამავე უბანში აქირავებს ბინას დღიურად. საკუთარი ბინების გარდა სხვისი ბინების გაქირავებაზეც მუშაობს. მისი თქმით, წელს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონია.

„რვაწლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ წელს ყველაზე ცუდი სეზონია, რადგან ბინების ფასიც ძალიან დაბალია და არც დამსვენებელია ბევრი.

თუ შარშან 180 ლარად ქირავდებოდა ბინა, სადაც სამი ადამიანი შეიძლება მოთავსდეს, წელს 119 ლარი ღირს, მაგრამ დამსვენებელი მაინც არ არის.

ყველა თვეში ვაკეთებ ანალიზს, რომელი ქვეყნიდან რამდენი დამსვენებელი მყავდა და 90 პროცენტი იყო რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები. სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ტურისტების შემცირება, რადგან უკრაინის ომი რუსეთზეც ისახება, ხალხს აღარ აქვს ალბათ ფული“, – გვეუბნება გიორგი.

მისი თქმით, არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან შემოსული ტურისტები უფრო ძვირადღირებულ სასტუმროებში ჩერდებიან და არ არიან ყოველდღიური ბინების მომხმარებლები.

„ასეთი ტურისტი ჩვენთან არ შემოდის.

ის რუსებიც, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში იცხოვრებს, ყიდულობენ ბინებს და აღარ ქირაობენ. თავიანთი არხები გააკეთეს სოციალურ ქსელებში და ახლა თვითონ აქირავებენ. ბუნებრივია, ესეც აისახა კონკურენციაზე“, – გვეუბნება გიორგი.

მისი თქმით, ზოგადად შემცირებულია დღიურ ბინაზე მოთხოვნა, რადგან დღიურად უფრო ძვირის გადახდა უწევს ტურისტს, ვიდრე თვიურად.

„დღიურად, ათ დღეში რამდენის გადახდაც უწევს, იმ ფასად გარეუბანში (400-500$) შეუძლია იქირაოს სტუდიოს ტიპის ბინა თვიურად.

დიდი პრობლემაა ისიც, რომ რუსებმა ძალიან ბევრი ბინა იყიდეს და ახლა თვითონ აქირავებენ. აქაც როცა მოდიან, 2-3 დღის შემდეგ მეუბნებიან – ხომ არ იცი ისეთი ბინა, თვიურად რომ ვიქირაო? აღარ უნდათ ყოველდღიური ბინები“, – ამბობს გიორგი შალიკაძე.

გიორგის თქმით, შარშან ამ დროს იმდენად დიდი იყო ნაკადი და გაძვირდა ბინის ფასები, რომ ბინის მფლობელებმა უარი თქვეს მაკლერების მომსახურებაზე და თავად აქირავებდნენ.

„თუმცა რამდენიმე თვეში შეწყდა ეს ნაკადი და ახლა ძალიან უჭირთ უკვე გაქირავება. მეც აღარ მიღირს მაღალ ფასად სხვისი ბინის აღება. ასეთი მდგომარეობა გვაქვს“, – გვეუბნება ის.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, გიორგი ამბობს, რომ ქართველი ტურისტები ისედაც 20 ივლისის შემდეგ იწყებენ ბათუმში შემოსვლას. ახლა ნაკლებია დამსვენებელი.

„ფასებიც გაბერილია  ყველაფერზე და ადამიანს, რომელსაც 1000 ლარი აქვს ხელფასი, აქ ერთი კვირის დასვენებაშიც კი ვერ ეყოფა და ცხადია, ესეც პრობლემაა“, – ამბობს გიორგი.

დამსვენებლების შემცირებაზე საუბრობს მერი მაღლაფერიძეც. „ნამდვილად შემცირებულია ტურისტების ნაკადი. მე „ორბშიც“ მაქვს ბინა და იქ, მაგალითად, მოთხოვნა იყო უფრო უცხოელებიდან, მაგრამ თუ შარშან 200 ლარს იხდიდნენ დღეში, ახლა 120-130 ლარია და მაინც არ არის ტურისტი.

მოლოდინი გვქონდა, რომ ივნის-ივლისში აიწევდა ფასები, მაგრამ პირიქით მოხდა“, – ამბობს მერი.

სხვა მეპატრონეების მსგავსად, მერი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც უცხოელების მიერ საქართველოში ბინების შეძენას უკავშირდება. „შარშან სლავი დამსვენებლები მყავდა ბევრი, მერე შეიძინეს უძრავი ქონება და აღარ სჭირდებათ ჩვენგან ქირაობა.

ამას დაემატა პანიკა ზღვის ხარისხთან დაკავშირებით და ამანაც შეამცირა შიდა ტურისტი. ძალიან ბევრი თავს იკავებს ბათუმში ჩამოსვლაზე, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბავშვები ჰყავს, რადგან არ ენდობიან ზღვის წყლის ხარისხს“, – გვეუბნება მერი მაღლაფერიძე.

„ბათუმელები“ ბათუმში ჰოსტელებისა და პატარა სასტუმროების მფლობელებსაც გაესაუბრა.

სასტუმრო „ძველი ბათუმის“ მეპატრონე გოჩა მესხიც ტურისტების ნაკადის შემცირებაზე ჩივის.

ის 100 ლარად აქირავებს ნომერს, თუმცა ამბობს, რომ ფასის მიუხედავად, დამსვენებელი ნაკლებია.

„რუსი დამსვენებელიც შემცირებულია და ქართველიც.

შარშან მყავდა დამსვენებლები ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, არაბული ქვეყნებიდან ნაკლებად, მაგრამ წელს ძალიან ცოტაა.

არ ვიცი, რა არის მიზეზი, ალბათ ის, რომ ფული აღარ აქვთ ადამიანებს“, – გვეუბნება ის.

„ჰოსტელ ინ“ ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზეა. შესაბამისად, ზღვასთან ახლოს, თუმცა მისი მეპატრონის, ანდრო კაკაბაძის თქმით, წელს ბათუმში ტურიზმი ვერ მუშაობს.

„არ შემიცვლია ფასები, წელსაც იგივე მაქვს, რაც შარშან მქონდა, თუმცა ხალხი ცოტაა.

ივნისმა უფრო კარგად იმუშავა, ვიდრე ივლისმა.

ახლაც უმეტესობა რუსეთიდანაა, არიან ევროპის ქვეყნებიდანაც, მაგრამ ცოტა. შარშან ამ დროს 70 პროცენტი იყო შევსებული, წელს 30 პროცენტია.

ზოგადად, ძალიან სიძვირეა ბათუმში, თბილისიდან კვიპროსში მიფრინავენ ადამიანები და აქ არ ჩამოდიან, რადგან გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე აქ.

არ ვართ ჩვენ ის ქვეყანა, რომ ასე ძვირი იყოს ყველაფერი, არც მომსახურეების სფერო გვაქვს გაუმჯობესებული და საზღვაო ქვეყნები კონკურენციას გვიწევენ.

თბილისელები ზღვის ფაქტორის გამო არ ჩამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამბობს ზღვა უსაფრთხოაო. მაინც აქვთ ადამიანებს შიში“, – გვეუბნება ანდრო კაკაბაძე.

მამუკა თურმანიძე „ჰილტოპ ბათუმის“ მეპატრონეა და ისიც პრობლემებზე საუბრობს.

„შარშანდელი მაისისა და ივნისის თვეებთან შედარებით, წელს შემცირებულია ტურისტული ნაკადები, 50 პროცენტით ნაკლებია ტურისტი. ივლისშიც აშკარად ნაკლები მაჩვენებლები გვაქვს. ზოგადად, ყველა ქვეყნიდან გვაქვს ტურისტების კლება.

რომელ ბაზარზეც მუშაობს საქართველო ზოგადად, თითქმის ყველა ქვეყნიდან შემცირებულია დამსვენებელი.

ისრაელზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენ არ გვყავს ამ ქვეყნიდან დამსვენებლები, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან შემცირებულია. მთელი მაის-ივნისი ფაქტობრივად ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ 15%-ით შემცირებულია ფასები“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მის კოტეჯში, როგორც მამუკა ამბობს, ფასები 200 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე აღწევს, თუმცა დამსვენებელი მაინც არ მატულობს.

მამუკა თურმანიძე იმედოვნებს, რომ აგვისტო და შემოდგომა (სექტემბერ-ოქტომბერი) შესაძლოა უკეთესი იყოს. „თუმცა ტენდენცია არის ტურისტების კლებისკენ“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, საქართველოს ზღვის კურორტებს დიდ კონკურენციას უწევს თურქეთი, ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში შემოფრენა ბევრად ძვირი უჯდება ტურისტს, ვიდრე თურქეთის გავლით. ამიტომ ტურისტულ სექტორს გადასახედი აქვს არა მარტო ფასები და მომსახურება, ქვეყანამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და გააუმჯობესოს როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე  ეკონომიკური მდგომარეობა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 და 24 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში, მოსალოდნელია ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ივლისი, 2023 / ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 240 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 4 133 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 080 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 4 610 ერთეული [+18]
  • MLRS – 692 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 440 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 933 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 298 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 145 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 686 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 456 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 154 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 789 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 547 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 787 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ჩვენ რუსების 7-8 გასროლას მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ – სირსკი ბახმუტის დაბრუნებაზე[/yellow_box]

ამავე თემაზე: 

ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

ახალგაზრდა სერჟანტი, ვადიმ ბლიშჩიკი თავისი საჯარისო ქვედანაყოფის ყველაზე გამოცდილი ოფიცერი იყო. რუსეთ-უკრაინის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

ვადიმისთვის ბოლო, საბედისწერო ბრძოლის დროს რუსები მის ქვედანაყოფს ისე შემოერტყნენ გარს, რომ სანგრების გათხრაც სანახევროდ მოასწრეს ჯარისკაცებმა.

გათხრას ცდილობდნენ იარაღით, ხელებით, ყველაფრით, რაც ხელთ ჰქონდათ. ვადიმსაც სხვების მსგავსად მაზოლები ჰქონდა ხელებზე სანგრის თხრისგან.

გაისმა თუ არა აფეთქების ხმა, ვადიმი სხვას გადაეფარა საკუთარი სხეულით, უფროს სერჟანტს, დმიტრი დიაკოვს. დაბომბვები გაგრძელდა და ვადიმ ბლიშჩიკი უფროს სერჟანტთან ერთად, ვის გადარჩენასაც ცდილობდა, მიწის წარმოუდგენლად დიდი მასის ქვეშ აღმოჩნდა.

ვადიმის თანამებრძოლებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს ორივე ჯარისკაცის ნეშტის ნაფლეთების პოვნა მიწის გროვაში.

ასეთი ამბები ყოველ დღე ხდება ომში. ვადიმის საბედისწერო ამბავი კი 2022 წლის 14 აგვისტოს მოხდა, დედამისის დაბადების დღეს.

უკრაინის გმირების შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა აქვეყნებს პერიოდულად ვრცელ მასალებს სამხედრო ანგარიშებში მოცემული ჩანაწერების, გმირების თანამებრძოლების მონათხრობისა და ოჯახის წევრებთან ჩაწერილი ინტერვიუების მიხედვით.

ვადიმ ბლიშჩიკის მეუღლემ, ანა რომანიუკმა „Armyinform”-ის ჟურნალისტებთან ისაუბრა ისეთ ამბებზე, რისი თქმაც გამოცემისთვის ვადიმ ბლიშჩიკმა თავად ვერ მოასწრო.

ანა ჰყვება, რომ ვადიმს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა. ისინი ერთად იხდიდნენ სამხედრო ვალდებულებას მანამ, სანამ ვადიმის ძმა, იური იძულებული არ გახდა ჯარიდან წასულიყო ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ძმებს მარცხენა ხელზე ერთმანეთის სახელების პირველი ასო ჰქონდათ ამოსვირინგებული – იურის ვადიმის, ვადიმს კი – იურის სახელის პირველი ასო.

სწორედ ამ სვირინგით ამოიცნო მეუღლის დაფლეთილი სხეული ლოზოვსკის მორგში ანა რომანიუკმა.

ტყუპები 1986 წლის 30 აპრილს დაიბადნენ ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ნოვოსელკაში. როგორც ძმების მასწავლებელი, ვალენტინა ფერენსოვა Armyinform-თან იხსენებს, ძმებისთვის სამაგალითო ადამიანი იყო ავღანეთში დაღუპული ბიძა ვლადიმერ სილმანი. სამხედრო საქმეც ძმებმა ბიძის შთაგონებით აირჩიეს.

2004-2005 წლებში ძმები პოლტავის ჯარების სასწავლო ცენტრში მსახურობდნენ. მერე შეიტყვეს, რომ ნოვოგრად-ვოლინსკში ტარდებოდა ექსპერიმენტი: 30-ე მექანიზებული დანაყოფი უკრაინის შეიარაღებულ სახმელეთო ძალებში პირველად დაკომპლექტდებოდა კონტრაქტით დასაქმებული ჯარისკაცებით. ეს დანაყოფი ნატოს სტანდარტებით გაიწვრთნებოდა და აღიჭურვებოდა. ტყუპები დანაყოფს შეუერთდნენ.

შემდეგ იყო ბევრი წვრთნა და სამშვიდობო მისია კოსოვოში. იურის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, მას ჯარის დატოვება მოუხდა. 31 წლის კაცი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა.

ვადიმ ბლიშჩიკმა სამხედრო პირის გრძელი გზა განვლო. ეს გზა სამშვიდობო ოპერაციებით დაიწყო, მერე ხანგრძლივი წვრთნებით და დანაყოფის სამხედრო წარმატებებით გაგრძელდა. დასრულდა ისე, როგორი დასასრულიც ომში არავის უკვირს.

ვადიმმა სერჟანტების სკოლა დესნში გაიარა. საერთაშორისო წვრთნები – რუმინეთსა და გერმანიაში, უამრავი წვრთნა – საკუთარ ქვეყანაში, როტაცია – ბალკანეთში, ბოლოს კი იყო რუსეთ-უკრაინის ომი.

სერჟანტი ვადიმ ბლიშჩიკი

ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მთავარმა სერჟანტმა გაიარა ბრძოლები მოსტიკისთვის, ნოვოაიდარისთვის, კრემენნაიასთვის, პოპასნაიასთვის, ლოგვინოვოსთვის, დებალცევოსთვის, ნოვოტროიცკოესთვის, ტროიცკოესთვის, მარიანკასა და ბახმუტისთვის, დაიჭრა – ბრმა ტყვიით მარჯვენა ხელში და დაჯილდოვდა სიმამაცის მე-3 ხარისხის ორდენით.

როგორც ვადიმის მეთაურები და თანამებრძოლები ჰყვებიან, საომარი მოქმედებების დროს იგი განსაკუთრებული გამბედაობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. როტაციის დროს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის თებერვლამდე, ლუგანსკის რეგიონში, ტროიცკოიეს დასახლების მახლობლად, ბრძოლის დროს დაშავდა დანაყოფის მეთაური, რის შემდეგაც ვადიმმა მისი მოვალეობის შესრულება დაიწყო და პასუხისმგებლობა სრულად აიღო. წარმატებით გაართვა თავი ყველა ამოცანას, რაც მტრის განადგურებას ისახავდა მიზნად და თავიდან აიცილა დივერსიული ჯგუფების თავდასხმები მნიშვნელოვან სამხედრო პუნქტებზე.

შემდგი როტაციის დროს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2016 წლის 20 ივნისიდან 2017 წლის 20 ივნისამდე ვადიმ ბლიშჩიკის ქვედანაყოფი იცავდა ნოვოტროიცკოეს მიდამოებს. მისი მექანიზებული დანაყოფების წევრები იცავდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, რომლებიც უწყვეტ სამიზნედ ჰქონდათ ამოღებული ოკუპანტების სნაიპერებსა და არტილერიას. ისინი ამ სიმაღლეებს უტევდნენ ოკუპირებული დოკუჩაევსკის მხრიდან.

ვადიმ ბლიშჩიკი, თავის ფასდაუდებელ საბრძოლო გამოცდილებას უზიარებდა და გადასცემდა ახალგაზრდა ჯარისკაცებსა და სერჟანტებს, რომელთა სიცოცხლეც არაერთხელ გადაარჩინა ამ ცოდნამ და უნარებმა.

როდესაც 2017 წლის ივნისის ბოლოს, ბლიშჩიკის დანაყოფებმა დატოვეს პოზიციები და გადასცეს ის ახალჩამოსულ ჯარისკაცებს, ოკუპანტებმა მასიური საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ბატალიონის კოლონას ოლენევკადან.

შემდგომში, სარდლობამ გამოიტანა დასკვნა, რომ ბაზიდან სწრაფად გაცლის წყალობით ბატალიონმა მინიმალური დანაკარგები განიცადა. ამის მთავარი ოსტატი, ვადიმ ბლიშიკი იყო. სწორედ მან გასაზღვრა გადაადგილების სიჩქარე და თავშესაფრის ადგილი ბატალიონის კოლონისთვის. შედეგად მათ ჰქონდათ ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მინიმალური დანაკარგი.

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ვადიმ ბლიშჩიკი, როგორც ოპერატიული სარდლობის ერთ-ერთი საუკეთესო სერჟანტი, სერჟანტის პოზიციაზე კანდიდატებს არჩევდა და მათ მომზადებაზე, ხელმძღვანელობაზე იყო პასუხისმგებელი.

მივლინებებს შორის ვადიმმა გაიცნო ანა რომანიუკი და ბრძოლებისგან თავისუფალ დროს დაქორწინდა.

ანაც მოსწავლეობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო სამხედრო პირი და პედაგოგიური ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ნოვოგრად-ვოლინსკის სამედიცინო კოლეჯში მიიღო მედდის განათლება, თუმცა მერე გარნიზონის სამხედრო ნაწილებში მედდის ვაკანტური სამუშაო ადგილი ვერ იპოვა. ფარ-ხმალი არ დაყარა და სამხედრო ფსიქოლოგის ხარისხი მიიღო აკადემიაში.

შემდეგ მექანიზებული დანაყოფის სამედიცინო ინსტრუქტორის პოზიციაზე დასაქმდა.

სწორედ ამ პოსტზე მუშაობდა ახალგაზრდა ქალი, როცა ომი დაიწყო. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კი რაც სამედიცინო ინსტრუქტორად და მედდად იმუშავა სამხედრო დანაყოფის ქირურგიულ განყოფილებაში, ანა გადაიყვანეს ოფიცრის პოზიციაზე, როგორც ბატალიონის ფსიქოლოგი. 2017 წლიდან ასმეთაურის მოადგილეა ბატალიონის ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებში.

ასე გაჩნდა სამხედროების ახალი ოჯახი. ვადიმი უკვე სერჟანტებს შორის ცნობილი ლიდერი იყო, ოპერატიული სარდლობის ერთ-ერთი საუკეთესო სერჟანტი, ანა კი უმცროსი ოფიცერი. წყვილი გოგოს ზრდიდა, რომელიც 10 წლისაა, საერთო შვილი ანას და ვადიმს არ ყოლით, მათ ამაში უკრაინის ომმა შეუშალა ხელი.

ვადიმი 2021 წლის ოქტომბრიდან მეთაურობდა მექანიზებულ ოცეულს.

ბახმუტის რაიონის სოფელ მაეს მახლობლად მძიმე ბრძოლების დროს, 2022 წლის 20 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, ვადიმმა წარმოუდგენლად დაიცვა საკუთარი ბატალიონის მთავარი პუნქტი და არ დაუშვა მტერს გაერღვია ეს სიმაგრე.

ცეცხლსასროლი იარაღით БМП-2 მან პირადად გაანადგურა 15 ოკუპანტი და ტექნიკის 2 ერთეული, რითაც გადაჰქონდათ საბრძოლო მასალა და გადაჰყავდათ სამხედროები. სწორი ქმედებების შედეგად ღამით დროულად შენიშნა ვადიმმა 30-მდე რუსი ჯარისკაცისგან შემდგარი თავდამსხმელების ჯგუფი და დროულად გაანადგურა ისინი.

უსწრაფესად გაუწია სამედიცინო დახმარება მძიმედ დაჭრილ ორ ჯარისკაცს და დროულად გაიყვანა ბრძოლის ველიდან, რითაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

თავადაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა ნაღმის 120 ნამსხვრევი აღმოჩნდა მის სხეულში, ეს ნაღმისგან მიღებული პირველი დაზიანება არ იყო. უარი თქვა ევაკუაციაზე. „ჩემებს არ ვუღალატებ“, ყოველთვის ეს იყო მისი სიტყვები.

ოპტიმისტურად უყურებდა ყველაფერს და ჯარისკაცებს ბრძოლაში ამხნევებდა.

„დანებების უფლება არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ბოლო ამოსუნთქვამდე, როგორ უნდა ვიცხოვროთ იმაზე ფიქრით, რომ ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავნებდით?!“ – ყოველთვის ამ სიტყვებს ეუბნებოდა თანამებრძოლებს.

სერჟანტ ვადიმ ბლიშჩიკს უკრაინის გმირის წოდება პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიჭა.

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა სქემა“ – საქმე, რომელზეც ბათუმელი 2 ადვოკატიც დააკავეს

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა“, – განაცხადეს დღეს, 20 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ბრიფინგი მოაწყვეს.

19 ივლისს ბათუმში ამ საქმეზე ორი ადვოკატი დააკავეს.

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3  ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და 16 ე.წ. „დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.

„დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეთადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინის“ და ,,მდმას“ საქართველოში შემოტანას.

ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით  ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ  და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე  ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე,  ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები –  კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც  ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ვერსიით, 2021-2023 წლებში ნარკოვაჭრობის შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს.

„ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რამდენიმე ხერხით განხორციელდა, კერძოდ:
თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით „პირადი გადარიცხვის“ დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის – ე.წ. „დამდების“ ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა;
დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ – ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში – 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი;

თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში – 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა.  ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ.

აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.

გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე, როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ.ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.

საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე [ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება] და სსკ-ის 194-ე [ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება] მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით.

ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 20 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა

„ბათუმში 2023 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – ამ განახლებულ მონაცემებს Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს.

ამავე ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის ფასს იკვლევს ასევე კომპანია „Cushman & Wakefield“. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინის ფასი წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა და საშუალო ფასი 876 აშშ დოლარია [2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 674 აშშ დოლარი].

როგორც კომპანია Colliers Georgia-ში „ბათუმელებს“ განუმარტეს, კვლევისთვის მონაცემებს საჯარო რეესტრიდან იღებენ. „საშუალო შეწონილი ფასი“ კი, ივნისში ბათუმში, ახალაშენებული ბინებში გაყიდული ბინების ჯამური ფასის შეფარდებაა მთლიანობაში ივნისში გაყიდულ ფართობთან. შესაბამისად, „შეწონილი ფასი“ ბინის საშუალო ფასია ივნისში.

ამავდროულად, ბათუმში იკლო ბინების ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელმა რაოდენობრივად: Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივნისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა: ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, 39%-იანი კლება დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში [იანვრიდან ივნისის ჩათვლით] ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8 160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი, 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება თბილისს, Recov.ge-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში თბილისის ცენტრალურ უბნებში, ახალაშენებულ ბინებში საშუალო შეწონილი ფასი 1149 აშშ დოლარი იყო, ძველ ბინებში – 989, შედარებით ცენტრალურ უბნებში კი, ახალაშენებული ბინის ფასი საშუალოდ 903 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ძველში – 722-მდე.

თბილისის გარეუბნებში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საშუალო შეწონილი ფასი ახალ ბინებში 707 აშშ დოლარი გახდა, ძველში – 607 დოლარი.

უშუალოდ ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი, 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომაც 1%-ით, 210 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომსეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7 890 ერთეულამდე.

2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა კომპანიის კომპანია „Cushman & Wakefield-ის კვლევაში ბათუმის შესახებ: „ზომების მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი იყო 50 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ბინები, რაც მთლიანად გაყიდული ფართობის მოცულობის 58%-ს შეადგენს. 51-დან 70 კვ.მ-ზე ფართობის ბინები გაყიდვების 25%-ს შეადგენდა, ხოლო 71-დან 100 კვ.მ-ის კატეგორიაში გაყიდვებმა 12% შეადგინა,“ – აღნიშნულია „Cushman & Wakefield“-ის ბოლო მონაცემებში.

კვლევის მიხედვით, ბათუმში უფრო კარგად იყიდება ის ბინები, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია.

„Cushman & Wakefield“-ის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 919 აშშ დოლარამდე გაიზარდა, „თუმცა 2023 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირდა გაყიდული ფართობების მოცულობის მცირე კლება, სულ 1,083 მილიონი კვადრატული მეტრი,“ – აღნიშნულია კვლევაში.

რა უნდა ვიცოდეთ B ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ

B  ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია, რომლისგანაც შემდგომში შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.  B ჰეპატიტი C-ზე არანაკლებ სახიფათო ვირუსია, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქართველოში, B ჰეპატიტზე სკრინინგი არ ხდება.

ჯანმო-ს შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში B ჰეპატიტით 1,5 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. 2019 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, B ჰეპატიტმა დაახლოებით 820 000 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ძირითადად ციროზითა და ჰეპატოცელულარული კარცინომით (ღვიძლის პირველადი კიბო).

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წელს ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება დააანონსა.

„ბათუმელები“ B ჰეპატიტის მიმდინარეობისა და მისი მკურნალობის შესახებ სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ინფექციური დეპარტამენტის უფროსს, ჯემალ დუმბაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ჯემალ, რა არის B ჰეპატიტი?

B ჰეპატიტი არის ღვიძლის ვირუსული ინფექცია,  რომელიც გადაეცემა სისხლით და სხვადასხვა ბიოლოგიური სითხეებით.  ის არის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობის, 90%-ში მთავრდება თვითგანკურნებით, მაგრამ შემთხვევათა 10%-ში გადაიზრდება ქრონიკულში.

NCDC: B ჰეპატიტის ვირუსს ადამიანის ორგანიზმის გარეთ შეუძლია გადარჩეს მინიმუმ  შვიდი დღე. ამ დროის განმავლობაში ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია, თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წინასწარ არ იყო დაცული ვაქცინით; B ჰეპატიტის ვირუსი არ ვრცელდება დაბინძურებული საკვებით და წყლით და  არ ახასიათებს სამუშაო ადგილებში შემთხვევითი გავრცელება; B ჰეპატიტის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის საშუალოდ 75 დღე, მაგრამ შეიძლება ვარირებდეს 30 – 180 დღის ფარგლებში.

როდესაც პაციენტი ინფიცირდება B ჰეპატიტის ვირუსით, გამომუშავდება ზედაპირული ანტიგენი, ე.წ. HBsAg ანტიგენი, რომელიც სისხლში ცირკულირებს ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ეს HBsAg ანტიგენი თავისით მიდის და პაციენტი გამოჯანმრთელდება, ანუ მწვავე ჰეპატიტი მთავრდება და პაციენტი განიკურნება. თუ HBsAg ანტიგენი რჩება სისხლში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამას უკვე ჰქვია ქრონიკული ჰეპატიტი, ანუ მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

  • რას აზიანებს B ჰეპატიტი?

მწვავე ფულმინანტური [ელვისებური] ჰეპატიტები, ზოგჯერ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მათ შორის ღვიძლის უკმარისობით; შემთხვევათა უმრავლესობაში, როგორც წესი, გამოჯანმრთელებით მთავრდება.

ქრონიკულ B ჰეპატიტს რაც შეეხება, იგი წლების განმავლობაში უფრო აგრესიულია ვიდრე C ჰეპატიტი, იწვევს ღვიძლის ციროზს, ღვიძლის კიბოს და სხვა სერიოზულ გართულებებს, რაც შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

NCDC: ღვიძლის კიბო უმრავლეს შემთხვევაში არის ფატალური და ხშირად ვითარდება ყველაზე პროდუქტიული ასაკის ადამიანებში. განვითარებად ქვეყნებში ღვიძლის კიბოთი დაავადებულთა უმრავლესობა კვდება დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე თვეში. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ქირურგიამ და ქიმიოთერაპიამ შეიძლება გაახანგრძლივოს ცხოვრება რამდენიმე წლით. ციროზით დაავადებულებს ზოგჯერ უტარდებათ ღვიძლის გადანერგვა წარმატების სხვადასხვა ალბათობით.

  • B ჰეპატიტის სიმპტომებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

მწვავე ინფექციის ფაზაში ინფიცირებულთა უმრავლესობა არ განიცდის რაიმე სიმპტომებს, თუმცა ზოგთან შეიძლება იყოს გამოხატული საერთო სისუსტე, ცხელება, შემცივნება, სიყვითლე [კანის და თვალების]; არის უსიყვითლო ფორმები, როდესაც პაციენტი საერთოდ ვერ ხვდება, რომ მას გადაედო B ჰეპატიტი და შემდეგ გამოკვლევების დროს იგებს, რომ თურმე გადაუტანია უსიყვითლო ფორმა.

NCDC: სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუქი შარდი, ძლიერი დაღლილობა,  გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.

ქრონიკული  ჰეპატიტის დროს, როდესაც უკვე ვითარდება ციროზი და მუცლის ღრუში გროვდება სითხე, ეს წარმოადგენს უფრო მძიმე გართულებებს, ვიდრე სიმპტომებს. ზოგჯერ, ექოსკოპიური გამოკვლევების, ასევე სხვა და სხვა კომპიუტერული და რადიოლოგიური (მრტ და კტ) გამოკვლევების დროს აღმოჩნდება, რომ ღვიძლი დაზიანებულია; არის შემთხვევები, როცა ქირურგს შეუნიშნავს ღვიძლის პრობლემები და უთქვამს პაციენტისთვის, რომ გამოიკვლიოს.

  • ამ ეტაპზე პროგრამულად B ჰეპატიტზე სკრინინგი და მკურნალობა ხდება?

სკრინინგი მხოლოდ სტაციონარში მოხვედრილ პაციენტებს უტარდებათ. ასევე, ახლა მზადდება შესაბამისი პროგრამა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას მიემატა B ჰეპატიტის [კომპონენტი]; ეს სავარაუდოდ შემოდგომისთვის დაიწყება და მოხდება [პროგრამის ბენეფიციარების] მკურნალობა მედიკამენტი “ტენოფოვირით”. გამოკვლევა შეეხება ყველა პაციენტს ვისაც აქვს B ჰეპატიტი, მაგრამ მკურნალობა შეეხება იმ პაციენტს, ვისაც აქვს მძიმე მდგომარეობა, ციროზი…  და ვისაც ვირუსული დატვირთვა ექნება მაღალი.

  • როგორ ხდება B ჰეპატიტის მკუნალობა?

მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არის ასევე ასეთი წამალი  – „ტენოფოვირი“. ეს ანტირეტროვირუსული პრეპარატია, რომელიც შიდსის მკურნალობის დროს გამოიყენება. ეს მედიკამენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვას პაციენტმა, შედეგად B ჰეპატიტის ვირუსი ითრგუნება და მისი (ვირუსული) დატვირთვა ხდება 0.

NCDC: B ჰეპატიტის მწვავე ფორმის რაიმე სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მკურნალობის მიზანია ადეკვატური ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება, რომელშიც შედის იმ სითხის რაოდენობის შეცვლა და შევსება, რომელიც დაკარგული იქნა პირღებინების და დიარეის შედეგად. ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეიძლება განიკურნოს  მედიკამენტების საშუალებით. მკურნალობამ შეიძლება შეანელოს ციროზის განვითარების პროგრესი და შეამციროს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი, თუმცა მკურნალობა  არ არის ადვილად მისაღწევი  შეზღუდული რესურსის პირობებში.

  • რა რეკომენდაციები არსებობს B ჰეპატიტის ქრონიკული მიმდინარეობის დროს პაციენტებისთვის?

ეს წამალი აფთიაქებში იყიდება და დღეს ბევრი მკურნალობს თავისი სახსრებით. მკურნალობის პროცესში „ტენოფობირთან“ ერთად, ღვიძლის სხვადასხვა პროტექტორებსაც [დამცავებსაც] იყენებენ და ამ მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის –  არ შეიძლება არავითარი ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალება, პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა – არ შეიძლება შემწვარი, მოხრაკული, მსუყე საჭმელები, ასევე ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი.

___________________________________________________

2002 წლიდან საქართველოში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა  ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი  HBsAg-ზე და  დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონო ვაქცინით და იმუნოგლობულინით.

კერძო სკოლისა და ბაღის აშენების პირობით ბათუმში მიწას ყიდიან – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში 21 521 კვადრატულ მეტრ მიწას პირობიან აუქციონზე ყიდის.

მიწის ნაკვეთი სვიშევსკის ქუჩაზე, N1-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 800 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 45 ათასი ლარი.

აუქციონის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 1000 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება და ბაღი ააშენოს და აამოქმედოს. ამასთან, მესაკუთრეს „საგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 49 წლის ვადით“ ევალება.

მესაკუთრემ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში პროექტის ფარგლებში არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მიწის ნაკვეთი ახლოსაა ბათუმის შემოვლით მშენებარე ავტომაგისტრალთან [ავტობანთან] – მაგისტრალზე ასასვლელი გზის მიმდებარედ.

აუქციონზე გატანილი ნაკვეთი და მშენებარე ავტობანი [მარცხნივ] / ფოტო აუქციონიდან
აქედან გამომდინარე, აუქციონის შენიშვნაში მითითებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით „გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] გზების მფლობელთან [მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი] შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება“.

აუქციონს თან ახლავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი, რომელიც 2022 წლის დეკემბერში მიიღო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

წერილში აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტმა განიხილა [სამინისტროს] წერილი, რომელიც შეეხება ქალაქ ბათუმში, სვიშევსკის ქ.№1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზების საკითხს, შემდგომში თანამედროვე სტანდარტების, არანაკლებ 1000 მოსწავლე/სტუდენტზე გათვლილი, კერძო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის წინააღმდეგი მოხდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვა, ბათუმის შემოვლითი გზის განვითარების კორიდორის მიღმა.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბათუმის შემოვლით გზასთან მიერთება ვერ მოხდება და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არსებული შიდა საგზაო ქსელის მეშვეობით.“

აუქციონის პორტალზე ატვირთულია ბათუმის მერიის წერილიც, რომლითაც ირკვევა, რომ მერია „არ არის წინააღმდეგი, განხორციელდეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზება.“

აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთს ასევე ესაზღვრება ტერიტორია, სადაც „კომაროვის სკოლა“ ააშენეს.

აუქციონზე გატანილი ტერიტორია და „კომაროვის სკოლის“ შენობა [მარჯვნივ] / ფოტო აუქციონიდან
ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 4 აგვისტოს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურს გამარჯვებული აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად გადაიხდის, კერძოდ:

2024 წლის 1-ელ მარტამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25 %-ს გადახდა;
2025 წლის 1-ელ მარტამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

მომავალ მესაკუთრეს ევალება:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სასწავლო კორპუსს, საბავშვო ბაღს, ღია ან/და დახურულ საცურაო აუზს, ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედანს, სარეკრეაციო სივრცეს და განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვისა შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით, „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასური დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისად) არანაკლებ 1000 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების [სასწავლო კორპუსი, ღია ან/და დახურული საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, სკვერი] ამოქმედება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 49 წლის ვადით;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში პროექტის ფარგლებში არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის პროფილის ვადით უზრუნველყოს დაწესებულებაში საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამებით სწავლება.“

ლეონიძეზე 32-სართულიანი ორი კორპუსის აშენება იგეგმება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #4 გ-ში, სპორტული სასახლის მოპირდაპირედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 32 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავენ. საპროექტო მიწის ნაკვეთი 4834 კვ.მეტრია.

ამ ტერიტორიის მომიჯნავე ნაკვეთზე, რურუას ქუჩის მხარეს ორი ახალაშენებული მრავალბინიანი კორპუსია, კორპუსი დგას მესამე მხარესაც. ნაკვეთს ასევე ესაზღვრება ძველი კორპუსები.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი. მოპირდაპირედ არსებულ თავისუფალ მიწის ნაკეთზე მთავრობა უნივერსიტეტის სასწავლო სამედიცინო კორპუსის მშენებლობა გეგმავს.

პროექტის მიხედვით, შენობა ორი 32-სართულიანი ბლოკისგან შედგება, რომლებსაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს.

მშენებელი კომპანია შპს „ელიტა ჯგუფი+“ საქართველოში 2012 წელს დააფუძნეს, კომპანიის 24 პროცენტი თეიმურაზ მიქელაძეს ეკუთვნის, 76 პროცენტი კი კომპანია „ფელისია დეველოპმენტის“ საკუთრებაა.

„ფელისია დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტში დაუფუძნებიათ და მას ავთანდილ ყურშუბაძე ფლობს.

ვინ შევა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ნაცვლად, რომელიც აშშ-ში წავიდა

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის საკრებულოდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ენმ-ს ფრაქციის წევრი, ლაშა კილაბერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა.

მოგვიანებით მან „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

21 ივლისს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ლაშა კილაბერიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას გეგმავენ.

თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ ის ექვსი თვის განმავლობაში ვერ ახერხებს საკრებულოს მუშაობაში უშუალოდ ჩართვას. ეს ვადა უკვე გავიდა.

პროპორციული სიის მიხედვით, კილაბერიას შემდეგ საკრებულოში შესვლა ენმ-ის წევრს, ლევან გორგილაძეს უწევდა. ის სიაში რიგით მე-13 იყო, თუმცა საკრებულოში რიგით მე-16 ამირან დუმბაძე შედის.

პარტიის წევრების თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ცესკოს მიმართა და ბათუმის საკრებულოს ენმ-ის პარტიული სიიდან ამოაღებინა ის 4 ადამიანი, რომლებიც ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში, მათ შორის იყო ლევან გორგილაძეც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკრებულოში შესვლას არც მე-16 ნომერი ამირან დუმბაძე გეგმავს და შესაძლოა კილაბერია სიის მე-17 ნომერმა, ირაკლი ძიძიგურმა ჩაანაცვლოს.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ანთაძის განმარტებით, ვინ შევა საკრებულოში კილაბერიას ნაცვლად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „მე როგორც ვიცი, დუმბაძე უნდა შევიდეს. ეს საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის.“

ლევან გორგილაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, როცა ისინი ცესკოს სიიდან ამოაღებინა.

„ოთხი ადამიანი ამოგვიღო სიიდან, მათგან მხოლოდ მე მიცნობდა პირადად და იცოდა, რომ ღია მხარდაჭერას ვუცხადებდი ნიკა მელიას, მაგრამ იმ სამზე არ იცოდა, ის პირადად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მაგიტომ ვამბობ, რომ ის არის ჩრდილოვანი მმართველი“.

ლევან გორგილაძის თქმით, საშუალება რომ მიეცათ, ის საკრებულოში პარტიის მუშაობას გააძლიერებდა:

„ვფიქრობ, პროდუქტიული ვიქნებოდი საკრებულოში, წავადგებოდი როგორც პარტიას, ასევე ქალაქს. ვფიქრობ, რომ გავაძლიერებდი პოლიტიკურ ნაწილს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, სადამსჯელო ოპერაცია, იმის გამო, რომ ლევან ხაბეიშვილს ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. ნიკა მელიას რომ გაემარჯვა, ჩვენ არავისზე გადამტერებას არ ვაპირებდით. არ ვფიქრობ, რომ ვინც შევა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს არ გამოავლენს, იმის თქმა კი გამიჭირდება, ჩემზე მეტად პროდუქტიული იქნება თუ არა“.

ლევან გორგილაძე ენმ-ს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ეს პოზიცია მან საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც ენმ-ს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

ლევან გორგილაძის მსგავსად ენმ-ს ბათუმის საკრებულოს სიიდან როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს.

ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს – ბრალდება ნარკოდანაშაულია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს. შემთხვევის შესახებ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არაფერს განმარტავენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ზვიად მარკოიძის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი, საქმის მასალებს არ გასცნობია. მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადვოკატს გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.“

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით, ბრალდებულს პროკურატურა ედავება კონკრეტულ ფინანსურ გადარიცხვებში მონაწილეობას, რაც ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

ორივე ადვოკატი – მ.ზ. და ა.ფ. შსს-ს ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა დააკავა. ისინი შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან და გამომძიებლად მუშაობდნენ.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ უკავშირდება მეორე დაკავებული ადვოკატის ა.ფ.-ს ადვოკატს.

ადვოკატების დაკავების შესახებ არაფერი გვითხრეს ადვოკატთა ასოციაციაში. „ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება ამ საკითხზე,“ – მოგვწერეს ადვოკატთა ასოციაციიდან.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეპილეფსიის წამალზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს – სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, საუბარია მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოზე“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

„მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს, რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი აზარალებს მოქალაქეებს“ – წერს რეგულირების სააგენტო.

„ინსპექტირების შედეგად, რომელიც რეგულირების სააგენტომ განახორციელა, აღმოჩნდა საკმაოდ სოლიდური მარაგი კონკრეტული ფარმაცევტული ქსელების საწყობებში, თუმცა ამავდროულად ეს მედიკამენტი არ იყო ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ანუ არ იყიდებოდა საცალო ქსელებში“ – ამბობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე.

რეგულირების სააგენტოს ცნობით, მათი რეაგირების შემდეგ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.

უწყება წერს, რომ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.

ამავე თემაზე:

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, გურჯაანში, DATA BOOTCAMP-ი ჩატარდა. მონაწილეებს შორის თიბისიმ ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP-ის სამ დღიან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებმა AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.

შემაჯამებელ, დემო, დღეზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეები,  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებულმა, ქართველმა წამყვანმა სპეციალისტმა შეაფასეს. თიბისის მხრიდან, მონაწილეებს,  MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი აფასებდა.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

ხვალ ბათუმში ფერიის დასახლებას გაზი შეუწყდება

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 21 ივლისს, დილის 10 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ფერიის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 21 ივლისს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 21 ივლისს, დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ჩვენ რუსების 7-8 გასროლას მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ – სირსკი ბახმუტის დაბრუნებაზე

„ბახმუტის დასაბრუნებლად შექმნილია ყველა პირობა, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე დამპყრობლებს სჭირდებოდათ ქალაქის ასაღებად“ – განაცხადა BBC-ის უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.

სირსკიმ „ბიბისისთან“ თქვა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის ძირითადი მიმართულებებისა და გზების ცენტრი. კერძოდ, ქალაქზე გადის გზები დებალცევოდან, სევერსკიდან, გორლოვკადან, კონსტანტინოვკადან და სლავიანსკიდან.

„ამ გზების გამოყენებით, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წინსვლა სულ მცირე სამი ოპერატიული მიმართულებით“, – ხაზგასმით აღნიშნა სირსკიმ.

ასევე, მისივე თქმით, ბახმუტის ირგვლივ არის სხვადასხვა სახის დომინანტური სიმაღლე, რაც იძლევა ქალაქის გარეუბანში მდებარე ტერიტორიის უმეტესი ნაწილის კონტროლის საშუალებას, რაც ზრდის ბახმუტის, როგორც პლაცდარმის როლს შემდგომი შეტევებისთვის.

„ბახმუტის იქეთ სამი კილომეტრით იწყება შემდეგი ქალაქი,  ჩასოვ იარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტრის შეჩერება ბახმუტში, რომელიც მდებარეობს დაბლობზე”, – განმარტა სირსკიმ.

„მესმის, ძალიან სწრაფი შედეგის მიღწევა გვინდა, მაგრამ ეს რეალურად შეუძლებელია. შემიძლია გითხრათ, ჩემი ჯგუფის, ჩემი მიმართულების შესახებ. და მინდა ვთქვა, რომ ჩემი მიმართულებით ბახმუტის გარშემო, ლიმანის მიმართულებით, კონცენტრირებულია რუსული არმიის ძირითადი ძალები.

ეს ტერიტორია სავსეა საინჟინრო ბარიერებით. ფაქტობრივად, მთელი დიდი ტერიტორია საინჟინრო კუთხით არის მომზადებული, ბევრი სიმაგრეა. ამიტომ წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს.

გარდა ამისა, რუსულ ჯარებს აქვთ უპირატესობა რაოდენობაში და განსაკუთრებით არტილერიაში. და მთავარია, მნიშვნელოვანი უპირატესობა საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ანუ ამჟამად ჩვენ შეგვიძლია ერთი გასროლით ვუპასუხოთ რუსების შვიდ-რვა გასროლას.

სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი სასტიკი რეალობა. მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვგეგმავთ ჩვენს ოპერაციებს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას. ახლა კი წინ მივდივართ“ – თქვა სირსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ შეცდომად მიიჩნევს „ვაგნერის“ მიერ მთლიან ბახმუტის აღებას, რადგან უზარმაზარი დანაკარგების შემდეგ ჯგუფმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო უნარი.

„ბიბისის“ კითხვას, რა დრო დასჭირდება ბახმუტის აღებას, სირსკიმ მოკლედ უპასუხა: „არ ვიცი. შევეცდები, რაც შეიძლება მალე გავაკეთო ეს“.

„ბიბისიმ“ მას ასევე ჰკითხა, არის თუ არა მისი მიზანი ბახმუტის დაბრუნება.

„მე მსურს ამის გაკეთება. იმიტომ, რომ ეს პრინციპის საკითხია, ღირსების საკითხია. იმიტომ, რომ ბახმუტის დასაცავად ბევრი ძმა, ბევრი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ.

ჩვენ ვიცით, მე ვიცი, რა შესანიშნავი ქალაქი იყო ბახმუტი, ახლა კი უბრალოდ მკვდარი ქალაქია, თითქმის მთლად ნანგრევებია. და ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ ის დავიბრუნოთ“ – თქვა სირსკიმ.

„დარჩით სახლებში“ – ბერლინში გაქცეულ ლომს ეძებენ

ბერლინის სამხრეთით „სახიფათო ცხოველს“, სავარაუდოდ, ლომს ეძებენ – იტყობინება „დოიჩე ველე“.

ცხოველის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც თვითმხილველმა პოლიციას მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ კლავს ლომი გარეულ ღორს. სამართალდამცავებმა არ იციან, საიდან გამოიქცა ცხოველი – ზოოპარკებმა, ცირკებმა და ცხოველთა თავშესაფრებმა განაცხადეს, რომ ლომი მათგან არ გაქცეულა.

სამართალდამცავები ლომის აღმოსაჩენად ვერტმფრენს იყენებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან ვეტერინარები და მონადირეებიც, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, არ გამოვიდნენ სახლიდან.

სამართალდამცავების ცნობითვე, ხალხის დასაცავად ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციელები.

ლომის ძებნა მიმდინარეობს ბერლინის სამხრეთ გარეუბანში, კლაინმახნოვში, სადაც დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

30-მდე ფილიალი ბათუმში – დეილი სუპერმარკეტი

ბათუმში „დეილი“ სუპერმარკეტის პირველი ფილიალი 2018 წელს გაიხსნა. იმ პერიოდში ქსელის აჭარაში გაფართოება დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, ვინაიდან გათვალისწინებული იყო არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ტურისტების მოთხოვნილებებიც.

დღესდღეობით ბათუმში “დეილის“ 30-მდე ფილიალი ფუნქციონირებს. კომპანია არსებული კურსით სვლას განაგრძობს, რაც ასორტიმენტის მრავალფეროვნებას და დაბალი ფასების კონცეფციას გულისხმობს.

გამორჩეულია „დეილის“ მიდგომა მზა კვებისა და საკონდიტრო წარმოების მიმართულებით. კომპანია ფლობს ორ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და პროფესიონალი გუნდის წევრებით დაკომპლექტებულ საწარმოს, საიდანაც ყოველდღე ახალი, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვებით ამარაგებს საწარმოს. “დეილის” ტორტი უკვე მათ სავაჭრო ნიშნად იქცა. დღეში 1.5 ტონაზე მეტი ტორტის რეალიზაცია ხდება და შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა არამხოლოდ ყოველდღიურად საჭირო პროდუქტები ყველაზე მისაღებ ფასად შეიძინონ, არამედ მათი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე მზა საკვების გემრიელი და ბიუჯეტური ასორტიმენტი შესთავაზოს.

„დეილი“ სუპერმარკეტის ფილიალები ბათუმის უმეტეს უბანშია წარმოდგენილი და ყოველდღიურად 14 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

სამომომავლო გეგმებში კი ყველა უბანში ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება მარტივი და კომფორტული საყიდლებზე სიარულის პროცესის დანერგვის მიზნით.

“დეილი“ სუპერმარკეტი – საუკეთესო არჩევანი ყოველდღე.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ღამით ოდესა და ნიკოლაევი იყო – დაშავდა 19 ადამიანი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა 18 საჰაერო სამიზნე 38-დან, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში 20 ივლისის ღამეს გაუშვა.

ამჯერად რუსეთის სამიზნე ოდესა და ნიკოლაევი იყო, სადაც რუსეთმა, უკრაინის თავდაცვის ცნობით, 19 ფრთოსანი რაკეტა და 19 დრონი გაუშვა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს 18 სამიზნის განადგურება, მათგან 2 „კალიბრის“, 3 „ისკანდერ-K“-ს და 13 „შაჰედის“.

20 ივლისის ღამეს რუსეთის დარტყმის შედეგად ნიკოლაევში 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია, ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს.

ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმში დაბომბეს საბავშვო ბანაკის ტერიტორია. ბოლო ცნობებით, არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა მიაყენა რუსეთის ობიექტებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე: იარაღის საცავებსა და პერსონალის განთავსების ადგილებს.

_____________

ფოტო: ДСНС/facebook

საქართველოში რუსეთის 443 624 მოქალაქე შემოვიდა – II კვარტალის საზღვრის კვეთა

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის მეორე კვარტალში 443 624-ჯერ გადმოკვეთეს [შემოსვლა].

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში [აპრილი, მაისი, ივნისი] რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა 427 443-ჯერ გადაკვეთეს [გასვლა].

შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

2023 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა [შემოსვლა], პირველ კვარტალთან შედარებით 145 339-ით არის გაზრდილი; იმავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის [გასვლა] სტატისტიკა კი გაზრდილია 107 207-ით.

შსს ასევე აქვეყნებს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სტატისტიკასაც.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა 2023 წლის მეორე კვარტალში:

ამავე თემაზე:

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 240 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 4 129 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 8 065 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 4 592 ერთეული [+19]
  • MLRS – 692 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 433 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 918 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 293 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 134 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 685 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 456 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 140 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 537 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 767 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ღამით ოდესა და ნიკოლაევი იყო – დაშავდა 19 ადამიანი

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

„შენ შენს საქმეს მიხედე,“ – გვითხრა ქობულეთში, ცხემვანის მონასტრის სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ქობულეთში 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა.

სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე.

ეს 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეა – 19 წლის გიორგი ალხანიშვილი დანით მოკლეს, მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს ტყისპირას და დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი დანით დაჭრეს – მას სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით.

გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს – სასულიერო პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გირაო შეუფარდა. ის 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა. სასულიერო პირს თავის ძმასთან ერთად წარუდგინეს ბრალი: ერთი ძმა პატიმრობაშია, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გარეთ დატოვა.

დაკავებულებს შორისაა ასევე მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.-ს მამა და კიდევ სამი ახალგაზრდა, ვისთანაც მოკლული ბიჭი მეგობრობდა.

„მე რაზეც საჭირო იყო, 500-ჯერ ხელი მოვაწერე და ჩემს საქმეზე თქვენ რა შუაში ხართ?“ – გვკითხა გელა ბაჟუნაიშვილმა. სასულიერო პირს განვუმარტეთ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა, რაც ვერ იქნება მხოლოდ მისი პირადი საკითხი.

„ამოდი და დამელაპარაკე, თუ რამე გაინტერესებს, გავიცნოთ ერთმანეთი, არასერიოზულ და არაპროფესიონალ შეკითხვებს მისვამთ, თუ გინდა ამობრძანდი მონასტერში, მოილოცე, დავილაპარაკოთ ლოცვის შემდეგ, ვიტრაპეზოთ… მე და შენ ამ თემაზე ტელეფონში ვერ დავილაპარაკებთ,“ – გვიპასუხა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ.

სასულიერო პირს ამ საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვით: როდის და რა ფორმით გაიგო ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ამბავი და რამდენად სწორია, როცა ერთსა და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის 5 ბრალდებული პატიმრობაშია, სასულიერო პირს კი, გირაო შეუფარდეს?

„მაგი გადაწყვიტა სასამართლომ და პროკურატურამ, შენ ვერ ერკვევი ვერაფერში და ჯობია, თქვენს საქმეს მიხედოთ,“ – გაღიზიანება არ დამალა სასულიერო პირმა და დაგვემშვიდობა.

რას ედავება კონკრეტულად პროკურატურა „ქობულეთში მომხდარი 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე“ კიდევ ერთ ბრალდებულს? – ინფორმაციის მიღება პროკურატურაში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

„ბათუმელებს“ ამ საქმეზე მომუშავე ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან, სასულიერო პირს კი გირაო შეუფარდეს. სასულიერო პირის ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ გვითხრა, რომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედის, მარინა მაძღარაშვილის თქმით, მას, როგორც დაზარალებულს, საქმის პროკურორმა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეატყობინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ორი ბიძა დააკავეს, ერთ-ერთი სასულიერო პირია და სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.

„არ ვიცი, ზუსტად სად იყო სასულიერო პირი ამ შემთხვევის დროს… ვფიქრობ, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. მხოლოდ ერთი ადამიანი ჩემს შვილს ვერ მოერეოდა. 18 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დანით ჩემს შვილს.

სახლში იყვნენ ა.-ს ბებია და ბაბუა, ასევე მისი შეყვარებული, არ ვიცი, მათ რატომ არ აკავებენ,“ – ამბობს მარინა მაძღარაშვილი.

მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედა რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა შვილის ადგილსამყოფელს, მიმართა პოლიციასაც. დანაშაულის კვალზე კი, თავდაპირველად მოკლული ბიჭის დედა გასულა.

„რომ გამოვკითხე ეს ბიჭები, მითხრეს, ტაქსით წავედით ქობულეთშიო, ერთ-ერთმა კი თქვა, რომ ბათუმიდან სოფელში წავიდნენ მკვლელობაში ბრალდებულის მანქანით და საჭესთანაც ის იჯდა. ეს რომ მოვისმინე, მაშინვე პოლიციაში წავედი. აშკარა იყო უკვე, რომ რაღაცას მალავდნენ.

ვიდეოჩანაწერი ამოვიღეთ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ და ვალუტის ჯიხურის კამერებია. კადრში დავინახეთ, რომ „ლექსუსში“ სხდებიან და მიდიან…

მკვლელობაში ბრალდებული ჩემი შვილის პარალელური კლასელი იყო – ბათუმში, სკოლაში რამდენიმე წელი ერთად სწავლობდნენ. მკვლელობაში ბრალდებულმა ქობულეთში, სოფელში, თავის ბებია-ბაბუასთან წაიყვანა მეგობრები. სტუმრად ასული ჩემი შვილი ასე წამებით მომიკლეს… მკვლელობაში ბრალდებულის მამამ დამარხა ჩემი შვილის ცხედარი და მეორე დღეს მითხრა, წითელი ტაქსით გამოვუშვით შუა ღამეზე თქვენი შვილიო.

ჩვენ დაახლოებით 15 წელია ვცხოვრობთ ბათუმში, იპოთეკით აღებულ ბინაში, თურქეთში, ქემალფაშაში გადავდიოდი და იქ ვმუშაობდი, გიორგი კახეთიდან პერიოდულად ჩამოდიოდა ჩემთან ბათუმში,“ – გვითხრა გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა.

მარინა მაძღარაშვილის თქმით, დღეს, 19 ივლისს, მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.

პროკურატურაში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებული პირი.

—————

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 2023 წლის 22 მაისს შევიდა „2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა] დაიწყო“.

გამოძიების ვერსიით, გიორგი ალხანიშვილს „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყისპირას დამარხეს,“ – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ 2023 წლის 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს პროკურატურამ ა.ბ.-ს მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად  წარუდგინა. ამავე დღეს დააკავეს ორი ბიჭი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ერთი კი – დანაშაულის დაფარვისთვის.  რამდენიმე დღეში პროკურატურამ მკვლელობაში ბრალდებულის მამაც დააკავა.

„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა. ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა“, – აღნიშნული იყო შსს-ს 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას.

რა ვალები აქვს ბათუმს

ბათუმის მთავარი ფინანასური დოკუმენტის მიხედვით, 2023-2026 წლებში, ორი მნიშვნელოვანი სესხის ვალდებულებების დასაფარად 157 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწევს.

სასესხო ვალდებულებების დაფარვისთვის, ბათუმის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტში 32 მილიონ 451 200 ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით, გაწერილია სასესხო მომსახურებების თანხა 2026 წლის ვადით.

 ბათუმის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 285 მილიონ 950 000 ლარი იყო.

მერიის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში „სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების საპროცენტო და ძირი თანხა წელიწადში ორჯერ, არაუგვიანეს 20-30 ივნისისა და 20-30 დეკემბრისა უნდა გადავიხადოთ.

ამ სესხის ფარგლებში ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აფინანასებენ.

პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს. ამ დროისთვის მეოთხე ფაზა მიმდინარეობს.

პირველი ფაზის სესხის დაფარვა 2017 წლიდან დაიწყო, სესხის ვადა 40 წელია და აქედან 10 წელი – შეღავათიანი პერიოდი.

ხელშეკრულების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75 პროცენტია.

მეორე ფაზისთვის აღებული სესხი 20-წლიანი, ხოლო შეღავათიანი პერიოდი 5 წელი იყო. ამ სესხის ძირითადი თანხის გადახდა 2014 წლიდან დაიწყო. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 2 პროცენტია.

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის მესამე ფაზის სესხის ვადა 11 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი – 3 წელი. ამ სესხის ძირითადი თანხის გადახდა 2015 წლიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 4.2%.

მესამე ფაზის ფარგლებში სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის აღებული სესხის ვადა 41 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი 10 წელი. ძირითადი თანხის გადახდა 2022 წლიდან დაიწყო. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75% [2 988 339 ევრო] და 4.2% [4 000 000 ევრო].

IV ფაზის სესხის ვადა 15 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2020 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 1.65%.

აღნიშნული სესხების საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25 პროცენტია.

პარალელურად დაწყებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურების დაფარვა. ამ სესხის ფარგლებში ბათუმის ავტობუსების პროექტი დაფინანსდა.

სესხის ვადა 10 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. საპროცენტო განაკვეთი – Euribor+1%. სესხის აუთვისებელ ნაწილზე გადასახადი – წლიური 0.5%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.

 


ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება – მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. მერიის ინფორმაციით, ნამატი თანხიდან 20 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერია, მათ შორის: 5 მილიონ 700 000 ლარი – სპეციალური, ხოლო 14 მილიონ 300 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერია.

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა

აზიური წარმოდგენები, კულტურა და სამზარეულო – კიდევ რა გელით ბათუმის ფესტივალზე

ბათუმში, ანბანის კოშკთან ბათუმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი 16 ივლისს გაიხსნა და ყოველდღიურად, 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალზე სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ განსხვავებული აქტივობებით: მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, საბავშვო თამაშები და აქტივობები, ასევე დააგემოვნონ გემრიელი აზიური და ქართული კერძები ხელმისაწვდომ ფასში.

აზიური კულტურისადმი მზარდი ინტერესის გამო, ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აზიის კულტურა და გემრიელი საჭმელი საქართველოში ჩამოეტანათ.

1

„საქართველოს მოქალაქეებს აზიისადმი ინტერესი აქვთ, თუმცა ავიაბილეთების სიძვირის გამო, ბევრი ვერ ახერხებს აზიაში მოგზაურობას და მათი ეს ოცნება ოცნებადვე რჩება“, – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კომპანია „ლისინ ივენთის“ წარმომადგენელი, თათული ჯანჯღავა.

თათულის თქმით, იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების ოცნება ოცნებადვე არ დარჩენილიყო, ლისინ ივენთმა აზიური კულტურა და სამზარეულო ბათუმში ჩამოიტანა.

„ბათუმის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მივეცით, ყოველდღიურად ნახონ სხვადასხვა აზიური წარმოდგენა, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია. თითოეული მსგავსი პერფორმანსი განსაკუთრებულ ისტორიას ჰყვება.“

2

მისი თქმით, მსგავსი პერფორმანსების მიმართ დიდია როგორც ქართველების, ასევე ტურისტების მხრიდან დაინტერესება.

„ბათუმის ფესტივალზე უკვე რამდენიმე დღეა დავდივარ და ძალიან მომწონს. ყოველდღიურად იმართება საინტერესო პერფორმანსები, რაც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში მინახავს. მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა საშუალება, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა“, – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი.

გარდა მსგავსი პერფორმანსებისა, ბათუმის ფესტივალზე მოსულ ადამიანებს ადგილზე დახვდებათ აზიური მრავალფეროვანი სამზარეულო. აზიური რესტორნებისგან განსხვავებით, ბათუმი ფესტივალის ფასები საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია.

„ჩვენი მიზანია, ფესტივალზე მოსულ ადამიანებს საშუალება მიეცეთ, რაც შეიძლება მეტი კერძი გასინჯონ და, შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი კერძების ფასები საკმაოდ დაბალია“, – ამბობს თათული ჯანჯღავა.

3

ბათუმის ფესტივალი სტუმრებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს. მაყურებლის წინაშე 23 ივლისს, 10 საათზე ჯგუფი Goofy Land იმღერებს.

ბათუმის ფესტივალი ანბანის კოშკთან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები არიან: წყალი მთის, კანტი, Wyndham Batumi, Grandheur Hotel, White Sails, Turkish Airlines, BAU International Hospital, გორგია.

ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

მოქალაქე ინგა ბაშიროვი ამბობს, რომ მის შვილს, რომელსაც ეროვნული გამოცდის წინა დღეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ერთიანი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა განმეორებით გამოცდაზე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ იმ აბიტურიენტს აქვს, ვინც არანაკლებ ერთი დღე-ღამე დაჰყო სამედიცინო დაწესებულებაში, ან ოჯახის რომელიმე წევრი გარდაეცვალა.

ინგა ბაშიროვი ვიდეოში, რომელიც გუშინ, 18 ივლისს, გაავრცელა ფეისბუქში, ამბობს, რომ მის შვილს გამოცდის წინა დღით კბილი ასტკივდა. გართულებული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა კბილის ამოღება და დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

დედის თქმით, ოპერაცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„ჩემს შვილს ჰქონდა პოსტოპერაციული სისუსტე, რადგან ჩემს შვილს ანტიბიოტიკები არასდროს მიუღია აქამდე. როგორც ჩანს, წამალმა გამოიწვია ალერგია და ჩემს შვილს ძალიან მაღალი სიცხე მისცა. ტემპერატურა ჰქონდა 40-41 გრადუსი და ვერაფრით დავწიეთ.

გამოვიძახე სასწრაფო დახმარება და, ბუნებრივია, ისინიც დაგვიდასტურებენ ამას.

მაღალმა სიცხემ ასევე გამოიწვია ძლიერი დიარეა და ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ჩემი შვილი ვერ გავიდოდა გამოცდაზე“, – ამბობს ვიდეოში ინგა ბაშიროვი.

ბაშიროვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართეს განცხადებით და განათლების სამინისტროსაც, სადაც ახსნილი იყო არსებული გარემოებები.

„განცხადებას თან დართული აქვს ექიმის ცნობა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი, რომლებითაც დასტურდება, რომ ჩემს შვილს ნამდვილად ჰქონდა ისეთი გარემოება, რის გამოც ვერ შეძლებდა გამოცდაზე გასვლას. თუმცა გამოცდების ცენტრმა აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა“, – ამბობს ინგა ბაშიროვი.

მას ცენტრისა და განათლების სამინისტროსგან წერილობითი უარი ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც ბაშილოვი ამბობს, სავარაუდოდ იმავეს ჩაუწერენ, რაც სიტყვიერად უთხრეს.

ბაშილოვის თქმით, სიტყვიერი უარი ეყრდნობოდა კანონს, სადაც საპატიო მიზეზებია გათვალისწინებული (სტაციონარში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება).

კანონში არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი საპატიო მიზეზის სახით, ეს არის – „დაუძლეველი ძალის გამო“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელები“ დაუკავშირდა ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ჰკითხა, დოკუმენტებში აღწერილი აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ მან ისარგებლოს კანონში არსებული ჩანაწერით, დაუძლეველი გარემოების გამო? – რადგან მაღალი ტემპერატურა, სტომატოლოგიური ოპერაცია და პოსტოპერაციული სისუსტე აბიტურიენტს არ აძლევდა შესაძლებლობას დასწრებოდა გამოცდას.

კითხვაზე, გამოცდების ცენტრიდან ასე გვიპასუხეს: „დაუძლეველი ძალა“ განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობით/სასამართლო პრაქტიკით და შეგიძლიათ მოიძიოთ.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, განიხილება ინდივიდუალურად, დადგენილ ვადაში და შესაბამისი პასუხი გაეგზავნება განმცხადებელს“.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თაკო წულუკიძე განმარტავს, „დაუძლეველ ძალის“, იგივე „ფორსმაჟორის“ შემთხვევას სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს.

„თუმცა არსებობს დაუძლეველი ძალის კლასიკური გაგება, რაშიც მოიაზრება ომი, გაფიცვები, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია და ა.შ. ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის წინასწარ პროგნოზირება ადამიანის მხრიდან შეუძლებელია და მისი დადგომა ხელს უშლის პიროვნების მხრიდან კონკრეტული მოქმედების განხორციელებას“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას მოსამართლე აფასებს, „არის თუ არა მოვლენა დაუძლეველი ძალა. გააჩნია, როგორი სამართლებრივი დასაბუთება ექნება მოსარჩელეს, საქმის დეტალებს აქვს მნიშვნელობა.“

ინგა ბაშიროვმა „ბათუმელებს“ თხრა, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება:

„ჩემს შვილს არსებული კანონით სახელმწიფო უზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს – ეს არის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების უფლება.

ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, რომ ეს ორი უფლება ეჭვის ქვეშ დააყენოს.“

ქალის თქმით, მისმა შვილმა ორი ეროვნული გამოცდა ჩააბარა, ჯანმრთელობის პრობლემა კი მესამე გამოცდის წინ შეექმნა.

ბათუმში, ტაბიძეზე სოცსააგენტოს შენობას გაარემონტებენ – სად გადავა სერვისცენტრი

სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის რეგიონული სერვისცენტრის შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს.

მომსახურების შესყიდვაზე სააგენტოს ტენდერი 2 237 960 ლარით აქვს გამოცხადებული.

სოცსააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, N2ა-ში მდებარეობს. მიწის ნაკვეთი 1865 კვადრატული მეტრია, ხოლო შენობა – 1 752 კვადრატული მეტრი.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, სერვისცენტრი დროებით თამარის დასახლებაში, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ადმინისტრაციულ შენობაში გადავა.

„ამ დროისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს, თუ რამე არ შეიცვალა. კონკრეტულად როდის გადავალთ და რა პერიოდით, ამას სააგენტო გადაწყვეტს“, – გვითხრეს სოცმომსახურების აჭარის სერვისცენტრში.

სოცმომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის შენობა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება / ფოტო ტენდერიდან
პროექტის მიხედვით:
  • „სარეაბილიტაციო შენობა წარმოადგენს სამსართულიან ნაგებობას, აქედან მესამე სართული არის მანსარდული ტიპის. პირველ სართულზე განთავსდება ბენეფიციარების მისაღები, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული შშმ პირებზე და სხვა ბენეფიციარების სრულყოფილი მოსახურების გასაწევად.
  • პირველი სართულის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში შესვლა შესაძლებელი იქნება საერთო კორიდორით, რომელსაც უკავშირდება ორი კიბის უჯრედი და ორი დამატებითი შესასვლელი. საკვანძეები მოეწყობა ცალკე მისაღებისთვის; გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისა და სხვა ბენეფიციარების საპირფარეშოები, ასევე თანამშრომლებისთვის სამივე სართულზე.
  • შენობის მეორე და მესამე სართულებზე განაწილდება სამუშაო ოთახები თანამშრომლებისთვის. საერთო სასადილო და შეხვედრების ოთახები მოეწყობა მესამე სართულზე. მესამე სართული წარმოადგენს მანსარდულ სართულს და კედლები გარედან იფუთება პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, ხოლო შიდა სივრცე თბოეფექტურობის შესანარჩუნებლად დაითბუნება შესაბამისი მასალით.
  • შენობის არსებული ხის კარკასი შენარჩუნდება, დამუშავდება ცეცხლმედეგი ხსნარებით და გადაიხურება ღია რუხი ფერის პროფილირებული თუნუქის ფურცლებით. შენობის ყველა შიდა ტიხარი მოეწყობა ორმაგი ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილებით, გარდა მესამე სართულის ოთახების, ელ. გამანაწილებელი ოთახების და ქვაბების ოთახებისა, რომლებიც მოეწყობა ორმაგი ცეცხლმედეგი თაბაშირმუყაოს ფილებით.
  • შენობის არსებული ხის ფანჯრები შეიცვლება ყავისფერი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, ხოლო მისაღების ვიტრაჟი ყავისფერი ალუმინის პროფილით. ბენეფიციარების მისაღების და ყველა საევაკუაციო მიმართულებაზე შემხვედრი კარი გაიხსნება გარეთ.
  • კორიდორებში და სანკვანძეებში იატაკებზე მოეწყობა კერამოგრანიტი, დანარჩენი იატაკები იქნება ლამინატის. ყველა ოთახის ჭერი მესამე სართულზე მოეწყობა თაბაშირმუყაოთი.
  • შენობის გარშემო პერიმეტრზე მოეწყობა ბორდიურები და პანდუსები, ეზოში გათვალისწინებული იქნება მანქანების სადგომები თანამშრომლებისთვის და შშმ პირებისთვის. სამანქანე გზა შენობას გარშემო შემოუვლის. ეზოში არსებული საჩრდილობელი განახლდება, მოეწყობა გარე განათება შესასვლელებთან. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა შეიცვლება.“
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვის ცენტრი ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე / ფოტოები ტენდერიდან
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი / ინტერიერის ნაწილი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 9 აგვისტოს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილე „პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. კერძოდ, 2020-2021-2022 წლებში პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების ღირებულება ჯამურად არ უნდა იყოს 2 237 960 ლარზე ნაკლები.

ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობების სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოები.“

ამასთან, „პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი თვეების მიხედვით“.

„ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ადმინისტრაციული შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების ქუჩა, N 27-ში მდებარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოცმომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი დროებით ამ შენობაში განთავსდება:

შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ შენობა ძმები ნობელების ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, დროებით სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრი განთავსდება / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / 2017 წ.

„რუსეთის მოქალაქემ ბინის კარზე გაკრული სტიკერები ჩამომიხია“ – მოქალაქე

ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა.

კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“.

გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ქეთის კორპუსში ცოტა ხნის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად.

„კარზე იყო კაკუნი და დედამ გააღო, რუსულენოვანი კაცი ესაუბრებოდა. ჩვენ ქვემოთ ახალგაყიდულია ბინა, სადაც რემონტი მიმდინარეობს და დედამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი იყო, რომელსაც რაღაც აინტერესებდა.

დაახლოებით 40 წლამდე კაცი იდგა კარებში და ვენტილაციის სისტემაზე გვეკითხებოდა. შემოვიპატიჟეთ, მაგრამ ქართულად ვესაუბრებოდით მე და დედა და ამაზე გაღიზიანდა.

როგორც ჩანს, თავიდანვე პლაკატების გამო იყო მოსული, რადგან ვენტილაციის სისტემას რომ ვაჩვენებდი, არც კი შეხედა. მითხრა, ქართული არ მესმინო და წავიდა.

ცოტა ხანში, როცა გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ჩემი კარებიდან და სადარბაზოს კედლიდანაც ჩამოხეული იყო ყველა პლაკატი. მათ შორის საქართველოსა და უკრაინის დროშები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ყურმაშვილი.

მისი თქმით, ამ ფაქტმა ძალიან აღაშფოთა და რუსეთის მოქალაქეს გაედევნა.

„წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ უკრაინას, რომელიც წარმოუდგენელ ომშია რუსეთთან და, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ მას.

ამ კაცს დავეწიე და ვუთხარი, თუ რა უფლებით ჩამოხია პლაკატები და რა უფლებით შეურაცხყოფს ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს. უკვე რუსულად ველაპარაკებოდი, რომ გაეგო რაში იყო საქმე.

დამიწყო გინება. მერე მითხრა, რომ სახლში რაც გინდა ის გააკარი, აქ ესენი აღარ დავინახოო. შემდეგ მითხრა „თქვენ აქ ვეღარ იცხოვრებთ“. თურმე მე უნდა წავიდე ჩემი სახლიდან და არა ის. ამის მერე გამოვიძახე პატრული“, – გვეუბნება ქეთი.

მისი თქმით, პოლიცია დროულად მოვიდა და დეტალურად გამოჰკითხა რუსეთის მოქალაქეც.

„გამოკითხვის დროს იმ კაცის ბინიდან ხმამაღალი საუბარი ისმოდა. შემდეგ მოვიდა მისი სიმამრი და ეუბნებოდა პოლიციას, რომ თურმე მთვრალია და რა მოხდა მერე, დიდი ამბავი, თუ პლაკატები ჩამოხია.

პატრულმა უთხრა, რომ თუ გააგრძელებდა აგრესიულ ქცევას, გადაიყვანდნენ განყოფილებაში“, – ამბობს ქეთი.

მისი თქმით, გამოძახებული პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი ცხინვალიდან დევნილია, ამიტომ მას კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და მისი მოქალაქის ასეთ ქმედებაზე ადეკვატური რეაგირება.

ქეთი გვიყვება იმ გამოცდილებაზეც, რაც მას დაუგროვდა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან აქამდეც არაერთი უსიამოვნება შეხვდა.

ერთ-ერთი შემთხვევა ახალ წელს, ფუნიკულიორზე იყო.

„რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად და უკანა გზაზე, მატარებლის ვაგონში მეგობრებთან ვსაუბრობდი საქართველოსა და უკრაინის ომზე. როგორც ჩანს, უკრაინას ბევრჯერ მოჰკრეს ყური საუბარში, ადგნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაგვირთეს ხმამაღლა.

აღვშფოთდი და მოვთხოვე, რომ გამოერთოთ. ერთ-ერთმა მითხრა, ახლა კი გამოვრთე, მაგრამ საქართველო რუსეთის ნაწილია და ჩვენ აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც რუსეთში, ქართველები კი თურმე მათ უნდა მოვერგოთ.

ბოლოს ტაქსიში როცა სხდებოდნენ, შუა თითი მიჩვენეს და წავიდნენ“, – გვიყვება ქეთი.

რაც შეეხება მის კორპუსს, იყო პერიოდი, ვიღაც სისტემატურად ხევდა ლიფტში სტიკერებს – „Fuck Russia“ და „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“.

„ჩამოვიარე ყველა მეზობელი და ვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ ამ სტიკერებზე. ბელორუსები არ იყვნენ წინააღმდეგი, რუსებმა კარი არ გამიღეს, რომ მეკითხა. ასე გრძელდებოდა სამი თვე…

ბოლოს ლიფტში დარჩა მხოლოდ ერთი პლაკატი –  საქართველოსა და უკრაინის დროშა ერთმანეთში გარდამავალი, რომელიც დღემდე არავის ჩამოუხევია“.

ქეთის აზრით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეავიწროონ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა.

„ვფიქრობ, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ადეკვატურად შეაფასებს საფრთხეებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან ამ ქვეყანაში, ასევე უკონტროლოდ ყიდულობენ უძრავ ქონებას.

ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი მოქალაქეები ისე გრძნობენ აქ თავს, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ პატივს არ სცემენ ამ სახელმწიფოს. არადა, გვაქვს მაგალითები, როგორ იქცევა რუსეთი ასეთ შემთხვევებში.

ამიტომ, გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა გაითავისონ ეს საფრთხეები, რადგან რეალურად, ეს ეგზისტენციალური საფრთხე გვიდგას დღეს და თუ ამას არ გავაცნობიერებთ, ჩვენივე ქვეყანაში აღმოვჩნდებით უმცირესობა და შევიწროებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიერ. ეს გახდება შეუქცევადი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ გავხადოთ“, – ამბობს ქეთი ყურმაშვილი.

მისი აზრით, მოქალაქეობრივი შეგნება და სახელმწიფოებრივი განცდაა ის, რომ არ ელაპარაკო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს რუსულად და არ გაეფინო ფიანდაზად. „ამას მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ, მე ასე ვფიქრობ“, – დასძენს ქეთი.

ქეთის სახლის კედელი/ პლაკატები, რომელიც რუსეთის მოქალაქემ ჩამოუხია

კონსტრუქციაში – „მე მიყვარს აჭარისწყალი“, ხელვაჩაური 59 ათას ლარს დახარჯავს

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყლის მიმანიშნებელი -„მე მიყვარს აჭარისწყალი“ – კონსტრუქციის მოწყობისთვის 59 772 ლარია გათვალისწინებული.

კონსტრუქცია ღამით უნდა განათდეს, ამიტომ ამ თანხაში კონსტრუქციის ადგილამდე ელექტროენერგიის მიყვანა და სხვა სამუშაოებიც შედის.

ფოტომონტაჟი ტენდერიდან

კონსტრუქცია სოფელ ხერთვისის ტერიტორიაზე, მდინარეების – აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავთან მოეწყობა, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. სოფელი აჭარისწყალი კი, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

აჭარისწყალი არის თემის ცენტრიც და აერთიანებს სოფლებს: აჭარისწყალს, კაპნისთავს, კიბეს, მაღლაკონს, მაჭახლისპირს, მირვეთსა და ხერთვისს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი მოწყობის „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში.“

რენდერები ტენდერიდან

აჭარაში კვების 15 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 210-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს.

სააგენტო არ ასაჯაროებს აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ. სეს-ის ცნობით, კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, „ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: 1501“.

___________

ფოტო: სურსათის უვნებლობის სააგენტო

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გამნაღმველი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, ნაღმზე აფეთქდა.

როგორც ედიშერის ძმა, ბაკურ კვარაცხელია გვიყვება, ედიშერის მამაც რუსეთს ებრძოდა აფხაზეთის ომში და ედიშერს ბავშვობიდანვე აინტერესებდა სამხედრო საქმე.

ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კვარაცხელიას ოჯახს უამრავი სამხედრო ჯილდო გამოუგზავნეს უკრაინიდან.

„2008 წლის ომში რომ წავიდა, 14 აგვისტოს ჯარს დიღომში დავხვდი, მაშინ ვნახე პირველად, რომ თურმე შესაძლებელია ჯარისკაცს დაქოქილ ტანკშიც ეძინოს.

2014 წლის მაისში გავაცილე უკრაინის ომში, მას მერე ერთმანეთი აღარ გვინახავს. ბოლოს აეროპორტში დავშორდით ერთმანეთს, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. იცოდა, რომ მეც მინდოდა ომში წასვლა და არასდროს მეუბნებოდა ზუსტად სად იყო.

ედიშერ კვარაცხელია

გამოუცდელობის გამო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიღებაზე უარი მითხრეს. ჩემი ძმა ჯერ ქართულ ლეგიონში ჩაეწერა, მერე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი გახდა ოფიციალურად.

25-ე მოტომსროლელი დივიზიის, КИЇВСЬКА РУСЬ-ის წევრი, სამხედრო ინჟინერი და გამნაღმველი იყო“, – იხსენებს დაღუპული ქართველი მებრძოლის ძმა.

ბაკური იხსენებს საუბარს ძმასთან, როცა ის პირველად ოჯახის წევრებს კითხულობდა და აინტერესებდა, დედა ხომ არ ნერვიულობდა. დედამ თავიდან არ იცოდა, რომ ედიშერი ისევ რუსეთ-უკრაინის ომში ჩაება, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიგო, რომ შვილი ისევ იარაღით იყო ფრონტზე.

„ომი ჰქონდა გამოვლილი მამაჩემს, ომში ჰყავდა დედაჩემს შვილი 2008 წელს, 2014 წელსაც – უკრაინაში და ახლაც. ომი გავიარე მეც ჩემი ოჯახის წყნარებასა და დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ედიშერი ისევ უკრაინაში იბრძოდა. სულ ომში ვიყავით და ვართ მთელი ოჯახი“, – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელიამ 1995 წელს ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და მერე ხელშეკრულებით დარჩა ჯარში, სადაც სამხედრო ინჟინერია და განაღმვა შეისწავლა. ედიშერის მშობლები წალენჯიხაში ცხოვრობდნენ, ედიშერის ძმა და ცოლ-შვილი კი – თბილისში.

ედიშერ კვარაცხელიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა – 17 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი.

ედიშერ კვარაცხელია

მებრძოლის ძმა გვიყვება, რომ ედიშერი მთელი ცხოვრება რუსეთთან ბრძოლას თვლიდა მთავარ მისიად და მიაჩნდა, რომ ახლა, ამ ისტორიულ მომენტში სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყო ის ადგილი, სადაც საერთო მტერს უნდა შებრძოლებოდა.

„საქართველოს მთავრობის წევრებისგან ხშირად ისმის დამამცირებელი რიტორიკა, რომ უკრაინაში ბიჭები თითქოს „საშოვარზე“ იყვნენ. ამაზე დიდი სიბინძურე ჩემს თვალებს არ უნახავს და ყურებს არ სმენია. ერთი ვიდეო მაინც არ აქვთ ნანახი ბრძოლის ველიდან? რამდენ მილიონად წავა მათი აზრით ადამიანი ამ ადგილას თუ სულით და გულით მეომარი არაა?

მაგრამ ესეც რუსული დავალებაა და სხვების დაწერილ ტექსტს აჟღერებენ. ამ ბიჭებზე იბანენ ხელებს, სამწუხაროდ, და რუსებს უგორებენ კვერცხს“, – ამბობს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ბაკური ასევე გვიამბობს, რომ ედიშერი რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული, როგორც „უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლი“. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ედიშერის შესახებ იცოდა ყველა მნიშვნელოვანი, პირადი ინფორმაცია, ისეთი ფაქტები, რისი გადაცემაც მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო მეორე სახელმწიფოსთვის:

„რუსულმა მხარემ იცის არამხოლოდ ჩემი ძმის, არამედ უკრაინაში მებრძოლი ყველა ქართველი ჯარისკაცის სრული დოსიე, პირადი ინფორმაცია, საცხოვრებელი მისამართების, დაბადების თარიღის, ადგილის, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების ჩათვლით. საიდან აქვს ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს?

მე სკეპტიკურად ვუყურებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც. არ მგონია ჩვენ ეს სტატუსი მოგვანიჭონ. ახლა რუსეთი მართავს ჩემს ქვეყანას ქართველების ხელით, ამიტომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ სტატუსს მოგცემენ წელს.

რამდენი ხანია რუსეთი ცდილობს საქართველოს სრულად დამორჩილებას. სამწუხარო ის არის, რომ ცეცხლისა და მახვილის ნაცვლად რუსები ახლა ამ საქმეს საქართველოს, ქართველების ხელით აკეთებენ“, – ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ქართველი მებრძოლი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს და 20 ოქტომბერს წალენჯიხაში დაკრძალეს.

2 ექიმი პაციენტის გაუფრთხილებლობით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით, პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზიაშეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა“ – იუწყება პროკურატურა.

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო  საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 239 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 4 123 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 059 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 4 573 ერთეული [+31]
  • MLRS – 689 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 430 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 885 ერთეული [+46]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 279 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 105 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 683 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 456 თვითმფრინავი
  • 243 ვერტმფრენი
  • 5 108 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 761 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 522 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 752 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კიროვსკის რაიონში სამხედრო პოლიგონზე 19 ივლისის დილიდან აფეთქებებია, რის გამოც 4 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს:

ამავე თემაზე:

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადების უკან, შუა მინდორში ბეტონი დააგეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აქ ჰაერის მონიტორინგის ჯიხური უნდა განთავსდეს.  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიას დავუკავშირდით.

ბათუმის მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვაწოდა პასუხი კითხვებზე – რა შენდება ამ ადგილზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი და სამუშაოები შეთანხმებულია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურებთან.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ცენტრალურ პარკში დაბეტონებული ადგილი მათი  „ლოკაციაა, სადაც განთავსდება მონიტორინგის სადგური“.

„რაც შეეხება იმას, შეთანხმებულია თუ არა ქალაქის მერიასთან და სხვა მსგავსი საკითხები, ეს ისეთი დეტალებია, რომ კითხვები უნდა მოიწეროთ და გიპასუხებთ“ – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

სააგენტო სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ მობილურ სადგურსაც.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის რვა ავტომატური სადგურის, აგრეთვე, მობილური სადგურის და მისი განსათავსებელი ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვაზე სააგენტოს ტენდერი 5 582 068 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ფოტომონტაჟის მიხედვით, რომელიც ტენდერს ახლდა, ბათუმის სადგურის განთავსების ადგილი და ის ადგილი, სადაც ბეტონი დააგეს, თითქმის იდენტურია. თუმცა არის ერთი განსხვავება – ტენდერის მიხედვით სადგური პარკის სასეირნო ბილიკის მიმდებარედ უნდა განთავსებულიყო, ბეტონი კი, შუა მინდორშია დაგებული – ბილიკისგან მოშორებით.

ბეტონი ცენტრალური პარკის გამწვანებულ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ ჰაერის მონიტორინგის სადგური უნდა განთავსდეს [ზემოთ] და ფოტომონტაჟი გარემოს ეროვნული სააგენტოს ტენდერიდან [ქვემოთ]
გარემოს ეროვნულ სააგენტოში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ის ადგილები, სადაც სადგურები უნდა განთავსდეს, უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შეირჩა.

„ისე არ ხდება, რომ აი, აქ გვინდა და სადგურს ჩავდგამთ. ჩვენი ყველა ლოკაცია შერჩეულია შესაბამისი სტანდარტებისა და კვლევების გათვალისწინებით“ – გვითხრეს სააგენტოში.

5,5-მილიონიანი ტენდერის დეტალები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „სოლემარტი“ მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება იგივე თანხა იყო, რითაც ტენდერი გამოცხადდა – 5 589 890 ლარი.

კომპანიასა და გარემოს სააგენტოს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 11 იანვარს გაფორმდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხა მთლიანად [100%] ავანსადაა გადარიცხული – 5 515 748 ლარი.

„მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი 1 982 441.99 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში… ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, გადარიცხვის დღეს არსებული კურსის მიხედვით – ლარი ევროსთან მიმართებაში“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საერთო თანხიდან:

  • ბათუმის სადგურის აშენებასა და აპარატურით აღჭურვაში 198 165 ევრო დაიხარჯება;
  • მობილური სადგურისთვის – 226 620 ევრო;
  • მაღალი გამავლობის სპეციალიზებული კლასის ავტომანქანისთვის – 83 526 ევრო;
  • დანარჩენი თანხა კი – სხვა სადგურებისთვის.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „შესყიდვა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსების ფარგლებში. პროექტის ფულადი სახსრები განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს გადასახადისაგან“.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგური ბათუმში / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სატენდერო პირობის მიხედვით, სტაციონარული სადგურები – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული, ანუ 11 ივლისისთვის, თუმცა ბათუმის შემთხვევაში დღეს, 18 ივლისს, მხოლოდ ბეტონია დასხმული.

მობილური სადგური (სრულად გამართული ავტომობილით) – კომპანიამ სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 კალენდარული თვის ვადაში უნდა გადასცეს, ანუ ვადა ამ შემთხვევაში მომავალი წლის იანვრამდე აქვს კომპანიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ცვლილება სამჯერ შესულა, თუმცა არც ერთი ცვლილების ტექსტი პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის.

ტენდერი სააგენტომ 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა:

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი ბათუმში – სააგენტოს მონაცემები

სახლები ბანკშია ჩადებული – კომპანიის „არგუმენტი“ ქობულეთში ახალი ნებართვის მისაღებად

ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის განხორციელების მომგებიანობის დასასაბუთებლად კომპანიამ ახალი, ყველასგან განსხვავებული არგუმენტი წარადგინა.

შპს „ჯმს თაუერი 2022“ – მა ქობულეთის მერიას აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა „დატვირთულია ვალდებულებებით ფინანსურ ინსტიტუტებთან“, ანუ „ჩადებულია ბანკში“.

კომპანიამ სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] დიდი ადგილი დაუთმო იმის ახნას, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სახლების დანგრევა და ახლი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობაა:

„…ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ემუქრებათ გამოსახლება. ისინი პრობლემის მოგვარების გზას და გამოსავალს ხედავენ მხოლოდ ინვესტიციაში, რომელიც განხორციელებაც შპს ჯმს თაუერი 2022 – ის მეშვეობით შესაძლებელია“. 

„ბათუმელების“ მიერ შესწავლილ ნაკვეთის განაშენიანების ათეულობით დეტალურ გეგმაში მსგავსი ჩანაწერი არ შეგვხვედრია.

მსგავსი არგუმენტების ჩაწერა გდგ დოკუმენტში მიუთითებს არასერიოზულ მიდგომაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც არის სანაპირო ზოლის ურბანული დაგეგმვა.

გარდა იმისა, რომ სამშენებლო დოკუმენტაცია ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო კოდექსს უნდა დაექვემდებაროს და კოდექსი ქალაქის ურბანული განაშენიანების საკითხების გადაწყვეტას მოსახლეობის ინდივიდუალური ფინანსური მდგომარეობის მიხედვით არ ითვალისწინებს, ქობულეთს აქვს გენერალური გეგმა, რომელიც კონკრეტულ ზოლში კონკრეტულ პარამეტრებს ადგენს და ქალაქს ფუნქციურ ზოლებად ყოფს.

მერიაში წარდგენილი გდგ დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო პროექტი ქობულეთის სანაპიროზე, აღმაშენებლის #301/303/305-ში სამი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორია ერთ ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. მშენებლობას ორი კომპანია გეგმავს, თუმცა ქობულეთის მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად განაშენიანების ერთი, გაერთიანებული, დეტალური გეგმა გადააგზავნა.

დეტალური გეგმის მიხედვით, შპს „ჯმს თაუერი“ ფიჭვნარის დასახლებაში აღმაშენებლის ქუჩისა და სანაპირო ზოლს შორის არსებულ ტერიტორიას, ერთმანეთის მომიჯნავედ, 11 საკადასტრო ერთეულს აითვისებს.

დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს წარუდგინეს, კომპანია განმარტავს, რომ საკვლევი არეალი მოიცავს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ ორ გეგმარებით კვარტალს გამწვანებულ ტერიტორიებს შორის.

კომპანიამ დოკუმენტში ასევე ხაზგასმით განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე დარღვეულია ამ ზოლის ფუნქციური ხასიათი:

„ზოლის ერთგვაროვან უწყვეტობას რამდენიმე ქაოტურად განაშენიანებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არღვევს“ – წერს პროექტის ავტორი.

11 საკადასტრო ერთეულზე შპს „ჯმს თაუერი 2022“ 20 სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს ერთი მიწისქვეშა სართულით. შპს „ჯეიმს თაუერი 2022“ დაგეგმილი პროექტის კოეფიციენტის გაზრდას 5.0- დან 7.0 მდე ითხოვს.

მონიშნულია მიწის ნაკვეთები, რომლის ათვისებასაც კომპანია გეგმავს

შპს „ჯეიმს თაუერი“ 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს ჯემალ ჭაღალიძე ფლობს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც გდგ დოკუმენტში დასახელებული არ არის და რომლის სახელსაც ქობულეთის მერია მალავს, გვერდით მდებარე ფართობზე [ 6736 კვ.მეტრი] კიდევ ორი, 28 და 32-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია
საპროექტო ტერიტორია

ამ ნაკვეთების მიმდებარედ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს კიდევ ერთი კომპანია, შპს „მიმა“.

ამ კომპანიას შოთა თოლორდავა ფლობს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დოკუმენტში ე.წ. „სვოთ ანალიზშია“, რაც ასევე მიუთითებს ავტორების დამოკიდებულებაზე ქალაქმშენებლობის საკითხების მიმართ.

საქმე ისაა, რომ ის არის, რომ გდგ დოკუმენტი ე.წ. სვოთ ანალიზსაც მოიცავს, სადაც კომპანიები პროექტის ეკონომიკური დასაბუთებისთვის გარკვეულ გათვლებს აქვეყნებენ. ანალიზი მოითხოვს სამშენებლო პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებასაც. საინტერესოა, რომ ამ პროექტების სუსტ მხარეებში კომპანია „შეტბორვის საშიშროებაზე“ წერს.

საერთო ჯამში კი განაშენიანების დეტალურ გეგმაში პროექტის სუსტ მხარეებში მითითებულია:

  • ჯენთრიფიკაცია
  • დამატებით მაღლივი შენობების გაჩენა და გენგეგმით განსაზღვრული ვიზუალური დომინანტების სქემის ხასიათის დარღვევა
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალთან სიახლოვე [ახლოს ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონაა]
  • შავიზღვისპირეთის სხვა კურორტებთან კონკურენცია
  • შეტბორვის საშიშროება

ამის პარალელურად იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, მათთვის უკეთესი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასა და მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნაზე“.

დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საინტერესოა, რა კითხვები ექნებათ საკრებულოს წევრებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ან საერთოდ ექნებათ თუ არა კითხვები.

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება – მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

მერიის ინფორმაციით, ნამატი თანხიდან 20 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერია, მათ შორის: 5 მილიონ 700 000 ლარი – სპეციალური, ხოლო 14 მილიონ 300 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერია.

გარდა ამისა, ქალაქის სხვა შემოსავლების მაჩვენებელი 3 მილიონ 200 000 ლარით იზრდება. ეს თანხა ძირითადად მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებელია.

საკრებულოში წარდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია ახალ ღონისძიებებს დაამატებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ზოგ შემთხვევაში კი უკვე დაწყებული და მიმდინარე, მრავალწლიანი პროექტის ხარჯების გაზრდას გეგმავს.

1 მილიონ 450 000 ლარით იზრდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობის სამუშაოების დაფინანსება.

მილიონი ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, ევგენი მიქელაძისა და მ. ჯავახიშვილის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად – ეს პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს და პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ 560 077 ლარია.

1 მილიონი ლარით იზრდება ბათუმში, მამია ვარშანიძის და ხახულის ქუჩების [ალ.სულაბერიძისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები.

2 მილიონი ლარით გაიზრდება გიორგი ლეონიძის ქუჩის მოწყობის დაფინანსება. იგივე თანხა ემატება სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. პუშკინის ქუჩამდე, ალ. პუშკინის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე და იმედაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე რეაბილიტაციის სამუშაოების ბიუჯეტს. ეს მრავალწლიანი პროექტია და 2026 წელს უნდა დასრულდეს.

500 000 ლარი გაითვალისწინეს პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე გზაგამყოფ სივრცეში სამ საკადასტრო ერთეულზე სკვერის მოსაწყობად. ეს ნაკვეთები საავტომობილო სკვერის გამყოფ ზოლშია და კარგად გამწვანებული სივრცეა, თუმცა მოსაწესრიგებელი.

რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, მერია 399 800 ლარით ზრდის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას. კერძოდ, იზრდება ბავშვებისთვის გათვალისწინებული გაკვეთილების რაოდენობა.

1 მილიონ 105 700 ლარით გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება. მერია ამ გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაკადის ზრდის გათვალისწინებით ხსნის.

მერიის ინფორმაციით მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლება აქვთ ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარებს, შშმ პირებს, შშმ სტატუსის ბავშვებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს და სკოლების მანდატურებს, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, პროფესიული კოლეჯის – Black sea-ს თანამშრომლებს, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასაკით პენსიონერებს, მარტოხელა მშობლებს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა აჭარის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს.

ქობულეთში სახელს შეუცვლიან პუშკინისა და პოპოვის ქუჩებს და სტალინის უბანს

ქობულეთში პოპოვის ქუჩას სახელს შეუცვლიან და ფადიკო გოგიტიძის სახელს მიანიჭებენ.

სახელდების შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოს განათლების კომისიამ 14 ივლისს იმსჯელა. საკრებულოს პოპოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ მიმართა.

საკითხს ქობულეთის საკრებულო მორიგ სხდომაზე გასატანად ამზადებს, სხდომის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

ფადიკო გოგიტიძე პირველი მფრინავი ქალია აჭარიდან. იგი 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. ბათუმში არის მისი სახელობის ქუჩაც.

ქობულეთის საკრებულო სახელს შეუცვლის ასევე სტალინის უბანს ციხისძირში და მას პეტრას უბანს უწოდებს. ეს ინიციატივაც ქობულეთის მერს ეკუთვნის.

ქობულეთში სახელს შეუცვლიან პუშკინის ქუჩასაც. ამ ქუჩისთვის პოეტ ამირან ხაბაზის სახელის მინიჭება განიხილება.

საკრებულო კიდევ რამდენიმე ქუჩისთვის გეგმავს სახელის მინიჭებას.

მერიაში განგვიმარტეს, რომ ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე სახელის შეცვლის მოთხოვნით მერს მოსახლეობამ როგორც სიტყვიერად შეხვედრებზე, ასევე წერილობით მიმართა და მოთხოვნა გაითვალისწინეს.

ამავე თემაზე:

ფადიკო – პირველი ქართველი მფრინავი ქალის ამბავი

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად ვადა 6 თვე ექნებათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა განაცხადს შესაბამისი კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევისთვის 3 თვის ნაცვლად ამიერიდან 6 თვე ექნებათ.

ცვლილება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების [ეკომიგრანტების] განსახლების პროცედურაში“ შევიდა, რომელიც 2023 წლის 17 ივლისიდან ამოქმედდა.

ახალი ცვლილებით, „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 6 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას.“

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ეკომიგრანტთა მიგრაციის მართვისთვის 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის როგორც ეკომიგრანტთათვის საცხოვრებელი სახლების შეძენა, ასევე ეკომიგრანტთა დროებითი განსახლება.

იმ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, რომლებიც 2010 წლიდან უწყვეტად არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ცალკე პროგრამაა შემუშავებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ის ეკომიგრანტი ოჯახები კი, რომლებიც ფაქტობრივად არიან აჭარაში, მაგრამ აქ არ არიან რეგისტრირებულნი, ან რეგისტრირებულნი იყვნენ 2010 წლამდე, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ.

„აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის ბენეფიციარებსაც სახლების შესარჩევად 3-თვიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა, შესაბამისი კომისია მათ ამ კუთხით არ ზღუდავდა და საჭიროების შემთხვევაში მეტი დრო ეძლეოდათ. მათი ჩახსნა პროგრამიდან არ ხდებოდა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარაში, პროგრამის ფარგლებში ბინების შეძენაზე ამ დროისთვის თანხმობა 73 ოჯახს აქვს მიღებული.

ერთ ეკომიგრანტ ოჯახზე სახლის შესაძენად მაქსიმუმ 40 ათასი ლარი გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება 40 ათას ლარს, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ეკომიგრანტი ოჯახი სხვაობას თავად დაფარავს.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად ჯამში 4 მილიონ 80 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც მინიმუმ 100 ოჯახის განსახლებისთვისაა საკმარისი.

„სახელმწიფოს მიერ ასობით ეკომიგრანტ ოჯახთა დაკმაყოფილების მიუხედავად, დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ მცირდება, ვინაიდან სტიქიური პროცესები უკონტროლოა და ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს აქტიურდება.

ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში მუდმივად ხდება ახალი განაცხადების შევსება. მიმდინარე ეტაპზე 450-მდე განაცხადია განსახილველი, რომელთა დაზარალება დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, ხოლო შესწავლასა და დაზარალების კატეგორიის მინიჭებას ითხოვს დამატებით 50-მდე ბენეფიციარი“ – აღნიშნულია აჭარის ბიუჯეტში, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.

ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებდა, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 3-თვიანი ვადა – 2022 წლის ივლისიდან მიეცათ. მანამდე მათ 1 თვის ვადა ეძლეოდათ.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

Exit mobile version