ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა.
კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“.
გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ქეთის კორპუსში ცოტა ხნის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად.
„კარზე იყო კაკუნი და დედამ გააღო, რუსულენოვანი კაცი ესაუბრებოდა. ჩვენ ქვემოთ ახალგაყიდულია ბინა, სადაც რემონტი მიმდინარეობს და დედამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი იყო, რომელსაც რაღაც აინტერესებდა.
დაახლოებით 40 წლამდე კაცი იდგა კარებში და ვენტილაციის სისტემაზე გვეკითხებოდა. შემოვიპატიჟეთ, მაგრამ ქართულად ვესაუბრებოდით მე და დედა და ამაზე გაღიზიანდა.
როგორც ჩანს, თავიდანვე პლაკატების გამო იყო მოსული, რადგან ვენტილაციის სისტემას რომ ვაჩვენებდი, არც კი შეხედა. მითხრა, ქართული არ მესმინო და წავიდა.
ცოტა ხანში, როცა გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ჩემი კარებიდან და სადარბაზოს კედლიდანაც ჩამოხეული იყო ყველა პლაკატი. მათ შორის საქართველოსა და უკრაინის დროშები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ყურმაშვილი.
მისი თქმით, ამ ფაქტმა ძალიან აღაშფოთა და რუსეთის მოქალაქეს გაედევნა.
„წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ უკრაინას, რომელიც წარმოუდგენელ ომშია რუსეთთან და, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ მას.
ამ კაცს დავეწიე და ვუთხარი, თუ რა უფლებით ჩამოხია პლაკატები და რა უფლებით შეურაცხყოფს ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს. უკვე რუსულად ველაპარაკებოდი, რომ გაეგო რაში იყო საქმე.
დამიწყო გინება. მერე მითხრა, რომ სახლში რაც გინდა ის გააკარი, აქ ესენი აღარ დავინახოო. შემდეგ მითხრა „თქვენ აქ ვეღარ იცხოვრებთ“. თურმე მე უნდა წავიდე ჩემი სახლიდან და არა ის. ამის მერე გამოვიძახე პატრული“, – გვეუბნება ქეთი.
მისი თქმით, პოლიცია დროულად მოვიდა და დეტალურად გამოჰკითხა რუსეთის მოქალაქეც.
„გამოკითხვის დროს იმ კაცის ბინიდან ხმამაღალი საუბარი ისმოდა. შემდეგ მოვიდა მისი სიმამრი და ეუბნებოდა პოლიციას, რომ თურმე მთვრალია და რა მოხდა მერე, დიდი ამბავი, თუ პლაკატები ჩამოხია.
პატრულმა უთხრა, რომ თუ გააგრძელებდა აგრესიულ ქცევას, გადაიყვანდნენ განყოფილებაში“, – ამბობს ქეთი.
მისი თქმით, გამოძახებული პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი ცხინვალიდან დევნილია, ამიტომ მას კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და მისი მოქალაქის ასეთ ქმედებაზე ადეკვატური რეაგირება.
ქეთი გვიყვება იმ გამოცდილებაზეც, რაც მას დაუგროვდა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან აქამდეც არაერთი უსიამოვნება შეხვდა.
ერთ-ერთი შემთხვევა ახალ წელს, ფუნიკულიორზე იყო.
„რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად და უკანა გზაზე, მატარებლის ვაგონში მეგობრებთან ვსაუბრობდი საქართველოსა და უკრაინის ომზე. როგორც ჩანს, უკრაინას ბევრჯერ მოჰკრეს ყური საუბარში, ადგნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაგვირთეს ხმამაღლა.
აღვშფოთდი და მოვთხოვე, რომ გამოერთოთ. ერთ-ერთმა მითხრა, ახლა კი გამოვრთე, მაგრამ საქართველო რუსეთის ნაწილია და ჩვენ აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც რუსეთში, ქართველები კი თურმე მათ უნდა მოვერგოთ.
ბოლოს ტაქსიში როცა სხდებოდნენ, შუა თითი მიჩვენეს და წავიდნენ“, – გვიყვება ქეთი.
რაც შეეხება მის კორპუსს, იყო პერიოდი, ვიღაც სისტემატურად ხევდა ლიფტში სტიკერებს – „Fuck Russia“ და „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“.
„ჩამოვიარე ყველა მეზობელი და ვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ ამ სტიკერებზე. ბელორუსები არ იყვნენ წინააღმდეგი, რუსებმა კარი არ გამიღეს, რომ მეკითხა. ასე გრძელდებოდა სამი თვე…
ბოლოს ლიფტში დარჩა მხოლოდ ერთი პლაკატი – საქართველოსა და უკრაინის დროშა ერთმანეთში გარდამავალი, რომელიც დღემდე არავის ჩამოუხევია“.
ქეთის აზრით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეავიწროონ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა.
„ვფიქრობ, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ადეკვატურად შეაფასებს საფრთხეებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან ამ ქვეყანაში, ასევე უკონტროლოდ ყიდულობენ უძრავ ქონებას.
ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი მოქალაქეები ისე გრძნობენ აქ თავს, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ პატივს არ სცემენ ამ სახელმწიფოს. არადა, გვაქვს მაგალითები, როგორ იქცევა რუსეთი ასეთ შემთხვევებში.
ამიტომ, გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებმა გაითავისონ ეს საფრთხეები, რადგან რეალურად, ეს ეგზისტენციალური საფრთხე გვიდგას დღეს და თუ ამას არ გავაცნობიერებთ, ჩვენივე ქვეყანაში აღმოვჩნდებით უმცირესობა და შევიწროებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიერ. ეს გახდება შეუქცევადი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ გავხადოთ“, – ამბობს ქეთი ყურმაშვილი.
მისი აზრით, მოქალაქეობრივი შეგნება და სახელმწიფოებრივი განცდაა ის, რომ არ ელაპარაკო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს რუსულად და არ გაეფინო ფიანდაზად. „ამას მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ, მე ასე ვფიქრობ“, – დასძენს ქეთი.