მთავარი,სიახლეები

სახლები ბანკშია ჩადებული – კომპანიის „არგუმენტი“ ქობულეთში ახალი ნებართვის მისაღებად

18.07.2023 • 2106
სახლები ბანკშია ჩადებული – კომპანიის „არგუმენტი“ ქობულეთში ახალი ნებართვის მისაღებად

ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის განხორციელების მომგებიანობის დასასაბუთებლად კომპანიამ ახალი, ყველასგან განსხვავებული არგუმენტი წარადგინა.

შპს „ჯმს თაუერი 2022“ – მა ქობულეთის მერიას აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა „დატვირთულია ვალდებულებებით ფინანსურ ინსტიტუტებთან“, ანუ „ჩადებულია ბანკში“.

კომპანიამ სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] დიდი ადგილი დაუთმო იმის ახნას, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სახლების დანგრევა და ახლი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობაა:

„…ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ემუქრებათ გამოსახლება. ისინი პრობლემის მოგვარების გზას და გამოსავალს ხედავენ მხოლოდ ინვესტიციაში, რომელიც განხორციელებაც შპს ჯმს თაუერი 2022 – ის მეშვეობით შესაძლებელია“. 

„ბათუმელების“ მიერ შესწავლილ ნაკვეთის განაშენიანების ათეულობით დეტალურ გეგმაში მსგავსი ჩანაწერი არ შეგვხვედრია.

მსგავსი არგუმენტების ჩაწერა გდგ დოკუმენტში მიუთითებს არასერიოზულ მიდგომაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც არის სანაპირო ზოლის ურბანული დაგეგმვა.

გარდა იმისა, რომ სამშენებლო დოკუმენტაცია ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო კოდექსს უნდა დაექვემდებაროს და კოდექსი ქალაქის ურბანული განაშენიანების საკითხების გადაწყვეტას მოსახლეობის ინდივიდუალური ფინანსური მდგომარეობის მიხედვით არ ითვალისწინებს, ქობულეთს აქვს გენერალური გეგმა, რომელიც კონკრეტულ ზოლში კონკრეტულ პარამეტრებს ადგენს და ქალაქს ფუნქციურ ზოლებად ყოფს.

მერიაში წარდგენილი გდგ დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო პროექტი ქობულეთის სანაპიროზე, აღმაშენებლის #301/303/305-ში სამი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორია ერთ ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. მშენებლობას ორი კომპანია გეგმავს, თუმცა ქობულეთის მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად განაშენიანების ერთი, გაერთიანებული, დეტალური გეგმა გადააგზავნა.

დეტალური გეგმის მიხედვით, შპს „ჯმს თაუერი“ ფიჭვნარის დასახლებაში აღმაშენებლის ქუჩისა და სანაპირო ზოლს შორის არსებულ ტერიტორიას, ერთმანეთის მომიჯნავედ, 11 საკადასტრო ერთეულს აითვისებს.

დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს წარუდგინეს, კომპანია განმარტავს, რომ საკვლევი არეალი მოიცავს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ ორ გეგმარებით კვარტალს გამწვანებულ ტერიტორიებს შორის.

კომპანიამ დოკუმენტში ასევე ხაზგასმით განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე დარღვეულია ამ ზოლის ფუნქციური ხასიათი:

„ზოლის ერთგვაროვან უწყვეტობას რამდენიმე ქაოტურად განაშენიანებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არღვევს“ – წერს პროექტის ავტორი.

11 საკადასტრო ერთეულზე შპს „ჯმს თაუერი 2022“ 20 სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს ერთი მიწისქვეშა სართულით. შპს „ჯეიმს თაუერი 2022“ დაგეგმილი პროექტის კოეფიციენტის გაზრდას 5.0- დან 7.0 მდე ითხოვს.

მონიშნულია მიწის ნაკვეთები, რომლის ათვისებასაც კომპანია გეგმავს

შპს „ჯეიმს თაუერი“ 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს ჯემალ ჭაღალიძე ფლობს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც გდგ დოკუმენტში დასახელებული არ არის და რომლის სახელსაც ქობულეთის მერია მალავს, გვერდით მდებარე ფართობზე [ 6736 კვ.მეტრი] კიდევ ორი, 28 და 32-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

საპროექტო ტერიტორია

ამ ნაკვეთების მიმდებარედ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს კიდევ ერთი კომპანია, შპს „მიმა“.

ამ კომპანიას შოთა თოლორდავა ფლობს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დოკუმენტში ე.წ. „სვოთ ანალიზშია“, რაც ასევე მიუთითებს ავტორების დამოკიდებულებაზე ქალაქმშენებლობის საკითხების მიმართ.

საქმე ისაა, რომ ის არის, რომ გდგ დოკუმენტი ე.წ. სვოთ ანალიზსაც მოიცავს, სადაც კომპანიები პროექტის ეკონომიკური დასაბუთებისთვის გარკვეულ გათვლებს აქვეყნებენ. ანალიზი მოითხოვს სამშენებლო პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებასაც. საინტერესოა, რომ ამ პროექტების სუსტ მხარეებში კომპანია „შეტბორვის საშიშროებაზე“ წერს.

საერთო ჯამში კი განაშენიანების დეტალურ გეგმაში პროექტის სუსტ მხარეებში მითითებულია:

  • ჯენთრიფიკაცია
  • დამატებით მაღლივი შენობების გაჩენა და გენგეგმით განსაზღვრული ვიზუალური დომინანტების სქემის ხასიათის დარღვევა
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალთან სიახლოვე [ახლოს ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონაა]
  • შავიზღვისპირეთის სხვა კურორტებთან კონკურენცია
  • შეტბორვის საშიშროება

ამის პარალელურად იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, მათთვის უკეთესი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასა და მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნაზე“.

დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საინტერესოა, რა კითხვები ექნებათ საკრებულოს წევრებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ან საერთოდ ექნებათ თუ არა კითხვები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: