ბათუმის მთავარი ფინანასური დოკუმენტის მიხედვით, 2023-2026 წლებში, ორი მნიშვნელოვანი სესხის ვალდებულებების დასაფარად 157 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწევს.
სასესხო ვალდებულებების დაფარვისთვის, ბათუმის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტში 32 მილიონ 451 200 ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით, გაწერილია სასესხო მომსახურებების თანხა 2026 წლის ვადით.
ბათუმის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 285 მილიონ 950 000 ლარი იყო.
მერიის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში „სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების საპროცენტო და ძირი თანხა წელიწადში ორჯერ, არაუგვიანეს 20-30 ივნისისა და 20-30 დეკემბრისა უნდა გადავიხადოთ.
ამ სესხის ფარგლებში ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აფინანასებენ.
პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს. ამ დროისთვის მეოთხე ფაზა მიმდინარეობს.
პირველი ფაზის სესხის დაფარვა 2017 წლიდან დაიწყო, სესხის ვადა 40 წელია და აქედან 10 წელი – შეღავათიანი პერიოდი.
ხელშეკრულების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75 პროცენტია.
მეორე ფაზისთვის აღებული სესხი 20-წლიანი, ხოლო შეღავათიანი პერიოდი 5 წელი იყო. ამ სესხის ძირითადი თანხის გადახდა 2014 წლიდან დაიწყო. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 2 პროცენტია.
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის მესამე ფაზის სესხის ვადა 11 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი – 3 წელი. ამ სესხის ძირითადი თანხის გადახდა 2015 წლიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 4.2%.
მესამე ფაზის ფარგლებში სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის აღებული სესხის ვადა 41 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი 10 წელი. ძირითადი თანხის გადახდა 2022 წლიდან დაიწყო. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 0.75% [2 988 339 ევრო] და 4.2% [4 000 000 ევრო].
IV ფაზის სესხის ვადა 15 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. ძირითადი თანხის გადახდა დაიწყო 2020 წლიდან. საპროცენტო განაკვეთი ათვისებულ თანხაზე – წლიური 1.65%.
აღნიშნული სესხების საპროცენტო განაკვეთი აუთვისებელ თანხაზე – წლიური 0.25 პროცენტია.
პარალელურად დაწყებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურების დაფარვა. ამ სესხის ფარგლებში ბათუმის ავტობუსების პროექტი დაფინანსდა.
სესხის ვადა 10 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. საპროცენტო განაკვეთი – Euribor+1%. სესხის აუთვისებელ ნაწილზე გადასახადი – წლიური 0.5%. გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.
ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება – მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. მერიის ინფორმაციით, ნამატი თანხიდან 20 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერია, მათ შორის: 5 მილიონ 700 000 ლარი – სპეციალური, ხოლო 14 მილიონ 300 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერია.
ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა