ბერლინის სამხრეთით „სახიფათო ცხოველს“, სავარაუდოდ, ლომს ეძებენ – იტყობინება „დოიჩე ველე“.
ცხოველის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც თვითმხილველმა პოლიციას მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ კლავს ლომი გარეულ ღორს. სამართალდამცავებმა არ იციან, საიდან გამოიქცა ცხოველი – ზოოპარკებმა, ცირკებმა და ცხოველთა თავშესაფრებმა განაცხადეს, რომ ლომი მათგან არ გაქცეულა.
სამართალდამცავები ლომის აღმოსაჩენად ვერტმფრენს იყენებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან ვეტერინარები და მონადირეებიც, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, არ გამოვიდნენ სახლიდან.
სამართალდამცავების ცნობითვე, ხალხის დასაცავად ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციელები.
ლომის ძებნა მიმდინარეობს ბერლინის სამხრეთ გარეუბანში, კლაინმახნოვში, სადაც დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს.


