მთავარი,სიახლეები

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

19.07.2023 • 1250
ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გამნაღმველი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, ნაღმზე აფეთქდა.

როგორც ედიშერის ძმა, ბაკურ კვარაცხელია გვიყვება, ედიშერის მამაც რუსეთს ებრძოდა აფხაზეთის ომში და ედიშერს ბავშვობიდანვე აინტერესებდა სამხედრო საქმე.

ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კვარაცხელიას ოჯახს უამრავი სამხედრო ჯილდო გამოუგზავნეს უკრაინიდან.

„2008 წლის ომში რომ წავიდა, 14 აგვისტოს ჯარს დიღომში დავხვდი, მაშინ ვნახე პირველად, რომ თურმე შესაძლებელია ჯარისკაცს დაქოქილ ტანკშიც ეძინოს.

2014 წლის მაისში გავაცილე უკრაინის ომში, მას მერე ერთმანეთი აღარ გვინახავს. ბოლოს აეროპორტში დავშორდით ერთმანეთს, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. იცოდა, რომ მეც მინდოდა ომში წასვლა და არასდროს მეუბნებოდა ზუსტად სად იყო.

ედიშერ კვარაცხელია

გამოუცდელობის გამო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიღებაზე უარი მითხრეს. ჩემი ძმა ჯერ ქართულ ლეგიონში ჩაეწერა, მერე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი გახდა ოფიციალურად.

25-ე მოტომსროლელი დივიზიის, КИЇВСЬКА РУСЬ-ის წევრი, სამხედრო ინჟინერი და გამნაღმველი იყო“, – იხსენებს დაღუპული ქართველი მებრძოლის ძმა.

ბაკური იხსენებს საუბარს ძმასთან, როცა ის პირველად ოჯახის წევრებს კითხულობდა და აინტერესებდა, დედა ხომ არ ნერვიულობდა. დედამ თავიდან არ იცოდა, რომ ედიშერი ისევ რუსეთ-უკრაინის ომში ჩაება, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიგო, რომ შვილი ისევ იარაღით იყო ფრონტზე.

„ომი ჰქონდა გამოვლილი მამაჩემს, ომში ჰყავდა დედაჩემს შვილი 2008 წელს, 2014 წელსაც – უკრაინაში და ახლაც. ომი გავიარე მეც ჩემი ოჯახის წყნარებასა და დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ედიშერი ისევ უკრაინაში იბრძოდა. სულ ომში ვიყავით და ვართ მთელი ოჯახი“, – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელიამ 1995 წელს ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და მერე ხელშეკრულებით დარჩა ჯარში, სადაც სამხედრო ინჟინერია და განაღმვა შეისწავლა. ედიშერის მშობლები წალენჯიხაში ცხოვრობდნენ, ედიშერის ძმა და ცოლ-შვილი კი – თბილისში.

ედიშერ კვარაცხელიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა – 17 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი.

ედიშერ კვარაცხელია

მებრძოლის ძმა გვიყვება, რომ ედიშერი მთელი ცხოვრება რუსეთთან ბრძოლას თვლიდა მთავარ მისიად და მიაჩნდა, რომ ახლა, ამ ისტორიულ მომენტში სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყო ის ადგილი, სადაც საერთო მტერს უნდა შებრძოლებოდა.

„საქართველოს მთავრობის წევრებისგან ხშირად ისმის დამამცირებელი რიტორიკა, რომ უკრაინაში ბიჭები თითქოს „საშოვარზე“ იყვნენ. ამაზე დიდი სიბინძურე ჩემს თვალებს არ უნახავს და ყურებს არ სმენია. ერთი ვიდეო მაინც არ აქვთ ნანახი ბრძოლის ველიდან? რამდენ მილიონად წავა მათი აზრით ადამიანი ამ ადგილას თუ სულით და გულით მეომარი არაა?

მაგრამ ესეც რუსული დავალებაა და სხვების დაწერილ ტექსტს აჟღერებენ. ამ ბიჭებზე იბანენ ხელებს, სამწუხაროდ, და რუსებს უგორებენ კვერცხს“, – ამბობს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ბაკური ასევე გვიამბობს, რომ ედიშერი რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული, როგორც „უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლი“. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ედიშერის შესახებ იცოდა ყველა მნიშვნელოვანი, პირადი ინფორმაცია, ისეთი ფაქტები, რისი გადაცემაც მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო მეორე სახელმწიფოსთვის:

„რუსულმა მხარემ იცის არამხოლოდ ჩემი ძმის, არამედ უკრაინაში მებრძოლი ყველა ქართველი ჯარისკაცის სრული დოსიე, პირადი ინფორმაცია, საცხოვრებელი მისამართების, დაბადების თარიღის, ადგილის, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების ჩათვლით. საიდან აქვს ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს?

მე სკეპტიკურად ვუყურებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც. არ მგონია ჩვენ ეს სტატუსი მოგვანიჭონ. ახლა რუსეთი მართავს ჩემს ქვეყანას ქართველების ხელით, ამიტომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ სტატუსს მოგცემენ წელს.

რამდენი ხანია რუსეთი ცდილობს საქართველოს სრულად დამორჩილებას. სამწუხარო ის არის, რომ ცეცხლისა და მახვილის ნაცვლად რუსები ახლა ამ საქმეს საქართველოს, ქართველების ხელით აკეთებენ“, – ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ქართველი მებრძოლი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს და 20 ოქტომბერს წალენჯიხაში დაკრძალეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: