ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე ტენდერი დეპარტამენტმა შეწყვიტა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტამდე დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერმე გაასაჩივრეს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში:

  • დეპარტამენტს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად – 6 790 000 ლარად, გერმანული შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სთავაზობდა. თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, მაგრამ საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
  • მეორე პრეტენდენტიც უცხოური საწარმოს ფილიალი იყო – სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია. ამ კომპანიის შეთავაზება 6 888 500 ლარი იყო.
  • გზების დეპარტამენტს დავების საბჭოში ორჯერ უჩივლა შპს „ტრანსპროექტმა“. მომჩივნის მთავარი მოთხოვნა ორივე სარჩელში სს „ინსტიტუტის იგჰ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ უცხოური საწარმოს ფილიალის დისკვალიფიკაცია იყო.

„ტრანსპროექტის“ საჩივარი დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

„დაევალოს გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომის №8 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და უცხოური საწარმოს ფილიალის „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ – აღნიშნული იყო დავების საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.

აქედან სამ დღეში, 15 სექტემბერს, სატენდერო კომისიამ ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

„მიგვაჩნია, რომ სატენდერო კომისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებისას მოქმედებდა მართლზომიერად, თუმცა, როგორც საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობიდან იკვეთება, სატენდერო პირობებში, სატრანსპორტო ეკონომისტის კვალიფიკაციის შეფასებასთან დაკავშირებული მიდგომები იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას…

მიზანშეწონილია, შეფასებისას არაერთგვაროვანი მიდგომის გამორიცხვის მიზნით, „სატრანსპორტო ეკონომისტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სატენდერო პირობები ჩამოყალიბდეს მეტად მკაფიო სახით, შემსყიდველი ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით… რისთვისაც საჭიროა შეტანილი იქნას ცვლილება სატენდერო პირობებში…

სატენდერო კომისიას სატენდერო პირობების შეცვლა შეუძლია მხოლოდ სტატუსი – „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, ხოლო მოცემულ ეტაპზე, სატენდერო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სატენდერო პირობებში ცვლილება, შესაბამისად, კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია, სატენდერო პროცედურის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვისათვის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეწყდეს ელექტრონული ტენდერი.“ – აღნიშნულია ტენდერის შეწყვეტის ოქმში.

„ტრანსპროექტი“ გზების დეპარტამენტს ისევ უჩივის. ამჯერად ის ტენდერის შეწყვეტის ოქმის გაუქმებას ითხოვს და მოითხოვს დავების საბჭოსგან „მიუთითოს შემსყიდველს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შერჩევა/შეფასების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება“.

ამ ბოლო საჩივრის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 26 სექტემბერია ჩანიშნული.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“, გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა.

დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა მოემზადებინა. თუმცა გზების დეპარტამენტი მომსახურებას 2 ნაწილად შეისყიდდა – ჯერ კვლევა-დასაბუთებას და შემდეგ- დეტალურ პროექტს.

როდის გამოაცხადებს ხელახალ ტენდერს გზების დეპარტამენტი, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს? 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 275 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +390]
  • ტანკი – 4 662 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 8 914 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 6 233 ერთეული [+23]
  • MLRS – 789 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 531 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 888ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 518 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 734 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 914 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 477 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 082 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 104 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 155 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 515 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 397 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერია გამსახურდიას #11 -ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებს და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. შესაბამისი დოკუმენტები მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებს გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მერიას გარკვეული წინადადებებით დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება  ჯერ არ ვიცით.

ამ სახლის ნაწილი 10 წლის წინ დაიწვა. დამწვარი ფართობი მერიამ ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის, გადაწყვეტილებით, მისი გადარჩენის მიზნით, გამოისყიდა. მერიაში აცხადებდნენ, რომ იპოვიდნენ ინვესტორს, რომელიც ისტორიულ სახლს მისი პირველი იერსახით აღადგენდა.  თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და შენობის ინტერიერს დღემდე წვიმა ასველებს, პირველი სართული კი, რომელიც ისევ კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით, შედარებით მოვლილია.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ორსართულიანია – ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა.

ამჯერად მერიისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ამოვიკითხეთ – მყიდველმა საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაფაროს. დააზუსტებს თუ არა მერია პირობებს ქონების აუქციონზე გატანისას „ბათუმელები“ ამას სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ დააზუსტებს.

გამსახურდიას #11

აბუსერიძის ქუჩაზე, ძველი შენობის ნგრევის ხარჯზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებენ

ვიდრე „სითი ინსტიტუტი  საქართველო“  მერიის დაკვეთით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს, ქალაქის ინფრასტრუქტურა ყოველდღე იცვლება.

ამჯერად ისტორიული შენობა აბუსერიძის ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ  დაანგრიეს.  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. კომპლექსი  41 და 37 სართულიან ორ  შენობას აერთიანებს.

ნგრევის კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ბევრი წერს, რომ არ ეთანხმება განაშენიანების ისეთ პოლიტიკას, რაც ბათუმს იერსახეს უკარგავს.

 

დოკუმენტების მიხედვით კომპანიამ სამშენებლო ნებართვის მისაღებად სამი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. საერთო ჯამში მშენებლობა 6624 კვ.მეტრზე იგეგმება.

 

სამშენებლო ადგილი ძეგლის დაცვის ზონაშია. აბუსერიძის ქუჩაზე, #11-ში კლასიკური ბალეტის სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

არქიტექტურული პროექტი კომპანიამ მერიას 2019 წელს შეათანხმა, საბოლოო ნებართვა კი 2022 წელს გასცეს.

არსებული სიტუაცია

„მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან სამშენებლო ობიექტი სივრცით-მოცულობითი და
არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებს არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს, ასევე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული განაშენიანებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მოთხოვნებს.“  – განმარტავს მერია.

პროექტის რენდერი

მშენებლობას შპს 245 „ტერინალი 99“ გეგმავს. კომპანიას მალხაზ მამუჭაძე, მერაბ ქოქოლაძე და შპს „ნექსთ თაუნი“ ფლობენ.  ამ კომპანიის მფლობელი კი კახა დევაძეა.

 

გაიცანი შენი ფარმაცევტი – მეგი ბაჟუნაიშვილი

მეგი ბაჟუნაიშვილი წლებია ფარმაცევტულ სფეროში საქმიანობს. მისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს დაეხმაროს და მედიკამენტების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს. მეგის ქობულეთში, პსპ-ს #220 აფთიაქში, რუსთაველის #120-ში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ.

მოგვიყევით, თქვენ შესახებ, ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ?

მე მეგი ბაჟუნაიშვილი ვარ. უმაღლესი განათლება ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მივიღე. ვცხოვრობ ქობულეთში და მყავს 11 წლის შვილი.

როგორ მოხვდით პსპ-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?

გარკვეული წლების განმავლობაში ვმუშაობდი ფარმადეპოში, პსპ-ს წინ. როცა გავიგე, რომ  პსპ-ს ახალი ფილიალი იხსნებოდა, 3 წლის წინ დავწერე განცხადება და გადმოვედი აქ, ქობულეთში, რუსთაველის #-120 ში.

რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ფარმაცევტის კომპეტენცია აუცილებელია.

 ფორსმაჟორული სიტუაცია არაერთხელ მქონია, უმეტეს შემთხვევაში ჰიპერტენზია, როცა სისხლის წნევა არის გაზრდილი. ერთხელ ფეხმძიმე გახდა ცუდად და წარმატებით გავართვი თავი მის დახმარებას.

რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?

ჩემთვის პსპ საქართველოში #1 აფთიაქია.

რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?

მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ჩემი მომსახურებით კმაყოფილი იყოს და მის ყველა კითხვაზე მქონდეს ზუსტი პასუხი, იქნება ეს მედიკამენტზე, დოზირებასა თუ სხვა ფარმაცევტულ საკითხზე.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?

პსპ-ში დაგხვდებათ ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი მედიკამენტები, ასევე, პროფესიონალი კადრები, რომლებიც მომხმარებლების კმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი.

აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში აქციას გეგმავს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით იგეგმება მსვლელობა სოხუმის ქუჩიდან, შემდეგ კი აქცია, სავარაუდოდ ევროპის მოედანზე გაგრძელდება: „ადგილს დავაზუსტებთ“.

აქცია 13:00 საათზე დაიწყება.

„მოგეხსენებათ 27 სექტემბერს დავაანონსეთ აქცია სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა”. ღრმად გვწამს, რომ უკრაინა და ცივილური სამყარო გაიმარჯვებს ომში, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მიცემს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

გვჯერა რომ ბათუმი აფხაზი ძმებისთვის არჩევანის უნიკალური შესაძლებლობაა, მაგალითი თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების უპირატესობისა. ამიტომაც შევარჩიეთ ბათუმი აქციის ჩატარების ადგილად.

სიმბოლურად, 27 სექტემბერს, 13 საათზე შევიკრიბებით სოხუმის ქუჩაზე და გავმართავთ მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციული შენობისკენ. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, შემოგვიერთდით, ეს არის ყველას აქცია მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. შემოგვიერთდით სამოქალაქო აქტივისტებიც“ – განაცხადა  ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან.“

სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 275 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 4 655 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 8 912 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 6 210 ერთეული [+33]
  • MLRS – 789 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 530 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 867 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 518 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 716 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 912 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 477 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 7 067 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 071 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 154 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 502 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 351 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ რუსეთს დაარტყა განსაკუთრებით „სენსიტიურ“ ადგილას – ბრიტანეთის დაზვერვა

რას იზამდა ეთერო, რას იზამდი შენ? – ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

____________________

მარტოხელა, ხანშიშესული ქალი ეთერო, მოულოდნელი სასიყვარულო თავგადასავალი, ქართული საზოგადოება, ადამიანური ბრძოლები, დილემები, ნაცრისფერი ყოველდღიურობა და დასასრული, რომელიც წიგნის თანაავტორსაც გხდის – მოკლედ ასე შეიძლება აღწერო „შაშვი შაშვი მაყვალი“, ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის რიგით მესამე რომანი, რომელიც 2020 წელს გამოიცა.

რომანის მიხედვით რეჟისორმა ელენე ნავერიანმა ფილმიც გადაიღო, რომლის ეკრანიზაციაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ, ახლა უკვე წიგნი ემზადება ევროპული მოგზაურობისთვის – „შაშვი შაშვი მაყვალი“ ფრანგულ და გერმანულ ენებზე ითარგმნება.

ჰყავს თუ არა ეთეროს რეალური პროტოტიპი და არის თუ არა ის ქართველი ქალის სახე, რამ აღაშფოთა მკითხველი, რა არის „მზერის შემობრუნება“ და დაუსრულებელი დასასრული – ამ თემაზე მწერალი თამთა მელაშვილი საუბრობს.

  • ქალბატონო თამთა, როგორ გაჩნდა „შაშვი შაშვი მაყვლისა“ და ეთეროს არსებობის იდეა? გახსოვთ მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ ეს წიგნი უნდა დაგეწერათ და ეს იქნებოდა წიგნი ეთეროზე?

მინდოდა, რომ ორმოც წელს გადაცილებული ქალი ყოფილიყო მთავარი გმირი, რადგან, ვფიქრობ, ის აკლდა ქართულ ლიტერატურასაც და მკითხველსაც. ჩემთვისაც
საინტერესო იყო ამ ასაკის ადამიანზე წერა. წიგნზე მუშაობა რომ დავიწყე, ზუსტად ვიცოდი, რომ პერსონაჟიც გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო – მარტოხელა ქალი, რომელიც სამყაროს განსხვავებულად უყურებს.

„შაშვი შაშვი მაყვალი“. სულაკაურის გამომცემლობა. ფოტო: ანა ბაჟუნაიშვილი
  • ეთეროს ჰყავს რეალური პროტოტიპი, კონკრეტული ქალი? თუ ე.წ. კოლექტიური სახეა?

არც ერთი ჩემი პერსონაჟი არ არის რეალური გმირის პროტოტიპი და არც არასდროს იქნება, რადგან ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, გამოგონებასა და შეთხზვაშია სიამოვნება, არა რეალური ცხოვრებიდან გადმოკოპირებაში.

ეთერო კოლექტიური სახეა. მას შეიძლება ჰქონდეს რეალური ადამიანების ნიშან-თვისებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იმ რეალური ადამიანის ნიშან-თვისებებია, რომელსაც მე ვიცნობ.

მკითხველისგან მომისმენია, რომ ეთეროს სახით მათთვის ნაცნობ ქალზე ველაპარაკებოდი და ეს ჩემთვის ნამდვილად იყო კომპლიმენტი.

  • გახდა თუ არა ქართველი ქალების ცხოვრება თქვენი ინსპირაციის წყარო?

ზოგადად, ქალების ცხოვრებაა ჩემთვის ინსპირაციის წყარო.

საქართველოში დავიბადე. თუმცა, ზოგადად, ჩემი ტექსტები არ არის მხოლოდ ერთი ეროვნების ქალებზე. ასე იყო „გათვლის“ შემთხვევაშიც – ეს არ იყო მხოლოდ ქართველი გოგოების ისტორია, რადგან შეიძლებოდა ამბავი მომხდარიყო ყველგან, სადაც კონფლიქტის ზონაა.

რაც შეეხება ეთეროს, წიგნი ამ შემოდგომაზე ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოიცემა და ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ და როგორ მიიღებს იქაური მკითხველი, რამდენად მოვახერხე ქართველი ქალის, ეთეროს სათქმელით გლობალური სათქმელიც მეთქვა.

  • თხრობა პირველ პირში, ჩვენთვის ნაცნობი ყოველდღიურობა, დილემები, მთავარი გმირის შიში, თუ რას იტყვის საზოგადოება – წიგნის წერისას იყო თუ არა თქვენი მთავარი მიზანი, მკითხველს მთავარ პერსონაჟში საკუთარი თავი აღმოეჩინა?

წერის პროცესში არ ფიქრობ, აღმოაჩენს, თუ არა მთავარ პერსონაჟში მკითხველი საკუთარ თავს. როგორი რეაქცია ექნებათ, ამაზე შეიძლება იფიქრო მას შემდეგ, რაც წიგნს გამომცემლობაში გაგზავნი. წერისას იმდენად პერსონაჟთან ხარ, მისი ამბით ხარ გატაცებული, მკითხველზე ნამდვილად ვეღარ ფიქრობ. წერა არაცნობიერი პროცესია და წიგნზე მუშაობისას წინასწარგანსაზღვრული მიზნებიც არ არსებობს.

ყველამ ვიცით, თუ რას ფიქრობს ქართული საზოგადოება დაუოჯახებელ, მარტოხელა ქალებზე. ამ ტექსტით მინდოდა, რომ მზერა შემომებრუნებინა და მეჩვენებინა, თუ რას ფიქრობს ეთერო მათზე: ოჯახებზე, ქალებზე, კაცებზე, მოზარდებზე.

ვფიქრობ, მზერის შემობრუნება ბევრისთვის მტკივნეული იყო, რადგან მიჩვეულნი არიან, რეალურ ცხოვრებაში და, მით უმეტეს, ლიტერატურაში, დომინანტური მდგომარეობიდან უყურონ ასეთ უჩინარ ქალებს.

  • თხრობის ენამ, სიუჟეტმა, ურთიერთობებმა, ინტიმურ სცენებზე ღიად საუბარმა მკითხველთა ნაწილი აღაშფოთა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? რატომ გაბრაზდნენ და აღშფოთდნენ ეს ადამიანები?

როცა ნარატივი შემობრუნდება საწინააღმდეგოდ და სარკესავით აირეკლავს რეალობას, მესმის, რომ ყველასთვის მარტივი აღარ იქნება. იძულებულნი გახდნენ, საწინააღმდეგოდ მიმართული მზერისთვის გაესწორებინათ თვალი.

ისინი გაბრაზდნენ, იმიტომ, რომ უჩვეულო პერსონაჟი შეხვდათ. მიჩვეულები არიან იდეალურად კარგ ან იდეალურად ცუდ გმირს, იდეალურად ლამაზ და იდეალურად მახინჯ ადამიანს, სხეულს, ურთიერთობას.

ეთეროს სახით ჩნდება პერსონაჟი, რომელიც შუალედურ სპექტრს იჭერს ყველანაირად. როდესაც არ ხარ მიჩვეული, რომ ადამიანი, რომელიც შენთვის უჩინარია და წიგნში მთავარ პერსონაჟად გევლინება, მესმის, რომ ეს ქმნის დისკომფორტს, რაც მკითხველში ბრაზით გამოიხატება.

ისიც არ მოგვწონს, რომ მარტოხელა ქალი გეგმავს მომავალს, იცნობს თავის სხეულს, განიცდის სიამოვნებას, ესეც უჩვეულოა.

არც ის მინდოდა, რომ სექსის სცენა მხოლოდ იდეალურად ლამაზ სხეულთან ყოფილიყო მიბმული და, ალბათ, ესეც ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას მკითხველში. ყველასთვის მისაღები იქნებოდა, რომ ქალს პირად ცხოვრებასთან ერთად, წარმატებული კარიერა და ლამაზი სხეული ჰქონოდა.

  • წიგნი სრულდება ისე, რომ მკითხველისთვის რჩება კითხვის ნიშანი, რას გადაწყვეტს ეთერო. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი დასასრული?

წიგნი მიზანმიმართულად არ დავასრულე კონკრეტული ფინალით და, ვფიქრობ, ესეც გახდა მკითხველის დისკომფორტის მიზეზი. კარგი ტექსტი მკითხველს ყოველთვის უტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მომწონს, როცა მკითხველი ავარჯიშებს თავის ფანტაზიას, თვითონ გადაწყვეტს დასასრულს.

თუ რას იზამდა ეთერო, ალბათ, ამის პასუხია – რას იზამდა თითოეული მკითხველი მის ნაცვლად.

ისტორია რომ დამესრულებინა, ნიშნავდა, თუ მე როგორ მოვიქცეოდი მის ნაცვლად. მკითხველიც იფიქრებდა, რომ სწორედ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. ამიტომ ღიად ვტოვებ ამ საკითხს, მინდა, რომ მკითხველის ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი იყოს.

  • „შაშვი, შაშვი მაყვალი“ გამოვიდა 2020 წელს და ფაქტია, ამ წიგნზე საუბრობენ, განიხილავენ. თქვენი აზრით, რამ ააფორიაქა მკითხველი?

ჩემთვის ბუნებრივია, რომ ვიღაცას მოეწონება ან არ მოეწონება წიგნი. მკითხველი, რა თქმა უნდა, თავისუფალია გამოხატოს თავისი გრძნობები და ემოციები ტექსტის მიმართ. მაგრამ მე ყველა შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რადგან უკვე ვიცი, რომ წიგნი მათ შეეხო და ეს მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

  • ამ სამი წლის განმავლობაში, ალბათ, ბევრი შეფასება მოისმინეთ. რა იყო ყველაზე საინტერესო შეფასება თქვენთვის და ასევე, ყველაზე უსამართლო?

როგორც ვთქვი, ყველა მკითხველს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, შესაბამისად, თითოეული შეფასება საინტერესოა ჩემთვის. შეიძლება ეს მე არ მომეწონოს, მეწყინოს, მეტკინოს, მაგრამ მთავარი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა.

  • „შაშვი შაშვი მაყვლის“ პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა კანის კინოფესტივალზე. როგორ აფასებთ წიგნის ეკრანიზაციას? ის ელემენტები, რომლებიც წიგნში ასე მკვეთრად იგრძნობა, შენარჩუნდა თუ არა ფილმშიც?

ვიცოდი, რომ ელენე კარგ ფილმს გადაიღებდა, მას აქვს თავისი რიტმი და ჰყავს თავისი ეთერო. ის სინაზე, რაც წიგნში მკრთალადაა წარმოდგენილი, მან წინა პლანზე წამოწია და ეს ფილმს ძალიან მოუხდა. დანარჩენს კი მაყურებელი უკვე სექტემბრიდან იხილავს.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ – კადრი ელენე ნავერიანის ფილმიდან. მთავარ როლში: ეკა ჩავლეიშვილი
  • თქვენ თუ იყავით ჩართული ფილმის გადაღებისას ან მსახიობების შერჩევისას?

არა, არ ვყოფილვარ ჩართული ფილმის არც ერთ ეტაპზე. ეს არის რეჟისორის საქმე. სცენარიც ელენესა და ნიკუშა მდივანს ეკუთვნით. ჩაურევლობის გადაწყვეტილება მე მივიღე და ვფიქრობ, ასე ბევრად უკეთესიც იყო.

  • „შაშვი შაშვი მაყვალი“ თავისი პერსონაჟებით, „რას იტყვის ხალხის“ შიშით აღწერს ქართულ რეალობას. როგორ ფიქრობთ, რამდენად გასაგები იქნებოდა ის ევროპელი მაყურებლისთვის?

ელენემ მოახერხა, რომ ევროპელ მაყურებელს სწორად აღექვა ფილმი, რაც კანის ფესტივალზეც კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება წიგნს, შემოდგომის ბოლოს უკვე გვეცოდინება, რამდენად მისაღები იქნება ის ევროპელი მკითხველისთვის. მე მაინც ბუნებრივად მივიღებ ყველა ემოციას თუ შეფასებას, რადგანაც მიზანმიმართულად ევროპელი მკითხველისთვის არ ვწერ.

  • ამჟამად რაზე მუშაობთ, თუ საიდუმლო არ არის?

კი, საიდუმლოა და სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი.

________________

ინტერვიუ ჩაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ციფრული მედია და ინოვაციები“ – ფარგლებში მომზადებული ჟურნალისთვის – „მედიალაბორატორია”.

თურნავას ხილული ქონება – რას ემუქრება საფრთხე დასანქცირების შემთხვევაში

ბოლო სამ დღეში ეროვნულმა ბანკმა 57 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, ცდილობს ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გამოწვეული არასტაბილური გარემო ეროვნული ვალუტის ირგვლივ როგორმე შეცვალოს, პროცესი შეანელოს და ლარის კურსის რყევა შეაჩეროს.

თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა.

ლარის რყევა განაპირობა ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა – ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი, სადაც მან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა.

ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია და ფულს ძირითადად დოლარსა და ევროში ინახავს. 2023 წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას ანგარიშზე აქვს 130 999 დოლარი, როგორც თავად წერს, ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. მის მეუღლეს, დავით ვეშაპიძეს კი 2023 წლის აპრილში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 42 495 დოლარი და 229 59 ევრო.

ორივეს ერთად კი ლარის ანგარიშებზე დაახლოებით 84 ათასი ლარი აქვთ, დანაზოგის სახით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავამ და მისმა მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ შემოსავალი უძრავ ქონებაში დააბანდეს.

ყველაზე ძვირადღირებული, რაც ამ ეტაპზე ნათია თურნავას ქონებრივ დეკლარაციაში იძებნება, ეს არის ახალაშენებული სახლი თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ჯაფარიძის პირველ შესახვევში. ეს ადგილი მცირე ზომის შენობებითა და სარდაფით, ორი დამხმარე ნაგებობით [ჯამში 561.8 კვ.მ] ნათია თურნავას მეუღლეს, დავით ვეშაპიძეს 2015 წელს შეუსყიდია – დეკლარაციაში წერია, რომ 100 000 დოლარად.

დეკლარაციების მიხედვით, 2018 წელს ამ მისამართზე დავით ვეშაპიძემ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო და შავი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა. 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში მშენებლობაზე 239 746 ლარი დახარჯა. იდენტური თანხაა მითითებული 2020-2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებშიც, როგორც მშენებლობის ხარჯი. დამატებითი ინფორმაციის სახით დეკლარაციებში ასევე მითითებულია, რომ შენობა არის შავი კარკასის მდგომარეობით. ეს, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მშენებლობა შეაჩერეს.

ნათელა თურნავას მშენებარე სახლის – რენდერი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ეს ერთადერთი სახლი არ არის, რომელსაც ნათია თურნავა იშენებს.

2016 წელს ნათია თურნავასთვის უჩუქებიათ 1615 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ არაშენდაში. დეკლარაციაში მითითებული არ არის ვისგან მიიღო ეს ქონება საჩუქრად. 2023 წლის აპრილში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ამ მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრის მიზნით გალავნის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეს.

თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ ასევე, რომ სამომავლოდ ამ მიწის ნაკვეთზე 4 სააგარაკე სახლის მშენებლობას გეგმავენ. პირს, რომელმაც მერიას მიმართა, უპასუხეს, რომ მესაკუთრის მინდობილობა უნდა წარადგინოს.

თურნავას დეკლარაციების მიხედვით, დავით ვეშაპიძე ფლობს ჯამში 4314 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და შენობებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში. თურნავას ინფორმაციით, ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია.

2011 წელს დავით ვეშაპიძეს, ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ორი მიწის ნაკვეთი ჯამში 28 ჰექტარი [282 957კვ. მეტრი] მიწის ნაკვეთი შეუძენია. თურნავას ინფორმაციით, აქედან 249 951 კვ.მეტრში ვეშაპიძეს 25 000 დოლარი გადაუხდია. დარჩენილ 33 006 კვ,მეტრ მიწის ნაკვეთშიც – ასევე 25 000 დოლარი.

ნათია თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [130,79 კვ.მეტრი], რომელიც მან ასევე საჩუქრად მიიღო. არც ამ შემთხვევაში უწერია, ვისგან მიიღო ეს ქონება საჩუქრად. ასევე ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე [137,21 კვ/მეტრი] მას 2010 წელს 60 000 დოლარად შეუძენია [სავარაუდოდ მან ეს ბინა გაყიდა და სწორედ ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი აქვს მითითებული დეკლარაციაში].

2008 წელს დავით ვეშაპიძისთვის უჩუქებიათ ბინა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე [63,3 კვ/მეტრი]. ქონებრივ დეკლარაციაში არც ამ შემთხვევაშია მითითებული, ვინ აჩუქა ნათია თურნავას მეუღლეს ბინა. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა 2008 წელს თამარ ვეშაპიძეს ეკუთვნოდა.

ნათია თურნავა ფლობს ასევე ორ ბინას ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, კობალაძის ქუჩაზე [შეძენილია 2013- 2017 წლებში, ჯამში – 73, 75 კვ.მ.]

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე რამდენიმე კომპანიის დირექტორად, ყოფილ დირექტორად, მეწილედ ან ყოფილ მეწილედ ფიქსირდება.

ირაკლი ვეშაპიძემ საჯარო რეესტრს ბოლოს 2022 წლის ნოემბერში მიმართა. მან რეესტრში ასახა ინფორმაცია ოზურგეთის ჩაის საწონ ფაბრიკასა და შპს „ასკანგელ ალიანსს“ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შესახებ. 2021-2022 წლებში ირაკლი ვეშაპიძე ამ კომპანიის დირექტორად ფიქსირდებოდა.

„ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხის მომპოვებელი და მწარმოებელი კომპანიაა.

2016 წელს,„ ასკანგელ ალიანსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე 30 294 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადასცეს. კომპანიამ მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს აშენებისა და 175 896 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შპს „ასკანგელ ალიანსი“ იმ კომპანიებს შორის იყო, რომლებსაც პანდემიისას დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა არ ეზღუდებოდა.

კომპანიის მფლობელები არიან თენგიზ შარაშიძე [10%], კვიპროსში დაფუძნებული კომპანია SERTORA LIMITED, [60%], გოჩა ჩხაიძე [ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/20%], გიორგი ჩხეიძე [აშშ-ის მოქალაქე, 2.5%] ნინო ჩხეიძე [2.5%] ნანული ჩხეიძე [5%].

2016-2017 წლებში „ასკანგელ ალიანსმა“ აუქციონის გზით შეისყიდა 11,478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, ბესიკის ქუჩაზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ასევე, სოფელ მთისპირში არსებული 2045 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,200 ლარად. ასევე, 18 000 ლარად იყიდა ჩოხატაურის ქუჩის მიმდებარედ 155.9 მეტრი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.

შემდეგ წლებში კომპანიამ აქ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები ისევ დაირეგისტრირა.

იგივე წლებში ირაკლი ვეშაპიძე „ალიანს ასკანგელთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანიას, შპს „ასკანგელ ბენტონიტის“ ხელმძღვანელობდა.

2022 წლის აპრილში ირაკლი ვეშაპიძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

2019 წლის მარტიდან ირაკლი ვეშაპიძე ხელმძღვანელობდა შპს „ქართლიენერჯისაც“. ეს კომპანია საქართველოში 2018 წლის ივლისში შპს „ბიგ სერვისმა“ დააფუძნა. ამ კომპანიას რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქე დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობენ.

ასევე, 2017 წელს ირაკლი ვეშაპიძეს შპს „არ დი ეიჩ ჯორჯია“ დაუფუძნებია, ის კომპანიის 25 პროცენტს ფლობდა. დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი ჩეხეთში დაფუძნებული კომპანია იყო. 2019 წელს მას თავისი წილები სიმბოლურ ფასად, 100 ლარად გაუსხვისებია.

ირაკლი ვეშაპიძე ფლობს ასვე შპს „კავკასუს მენეჯმენტ გრუპის“ 70 პროცენტს, დარჩენილი 30 პროცენტის მფლობელი ზურაბ სამსონაძეა. ეს კომპანიაც 2017 წელს არის დაფუძნებული. 2018 წლის შემდეგ რეესტრში ამ კომპანიის ახალი ამონაწერი არ ფიქსირდება.

ირაკლი ვეშაპიძე ფლობს ასვე შპს „ჯი-აი იმპორტს“ -ის 50 პროცენტს, დარჩენილი 50 პროცენტი კი გიორგი მეტონიძეს ეკუთვნის.

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლების რეფორმა დააანონსა და გამოაქვეყნა იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკავშირდება.

განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს არ განუმარტავს, როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, თუმცა კერძო სკოლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მეტ-ნაკლებად მოსწონთ დაანონსებული ცვლილებები.

მაგალითად, კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ცოტათი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება, თუმცა მთლიანობაში, სკოლებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

„ამ წუთში, სიმართლე გითხრათ, ეს იმდენად ბუნდოვანი დოკუმენტია, რომ ჯერ კიდევ ჩვენც არ ვართ კარგად გარკვეული. უბრალოდ ის არის, რომ მეტი დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება მიენიჭა სკოლებს“, – გვითხრა მან.

რა ნაწილში იგრძნობს სკოლა ამ თავისუფლებას? – ვკითხეთ მას.

იზოლდა ტაკიძის თქმით, თავის დროზე განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ კერძო სკოლებსაც სერტიფიცირებული პედაგოგები აყვანა და სტატუსის დანამატიც სკოლას საკუთარი ბიუჯეტიდან გადაეხადა. ეს კერძო სკოლებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო.

„ეს დანამატი ყოველწლიურად იზრდება, კერძო სკოლებს კი არ აქვთ იმხელა შემოსავლები, რომ ყოველწლიურად გაზარდონ დანამატი. შესაბამისად, ეს ტვირთია ჩვენთვის, რადგან ფიზიკურად არ გვაქვს ამ დანამატის გადახდის საშუალება.

თუ სწავლის საფასურს გაზრდი, ეს იწვევს მოსწავლეების კონტინგენტის შემცირებას, რადგან ბაზარი ამას ვერ იტანს, ამიტომ კარგია, რომ ამ ნაწილში გვექნება კადრების თავისუფლად აყვანის შესაძლებლობა და იმის, რომ ჩვენი შეხედულებისამებრ გადავუხადოთ.

მეორე არის ის, რომ მოგვეცა სასწავლო პროცესში თავისუფლება –  სასწავლო გეგმის შეცვლა შეგვიძლია. შეგვიძლია ის საგნები დავამატოთ, რომლებიც ჩვენ გვინდა.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შეფასების კომპონენტში სკოლას მოგვეცემა მეტი თავისუფლება“, – ამბობს იზოლდა ტაკიძე.

მისი აზრით, მთავარია სკოლა გავიდეს მიზანზე, შედეგზე და შემაჯამებელი შეფასება გაკეთდეს არა სემესტრულად, არამედ წლიურად.

დაგეგმილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორს, მარინე ცივაძეს.

მისი თქმით, სქემაში პედაგოგების ჩართვას მაინცადამაინც არც აქამდე ავალდებულებდა სამინისტრო კერძო სკოლებს და „ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა“. თუმცა მთლიანობაში, ცვლილებები კერძო სკოლების ავტონომიურობას გაზრდის.

„რაღაცებში ჩვენ თვითონ ავიღებთ პასუხისმგებლობას. დოკუმენტში წერია, რომ არ გვეკისრება დამრიგებლის ყოლის ვალდებულება, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვებთ დამრიგებლებს, რადგან დამრიგებელი საჭიროა – ვფიქრობ, ამის გარეშე არ შეიძლება.

სახელმძღვანელოების არჩევანში რომ თავისუფლება გვექნება, ესეც კარგია. თუმცა ჩვენ ისედაც  გვქონდა ამ მხრივ თავისუფლება, რადგან გერმანული გაძლიერებულად ისწავლება ჩვენს სკოლაში და როგორც გერმანული, ასევე  ინგლისური ენის სახელმძღვანელოც აკრედიტებული გვაქვს – შეთანხმებული გვქონდა სამინისტროსთან“.

მოსალოდნელ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

„კარგია ის, რომ, მაგალითად, ექსტერნატის გამოცდები იმ ენაზე ჩაინიშნება, რომელ ენაზეც მიმდინარეობს სწავლება სკოლაში.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოელი მოსწავლეები ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლესში და ასევე კარგია, რომ უცხოელი პედაგოგები მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით, რადგან ჩვენც გვყავს უცხოელი პედაგოგები და ეს კომპონენტიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – გვეუბნება ნანა ჩარექიშვილი.

რაც შეეხება კარიერულ სქემას, მისი თქმით, ის, რომ სქემაში ჩართვის ვალდებულება მოუხსნეს კერძო სკოლის მასწავლებლებს, შესაძლოა ისინი ბიუროკრატიულ ვალდებულებებს ჩამოშორდნენ, მაგრამ მაინც გააგრძელებენ პროფესიულ ზრდას.

„მე მაინც სტანდარტისა და კანონმდებლობის მიხედვით ამყავდა პედაგოგები აქამდე და ჯერჯერობით ამ ახალ პოლიტიკაზე არ გვიფიქრია. ახალი ინფორმაციაა“, – გვეუბნება ნანა ჩარექიშვილი.

რამდენი პროცენტით გაიზარდა სწავლის ღირებულება 2023 წელს კერძო სკოლებში და გაიხსნა თუ არა რუსული სექტორები და რატომ?

„ბათუმელები“ ამ საკითხზეც ესაუბრა კერძო სკოლებს.

ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ წლის განმავლობაში სწავლის საფასური 7 ათასი ლარია, სკოლა „ევრო 2000“-ში კი – 5 ათასი ლარი. როგორც დირექტორი ამბობს, უმნიშვნელოდ გაიზარდა სწავლის ფასი სკოლა „ნიკეშიც“.

„მინიმალურად გავზარდეთ ფასი და წლიური გადასახადი 7 ათას ლარამდეა დაწყებით საფეხურზე, სადაც შედის, რა თქმა უნდა, ყველა სახის მომსახურება.

რაც შეეხება ენებს, ორი პროგრამა გვაქვს – ქართული და ინგლისურენოვანი.

რუსული სექტორი არ გვაქვს და არც ვაპირებთ გახსნას. ჩვენთან სწავლობენ რუსეთის მოქალაქეები, 70 ბავშვი მივიღეთ, ოღონდ ინგლისურენოვან პროგრამაზე. გვყავს რამდენიმე უკრაინელი მოსწავლეც“, – ამბობს ნანა ჩარექიშვილი.

„ევრო 2000“-ში, როგორც დირექტორი ამბობს, რუსულ სექტორზე 300-მდე ბავშვი სწავლობს, თუმცა დირექტორი არ აზუსტებს ეს ნაკადი, ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიიღო, თუ მანამდეც სწავლობდნენ.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა რუსული სექტორი, დაარსების დღიდან და ომის შემდეგ არ გაგვიხსნია.

თუმცა ბევრმა მოგვმართა, ვისაც სურს რუსულ სექტორზე სწავლა. გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ სექტორზეც ჩაირიცხნენ. 300-მდე მოსწავლე გვყავს ამჟამად რუსულ სექტორზე, მთლიანობაში წელს 150-მდე ახალი მოსწავლე დაგვემატა“, – ამბობს მარინე ცივაძე.

მისი თქმით, სკოლაში ერთი წლის სწავლის ღირებულება 5 ათასი ლარია. ამ დროისთვის სკოლაში 1200 მოსწავლე სწავლობს, თუმცა აკრედიტაცია სკოლას 1500 მოსწავლეზე აქვს მიღებული.

რაც შეეხება სკოლა „ნიკეს“, როგორც იზოლდა ტაკიძე ამბობს, რუსული სექტორი სკოლაში არ აქვთ და არც გახსნას აპირებენ.

მისი თქმით, უცხოენოვანი სექტორის გახსნას სპეციფიკური სირთულეები ახლავს, რაც მათთვის ზედმეტი თავისტკივილია.

„უცხოენოვანი ბავშვების შემთხვევაში, ზოგი 5 თვით მოდის სასწავლებლად, ზოგი – ერთი წლით, ზოგი – 3 თვით, ძალიან მოძრავია ეს ნაკადი, ამიტომ არ გვაქვს სურვილი ახალი სექტორის გახსნის. თუმცა ბევრმა სკოლამ სწორედ უცხოელების ხარჯზე გაზარდა კონტინგენტი.

ჩვენ მხოლოდ ორი უკრაინელი ბავშვი მივიღეთ და ორივეს ქართული განათლების მიღება სურს“, – ამბობს იზოლდა ტაკიძე.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, თანხა მინიმალურად – 20-30 ლარით იზრდება ყოველწლიურად, „ბაზრის შესაბამისად“, – გვითხრა მან.

__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

კორპუსები ბათუმში, სადაც ძველ ლიფტებს ახლით შეცვლიან

ბათუმში სხვადასხვა მისამართზე 59 ძველი ლიფტის დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟია დაგეგმილი.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო „საცხოვრებელი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით“, ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

„შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და მოთხოვნები მოცემულია დანართში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და არაუგვიანეს 2023 წლის 26 სექტემბრის 18:00 სთ-მდე გვაცნობოთ, რომ აკმაყოფილებთ დანართებში არსებულ შესაბამის მოთხოვნებს“, – წერს მერიის სამმართველო პოტენციური მიმწოდებლების მისამართით.

ლიფტების შეცვლა 2023-2024 წლების სახსრებით დაფინანსდება.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, სამმართველო ცხრასართულიანი კორპუსის ერთი სამგზავრო ლიფტის შეცვლაში მაქსიმუმ 69 700 ლარის, ხოლო სატვირთო ლიფტის შეცვლაში, მაქსიმუმ, 96 301 ლარის გადახდას გეგმავს.

მისამართები ბათუმში, სადაც არსებული ლიფტები ახლით უნდა შეცვალონ:

ა. პუშკინის 35დ – 1-ელი სადარბაზო
ა. პუშკინის 35დ – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – მე-2 სადარბაზო
ახმეტელის 5 – სატვირთო
გ. ტაბიძის 33 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 33 – მე-2 სადარბაზო
კობალაძის 6 – 1-ელი სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 78-88 – მე-5 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 8 – მე-2 სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – მე-2 სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – 1-ელი სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-3 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 28 – სამგზავრო
ა. გრიბოედოვის 28. სატვირთო
ა. პუშკინის 35 – (ა კორპუსის 2 ლიფტი)
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – მე-2 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-3 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-4 სადარბაზო
ვ. გორგასლის 159 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 20 – მე-2 სადარბაზო
ლ. გუდიაშვილის 18 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-3 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – მე-2 სადარბაზო
ტბეთის შეს. 3 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36- მე-3 სადარბაზო
ვ. გორგასალის 152 – მე-2 სადარბაზო
ი. ჯავახიშვილის 78ა – 1-ელი სადარბაზო
ი.ჯავახიშვილის 78ა – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ა – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 2 – სამგზავრო
შ. ინასარიძის 2 – სატვირთო
გ. ტაბიძის 19ა – 1-ელი სადარბაზო
გ.ტაბიძის 19ა – მე-2 სადარბაზო
ზ .გორგილაძის 54 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – მე-2 სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 39-47 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ბ – მე-2 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 24 – სატვირთო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – 1-ელი სადარბაზო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – მე-2 სადარბაზო

მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს ლიფტების შეცვლაზე ერთი ტენდერი 2023 წელს გამოცხადებული აქვს. ამ შემთხვევაში 56 ძველი ლიფტის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 989 195 ლარი იყო გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბათუმი სიტი XXI“-სთან სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 9 ივნისს გააფორმა 4 938 603 ლარზე.

ტენდერში კიდევ 2 კომპანია მონაწილეობდა, რომელთა შეთავაზებული თანხა ნაკლები იყო, ვიდრე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ფასი, თუმცა „დაბალფასიან“ კომპანიებს [შპს „ტექ სერვისი +“ – 4,6 მილიონი ლარი და შპს „რეალ სერვისი“ – 4,5 მილიონი ლარი] სამმართველოს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ბათუმი სიტი XXI“-ს მერიის სამმართველომ 2023 წლის 29 ივნისს 417 900 ლარი ავანსად გადაურიცხა.

„ბათუმი სიტი XXI“-მ 56 ლიფტი ახლით 2024 წლის აგვისტომდე უნდა შეცვალოს.

აღნიშნული 56 ლიფტის მისამართები ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში პოლიციის უფროსმა ქალს ტელეფონი წაართვა და აღარ უბრუნებს – ვიდეო

„აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ ბათუმის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლას ვაპროტესტებდით, წამართვა მობილური ტელეფონი. ტელეფონში მესაკუთრეს 2500 ლარი აქვს გადახდილი.

ორი თვეა, მობილურს პოლიცია არ მიბრუნებს,“ – ამბობს მოქალაქე ლია მგელაძე. ის ბათუმში 31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა და ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, როცა მობილური ტელეფონი გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა წაართვა.

ნახეთ, ვის წაართვა აჭარის პოლიციის უფროსმა მობილური – ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ

მოქალაქეს რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია, სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე, ძალით ართმევს მობილურ ტელეფონს და სხვა პოლიციელებს აძლევს, ჩანს „ალტერნატივას“ ფეისბუქლაივში.

რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში, აქციაზე პოლიციელებმა სულ 23 პირი დააკავეს, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ძირითადად 2000-2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა ამჯერად მოსამართლე სალიხ შაინიძის სამუშაო მაგიდაზე კიდევ ერთი საქმე გაჩნდა – „ლია მგელაძის საქმე“.

ლია მგელაძე პოლიციელებს აქციაზე არ დაუკავებიათ, მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი 31 ივლისის აქციიდან 25 დღეში შეადგინეს, მას შემდეგ, როცა ლია მგელაძე ხან აჭარის პოლიციის სამმართველოს მიადგა და ხან გენინსპექციას მობილური ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით. საბოლოოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის შემდეგ, მოქალაქეს უთხრეს, რომ მისი მობილური ტელეფონი ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში ინახება.

„აქციაზე პოლიციელები ჩემს დაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ მომეხვია ხალხი, ვეღარ დამაკავეს, მე მქონდა ლაივი და ვითხოვდი, არ შეეშალათ პოლიციელებს ხელი. პოლიციელებმა თქვეს, რომ თითქოს მათ ძაღლებს და ღორებს ვეძახდი, ასევე აჩვენეს ვიდეო, სადაც ხელს ვიქნევ, გვირტყამდაო. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც არავის ვურტყამდი, ხელს ვიქნევ იმიტომ, რომ ვიდეოს ვიღებდი, ხელი არ მახლოთ-მეთქი, ეს ჩემს ლაივშიც ისმის, ვიდრე გაითიშებოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლია მგელაძე.

„ხელი არ მახლო, ხელი არ მახლო“, – ისმის ლია მგელაძის ხმა მისივე ფეისბუქლაივში. ქალი გრიგოლ ბესელიას მიმართავს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და რკინის ჯებირს მიღმა – საავტომობილო გზაზე გადასვლას ითხოვს.

„ხელი არ მახლო კი არა, გახლებ ხელსაც, კაცო,“ – მიმართავს მოქალაქეს გრიგოლ ბესელია.

„ალტერნატივას“ აქტივისტის, ხათუნა ბერიძის ვიდეოჩანაწერის მიხედვით კი, პოლიციელები ძალის გამოყენებით ატოვებინებენ ლია მგელაძეს აქციის მონაწილეების თავდაპირველი შეკრების ადგილს, მას გრიგოლ ბესელია ხელიდან მობილურს ძალით ართმევს და იქვე სხვა პოლიციელებს აძლევს.

31 ივლისის აქციაზე რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული გემისთვის უსაფრთხოდ დახვედრის არგუმენტით, შსს-მ რკინის ღობე საავტომობილო გზას და ტროტუარს შორის მოაწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ნავმისადგომთან შეიკრიბნენ, მალევე პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ პორტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. აქცია გოგებაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გაგრძელდა, რომელიც პოლიციელებმა ავტომანქანებისთვის ჩაკეტეს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ შემთხვევის შესახებ გამომკითხეს, თუმცა გამოძიება არ დაიწყო. მქონდა ჩალურჯებებიც ამ შეხლა-შემოხლის შედეგად მიღებული, მაგრამ არც ეს დაზიანებები შეუსწავლია ვინმეს. ჩემი მობილური ტელეფონი პოლიციის განყოფილებაშია, როგორც ამას პოლიციელები ამბობენ, მაგრამ ვერ მიხსნიან, რატომ და რა უფლებით წამართვეს, ან ახლა რატომ არ მიბრუნებენ.

მე ვიღებდი გენრი დოლიძის დაკავებას ამ დროს, როცა მომვარდნენ და ტელეფონი წამართვეს.

მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, რომ უმკაცრესად უნდა დავისაჯო და ამას მსუსხავი ეფექტი უნდა ჰქონდეს, ანუ უნდა დამაჯარიმონ, ან დამაპატიმრონ…. აქციიდან მეხუთე თუ მეექვსე დღეს მივმართე პოლიციას, დაებრუნებინათ ჩემი მობილური, მანამდე ველოდებოდი, რომ დამიბრუნებდნენ,“ – ამბობს ლია მგელაძე.

„შინაარსობრივად მობილურის წართმევა იგივეა, რაც ძარცვა. ეს სრული უკანონობაა. გასაგებია, რომ პოლიციას შესაძლოა არ ჰქონდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი, მაგრამ სავარაუდოდ მას ჰქონდა სხვა მიზანი,“ – ლია მგელაძის ადვოკატი უშანგი მიქელაძე ყურადღებას ამახვილებს კანონზე, რომლის მიხედვითაც მობილური ტელეფონის ამოღებას და ჩამორთმევას შესაბამისი პროცედურის დაცვა სჭირდება, რაც არ მომხდარა.

„პოლიცია განმარტავს, რომ გვინდოდა ამ მოქალაქის დაკავება, მაგრამ ბევრი მოქალაქე იყო და ვერ დავაკავეთ, შემდეგ კი, მისი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ, რომ ოქმი შეგვედგინაო. ეს ააშკარავებს ტყუილს, რადგან მანამდე ლია მგელაძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსაც მიმართა და მობილური ტელეფონის დაბრუნება ითხოვა. სასამართლო სხდომაზე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა, თორნიკე ვანაძემ დაადასტურა, რომ ტელეფონი განყოფილებაშია, მაგრამ ის ვერ განმარტავს, რატომაა ტელეფონი განყოფილებაში,“ – გვიყვება იურისტი უშანგი მიქელაძე.

რას ნიშნავს, როცა აქციის მონაწილეს პოლიციის უფროსი სამართლებრივი პროცედურის გარეშე მობილურ ტელეფონს ართმევს? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 22 სექტემბერს, ამ თემაზე ვერაფერი გვითხრეს.

რაც შეეხება სამართალდარღვევის ოქმს, ირკვევა, რომ ლია მგელაძეს 31 ივლისის აქციაზე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„შსს-ს არგუმენტია ის, რომ კანონიერ მოთხოვნას არ ასრულებდა მოქალაქე, მაგრამ მოთხოვნის შემდეგ მოქალაქეს უნდა მისცე გონივრული ვადა, რომ მან ეს მოთხოვნა შეასრულოს,“ – გვიყვება ადვოკატი უშანგი მიქელაძე და განაგრძობს იმ არგუმენტების ჩამოთვლას, რის გამოც, მისი შეფასებით, მოსამართლემ საქმისწარმოება უნდა შეწყვიტოს:

„აქციის დაშლაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და შემდეგ უნდა მიმართონ აქციის ორგანიზატორს, მისცენ მას ასევე კანონით განსაზღვრული 15 წუთი, რომ აქცია დაიშალოს. შსს პროცესზე მიუთითებდა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის სხვა მუხლზე, რომლის მიხედვით პორტთან აქციის გამართვა აკრძალულია, მაგრამ პორტი იქ არ არის, მოშორებითაა.

შესაბამისად, კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევაა საჭირო იმისთვის, რომ აქციის დაშლა ლეგიტიმური იყოს. ეს პირობები კი,  აქციაზე არ იყო. შსს-მ არც სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი – ზაურ კეკელიძე წარმოადგინა, ვის ჩვენებასაც უშუალოდ მოისმენდა მოსამართლე,“ – ამბობს უშანგი მიქელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან  სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ამ უწყების პრესცენტრში განმარტავენ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და გამოძიება გრძელდება „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.“

რაც შეეხება ლია მგელაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „მოწმის სახით გამოიკითხა მოქალაქე ლიანა მგელაძე, რა დროსაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ბათუმი ფესტივალი წარმატებით დასრულდა

ორთვენახევრის განმავლობაში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს ყოველდღიურ რეჟიმში ბათუმი ფესტივალი ზღვა ემოციას ჩუქნიდა. ფესტივალი ამ მასშტაბებით და ხანგრძლივობით პირველი იყო საქართველოში.

ბათუმი ფესტივალი 6 ზონაში (ღია კინოთეატრი, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, საკვები ზონა, გასართობი ზონა, ბარების ზონა) 200–მდე ადგილობრივი და აზიელი ვენდორი იყო წარმოდგენილი, ვენდორები თავიდანვე თავიანთი კონცეფციის მიხედვით აირჩა. მიზანი ფესტივალის ორგანიზატორებისთვის და ვენდორებისთვის ერთი იყო, რაც შეიძლება განსხვავებული და ფერადი დღეები შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის, რაც ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა.

1

სეზონის განმავლობაში 50–მდე არტისტმა იზრუნა ბათუმი ფესტივალზე მოსული სტუმრების განწყობაზე, ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე იყვნენ ისეთი არტისტებიც, რომელებსაც პირველად მიეცათ საშუალება, ამ მასშტაბის აუდიტორიასთან წარსდგენილიყვნენ, რაც ჩვენთვის ორმაგად საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში 400 ამდე საქართველოს და უკრაინის მოქალაქე იყო დასაქმებული, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდებისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო და ვფიქრობთ, რომ მცირე ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით, ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, რაც მათი კარიერის პირველი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანი საფეხური იქნება.

ფესტივალის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ:

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 3x3GeoTour2023 საქართველოს 3×3 კალათბურთში აჭარის შესარჩევ ეტაპს. საქართველოს კულტურის ცენტრათან ერთად 3 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინო და ყურძნის ნაწარმი იყო წარმოდგენილი, რამაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ჩვენი ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში საზეიმო ვითარებაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

2

აგვისტოს თვეში ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
ეთამაშე ბათუმის დინამოს – ფესტივალზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა ნამდვილი სპორტული დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს, გამარჯვებულებს კი ლისინ ივენთმა სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

ფესტივალის ფარგლებში, ლისინ ივენთის გენერალური სპონსორობით ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო 2 ჩემპიონატს ,,ოქროს ბურთი“ და „კორტის მეფე“-ს ვუმასპინძლეთ, სადაც გამარჯვებულებს სხვადასხვა საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ვუმასპინძლეთ USAID კამპანია “ახლა“ რომელიც კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ორგანიზებით დაიწყო და ის წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით.

მოხარულები ვართ, რომ მთელი ფესტივალის განმავლობაში ვმასპინძლობდით აჭარაში მცხოვრებ მეწარმე ქალებს, რომელსაც წარმოდგენილი ქონდათ ხელნაკეთი ნაწარმი. მათ კოორდინირებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმარღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო უწევს.

3

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ფესტივალი საწყისი გახდა სტარტაპებისთვის შექმნისთვის. 10 –მდე კვების ობიექტისთვის ინსპირაცია სწორედ ბათუმი ფესტივალი გახდა და სწორედ ჩვენთვის შექმნეს მათ ახალი კერძები, დესერტები, მოკლე დროში მოიფიქრეს ბრენდის სახელებიც და წარმატებით დაიმკვიდრეს მარკეტზე თავი, იმედი გვაქვს, რომ ისინი ასევე წარმატებით გააგრძლებენ მუშაობას და შემდგომ ფესტივალებზე უკვე წარმატებული ბრენდების სახელით შემოგვიერთდებიან. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვების ობიექტი ფრანჩაიზით გაიყიდა და ვფიქრობთ, სწორედ ეს პატარ-პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიები, რომლებიც ფესტივალის განამვლობაში იწერებოდა, გვაძლევს საშუალებას რომ ვთქვათ, რომ ჩვენი ფესტივალი შედგა .

სამომავლო გეგმები

ბათუმი ფესტივალი არ არის ერთჯერადი და იგი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, 2024 წელს ბათუმი ფესტივალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს მოუმზადებს. ბათუმის გარდა, ლისინ ივენთი მსგავსი ტიპის ფესტივალის ჩატარებას ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში გეგმავს, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში.

მორიგ მასშტაბურ ფესტივალამდე კი ლისინ ივენთი აგრძელებს ფუნქციონირებას როგორც ივენთ კომპანია და წლის მანძილზე სხვადასხვა სიურპრიზს გვპირდება.

23 სექტემბერს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ა(ა)იპ დათო ევგენიძის ფონდი თბილი სი წარმოგიდგენთ მუსიკალურ ფესტივალს „ჰიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც თქვენ წინაშე წარდგებიან დათო ევგენიძის ბენდი, თორნიკე ყიფიანი, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, ირაკლი კაპანაძე.

4

პროექტის მხარდამჭერები არიან: კომპანია ლისინ ივენთი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი.

ლისინ ივენთი მომხარებლებს სხვადასხვა მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს: ივენთების, კონფერენციების და ფესტივალების დაგეგმვა და მენეჯმენტი, ბრენდინგი, დიზაინი და დეკორაცია, ინვენტარის გაქირავება, მარკეტინგული კომუნიკაციები და სპონსორების და პარტნიორების მოძიება. კომპანიას ბათუმი ფესტივალიდან არაერთი ინვენტარი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, კლიენტებს სრული სერვისი შესთავაზოს.

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა

დღეს, 22 სექტემბერს, დილით, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა.

მედიის ცნობით, შტაბ-ბინის მიმართულებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მიდიან.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხეილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ მოსალოდნელია კიდევ ერთი შეტევა და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წავიდნენ ქალაქის ცენტრში.

მისი თქმით, ადგილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრეები, რომლებიც ხანძარს აქრობენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სევასტოპოლზე თავდასხმის მოგერიებისას ხუთი რაკეტა ჩამოაგდო და ფრთოსანი რაკეტით შეტევის შედეგად დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის ისტორიული შენობა, დაიღუპა ერთი სამხედრო.

უკრაინულ მხარეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ 20 სექტემბერს, დილით, სევასტოპოლის მახლობლად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

 

უკრაინამ რუსეთს დაარტყა განსაკუთრებით „სენსიტიურ“ ადგილას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 22 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ გადაიტანეს უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები ფრონტის ხაზებზე.

ამავე პერიოდში გავრცელდა ცნობები ოკუპირებულ ყირიმში, კრასნოდარის ოლქში და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებზე საჰაერო ბაზებისა და სამეთაურო პუნქტებზე აფეთქებების შესახებ.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ სამიზნე გახდა. თუმცა აფეთქებები მოსკოვის მახლობლად, ჩკალოვსკის საჰაერო ბაზაზე, სავარაუდოდ, ყველაზე შემაშფოთებელია რუსეთისთვის.

„ეს სენსიტიური ადგილია, რადგან აქ განლაგებულია სპეციალიზებული სამხედრო თვითმფრინავები და, ასევე, რუსეთის ლიდერების VIP ტრანსპორტი“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და იქვე დასძენს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები სპეციალური მისიის თვითმფრინავის [Ил-20] დაზიანების შესახებ, მისი სადაზვერვო შესაძლებლობების გამო. 

„რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ განახორციელა დისტანციური დარტყმები უკრაინაზე.

ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. რადგანაც სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით“ – წერს დაზვერვა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 24-25 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც.

ბოქლომის ესკიზი, რომლის მსგავსსაც შეიძენს „სანდასუფთავება“ და სეპარირების ურნა ბათუმში / 21.09.2023

150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს.

დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

„სეპარირების ურნაში პლასტმასის ნარჩენების გარდა სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ათავსებენ. ასევე ყუთიდან შიგ ჩაყრილ პლასტმასის ნარჩენებს იღებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ურნებს ბოქლომი დავადოთ. ურნას აქვს სხვა ჩასაყრელიც, პატარა ზომის, რომელშიც 5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი თავისუფლად თავსდება. ასე ჩაკეტილი ურნიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღება და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაყრა, ცოტა ისეთი თემაა, ვიდრე ღია ურნიდან“, – გვითხრეს „სანდასუფთავებაში“.

სეპარირების ურნების ნაწილი ბათუმში ღიაა, ნაწილის [დიდი] თავსახური კი ჯაჭვითაა ჩაკეტილი.

ნაგვის ურნები ბათუმში/ფიროსმანის ქუჩა / 20.09.2023
ნარჩენების მოსათავსებელი პატარა ჭრილი სეპარირების ურნაზე / 20.09.2023

„სეპარირების გზით შეგროვებულ პლასტმასის ბოთლებს შპს „სანდასუფთავება“ ამუშავებს სპეციალური პრესდანადგარის საშუალებით, რის შემდეგაც მოხდება რეალიზაცია აუქციონის წესით. ამ ეტაპზე, რეალიზაციისთვის 10 ტონა პლასტმასის ბოთლია შეგროვებული და იგეგმება აუქციონის გამოცხადება“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

ნაგვის ურნები ბათუმში / 20.09.2023

როგორც სეპარირების, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ქალაქში ზოგ ადგილას ხშირად გადავსებულია, რის მიზეზადაც „სანდასუფთავებაში“ ძირითადად, არასწორი პარკირება და საცობები დაგვისახელეს.

„სანაგვე ურნების დროულად დაცლა ვერ ხერხდება არასწორი პარკირებისა და საცობების გამო. ნაგავმზიდ მანქანებს საცობში დგომა უწევთ, რაც აფერხებს მათ მუშაობას.

საგზაო მოძრაობის განტვირთვასა და სანდასუფთავების მანქანების გატარებას ხშირად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, რომელთა დახმარების გარეშე ვერ ხერხდება კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლა“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის

„აუტანელი სუნია და ხმაური, ვერ შეისუნთქავ, ფანჯარას ვერ გამოაღებ,“ – გვიყვება ნინო შავიშვილი, რომელიც მეზობლებთან ერთად ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს არსებობას აპროტესტებს.

ვარშანიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ ორსართულიანი სახლების დასახლებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი სახლის ნაცვლად კი, რკინის დიდი კონსტრუქცია გაჩნდა. 2023 წლის დასაწყისში ვარშანიძის #38-ის სამეზობლო ცემენტის დისტრიბუციას აპროტესტებდა. ცემენტის საბითუმო ვაჭრობა პროტესტის შემდეგ დაიხურა, რამდენიმე თვის წინ კი, ავტოსახელოსნო გაიხსნა.

„დაზიანებული მანქანები მოჰყავთ თავისთავად, შავ კვამლს რომ უშვებენ, შემდეგ ადუღებენ რაღაცას, ჭრიან, მათ შორის გარეთ, ზოგჯერ ღამის საათებშიც განაგრძობენ მუშაობას,“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე, რომელსაც საკუთარი სახლის აივანზე ვესაუბრებით. აივნიდან ხელის გულზეა ავტოსახელოსნო.

მეზობლები ხელმოწერებს ბათუმის მერიაში წარსადგენად აგროვებენ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გარემოს ზედამხედველობის სამსახურისთვის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო.
„აუტანელი სუნია და ხმაური“ - ავტოსახელოსნო ბათუმში, რომელიც დააჯარიმეს, თუმცა არაფერი იცვლება

„ასეთი ობიექტი, ცხადია, უნდა არსებობდეს, მაგრამ ქალაქგარეთ, სადაც ახლოს არავინ ცხოვრობს. თან ეს რკინის კონსტრუქცია თხელი ფირფიტაა, ყველა ხმა გამოდის გარეთ…“, – გვიხსნის მადონა ვარშანიძე.

ნინო შავიშვილი კი ჰყვება, როგორ იწამლება პერიოდულად სახელოსნოდან გამოსული მავნე აირის გამო, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.

„ვერც ბავშვებს ვეუბნები, აქ დარჩით-მეთქი“, – ისევ ავტოსახელოსნოს გაჰყურებს ქალი და შემდეგ იმასაც გვიყვება, როგორ გაექცნენ ტურისტები, რომლებმაც მისი სახლი ხანგრძლივად დაიქირავეს:

„წლებია ვაქირავებთ სახლებს ტურისტებზე, მათ შორის, ხანგრძლივი დროით. წელს კი, იმის მიუხედავად, რომ ფასი დავუკელი, არ გაჩერდნენ სტუმრები, ამ ხმაურსა და სუნში გაჩერება არ შეგვიძლიაო,“ – დასძინა ნინო შავიშვილმა.

„გვაწუხებს ხმაური და სუნი, თითქმის ყველა დღეა ხმაურია, ახლა რატომ არაა, არ ვიცი, ალბათ შენიშნეს ჟურნალისტები და გაჩერდნენ,“ – გვიყვება ავტოსახელოსნოს უკან მდებარე სახლში ქეთევან ბერძენიშვილი. სახელოსნოს მეზობლების თქმით, მათი საცხოვრებელი გარემოს იერიც დამახინჯდა, რადგან ავტოსახელოსნომ პატარა სახლების წინ სივრცეც ჩაკეტა.

ხედი ერთ-ერთი სახლის აივნიდან ვარშანიძის ქუჩაზე

„მივედი, დაველაპარაკეთ, მაგრამ ხელმძღვანელმა – „რადიალს“ მაინც ვერ მოვაშორებო და ესაა მთავარი… შემდეგ ეზოში ეს დიდი ტრაილერი გააჩერეს და ამის რემონტი დაიწყეს. გასაგებია, რომ ოჯახებს არჩენენ ისინიც, ბანკის ვალები გვაქვსო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ვუთხარი, დამისახელეთ, სადმე ასე, სახლებს შორის ამხელა სახელოსნო იყოს-მეთქი,“ – გვიყვება ნოდარ დევაძე. მისი სახლის ფანჯრებიც პირდაპირ ავტოსახელოსნოს ეზოში გადის.

ნოდარ დევაძეს სახლის უკან მწვანე ბაღი აქვს, თუმცა გვერდით ავტოსახელოსნო გაჩნდა. „ამ ეზოში დაჯდომა არც აღარავის უნდა,“ – გაღიმებას ცდილობს ნოდარი და ისე გვაცილებს ეზოდან.

ავტოსახელოსნოს მესაკუთრე ვარშანიძის 38-ში შპს „აჭარა მოტორს გიგია“. ეს კომპანია 2023 წლის 29 მარტს დაარეგისტრირეს.

„ბათუმელებს“ ავტოსახელოსნოში დახვდა მარად კახაძე, ის ამ კომპანიის მესაკუთრეა და დირექტორი, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა. მარად კახაძე დაგვპირდა, რომ კომპანიის იურისტი დაგველაპარაკებოდა, თუმცა იურისტმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ავტოსახელოსნოს მხრიდან სამართალდარღვევა დაგვიდასტურეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში. „შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“, – მოგვწერეს ამ უწყების პრესცენტრიდან.

„მიმდინარე წლის 15 აგვისტოს შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ავტოსახელოსნოს მიმართ შედგა, ნარჩენების მართვის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 42-ე მუხლით. დამატებითი შეტყობინება დეპარტამენტში არ შემოსულა,“ – მოგვწერეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.

„ნარჩენების შესახებ კოდექსის“ 42-ე მუხლი არეგულირებს გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას კომპანიაში. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 200 ლარით.

43-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი, გულისხმობს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობას, ან გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა“. ამ მუხლის დარღვევაზე ჯარიმა 5 ათასი ლარია.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტოსახელოსნო ხელახლა არ გადაუმოწმებიათ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 274 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 4 644 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 8 891 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 6 177 ერთეული [+40]
  • MLRS – 785 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 528 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 858 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 517 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 690 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 912 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 475 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 7 035 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 027 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 154 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 488 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 301 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა

 

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს.

ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის 40,7 პროცენტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.

სოცსააგენტოს მონაცემებით, ამ სიაში მყოფთაგან ყველაზე მეტი ბათუმსა და ქობულეთში ცხოვრობს [შესაბამისად: 40 650 და 40 047 ადამიანი]. შემდეგ მოდის აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტები: ხელვაჩაური, ხულო, ქედა და შუახევი.

თუმცა, თუ მოსახლეობის რიცხოვნობას და სიაში მყოფთა რაოდენობას შევადარებთ, გამოდის, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ამ სიაში მყოფთაგან პროცენტულად ყველაზე მეტი ქედაში ცხოვრობს [მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85,7%], შემდეგ მოდის შუახევი [74,7%], ხულო [59,2%], ქობულეთი [56,9%], ხელვაჩაური [46,8%] და ბათუმი, სადაც სოციალურად დაუცველთა სიაშია მოსახლეობის 22,7%.

მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა [მათ შორის პროცენტულად] მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საერთო რაოდენობასთან მიმართებით / წყარო: სოცსააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მონაცემთა ერთიან ბაზაში ხვდება ყველა, ვინც სააგენტოს მიმართავს განცხადებით: „სააგენტო ვალდებულია ოჯახის მომართვის საფუძველზე გავიდეს და შეამოწმოს ოჯახის მდგომარეობა ადგილზე და მიანიჭოს შესაბამისი სარეიტინგო ქულა. ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ძირითადად მომართვიანობაზეა დამოკიდებული“.

სააგენტოს ფილიალში ასევე განაცხადეს, რომ მონაცემთა ერთიან ბაზაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან.

„დღევანდელი მდგომარეობით, საარსებო შემწეობას იღებს მხოლოდ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში არის 65 ათასზე ნაკლები.

რაც შეეხება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია ან ტოლი 120 ათასის, ეს ოჯახები იღებენ მხოლოდ 16 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას [65 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები კი, იღებენ როგორც ბავშვების დახმარებას, ასევე საარსებო შემწეობას]“ – გვითხრეს სააგენტოს აჭარის ფილიალში.

აჭარაში სოციალური დახმარება 2023 წლის აგვისტოში 24 506 ბავშვზე გაიცა [რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს]:

საარსებო შემწეობის მიმღები 16 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით / 2023 წლის აგვისტოს მონაცემები / წყარო: სააგენტო

სოციალური დახმარების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში სოციალურ დახმარებას [მათ შორის ბავშვებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას] ჯამში 10 058 ოჯახი იღებს [2023 წლის აგვისტოს მონაცემებით]. ეს არის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 12 ათასს [მათ შორისაა ოჯახები, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ].

ამ 10 058 ოჯახიდან თითქმის ნახევარი, 4 940 ოჯახი, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომელთა სარეიტინგო ქულებს მომდევნო 4 წელი არ გადაამოწმებენ და პროგრამაში ჩართული ოჯახის წევრების ხელფასთან ერთად, საარსებო შემწეობასაც მიიღებენ.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებში, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ აჭარაში, ჯამში 42 614 ადამიანი ცხოვრობს.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით [2023 წლის აგვისტოს მონაცემები]:

სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს თვის მონაცემებით, ამ 42 614 სოციალურად დაუცველიდან ნახევარზე მეტი – 25 409 ადამიანი სახელმწიფოს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ჰყავს დასაქმებული.

ამავე თემაზე:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

 

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ“ – უჩა ნანუაშვილი

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ და უნდა დაწყებულიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან აგენტობა, ჯაშუშობა, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება“- ამბობს „ბათუმელებთან“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

რა და რატომ დაარღვია იუსტიციის სამინისტრომ, როცა აშშ-სგან სანქცირებულ პირს ქონების გასხვისების საშუალება მისცა? – უჩა ნანუაშვილს სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

  • ბატონო უჩა, რამდენად სწორად მოიქცა იუსტიციის სამინისტრო, როცა ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულს მისცა ქონების სხვა პირზე გადაფორმების საშუალება? 

სანქცირებულ პირს მომენტალურად ეზღუდება გარკვეული უფლებები. ეს ეხება როგორც საკუთრების, ასევე თანხების განკარგვას, წილების გადაფორმებას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, ყველა მსგავსი უფლება უნდა შეეზღუდათ ფარცხალაძისთვისაც.

  • ის, რომ ფარცხალაძეს არ შეეძლო ქონების გაყიდვა, ეს ცალკე უნდა ეწეროს კონკრეტულ დოკუმენტში, თუ თავისთავად მოიაზრებს ამ ყველაფერს სანქცირება?

ყველაფერს ავტომატურად მოიაზრებს ამ შემთხვევაში, რადგან აქ არ ყოფილა საუბარი მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვაზე აშშ-ში, როგორც ეს იყო, ვთქვათ, მოსამართლეების შემთხვევაში. ეს კიდევ სხვა კატეგორიაა, გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას.

ფარცხალაძის შემთხვევაში საუბარია გაცილებით უფრო რთულ და მძიმე შეზღუდვებზე, რადგან აქ საუბარია რუსეთის სასარგებლოდ აგენტობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენების მოხდენაზე, რომელიც აზიანებს აშშ-ის ინტერესებს.

გუშინ ცალკე გააკეთა კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება, რომ ვინც განახორციელებს ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს, ისე ასევე დადგება სანქცირების რისკის ქვეშ და ეს პირდაპირ იყო ნათქვამი.

ეს გულისხმობს იმას, რომ ფარცხალაძეს ეზღუდება როგორც უძრავი ქონების გადაფორმება, გასხვისება, ასევე ნებისმიერი თანხის განკარგვა.

  • როგორც ვნახეთ, სანქცირებულმა ფარცხალაძემ ერთ დღეში გაასხვისა სახლები, მიწები, ბინები და გადაუფორმა შვილს. თუკი არ გადააფორმებდა, ჩამოართმევდა ვინმე? თუ გასხვისებაზე შეექმნებოდა პრობლემა და ამის გამო მოხდა ეს? 

დიახ, როდესაც სანქციები იწყება კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მათ ყველაფერზე ეზღუდებათ წვდომა და რეალურად ხდება მათი ქონების გაყინვა.

შესაბამისად, დასანქცირებული ფარცხალაძე თუკი მოინდომებს, ქონებას ვერც გაყიდის და ვერც გააქირავებს.

სანქცირება იმიტომ ხდება, რომ ზეწოლა მოხდეს იმ ადამიანზე, ვინც ეჭვმიტანილია სერიოზულ დანაშაულში, კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევებში, ძალადობაში ან ომის დანაშაულებში.

  • ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის უძრავი ქონების გადაფორმების ფაქტები, მაგრამ არ მოგვისმენია არაფერი იმის შესახებ, ფარცხალაძემ გადაიტანა თუ არა სადმე ფინანსური კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები მთლიანად რუსეთშია განთავსებული?

არავინ იცის, რეალურად რა ქონებაზეა საუბარი, სად მოხვდა ეს თანხები, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ თანხებიც გატანილია ან განთავსებული აქვს ისეთ ბანკებში, რომლებიც არ უერთდებიან სანქციებს.

ამიტომ უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას ამ ყველაფერზე დაუყოვნებლივ რეაგირება, რომ ფარცხალაძეს არ ესარგებლა ამ რამდენიმე დღით და არ გაეტანა ეს თანხები.

  • რა დაარღვია ამ ქმედებებით თუ უმოქმედობით იუსტიციის სამინისტრომ?

აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-მ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, კონკრეტული პირი გამოაცხადა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტად და მასთან თანამშრომლობა გაშიფრა. პრაქტიკულად მან დაადგინა, რომ ეს ადამიანი ვნებს საქართველოს ინტერესებს, ასევე, აშშ-ს ინტერესებს და ეხმარება რუსეთს ბევრი მიმართულებით.

ამ დროს საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ეხმარება ფარცხალაძეს და მას შეუქმნა მაქსიმალურად ნოყიერი პირობები იმისთვის, რომ დაემალა ქონება და გაესხვისებინა სხვა პირებზე, გადაადგილებულიყო თავისუფლად და არ მომხდარა მისი დაკითხვაც კი, როცა მისი ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ფარცხალაძე მომენტალურად უნდა ყოფილიყო დაკავებული, რომ დაწყებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ჯაშუშობა, აგენტობა არის სისხლის სამართლის დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით.

მით უმეტეს, რომ აქ საუბარია არა რიგით მოქალაქეზე, არამედ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელსაც წვდომა ჰქონდა ბევრ მნიშვნელოვან საქმეზე, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაზეც.

და ამ დროს ის გახდა რუსეთის მოქალაქე. მას იმავე დღეს უნდა ჩამორთმეოდა საქართველოს მოქალაქეობა, როგორც კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე გახდა და იმ დღესვე უნდა დაწყებულიყო რეაგირება საქმეზე, რადგან საუბარია იმაზე, რომ ფარცხალაძემ კანონის დარღვევით, ისე, რომ არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, აიღო უცხო ქვეყნის პასპორტი.

ცალკე გამოძიების საგანია ის, თუ როგორ დააგროვა მან მცირე დროში სერიოზული ქონება, მას შემდეგ რაც აღარ იყო პროკურორი. რამდენიმე მიმართულებით ვხედავთ აქ აშკარა დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შესაძლებელი იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება.

ხელისუფლება კი საპირისპიროდ მოიქცა. მის გამო მთელი საფინანსო და საბანკო სექტორი დადგა სერიოზული კრიზისის წინაშე და დღეს ვნახეთ, რომ ორ დღეში 57 მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა იმის გამო, რომ ინფლაცია შეეჩერებინა და ეს ყველაფერი აი, ამ ერთი ფარცხალაძის ინტერესების გამო.

  • სინამდვილეში ვინ მოიაზრება ამ ერთი ადამიანის უკან, ბიძინა ივანიშვილი, თუ მთლიანად „ქართული ოცნება“, რომელიც ფარცხალაძის სახელით თანამშრომლობს რუსეთთან?

ის იყო რუსეთის რეზიდენტი, შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის და მას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული გავლენები როგორც რუსეთში, ასევე საქართველოს ხელისუფლებაში.

ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჯაშუშობაში მხილებული პირის წინააღმდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესებია ამ საქმეში.

რა განცხადებაც გააკეთა იგივე კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პრაქტიკულად იგივე გაიმეორა ეროვნულმა ბანკმაც, რაც სრული ნონსენსია.

  • ეროვნული ბანკი როცა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე არ დასანქცირდება ავტომატურად, რას ამბობს ამ განაცხადით და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუკი მომავალშიც დაასანქცირებს რომელიმე ქართველ მაღალჩინოსანს აშშ-ი, იგივე განმეორდება, რაც ფარცხალაძესთან მიმართებაში გააკეთეს? და სად მიგვიყვანს ეს პოლიტიკა?

ეს მიგვიყვანს იქ, რომ პრაქტიკულად საქართველო ჩაჯდება მეორე ბანაკში, რომელიც დაპირისპირებულია ცივილიზებულ სამყაროსთან: აშშ-სთან, ევროკავშირთან და ასე შემდეგ, იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ეს სანქციები დააწესეს რუსეთისთვის, უკრაინაში ტერორისტული ომის დაწყების გამო.

აქამდე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად მაინც უერთდებოდა ამ სანქციებს, თუმცა ფარცხალაძის ფაქტის შემდეგ, ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ინტერესებს და მიდის აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე იმის გამო, რომ რუსეთს მაქსიმალურად შეუქმნას დასაყრდენი ამ ქვეყანაში.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად შორს წავა „ქართული ოცნება“, შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს დასანქცირებამდე? ეს ხომ ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას, გზავნილების შეწყვეტას, ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებას. 

ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და ის პირები, ვინც მხილებული არიან ამ ყველაფერში, არ აგებენ პასუხს, არამედ ხელს უწყობენ იმაში, რომ არ დაკარგონ არცერთი ცენტი.

აქ მხოლოდ თანხებზე არ არის საუბარი, არამედ გავლენაზე, დაუსჯელობაზე, რომელსაც ხელისუფლება ამკვიდრებს და იმაზე, რომ რუსეთის აგენტები საქართველოში არიან დაუსჯელი. ეს არის კიდევ უფრო სერიოზული დანაშაული.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ფარცხალაძეს და მსგავს ოდიოზურ ფიგურებს და პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო ინსტიტუცია ჩამოშლილია.

  • ემუქრება თუ არა ფარცხალაძის შვილს დასანქცირება ან იმ პირებს, ვინც მისგან შეიძენს ვთქვათ, ქონებას ან ითანამშრომლებს რაიმე ფორმით?

რა თქმა უნდა, რადგან ვიცით, რომ არაერთ ოლიგარქს შეექმნა ამის გამო პრობლემა და ისინიც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.

ვინც რაიმე ტრანზაქციას ახორციელებს ფარცხალაძესთან ან ნებისმიერ გარიგებაზე მიდის, ისიც სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ თავს. ეს შეეხება, ვფიქრობ, მის შვილსაც და მე ველოდები, რომ ფარცხალაძის შვილიც დასანქცირდება.

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „რეპუტაციულ ზიანს თურნავას გადადგომაც ვერ უშველის“

„ლარის გაუფასურება აჩვენებს პანიკას,“ – მიიჩნევს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ ეროვნულ ბანკთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბოლო პროცესით უმთავრესად ეროვნულ ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ეროვნული საბჭოს ახალი წევრების არჩევით პანიკას აძლიერებს.

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დღეს, 21 სექტემბერს 2.68-ს მიაღწია. პირველ რიგში, გვითხარით, რამ განაპირობა ასე სწრაფად ლარის გაუფასურება? 

ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეპუტაციული ზიანი და ეს დარტყმა მალევე აისახა ვალუტის კურსზე, შესაბამისად, ეკონომიკაზე.

ბუნებრივია, ვიღაცებს შეეშინდათ ეროვნული ბანკის ამ დამოკიდებულების, რაც ვნახეთ და პანიკა შეიქმნა. კარგი რაც იყო ამ პროცესში, იყო ის, რომ საბჭოს რამდენიმე წევრი გაემიჯნა ამ პროცესს და ასევე, კომერციულმა ბანკებმა თქვეს, რომ ისინი არ ემიჯნებიან სანქციებს. ვფიქრობ, კომერციული ბანკების ამ განცხადებამ ცოტათი მაინც შეაჩერა პანიკა.

მსგავსი გაურკვევლობა ქმნის პანიკურ მოლოდინებს, თანაც ისეთ რეალობაში, როგორშიც არის საქართველო – ჩვენთან არსებობს უარყოფითი გამოცდილება, როცა ადამიანებს დაუკარგავთ საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხები.

ლარის გაუფასურება გამოხატავს ამ პანიკას.

სოსო ბერიკაშვილი
  • შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება? თუ პანიკამ გადაიარა? 

რთულია პროგნოზირება და გადაჭრით რამის თქმა. რეპუტაციულად დაზიანებული ეს ეროვნული ბანკი ნაკლებად შეიძლება იყოს რაიმეს გარანტი. რომ გამოვიდეს ნათია თურნავა და თქვას, ყველაფერი კარგად არისო, ცხადია, არ დაუჯერებენ – იგი დისკრედიტებულია.

ნათია თურნავას გადადგომაც კი, ახლა ვეღარაფერს უშველის. არ ვამბობ, რომ ის არ უნდა გადადგეს. ჩემი აზრით, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არ უნდა იყოს, თუმცა ამ რეპუტაციული ზიანის გამოსწორებას თურნავას გადადგომაც არ ეყოფა.

მეტიც, ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის განვითარებას დღეს პარლამენტში: რეპუტაციის გამოსწორების მცდელობის ნაცვლად, ვნახეთ, რომ საბჭოს მინიმუმ ერთი წევრის კომპეტენცია კითხვებს ბადებს, მას კომიტეტმაც არ დაუჭირა მხარი. პარლამენტი კი ადგა და მაინც დაამტკიცა. ამიტომაც რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება გაგრძელდეს პანიკური პროცესი.

  • რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? 

ჯერ-ჯერობით არაფერი არ კეთდება სწორად. ნათია თურნავამ მიიღო გადაწყვეტილება, როცა იცოდა, რომ ეს იქნებოდა დამაზიანებელი ეროვნული ბანკისთვის და ქვეყნისთვის. მის ინტერესში არ არის ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე ზრუნვა.

პროცესი დღეს გაგრძელდა იმით, რომ აირჩიეს საბჭოს ახალი წევრი, რომელსაც მებოსტნეობის სპეციალობა აქვს. გამოდის, საბჭოში აღარ არიან წევრები პროფესიონალიზმის ნიშნით, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, როგორი უნდა იყოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. გადაწყვეტილება მიიღება არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.

ყველამ ვიცით, რომ რეპუტაციის დანგრევა მარტივია, აღდგენა – ძალიან რთული. რეპუტაციის აღდგენა ვეღარ მოხდება უცებ.

  • რეპუტაციის აღდგენა და პროცესის ჯანსაღად განვითარება მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ შესაძლებელია ამ პროცესში ჩარევა? 

მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ პარლამენტის პირობებში და არ ვფიქრობ, რომ რამე იყოს შესაძლებელი. ფორმალურად ეროვნული ბანკის საბჭოს აქვს უფლებამოსილება და „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. ესაა მოცემულობა.

არ ვიცი, მოქალაქემ პროტესტის გამოხატვის გარდა, რა უნდა ქნას. ჩვენ კი გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ისინი ანგარიშვალდებული არიან ბიძინა ივანიშვილის და არა ხალხის წინაშე.

ასე რომ, უცებ შეიძლება არაფერი შეიცვალოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გვექნება პრობლემები. დღეს ვნახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეშფოთება საქართველოში მომხდარი ამბის გამო. ეს განცხადება უბრალოდ განცხადება არ არის.

  • რას ნიშნავს პრაქტიკაში ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციებისადმი მიდგომის შეცვლის გამო? 

ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში, იქნება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ აზიის განვითარების ბანკი. რადგან ეროვნული ბანკი აღარ არის სანდო პარტნიორი, ეს, რასაკვირველია, პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. არ მგონია, რომ უცებ შეგვიწყვიტონ დახმარება და ფინანსური რესურსი, მაგრამ შესაძლოა, ეს დღეც დადგეს.

  • შეიძლება, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთიც გაიზარდოს და ადამიანებს ბანკის სესხი გაუძვირდეთ, თუ ლარი ისევ გაუფასურდა? 

რეფინანსირების განაკვეთი დამოკიდებულია ინფლაციის მოლოდინებზე, ამ მოლოდინის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი. თუ ლარი გაუფასურდება ისევ, ცხადია, ეს ცუდად აწვება ინფლაციაზე და ინფლაციის მოლოდინები გაიზრდება.

ამ ეტაპზე ქვეყანაში რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრები არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ეს პანიკა არ გაიზრდება, მოკლევადიან პერიოდში არაფერი მოხდება, გრძელვადიანი პერიოდზე კი, აუცილებლად აისახება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არარსებობაა და მისი სრულად კონტროლის ქვეშ მოქცევა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფეისბუქზე.

„დეკანოზმა გიორგი ფუტკარაძემ აღიარა და შეინანა თავისი კანონიკური შეცდომა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს ამა წლის 21 სექტემბრიდან აღუდგინდეს მღვდელმოქმედების უფლება“ – წერია დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აწერს.

სხალთის მთავარეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მღვდელმსახურება 11 დღის წინ, 9 სექტემბერს აუკრძალა. მთავარეპისკოპოსის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა ტაძარი.

იმ დღესვე, ფეისბუქზე ათობით ადამიანმა გააპროტესტა სხალთის ეპისკოპოსის გადაწყვეტილება და სოლიდარობა გამოუცხადა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს.

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს, 9 სექტემბერს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ფეისბუქში. მან დაწერა, რომ ტაძარი, რომლის მშენებლობის გამოც დეკანოზს მღვდელმსახურება შეუზღუდეს, შეთანხმებული იყო მთავარეპისკოპოსთან.

ლევან მჟავანაძე „ბათუმელებთან“ თქვა, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსის გაღიზიანების რეალური მიზეზი იცის, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა.

„რა თქმა უნდა, ვიცი მიზეზი, თუ მეუფე სპირიდონმა რატომაც გამოიყენა მოტივად სამლოცველოს მშენებლობა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვისთვის, მაგრამ ვრცელი განმარტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ“, – გვითხრა მაშინ ლევან მჟავანაძემ.

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც გამოირჩევა ღიად პრორუსული ქადაგებებით, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ასევე დაკავშირებულია ნინოწმინდის ბავშვთა სახლის სკანდალთან – ის ბავშვთა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევდა შესულიყვნენ ნინოწმინდის პანსიონში და შეესწავლათ მდგომარეობა, სადაც ბავშვები პერსონალის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ.

ამავე თემაზე: 

„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 32 948 540 ლარია.

ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი, ასევე სარეკრეაციო სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება.

მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობის მიხედვით „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე [2023 წლის 21 სექტემბრამდე] უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულებით;

მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“.

სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს მშენებლობისთვის საჭირო დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

ჩაქვში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 3 წლის წინ დააანონსა. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა.

საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

განახლება: ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამ თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

მთავარი ფოტო: რენდერი პროექტიდან

„იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესი“ – ფარცხალაძის საქმეში სუსის და იუსტიციის როლი

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საზოგადოებისთვის მედიის საშუალებით, კერძოდ „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი, 2023 წლის თებერვალში.

მოქმედი კანონმდებლობით, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციის შემდეგ უნდა დაეწყო. თუმცა ასე არ მოხდა.

„ბათუმელებმა“ დღეს, 21 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა სამი კითხვით. ვინაიდან კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, იუსტიციის სამინისტროს ამჯერად საჯაროდაც მივმართავთ.

  • რატომ არ ჰქონდა იუსტიციის სამინისტრომ რეაგირება ოთარ ფარცხალაძის საქმეზე მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ 2021 წლის 24 თებერვალს ამ უკანასკნელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და რატომ არ დაიწყო შესაბამისი პროცედურა მოქალაქეობის შეწყვეტაზე?
  • თუ განიხილავს უწყება ფარცხალაძის საკითხზე ვინმე კონკრეტული საჯარო მოხელის ან თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს? დაიწყო თუ არა მოკვლევა?
  • ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაში რა არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის როლი?

სანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩვენ კითხვებს უპასუხებს, „ბათუმელებმა“ იურისტ ლევან ალაფიშვილს სთხოვა ინტერვიუ. ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რა უნდა გაეკეთებინა იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და რა არ გააკეთა.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი
  • ბატონო ლევან, რა არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის როლი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების საქმეში?

აქ ორი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ – პოლიტიკური და ადმინისტრაციული. მინისტრი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, იუსტიციის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირია და, ბუნებრივია, ადმინისტრაციული, კონკრეტული პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირი.

მინისტრის პასუხისმგებლობა პოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ ადმინისტრაციულს რაც შეეხება, აქ შეიძლება სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. აი, რატომ:

საჯარო სამართალში, გნებავთ ადმინისტრაციული სამართალი იყოს, გნებავთ სისხლის სამართალი, მოქმედებს ვალდებულება ყველა სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებისთვის, რომ თუკი არის მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე რაიმე საჯარო ცნობა გავრცელებული, რომელმაც შეიძლება მათ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს, ან წარმოუქმნას ვალდებულება, მიიღონ გადაწყვეტილება, მათ უნდა დაიწყონ საკითხის შესწავლა. ეს საჯარო მმართველობის ვალდებულებაა.

თუკი ეს ვალდებულება არ სრულდება, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი, თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმე, ან პოლიტიკური. აქ, რა თქმა უნდა, მინისტრის პასუხისმგებლობაა.

მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმთავითვე გამოვკვეთეთ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: პირველი – ადმინისტრაციული პროცესი წარიმართება იუსტიციის სისტემაში შემავალ სერვისების განვითარების სააგენტოში. ბუნებრივია, კონკრეტული პირები იქ უნდა მოიძებნოს, რომელთაც ეს საჯაროდ გავრცელებული ცნობა დატოვეს ყურადღების მიღმა და არ დაიწყეს საკითხის შესწავლა. რა თქმა უნდა, ამ ვალდებულების არ შესრულებაზე საერთო პასუხისმგებლობა ამ სააგენტოს ხელმძღვანელსაც აქვს.

ანუ ორი სავარაუდო პირი – მინისტრი და სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არიან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები.

მეორე, იყო თუ არა შესაძლებელი, დავუშვათ ერთი წლის წინ, რომ დაწყებულიყო ეს პროცედურები, ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხნის წინ შეწყვეტოდა მოქალაქეობა. ჩემი აზრით, პასუხი არის „დიახ“.

ამის დასტურია თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში თვით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში წარმართული პროცესი. ანუ მათ შეძლეს დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, საკმარისი მონაცემების, დოკუმენტების შეკრება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა.

მაშინ რა უშლიდათ ერთი წლის წინ მათ ხელს? ექვსი თვის წინ? სამი თვის წინ?

ეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას პერსონალურად უფრო ამძიმებს.

აქ შეიძლება იყოს შიდა დისციპლინური წარმოება იუსტიციის სისტემაში, შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვერ გეტყვით.

ყოველ შემთხვევაში საკითხი რომ შესასწავლია, ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცხადია.

  • ამ ეტაპზე რა პროცესი უნდა მიდიოდეს სისტემურად, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად რომ მუშაობდეს?

მინიმალური სტანდარტით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არსებობს და იქ საკითხის შესწავლა დაწყებული უნდა იყოს.

  • პრეზიდენტმა როდესაც გაიგო საჯარო წყაროებით ფარცხალაძის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ, მას რა უნდა ექნა?

მართალია, მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, მაგრამ განსხვავებით შეწყალების უფლებისგან, რომელიც შეუზღუდავია, მოქალაქეობასთან მიმართებაში კონსტიტუციით მის ამ უფლებამოსილებას ორგანული კანონი ზღუდვას.

ანუ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. ეს უფლებამოსილება იმაში გამოიხატება, რომ იგი შეზღუდულია იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით – იქნება ეს მოქალაქეობის შეწყვეტა თუ მინიჭება.

პარლამენტში გამოსვლისას და მოგვიანებითაც საჯაროდ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მოქალაქეობის არსებული წესი, განსაკუთრებით ემიგრანტ თანამემამულეებთან მიმართებაში ხელისშემშლელია და ვერაფრით მივაღწიე კონსენსუსს მთავრობასთან, რომ ეს წესი შეიცვალოსო.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, ფარცხალაძის საკითხში მოკლებული იყო ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე გავლენა მოეხდინა პროცესზე.

  • ფარცხალაძის საქმე რას აჩვენებს, როგორი სისტემა გვაქვს?

ეს მაგალითი წარმოაჩენს, რომ რეალურად ჩვენთან ინსტიტუციური დემოკრატია არ მუშაობს – ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაზე, თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის და მისდამი ლოიალობაზე.

სხვანაირად ვერ აიხსნება – ის, რაც შესაძლებელი ყოფილა ერთ დღეში გაკეთებულიყო, რატომ არ გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს – სისტემა თუკი მუშაობს, სადაც ასეთ საჯარო ინფორმაციას ამოწმებენ და თუ საფუძვლიანია, მაშინვე რეაგირებენ.

შესაძლებელი იყო ერთ დღეში გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, არ გადაწყდა – ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ვიღაცამ, ეს პოლიტიკოსი იქნება, პოლიტიკური სუბიექტი თუ მმართველი პოლიტიკური ძალა… ვიღაცამ ეს  პროცესი გააჩერა.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს გაუგზავნა შეტყობინება, შეგიწყვიტეთ მოქალაქეობაო – ამ მოქალაქეების სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ ყოველგვარი საჯარო ცნობების გავრცელების გარეშე. როცა საქმე ყოფილ გენპროკურორს და მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ პირ ფარცხალაძეს შეეხო, მისი პროცესი გააჩერეს.

ნებისმიერი ლოგიკური სცენარის წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ დასკვნამდე მივყავართ ამ ყველაფერს, რომ საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანებულია და პრაქტიკულად არ არსებობს.

  • გამომდინარე ამ სისტემიდან, რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ მიღებული სხვა სანქცირებულ პირებს, მაგალითად ისეთ პირებს, რომლებიც შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ არიან, იგივე რუსეთიდან?

ამას ვერ გამოვრიცხავ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების კანონმდებლობიდან და აი, ამ სისტემიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა, ან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეები გახდნენ.

მე არ ვიცი, ვარაუდს გამოვთქვამ, რომელსაც აქვს საფუძველი.

პირველი მობილიზაცია რომ გამოაცხადა პუტინმა, რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მათი აქ [ლეგალურად] ყოფნა.

ვხედავთ რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს მაქსიმუმ ერთი წელი შეუძლია ლეგალურად იყოს საქართველოში.  თუკი დიდი ნაწილი 1 წელზე მეტია საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ მათ სტატუსი შეიცვალეს.

სტატუსის შეცვლის ერთ-ერთი მეთოდი არის მოქალაქეობა – ორმაგი ან საქართველოს მოქალაქეობა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ მოქალაქეობის მიღების გაადვილება სულ ახლახან მიიღო მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ.

  • ნათია თურნავას ბრძანება ხომ არ აჩენს იმის საფრთხეს, რომ სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენებმა ჩადონ მსხვილი ინვესტიცია საქართველოში, შედეგად მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და, შესაბამისად, ამ გზით აარიდონ თავი სანქციებს?

ომის დაწყების შემდეგ, როდესაც გამოცხადდა პირველი სანქციები, რომელიც შედარებით რბილი იყო, იქიდან მოყოლებული ამის ალბათობა სულ იყო/არის. რუსეთის მოქალაქე, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა, ან რუსი წარმომავლობის, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან რუსი, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და დღეს საქართველოს მოქალაქეა, ბუნებრივია არ ექცევა ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სანქციების მოქმედების არეალში.

  • ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძის საქმის კომენტირებისას თქვა, რომ „როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, ეს ჩვენი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, – ამას სჭირდება მტკიცებულებები“. კობახიძის ხაზს რომ გავყვეთ, რომელმა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა დაიწყოს გამოძიება, რომ დაასაბუთოს აშშ-ის ხაზინის ბრალდებები ფარცხალაძის მიმართ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც კონტრდაზვერვაზე და იმ დანაშაულებებზეა [რაც სავარაუდოდ ფარცხალაძემ ჩაიდინა ქვეყნის წინაშე] პასუხისმგებელი, გააკეთა კიდეც საჯაროდ განცხადება, ჯერ შევისწავლითო. საზოგადოების მკვეთრი რეაქციის შემდეგ დააზუსტეს, თუ სწორად მახსოვს – „შესწავლა გადაიზარდა გამოძიებაშიო“.

ეს საჯაროდ განცხადებაა, თუმცა აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის კონტრდაზვერვაზე წამყვანი ინსტიტუტი, რომელსაც ეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებამდე უნდა ჰქონოდა.

საჯარო განცხადებაში, რაც ფარცხალაძეზე ეწერა, ის ერთი და ორი წლის კავშირს არ მიუთითებს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ყველა შემთხვევაში. მით უმეტეს, იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება, გავლენებიც ჰქონდა და აღარ იყო თანამდებობაზე.

თუკი ჩვენ გვყავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და პროფესიონალური კონტრდაზვერვითი სამსახური, ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, მას უნდა ჰქონოდა. თუკი ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური არ გვქონია.

თუკი ჰქონდათ და არ რეაგირებდა, ეს უარესი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პროფესიული, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი რეალურად შეიძლება არაფორმალური პოლიტიკური გავლენების მსახური იყოს.

ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.

ინტერვიუს დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ანალოგიური ლოგიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაშიც გამოგვადგება.

იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესია.

გამოძიება დავიწყეთო, რა უნდა გამოიძიოს – თვითონ რომ არ გამოიძია? ინსტიტუტს რომ არ ჰქონდა აქამდე სათანადო რეაგირება, ისიც უნდა გამოიძიოს? თუ მხოლოდ ფარცხალაძის კავშირები რუსეთთან?

თვითონ რამდენად ეფექტურად მოქმედებდა, ის ვინ უნდა გამოიძიოს?

როგორ გგონიათ ობიექტური იქნება ეს გამოძიება? ეჭვი მაქვს, რომ არა. იმიტომ, რომ როგორც კი დაადგენენ, რომ იყო რაღაც კავშირი, ეგრევე დაადასტურებს, რომ თვითონ არასათანადოდ შეასრულა თავისი ვალდებულება. შესაბამისად, თვითონაცაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.

  • აშშ-ის ხაზინამ განაცხადა, რომ „ეფესბეს“ ოფიცერმა ალექსანდრე ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. სამართლებრივად რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს სახელმწიფოს ფარცხალაძესთან დაკავშირებით? რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა?

იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცესი დაგვიანებული, მაგრამ მაინც უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო.

ეროვნულ ბანკს დამატებით არანაირი გადაწყვეტილება არ სჭირდებოდა იმ რეჟიმში, რაც საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული, თუნდაც დამატებითი განმარტება, არა ინსტრუქცია ან ნორმატიული აქტი, მიეცა ბანკებისთვის.

თუკი დანაშაულია, შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია გადაეცით სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება კონტრდაზვერვით ნაწილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეწყო შესწავლა, ოღონდ არა მხოლოდ რუსეთთან კავშირებისა, არამედ ეს ინფორმაცია სისტემურად არსებობდა თუ არა თვითონ სუსში. თუ არ არსებობდა, რატომ არ არსებობდა და თუ არსებობდა, რატომ არ იყო რეალიზებული, ეს უნდა გაკეთებულიყო.

რადგან საკითხი ფართო საკითხთა წრეს მოიცავს და რეზონანსულიცაა, ვფიქრობ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შესაძლებელია შექმნილიყო, როგორც მინიმუმ ამ სამ მიმართულებასთან მიმართებაში, თუ როგორ იქცეოდა  მანამდე სახელმწიფო და როგორ მოიქცა აი, ამ ერთ შემთხვევაში.

რეალურად მივდივართ იქამდე, რომ სისტემას რაღაცა დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა, არ გააკეთა და ახლა თვითონ იძიებს რაღაცას.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გამოძიების ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და შედეგი ნაკლებსავარაუდოა. თუმცა საგამოძიებო კომისია პოლიტიკურ ორგანოში, პარლამენტში, იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხები, სადაც გამოძიების ობიექტურობა დაბალია, ან გამოძიების ალბათობა საერთოდ არ არსებობს, გამოკვეთოს პრობლემური საკითხები საგამოძიებო კომისიაში.

და თუკი დადგება კონკრეტული პოლიტიკური და სხვა საჯარო პირების პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, იქიდან მოახდინოს რეაგირება – გასცეს დავალება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოებისადმი, საკუტარი დასკვნის შესაბამისად.

რა უნდა ვიცოდეთ მენოპაუზაზე და როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსური სინდრომი

მენოპაუზა – მენსტრუალური ციკლის დასრულება, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, თუმცა ამ დროს განვითარებულმა ისეთმა ფიზიკურმა სიმპტომებმა, როგორიცაა: ალები, უგუნებობა, ოფლიანობა და სხვა პრობლემები, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, გამოიწვიოს უენერგიობა და სერიოზული გავლენა იქონიოს ემოციურ ჯანმრთელობაზე.

„ხოზრევანიძის კლინიკის“ გინეკოლოგი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, მომართვიანობა ასეთ დროს მაინც დაბალია. გარდა იმისა, რომ არსებობს მდგომარეობის შემსუბუქების მრავალი ეფექტური გზა, ცხოვრების წესის კორექტირებიდან ჰორმონოთერაპიამდე, ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რადგან მენოპაუზის შემდეგ იზრდება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ოსტეოპოროზის, წონის მატების და სხვა გართულებების რისკი.

  • ქალბატონო ნანა, რას ნიშნავს მენოპაუზა და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?

მენოპაუზა მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას ნიშნავს. ამ პერიოდში თავდაპირველად ქვეითდება და საბოლოოდ სრულიად წყდება საკვერცხეების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს ქალის რეპროდუქციული ასაკის დასრულებას. ამ დროს ცვლილებები ხდება აგრეთვე ჰიპოფიზში, ჰიპოთალამუსში, თირკმელზედა ჯირკვლებში დ თითქმის მთელ ორგანიზმში.

როცა ქალს არ აქვს მენსტრუაცია 12 თვის მანძილზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა მენოპაუზა. ეს პროცესი საშუალოდ ვლინდება 45 წლიდან 50 წლამდე.

  • რა არის კლიმაქსური სინდრომი, რა სიმპტომები აქვს და როგორ ვლინდება?

იმ შემთხვევაში თუ ქალი ჯანმრთელია და ორგანიზმს კარგი ადაპტაციის უნარი აქვს, კლიმაქსის პერიოდი და მენოპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

უმრავლეს შემთხვევაში კი ქალი უჩივის ალებს, ოფლიანობას, თავბრუსხვევას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებას, ემოციურ ლაბილობას, ჰიპერტენზიას [მაღალი წნევა], სახსრების ტკივილს, საშოს სიმშრალეს, კანის სიმშრალეს, ცვლილებებია ლიბიდოში [სექსუალური ლტოლვა].

ClevelandClinic: მენოპაუზის ან მის წინა პერიოდში შეიძლება ასევე განიცადოთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: მოშარდვის გადაუდებელი აუცილებლობა (გახშირებული შარდვის სურვილი); ემოციური ცვლილებები (გაღიზიანება, განწყობის ცვალებადობა ან მსუბუქი დეპრესია); კანის სიმშრალე, თვალების ან პირის სიმშრალე; მგრძნობელობის მომატება მკერდში; პრემენსტრუალური სინდრომის (პმს) გაუარესება; არარეგულარული პერიოდები ან პერიოდები, რომლებიც ჩვეულებრივზე მძიმე ან მსუბუქია. შედარებით იშვიათად: აჩქარებული გულისცემა; თავის ტკივილი; სახსრებისა და კუნთების ტკივილი; კონცენტრაციის გაძნელება ან მეხსიერების დაქვეითება (ხშირად დროებითი); წონის მომატება; თმის ცვენა ან შეთხელება;

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სიმპტომები?

კლიმაქსის კლინიკური გამოვლინების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ქალის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, ცხოვრების რეჟიმსა და მემკვიდრეობით ფაქტორზე.

ClevelandClinic: უმეტეს შემთხვევაში მენოპაუზის დროს განვითარებული სიმპტომები გრძელდება ხუთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში. შესაძლებელია გაგრძელდეს ხუთ წელზე მეტ ხანსაც.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ზოგადად ქალებმა ექიმს უნდა მიმართონ პროფილაქტიკური კვლევისთვის წელიწადში ერთჯერ, ასევე მენოპაუზის დაწყების ადრეული პერიოდიდან-პრემენოპაუზის პერიოდში, რათა დროულად მოხდეს კლიმაქტერული სინდრომის გვიანი შედეგების, ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფსიქო-ემოციური დარღვევების პროფილაქტიკა.

 MayoClinic გართულებებზე: მენოპაუზის შემდეგ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება სწრაფად დაკარგოთ ძვლის სიმკვრივე, რაც გაზრდის ოსტეოპოროზის რისკს; საშოსა და ურეთრის ქსოვილების ელასტიურობის კარგვის გამო, მოსალოდნელია შარდის შეკავების უნარის შესუსტება, ხშირია საშარდე გზების ინფექციები; ბევრი ქალი იმატებს წონაში მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, რადგან მეტაბოლიზმი ნელდება; ვაგინალური სიმშრალემ და ელასტიურობის კარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და მცირე სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს. ასევე, მგრძნობელობის დაქვეითებამ შეიძლება შეამციროს თქვენი ლიბიდო. ასეთ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალზე დაფუძნებული ვაგინალური დამატენიანებელი და ლუბრიკანტები. 

  • რა გავლენა აქვს კლიმაქსურ სინდრომს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

მენოპაუზის დროს განვითარებული ჰორმონალური ცვლილებების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მრავალი სხვა.

ხშირად ეს სიმპტომები კლიმაქსური გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისით ქრება, რიგ შემთხვევებში კი საჭიროებს ნევროლოგის ან ფსიქოლოგის ჩართულობას.

  • შესაძლოა თუ არა კლიმაქსის პროფილაქტიკა და რა გზები არსებობს მის შესამსუბუქებლად?

პროფილაქტიკურ ღონისძიებებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: სწორი კვება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეული ესტროგენებით მდიდარი საკვების მიღება), ფიზიკური აქტივობა და ა.შ. ასევე საკმაოდ ეფექტურია ფიტოპრეპარატებით მკურნალობა და ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპია.

  • მენოპაუზის დადგომის შემდეგ სისხლიანი გამონადენი რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?

მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს საშოს მექანიკური ტრავმა, საშვილოსნოს ყელის დაავადებები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო), საშვილოსნოს ყელისა და ტანის პოლიპები, საშვილოსნოს ლეიომიომა, საკვერცხეების სიმსივნეები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზი, ენდომეტრიუმის კიბო, სარკომა და სხვა. ამიტომ ქალმა სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტი.

Mayoclinic: პერიმენოპაუზის პერიოდში, ხშირად, მენსტრუალური პერიოდები გამოტოვებს თვეს და დაბრუნდება, ან გამოტოვებს რამდენიმე თვეს და შემდეგ კვლავ იწყება რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე, პერიოდები მენსტრუაციებს შორის მოკლდება, ამიტომ ისინი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. არარეგულარული მენსტრუაციის მიუხედავად, ორსულობა ამ დროს შესაძლებელია.

MayoClinic: „მენოპაუზის მრავალი ნიშანი და სიმპტომი დროებითია. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები კლიმაქტერული სინდრომი ეფექტების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად:

  • ალები – ტანსაცმელი ჩაიცვით ფენებად [საჭიროების დროს რომ მოიკლოთ], დალიეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან მოძებნეთ უფრო გრილი ადგილი. შეეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ რა იწვევს თქვენს ალებს. ხშირად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცხელი სასმელები, კოფეინი, ცხარე საკვები, ალკოჰოლი, სტრესი, ცხელი ამინდი და თუნდაც თბილი ოთახი.
  • სქესობრივი აქტივობის შენარჩუნება ეხმარება ვაგინალურ დისკომფორტს საშოში სისხლის ნაკადის გაზრდით.
  • საკმარისად იძინეთ – მოერიდეთ კოფეინს, რომელიც ართულებს დაძინებას და ჭარბი ალკოჰოლის დალევას, რამაც შეიძლება ძილი შეაფერხოს. ივარჯიშეთ დღის განმავლობაში, თუმცა არა ძილის წინ. თუ ალები არღვევს თქვენს ძილს, შეიძლება დაგჭირდეთ მათი მართვის გზების პოვნა, სანამ ადეკვატურ დასვენებას შეძლებთ.
  • ღრმა სუნთქვის ტექნიკამ, რითმულმა სუნთქვამ, მასაჟმა და კუნთების რელაქსაციამ შესაძლოა შეამსუბუქოს მენოპაუზის სიმპტომები.
  • მიირთვით დაბალანსებულად – რაციონში შეიტანეთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. შეზღუდეთ გაჯერებული ცხიმები, ზეთები და შაქარი. გამოიკვლიეთ, გჭირდებათ თუ არა კალციუმის ან D ვიტამინის დანამატები.
  • არ მოწიოთ – მოწევა ზრდის გულის დაავადებების, ინსულტის, ოსტეოპოროზის, კიბოს და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. მას ასევე შეუძლია გაზარდოს ალები და გამოიწვიოს ადრეული მენოპაუზა“.

 

მოსამართლე, რომელიც დღეში 20 საქმეს განიხილავს

„ბათუმელებმა“ სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე შეისწავლა რამდენიმე მოსამართლის გრაფიკი – დღის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა: მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს არც მეტი, არც ნაკლები – 20 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე აქვთ მოსამართლეებს და თუ დავუშვებთ, რომ მოსამართლეებს დასვენება საერთოდ არ სჭირდებათ, გამოდის, რომ თითო საქმეს მოსამართლემ 24-24 წუთი დაუთმო.

თუმცა გიორგი ებანოიძე არ არის ერთადერთი მოსამართლე, ვისაც წინა კვირას წარმოუდგენლად ბევრი საქმე უნდა განეხილა ერთ დღეში. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს მოსამართლე ლილი მსხილაძეს 12 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა, ლაშა ჩხიკვაძეს – 10 საქმე.

განსაკუთრებული დატვირთვით დიდი ქალაქების სასამართლოებში მუშაობენ, მათ შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე ხშირად ინფორმაცია ყველა  სხდომის შესახებ სრულად არც კი ქვეყნდება.

მაგალითად, 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მხოლოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილის სხდომების შესახებ იძებნება ინფორმაცია – მას დღის განმავლობაში სისხლის სამართლის 10 საქმე უნდა განეხილა.

რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, რაც სამართალწარმოების ოფიციალურ გვერდზე სასამართლოების განრიგის გრაფაშია გამოქვეყნებული?- „ბათუმელებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ განრიგის შესახებ ინფორმაცია რეალურია და ნამდვილად, მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს 20 საქმე უნდა განეხილა. რეალურად განიხილა თუ არა ამ რაოდენობის საქმეები მოსამართლემ? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

სასამართლოს გადატვირთულობა ის თემაა, რაც სასამართლო სისტემის ლიდერებისგანაც ხშირად სახელდება, როგორც სასამართლოს მთავარი პრობლემა. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, როცა ლევან მურუსიძე, კლანის ლიდერი, ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, ეს თქვა: „მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს – ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”, – უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.

___

სასამართლოს გადატვირთულობასა და მის შედეგებზე სტატია ვრცლად:

„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლა 2 ოქტომბერს იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება.

ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ბსუ-ს ცნობით, სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.

2023-2024 სასწავლო წელს ბსუ-ს 1583 პირველკურსელი ჰყავს. უნივერსიტეტის ცნობით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს შეადგენს.

წელს აბიტურიენტების პირველი განაცხადების რაოდენობისა და გამოცხადებული კონტინგენტის მიხედვით, ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური ფილოლოგია.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სამივე საფეხურზე, ჯამში 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

ჰონდა 11 500 ლარად, ოპელი 500 ლარად – რა მანქანებს ყიდის ბათუმის მერია

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს ყიდის. 5 ავტომანქანა, რომლებიც მერიის ინფორმაციით გაუმართავია, უპირობო აუქციონზე ცალ-ცალკე იყიდება.

ხუთივე აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება.

ავტომანქანები, რომლებსაც ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე ყიდის:

BMW

BMW, რომელსაც ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის/ფოტოები აუქციონიდან

მოდელი 520 I, სარეგისტრაციო ნომერი: NBE860, საიდენტიფიკაციო ნომერი:WBAHB51030GH18478, გამოშვების წელი 1995 წელი.

საწყისი გასაყიდი ფასი 1500 ლარი, ბიჯი – 45 ლარი.

ავტომანქანა გაუმართავია; საწვავის ტიპი – ბენზინი.

TOYOTA

TOYOTA

მოდელი – COROLLALE,  სარეგისტრაციო ნომერი: DV815DV, საიდენტიფიკაციო ნომერი: JTNBM58E80J004099, გამოშვების წელი 2008.

საწყისი გასაყიდი ფასი 4 500 ლარი, ბიჯი – 135 ლარი.

ავტომანქანა გაუმართავია; საწვავის ტიპი – ბენზინი.

HONDA

მოდელი – RIDGELINE, ტიპი -პიკაპი, სარეგისტრაციო ნომერი:  ESE561, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2HJYK16216H563148, გამოშვების წელი 2006.

საწყისი გასაყიდი ფასი 11 500 ლარი, ბიჯი 350 ლარი.

ავტომანქანა გაუმართავია; საწვავის ტიპი – ბენზინი.

FORD

მოდელი -,,SIERA 2.0 CL”, ტიპი – მსუბუქი, სარეგისტრაციო ნომერი:  BBD660, საიდენტიფიკაციო ნომერი: WFOFXXGBBFHY07310, გამოშვების წელი 1990.

საწყისი გასაყიდი ფასი 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი.

ავტომანქანა გაუმართავია; საწვავის ტიპი – ბენზინი.

OPEL

მოდელი „VECTRA 1.8 I“, ტიპი – მსუბუქი, სარეგისტრაციო ნომერი:  KIM047, საიდენტიფიკაციო ნომერი: WOL000087L1158501, გამოშვების წელი 1990.

საწყისი გასაყიდი ფასი 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი.

ავტომანქანა გაუმართავია, საწვავის ტიპი – ბენზინი; გადამცემი კოლოფის ტიპი – მექანიკური.

სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი – ჯანდაცვის ახალი პროგრამა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამა – „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ აამოქმედა.

პროგრამის მოსარგებლეები არიან აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500-მდე მოზარდს შეეძლება.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ სპორტული სექციებიდან და კლუბებიდან რეფერირებულმა სპორტსმენმა/სპორტულ სექციებში ჩარიცხულმა ბავშვებმა:

  • შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ – ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
  •  შპს „ქ. ბათუმის N 4 პოლიკლინიკა“ – ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
  •  სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010“ – ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
  •  სს „ვიანი“ მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 64
  •  შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ – ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის N33

________________

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია – ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 24 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა ბათუმის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებაზე.

შეფასება ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშს. შეხვედრას წარუძღვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა.

შეხვედრა, ასევე, შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების როლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ახალგაზრდა თაობის ამომრჩევლებში პოლიტიკური კულტურის გაღრმავებაში.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [26 მაისის ქუჩა, #31] 24 სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.

შეხვედრაზე მიმოხილული იქნება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების როლი ევროინტეგრაციის გზაზე და არსებული გამოწვევები.

დასწრება თავისუფალია.

სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

დღეს, 21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა.

ამილახვრის თქმით, სამინისტრომ სტუდენტების სწავლის დავალიანების განულება კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებს წაუყენებს სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაუბრა, სადაც ვერ გვითხრეს, როგორ დაიფარება სტუდენტების დავალიანება – სახელმწიფო გადაიხდის, თუ, უბრალოდ, უნივერსიტეტი გაუნულებს მათ ამ დავალიანებას. „ალბათ წერილობით მოგვივა ამის შესახებ ინფორმაცია და ამის შემდეგ გვეცოდინება დეტალები“, – გვითხრეს უნივერსიტეტში.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მინისტრის თქმით, დავალიანების განულების მომხრეა ყველა კერძო უნივერსიტეტი, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.

„ყველა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რის შედეგადაც დავალიანება – 30 ათასზე მეტ სტუდენტს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს და უნივერსიტეტები მათ არსებულ დავალიანებას სრულად გაუნულებენ.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩვენ კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა.

როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მისი თქმით, სამინისტროს ბაზების მიხედვით, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს ამ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ და ამ ეტაპზე მათი დავალიანება ვერ განულდება.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ თანამშრომლობის სურვილი მაინც არ გამოთქვეს“, – ამბობს ამილახვარი და ამასთან უარყოფს კერძო სასწავლებლებზე სამინისტროს მხრიდან ზეწოლას.

„ბათუმელები“ კავკასიისა და თავისუფალ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შესაბამისად, ბუნდოვანია, რას სთავაზობდა მათ სახელმწიფო. იმას, რომ თავად გაუნულონ სტუდენტებს დავალიანება, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს რა რაოდენობის ვალი დაუფაროს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში კი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ამბობენ, რომ ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს, რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე“, – ნათქვამია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივ განაცხადში.

მინისტრ ამილახვრის თქმით, დავალიანების განულება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე, სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.

„საუბარია ყველა საფეხურის სტუდენტზე, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო, ასევე სადოქტორო“, – ამბობს სამინისტრო.

მაგალითად, ბოლო 6 წელიწადში საქართველოში დოქტორანტების რაოდენობა 1029-დან შემცირდა 797-მდე, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში კი 1201 დოქტორანტი იმყოფება. ისინი ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას, რადგან მწირი დაფინანსების პირობებში იძულებულნი არიან იმუშაონ და სწავლისა და კვლევებისთვის დრო აღარ რჩებათ. სწავლის საფასურის ერთჯერადი განულება მოაგვარებს თუ არა მათ პრობლემებს? –  მინისტრის შეფასება ამის თაობაზე არ მოგვისმენია.

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე. ამ თანხაში მოიაზრება თუ არა კერძო უნივერსიტეტების მიმართ დავალიანება, არც ეს დაუზუსტებია დღეს განათლების მინისტრს.

__________________

ამ თემაზე:

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

 

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე“. ასევე, „ზაფხულის ერთი დღე“ ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრად დასახელდა.

კამპანიის ფარგლებში — ზაფხულის ერთი დღე, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია. ამ კამპანიით თიბისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, აუდიტორიისთვის ახალი სახით მიწოდებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფესტივალის გამარჯვებულები წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 23-24 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის მერია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ იუწყება და ბაღების საზეიმოდ გახსნის ფოტოებს ფეისბუქზე აქვეყნებს.

ახალი ბაღების გახსნას ბათუმში ბაგრატიონისა და ქათამაძის ქუჩებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ახალი ბაღი გაიხსნა ასევე დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები.

ფოტო: ბათუმის მერია

სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა და 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-მდე ადამიანი დასაქმდა. თუმცა, ბათუმის საბავშვო ბაღების ვებპორტალის მიხედვით, იმისთვის, რომ ბათუმში ბაღის ასაკის ბავშვს რიგში დგომა არ მოუწიოთ, სამი ბაღი საკმარისი არ არის.

როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა რამდენიმე ბაღში დარეგისტრირებას თუ ცდით, დაინახავთ, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა ყველა მსურველმა ვერ შეძლო.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 780-მდე დარეგისტრირებული ბავშვია, ვინც თავის რიგს ელოდება: „ეს მონაცემები შეიძლება შემცირდეს სექტემბრის ბოლოს.“

ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მიხედვით, მაგალითად, ძველ ბათუმში, #1 საჯარო ბაღში, წელს 20 ბავშვი მიუღიათ. თავის რიგს კი დარეგისტრირებული 39 ბავშვი ელოდება. ვებგვერდზე მშობლებს ურჩევენ სარეზერვო საბავშვო ბაღებიც მიუთითონ.

ამ ბაღში 4 წლის 50 ბავშვი მიუღიათ, ამ ასაკის ჯგუფში რიგს მხოლოდ ერთი ბავშვი ელოდება. 5-წლიანების რიგში კი 55 ბავშვი მიუღიათ და რიგს 4 ბავშვი ელოდება.

ბავშვები ბაღებში მისაღებად თავის რიგს ელოდებიან, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებში მდებარე ბაღებშიც.

მაგალითად, მე-10 ბაღში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 3 წლის 75 ბავშვი ელოდება თავის რიგს.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, „იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 ბაღს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. პარალელურად 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.“

„გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას – ისწავლე მოთხოვნადი პროფესია

შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები!

სასწავლებელი „გოლდენ სიი“ თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე:

1. მზარეული;
2.კონდიტერი;
3.სოციალური მედია-მარკეტინგი;
4. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური – HR;
5.სასტუმროს საქმისმწარმოებელი – ვაიზერი;
6.ბუღალტერია;
7.მასაჟისტ-რეაბილიტატორი;

სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ შერჩეული მიმართულების წამყვან ორგანიზაციებში.

დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53; 599-52-34-03
იხილეთ საიტი – goldensea.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49

Exit mobile version