გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ახალი წლის ღამე, საახალწლო დღესასწაულზე პიროტექნიკას არ გამოიყენებენ.
გორის მერიის ცნობით, პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება.
საახალწლო პიროტექნიკით ყოველწლიურად ზიანდებიან ადამიანები. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.
წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.
2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.
ამავე თემაზე:
წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს