მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ 

29.12.2023 •
ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ 

ბათუმში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ, წინასაახალწლოდ რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგეს. ასევე რუსული ზეთი და ფქვილი შეისყიდეს ღამის თავშესაფრის ბინადრებისთვის.

რუსული პროდუქტები ქალაქის მერიის სოციალური სერვისების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული შპს „მარი-ანასგან“ შეიძინა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, მერიის სააგენტომ „ახალი წლის ნობათისთვის“ „მარი-ანასგან“ რუსეთში წარმოებული 8 150 ლიტრი ზეთი 27 710 ლარად შეისყიდა [ანუ, 1 ლიტრი 3,40 ლარად]; ხოლო 8 150 კილოგრამი, ასევე რუსეთში წარმოებული თეთრი ფქვილი – 17 930 ლარად [ანუ, 1 კილოგრამი 2,2 ლარად].

„მარი-ანასთან“ სააგენტომ ხელშეკრულება 2023 წლის 14 დეკემბერს გააფორმა ჯამში 123 880 ლარზე. 29 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიისთვის 117 040 ლარი (94%) უკვე გადახდილია. ამ ტენდერის ფარგლებში მერიის სააგენტომ „მარი-ანასგან“ იგივე რაოდენობის შაქარიც [ქართული წარმოების] და ქათმებიც [თურქული წარმოების] შეიძინა.

„მარი-ანას“ გარდა ტენდერში კიდევ 3 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მათი შეთავაზებული ფასები მთლიანობაში მაღალი იყო. ამასთან, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტები რუსულ ზეთს სააგენტოს ერთ ლიტრს 3,70 და 4 ლარად, ხოლო ერთ კილოგრამ რუსულ ფქვილს – 2,15 და 3,10 ლარად სთავაზობდნენ.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს რუსული ზეთი წელს პირველად არ უყიდია. უფასო სასადილოები მთელი წლის განმავლობაში მარაგდებოდა ოკუპანტ სახელმწიფოში წარმოებული ზეთით.

უფასო სასადილოებისა და დროებითი ღამის თავშესაფრისთვის რაფინირებული ზეთის შეძენაზე 2022 წლის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში სააგენტომ ხელშეკრულება შპს „ნიკასთან“ გააფორმა.

ამ ხელშეკრულებით, 2023 წლის განმავლობაში, „ნიკას“ სააგენტოსთვის რუსეთში წარმოებული [შპს „ყუბანის სასურსათო კომპანია“] 22 590 ლიტრი ზეთი უნდა მიეწოდებინა, ჯამში 124 244 ლარად. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიას ამ დროისთვის 111 523 ლარია გადაურიცხეს.

მერიის სააგენტო 2024 წლისთვისაც რუსული ზეთის შეძენას გეგმავს.

ზეთის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში სააგენტომ გამარჯვებულად იგივე კომპანია „ნიკა“ გამოავლინა და მასთან ამ ეტაპზე ხელშეკრულებას ამზადებს.

„ნიკა“ ამჯერად 22 014 ლიტრ რუსულ ზეთს [შპს „ყუბანის სასურსათო კომპანია“] მერიის სააგენტოს 80 351 ლარად სთავაზობს.

_____

ამავე თემაზე:

რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: