მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი: „ჩემი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“

30.12.2023
ივანიშვილი: „ჩემი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში, ამჯერად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა დღეს, 30 დეკემბერს.

„ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2011 წელს გამოჩნდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლის წინ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაარსებული პარტიის – „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, რომელიც მან 2013 წელს დატოვა. მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მის მიმართ არსებული „ჭარბი ნდობის“ გამო გადაწყვიტა.

თუმცა 2018 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. 2021 წელს ივანიშვილმა ისევ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და ამჯერად თქვა, რომ მისი „მისია შესრულებულია“ და „ოცნების“ გუნდს შეუძლია მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“.

დღეს, 2023 წლის მიწურულს, მან განაცხადა, რომ კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში და ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ „ადამიანური ცდუნებებისგან“ დაცვაა.

„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“ – განაცხადა ივანიშვილმა.

წასვლის ეპიზოდებში ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ ეჭირა, თუმცა მოქმედი პოლიტიკოსები პირები მუდმივად საუბრობდნენ მის როლზე, ოპონენტები კი მას ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ რეალურად, ქვეყანას კვლავ ივანიშვილი მართავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: