შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში, მეწყერმა ბადრი დიასამიძის სახლი დააზიანა. ხუთსულიანი ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.
„გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ.
მისი თქმით, მეწყერმა მხოლოდ მისი სახლი დააზიანა.
„მარტო ჩემი სახლი დაზიანდა, მარტო ვცხოვრობ იმ ადგილას. ფერდობი იყო გახეთქილი, წვიმები იყო ეს პერიოდი და ალბათ ამის გამო განვითარდა“ – ამბობს ბადრი დიასამიძე.
მან გვითხრა, რომ ოჯახმა ჩანჩხალო უკვე დატოვა და ნათესავებს შეაფარეს თავი:
„ახლა უსახლკაროდ ვარ, სტუდენტი შვილები მყავს, მეუღლე სკოლაში მუშაობს. რაც გქონდა, რაც გვიშრომია, ყველაფერი სახლში დარჩა. შეგვეშინდა, ვერ შევედით“.
ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ მის მრავალშვილიან ოჯახში მხოლოდ ძმამ მიიღო კომპენსაცია, თვითონ კი ჩანჩხალოში მოუხდა დარჩენა და წლებია ელის, როდის მიაქცევს მთავრობა ყურადღებას.
„16-სულიანი ოჯახი ვიყავით, ძმას უყიდეს საცხოვრებელი სახლი და წავიდა სამტრედიაში, მე დავრჩი ისე. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, განცხადება ძალიან ბევრჯერ დავწერე, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია.
ახლა რას ვაპირებ?!
დასრულდება დღესასწაულები და დავიწყებ შუახევიდან, ბათუმი, ქუთაისი და ჩავალ თბილისში, სასამართლოსაც მივმართავ, აბა როგორ მოვიქცე?!“ – ამბობს ბადრი დიასამიძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ჩანჩხალოში მერის წარმომადგენელს, გოდერძი მახარაძეს. მან დაგვიდასტურა, რომ მეწყერი სოფელში მხოლოდ ერთ, ბადრი დიასამიძის ოჯახს შეეხო და გვითხრა, რომ მომხდარის შესახებ შუახევის მერია ინფორმირებულია.