სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 მარტს განახლდება. „ბათუმელებს“ ინფორმაცია რესურსცენტრში დაუდასტურეს.

სასწავლო წლის ბოლომდე სკოლების დიდ ნაწილში სკოლის დირექტორთა არჩევნებიც უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის დირექტორობის მსურველთა ტესტირება იგეგმება, რომელიც 10 მარტს უნდა დაიწყოს.

1221 სკოლაში ახალი დირექტორია ასარჩევი. დირექტორობის ვაკანსიებია გამოცხადებული აჭარის 129 საჯარო სკოლაშიც.

სათამაშო ბიზნესის სახლში მოწყობისთვის აჭარაში 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

აჭარაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი,“ – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იმ შემთხვევაში თუკი ობიექტს შესაბამისი ნებართვა ექნებოდა და ლეგალურად იფუნქციონირებდა, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით 100 000 ლარი შევიდოდა.

„გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული,“ – ნათქვამია ოფიციალური უწყების განცხადებაში.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილში შედის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 421 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 6 695 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 12 779 ერთეული [+51]
  • საარტილერიო სისტემა – 10 350 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 009 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 701 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 963 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 532 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 1 647 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 576 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 563 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 482 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 388 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 234 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 461 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას რუსეთმა ოდესა დაბომბა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მაღაზიიდან 1 სნიკერსი გამოიტანა“ – ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ელის

„დილით შემოვიდა შეტყობინება მაღაზიის დაყაჩაღებაზე,“ – უთხრა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ბათუმის მე-6 განყოფილების ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა, რომელსაც ბრალდებული კაცი შემთხვევის ადგილთან ახლოს, „ინტურისტის“ წინ გაჩერებულ ავტომანქანაში უპოვია.

„ეს ის მაღაზიაა, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდითაა, დაახლოებით 50 მეტრში?“ – მოწმეს ჩაეკითხა ადვოკატი შოთა ხორავა.

„დიახ,“ – მოკლედ მოუჭრა ადვოკატს სამართალდამცველმა.

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეკატერინე კულულაშვილმა ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული გოჩა ფ.-ს საქმეზე სამი მოწმის ჩვენება მოისმინა.

საუბარია 2023 წლის 25 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სახრახნისის [ე.წ. ატვიორკა] მუქარით პოლიციის განყოფილების გვერდით მდებარე მაღაზია „სპარში“ კონსულტანტს თავს დაესხა და თანხა მოსთხოვა. ბრალდებულმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ შეძლო.

გოჩა ფ.-ს ედავებიან ქურდობასაც;

„ქურდობას ედავებიან ერთი ცალი სნიკერსის, რომელიც არის ზუსტად 3 ლარის და 29 თეთრის ღირებულების, მანამდე ორი საათით ადრე იყო ამ მაღაზიაში შესული და მოიპარაო,“ – ამბობს ადვოკატი შოთა ხორავა.

ის ყურადღებას ამახვილებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ყაჩაღობა არის „თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“.

ბრალდებული გოჩა ფ. წინასწარ პატიმრობაში რჩება. ადვოკატ შოთა ხორავას თქმით, ის ფიზიკურად შრომობდა სხვადასხვა ობიექტზე და ძმის ავტომანქანაში ათევდა ღამეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„მე ეს ამბავი დილის 9 საათზე გავიგე, როცა სამსახურში მივედი,“ – თქვა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაბარებულმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სპარის“ მაღაზიის მენეჯერმა, ანა ბერიძემ. მისი თქმით, ადგილზე მისულს ის კონსულტანტი არ დახვდა, ვისი დაყაჩაღებაც სცადეს.

„ის პოლიციის განყოფილებაში იყო… კონსულტანტები შეშინებული დამხვდნენ, შემდეგ კამერის ჩანაწერებს ვუყურე, პირი შემოვიდა ობიექტზე და ითხოვდა, თანხა გადაეცათ,“ – აღნიშნა მოწმემ და შემდეგ დააზუსტა, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაცნობა ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია.

„გააღე სალარო“ – გარკვევით მხოლოდ ეს ისმის „სპარის“ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერში, რომელიც მტკიცებულების სახით ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ადვოკატი შოთა ხორავა განმარტავს, რომ მის ხელში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ამ შემთხვევის ამსახველი ხმაც ისმის.

„შემთხვევის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ნათლად დასტურდება, რომ რაიმე სახის მუქარას და თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი შოთა ხორავა „ბათუმელებთან“. მან ეს ვიდეო ჩანაწერი პროცესის დასრულების შემდეგ გვაჩვენა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კაცი მაღაზიის მოლარე-კონსულტანტთან სალაროს გასაღების მხრიდან შედის და სალაროს გახსნას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი ბრალდებულს და კონსულტანტს შორის კიდევ რამდენიმე წამით გრძელდება, თუმცა სიტყვების გარჩევა რთულია.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, კონსულტანტი სხვა თანამშრომელს ეძახის და მასთან გადის. კაცს ორივე ხელი ჩამოშვებული აქვს – გარკვევით არ ჩანს, თუმცა პროკურატურის ვერსიით, ხელში მას სახრახნისი უჭირავს. ქალი უნიფორმით, რომელსაც სავარაუდოდ მოლარემ დაუძახა, რამდენიმე წამის შემდეგ ჩნდება ჩანაწერში. იგი ბრალდებულს მოუწოდებს, მაღაზია დატოვოს. კაცი მაღაზიას ტოვებს.

„თქვენ საიდან მოიპოვეთ ეს ჩანაწერი?“ – დაეჭვდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი.

„გამომძიებელმა მომცა,“ – პროკურორს გახედა ადვოკატმა, შოთა ხორავამ, რომელიც ყოფილი პროკურორია. საინტერესოა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ბრალდების მხარეს მტკიცებულებად არ წარმოუდგენია, თუმცა პროკურორი დავით კირჩხელი ადვოკატის შუამდგომლობას დაეთანხმა, ყაჩაღობის ამ საქმეს ვიდეოჩანაწერი მტკიცებულების სახით დაერთოს.

ამ პროცესამდე პროკურორთან ადვოკატს საპროცესო შეთანხმება უცდია, თუმცა შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა.

„კამერის ჩანაწერი არ მინახავს ადგილზე, რადგან ამაზე პასუხისმგებელია მონიტორინგის სამსახური,“ – აღნიშნა მოწმის სახით დაბარებულმა ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა. მისივე მტკიცებით, პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდეს ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ და მალევე დააკავეს კაცი, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც მაღაზიაში შესვლის დროს.

„აღწერილობა როგორ გაიგეთ, თუ ვიდეო არ გინახავთ?“ – სამართალდამცველის გამოჭერა სცადა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

„კონსულტანტებისგან“, – უპასუხა ადვოკატს პოლიციელმა და შემდეგ დასძინა, რომ მაღაზია პოლიციის მე-6 განყოფილება გვერდითაა და კონსულტანტებსაც კარგად იცნობს.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი დაზარალებულად ცნობილი მოლარე-კონსულტანტის ჩვენებას მოისმენს.

ქართველთა შესვლა იერუსალიმში – რა წერია საქართველოზე XVII საუკუნის ფრანგულ რუკებში

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი ევროპულ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას სწავლის და იძიებს საქართველოსა და კავკასიისთვის მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ ნიმუშებს.

ერთ-ერთი ასეთი რესურსი მე-17 საუკუნის ცნობილი ფრანგი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ნიკოლა დე ფერის მიერ 1696 წელს გამოცემული, დიდი ფორმატის კედლის რუკაა, აზიის გამოსახულებით.

რუკაზე ქართველთა ყოფის ამსახველი რამდენიმე გრავიურაა დატანილი.

როგორც ქართველი მკვლევრები წერენ, 4 ფურცელზე დაბეჭდილი უჩვეულოდ დიდი ზომის რუკა (ზომა: 114 x 165 სმ) არცერთი გეოგრაფიული ატლასის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი არ არის და მომზადდა სპეციალურად, საფრანგეთის დოფინის პატივსაცემად, როგორც კედლის რუკა.

პუბლიკაციის ავტორი, გიორგი სორდია წერს, რომ მსგავსი კედლის რუკები მასობრივად არ იწარმოებოდა და განკუთვნილი იყო მხოლოდ სამეფო კარის და უმაღლესი არისტოკრატიის მოსახმარად. დე ფერის სახელს კი უკავშირდება ასეთი 26 კედლის რუკის გამოშვება. ერთ-ერთი პირველი კი, სწორედ წარმოდგენილი აზიის რუკაა.

ეს რუკა სულ რამდენიმე ეგზემპლარის სახით არის შემორჩენილი, საუკეთესო ნიმუშები კი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.

რუკა დეკორატიულადაა გაფორმებული და გრავიურებს, ქართველების გამოსახულებით, ტექსტიც ახლავს თან.

  • ერთ-ერთ გრავიურაზე ქართველი მოლაშქრეები არიან აღბეჭდილი, რომლებიც იერუსალიმში შედიან მაღლა აღმართული დროშით.

ამ გამოსახულებას ახლავს განმარტებაც, როლის მიხედვით, იერუსალიმში დროშებით შესვლა ქართველების პრივილეგიაა. ნახატზე ქართველების მიერ აღმართულ ეროვნულ დროშაზე წმინდა გიორგია გამოსახული.

CSEM-ის კვლევაში წერია, რომ „რუკის მომზადების მომენტისათვის იერუსალიმში ქართველთა უფლებები უკვე მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, თუმცა მე-13 საუკუნიდან მოყოლებული არაერთი ევროპელი ავტორი იმეორებს იერუსალიმში ქართველთა შესვლის პრივილეგირებული უფლების შესახებ.

რუკის გამოცემამდე რამდენიმე წლით ადრე ქართველთა დასახასიათებლად იგივე ფაქტი აქვთ მოყვანილი ფრანგ გეოგრაფებს პიერ დიუვალს (1619-1683) და ფეროტე დე ლა კრუას (1640-1715)”.

 

  • ყურძნის კრეფის სცენა იმერეთში – გრავიურა ნიკოლა დე ფერის აზიის რუკაზე, ფრაგმენტი

რუკაზე საქართველოს აღწერისას რამდენიმე ადგილას ნახსენებია მეღვინეობის კულტურის განვითარებაზე. გლეხების მიერ ყურძნის კრეფის სცენა კი გამოყენებულია იმერეთის საილუსტრაციოდ.

 

  • ერთ გრავიურაზე გამოსახულია სარკეში მოცქირალი ქართველი ქალი

 

გრავიურების წარწერებში აღნიშნულია, რომ ქართველი ქალები ლამაზები არიან, კაცები კი ბრძოლისუნარიანები, თუმცა ცნობილი არიან თავიანთი უხეშობით.

 

  • სამეგრელოს საილუსტრაციო გრავიურაზე ადამიანებით ვაჭრობის ეს მანკიერი გამოცდილებაა ასახულია: ნავში გასაყიდი ყმები სხედან და იქვეა მათი ბატონი.

ამ დილით ბათუმში, ავტომანქანაზე ოთხივე საბურავი მომიხსნეს – მოქალაქე

მოქალაქე დარინა ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღეს, 6 მარტს, მისი პირადი ავტომობილი გაძარცული დახვდა. ავტომანქანაზე ოთხივე საბურავი მოხსნილია.

„დავით მიქელაძის ქუჩაზე, კერძო სახლის წინ მეყენა ავტომობილი, რადგან საპარკინგე ადგილი ყოველთვის დაკავებულია, ჩემს კორპუსს კი არც შიდა ეზო აქვს და არც შიდა პარკინგი. ყოველთვის კორპუსის წინ ვაყენებდი ხოლმე ავტომანქანას და ამის გამო ყოველდღე 10-ლარიანი ჯარიმა მომდიოდა.

თვეში 120 ლარიც კი გადამიხდია ამის გამო. ახლა დავაყენე უკანა ჩიხში და აი, ასეთი შედეგი დადგა.

დილით, დაახლოებით 12:00 საათისთვის ბავშვთან ერთად მივედი ავტომობილთან და დამხვდა ამ მდგომარეობაში. ოთხივე საბურავი მოხსნილი აქვს მანქანას“, – გვეუბნება დარინა ვარშანიძე.

ქალის თქმით, ქურდობის შესახებ პოლიციასაც აცნობა.

„დავრეკე 112-ში, მოვიდნენ გადაიღეს ფოტოები, გამომკითხეს განყოფილებაში და ველოდები მათგან რეაგირებას“, – ამბობს დარინა.

დარინა ვარშანიძის თქმით, კერძო სახლზეა ვიდეოსათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და იმედი აქვს, რომ ამ პირების იდენტიფიცირება მოხდება.

„ფაქტია, რომ ქურდებმა პატარა ბავშვთან ერთად დამტოვეს ქუჩაში, მანქანის გარეშე. ალბათ სხვა ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ არ აღმოჩნდნენ  მსგავს მდგომარეობაში“, – ამბობს დარინა ვარშანიძე.

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ“ – არუნ ხათრის ცხოვრება საქართველოში

არუნ ხათრი საქართველოში 11 წლის წინ სკაიპით გაცნობილი გოგოს, თამთას სანახავად ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს შესახებ არც კი გაეგო. იცოდა, რომ არსებობდა ჯორჯია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა კი კიდევ ერთი ჯორჯია, საქართველო აღმოაჩენინა.

ინტერნეტით კომუნიკაცია 3-4 თვე გაგრძელდა, თამთა ინდური კულტურით იყო დაინტერესებული და მეტის გასაგებად, უშუალო კონტაქტების საპოვნელად, სკაიპში სახელით „არუნ“, ადამიანი შემთხვევითობის პრინციპით მოძებნა. ასე გაიცნო თამთამ არუნი, ხოლო არუნმა თამთა.

„2010 წელი იყო. ონლაინ ვმუშაობდი და სკაიპს ვიყენებდი, მაშინ ფეისბუქი არ იყო პოპულარული. ჩემს მეუღლეს აინტერესებდა ინდური კულტურა. ჩაწერა ჩემი სახელი, რომ მოეძებნა ადამიანები მეტი კომუნიკაციისთვის, უშუალო კონტაქტისთვის. პირველი მე გამოვჩნდი და დავიწყეთ ლაპარაკი. შემდეგ მის სანახავად საქართველოში ჩამოვედი“, – გვიყვება არუნი.

არუნის საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე თამთამ და არუნმა დაოჯახება გადაწყვიტეს.

„თამთა უკვე ჩემი შეყვარებული იყო, როცა ჩამოვედი. ეს ჩემს მშობლებსაც ვუთხარი, მის სანახავად მივდივარ და შეიძლება დავქორწინდე-მეთქი. დედა ძალიან ფრთხილია. მითხრა, ეს შენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ჩავერევით, შენ უნდა იყო ბედნიერი, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო. თამთას მშობლებსაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ“, – იხსენებს არუნი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს.

საქართველოში არუნმა აღმოაჩინა, რომ მის სამშობლოს საქართველოსთან საერთო ბევრი აქვს:

„აქ უფრო დასავლეთის კულტურას ველოდი. ევროპასთან ახლოს მოვედი, მაგრამ კულტურაში ბევრი რამ არის ნაცნობი ჩემთვის. ოჯახების, ნათესავების პატივისცემა, სამზარეულოში, ენაში ბევრ მსგავსებას ვხედავ. ინდოეთში მეტი ცხოვრობს გაერთიანებულ ოჯახებში. აქაც ასეა. ვნახე, რომ აქაც იგივეა, ნათესავების და მეგობრების პატივისცემა. ამიტომ არ იყო რთული ჩემთვის ახალ კულტურაში შემოსვლა.“

არუნი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი გაიჩინა, ეს კი ენის შესწავლამ განაპირობა:

„დაქორწინებიდან მალევე დავიწყე ენის სწავლა, მეუღლემ მასწავლა ქართული. როგორც კი ენა ვისწავლე, გაიოლდა ჩემთვის მოგზაურობა – ვმოგზაურობდი, ადამიანებს ველაპარაკებოდი. ჩემთვის ძალიან ადვილი იყო ახალ ადამიანებთან დამეგობრება. არ მახსენდება ვინმე ცუდად შემხვედროდა. ცუდი არაფერი მახსენდება. შეიძლება ენა რომ ვიცი მაგიტომ. როცა ენა არ იცი, ვერ გააგებინებ ადამიანს თუ რა გინდა, რა გაქვს გულში, შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს.“

თამთას და არუნს ორი შვილი ჰყავთ – ანა და მარია.


არუნი ოჯახთან ერთად

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ. ორივე ენა იციან, მაგრამ რადგან აქ ვცხოვრობთ, უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ქართველები არიან. იქაც ჩადიან, ზაფხულობით ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოდიან.“

არუნი აიურვედას სპეციალისტია, ეს იგივეა, რაც სახალხო მედიცინა. არუნის თქმით, აიურვედას სპეციალისტი რომ გახდე უნდა ისწავლო, ისევე როგორც უნდა ისწავლო, რომ ექიმი გახდე:

„ჩვეულებრივად, უმაღლესი უნდა დაამთავრო, დიპლომი აიღო. ჯერ სერტიფიკატია და შემდეგ დიპლომი. მაგრამ ამ შემთხვევაში, სიტყვას – „ექიმი“, ვერ გამოვიყენებთ, ასე არ არის. თუმცა, მკურნალია ჩვეულებრივად. მეთოდი ამ შემთხვევაში არის უფრო ბუნებრივი. რაც ბუნებამ მოგვცა ირგვლივ, რა არის კარგი, რა არა მაგის ცოდნა, არის აიურვედა. ინდოეთში ვინც ენდობა, მიდიან აიურვედას სპეციალისტთან, ვინც არ ენდობა, ისინი საავადმყოფოში მიდიან“.

არუნის, როგორც აიურვედას სპეციალისტის ვიდეო-რჩევებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება აქვს, წერენ კომენტარებს, კითხვებს, ითხოვენ რჩევებს სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობა არ არის. არუნის თქმით, ორი უცხოური კომპანიის კონსულტანტად მუშაობს საქართველოდა და ეს არის მისი შემოსავლის წყარო. რაც შეეხება აიურვედას, ამ მიმართულებით მოხალისეობრივად მუშაობს.

„არ მეგონა თუ ამხელა ინტერესი იქნებოდა, ბევრჯერ მიფიქრია აიურვედა, იოგა, მედიტაცია – გამეზიარებინა ეს ცოდნა სხვებისთვის, მაგრამ არ მეგონა თუ ინტერესს გამოიწვევდა. შემდეგ ორი ვიდეო გავაკეთე და დაინტერესების გამო გაგრძელება გადავწყვიტე. აიურვედას უკუჩვენება არ აქვს, შეიძლება რაღაცამ არ იმუშაოს, მაგრამ უკუშედეგი არ ექნება“.

ჩვეულებრივ მედიცინას არუნი „ახალგაზრდა მედიცინას“ უწოდებს. აიურვედაა კი „ძველ ხალხურ მედიცინას.“

არუნს სწორ კვებაზე და ქართულ სამზარეულოზეც ვკითხეთ:

„ქართულ სუფრაზე ყველაფერია და ძალიან გემრიელია. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ უნდა ჭამოს. პირველად რა უნდა ჭამო, შემდეგ რა და წყალი როდის უნდა მიაყოლო. რასთან რა შეიძლება, რა არ შეიძლება.

ბევრი ისეთი საჭმელია, რომლებიც ერთად არ შეიძლება, მაგრამ ჭამენ. გემრიელია კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი გადამუშავებაშია სულ და შემდეგ ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდასაც მხოლოდ ჭამის გამო.

ქართველები გენეტიკურად ძლიერები არიან, ამიტომ პრობლემები არ უნდა იყოს. საჭმელი სუფთაა და კარგია. ამერიკულ რესტორნებში ჰამბურგერების სურათებს იღებენ და დებენ. ეს არ არის კარგად ყოფნა. როცა იქნებით ჯანმრთელად, აი ეს არის სიამოვნება“.

მათ, ვინც ამბობს, რომ დრო არ აქვს ჯანსაღი ცხოვრებისთვის, არუნი ურჩევს, თუ ვერ ივარჯიშებენ, სწორად მაინც იკვებონ:

„70 პროცენტი არის კვება. თუ დრო არ გაქვს, რომ ივარჯიშო, სწორად მაინც უნდა იკვებო. თუ ადამიანი იკვებება სწორად, რაც არ უნდა რთული სამუშაო ჰქონდეს, სწორად კვება შეუძლია ადამიანს. არავინ არ გაძალებს, რომ სამსახურში ნამცხვარი ჭამო. გუშინ ჩემ ახლობელს დაბადების დღე ჰქონდა და მე ნამცხვარი არ ვჭამე. არავინ არაფერს გაძლებს, უნდა იკვებო სწორად, სახლიდან უნდა წაიღო საჭმელი.“


არუნი შვილებთან ერთად

არუნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა კვებაზე, სკოლაში კვებაზე და ურჩევს მშობლებს ბავშვებს სახლში მომზადებული საჭმელი გაატანონ სკოლაში:

„ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, გთხოვთ ეს აუცილებლად დაწერეთ. ინდოეთში კანონია, როცა ბავშვი სკოლაში მიდის, დედა ფულს კი არ აძლევს, რომ საჭმელი იყიდოს, ატანს სახლში გამზადებულ საჭმელს. მეც ვიყიდე აქ პატარა ქვაბი და გავატანე საჭმელი. თურმე აქ საჭმელს არავინ ატანს სკოლაში და ყველა ბავშვი მიდის ფულით, რომ საჭმელი იყიდოს. მხოლოდ ჩემი ბავშვი ჭამდა სახლიდან წაღებულ საჭმელს. შემდეგ დაიწყო ტირილი – სირცხვილია, არვის არ მოაქვს საჭმელიო.

ეს არ არის სწორი, უნდა გაატანო საჭმელი. რაც არ უნდა სუფთა ადგილზე იყიდო გარეთ, მაინც არ იქნება ეს ის საჭმელი, რაც შენს თვალწინ არის გაკეთებული. ბავშვი ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ ტკბილეულს და ცომეულს შეჭამს. შემდეგ უკვე თინეიჯერობის ასაკიდან დაიწყება პრობლემები. მშობლებმა ბავშვობიდან უნდა ასწავლონ ბავშვებს, რა შეუძლია შაქარს გააფუჭოს ორგანიზმში. ეს უნდა ელაპარაკო ბავშვებს“.

ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო

ხვალ, 7 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც გადაწყდება ბათუმში არსებული კიდევ ერთი ძეგლის ბედი. მომჩივანი მესაკუთრე მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული „ფანდეევის სახლის“ ერთი ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს სამშენებლო მიზნებისთვის. აქ მაღლივი კორპუსის ჩადგმის შესაძლებლობას გამორიცხავს ნინო ინაიშვილი – ძეგლების დამცველი აქტივისტი და „ბათომის“ დამფუძნებელი.

ნინო ინაიშვილს ვთხოვეთ, შეაფასოს, რა ღირებულებას დაკარგავს ბათუმი, თუ გადაწყდება, რომ ერთსართულიან შენობას მემედ აბაშიძის #44-ში მოუხსნან ძეგლის სტატუსი:

ისტორიულად, ფუნქციურად და ისტორიული დოკუმენტებითაც მტკიცდება, რომ მემედ აბაშიძის #44-სა და ლუკა ასათიანის #15-ის კუთხეში მდებარე ერთსართულიანი ნაგებობა ერთი შენობა იყო. შენობა ეკუთვნოდა ბათუმელ კომერსანტ ნიკოლოზ ფანდეევს, რომელსაც აქ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტები.

ეს არის ერთ დროს აგებული სამსართულიანი და ერთსართულიანი ერთი შენობა. მემკვიდრეობის დაცვის პრინციპი ითვალისწინებს ძეგლის მთლიანობის დაცვას. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ჩვენი კანონიც უზრუნველყოფს, რომ ძეგლთან ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული ნაწილები უნდა დაიცვა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი – იმდენად ნათელია.

ახლა კი რა ხდება – კერძო სამშენებლო კომპანიამ წამოიწყო სასამართლო დავა, რომლის მიზანია, ამ ერთსართულიან ნაგებობას მოუხსნას ძეგლის სტატუსი და მშენებლობისთვის გამოათავისუფლოს ადგილი. ეს არის აბსოლუტურად უკანონო, აბსურდული და უპრეცედენტო შემთხვევა, უბრალოდ, თავგასულობა.

ეს ხდება ბათუში, მემედ აბაშიძის გამზირზე, [ყოფილი] მარინსკის პროსპექტზე, რომელიც ბათუმის გულში მდებარეობს და გამორჩეულია ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ხასიათით, მასშტაბით, მაღალმხატვრული ღირებულებების ნაგებობათა სიმრავლით. ეს განაშენიანება ჰომოგენურია, ამიტომ ეს უნდა იყოს მთლიანობაში განხილული, როგორც „ქუჩა ძეგლი“. შესაბამისად, მის ურბანულ ქსოვილში ასეთი ჩარევა დაუშვებელია.

მისი ურბანული ქსოვილის განადგურდება და  უხეში ჩარევები 2009 წლიდან დაიწყო – იყო „ფოსტის შენობა“, შემდეგ „აფთიაქის შენობა“ და ამ ნაგებობისთვის შეუფერებელი ფუნქციის მქონე დანიშნულების დაწესებულების გახსნა. ფოსტის შენობისთვის შეუსაბამოა სასტუმრო, რადგან ის იყო საზოგადოებრივი ნაგებობა; ასევეა აფთიაქის შენობაც. იქეთ ბანკის სრულიად არაჩვეულებრივი შენობაც სასტუმროდ იქცა.

ამ ქუჩამ მთლიანობაში იცვალა სახე, ახლა კი აქეთ წამოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ აქაც შეიძლება ადგილის გამოთავისუფლება. აქ იმ მოცულობისა და მასშტაბის შენობის დადგმა ურბანულად და არქიტექტორული თვალსაზრისით დაუშვებელია.

ესენი არც მალავენ, რომ ტერიტორია სჭირდებათ მშენებლობისთვის და გადაწყვიტეს, რომ დაანგრიონ ერთსართულიანი შენობა, რომელიც სამსართულიანი სახლის ნაწილია ანუ ძეგლის მთლიანობა დაარღვიონ. ეს დაუშვებელია.

ამ ერთსართულიან ნაგებობას ძეგლის სტატუსი ცალკე იმიტომ მიენიჭა, რომ თავის დროზე არასწორად იქნა აღქმული და მხოლოდ სამსართულიან შენობას მიენიჭა სტატუსი. თუმცა რომც არ იყოს ერთიანი შენობა, რასაც ადასტურებს ამ შენობის მომიჯნავე კედელში გაჭრილი კარი, რომელიც ავთენტურია და ყველაზე ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება, სამსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გვერდით, მისი ინდივიდუალური დაცვის არეალში [გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე ვიზუალურ დაცვის არეალს], ყოვლად დაუშვებელია 9 თუ მეტსართულიანი კორპუსის აგება, რასაც ესენი აპირებენ.

მით უფრო, დამატებით კვლევებითაც გაირკვა, რომ ეს არის ერთიანი შენობა და არ შეიძლება მისი ნაწილის დანგრევა გამართლებული იყოს.

მე მაკვირვებს სასამართლოს გადაწყვეტილება – რასაკვირველია, მას არ აქვს უფლება, რომ ძეგლს მოუხსნას სტატუსი, ეს უნდა გააკეთოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მაგრამ სასამართლომ შეაჩერა ძეგლის სტატუსი და სააგენტოს უკან დაუბრუნა, რომ თავიდან განიხილოს ეს საკითხი.

სააგენტოს კომისიას ჰქონდა ხანგრძლივი პერიოდი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. შეამოწმეს საბუთები და დაადგინეს, რომ შენობას ეკუთვნის ძეგლის სტატუსი.

ჩვენთან, სამწუხაროდ, დააწერინებენ ვიღაც ხელოვნებათმცოდნეს დასკვნას, რომ – „კი, შეიძლება სამსართულიანი ძეგლის გვერდით 9-სართულიანის კორპუსის აგება და ის მის იერს-სახეს არ დააკნინებს“. აი, ასეთი ხელოვნებათმცოდნეების დასკვნის საფუძველზე ხდება შემდეგ მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სააგენტოს 9-წევრიანი კომისია დაკომპლექტებულია კომპეტენტური არქიტექტორებით და ხელოვნებათმცოდნეებით. წარმოუდგენელია, სასამართლოს მიერ მათი მოსაზრებები უგულებელყო სამშენებლო კომპანიებთან შეკრული ერთი პირის, თვითმარქვია ხელოვნებათმცოდნის,  ალა პროზოროვას [ის არქიტექტორია, მაგრამ ეტყობა ამით ფულს ვეღარ შოულობს] დასკვნის საფუძველზე.

  • სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად, თუმცა ეროვნული სააგენტოს კომისიას შეუძლია იმსჯელოს და ისევ დაადასტუროს, რომ ეს შენობა არის ძეგლი, ხომ?

რა თქმა უნდა, იმსჯელებს, მაგრამ ამ დონემდე რომ ვერ ვიცავთ ძეგლებს და როცა, აი, ასეთი სასამართლო პროცესებიც იმართება… აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, რომ სასამართლომ ასეთი არაკომპეტენტური, უსამართლო გადაწყვეტილებით ზედმეტი საფრთხის ქვეშ დააყენოს ძეგლი. ძალიან კარგად ვიცით, რისთვის სჭირდება სამშენებლო კომპანიას შენობისთვის სტატუსის მოხსნა – ერთი კაცის მოსაზრებამ როგორ უნდა გადაწონოს კომისიის მოსაზრება.

ნინო ინაიშვილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ჩემთვის წარმოუდგენელია ვერ დაინახოს მოსამართლემ ეს საფრთხე. ხვალ არის ჩანიშნული სხდომა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ნდობა სასამართლოს მიმართ ძალიან დაბალია საზოგადოებაში. ამიტომ ვშიშობ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩანს, ძალიან დიდი კორუფციული სქემები მუშაობს.

ეს ბათუმისთვის იქნება ძალიან დიდი დანაკარგი. ამ ქუჩის, მისი ისტორიული განაშენიანების, მასშტაბის რღვევა იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. ბათუმი უკვე დგას ამის წინაშე, რომ საერთოდ დაკარგოს იდენტობა, რაც ისტორიული ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

ბათუმში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ისტორიული განაშენიანებისა და ურბანული ქსოვილის რღვევა და ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი საქციელი. კიდევ კარგი, რომ ძეგლის სტატუსი აქვს ამ შენობას, მაგრამ, ამის მიუხედავად, საფრთხის წინაშე მაინც აღმოჩნდა.

  • მშენებელი კომპანია უკვე დიდი ხანია იბრძვის თავისი მიზნის მისაღწევად, ამაში ხარჯავს თანხებს და დროს. ამხელა ძალისხმევას იღებენ, როცა ასეთი ძლიერი წინააღმდეგობა ხვდებათ ქალაქისგან. რა ამოძრავებთ მათ? 

მათი მოტივაციაა ამ ადგილას კორპუსის აშენებით დიდი ფული ნახონ ერთჯერადად. მაგრამ ქალაქი ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს კომერციული ორგანიზაციის გამო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამით ფული გააკეთოს.

დღეს ფული მარტო სამშენებლო ბიზნესში კეთდება, მეტი არაფერი მუშაობს საქართველოში და ამათ გადაწყვიტეს, რომ ფული აკეთონ.

_____

2022 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთსართულიანი შენობა მემედ აბაშიძის #44-ში შპს „ელიტურ სახლს“ ეკუთვნის. კომპანიის 50/50 პროცენტს ბესიკ თავდგირიძე და ჯუმბერ მოწყობილი ფლობენ.  მთლიანობაში ერთსართულიანი შენობის ფართობი 283 კვ.მეტრია. კომპანია სასამართლოსგან მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას ელოდება.

აქ ნახეთ დეტალები „ფანდეევის სახლთან“ დაკავშირებით: ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

განათლების მინისტრი ფეშენებელურ სახლს იშენებს

განათლების მინისტრის შვილები სავარაუდოდ კვლავ კერძო სკოლაში სწავლობენ, რადგან მინისტრის 2024 წლის და წინა დეკლარაციებში, შვილების სწავლის საფასურია მითითებული. დეკლარაციის თანახმად, გიორგი ამილახვრის შვილები სასკოლო ასაკის არიან.

მინისტრ ამილახვრის ერთი შვილის სწავლის საფასური 25 000 ლარია, მეორე შვილის კი 5 900 დოლარი.

ბოლო დეკლარაციებში არ იცვლება განათლების მინისტრისა და მისი მეუღლის მოგზაურობის და ტანსაცმლის შეძენაზე დახარჯული თანხებიც.

მაგალითად, გიორგი ამილახვარი 2022 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერდა, რომ მოგზაურობაზე 30 ათასი ლარი დახარჯა.

მისმა მეუღლემ კი 40 ათასი ლარი.

ამავე წელს ამილახვარი წერს, რომ ტანსაცმლის შეძენაზე მეუღლესთან ერთად ჯამურად 50 ათასი ლარი დახარჯა.

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ამილახვარი მოგზაურობაზე 25 ათას ლარს ხარჯავს, ტანსაცმლის შეძენაზე კი 20 ათას ლარს (20 ათასს მისი მეუღლე).

შვილის სწავლაში გადახდილი თანხები ოდენობა არც ამ წელს იცვლება.

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ამილახვარმა მოგზაურობაში კვლავ 20 ათასი ლარი დახარჯა და ტანსაცმლის შეძენაზე კი შედარებით ნაკლები, 20 ათასი ლარი – „თანაბრად, მეუღლესთან ერთად“, როგორ თვითონ წერს.

განათლების მინისტრის ოჯახმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სახლის მშენებელობაზე, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

სახლის მშენებლობისთვის 2 314 კვ.მ მიწა გიორგი ამილახვარმა 2021 წელს შეიძინა სოფელ შინდისში, ჭონქაძის ქუჩაზე, რომლის 100%-იანი მფლობელიც თავადაა. აღნიშნულ მიწაში ამილახვარმა 798 000 ლარი გადაიხადა.

გიორგი ამილახვარის მშენებარე სახლი.

ამ მიწაზე ამილახვარი სამსართულიან ფეშენებელურ სახლს იშენებს, აუზით, გამწვანებული ეზოთი და სპორტული მოედნით. მშენებლობის ნებართვა 2022 წელს არის გაცემული.

შეთანხმებული პროექტის მიხედვით განაშენიანების ფართობი 1677.7 კვ.მეტრია. საერთო ფართობი 1440.7 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართობი 913.9 კვ.მეტრი, ამას მოყვება საზაფხულო ფართობი, აუზი და ფართობი მიწის ქვეშ.

პროექტის მიხედვით შენობის დამხმარე ფართობში განთავსდება  დამხმარე ფართობი, საუნა, სპორტული აქტივობის სივრცე ტერასით და აუზით.

კოსტრუქციულად შენობა გადაწყვეტილია რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის კონსტრუქციული სისტემით. შენობას ექნება ფართო ვიტრაჟები, კედლები უნდა მოპირკეთდეს დეკორატიული ბეტონის ფაქტურით, ასევე ნაწილობრივ მოპირკეთდეს საფასადე კერამიკული ქვით.

პროექტი ითვალისწინებს პარკინგის ადგილს და გამწვანებას.

ამილახვარის სახლის პროექტი

2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახლის მშენებლობაზე ჯერ 350 000 ლარი დაიხარჯა, 2024 წლის დეკლარაციით კი 550 000 ლარი, რომელიც მისი მეუღლის, ნინო წერეთლის ხარჯებშია გასული. სახლი ჯერ არ დასრულებულა.

რაც შეეხება სხვა ხარჯს, განათლების მინისტრმა წინა წელს შემოსავლის სახით ასი ათასამდე ლარი მიიღო კომპანიებიდან – „ნიმი 1“ და „ნიმი 2“. ამ კომპანიებში მინისტრი მეწილედ ფიქსირდება.

მეუღლის და მინისტრის მამის კომპანიებსაც ასი ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ მთლიანობაში მიღებული.

დეკლარაციების მიხედვით, განათლების მინისტრის მეუღლე ძვირფასი სამკაულების მოყვარულია. 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, მან 9 700 ევრო აქსესუარებში დახარჯა. აქედან 5500 ევრო კი ერთ სამკაულში გადაიხადა.

2022 წელს ძვირადღირებული საათი 9 700 ევროდ გიორგი ამილახვარმაც შეიძინა.

ამავე წელს მისმა მეუღლემ საათსა და ერთ ბეჭედში 8 100 ევრო დახარჯა.

2023 წელს ამილახვარს ანტიკვარული ავეჯი და საათი აჩუქეს, თუმცა მათი ღირებულება მინისტრს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

განათლების მინისტრის და მისი მეუღლის სახელზე არაერთი ძვირადღირებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღეს ბათუმსა და აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია
ღრუბლიანი ამინდი. ზოგან წვიმა. მთაში თოვლჭყაპი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წამში, ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 მარტს ღამით ყველგან, ხოლო დღისით ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მომდევნო ორ დღეს – 9 და 10 მარტს კი, უმეტესად
იქნება უნალექო ამინდი.

მესტიის 13 საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატები არ ჰყავთ – ახალი კონკურსი

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 10 მარტს დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე, პირველისგან განსხვავებით, დირექტორობის მსურველთა რაოდენობა გასამმაგდა და მთლიანობაში კონკურსზე 4641 მსურველი დარეგისტრირდა.

ამის მიუხედავად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მესტიაში, სადაც სულ 22 სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული და აქედან რვა სკოლაშია მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი წარდგენილი, 13 სკოლაში კი არც ერთი კანდიდატი არაა წარდგენილი.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა, ნაწილმა სასამართლოსაც კი მიმართა გასაუბრების შედეგების გასაუქმებლად.

2023 წელს გამოცხადებული კონკურსის დროს განათლების სამინისტრომ სერტიფიცირებული კანდიდატებიც კი არ წარადგინა მათ მიერ არჩეულ საჯარო სკოლებში.

სკოლების გარკვეულ ნაწილში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ ჩატარდა, უმრავლესობა კი კანდიდატის გარეშე დარჩა.

განათლების სამინისტრომ კანდიდატების პროტესტის ფონზე, სკოლის დირექტორობის კონკურსი მეორედ გამოაცხადა.

აჭარაში სულ 129 საჯარო სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული.

ბათუმში კონკურსი გამოცხადებულია 9 საჯარო სკოლაში. ყველაზე მეტი – 19 კანდიდატია წარდგენილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში.

  • 18 კანდიდატი – ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში
  • 15 კანდიდატი – მე-18 სკოლაში
  • 17 კანდიდატი – 25-ე სკოლაში
  • 14 კანდიდატი – მე-11 სკოლაში
  • 11 კანდიდატი – მე-17 სკოლაში

მუნიციპალიტეტების მიხედვით:

  • ქედაში – 21 სკოლაში
  • შუახეში – 36 სკოლაში
  • ხულოში -12 სკოლაში
  • ქობულეთში – 32 სკოლაში
  • ხელვაჩაურში – 19 სკოლაში

ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების სკოლებში შედარებით ნაკლები კანდიდატებია წარდგენილი, თუმცა პირველი კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად კანდიდატთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ამის მიუხედავად, ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის მესტიაში, სადაც სულ 22 სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული.

ამ დროისთვის ვაკანსია 1221 სკოლაშია გამოცხადებული.

დირექტორი წალკაში, რომელმაც კლასები აკურთხა, სამინისტრომ გააფრთხილა

წალკაში, სოფელ არწივანის საჯარო სკოლის დირექტორი ფრიდონ დავითაძე კლასების კურთხევის გამო სამინისტრომ მხოლოდ გააფრთხილა.

„შიდა აუდიტმა და განათლების სამინისტრომ მისცა გაფრთხილება დირექტორს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ეს ადამიანი არც ყოფილა დირექტორი, მოვალეობის შემსრულებელი იყო. ახლა გამოცხადდა კონკურსი და მონაწილეობას აღარ იღებს ეს ადამიანი“, – ამბობს წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არსენ ჯმუხაძე „ბათუმელებთან“.

სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში კლასები სასწავლო პროცესის დროს აკურთხეს, რაც სკოლის ზოგიერთმა მასწავლებელმა გააპროტესტა.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“

საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები განათლების სამინისტრომ უკვე მეორედ გამოაცხადა. მეორე ეტაპზე არწევანის საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოხატა.

სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს. თუ სამეურვეო საბჭო ორჯერ ვერ შეძლებს სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან რომელიმეს არჩევას, დირექტორს სამინისტრო დანიშნავს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 420 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 6 678 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 12 728 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 10 308 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 008 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 701 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 921 ერთეული [+58]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 918 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 479 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 1 642 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 576 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 440 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 481 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 377 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 234 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 309 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 415 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დაზვერვა: განადგურებულია რუსეთის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვითხოვთ ტარიფის გაზრდას“ – კიდევ რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები ბათუმში

„ვითხოვთ მომსახურების ტარიფების გაზრდას და საკომისიოების შემცირებას“, – ძირითადად ამ ორი მოთხოვნით ტაქსის მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია ისევ მოაწყვეს. ტაქსის მძღოლები აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. ტაქსის მძღოლები გაფიცვას აპირებენ, თუ მათ მოთხოვნებს დამსაქმებლები არ შეასრულებენ.

„ბათუმელები“ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ დაუკავშირდა ტაქსის აპლიკაციის მესაკუთრეებს. „მაქსიმში“ გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან, თუმცა კომპანიაში საბოლოოდ კომენტარი არ გააკეთეს, „იანდექსის“ ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, კომპანია ამ საპროტესტო აქციაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ბოლტში“ კი განმარტეს, რომ „სერვისის მიმწოდებელი ელექტრონული პლატფორმა Bolt მგზავრებს და მძღოლებს ეხმარება ერთმანეთთან დაკავშირებაში, მძღოლები რეგისტრაციისას ეცნობიან წესებსა და პირობებს, სწორედ ამის საფუძველზე ისინი ოპერირებენ, როგორც პარტნიორი მძღოლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ყველა და ყოველი მძღოლი რეგისტრაციისას ეცნობა ინფორმაციას Bolt-სა და მათ შორის ურთიერთობის რეგულირების შესახებ. საკომისიოს ცვლილება/გაზრდა Bolt-ის პარტნიორი მძღოლებისთვის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არ მომხდარა,“ – მოგვწერეს „ბოლტიდან“.

ტაქსის მძღოლები ბათუმში დღეს, 5 მარტს, ახალ ბულვარში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ყველაფრის ფასი გაძვირდა, მათ კი დაბალი ტარიფებით უწევთ მუშაობა. მძღოლები შენიშნავენ იმას, რომ ტაქსის დაბალი ტარიფების მიუხედავად, დამსაქმებლის შემოსავლები მაღალი საკომისიოებით იზრდება.

აქციის მონაწილეების განმარტავენ, რომ საკუთარი ავტომანქანებით მუშაობენ და ყველა ხარჯი თავად უნდა დაფარონ, მათ შორის, ავტომანქანის დაზიანების, საწვავის.

„ჩაის ფულს თქვენ გიტოვებთო, ესეც გვითხრეს, მაგრამ მგზავრი თუ დამატებით 30 თეთრს დაგიტოვებს, იქ იმდენი ხარჯია: ვინმე არც საბურავის ცვეთას ანგარიშობს და არც იმას, რომ საწვავი ასე გაძვირდა.

საშუალოდ 30 – 50 ლარი მრჩება შემოსავალი დღეში,“ – ამბობს დავით ცეცხლაძე „ბათუმელებთან“.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ გაიფიცებიან, თუ დამსაქმებლები მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ

„სარჩელის შეტანით ვცდილობთ დაუკავშირდეთ დამსაქმებელს. საჭიროა ვიცოდეთ, დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის ადგილი. ოფისში მივდივართ და მენეჯერები გვპასუხობენ, რომ ვერ უპასუხებენ ჩვენ შეკითხვებს,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი. პროფკავშირების დახმარებით რამდენიმე ტაქსის მძღოლმა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

„ეს არის ხარვეზიანი სარჩელი, რადგან მოპასუხე მხარე არაა განსაზღვრული,“ – განმარტავს ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც პროფესიით იურისტია. – „გამოიცემა განჩინება, რომ დადგინდეს მოპასუხის მისამართი და სხვა მონაცემები. ამ განჩინების საფუძველზე მივალთ უკვე ამ ოფისებში, რომ დადგინდეს მოპასუხე,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

მოპასუხეების დადგენის შემთხვევაში ტაქსის მძღოლები დამსაქმებელს შესაბამისი პირობებით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას სასამართლოს გზით მოსთხოვენ.

ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

რატომ ჩნდება პირის ღრუში კისტა და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას

დენტალური ან ოდონტოგენური კისტა არის სითხით სავსე ბუშტუკი ყბის ძვალში ან კბილის ფესვების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, უმკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგიური კისტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მიმდებარე კბილებზე, ძვლის სტრუქტურასა და პირის ღრუს მთლიან კეთილდღეობაზე.

კბილის კისტების სიმპტომებზე, პოტენციურ რისკებზე, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, კლინიკა „ექსპერტალის“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე საუბრობს.

  • ბატონო თენგიზ, რა წარმონაქმნია, რა არის დენტალური/ოდონტოჰენური კისტა?

კისტა არის რბილქსოვილოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ანუ შეიძლება ჰქონდეს თხევადი და ნახევრად თხევადი შიგთავსი. კისტა შეიძლება განვითარდეს როგორც მაგარ ქსოვილებში (ძვალში) ისე რბილ ქსოვილებში( ღრძილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი). 

არსებობს ოდონტოგენური და არაოდონტოგენური წარმოშობის კისტა. ოდონტოგენური არის გარე ფაქტორებით გამოწვეული ანთებითი პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული კისტა და არაოდონტოგენური – ორგანიზმში არსებული ანთებითი პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული კისტა. 

კისტა ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესისგან, რომელიც არის კბილის ფესვის მწვერვალებზე. კბილის ფესვის მწვერვალზე ანთებითი პროცესი შეიძლება გაჩნდეს, პირველ რიგში, კარიესის დაავადების დროს, როცა ნერვთან (პულპასთან) ახლოს მიდის კარიესი, პულპა ნეკროზდება, შემდეგ ეს ნეკროზი გროვდება ფესვის მწვერვალზე და ქრონიკული ანთებითი პროცესის ფონზე (როცა დიდი ხნით არის ანთებითი პროცესი ფესვის მწვერვალზე) ვითარდება კისტა.

კისტა პირის ღრუში ასევე შეიძლება განვითარდეს არასრულფასოვანი და დაუსრულებელი მკურნალობის გამო, ფესვის მწვერვალზე განვითარებული ანთებითი პროცესის შედეგად. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მკურნალობამდე ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვნახოთ არხების რაოდენობა და შევისწავლოთ, როგორია მათი ანატომიური აგებულება, რომ სრულფასოვნად ვიმკურნალოთ.  

თუ ანთებითი პროცესის დრო ტარდება მკურნალობა, აუცილებელია მინიმუმ სამ თვეში რენტგენოლოგიური კონტროლი, რათა გავიგოთ დაექვემდებარა თუ არა პროცესი თერაპიულ მკურნალობას. თუ ანთებითი პროცესი არხის მკურნალობის მიუხედავად დარჩება, მაშინ სამომავლოდ აქ ვითარდება კისტა. 

  • რა ზიანის მოტანა შეუძლია მას?

კისტა მოცულობაში ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ კისტის დიდმა მოცულობამ შეიძლება გამოიწვიოს ყბის ძვლის დეფიციტი ანუ განლევა. ასევე მეზობელ კბილებზე, ფესვებზე გადასვლა და ამ კბილების მორყევა, მათ მიდამოებში ყბის ძვლის განლევა. ეს სამომავლოდ იწვევს ამ კბილების დაკარგვას და ყბის ძვლის დეფორმაციას, რომლის აღდგენაც საბოლოოდ მხოლოდ პროთეზირების გზით არის შესაძლებელი. 

რა დროა საჭირო ქრონიკული ანთებითი პროცესიდან კისტის ჩამოსაყალიბებლად ძნელი სათქმელია, რადგან ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარე ფაქტორებზე, იმუნიტეტზე და სხვ.

Livhospital: მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიური ცისტების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მათმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს ზეწოლა ახლომდებარე სტრუქტურებზე, გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება და კბილებისა და ძვლების პოტენციური დაზიანება.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს? საწყის ეტაპზე ამოცნობას ექვემდებარება?

ნიშნებს რაც შეეხება, ეს არის კბილის ფერის შეცვლა ანუ გამუქება, ან ფესვის მწვერვალთან შემაგრება, ვიზუალურად შესამჩნევი ამობურცულობა და ცხელზე მკვეთრი ტკივილი – ეს სამი ძირითადი მახასიათებელია, რასაც პაციენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება. 

საწყის ეტაპზე კისტის დიაგნოსტირება სიმპტომურად არ ხდება, რადგან თავიდან ანთებითი პროცესია კბილის ფესვის მწვერვალზე და შემდეგ ყალიბდება კისტად. კისტა თავიდან უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. მისი დიაგნოსტირება ხშირად ხდება შემთხვევით, სხვა მიზეზის/გადამოწმების გამო გადაღებულ რენტგენზე; ან როცა დიდ ზომას აღწევს უკვე კისტა, გადადის მეზობელ ფესვებზე და პირის ღრუში შეიმჩნევა ყბის ძვლის დეფორმაცია.

პირის ღრუს კისტების 85 პროცენტში გვხვდება რადიკულური კისტა, რომელიც არის კბილის ფესვიდან გამოწვეული ანთებითი პროცესი. ან კბილის ამოღების შემდგომ დარჩენილი პროცესი რჩება ქრონიკულ პროცესად და გადაიქცევა კისტად. 

  • ბავშვთა ასაკში რამდენად ხშირია ეს პრობლემა?

პირის ღრუს კისტები ყველაზე ხშირად ფორმირდება 20-დან 45 წლამდე ასაკში, ძირითადად როცა კბილები ავადდება კარიესით. კბილი შეიძლება იყოს კარიესული, არ მივაქციოთ ყურადღება, შემდეგ პულპა, ანუ ნერვი დანეკროზდება, ანთებითი პროცესი გაჩნდება და ეს ანთებითი პროცესი გარდაიქმნება კისტად.

შესაძლოა კისტა განვითარდეს ბავშვთა ასაკშიც, ძირითადად ვითარდება სარძევე კბილების არასრულფასოვანი ან დაუსრულებელი მკურნალობის გამო – ზოგჯერ არის ხოლმე მშობელი ფიქრობს, რახან არ სტკივა აღარ საჭიროებს მკურნალობის დასრულებას, რჩება ნახევრად ნამკურნალევი კბილი და იქ ვითარდება კისტები სამომავლოდ. 

  • როგორია პირის ღრუს კისტის მკურნალობა?

პირის ღრუს კისტის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია, ანუ ქირურგიული გზით ხდება – გამოსუფთავდება კისტის გარსი და შიგთავსი, ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში. ამ დეფიციტის აღსადგენად ხშირად ხელოვნური ძვლის დამატებაც არის საჭირო, რომ დეფორმაცია არ დარჩეს ყბის ძვალში. 

პირის ღრუს კისტები ექვემდებარება ოპერაციული გზით მკურნალობას, თუმცა თუ კისტა დიდი ზომისაა და ჰაიმორის წიაღში, ან ზედა ყბაზეა შეზრდილი, ან ქვედა ყბის ნერვთან ღრმად კომპრესიას [დაწოლას] ახდენს ნერვზე, მაშინ ეს ხდება სტაციონარულად ანესთეზიის, ანუ ზოგადი გაუტკივარების ქვეშ… ადგილობრივი ანესთეზიით, სხვა ორგანოებზეც როცა გადასულია, შეუძლებელია ჩარევა.

პატარა ზომის როცა არის კისტები, შესაძლებელია სტომატოლოგიურ კლინიკაში ქირურგმა სტომატოლოგმა ადგილობრივი გაუტკივარებით უმკურნალოს პაციენტს. 

კისტის დიაგნოზის შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობა, რაც ხდება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის გზით. ხშირად კითხულობენ მედიკამენტური მკურნალობის შესახებ, მაგრამ არანაირი მედიკამენტით, არანაირი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით – კისტა არ გაიწოვება. 

თუ ფესვის მწვერვალზეა ეს ანთებითი პროცესი, კბილის შენარჩუნების მიზნით იკვეთება ფესვის მწვერვალი იმ დონზე, რა დონითაც შესულია ამ კისტაში, კისტა თავისუფლდება და კბილს ვინარჩუნებთ.

ქობულეთის შემოვლით გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა გაზზე მუშაობდა.

უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფოტო: კევინ ქართველიშვილმა

ქობულეთში თანამშრომლების ხელფასებს პირად ანგარიშზე ირიცხავდნენ – კიდევ რას წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ორგანიზაციებში, ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის მერის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ პირებთან. შესაბამისად, დამფუძნებლს არ აქვს განსაზღვრული მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა. თუმცა მერიის შპს-ებში ეს დიდ პრობლემად არ მიიჩნიეს, ასე უფრო მარტივად შეძლეს თავად გაეზარდათ საკუთარი ხელფასები.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლებში [აუდიტის პერიოდში] ქობულეთის მერიის შპს-ებში გამოვლინდა ხელფასების შეუთანხმებლად ზრდის ფაქტები. ამის გამო იურიდიული პირების ხელმძღვანელებზე, ხელფასის სახით, დამატებით 5 865 ლარია გაცემული.

შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგების შესაბამისად, აუდიტმა გაიანგარიშა დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვისა და გაცემის მდგომარეობა. დადგინდა, რომ 2017-2022 წლებში თანამშრომელზე ხელფასის სახით გაცემულია 260 139 ლარით მეტი, ხოლო 92 თანამშრომელზე – 129 505 ლარით ნაკლები.

ეს თანხები დავალიანების სახით არ არის აღრიცხული.

გარდა ამისა, საბანკო ტრანზაქციების შესაბამისად, 2017-2022 წლებში პრემიის სახით გაცემულია 96 688 ლარი. პრემიის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემულია დირექტორის ბრძანებები, თუმცა მათი არგუმენტების დოკუმენტური დადასტურება აუდიტს ვერ წარუდგინეს.

აუდიტი ასევე წერს, რომ მერიის შპს-ებში არ წარმოებდა სამუშაო დროის აღრიცხვა, რის გამოც არ მიეცა ხელფასის ხარჯისა და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შედარების შესაძლებლობა. აუდიტი წერს, რომ შესაბამისი მასალები პროკურატურაში გადააგზავნეს.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც აუდიტი ამახვილებს ყურადღებას, ეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციაში ორ თანამდებობაზე სრული განაკვეთით მუშაობაა.

კერძოდ, აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში 26 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებამ 2021-2022 წლებში 148 195 ლარი შეადგინა, პარალელურად მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებების თანამშრომლებადაც ფიქსირდებოდნენ, სადაც ანაზღაურების სახით 137 202 ლარი აქვთ მიღებული.

აუდიტი წერს, რომ  „ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით.“

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად აუდიტმა გამოავლინა ასევე, რომ რიგი თანამშრომლების ხელფასები, სულ 2 249 ლარი, არასწორად გადაერიცხათ სხვა თანამშრომლებს. არასწორად გადარიცხული ხელფასები თანამშრომლებს შორის პირადი ანგარიშსწორებით დარეგულირდა და მათი სათანადო აღრიცხვა არ განხორციელებულა.

აუდიტი ასევე წერს, რომ ქობულეთში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა.

გამოვლინდა შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემისა და 24 122 ლარის მითვისების ფაქტები. ეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

აუდიტს პროკურატურაში გადაუგზავნია შპს „ქობულეთის სანდასუფთავების“ მასალებიც. ეს ორგანიზაცია ქობულეთის ბიუჯეტიდან „სუბსიდიის“ მუხლით ფინანსდება.

აუდიტი წერს, რომ  ორგანიზაციის 2021 წლის საკასო ხარჯი 2 მილიონ  630 279 ლარს, ხოლო 2022 წლის საკასო ხარჯი – 3 მილიონ 451 523 ლარს შეადგენს.

„ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვისთვის საჭირო მონაცემების არასწორად მითითების შედეგად, უკანონოდ გაიხარჯა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი 24 112 ლარი.

კერძოდ:

წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ − ქობულეთის სანდასუფთავების ბუღალტერი საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას, თანამშრომლების ხელფასებისა და მომსახურე ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების ნაცვლად, მიუთითებდა საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგად 28 შემთხვევაში მის ანგარიშზე უკანონოდ ჩაირიცხა ბიუჯეტის კუთვნილი 24 112 ლარი.

აუდიტი ხაზგასმით წერს ასევე, რომ ეს ორგანიზაციები დაკისრებულ მოვალეობა თავს ვერ ართმევდნენ, ვერც ბიუჯეტის თანხას განკარგავენ ეფექტურად და ვერც მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახერხებენ.

მაგალითად:

აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ქობულეთის წყალს“ 22 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასმელი წყლის მომხმარებლად რეგისტრირებული ჰყავდა სულ 7 898 აბონენტი.

წყალმომარაგება-წყალარინების მომსახურების ღირებულების დარიცხვისა და გადახდის მდგომარეობის ანალიზით აუდიტმა დაადგინა, რომ 153 შემთხვევაში კომერციული სტრუქტურების მიერ გადასახდელი თანხის გაანგარიშების მიზნით გამოყენებულია ტარიფი 1 კუბ.მ-ზე – 1,7 ლარი, მაშინ როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის №38 დადგენილების შესაბამისად, კომერციული ობიექტებისათვის წყალმომარაგება- წყალსარინების მომსახურების ტარიფი 1 კუბ.მ-ზე 4 ლარით განისაზღვრება.

აუდიტი განმარტავს, რომ მოხმარებული წყლის რაოდენობის გათვალისწინებით, ზემოთ მითითებულ აბონენტებს  92 616 ლარით ნაკლები თანხის გადახდა დაეკისრათ.

პასუხისმგებელი პირების განმარტებით, დანაკლისი განპირობებულია იმით, რომ შესაბამისი აბონენტები კანალიზაციის სისტემას [წყალარინებს] არ იყენებენ, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი.

„გეი მეგობრები მყავს“ – რა „ცოდვაზე“ ლაპარაკობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას ეძახის პროპაგანდას

„ქართული ოცნების“ ინიციატივაზე მიიღოს ჰომოფობიური კანონპროექტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ კომენტარისას მსგავსი რამ თქვა: „მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული – ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს“.

რა ცოდვაზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას მიიჩნევს პროპაგანდად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ცოტნე ანანიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ცოტნე, რა ცოდვაზე საუბრობდით, ვის მიიჩნევთ ცოდვილებად და რა შუაშია „ცოდვა“ კანონპროექტთან, რომლის მიღებაც გინდათ „ქართული ოცნების“ წევრებს?

სახელმწიფო, კანონმდებელი, ხელისუფლება არ აფასებს ცოდვას და ასე შემდეგ. ეს არის რელიგიური ორგანიზაციების და შესაძლებელია, მრევლის უფლება.

დანარჩენ შემთხვევაში, აბსოლუტურად არ გულისხმობს ვიღაცის ცოდვის შეფასების ნაწილს, უბრალოდ ეს არის კონტექსტი, რომელიც ბმაშია რეალობასთან.

  • ეკლესია და ქრისტიანობა რა შუაშია ამ კანონპროექტთან?

ეს არის რელიგიური ორგანიზაციების დამოკიდებულების ნაწილი, ზოგადად და ეს არის ერთ-ერთი მესიჯი, რომ ეს ადამიანები (ლგბტქ) არ იყვნენ თავდასხმის ობიექტები. ყველა კონტრაქცია, რაც კი განხორციელებულა, რელიგიური სარჩული ჰქონდა, ხომ?

ეს, ჩემი აზრით, პირველ რიგში არის გზავნილი იმ ადამიანების მიმართ, რომ არ შეიძლება, ეს გახდეს (ლგბტქ-ზე) ბრძოლის ან ძალადობის საფუძველი.

ეს არის ჩემი აზრით, ის კონცეფციური ხედვა და ეს გულისხმობს, რომ არ არსებობს საფუძველი, რომ კონკრეტულ ადამიანს ებრძოლო იმის გამო, რომ ის განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მორწმუნე.

რწმენა და აღმსარებლობა არის ადამიანის აბსოლუტური უფლება. ხელშეუხებელია, მაგრამ მრევლს აქვს კონსტიტუციური უფლება ჩათვალოს ასე. ვერ წაართმევ გამოხატვის თავისუფლებასაც, რომ რაღაც არის ცოდვა და ამ ცოდვას ებრძვის.

  • მრევლის პოზიცია გასაგებია, ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ საკითხზე, რას გულისხმობთ ლგბტქ პროპაგანდასა და რეკლამირებაში?

არაფერი ჯერ გამოკვეთილი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გარკვეული შეთავაზება იყო ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან, რომ ვისაუბროთ პროპაგანდირებაზე და რეკლამირებაზე.

აქ იყო მაგალითიც მოყვანილი, რომ ისეთი კონტენტი, რომელიც გათვლილია არასრულწლოვნებზე და რომელიც შესაძლოა გავიდეს ვიდეო ან ბეჭდური სახით.

  • ასეთ კონტენტს ვინმე ქმნის საქართველოში? პირადად თქვენ თუ გინახავთ სადმე.

არის ინტერნეტში ხელმისაწვდომი, ჩვენც შეგვიძლია ეს მოვძებნოთ…

ეს აკრძალულია კანონითაც, იმის მიუხედავად, ეხება ეს უმცირესობას თუ არა.

  • თქვენ როგორც საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ პირს, როგორ წარმოგიდგენიათ ლგბტქ კონტენტის აკრძალვა, რას უჭერთ მხარს და რას არა?

ჯერ ჩამოყალიბებული ნორმები არ არის ამ კუთხით. როცა სამუშაო ვერსია იქნება კანონპროექტის წარმოდგენილი, ამის შემდეგ უფრო მარტივი იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ არაკონსტიტუციური იყოს კანონი. ეს შეუძლებელია.

ნორმატიული აქტების იერარქიას ვგულისხმობ. პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ნებისმიერი აქტი და პირველ რიგში გულისხმობს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან –  თანასწორობასთან იყოს შესაბამისობაში. ეს არის ყველაზე მთავარი, მაღალი დაცვა  ნებისმიერი ადამიანის.

  • ამ თქვენი ინიციატივით, ვის იცავთ და რისგან?

მე ვგულისხმობ, თუ საფრთხე არსებობს ქვიარ ადამიანთან მიმართებით. ეს ინიციატივა, თქვენ ფიქრობთ, რომ დაარღვევს ქვიარ ადამიანების უფლებებს?

  • მე რატომ მეკითხებით. თქვენ უნდა უპასუხოთ ამ კითხვას. თქვენი პარტიის ხელმძღვანელი საუბრობს ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე. ახლა განმარტეთ, რას ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა.

პოპულარიზაციას.

  • რა ფორმით?

ნებისმიერი – ბეჭდური იქნება, ვიდეო ფორმით თუ სხვა. არსებობს ჯგუფები მსოფლიოში, რომელთა ინტერესი არის პოპულარიზაცია, არ ვიცი მოტივი და მიზანი რა არის, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე როცა ინიციატივის გაჟღერებაზე საუბრობდა, კონკრეტული მაგალითიც ახსენა, ეს ეხებოდა მულტიპლიკაციურ ფილმს, რომლის ფინალი სრულდებოდა ამით.

  • ფიქრობთ, რომ ხელოვნებაშიც ჩაერევით და განსაზღვრავთ რა შინაარსი, როგორი დასაწყისი ან დასასრული უნდა ჰქონდეს ფილმს?

არა. ამაზე არ არის საუბარი. რეკლამირებაზეა საუბარი და პროპაგანდაზე.

  • მაგალითად „ბათუმელები“ ხშირად ვაშუქებთ ხოლმე ლგბტ ადამიანების ისტორიებს, ისინი ჩვენთან საუბარში ჰყვებიან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მათი იდენტობის გამო ექმნებათ. საუბრობენ ჩაგვრაზე, დისკრიმინაციაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შინაარსის ვიდეო ან ტექსტური მასალა პროპაგანდაა?

არა, მაგას არ ვფიქრობ. არამედ იმას, როცა ვამბობთ, რომ ეს (ლგბტქ) არის კარგი და ეს არის ტრენდული. ასეთი რამ სოცქსელებშიც არსებობს – გატრენდების თემა, ამაზეა საუბარი.

თორემ, ადამიანი როცა არის „ასეთი“, დამთავრდა. მას აქვს ისეთივე უფლება, როგორც სხვა დანარჩენს.

ტრენდირებაა პროპაგანდა, რომ აქ უფრო ბედნიერად გრძნობს ადამიანი თავს და ასე შემდეგ.

  • თქვენ როგორ განსაზღვრავთ ამ კანონპროექტით, რა არის ადამიანის მოსაზრება, მისი პირადი აზრი და რა პროპაგანდა?

ამას მე ვერ განვსაზღვრავ, კანონმა უნდა განსაზღვროს.

ადამიანის ჩაგვრა, ბულინგი არის დანაშაული და ვერცერთ შემთხვევაში ამასთან კვეთა ვერ ექნება ამ ინიციატივას, თუკი იქნა მიღებული. თანასწორობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს.

  • ვთქვათ ქვიარ ადამიანი საუბრობს საჯაროდ თავის იდენტობაზე, იმაზე, რომ მოსწონს მისი ცხოვრების წესი, თქვენი პარტიის მიერ დაანონსებული კანონპროექტით ასეთი ადამიანები დაისჯებიან? 

არა. მაგრამ, თუ აქ არის საუბარი, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში ტრენდირება, ე.წ მოდურობა…

  • საქართველოში ეს პრობლემა დგას?

მე იდენტიფიცირების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, ე.წ საუბრები, რომ გარკვეული ხედვა შეეცვალათ არასრულწლოვანისთვის. ეს არის დანაშაული, როცა ერთი ადამიანი სხვა ადამიანზე ზემოქმედებს, რომ ის გარდაქმნას. ჩვენს რეგიონში იყო მსგავსი შემთხვევა.

  • და ეს ჩაეთვლება ადამიანს ლგბტ პროპაგანდაში?

არა, ვერ გამიგეთ. აქ საუბარია, როცა მასობრივ გავრცელებაზე…

ინიციატორის სიტყვებიდან რაც ამოვიკითხე, აქ ისეთ კონტენტზეა საუბარი, რომელიც მასობრივად ვრცელდება სოცქსელებში, ეს იქნება ვიდეო, ბეჭდური თუ სხვა ტიპის თემა, რომელიც ტრენდულობას უწყობს ხელს.

გამოხატვის თავისუფლებას და კონსტიტუციის ჩარჩოებში გამოხატვას, თავისუფალი აზრის გავრცელებას კი, როგორ შეიძლება ამაზე კანონმა დააწესოს შეზღუდვა.

  • სოცქსელების კონტენტი როგორ უნდა გააკონტროლოთ?

სოცქსელში ბევრი რამ მომხდარა, რაზეც შეიძლება რეაგირება იყოს ხომ? როგორ ჩამოყალიბდება კანონი ჯერ არ ვიცით, ამიტომ არ არსებულ თემაზე ვსაუბრობთ.

  • თუ კანონპროექტი არ არის, არც არანაირი ხედვა არ გაქვთ და მით უმეტეს ამის საფუძველიც არ არსებობს, მაშინ რატომ დაიწყეთ ამაზე საუბარი?

არ ვიცი ეს მიიღებს თუ არა საბოლოოდ კანონის სახეს, ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან უნდა მოხდეს მოსაზრებების გაცვლა. ეს ეტაპი არ დასრულებულა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ნორმებზე, მიზნებზე, ტერმინებზე და განმარტებებზე საუბარი ახლა ძალიან ძნელია.

  • თქვენ გეი მეგობრები გყავთ?

კი.

  • ისინი ეწევიან პროპაგანდას, იმ გაგებით, რასაც „ქართული ოცნება“ მოიაზრებს პროპაგანდაში?

შესაძლებელია, არ ვიცი. კანონი არ არის და მაგაზე რა ვილაპარაკო…

  • მსგავსი კანონი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ საუბრობს, პუტინმა მიიღო. სხვა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა შესძინა ამ კანონმა რუსებს, რისგან დაიცვა ისინი?

რუსეთში არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის არანაირი სტანდარტი, ამიტომ პუტინთან პარალელს ვერ მივიღებ. იმიტომ, რომ რუსეთში არის ტოტალიტარული რეჟიმი და საქართველოს ხელისუფლებამ ხმა მისცა ჰააგაში რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას.

  • თუმცა ამის პარალელურად, თქვენი პარტიის ხელმძღვანელი ღარიბაშვილი, ბათუმში ყოფნისას ამბობდა, რომ სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, ეწევიან „ანტიადამიანურ პროპაგანდას“ – ბაღებში შეჰყავთ ტრანსგენდერი ადამიანები და აჩვენებენ ბავშვებს, რომ ეს კარგია. თუმცა, ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ღარიბაშვილმა თავისი შვილი სწორედ იმ ქვეყანაში გააგზავნა საცხოვრებლად და სასწავლებლად, ვისაც ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს, ამაზე რას ფიქრობთ?

არ მივიღებ ამ კითხვას სერიოზულად. ამერიკა რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამაზე ორივე მხარე ვსაუბრობთ. ევროპის კანდიდატის წევრი ვართ და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში ეს თემა.

აქ ტრენდირებაზეა საუბარი. ღარიბაშვილის განცხადებებმა ჩვენსა და ამერიკას ან ევროპას შორის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინა?

კანონპროექტი როცა შედგება, სამოქალაქო საზოგადოება შეხედავს, ჩვენი პარტნიორებიც შეხედავენ სავარაუდოდ და ვნახავთ ყველას რეაქციას და შეფასებებს. მერე შეგვიძლია ამაზე საუბარი. ახლა არ არარსებულ ნორმებზე ვსაუბრობთ.

  • მაშინ რატომ გინდათ ამ თემაზე დისკუსიის წამოწევა, საზოგადოების დროის დაკარგვა, თუ არ არსებული საკითხია?

საზოგადოება უნდა იყოს ჩართული…

თქვენ ხომ ახლა პოპულარიზაციას უკეთებთ ამ საკითხს, როცა საუბრობთ.

  • ჩვენ თქვენს სახეს ვაჩვენებთ საზოგადოებას.

ინიციატივები არის ყველა ქვეყანაში. კანონის დონეზე არ არის ეს, ჯერჯერობით ინიციატივაზეა საუბარი. თუმცა, მიდგომა უნდა იყოს კონსტიტუციური. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას.

  • ერთი კვირის წინ, ბათუმში ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა იმის გამო, რომ საკვები არ ჰქონდა სახლში. როგორ ფიქრობთ, ადამიანებისთვის რომელი საკითხია აქტუალური, სიღარიბის დაძლევა, შვილის ჯანმრთელობა თუ ის, რომ მთავრობამ არარსებულ ლგბტ პროპაგანდაზე იმსჯელოს მთელი წელი?

კონკრეტული ადამიანებისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათი სოციალური მდგომარეობის შეცვლა. ამიტომ აქვს სახელმწიფოს სოცდაუცველების პროგრამები. შეიძლება იდეალური პროგრამა არ იყოს, მაგრამ ვცდილობთ მოვიცვათ ადამიანები.

  • სიღარიბის სტატისტიკას იცნობთ არა? როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება ყოველწლიურად სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა, მსურველთა რიცხვი, ამაზე რატომ არ მსჯელობს ღიად „ქართული ოცნება“, ეს საკითხი რატომ არ დგას დღის წესრიგში?

სიღარიბე არ იზრდება, სერვისების მიმღებთა ჯგუფი იზრდება.

ავიღოთ უშვილობის პროგრამა, ამ პროგრამაში ჩართულია 300 ათასი ქულის მქონე ადამიანებიც. ანუ, შესაძლოა დასაქმებულ ადამიანსაც ჰქონდეს ეს ქულა. ამიტომ შესაძლებელია, ბაზაში მყოფთა რაოდენობა ამიტომ გაიზარდა და ეს არ გულისხმობს, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუარესდა.

Facebook შეფერხებით მუშაობს, მომხმარებლები ავტორიზაციას ვერ ახერხებენ

Meta-ს მომხმარებლები ავტომატურად გამოითიშნენ Facebook -ის ანგარიშებიდან. როგორც პლატფორმა X-ზე დაწერილი პოსტებიდან ჩანს, ხარვეზი გლობალურია.

Facebook-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სისტემამ ავტომატურად გამოაგდო Facebook ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ.

ხარვეზი შეეხო Meta-ს მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსელს, Instagram-ს.  Instagram-ის მთავარი გვერდი არ ახლდება, ასევე არ იგზავნება შეტყობინებები.

Meta-ს სოციალური ქსელები, ფეისბუქი და ინსტაგრამი 5 მარტს, საღამოს გაითიშა.

“ჩვენ ვიცით რომ არსებობს Facebook-ის ანგარიშებზე შესვლის პრობლემა. ჩვენი ინჟინრების გუნდი აქტიურად ეძებს პრობლემის მოგვარების გზას, რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.

Meta-ს კომენტარს გლობალურ ხარვეზზე ბიბისი ავრცელებს.

„კლუბის გზას რომ ვადგავარ, ყველა პრობლემა ქრება“ – მკითხველთა კლუბი ათწლიანი ისტორიით

„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ უკვე 10 წელზე მეტია ბათუმში აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე ერთმანეთთან საუბარი. კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მაია მენაბდე. კლუბის მართვაში აქტიურად არიან ჩართული თავად მონაწილეებიც: ისინი პერიოდულად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, წარადგენენ წიგნებს, აქვეყნებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და აორგანიზებენ შეხვედრებს.

ანა დევაძე 4 წელია, რაც კლუბის წევრია, ბოლო ერთი წელია კი ორგანიზატორის მოვალეობებსაც ასრულებს. მას სურს, რომ მისი ორგანიზატორობის წლები კლუბის წევრებისთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს:

“ყველა ამბობს, რომ „პარასკევი არის მათთვის საუკეთესო დღე“ და როცა კლუბის გზას ადგანან, „ყველა პრობლემა ქრება“ – ეს არის ადგილი, სადაც საყვარელ თემებზე საუბრობენ”.

ანა დევაძე

გასულ პარასკევს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბში განიხილეს ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“ – წიგნი, რომელშიც მოთხრობილია გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ავღანეთში მიმდინარე მძიმე მოვლენები. წიგნი ანამარია გორგილაძემ და თამთა სურმანიძემ წარადგინეს. მოძიებული ჰქონდათ საინტერესო ფაქტები მწერლის ცხოვრების შესახებ. ასევე განხილვის ბოლოს მათ მოაწყვეს ვიქტორინაც:

„ეს ჩვენი პირველი წარდგენა იყო კლუბში, თუმცა იმდენად შეჩვეული ვარ გარემოს და ბავშვებს, რომ საერთოდ არ მინერვიულია. კომპლიმენტებიც კი მივიღეთ ბავშვებისგან“, – გვითხრა ანამარია გორგილაძემ.

ანამარია და თამთა

როგორც პედაგოგი მაია მენაბდე ამბობს, 10 წლის წინ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მან იმხანად მერვე კლასის მოსწავლეებს დაავალა გადაეღოთ ფილმი წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებზე, ჩაეწერათ ინტერვიუები:

„ამ ფილმზე მუშაობით იმხელა სიამოვნება მიიღეს ბავშვებმა, რომ დავინახეთ, გვჭირდებოდა საერთო სივრცე, სადაც შევიკრიბებოდით და ვისაუბრებდით წიგნებზე, ლიტერატურაზე და არა მხოლოდ ლიტერატურაზე.

YouTube video player

ჩვენ განვიხილავთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურას. ვუყურებთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ფილმებს. იდეა კი ისაა, რომ ბავშვებმა დაინახონ პარალელი – ჩვენ მოწყვეტილი კი არ ვართ სივრცეს, არამედ ნაწილი ვართ ერთი მთლიანი კულტურული სივრცის – ევროპული სივრცის; ღირებულებები არის საერთო, რომ ადამიანებს ყველგან საერთო საწუხარი, საერთო ინტერესები აქვთ, რომ არსებობს ისეთი პრინციპები, რომლებსაც ყველგან თანაბრად შეგიძლია უერთგულო.

კლუბი ბავშვებისთვის არის ფიქრების გაზიარების, რაღაც ისეთზე საუბრის ადგილი, რაზეც სხვაგან არ საუბრობენ. მოზარდმა უნდა გაიაზროს, რომ ლიტერატურაც სინამდვილეში არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მიეჩვიო კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას, ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს შეხვდე უფრო მზად“, – ამბობს მაია მენაბდე.

მაია მენაბდე

იმავეს ფიქრობს ეკატერინა ტერატურიანი, მისი თქმით წიგნების კითხვით ერთის ნაცვლად ათასი ცხოვრებით შეგიძლია იცხოვრო, მიიღო ისეთი გამოცდილებები, რაც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში შენთვის მიუწვდომელი იყოს:

ეკატერინა ტერატურიანი

„წიგნის კითხვა იმდენად პირადული პროცესია, რომ ამისთვის აუცილებელია მარტოობასთან შეგუება, მარტოობის სიყვარული; ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ადამიანისთვის. ამის საპირწონედ წიგნის სიყვარული აერთიანებთ ადამიანებს და იქმნება ასეთი კლუბები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები, მოვუსმინოთ ერთმანეთს და მივიღოთ სიახლეები“ – ამბობს ეკა.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს. ანა თურმანიძე მამიდას რჩევით გაწევრიანდა კლუბში. ადრე წიგნებს მხოლოდ მაშინ კითხულობდა, როცა სკოლაში ავალებდნენ, ახლა კი, კლუბში მოსვლის შემდეგ, უფრო აქტიური მკითხველი გახდა:

ანა თურმანიძე

„კარგია, რომ კლუბი არ არის მხოლოდ მაიას ან ამ სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი. ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოვიდეს, განიხილოს წიგნები და ფილმები. ვფიქრობ, ეს დიდი ფუფუნებაა ბათუმელი ბავშვებისთვის“, – ამბობს ანა.

რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისი, რომელიც დღეს, 5 მარტს, ისევ ცალმხრივად ჩაიკეტა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, „დაჯარიმდა და სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“.

გზების დეპარტამენტის პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლომდე ვერ დაგვიზუსტეს, როდის დაჯარიმდა კომპანია და როდიდან აითვლება ეს 2 თვე?

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დაგებული ასფალტის ახალი საფარი აყარეს. ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გზების დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ეს ის კომპანიაა, რომელიც თბილისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა „გუთენ ტრაკენის მეთოდით“.

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] ცალმხრივად 23 თებერვლიდან ჩაიკეტა. დღეს იგივე მონაკვეთი მეორე მიმართულებით ჩაკეტეს. ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, განსაკუთრებით აეროპორტის გზატკეცილთან, ხიმშიაშვილისა და კაჩინსკების ქუჩებზე დღეს საცობები იყო. ხელვაჩაურიდან ქალაქისკენ მომავალი #12 ავტობუსიც, მაგალითად, კაჩინსკების ქუჩაზე გადაადგილდებოდა.

საცობი კაჩინსკების ქუჩაზე

ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, როდის დასრულდება სამუშაოები ფრიდონ ხალვაშის გამზირზ, ასევე: თუ კოორდინირებულად მუშაობს ბათუმის მერია სხვა სამთავრობო უწყებებთან, ამ შეზღუდვისა და მარშრუტების ცვლილებების შესახებ დროულად რატომ ვერ მოხერხდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება?

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მარშრუტი დროებით სამი მიმართულებით შეიცვალა:

„აეროპორტის გზატკეცილისა და ფრიდონ ხალვაშის გამზირის დამაკავშირებელ წრიულზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, ქალაქის მიმართულებით მოძრავი #12, #12ა, #16 მუნიციპალური ავტობუსები გადაადგილდებიან: გ. ანწუხელიძის, კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, კობალაძის ქუჩების გავლით,“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

ამ თემაზე:

„ფული მიაქვთ ჯიბეში“ , ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში 

დასაქმება, ფასიანი სტაჟირება – კიდევ რა დაპირებები დაარიგა მინისტრმა სტუდენტებისთვის საარჩევნო წელს

დღეს, 5 მარტს, განათლების მინისტრმა ე.წ. ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა.

მისი თქმით, პროგრამის სამიზნე აუდიტორია ძირითადად სტუდენტები იქნებიან.

გიორგი ამილახვრის თქმით, პროექტი დაახლოებით 25 ათასამდე სტუდენტს მოიცავს.

როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ახალგაზრდებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და პატრიოტული ღირებულებების გაძლიერება. ასევე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

„ხელსაყრელი გარემოს შექმნა ახალგაზრდების დასაქმებისთვის და მათი ჩართვა კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ ტურნირებში, კულტურულ პროექტებში, მოხალისეობრივ კონკურსებში უნივერსიტეტებს შორის, მათ შორის თეატრალურ კონკურსებშიც.

ასევე ხელს შევუწყობთ სტემ მიმართულებით კონკურსების დაფინანსებასაც“, – ამბობს ამილახვარი.

მისი თქმით, ახალგაზრდული ფესტივალი უახლოეს დღეებში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, როგორც მინისტრმა პრეზენტაციისას თქვა, მოიაზრებს მცირე საგრანტო კონკურსებსაც. თითოეული პროექტისთვის გათვალისწინებული იქნება 15 ათასი ლარი. დაფინანსება გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.

პროექტის მთლიანი ღირებულება ასი ათასი ლარი იქნება. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ სამი თვე.

დაფინანსდება შემდეგი შინაარსის პროექტები:

„მშვიდობის მშენებლობა, მოხალისეობა, მეწარმეობა, აქტიური მოქალაქეობა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კულტურათაშორისო დიალოგი და სხვა“.

მინისტრმა დააანონსა სტაჟირების პროგრამაც, რომელიც სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს.

ჟესტური ენის უფასო კურსზე მიღება დაიწყო, რატომ უნდა ვისწავლოთ ეს ენა

ჟესტური ენის მცოდნეები, რომლებიც სმენის არმქონეებსა და დანარჩენებს შორის თარგმანს უზრუნველყოფენ, სჭირდებათ ყველა საჯარო სექტორში: იუსტიციის სახლებსა და პოლიციის განყოფილებებში, სოციალურ სააგენტოებსა და საზოგადოებრივ მაუწყებლებში. მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებულ ადგილზე კადრები ყველგან არ ჰყავთ.

საქართველოში ჟესტური ენის სულ 51 სპეციალისტია აღრიცხული, მათგან მხოლოდ სამია აჭარაში.

სწორედ იმიტომ, რომ ჟესტური ენა თითქმის არავინ იცის და სმენის არმქონეებისთვის კომუნიკაცია დიდი პრობლემაა, საქართველოში არ გვაქვს პრეცედენტი სმენის არმქონე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდეს.

„შშმ ქალთა ალიანსი“ ხუთთვიან უფასო კურსს სთავაზობს ჟესტური ენის შესწავლის მსურველებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამომავლოდ სმენის არმქონე ადამიანების კომუნიკაცია უზრუნველყონ ყველა დონეზე: საზოგადოებასთან, საჯარო ინსტანციებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ მედიაში.

ხუთთვიანი კურსის მიმდინარეობისას 3 თვე თეორიულ სწავლებას, 2 კი პრაქტიკულ მეცადინეობებს დაეთმობა. სწავლება წარიმართება ჰიბრიდული ან დასწრების მეთოდით, ჯგუფის წევრების საჭიროებების მიხედვით. კურსის დასასრულს გაიცემა შესაბამისი ცნობა.

კურსზე დასარეგისტრირებლად მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ამ ბმულზე.

დაინტერესებულ მსმენელებს სპეციალისტი გულო ამაღლობელი შეასწავლის ჟესტურ ენას. გულოს სხვა პროფესიაც აქვს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის სმენის არმქონეებთან ურთიერთობა, რომ ყველა სხვა საქმისთვის თავის დანებება და ჟესტური ენის პროფესიად ქცევა არჩია.

გულო ახლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს თარგმნის სმენის არმქონეებისთვის:

„რახან არ გვყავს ჟესტური ენის სპეციალისტები, ვთარგმნით მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს მაუწყებელში, თუმცა სმენის არმქონეები ყველაფრით არიან დაინტერესებულები: სურთ ხელმისაწვდომი იყოს ფილმების, სხვადასხვა გადაცემის, დებატების, თოქ-შოუების, სპექტაკლების თარგმანები. სკოლაშიც უნდა იყვნენ სპეციალისტები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება.

სწორედ ჟესტური ენის სპეციალისტების ნაკლებობაა იმის მიზეზი, რომ სმენის არმქონეები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ჩვენ შეგვიძლია მათი ამ ვაკუუმიდან გამოყვანა, თუ ბევრნი ვიქნებით. ძალიან ბევრი სმენის არმქონეა აჭარაში, სპეცსკოლაზე მათ ხელი არ მიუწვდებათ, ასეთი სკოლა აჭარაში არ გვაქვს. ვერ სწავლობენ ჟესტურ ენას და, შესაბამისად, ვერც განათლებას იღებენ“, – ამბობს გულო ამაღლობელი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს ენა ისწავლო და გამოიყენო, საჭიროა სურვილი, გაუგო სმენის არმქონეებს, რისი თქმა სურთ, გქონდეს დაკვირვებისა და კონცენტრაციის უნარი.

ჟესტური ენა საერთაშორისო ენა არ არის. ყველა ენას საკუთარი ჟესტური ენა აქვს, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟესტური ენა მსგავსია:

„ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებთან როცა მაქვს ურთიერთობა, პირველი 5, 10 წუთი მიჭირს მათი გაგება, მაგრამ მერე ერთმანეთის გვესმის, ძალიან ჰგავს ეს ჟესტები ერთმანეთს, თუმცა ინგლისურს, ფრანგულს თუ სხვა ენებს საკმაოდ განსხვავებული, საკუთარი ჟესტური ენები აქვთ“, – ამბობს სპეციალისტი.

გულო ამაღლობელი ჰყვება, რომ ჩვეულებრივი მომსახურება, რასაც საქართველოს ყველა რიგითი მოქალაქე დაუბრკოლებლად იღებს, მაგალითად, იუსტიციის სახლში, გართულებულია სმენის არმქონეებისთვის: მათ უწევთ წინასწარ, ადგილზე მისვლამდე გააფრთხილონ ჟესტური ენის სპეციალისტი, რომ იუსტიციის სახლში გაყოლა ან ვიდეოზარით ჩართვა სჭირდებათ თარგმანის უზრუნველსაყოფად. სპეციალისტს ხშირად არ სცალია, ან მომსახურების მიღება საჩქაროა სმენის არმქონე მოქალაქისთვის და ეს ყველაფერი ხშირად დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე:

„მე ვიცი, რომ იუსტიციის სახლშიც, სოციალურ სააგენტოებშიც თითქოს გადაამზადეს ადამიანები და ასწავლეს ჟესტური ენა, ბათუმშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ადგილზე სმენის არმქონეების არავის ესმის და მათ ვერ ემსახურებიან“, – ამბობს გულო ამაღლობელი.

შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი, დეა ერემაშვილი ამბობს, რომ 5-თვიან კურსზე შერჩეული აპლიკანტები ისწავლიან არამხოლოდ ჟესტურ ენას, არამედ შშმ პირებთან კომუნიკაციასაც, რადგან ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დეა მიიჩნევს, რომ შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის ცნება ჟესტური ენის ცოდნასაც უნდა მოიაზრებდეს:

დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის” ხელმძღვანელი

„ძალიან მოწყვლადები არიან სმენის არმქონეები არასწორი ინფორმაციის გამო, რაც ჟესტური ენის სპეციალისტების სიმცირით და კომუნიკაციის შეუძლებლობითაა გამოწვეული. კურსის აპლიკანტებს შორის უპირატესობა ქალებს მიენიჭებათ, რახან „შშმ ქალთა ალიანსის“ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ კურსს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.


მთავარ ფოტოზე: ჟესტური ენის სპეციალისტი, გულო ამაღლობელი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 419 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 6 657 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 12 688 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 10 258 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 007 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 700 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 863 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 917 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 423 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 630 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 576 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 305 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 479 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 360 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 233 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 299 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 365 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებენ – რას ითვალისწინებს კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებს. კანონპროექტის განხილვის პროცედურა უკვე დაიწყო.

მეთამბაქოეობის პრობლემაზე „ბათუმელები“ წინა სეზონზეც წერდა – „თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი. 

ადგილობრივი თამბაქოს წარმოების პრობლემაზე თამბაქოს წარმოებით დაკავებული გლეხები წლებია საუბრობენ, მათი თქმით, თამბაქოს მოყვანა აღარ ღირს. პარლამენტი საარჩევნო წელს თამბაქოზე არსებული აქციზის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას აპირებს.

ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის მიხედვითაც, 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი „თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი [ბურნუთი] თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 [„დანარჩენი“] კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.“

„საქართველოში მეთამბაქოება ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 314 ტონა და მეთამბაქოებით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება დგას გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 2019 წლიდან გათანაბრდა.

„…მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გათანაბრდა უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი, მზარდი ტენდენციით ხასიათდება არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა. შესაბამისად, ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს.

დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭიროა პირველ რიგში ეკონომიკური
ბერკეტების ამოქმედება, კერძოდ, ბაზრის გარკვეული სეგმენტისთვის გადასახადების შემცირება,“ – ვკითხულობთ კანონპროროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება შემოსავლების კლებას ბიუჯეტში:

„2023 წლის მონაცემებით, თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი [ბურნუთი] თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 832 168.2 კგ, დარიცხული აქციზის ოდენობამ კი 49 930 094.40 ლარი.

ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ქობულეთის მერიამ უკანონო მშენებლობები არ შეაჩერა – კიდევ რა დარღვევებზე წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობები ვერ შეაჩერა და ვერც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2021-2022 წლების მუშაობის ანგარიშს და შეფასებას მოიცავს.

აუდიტის პერიოდში ქობულეთში 242 სამშენებლო ნებართვაა გაცემული. მათ შორის, 214 შემთხვევაში ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში – მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე.

აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2021-2023 წლებში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა გამოავლინა, რის გამოც მშენებლები 93 000 ლარით დააჯარიმეს. ამ თანხიდან მხოლოდ 53 590 ლარი იყო გადახდილი 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით.

აუდიტის ჯგუფმა ქობულეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება შერჩევითი წესით შეისწავლა.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა 4 უნებართვო მშენებლობა, რომელთან დაკავშირებითაც ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა ეს ღონისძიებები პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

მაგალითად:

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე №52-ისა და №54-ის და დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფეების უნებართვო მშენებლობა. სამივე შემთხვევაში მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც კონკრეტული პირები სარგებლობდნენ მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით.

ამის თაობაზე, 2023 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა შენობების დემონტაჟი არ განხორციელდა.

ქობულეთის პლაჟზე, თამარ მეფის #52-ის გასწვრივ, ასვე, #54 -ში უკანონო მშენებლობაზე „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია. 

 

თამარ მეფის #52 ქობულეთის მერიიდან 10 წუთის სავალზეა. მიუხედავად ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ვერ აღკვეთა.

აუდიტი წერს, რომ ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება. ეს კი ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის
არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

საკურორტო სეზონზე ამ კაფეს ქობულეთის ბულვარში, სასეირნო ბილიკის ნაწილი ჰქონდა დაკავებული. მშენებელმა კაფეს, რომელიც ტროტუარზე ჰქონდა მოწყობილი, ფაქტობრივად, პლაჟის მხრიდან ვერანდა მიადგა ისე, რომ პლაჟზე ჩასასვლელიც ჩაკეტა.
  • იჯარით გაცემული ქონება 

დასკვნის მიხედვით, აუდიტის პერიოდში ქონების იჯარით გაცემის შესახებ 2015- 2022 წლებში გაფორმებული 249 ხელშეკრულება მოქმედებდა. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, იჯარით გაცემულია 27 საკადასტრო ერთეული – 44 847 კვ.მეტრი

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 3 საკადასტრო ერთეული – 73 430 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი.

საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად, წლიური საიჯარო გადასახადის თანხა 350 656 ლარია. ხაზინიდან მიღებული ინფორმაციით, აუდიტის პერიოდში საიჯარო გადასახადის სახით ბიუჯეტში ჩარიცხულია 574 580 ლარი [2021-2022წლები]. 

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იჯარით გაცემული ქონება ბუღალტრულად არ არის აღრიცხული და, შესაბამისად, ის არც ფინანსურ ანგარიშგებაში ფიგურირებს.

ამასთან, საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების ანალიზით დადგენილია, რომ  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებამოსილება საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისათვის არასრულადაა გამოყენებული.

2022 წელს ქობულეთის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 მილიონ 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და ასევე არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები.

სახელმწიფო აუდიტის მოთხოვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად უნდა ჩაატაროს აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და მუნიციპალური ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივების შეფასება, შემდეგ კი ბალანსზე აისახოს მონაცემები.

ამასთან, მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს.

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია.

მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ.

ნაზის საშუალო განათლება აქვს. მისთვის საქონლის მოვლა და მიწაზე მუშაობა ერთგვარად იქცა პროფესიად, რომლითაც მრავალრიცხოვან ოჯახს კვებავს.

„რატომ ვარ სოფელზე მიჯაჭვული იცი? საშუალო განათლება მაქვს. ჩემი სპეციალობა ახლა არის ეს – მიწაზე მუშაობა. ჟოლოს ბაღი მაქვს. ეს ჩემი სამსახურია. უმაღლეს ახლა ვერ დავამთავრებ და რამე ახალ პროფესიას ვერ მივიღებ. ამით შემიძლია ოჯახს დავეხმარო. ეს რომ არ გავაკეთო, როგორ იარსებოს ჩემმა ოჯახმა? სხვებიც, ვინც ვერ მიდიან აქედან, ჩემსავითაა.

ამას გარდა, 92 წლის მამამთილი მყავს სახლში. რომელ გარემოში შეიძლება წავიყვანო, რომ ის შეეგუოს? ზაფხულობით მთაში ავიყვანთ ხოლმე და უკან მოდის, არ უნდა არსად მისი სახლის გარდა, შეჩვეული გარემოს გარდა,“ – გვიყვება ნაზი გელაძე.

მეწყერი სოფელ გელაძეებში 6 თებერვალს ჩამოწვა და ჩაკეტა სოფლამდე მისასვლელი გზა. სოფელი გელაძეები წლების განმავლობაში იყო მეწყერსაშიში სოფლების ნუსხაში შეტანილი. ბოლო მეწყრის შედეგად სოფელში მხოლოდ 22 ოჯახი დარჩა.

ნაზი ამბობს, რომ კონკრეტული შეთავაზება მთავრობისგან ჯერ არ მიუღიათ. თუმცა ამბობს, რომ შეიძლება გელაძეების მცხოვრებთ 50 ათას ლარი შესტავაზოს სახელმწიფომ.

„არაფერი შემოუთავაზებიათ ჩვენი ოჯახისთვის. რაიონიდან იყვნენ მოსულები სოფელში და უთქვამთ 50 ათასს მოგცემთო. რომც დათანხმდე, 50 ათასი რას ეყოფა? სახლის ძებნაში დაიხარჯება ეგ თანხა. 50 ათას ლარს ზოგი რესტორანში ტოვებს და გამოდის. ჩვენ რაში უნდა ვიმყოფინოთ?“ – კითხულობს ნაზი.

ნაზი გელაძის აზრით, ეს თანხა არაა საკმარისი დღეს სადმე სხვაგან იყიდო სახლი, მიწა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

რაც ზუსტად იცის, არ უნდა მისი შვილები და შვილიშვილები სოფელში დარჩნენ. უნდა უსაფრთხო გარემოში გაიყვანოს და სხვაგან აცხოვროს. ხოლო თავად გელაძეებში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

„მთის ჩიტი მთას შეაკვდებაო“ – ალბათ მასე მჭირს მეც,“ – ამბობს ნაზი კითხვის პასუხად, რას იზამს, თუკი მეწყერი ისევ განმეორდება.

„აქაურობა რომ დამატოვებინონ, სასახლე რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე. სოფელში დავიბადე, სოფელში გავიზარდე და სოფელი მინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფლავებს ვერ დავტოვებ…

მაგრამ ახალგაზრდები აქ არ გაჩერდებიან. ყველა მიდის და ვერც გავაჩერებ. რაღაც უნდა ვიღონო, რომ შვილები და შვილიშვილები აქაურობას გავარიდო. ჩემი თავი ჯანდაბას.

ძალიან ემოციურ სიტუაციაში ვართ. შიშის გრძნობა ცალკე გვაქვს, აქაურობის დატოვების სინანული ცალკე გვაქვს. ძალიან ძნელი და რთული სიტუაციაა – ცხოვრებას ვეკიდებით, მიწა-წყალი კი მიდის,“ – ამბობს ნაზი.

რატომ არ სურს ქალს დამეწყრილი სოფლის დატოვება - ნაზი გელაძის ისტორია

ბათუმში ბანკომატზე კაცს 1000 ლარი დახვდა – როგორ გაასამართლეს ქურდობაში ბრალდებული

3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა ბათუმელ ნუგზარ ჩ.-ს, რომელსაც ქურდობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, მას ბანკომატის თანხის მოსაწოდებელ აპარატში სხვისი 1000 ლარი დახვდა და აიღო.

ნუგზარ ჩ. გამართლდა. ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის თებერვალში მიიღო.

უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ ბრალდებული პოლიციას არ დაუკავშირდა, თუმცა მოსამართლეების ყურადღება ბანკომატთან განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა მიიპყრო:

„…ჩანს, თუ როგორ იხედება ბანკომატთან მდგარი ჭაღარათმიანი კაცი ირგვლივ, თითქოს ვიღაცას ეძებს, ესაუბრება სიახლოვეს მდგარ კაცს, შემდეგ უბრუნდება ისევ ბანკომატს და ამის შემდეგ ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას. ამ დროისთვის კი, ავტომობილი, რომლითაც დაზარალებული გადაადგილდებოდა, უკვე წასულია იმ ტერიტორიიდან.

ნუგზარ ჩ-ს მისი თანმხლები პირებისთვის არ დაუმალავს ბანკომატიდან სხვისი თანხის აღების ფაქტი, მას მოუთხრო მომხდარის შესახებ და მათთან ერთად დაიწყო თანხის მფლობელის მოძიება, კერძოდ მიაკითხა ბანკის რამდენიმე ფილიალს და აღმოჩნდა, რომ კვირა დღის გამო ფილიალები არ მუშაობდნენ, ხოლო ,,ს-ის“ ერთ-ერთ ფილიალში განუცხადეს, რომ თანხის მფლობელის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო ბანკი ასეთ ინფორმაციას ვერ გასცემდა, თუმცა ასევე უთხრეს, რომ ბანკომატზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით იოლად დაადგენდნენ თანხის ამომღების ვინაობას და თავად მიაკითხავდნენ,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ნუგზარ ჩ. ბათუმის საქალაქო სასამართლომაც გაამართლა, მას მოსამართლეებისთვის უთქვამს, რომ იმ დღეს მეგობრებთან ერთად თავისი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქალაქში, ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად კი, ბენზინგასამართ სადგურზე შეიარა, აპარატში საკუთარი ბარათის მოთავსებას აპირებდა, თუმცა შეატყო, რომ „აპარატი ხმაურობდა“ და თანხა ამოაგდო – 1000 ლარი.

„…სწორედ ამ დროს ბიცოლა ჰყავდა გარდაცვლილი. იმ და მომდევნო დღეს ვეღარ შეძლო თანხასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით სადმე მისვლა და სიტუაციის მოკითხვა, შემდეგ კი უკვე პოლიციიდან დაუკავშირდნენ და განყოფილებაში მისვლა სთხოვეს,“ – უთქვამს ბრალდებულს მოსამართლისთვის.

„მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით [ქურდობა] გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება არაფრის მომცემია – ექიმის რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობაში მაინც ხშირია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების ხშირი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად. 

ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც გრიპს. ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია ანტიბიოტიკი დანიშნოს მეორადი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. ანტიბიოტიკების დანიშნულებასა და მათი არამიზნობრივი გამოყენების საფრთხეებზე  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე საუბრობს. 

მიკროორგანიზმთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ისეთი ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა: პნევმონია, ტუბერკულოზი, გონორეა და სალმონელოზი რთულდება, რადგან მცირდება მათ სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკების ეფექტურობა. 

  • ქალბატონო მადონა, რა არის ანტიბიოტიკების დანიშნულება?

ანტიბიოტიკი ეს არის მედიკამენტი, რომელსაც ექიმი ნიშნავს ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ. მისი დანიშვნა ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს არაფრის მომცემია, რადგან ანტიბიოტიკი კლავს ბაქტერიას, ხოლო ვირუსის შემთხვევაში (ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის დროს), პირიქით, შეიძლება დაასუსტოს ორგანიზმი და გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები.

მიუხედავად ამ საკითხზე ხშირი საუბრისა, დღემდე ხშირად გვყავს პაციენტები, რომლებიც მოდიან და უკვე თვითნებურად აქვთ ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი. „მინდა უფრო მალე მოვრჩე… რომ არ გამირთულდეს“, – ამბობენ. განსაკუთრებით რესპირატორული ინფექციების სეზონზე, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვხვდებით ასეთ პაციენტებს.

ანტიბიოტიკების დახმარებით უამრავი ინფექცია დამარცხდა, მილიონობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და ალბათ ამიტომაც არის, რომ ხალხში ანტიბიოტიკის დანიშვნა გამოჯანმრთელებასთან ასოცირდება, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს ექიმის დანიშნულებით, ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ.

  • რა განსხვავებაა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციას შორის?

MayoClinic: ბაქტერიულ ინფექციების გამომწვევია ბაქტერიები, ვირუსულ ინფექციების კი – ვირუსები. ანტიბიოტიკები კლავს ან აფერხებს ბევრ ბაქტერიას, მაგრამ არ მკურნალობს ვირუსებს. 

ზოგადად, ძალიან რთულია ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია განასხვაოს პაციენტმა. ვირუსული ინფექცია იწყება უფრო მოულოდნელად, შეიძლება არაფრის ფონზე უცებ პაციენტს დაეწყოს მაღალი ცხელება, ხველა, შემცივნება, ყელის ტკივილი, რაც ბაქტერიულ ინფექციებს არ ახასიათებს;  ბაქტერიული ინფექცია იწყება თანდათანობით.

ასევე, ვირუსული ინფექცია ოჯახში დიდი ალბათობით ექნება რამდენიმე ადამიანს და ესეც არის მიმანიშნებელი, რომ საქმე გვაქვს ვირუსულ ინფექციასთან. სეზონურობა უფრო მეტად ახასიათებს ვირუსულ ინფექციას, მაგრამ როცა ხანგრძლივდება ეს ვირუსული ინფექცია, მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა გამოგვეპაროს ბაქტერიული ინფექციის თანდართვა;

აი, გახანგრძლივებული ცხელება, ხველება და ნახველში როცა ჩნდება ჩირქის შემცველობა ან მომწვანო შეფერილობა, ეს უკვე მიუთითებს, რომ აქ არის ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა, რომ დაინიშნოს ანტიბიოტიკები. 

მაგრამ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე აუცილებელია შეფასება ბოლო პერიოდში როდის გამოიყენა ანტიბიოტიკი პაციენტმა, რა ჯგუფის ანტიბიოტიკი იყო და ა.შ. 

ექიმი [დიაგნოზის მიხედვით] შესაბამისი ჯგუფის ანტიბიოტიკს არჩევს. მაგალითად, ყელის ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი ცნობილი ბაქტერიაა, ფილტვის ანთების გამომწვევი – სხვა ბაქტერიაა და, შესაბამისად, შეირჩევა ანტიბიოტიკების ჯგუფი. ამიტომ არის განსაკუთრებულად მცდარი პრაქტიკა ანტიბიოტიკების შეძენა მეზობლის და ნაცნობების რჩევით.

მნიშვნელოვანია ხალხმა გაითავისოს, რომ ვირუსული ინფექცია, რაც ახლა არის, მაგალითად – გაციება და სეზონური ვირუსები, ეს არის ინფექცია, რომელსაც მედიკამენტის გარეშეც შეიძლება ორგანიზმი ებრძოლოს და პაციენტმა შეიძლება ხუთ დღეში იგრძნოს თავი კარგად; ვირუსული ინფექციის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტივირუსული მედიკამენტი, განსაკუთრებით რისკჯგუფებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან და მათთან, ვისაც იმუნური სისტემა აქვს დასუსტებული.

Clevlend Clinic: ორივე – ბაქტერიაც და ვირუსიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ბიოლოგიურ დონეზე მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბაქტერიები არიან ცოცხალი ორგანიზმები, რომელთაც შეუძლიათ იცხოვრონ სხეულის შიგნით ან გარეთ, ხოლო ვირუსები არიან მიკროორგანიზმები, რომელთაც სჭირდებათ მასპინძელი გადარჩენისთვის.

  • შეიძლება თუ არა არამიზნობრივად გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა დააზიანონ ჩვენს ორგანიზმში არსებული ე.წ. კარგი ბაქტერიები?

დიახ, მიკროორგანიზმები ყველგან ცხოვრობენ, მათ შორის ჩვენს ორგანიზმში, განსაკუთრებით ეს ნაწლავურ სისტემას ეხება. აქ არიან როგორც სასარგებლო, ისე მავნე ბაქტერიები. მათ აკისრიათ თავიანთი ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში, ისინი მონაწილეობენ საკვების მონელების, შეწოვის, ცილების სინთეზის პროცესში. 

როდესაც რაიმე პრობლემა იქმნება ორგანიზმში და ირღვევა სასარგებლო და მავნე ბაქტერიების ბალანსი, იწყება ნაწლავური პრობლემები, ანუ დისბაქტერიოზი. ეს შეიძლება გამოვლინდეს მუცლის შებერილობით, მუცლის არეში ტკივილით, გულისრევით, შეკრულობით ან აშლილობით. 

 სასარგებლო ბაქტერიების განადგურება და მავნე ბაქტერიების გამრავლება შეიძლება სწორედ ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების ფონზე განვითარდეს.

NCDC: ანტიბიოტიკები სამედიცინო საშუალებებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც აღნიშნული მედიკამენტების გამოყენების საპასუხოდ ბაქტერიები იცვლებიან.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული არიან ბაქტერიები და არა ადამიანები. ასეთ ბაქტერიებს შეუძლიათ შემდგომში ადამიანის ინფიცირება და მათი მკურნალობა შედარებით უფრო რთულია, ვიდრე იმ ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა იწვევს სამედიცინო მომსახურების ხარჯების, საავადმყოფოში დაყოვნებისა  და სიკვდილიანობის ზრდას. 

___

ამავვე თემაზე:

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ – ჯანმო

ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება თუ არ შეწყდება, ის აღარ იქნება ეფექტური – ჯანმო

 

6 მარტს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

„ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად“.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:

პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2024 წლის 6 მარტიდან დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ფიზიკური შეზღუდვა, ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, სწავლის უნარის დარღვევა, სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის), მეტყველების განვითარების დარღვევა, ქცევითი და ემოციური დარღვევა.

ასევე, გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

მომდევნო ანუ მეორე ეტაპი იწყება 1 მაისიდან და გაგრძელდება 16 მაისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

ა) ვისი და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

მესამე ეტაპზე, ანუ 20 მაისს, დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპზე, რომელიც 27 ივნისიდან დაიწყება, რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სკოლებში გამოთავისუფლებულ ადგილებზე.

_____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ბათუმში თურქული სამხედრო ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდი ამ დროისთვის ბათუმის ნავსადგურში იმყოფება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების – „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება.

აღნიშნული პროცესი ქართველი და „ნატოს“ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება“.

ხომალდის ეკიპაჟს ბათუმის პორტში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ პაპიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.

თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.

თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას. ქუთაისის ტორპედომ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.

ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედო კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გუნდის განვითარებას, შიდა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე მათ ხელშეწყობას.

თიბისი ქუთაისის საფეხბურთო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი დაინტერესება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს რეგიონების, და კონკრეტულად იმერეთის მხარის განვითარებას.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 4 მარტიდან, ბათუმში ახალი სამარშრუტო ხაზი #18 ამოქმედდა.

ახალ სამარშრუტო ხაზზე დანიშნული ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შარაშიძის ქუჩა, მამია ვარშანიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, აბუსერიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საბაგირო.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი მოსახლეობის თხოვნით აამოქმედეს.

ბათუმში ახალ სამარშრუტო ხაზებზე ავტობუსების დანიშვნას ქალაქის არაერთ ქუჩაზე ითხოვს მოსახლეობა.

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ – „კომპანიებმა საკომისიო 20 %-მდე გაგვიზარდეს“

„საკომისიო 10 – 12%-დან 20 %-მდე აიყვანეს“, „ვითხოვთ ხელშეკრულებას“ – ამბობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დღეს, 4 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

ტაქსის მძღოლები სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობას აზრი აღარ აქვს, აპლიკაციით კი, სადაც დამსაქმებელი კლიენტს ტაქსის მძღოლებთან აკავშირებს, უსამართლო პირობებია.

„დაფასებას ვითხოვთ. მე „იანდექსში“ ვმუშაობ, ყველას თავისი ავტომანქანაც არ აქვს, ქირაობს დღეში 40 – 50 ლარად… არგუმენტს არავინ არ გვეუბნება, რატომ გაიზარდა, მაგალითად, საკომისიო: გავიღვიძეთ ერთ დღეს და გვითხრეს, რომ საკომისიო არის 20 %. ჩვენი მომსახურების ტარიფები კი, არ გაზრდილა: თუ ვიღებდით 10 ლარს, ახლა ავიღებთ 5 ლარს.

ტარიფებიც უნდა გაიზარდოს, რადგან ცხოვრება გაძვირდა,“ – გვითხრა ცისკარა დიასამიძემ.

„ბათუმში დაახლოებით 10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ტაქსის სფეროში, მათ არ აქვთ ხელშეკრულება, არანაირი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები არ არსებობს მხარეებს შორის, დასაქმებულებზე არ ვრცელდება შრომის კოდექსი და მისი სიკეთეები. ფაქტობრივად, ჩრდილოვან დასაქმებაში არიან,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არკვევს, რეალურად ვინ არიან დამსაქმებლები და ვისთან შეიძლება წარადგინოს შესაბამისი ფორმით მოთხოვნები, რაც ტაქსის მძღოლებს აქვთ.

ტაქსის მძღოლებმა დღესვე ბათუმში ავტომანქანებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აქციის გამართვას ხვალაც აპირებენ. ტაქსის მძღოლების თქმით, თუ მათ მოთხოვნებს კომპანიები არ დააკმაყოფილებენ, გაიფიცებიან, მოთხოვნებს კი, დასაქმებული მძღოლების დაახლოებით 70 % იზიარებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ტაქსის აპლიკაციის მესაკუთრეებს. „მაქსიმში“ გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან. პოზიციის მოწოდებისთანავე მასალა განახლდება.

„იანდექსის“ ცხელი ხაზის ოპერატორის თქმით, კომპანია ამ საპროტესტო აქციაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ბოლტში“ განმარტეს, რომ „სერვისის მიმწოდებელი ელექტრონული პლატფორმა Bolt მგზავრებს და მძღოლებს ეხმარება ერთმანეთთან დაკავშირებაში, მძღოლები რეგისტრაციისას ეცნობიან წესებსა და პირობებს, სწორედ ამის საფუძველზე ისინი ოპერირებენ, როგორც პარტნიორი მძღოლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ყველა და ყოველი მძღოლი რეგისტრაციისას ეცნობა ინფორმაციას Bolt-სა და მათ შორის ურთიერთობის რეგულირების შესახებ.

საკომისიოს ცვლილება/გაზრდა Bolt-ის პარტნიორი მძღოლებისთვის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არ მომხდარა,“- მოგვწერეს „ბოლტიდან“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 417 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 6 648 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 660 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 10 210 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 004 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 698 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 845 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 916 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 374 ერთეული [+42]
  • სპეცტექნიკა – 1 621 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 193 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 476 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 231 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 286 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 325 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version