მთავარი,სიახლეები

„მაღაზიიდან 1 სნიკერსი გამოიტანა“ – ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ელის

06.03.2024 •
„მაღაზიიდან 1 სნიკერსი გამოიტანა“ – ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ელის

„დილით შემოვიდა შეტყობინება მაღაზიის დაყაჩაღებაზე,“ – უთხრა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ბათუმის მე-6 განყოფილების ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა, რომელსაც ბრალდებული კაცი შემთხვევის ადგილთან ახლოს, „ინტურისტის“ წინ გაჩერებულ ავტომანქანაში უპოვია.

„ეს ის მაღაზიაა, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდითაა, დაახლოებით 50 მეტრში?“ – მოწმეს ჩაეკითხა ადვოკატი შოთა ხორავა.

„დიახ,“ – მოკლედ მოუჭრა ადვოკატს სამართალდამცველმა.

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეკატერინე კულულაშვილმა ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული გოჩა ფ.-ს საქმეზე სამი მოწმის ჩვენება მოისმინა.

საუბარია 2023 წლის 25 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სახრახნისის [ე.წ. ატვიორკა] მუქარით პოლიციის განყოფილების გვერდით მდებარე მაღაზია „სპარში“ კონსულტანტს თავს დაესხა და თანხა მოსთხოვა. ბრალდებულმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ შეძლო.

გოჩა ფ.-ს ედავებიან ქურდობასაც;

„ქურდობას ედავებიან ერთი ცალი სნიკერსის, რომელიც არის ზუსტად 3 ლარის და 29 თეთრის ღირებულების, მანამდე ორი საათით ადრე იყო ამ მაღაზიაში შესული და მოიპარაო,“ – ამბობს ადვოკატი შოთა ხორავა.

ის ყურადღებას ამახვილებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ყაჩაღობა არის „თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“.

ბრალდებული გოჩა ფ. წინასწარ პატიმრობაში რჩება. ადვოკატ შოთა ხორავას თქმით, ის ფიზიკურად შრომობდა სხვადასხვა ობიექტზე და ძმის ავტომანქანაში ათევდა ღამეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„მე ეს ამბავი დილის 9 საათზე გავიგე, როცა სამსახურში მივედი,“ – თქვა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაბარებულმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სპარის“ მაღაზიის მენეჯერმა, ანა ბერიძემ. მისი თქმით, ადგილზე მისულს ის კონსულტანტი არ დახვდა, ვისი დაყაჩაღებაც სცადეს.

„ის პოლიციის განყოფილებაში იყო… კონსულტანტები შეშინებული დამხვდნენ, შემდეგ კამერის ჩანაწერებს ვუყურე, პირი შემოვიდა ობიექტზე და ითხოვდა, თანხა გადაეცათ,“ – აღნიშნა მოწმემ და შემდეგ დააზუსტა, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაცნობა ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია.

„გააღე სალარო“ – გარკვევით მხოლოდ ეს ისმის „სპარის“ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერში, რომელიც მტკიცებულების სახით ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ადვოკატი შოთა ხორავა განმარტავს, რომ მის ხელში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ამ შემთხვევის ამსახველი ხმაც ისმის.

„შემთხვევის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ნათლად დასტურდება, რომ რაიმე სახის მუქარას და თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი შოთა ხორავა „ბათუმელებთან“. მან ეს ვიდეო ჩანაწერი პროცესის დასრულების შემდეგ გვაჩვენა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კაცი მაღაზიის მოლარე-კონსულტანტთან სალაროს გასაღების მხრიდან შედის და სალაროს გახსნას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი ბრალდებულს და კონსულტანტს შორის კიდევ რამდენიმე წამით გრძელდება, თუმცა სიტყვების გარჩევა რთულია.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, კონსულტანტი სხვა თანამშრომელს ეძახის და მასთან გადის. კაცს ორივე ხელი ჩამოშვებული აქვს – გარკვევით არ ჩანს, თუმცა პროკურატურის ვერსიით, ხელში მას სახრახნისი უჭირავს. ქალი უნიფორმით, რომელსაც სავარაუდოდ მოლარემ დაუძახა, რამდენიმე წამის შემდეგ ჩნდება ჩანაწერში. იგი ბრალდებულს მოუწოდებს, მაღაზია დატოვოს. კაცი მაღაზიას ტოვებს.

„თქვენ საიდან მოიპოვეთ ეს ჩანაწერი?“ – დაეჭვდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი.

„გამომძიებელმა მომცა,“ – პროკურორს გახედა ადვოკატმა, შოთა ხორავამ, რომელიც ყოფილი პროკურორია. საინტერესოა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ბრალდების მხარეს მტკიცებულებად არ წარმოუდგენია, თუმცა პროკურორი დავით კირჩხელი ადვოკატის შუამდგომლობას დაეთანხმა, ყაჩაღობის ამ საქმეს ვიდეოჩანაწერი მტკიცებულების სახით დაერთოს.

ამ პროცესამდე პროკურორთან ადვოკატს საპროცესო შეთანხმება უცდია, თუმცა შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა.

„კამერის ჩანაწერი არ მინახავს ადგილზე, რადგან ამაზე პასუხისმგებელია მონიტორინგის სამსახური,“ – აღნიშნა მოწმის სახით დაბარებულმა ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა. მისივე მტკიცებით, პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდეს ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ და მალევე დააკავეს კაცი, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც მაღაზიაში შესვლის დროს.

„აღწერილობა როგორ გაიგეთ, თუ ვიდეო არ გინახავთ?“ – სამართალდამცველის გამოჭერა სცადა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

„კონსულტანტებისგან“, – უპასუხა ადვოკატს პოლიციელმა და შემდეგ დასძინა, რომ მაღაზია პოლიციის მე-6 განყოფილება გვერდითაა და კონსულტანტებსაც კარგად იცნობს.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი დაზარალებულად ცნობილი მოლარე-კონსულტანტის ჩვენებას მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: