მთავარი,სიახლეები

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ“ – არუნ ხათრის ცხოვრება საქართველოში

06.03.2024 •
„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ“ – არუნ ხათრის ცხოვრება საქართველოში

არუნ ხათრი საქართველოში 11 წლის წინ სკაიპით გაცნობილი გოგოს, თამთას სანახავად ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს შესახებ არც კი გაეგო. იცოდა, რომ არსებობდა ჯორჯია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა კი კიდევ ერთი ჯორჯია, საქართველო აღმოაჩენინა.

ინტერნეტით კომუნიკაცია 3-4 თვე გაგრძელდა, თამთა ინდური კულტურით იყო დაინტერესებული და მეტის გასაგებად, უშუალო კონტაქტების საპოვნელად, სკაიპში სახელით „არუნ“, ადამიანი შემთხვევითობის პრინციპით მოძებნა. ასე გაიცნო თამთამ არუნი, ხოლო არუნმა თამთა.

„2010 წელი იყო. ონლაინ ვმუშაობდი და სკაიპს ვიყენებდი, მაშინ ფეისბუქი არ იყო პოპულარული. ჩემს მეუღლეს აინტერესებდა ინდური კულტურა. ჩაწერა ჩემი სახელი, რომ მოეძებნა ადამიანები მეტი კომუნიკაციისთვის, უშუალო კონტაქტისთვის. პირველი მე გამოვჩნდი და დავიწყეთ ლაპარაკი. შემდეგ მის სანახავად საქართველოში ჩამოვედი“, – გვიყვება არუნი.

არუნის საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე თამთამ და არუნმა დაოჯახება გადაწყვიტეს.

„თამთა უკვე ჩემი შეყვარებული იყო, როცა ჩამოვედი. ეს ჩემს მშობლებსაც ვუთხარი, მის სანახავად მივდივარ და შეიძლება დავქორწინდე-მეთქი. დედა ძალიან ფრთხილია. მითხრა, ეს შენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ჩავერევით, შენ უნდა იყო ბედნიერი, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო. თამთას მშობლებსაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ“, – იხსენებს არუნი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს.

საქართველოში არუნმა აღმოაჩინა, რომ მის სამშობლოს საქართველოსთან საერთო ბევრი აქვს:

„აქ უფრო დასავლეთის კულტურას ველოდი. ევროპასთან ახლოს მოვედი, მაგრამ კულტურაში ბევრი რამ არის ნაცნობი ჩემთვის. ოჯახების, ნათესავების პატივისცემა, სამზარეულოში, ენაში ბევრ მსგავსებას ვხედავ. ინდოეთში მეტი ცხოვრობს გაერთიანებულ ოჯახებში. აქაც ასეა. ვნახე, რომ აქაც იგივეა, ნათესავების და მეგობრების პატივისცემა. ამიტომ არ იყო რთული ჩემთვის ახალ კულტურაში შემოსვლა.“

არუნი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი გაიჩინა, ეს კი ენის შესწავლამ განაპირობა:

„დაქორწინებიდან მალევე დავიწყე ენის სწავლა, მეუღლემ მასწავლა ქართული. როგორც კი ენა ვისწავლე, გაიოლდა ჩემთვის მოგზაურობა – ვმოგზაურობდი, ადამიანებს ველაპარაკებოდი. ჩემთვის ძალიან ადვილი იყო ახალ ადამიანებთან დამეგობრება. არ მახსენდება ვინმე ცუდად შემხვედროდა. ცუდი არაფერი მახსენდება. შეიძლება ენა რომ ვიცი მაგიტომ. როცა ენა არ იცი, ვერ გააგებინებ ადამიანს თუ რა გინდა, რა გაქვს გულში, შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს.“

თამთას და არუნს ორი შვილი ჰყავთ – ანა და მარია.


არუნი ოჯახთან ერთად

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ. ორივე ენა იციან, მაგრამ რადგან აქ ვცხოვრობთ, უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ქართველები არიან. იქაც ჩადიან, ზაფხულობით ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოდიან.“

არუნი აიურვედას სპეციალისტია, ეს იგივეა, რაც სახალხო მედიცინა. არუნის თქმით, აიურვედას სპეციალისტი რომ გახდე უნდა ისწავლო, ისევე როგორც უნდა ისწავლო, რომ ექიმი გახდე:

„ჩვეულებრივად, უმაღლესი უნდა დაამთავრო, დიპლომი აიღო. ჯერ სერტიფიკატია და შემდეგ დიპლომი. მაგრამ ამ შემთხვევაში, სიტყვას – „ექიმი“, ვერ გამოვიყენებთ, ასე არ არის. თუმცა, მკურნალია ჩვეულებრივად. მეთოდი ამ შემთხვევაში არის უფრო ბუნებრივი. რაც ბუნებამ მოგვცა ირგვლივ, რა არის კარგი, რა არა მაგის ცოდნა, არის აიურვედა. ინდოეთში ვინც ენდობა, მიდიან აიურვედას სპეციალისტთან, ვინც არ ენდობა, ისინი საავადმყოფოში მიდიან“.

არუნის, როგორც აიურვედას სპეციალისტის ვიდეო-რჩევებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება აქვს, წერენ კომენტარებს, კითხვებს, ითხოვენ რჩევებს სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობა არ არის. არუნის თქმით, ორი უცხოური კომპანიის კონსულტანტად მუშაობს საქართველოდა და ეს არის მისი შემოსავლის წყარო. რაც შეეხება აიურვედას, ამ მიმართულებით მოხალისეობრივად მუშაობს.

„არ მეგონა თუ ამხელა ინტერესი იქნებოდა, ბევრჯერ მიფიქრია აიურვედა, იოგა, მედიტაცია – გამეზიარებინა ეს ცოდნა სხვებისთვის, მაგრამ არ მეგონა თუ ინტერესს გამოიწვევდა. შემდეგ ორი ვიდეო გავაკეთე და დაინტერესების გამო გაგრძელება გადავწყვიტე. აიურვედას უკუჩვენება არ აქვს, შეიძლება რაღაცამ არ იმუშაოს, მაგრამ უკუშედეგი არ ექნება“.

ჩვეულებრივ მედიცინას არუნი „ახალგაზრდა მედიცინას“ უწოდებს. აიურვედაა კი „ძველ ხალხურ მედიცინას.“

არუნს სწორ კვებაზე და ქართულ სამზარეულოზეც ვკითხეთ:

„ქართულ სუფრაზე ყველაფერია და ძალიან გემრიელია. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ უნდა ჭამოს. პირველად რა უნდა ჭამო, შემდეგ რა და წყალი როდის უნდა მიაყოლო. რასთან რა შეიძლება, რა არ შეიძლება.

ბევრი ისეთი საჭმელია, რომლებიც ერთად არ შეიძლება, მაგრამ ჭამენ. გემრიელია კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი გადამუშავებაშია სულ და შემდეგ ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდასაც მხოლოდ ჭამის გამო.

ქართველები გენეტიკურად ძლიერები არიან, ამიტომ პრობლემები არ უნდა იყოს. საჭმელი სუფთაა და კარგია. ამერიკულ რესტორნებში ჰამბურგერების სურათებს იღებენ და დებენ. ეს არ არის კარგად ყოფნა. როცა იქნებით ჯანმრთელად, აი ეს არის სიამოვნება“.

მათ, ვინც ამბობს, რომ დრო არ აქვს ჯანსაღი ცხოვრებისთვის, არუნი ურჩევს, თუ ვერ ივარჯიშებენ, სწორად მაინც იკვებონ:

„70 პროცენტი არის კვება. თუ დრო არ გაქვს, რომ ივარჯიშო, სწორად მაინც უნდა იკვებო. თუ ადამიანი იკვებება სწორად, რაც არ უნდა რთული სამუშაო ჰქონდეს, სწორად კვება შეუძლია ადამიანს. არავინ არ გაძალებს, რომ სამსახურში ნამცხვარი ჭამო. გუშინ ჩემ ახლობელს დაბადების დღე ჰქონდა და მე ნამცხვარი არ ვჭამე. არავინ არაფერს გაძლებს, უნდა იკვებო სწორად, სახლიდან უნდა წაიღო საჭმელი.“


არუნი შვილებთან ერთად

არუნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა კვებაზე, სკოლაში კვებაზე და ურჩევს მშობლებს ბავშვებს სახლში მომზადებული საჭმელი გაატანონ სკოლაში:

„ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, გთხოვთ ეს აუცილებლად დაწერეთ. ინდოეთში კანონია, როცა ბავშვი სკოლაში მიდის, დედა ფულს კი არ აძლევს, რომ საჭმელი იყიდოს, ატანს სახლში გამზადებულ საჭმელს. მეც ვიყიდე აქ პატარა ქვაბი და გავატანე საჭმელი. თურმე აქ საჭმელს არავინ ატანს სკოლაში და ყველა ბავშვი მიდის ფულით, რომ საჭმელი იყიდოს. მხოლოდ ჩემი ბავშვი ჭამდა სახლიდან წაღებულ საჭმელს. შემდეგ დაიწყო ტირილი – სირცხვილია, არვის არ მოაქვს საჭმელიო.

ეს არ არის სწორი, უნდა გაატანო საჭმელი. რაც არ უნდა სუფთა ადგილზე იყიდო გარეთ, მაინც არ იქნება ეს ის საჭმელი, რაც შენს თვალწინ არის გაკეთებული. ბავშვი ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ ტკბილეულს და ცომეულს შეჭამს. შემდეგ უკვე თინეიჯერობის ასაკიდან დაიწყება პრობლემები. მშობლებმა ბავშვობიდან უნდა ასწავლონ ბავშვებს, რა შეუძლია შაქარს გააფუჭოს ორგანიზმში. ეს უნდა ელაპარაკო ბავშვებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: