სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში – ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი – ვისგან შეისყიდა 515 244 ლარის ლანჩი.

თბილისში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად“ სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა და დახარჯა:

  • 15 აპრილს – 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 28 640 ლარი
  • 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
  • 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
  • 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
  • 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
  • 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი

გარდა ამისა, 16 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში შსს-მ 150 000  ლარი დახარჯა სპეცრაზმის ლანჩისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში სამინისტროს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ევროპული საცხობი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის 15 აპრილს გაფორმდა. სამინისტროს ლანჩი იმავე დღეს, 15 აპრილს დასჭირდა, რაც ცალკე, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

„15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ევროპულ საცხობს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ვერ ხერხდება შემსყიდველისათვის 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრების მიწოდება, ვინაიდან მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ევალება შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.

საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების უზრუნველსაყოფად, უმოკლეს ვადებში შეძენილიყო ლანჩის ნაკრები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

„ევროპულ საცხობთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებით კი, პრეისკურანტის მიხედვით იყო ლანჩის სამი სახის კომპლექტი, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა რაოდენობის პური[ბანი სეზამით], ყველი[დაჭრილი ჩედარი], ლორი[დედაქალაქური შაშხი], შოკოლადი „სნიკერსი“ და 0,5 ლიტრიანი „პეპსი“.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით ლანჩ-მენიუში გათვალისწინებული იყო ბოსტნეულიც და „კოკა-კოლა“, თუმცა, 19 აპრილს შეტანილი ცვლილებით მენიუდან საერთოდ ამოიღეს ბოსტნეული, „კოკა-კოლა“ კი „პეპსით“ ჩაანაცვლეს.

„ლანჩის ნაკრების შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას ბოსტნეული/პომიდორი, სოუსი და სალათის ფოთოლი, ასევე აღნიშნული ლანჩის ნაკრებში გათვალისწინებული „კოკა-კოლა“ (0.5 ლიტრიანი) უნდა ჩანაცვლდეს „პეპსით“ (0.5 ლიტრიანი)… ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესებას და არ ზრდის სახელშეკრულებო ღირებულებას“ – აღნიშნულია შეცვლილ ხელშეკრულებაში.

ერთ-ერთი ლანჩ-მენიუს ნიმუში „ევროპულ საცხობთან“ გაფორმებული შეცვლილი ხელშეკრულებიდან

შესყიდვების პორტალზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ტენდერის ფარგლებში „ევროპული საცხობიდან“ შსს-მ ჩაიბარა:

  • 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 53 100 ლარის ღირებულების
  • 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
  • 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი

სხვა მიღება-ჩაბარების აქტები პორტალზე ატვირთული არ არის. ამავე პორტალის მიხედვით კი, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით კომპანიისთვის შსს-ს გადარიცხული აქვს 147 ათას 352 ლარი და 50 თეთრი.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „ევროპული საცხობის“ დირექტორია ალექსანდრე ნორაკიძე, კომპანიის წილებს კი შპს „დეგუსტო ინტერნეიშენალ“ და ვიტალიი ივახოვი [უკრაინა] ფლობენ.

„დეგუსტო ინტერნეიშენალ“-ის მეწილეები კი არიან ალექსანდრე ნორაკიძე [95%] და შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ [5%]. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე კი, არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კოოპერატივი „გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივ“.

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ლანჩის შესყიდვა სამინისტრომ ტენდერის გარეშე იმ მიზეზით დაიწყო, რომ როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, შსს-სა და „ევროპული საცხობს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის“ მიზნით სამინისტრომ ახალი ტენდერი 200 ათასი ლარით, 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდება.

შესაბამისად, ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაიდება ხელშეკრულება, მანამდე სამინისტრო ლანჩს კვლავ გამარტივებული წესით შეისყიდის, ვინაიდან თბილისში ანტირუსული აქციები გრძელდება.

ტენდერის გარეშე 58 720 ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამში 9 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. არცერთი ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო უნდა იყოს, შესყიდვების პორტალის შესაბამის CMR გრაფაში არ იძებნება.

მეტიც, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით ამ CMR გრაფაში [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] შსს-ს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციები მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრამდე იძებნება. ამ დროიდან დღემდე პერიოდისთვის კი, არცერთი ინფორმაცია [რა შესყიდვები განახორციელა სამინისტრომ და ვისთან გააფორმა ხელშეკრულება] შესყიდვების პორტალზე აღარ ჩანს:

2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით შესყიდვების პორტალზე CMR გრაფაში შსს-ს შესყიდვებზე ბოლო ინფორმაცია 2019 წლის ოქტომბრით თარიღდება

რატომ არ არის საჯარო ეს ხელშეკრულებები – ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგვამისამართა.

შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით „სავარაუდოდ, იყო და არის ტექნიკური პრობლემები პორტალზე და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ მის მოგვარებაზე“.

კონკრეტული ინფორმაცია – რა პრობლემები შეიქმნა, როდის, ან როდის უნდა მოგვარდეს; ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ წერილობით ოფიციალურად გამოითხოვა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უწყება არ ასაჯაროებს თუ რა ძალა გამოჰყავს შეკრების/მანიფესტაციის დროს, რამდენი პოლიციელი/სპეცრაზმელი მონაწილეობს და რა საშუალებებს იყენებენ ამა თუ იმ „სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას“ .

  • ხელფასები

სპეცრაზმელთა რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე, ასევე შესყიდვებთან დაკავშირებით, ინფორმაცია შსს-გან წერილობით ამჯერადაც გამოვითხოვეთ.

ანალოგიური ინფორმაცია „ბათუმელებმა“ სამინისტროდან 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებითაც გამოითხოვა გასულ წელს, თუმცა სამინისტრომ მაშინ მონაცემები არ მოგვაწოდა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, [ამ ინფორმაციის] ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის.“-ო, მოგვწერეს შარშან შსს-დან:

შსს-ს პასუხი

აღნიშნულიდან გამომდინარე უცნობია, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს სამინისტრომ რამდენი მოსამსახურისთვის [პოლიცია, სპეცრაზმი] შეიძინა 9 800 კომპლექტი ლანჩის ნაკრები. თუ, როგორც წესი, ერთჯერადი კვებისთვის იყო გათვალისწინებული, გამოდის რომ პოლიციას ამდენივე მოსამსახურე ჰყავდა გამოყვანილი მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. 

და კიდევ, როგორც „ბათუმელებმა“ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით გაარკვია, სამინისტრომ სწორედ გასული წლის 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ გაზარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელთა რაოდენობა.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, „გასამხედროებული დანაყოფის მოსამსახურეების უნიფორმებითა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის“ მიზნით ამ უნიფორმებისა და აღჭურვილობის შესყიდვაც ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გადაწყდა, რაზედაც თანხმობა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან 2023 წლის 11 მაისს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის განკარგულებიდან

საუბარია 5 925 740 ლარის შესყიდვებზე, თუმცა ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები უცნობია, ვინაიდან, როგორც ლანჩის შემთხვევაში, შესყიდვების პორტალზე არც ამ შესყიდვებზე იძებნება ხელშეკრულებები.

აღნიშნული 5,9 მილიონი ლარით კი, სამინისტროს გამარტივებული წესით სხვადასხვა ნივთები უნდა შეესყიდა; მათ შორის 3 000 ნიღაბი [აქედან 1 000 ალგამძლე]:

„საქონლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, განსხვავდება მათი მიწოდების ვადები. ნაწილი საქონელი შესყიდული უნდა იქნას საზღვარგარეთ უშუალოდ მწარმოებელი კომპანიებისგან, რათა დაცული იქნას სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურად განხორციელების პრინციპი და მოხდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

ნაწილი საქონლის წარმოება შესაძლებელია საქართველოში, თუმცა, მოითხოვს შესაბამისი ნედლეულის შეკვეთას საზღვარგარეთ. მოცემულ ეტაპზე დაგეგმილია, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2023 წლის მაისის ბოლომდე, ხოლო საქონელი მოწოდებული იქნას და შესაბამისი დანაყოფები სრულად დაკომპლექტდეს 2023 წლის ბოლომდე.“ – წერია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისადმი 2023 წლის 25 აპრილს გაგზავნილ პატაკში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“

შესყიდვების სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ 2024 წლის 28 მაისს გამოგზავნილი წერილიდან

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ კანონის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს/აქციას კი ძირითადად სწორედ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გასამხედროებული დანაყოფებით არბევენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან.

ამ თემაზე: აქციებზე დაკავებული 93 პირი პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ამხელს, 71-მა მიმართა საგამოძიებო სამსახურს – ომბუდსმენი

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ.

  • ერთი თვის განმავლობაში, 2024 წლის 15 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა 189 პირმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
  • ასევე, ორგანიზაციებს დასახმარებლად მიმართა 30-მა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობის, შენობებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე ან ხე-ნარგავებზე საპროტესტო ბანერების განთავსების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის მუხლებით.
  • ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციებზე დაკავებული 7 მოქალაქის მიმართ.

ვრცლად: რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს – უფლებადამცველი NGO-ები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების შესახებ.

ვრცლად: დეპუტატები სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს მიმართავენ

____

მთავარი ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

„ვისთან გაქვთ სექსი, თქვენი ძმაკაცი ვისთან დადის… არ ეტყვით – დაისჯებით“ – როგორ იმუშავებს რუსული კანონი

„კანონში ის წერია, რის გამოც პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში ტყვია დაიხალა“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაზო კირტავა,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების პროგრამის ანალიტიკოსი. იურისტი პოსტში ფეისბუქის მომხმარებლებისთვის მარტივად განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

„წარმოიდგინეთ, ხვალ დაგადგათ პატივცემული რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელი.

(არაა აუცილებელი NGO-ში ან მედიაში მუშაობდეთ. წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ არსად არ მუშაობთ).

გითხრათ, რომ მათი ვარაუდით, თქვენ გაქვთ ინფორმაცია უცხოეთის ინტერესების გამტარებზე.

მოგთხოვათ პირადი მიმოწერები, გამოგკითხათ, ვისთან გაქვთ სექსი, რომელ პარტიას ემხრობით.

მერე გამოგკითხათ, თქვენი ძმაკაცი რომ არის, ეგ ვისთან დადის ღამღამობით, რა იდეებს ატარებს, სად ლოცულობს და ა.შ.

არ ეტყვით – დაისჯებით.

არ მიაწვდით მოთხოვნილ მასალებს – დაისჯებით.

რაში სჭირდებათ ეგ ინფორმაცია? მონიტორინგში. „დანოსში“ რაღაცები წერია და უნდა გადაამოწმონ. და საერთოდ, რამდენ კითხვას სვამთ, კანონით სრული უფლება აქვთ ეს ყველაფერი მოგთხოვონ. მოკეტე და რასაც გეკითხებიან იმაზე უპასუხე, თორემ დაისჯები.

აი, ეგ წერია ამ კანონში, ადამიანური ენით რომ ითქვას.

თან თავიდან მთლად ასე ცხადად არ ეწერა, მერე გააპარეს.

და ამათთან ამ კანონის გაკეთილშობილებაზე და გაუმჯობესებაზე მსჯელობის სჯერა ვინმეს?

მოკლედ, კანონში ის წერია, რის გამოც პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში ტყვია დაიხალა და ვინმეს თუ ჰგონია, ვაჭარბებ და ვაზვიადებ, თავს იტყუებთ, მეგობრებო“ – წერს თაზო კირტავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გათვალისწინებული „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების“ რეესტრში მოხვდებიან, თუმცა სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.

ამავე თემაზე: რუსულ კანონში შესული ცვლილებით მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება

რა ხდება 

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტ და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ქართველების აქცია ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ

17 მაისს ქართველმა ემიგრანტებმა ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

YouTube video player

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 491 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 7 560 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 14 595 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 12 639 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 071 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 801 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 354 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 108 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 203 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 169 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 2 075 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 271 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 074 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 304 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 664 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 783 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სასამართლოდან მირეკავდნენ, თურმე პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული – მსახიობი ნატალია ყიფშიძე

მსახიობი ნატალია ყიფშიძე წერს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.

მსახიობი წერს:

„გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგეს-თქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად, რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა „დაჩა“ არ გახდეს.

ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ, რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ, ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში, რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ.

დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ, სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება, მასზე მაღლა ვერ ახვალთ“, – წერს ნატალია ყიფშიძე.

ფოტო: ირმა შარიქაძე

18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“

18 მაისს ბათუმში განახლდება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ.

„ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება. ჩვენ ერთად, ჩვენი ერთობით ვწერთ ამ ისტორიას.

მარტიანელები გელოდებით ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩაზე. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი ერთობა.

მარტიანელებს გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად.

ჩვენ უარს ვეუბნებით ყველას და ყველაფერს, რაც არის რუსული“ – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ბათუმში მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

შემთხვევა დღეს, 17 მაისს მოხდა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

 

როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო

ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს იმ ძალის მიმართ, რომელმაც მავთულხლართები გააბა და ასე დააშორა მშობლების სახლს.

19 წლის ცოტნე მირცხულავა ახლა ამ ძალას ქუჩაში გამოსვლით ებრძვის. ოკუპანტს, რომელმაც რუსული კანონის სახით შემოაღწია ჩვენი ქვეყნის შიგნითაც. იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ინდივიდუალური ბრძოლაცაა რუსული რეჟიმის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

  • როგორ ვებრძვი რუსულ ოკუპაციას ყოველდღიურობაში

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღიურად ვცდილობდით დისკომფორტი შემექმნა რუსებისთვის, რომლებიც ჩვენს ქუჩებში გამოჩნდნენ და აქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას.

ვცდილობდი ჩამევლო იმ ქუჩებში, ადგილებში, სადაც რუსების ბარებია გახსნილი უკრაინის დროშებით, უკრაინული სიმღერებით, „რუსეთი ოკუპანტია“, „პუტინ ხუილო“ და მსგავსი შეძახილებით. ჩვენ გვაწუხებს ჩვენს ქვეყანაში შემოსული აგრესორი, რომელიც ფეხს იკიდებს ყოველდღიურად აქ და ჩვენ ვიცით, რომ ეს მავნებელია ჩვენთვის.

ის ფიქრობს, დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას ამა თუ იმ გავლენებით და ამას ვხედავთ უკვე ყოველდღიურად“, – ამბობს ცოტნე „ბათუმელებთან“.

ცოტნე მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობაა მთავარი, სწორედ ამით იგრძნობს ოკუპანტი, რომ აქ მათი ადგილი არ არის და მათ აქ არავინ ელის.

„მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაც იყოს ტურისტი, მაგრამ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით შენს ქვეყანაში და რუსი, ჩემთვის ვერანაირად ვერ ასოცირდება კეთილ ზრახვასთან“, – გვეუბნება ცოტნე მირცხულავა.

  • ჩემმა მშობლებმა აფხაზეთში დატოვეს საკუთარი ახალგაზრდობის, ბავშვობის ნაწილი

„თუ არ ვცდები, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ისტორიის სახელმძღვანელოში მეფის რუსეთის შესახებ შემხვდა ტექსტი, სადაც რუსეთი ძალიან დადებით კონტექსტში იყო წარმოჩენილი. როდესაც ამის გამო პროტესტი გამიჩნდა, საერთოდ არ მიგრძნია მასწავლებლისგან წინააღმდეგობა.

პირიქით, მითხრა, რომ მეც მაწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ერთი, ხანშიშესული ქალი ვარ და ვერ გამოვხატავ ჩემს პროტესტს ისე, როგორც საჭიროაო.

მაშინ ვიგრძენი ჩემი ძალა, თუ როგორ შემიძლია ავუბა მხარი სხვებს და ხმამაღლა ვთქვა ჩემი სათქმელი. პოზიტიური გაგებით რუსეთზე ვერ ვისწავლიდი გაკვეთილს მშვიდად, რადგან იმპერიალისტური რეჟიმის შესახებ არაფრის გაგონება არ მინდოდა. იმიტომ, რომ მათი ცუდი ზეგავლენები კარგად გვახსოვს და განვიცდით.

დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ამ ტკივილს დღესაც ისე განიცდის ჩემი ოჯახი.

როცა ჩემმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა, მათ იქ დატოვეს ახალგაზრდობის და ბავშვობის ნაწილი. როცა ვგრძნობდი, რომ საკუთარ კუთხეში, საკუთარ სახლში ვერ მივდიოდი, ეს ბრაზი, ნელ-ნელა, ბავშვობიდან შემოდიოდა ჩემში.

მე დევნილი ვარ. მართალია, ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელმაც მომიყვანა აქამდე, რომელმაც მაიძულა მეცხოვრა ჩემი სახლისგან, ჩემი სოფლისგან და ქალაქისგან შორს.

მაშინ ვიგრძენი ეს ტკივილი, მაშინ გაჩნდა ჩემში პროტესტი, როცა მივხვდი ჩემს სოფელში ვერ მივდიოდი მაშინ, როცა მე მინდოდა და ვერ ვხვდებოდი ბებიას, ვერ ვეხუტებოდი ბაბუას, ძალიან დიდი იყო ეს დისტანცია და ძალიან ხანგრძლივი.

შეიძლება წლები გასულიყო და ვერ მენახა ბიძები, მამიდები. ეს ძალიან ცუდად ისახებოდა ჩემზე. მაკლდა ის სითბო, რომელიც ბებია-ბაბუამ შეიძლება მოგცეს“, – გვიყვება თავის ტკივილზე ცოტნე. დედაზე, რომელმაც ოკუპაციის ტკივილი 14 წლის ასაკში განიცადა.

„მამა გალელია, დედა მყავს სოხუმელი.

დედაჩემმა ჩემზე პატარა ასაკში გამოიარა ის ტკივილი და დარტყმა, როდესაც სოხუმში მოუწია სახლ-კარის დატოვება. დედასთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთად წამოვიდა, სადღაც შორს, სადაც ნამყოფიც კი არ ყოფილა არასოდეს.

მამაჩემს ადიდებული ენგურის გადმოცურვაც კი მოუწია, რომ გამოეღწია აქამდე.

ამის შემდეგ, ძალიან ბუნებრივია ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ ისტორიაზე ვიზრდებოდი მთელი ბავშვობა, თუ როგორც ცდილობდნენ რუსები აფხაზეთში ქართველების გენოციდს, ეთნიკურ წმენდას.

YouTube video player

მახსოვს, ბაღიდან გამომიყვანა დედაჩემმა და სანაყინეში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა. მაშინ რუსთაველზე ძალიან ცნობილი სოიას ნაყინი იყიდებოდა და ძალიან მიყვარდა იქ სიარული.

გვერდით მაგიდასთან რუსი ოჯახი მოგვისხდა. მახსოვს, რიგში ჩემ წინ ჩადგა ეს ბავშვი. საბავშვო ბაღის რუსულით რასაც თავი მოვაბი, ვუთხარი, რომ „ეს ჩემი ადგილია-მეთქი“.

ეს მახსენდება… დედა მახსენებს ხოლმე, როგორი პროტესტის გრძნობა გაგიჩნდა მაშინაც, რომ იცოდი, სად იყო შენი ადგილი და სად იყო იმ დამპყრობლის ადგილი, რომელიც ცდილობს შენს ყოველდღიურ რეალობაში შემოვიდეს და შენ წინ დადგესო“, – გვეუბნება ცოტნე.

ბათუმში რუსულ გემს პროტესტით დახვდნენ მოქალაქეები/ფოტო: ლელა დუმბაძე/ ბათუმელები
  • პორტიდან გაძევებული რუსული გემი

„როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს პროტესტი იზრდებოდა და ღრმავდებოდა ჩემში.

მახსოვს ის დილა, როცა გავიღვიძე და დამხვდა ახალი ამბავი – ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერია შემოდის. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, რომ არ ვიყავით ღირსი, ჩვენს ქვეყანაში რუსული გემი შემოსულიყო იმ პორტში, სადაც 30 წლის წინ, დევნილები შემოვიდნენ. დევნილები, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, დედები, მამები, შვილები… ჩვენ დევნილებს სტკიოდათ და არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, მათ კი გაწერილი ჰქონდათ საკრუიზო გეგმა, – ბათუმში მოდიოდნენ გასართობად.

მეგობართან წავედი და ერთად შევეცადეთ პროტესტი გაგვეღვივებინა ადამიანებში, რომ შეგვექმნა დისკომფორტი რუსებისთვის, რომლებიც დამცინავი რიტორიკით გამოირჩეოდნენ  ქართველების მიმართ, და მათთვის კომფორტის ზონა არ ყოფილიყო ბათუმი“, – ამბობს ცოტნე.

ცოტნე აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ბათუმი 10 მაისი, ევროპის მოედანი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
  • დღეს რუსთაველზე საქართველოს ახალი ისტორია იწერება

21 დღეა, რაც ცოტნე და მისი მეგობრები რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დგანან და ასე აკავებენ რუსულ რბილ ძალას, რომელიც ნელ-ნელა, „თავის მძიმე საცეცებს აჩენს“.

ცოტნე მიიჩნევს, რომ ის და მისი მეგობრები დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგანან. „რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა მიჯნავს თეთრსა და შავს“, – გვეუბნება ის.

„ეს დღეებია ჩვენ ვებრძვით რუსეთს საქართველოში, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც პირდაპირ მართულია კრემლიდან. არანაირად არ გვსურს რუსული გავლენების ქვეშ მოქცევა. არ გვინდა ჩვენი მომავალი ისევ რუსეთს დაუკავშირდეს. იმ წარსულს, რომელიც იყო მჩაგვრელი და იყო დამაზიანებელი.

რუსთაველის ქუჩაზე იწერება საქართველოს ისტორია დღეს და ჩვენ ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, როგორც ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანები.

ინდივიდუალურად უნდა ვებრძოლოთ ყველამ რუსეთს, რომ საერთო სურათში ჩვენი ბრძოლისუნარიანობა უფრო ძლიერად აისახოს“, – ამბობს ცოტნე.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი დღეს კრემლის დავალებებს ასრულებს, ახალი თაობა კი მას არ მისცემს ქვეყნის რუსეთიზაციის უფლებას.

„ჩვენ – ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში, რადგან ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი, ჩვენი თვითმიზანი არის დასავლეთი“, – ამბობს ცოტნე მირცხულავა.

როგორ გახდა სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ პროტესტის ლიდერი ბათუმში – ნაწილი მეორე

YouTube video player

ამავე თემაზე: 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალგაზრდებისთვის ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციები და დისკუსია გაიმართება

დღეს, 17  მაისს, სტუდენტური მოძრაობა ბათუმში საპროტესტო აქციას არ გეგმავს. სტუდენტები 18:30 საათზე ახალი ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციებზე დასასწრებად ეპატიჟებიან ერთმანეთს. როგორც განცხადებაშია მითითებული, იქნება დისკუსიაც. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა „ევროპისკენ“.

მომხსენებლები არიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

  • ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები – ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  •  ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა – ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  • ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში – ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
  • რუსული ოკუპაცია საქართველოში – კახა სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ საპროტესტო აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში ერთი თვეა მართავენ. აქვთ მსვლელობები, რა დროსაც მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ რუსული კანონი.

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 489 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
  • ტანკი – 7 547 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 14 552 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 12 603 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 071 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 800 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 353 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 073 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 200 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 104 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 069 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 234 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 058 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 303 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 635 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 763 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უქმე დღის გამო შსს-ს მომსახურების სააგენტო 17 მაისს არ იმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, რომ 17 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია უქმე დღედ.

სააგენტოს ცნობით:

ის პირები, რომლებსაც 17 მაისს უწევდათ ცნობის მიღება, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 18 მაისს;

პირები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 17 მაისს, გამოცდით ისარგებლებენ 18 მაისს;

იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 17 მაისს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;

იმ პირებს, რომლებსაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი;

ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი.

დღეს, 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა.

__________________________

ფოტოზე: მომსახურების სააგენტო ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და 50-წლამდე კაცი მოიყოლა

დღეს, 16 მაისს, სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დაღუპული კაცი 50-წლამდეა.

ინფორმაციას სოფელ კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი გვიდასტურებს.

„სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ზურაბ ლაზიშვილი.

მისი თქმით, დაღუპულია კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა.

კითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სამშენებლო ობიექტზე, ზურაბ ლაზიშვილი ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

რა დააშავა ჩემმა შვილმა, სანქცია რომ დაუწესონ? – „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე

„ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს“, – ასე უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მისი და მისი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე.

ვიქტორ ჯაფარიძე თავდაპირველად ენმ-ის მმართველობის დროს, 2004-08 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი; მოგვიანებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახდა, 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში კი პროპორციული წესით გახდა პარლამენტარი კვლავ „ქართული ოცნებიდან“. ახლა იგი პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“, წევრია. ჯაფარიძე ფლობს ტელეკომპანია „პოსტტივის“ საკონტროლო პაკეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, მხოლოდ 2018-20 წლებში ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 6 254 688 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვის წესით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ რუსული კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ მასზე პასუხისმგებელ კონკრეტულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აქტივისტი ხულოდან აცხადებს, რომ ხულოს მერის დავალებით აქცია ჩაუშალეს – „არა რუსულ კანონს“

ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს.

„ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა დანამდვილებით თქვა, რომ აქცია უნდა გაგვემართა. დავგეგმეთ, მაგრამ ამბავი გავიდა და აქცია ჩაგვიშალეს“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე.

მისი ინფორმაციით, აქციის ინიციატორების მშობლებს ხულოს მერის სახელით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ აქციას გამართავდნენ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ, განსაკუთრებით კი აქტივისტების საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ახლობლებს.

„ზოგმა კი პირდაპირ თქვა, რომ ოჯახში მივიდნენ ხულოს მერის დავალებით. ზოგის ოჯახის წევრს კი დაურეკეს. ვფიქრობ, ზოგს იმის თქმა ეუხერხულა კიდეც, რომ მამა არ უშვებს კონკრეტული მიზეზის გამო“ – ამბობს ლაშა.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა აქციის გამართვა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს ვიდეო გადაეღოთ, რომლითაც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ კი ამ ვიდეოს გაავრცელებდნენ. ლაშას თქმით ესეც გაიგეს და ხულოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვალერი შავაძემ გადაღებიდან დაბრუნებისას მათ ფოტოები გადაუღო.

„საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ვიდეო გადავიღეთ, როცა წამოვედით პოლიციელმა ბავშვებს ვიდეო გადაუღო, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანია. შემდეგ ოჯახებს შეუთვალა, ამ ფოტოებს გადავაგზავნი სადაც საჭიროა, თუ რამეს დააპირებთო, გულისხმობენ აქციას, ცხადია“ – ამბობს ლაშა. 

„ბათუმელები“ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს დაუკავშირდა. ხულოს მერმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჩვენს კითხვას ხულოში საპროტესტო აქციის მისი ჩარევით ჩაშლის შესახებ პროვოკაციულად მიიჩნევს და შეურაცხყოფად აფასებს:

„საქმეზე მირეკავთ თუ პროვოკაციაზე, რა შუაშია, ეს საიდან მოიტანა, ან ვინ მოიტანა? ეს არის პროვოკაციული კითხვა. დღეს საერთოდ ვინ ვის რა დაუშალა. ან თქვენ საიდან მოიტანეთ? ასეთი ლაპარაკი ქვეყანას არ წაადგება. ძალიან გთხოვთ იმ ხალხს, რომელსაც ქვეყანაზე გული შეგვტკივა, ქვეყნის სასიკეთოდ ვზრუნავთ დღე და ღამე, ამის მეტი საქმე არა აქვთ? ქვეყნის დაქცევისკენ და უკან სვლისკენ რომ იბრძვით, რა კითხვებია?“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

მერს ვკითხეთ, გვგულისხმობს თუ არა ჩვენ, მედიას, როცა ამბობს, რომ „პროვოკაციას ვუწყობთ“.

„მუნიციპალიტეტის მერი ვარ და მაგის გარდა საქმე დამელია, რომ მე ვიღაცის საქმეებში ჩავერიო? ამდენი საქმე მაქვს, ამდენ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვემსახურები. დიახ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი კითხვა იყო. ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ხალხს ვემსახურები და ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ დაბადების დღიდან დღემდე.

დიახ, მე შეურაცხყოფად მივიღე. მე თქვენ კი არ გეჩხუბებით. ვამბობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი პროვოკაცია. ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 75 პროცენტს ხმა აქვს ჩემთვის მოცემული, არჩეულ მერს ამის მეტი საქმე არა მაქვს? მე გეუბნებით, ეგ საიდანაც წამოვიდა, არის პროვოკაცია ქვეყნის მტრების, ქვეყანა რომ არასწორ გზაზე წავიდეს და თითქოსდა თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ მიაღწევს მის საწადელს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, გაბრწყინდება და ევროპაში შევა თავის ღირსებით, კულტურით და ღირებულებებით“ – ამბობს ხულოს მერი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა დასახელებულ პოლიციელს, ვალერი შავაძესაც. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქციის შესაძლო გამართვის შესახებ არც კი გაუგია. მან რუსული კანონის წინააღმდეგ ვიდეოს გადაღების შემდეგ, მონაწილეებზე ფოტოების გადაღება და მუქარა უარყო:

„მე არც ვიდეოს გადაღება დამინახავს და არც სურათები გადამიღია. მე ვარ ფორმიანი პოლკოვნიკი. რა აქციას ატარებდნენ, რა ფოტოები გადავიღე… ვიღაცას ეშლება. 6-7 თვე ვიყავი განყოფილების უფროსი და აღარ ვარ, ალბათ ესეც არ იციან. დიახ, განყოფილებაში ვარ, მაგრამ უფროსი აღარ ვარ. გეუბნებით, რომ არაფერი ვიცი. თქვენ შაირზე ხართ?! მე თუ სადმე აქცია დავშალე, მაგას სახალხოდაც ვიტყვი“.

ლაშა ასევე გვიყვება, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლაც მოსთხოვეს: „მაგრამ არ დაწერა, სახლშიც მივიდნენ, გააფრთხილეს, მაგრამ ვერ აშინებენ, არ აინტერესებს. მოგვიანებით კი მისი ზეწოლის მიზნით გაავრცელეს, რომ ვაკანსია ჰქონდათ და სწორედ მისი თანამდებობა დაასახელეს, თუმცა ამ მეგობრის გათავისუფლების ბრძანება არ დაუწერიათ“.

ლაშა ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს კრიტიკულ პოსტებს. მან ცოტა ხნის წინ შენიშნა ისიც, რომ მის გვერდზე კონკრეტული კომენტარები წაშალეს ავტორებმა.

„დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ოჯახის წევრებს დაურეკეს და კომენტარის თაობაზე შენიშვნა მისცეს. ვიცი, რომ ერთის დედას დაურეკეს, რომელიც საჯარო მოხელეა. მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანებს ვისაც ურეკავენ და ემუქრებიან“ – ამბობს ლაშა.

____________

ფოტოზე: ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე

საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში

ვიდრე ქვეყანაში ათასობით მოქალაქე რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოების მუშაობაში – ამის შესახებ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ- დან ალექსანდრე ვარშალომიძემ დღეს, 16 მაისს, განაცხადა.

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის ფრაქციამაც გაავრცელა.

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში რჩება „ლელოს“ ფრაქცია და „გახარია – საქართველოსთვის“.

„ამ დროის შეიძლება გააპარონ ისეთი საკითხები, რაზეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია. როგორც უკვე განაცხდა პარტიამ, ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტიიდან.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

„ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების“ – მალხაზ სონღულაშვილი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გთავაზობთ მის მოსაზრებას, რომელიც მალხაზ სონღულაშვილმა 15 მაისს გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე.

„მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: „სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი”, რაც იმასა ნიშნავს, რომ ადამიანი სამართლიანობას ესწრაფვის თუ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. იმისათვის, რომ ამ სწრაფვამ ხორცი შეისხას, სამართლიანობის შენებაში უკლებლივ ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის გარეშე არ არსებობს არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც მრავალფეროვნების დაფასება, არც ძმობა და არც ერთობა.

ის, რაც ახლა ჩვენს საქართველოს დედაქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიახაც რომ ბრძოლაა სამართლიანობისათვის. ყველაზე საუკეთესო რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას, კულტურას, ადამიანთა ერთობას, ეს არის თავისუფლებაში გაზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც სრულად არის ჩაბმული სამართლიანობის შენებაში.

მათი უძლეველი იარაღია გულწრფელობა, სიალალე და სიყვარული. თითოეულ მათგანს ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

ჰოდა, ამიტომ უსამართლობაზე კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა ჩვენი ახალგაზრდობის დემონიზება, დაჩაგვრისა და გაშავების მცდელობა. გარდა ამისა, უსამართლობაა მათი ხმების შეუსმენლობა და მათ წუხილებზე ყურის მოყრუება და თვალების დახუჭვა.

ასევე, უსამართლობაა, როცა დიდსა და პატარას ნაცარს გვაყრიან თვალში და უტიფრად გვარწმუნებენ, რომ შავი თეთრია და თეთრი – შავი. როგორც ამას ძველები იტყოდნენ, მაწონი შავია და კამეჩი – თეთრი.

უსამართლობაა, როცა სამშობლოს სამსახურში დამაშვრალსა და სამშობლოს საზღვრების ჯიუტად დამცველ ადამიანის ცემა-ტყეპით უსწორდებიან თავისიანები და თავ-პირს უერთიანებენ.

უსამართლობაა, როცა ახალგაზრდას უსაფუძვლოდ ციხეს ახეხინებ და რამდენიმე დღეში თავისუფლებაზე გამოსულს, დასტაცებ ხელს და დაიჭერ. რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?

უსამართლობაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოყვარეს გულსა სტკენს და შენს მტერს ახარებს. რატომ?

უსამართლობაა, როცა ქალებს, დედებს თმებით ათრევინებ ქუჩაში იმათ, ვისაც ამავე ქალების დასაცავად, ამ ქალების ჯიბიდან ამოღებული ფულით უხდი ჯამაგირს. ეს რა სიშლეგეა?

უსამართლობაა, როდესაც შენი ხალხის მრავალსაუკუნოვან და სანუკვარი ოცნების აღსრულებას, იყოს თავისუფალი, გალაღებული, დემოკრატიული, თანასწორი – გველეშაპივით წინ ეღობები. რატომ გინდა შენი შვილების მომავალს ძირი გამოუთხარო? რატომ?

უსამართლობაა, როცა თავისუფლებაზე შეყვარებულ გოგო-ბიჭებს, იმის მაგივრად რომ მადლობას უხდიდე და გულში იკრავდე, ხელკეტებით დასდევ, ტყვიებს უშენ და წიწაკის სპრეით უმასპინძლდები. ოჯახში არ გაიზარდე? სიყვარული და ადამიანის თანაგრძნობა არავინ გასწავლა?

უსამართლობაა, როცა სამართლიანობის დასაცავად ხარ დადგენილი და სამართალს ამრუდებ. რატომ ვერ ჩერდები? რატომ ვერ ხედავ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე?

უსამართლობაა ისიც, როცა საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ეს უსამართლობა სამართლიანობაა! ცოდო ხარ, ამას რატომ უკეთებ საკუთარ თავს?

ყველამ უნდა იცოდეს, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმჯობესია, დაჩაგრული იყო, ვიდრე სხვასა ჩაგრავდე! სჯობია, გცემდნენ სამართლიანობისთვის, ვიდრე სცემდე უსამართლოდ.

ჯობია, ტელეფონით გემუქრებოდნენ (აზერბაიჯანული და თურქული ნომრებიდან) და სადარბაზოში გისაფრდებოდნენ, ვიდრე შენ ემუქრებოდე ვინმეს და შენ უსაფრდებოდე.

სჯობს შენს რეპუტაციას აშავებდნენ, ვიდრე შენ აშავებდე სხვის სახელს. სჯობს თავისუფლების ძახილში ყელი გქონდეს ჩახლეწილი, ვიდრე გატრუნული იყო და უყურებდე შენი შვილები და და-ძმები როგორ ჩაგრავენ შენს შვილებსა და და-ძმებს.

სჯობს, ჩაგრულის მხარეს იყო და რამე დაკარგო, ვიდრე მჩაგვრელის მხარეს იყო და ამით ხეირი ნახო. ჯობს ყინულივით ცივი ჭავლის ქვეშ იდგე და წიწაკის სპრეის სუნთქავდე, ვიდრე შენ ასხამდე სხვას წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.

რატომ? რატომ?? რატომ?? ნუთუ ეს ძნელი გასაგებია?!

იმიტომ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების.

ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. ღმერთი იმათ მხარესაა, ვინც სამართლიანობისათვის იბრძვის უანგაროდ და არა – იმათ მხარეზე, ვინც სამართლიანობას ებრძვის ანგარების მიზნით. ღმერთი იმათ მხარეს კი არაა, ვინც ადამიანს სალოცავის კარს უკეტავს, არამედ იმათ მხარეზე, ვისაც უკეტავენ.

რაც ახლა უნდა გითხრათ, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ამით ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვიხდი,მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის.

ჩემი სათქმელი აი, ეს არის, სამართლიანობისათვის ბრძოლა ლოცვის გარეშე არ არსებობს. (გთხოვთ, ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს ტექსტი და ლოცვის რელიგიურ ალუზიას ნუ დააფრთხობინებთ თავს).

ლოცვა მარტო დაზეპირებული ლოცვების ჩამორაკრაკება არ არის და არც სალოცავებში მუხლებზე ხოხიალი. ლოცვა არის სიმართლისათვის გარჯა, წვიმასა და სიცივეში კარში ყოფნა, ლოცვა არის თანადგომისა და შერიგებისათვის ბრძოლა! ლოცვა არის ნამდვილი მშვიდობისათვის სწრაფვა! ლოცვა არის ქუჩაში გამოსული ადამიანის გამხნევება, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებზე მზრუნველობა, რომლებიც რობოკოპებს უყეფენ და მომიტინგეებს ესარჩლებიან (ნეტა ამათ საიდან იციან ვის უნდა გამოესარჩლონ და ვის – არა?!)

აღდგომა ღამეს ყველანი ჩვენს ტაძრებში ვიხდიდით სააღდგომო ლიტურგიას, მაგრამ ყველაზე დიდი ლიტურგია იმ ღამეს გადაიხადეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, რუსთაველის გამზირზე, სადაც სამშობლოსა და სამართლიანობის სიყვარულით გაერთიანებული სრულებით განსხვავებული ადამიანები ერთად იდგნენ, ხელში სანთლები ეჭირათ და ერთად აგუგუნებდნენ საგალობლებს; სხვადასხვა ყაიდის ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები, ეზიდები…რელიგიურები, არარელიგიურები, ყველანი.

ახლა კი ნამდვილად მივადექი ჩემს მთავარ სათქმელს: ჩვენ ახლა ისე უნდა ვილოცოთ, როგორც არასდროს გვილოცია! უნდა ვილოცოთ, ვინც მლოცველები ვართ და ვინც მლოცველები არა ვართ.

ლოცვა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამართალი პურს შეჭამს უსათუოდ. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. გამხნევდით, გამაგრდით, გაძლიერდით სამართლისა და თავისუფლების სიყვარულში. ნუ დაიღლებით იმის კეთებაში, რის გამოც სიცოცხლე ღირს და ფასი აქვს.

უსამართლობა უკვე დამარცხებულია, სამართლიანობისთვის ჩაგრული უკვე გამარჯვებულია. გებრალებოდეთ ისინი, ვინც სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან და გთხოვთ, მათზე გულს ნურასოდეს გაიბოროტებთ.

ისინი დაკარგული შვილები არიან, რომელნიც ზოგჯერ შინ ბრუნდებიან ხოლმე!“ – წერს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 488 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520]
  • ტანკი – 7 529 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 14 538 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 12 565 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 028 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 200 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 048 ერთეული [+93]
  • სპეცტექნიკა – 2 062 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 600 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 111 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 053 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 300 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 607 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 753 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაფიონი: ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ მათი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ატერორებენ. ამის შესახებ „დაფიონი“ ფეისბუქზე წერს.

„დაფიონის გუნდის წევრებს ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის მიერ დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები!

როგორც ჩანს, ჩვენი პატრიოტული მუხტის და შიშველი ხელების ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ დაფიონის გაჩერება ან არ გაჩერება „რუსული ოცნებისთვის“ ვერ შეცვლის ვერაფერს, რადგან ჩვენ უკვე მოვასწარით ერის გაღვიძება და გაერთიანება, დღესდღეობით ხალხი დამოუკიდებლად აპროტესტებს, ამიტომ ჩვენზე ნადირობას არანაირი აზრი არ აქვს; ჩვენ ინფორმაციული ომი უკვე მოგებული გვაქვს, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, რადგან ერი უკვე გაღვიძებული და გაერთიანებულია და ამ ერთიანობის მუხტს ვერავინ ვეღარ შეაჩერებს.

ქართველებო არ მოდუნდეთ! ამ ბრძოლის მოსაგებად მთავარი იარაღი თქვენი ერთიანობა და სიმტკიცეა, არ შეგეშინდეთ და არ გაუშვათ ერთმანეთს ხელი! ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – წერს „დაფიონი“.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ მაისს „ძალადობრივ ჯგუფებს“ შორის მოიხსენია „ჯენზისთან“ ერთად.

„დაფიონის“ერთ-ერთ თანადამფუძნებელის, 18 წლის  ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურა ცეცხლაძეს შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბათუმის 12 საჯარო და 3 კერძო სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ

16 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმელი მოსწავლეების მესამე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც ქალაქის 15 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

საპროტესტო აქცია 16:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება.

აქციის ორგანიზატორი ბათუმელი სკოლის მოსწავლეები არიან.

„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ!

ქალაქ ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანება მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის საჯარო თუ კერძო სკოლების თითოეულ მოსწავლესა და ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის თვითმმართველობებს, ხვალ, 16 მაისს, 16:00 საათზე, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“! – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროტესტს უერთდებიან: 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-18, „ქართულ-ამერიკული“, ბათუმის სასულიერო გიმნაზიისა და „ევრო 2000“-ის მოსწავლეთა თვითმმართველობები და მოსწავლეები.

„ზოგი სკოლა არ აღინიშნა სიაში, დირექციისა და მასწავლებლების დაშინებების გამო, თუმცა მთავარ სათქმელს ხვალ ღიად დააფიქსირებენ. მოქმედების დროა! არა რუსულ კანონს!“ – წერენ ორგანიზატორები.

ეს კანონი უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს – ცხოველთა უფლებადამცველები

საქართველოში მოქმედი ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ღია წერილით მიმართავენ მთავრობას და მოუწოდებენ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ორგანიზაციები, ასევე, მოითხოვენ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს.

„ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად.

მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა.

ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენის აგენტის დაღი.

რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი.

ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს, უცნობია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში:

„ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.

გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას.

ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: Dog Organization Georgia; Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის); Peteasy (ფეთიზი); ფისომოყვარულთა კლუბი; თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი; უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება; მიუსაფარ ცხოველთა კლუბი; ცხოველთა უფლებების კომიტეტი; Animal Rescue Georgia; და „ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, „რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს“.

„მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. დამოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

______________

ილუსტრაცია: ნუცა ხამხაძე

16 მაისს ბათუმში დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ბათუმში ხვალ, 16 მაისს, დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქცია, რომლის სლოგანია – „არა რუსულ კანონს“, 17 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება.

ბოლო ორი დღეა ბათუმში, სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც მართავენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. მოსწავლეების აქცია დღესაც, 15 მაისს გაიმართა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსწავლეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში.

უკვე თვეზე მეტია ბათუმში სისტემატურად იმართება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ. თითქმის ყოველ საღამოს ბათუმის ქუჩებში ასობით და რიგ დღეებში – ათასობით ახალგაზრდა მოითხოვს რუსული კანონის გაწვევას.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას უერთდება

„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება.

„სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური!

კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში. სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.

სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ! ….და საბოლოოდ #არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება. #კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.

P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ – წერს გოჩა სურგულაძე ფეისბუქზე.

სტუდენტური მოძრაობა ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ყოველდღე მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი პოზიციის დაფიქსირებას ლექტორებისგან და რექტორისგანაც ითხოვდნენ. დღეს კი მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილება დაგმეს, რომლის მიხედვითაც ის შეუერთდა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას.

ამ განცხადებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

„ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, არ მინდა სტუდენტები მარტო დავტოვო“ – გვითხრა გოჩა სურგულაძემ. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტებს ახლა მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ქუჩაში სჭირდებათ.

„ვფიქრობ, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა სჭირდებათ ქუჩაში, სადაც არის აქციები.

დიახ, ვიქნები მათთან ერთად. ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები, ვიცი, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მივყვები მეც. თუ საჭირო იქნება, გადავეფარები. ხელისუფლება რას გააკეთებს ამის შემდეგ, არ ვიცით, ამიტომაც მათ სჭირდებათ გამოცდილი ადამიანები, რომლებიც გვერდში დაუდგებიან და არ მისცემენ გარკვეულ ძალებს პროვოკაციების საშუალებას, დარბევის საშუალებას.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ ვიბრძოდით ორი ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და „ოცნების“ დროსაც სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, მათ შორის უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს ბრძოლა მათთან ერთად გავაგრძელო, არცერთი თანამდებობა, არცერთი სამსახური არ ღირს იმად, რომ შეუერთდე უსამართლობას, არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებს და ავტორიტარიზმს.“

გოჩა სურგულაძის თქმით, საკუთარი პოზიციის გამო ხელმძღვანელისგან ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო:

„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პერიოდულად გარკვეული წნეხი ყველა ინსტიტუტზე არის, შესაძლებელია დღეს უნივერსიტეტზე იმ დოზით არ იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად იქნება.

მირჩევნია დღეს ეს პრობლემა გადაიჭრას, ვიდრე თავშეკავებული გავყვე უნივერსიტეტს რაღაც პროცესებში… მირჩევნია ვიყო გარეთ, სამსახურის გარეშე, ხელფასის გარეშე, რაც დიდი პრობლემაა. მირჩევნია ვიყო მართლა ღირსებით და დასავლურ ღირებულებებზე და არა რაღაცა ფსევდო ავტორიტარულ იდეალებზე“.

რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილებას, ხელმოწერას რექტორთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, გოჩა სურგულაძე არ ეთანხმება:

„უნივერსიტეტი და პოლიტიკა ცალკე ვერ იქნება და უნივერსიტეტის მორალური ვალდებულებაა, რომ ჰქონდეს მკაფიო პოზიცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, რადგან აქ არის საუბარი სახელმწიფოს საგარეო ორიენტირზე, გვექნება დემოკრატიული თუ არადემოკრატიული გარემო. უნივერსიტეტი არის ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული. თუ ამ ღორებულებებს სახელმწიფოში ხელი ეშლება, უნივერსიტეტს აქვს მორალური ვალდებულება, რომ პოზიცია ჰქონდეს“ – ამბობს გოჩა სურგულაძე.

 

ბათუმში საჯარო სკოლების მოსწავლეები რუსულ კანონს აპროტესტებენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ.

სკოლის მოსწავლეები ამ წუთებში იკრიბებიან ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მათი თქმით საპროტესტო აქცია დღის 2 საათისთვის დაიწყება.

„მეექვსე და მეათე სკოლა ვართ ჯერ გამოსული. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არ მოგვწონს ის რაც ხდება საქართველოში. მთავრობა და პოლიცია უნდა იყოს ხალხის მხარეს, ჩვენ უნდა გვიცავდეს და არა ძალადობდეს ჩვენზე და უკანონოდ გვიჭერდნენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა – ხალხის აზრს და ძალას წარმოადგენს მთავრობა, ჩვენ ვართ რეალურად ამ ქვეყნის მმართველები და ჩვენ უნდა წარმოგვადგენდეს მთავრობა.

ამდენი ხალხი, მოსახლეობის უმრავლესობა გამოსულია, ამბობს რომ ეს კანონი არ უნდა. მთავრობამ ძალადობით და უკანონობით მაინც გაიტანა ეს კანონი. თან პარალელურ რეჟიმში თვალებში ნაცარს გვაყრიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ.

დღეს ბათუმში კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. საღამოს 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.

ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე.

საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

რექტორების განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

ამავე თემაზე: უნივერსიტეტების რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან

ბათუმელი სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს მოწვევას ითხოვენ:

„მოვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, განიხილოს აღნიშნული ქმედება და დაგმოს მერაბ ხალვაშის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამოითხოვოს რექტორის ხელმოწერა. სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად უნდა დაესწროს შეხვედრას. მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები. სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას“ – წერენ „მარტიანელები“.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.აღსანიშნავია, რომ გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ სტუდენტებმა გამოაცხადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა მათ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტებს, მათ გვერდით იდგებიან, მათ შორის აქციებზე და გაცდენილი ლექცია-სემინარებს მათთან შეთანხმებით, მოგვიანებით აღადგენენ.

არა რუსულ მომავალს – სკოლის მოსწავლეები ბათუმში აქციას გამართავენ

„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ“, „არა რუსულ მომავალს“ – ბათუმის სკოლის მოსწავლეები დღეს, 15 მაისს 14:00 საათზე ცენტრალური პარკის შესასვლელთან აქციას გეგმავენ.

აქციას ბათუმის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები უერთდებიან. ამ დროისთვის არ ვიცით იქნებიან თუ არა მათთან ერთად მასწავლებლები.

სკოლის მოსწავლეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარკის კოლონადებთან გუშინ, 14 მაისსაც შეიკრიბნენ.

მოგვიანებით კი, მოსწავლეები სტუდენტების აქციას შეუერთდენ.

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას სტუდენტები დღეს, 15 მაისს, ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აქციებისა და დაკავებების ფონზე საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ 14 მაისს დაამტკიცა, აქციის მონაწილეები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან საქართველოს კურსის ცვლილებას.

სტუდენტების ანტირუსული აქცია განახლდება დღეს ქვეყნის დედაქალაქშიც.

„საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში – საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს ახალგაზრდების ორგანიზაცია „დაფიონი“.

ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება.

საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენს მოქალაქეებს.

გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, შეუძლებელია მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება.“ – აცხადებს ოპოზიცია.

ენმ-ს ფრაქციის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძეც, ის პარტია „ახალს“ წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს არის ერთობის დრო და გვინდა მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას: გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან. ძალა ერთობაშია!“  -ვკითხულობთ ფრაქციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

გარდა ამისა, გუშინ, 14 მაისს,  პარტიებმა „ლელომ“  და  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის შესახებ განაცხადეს.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 და 18 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება – სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

დღეს, 15 მაისს მოძრაობა „მარტიანელები“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ.

„პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია!

გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვანა – რუსული კანონი!

ჩვენი არჩევანი ევროპაა.“ – წერენ „მარტიანელები“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„მარტიანელები“ საპროტესტო აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში ყოველდღე მართავენ. აქვთ მსვლელობები, რა დროსაც მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ რუსული კანონი.

გუშინ, 14 მაისს, სტუდენტების აქციას ათასობით მოქალაქე შეუერთდა. აქციას შეუერთდნენ ასევე სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებიც.

აქციის მონაწილეები გუშინ, 14 მაისს მსვლელობისას ადმინისტრაციულ შენობებთანაც მივიდნენ, მათ რუსული კანონი გააპროტესტეს აჭარის მთავრობის სახლთან, ბათუმის მერიასთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.

მიუხედავად იმისა, რომ აქციებისა და დაკავებების ფონზე საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ 14 მაისს დაამტკიცა, აქციის მონაწილეები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან საქართველოს კურსის ცვლილებას.

სტუდენტების ანტირუსული აქცია განახლდება ქვეყნის დედაქალაქშიც.

„საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში – საქართველოს გზა ევროპაშია!” – წერს ახალგაზრდების ორგანიზაცია „დაფიონი“.
  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 486 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 7 510 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 14 508 ერთეული [+48]
  • საარტილერიო სისტემა – 12 538 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 015 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 199 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 955 ერთეული [+48]
  • სპეცტექნიკა – 2 061 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 597 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 086 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 035 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 299 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 595 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 728 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს საპროტესტო აქციის 13 მონაწილეა დაკავებული.

„პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.

შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი…

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.“ – აცხადებს შსს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტ დავით ქაცარავას, რომელიც პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავას ცოლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

ანტირუსული პროტესტი თბილისში ამ წუთებშიც გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილნი არიან როგორც პარლამენტის შენობასთან, ასევე გმირთა მოედანზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა პოლიციამ უსაფუძვლოდ დაიწყო. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.


რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები.

დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი.

 

 

მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი შეაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანებას – Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ის აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თქვენი აზრით, [რუსული] კანონი უფრო სავარაუდოა რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, ხოლო 31%-ს აზრით დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რას ემსახურება [რუსული] კანონი, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ხოლო 35%-ის აზრით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

გამოკითხულთა 68% თვლის, რომ საქართველოში რუსული კანონი საჭირო არ არის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.

„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა.

კვლევის ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. გამოკითხვა მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

ვწუხვართ კანონის მიღების გამო – გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო.

„კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება.

აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ.

გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 14 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო რუსული კანონი მასშტაბური დემონსტრაციებისა და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად.

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

აქციას სტუდენტები მართავენ, რომლებიც მეორე დღეა გაფიცული არიან და აცხადებენ, რომ არ შევლენ აუდიტორიებში მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს რუსულ კანონს.

სტუდენტები აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც აპირებენ, თუ ხელისუფლება მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს რუსულ კანონს.

საპროტესტო მსვლელობა დღეს ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმაც გამართეს რუსული კანონის წინააღმდეგ.

„არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას“, „კი ევროპას“- აცხადებდნენ ახალგაზრდები.

სკოლის მოსწავლეები ცდილობენ ასე გააგონონ ხმა მმართველ პარტიას, რომელიც ცდილობს მიიღოს რუსული კანონი ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე.

მოსწავლეებს მოგვიანებით სტუდენტებიც შემოუერთდნენ, ახალგაზრდებმა შემოიარეს ქალაქის ქუჩები და საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ.

სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში.

დღეს, 14 მაისს, პარლამენტში „ქართული ოცნება“ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები.

  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

Exit mobile version