ანტირუსული მოძრაობის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს ემუქრებიან, რომ მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ზვიად ცეცხლაძე მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე წერს, რომ გუშინ, 12 მაისს მას და მის მეუღლეს ღამის საათებში დაურეკეს და შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ:
„არაორაზროვნად მითხრა, რომ თუ არ გავაჩერებდი, ჩემს შვილს, ზვიად ცეცხლაძეს, პრობლემები შეგვექმნებოდა მთელს ოჯახს, განსაკუთრებით მე და ზვიადს და თუ ამას არ გავითვალისწინებ მერე ყველაფერი ჩემს თავს უნდა დავაბრალო.“
ზვიად ცეცხლაძის მამა ზეწოლასა და მუქარაში „ოცნების“ ხელისუფლებას ადანაშაულებს:
„ამჯერადაც მუქარის ავტორი ხელისუფლების წახალისებული და მისი დაკვეთის შემსრულებელია. პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლებას მივმართავ, ასეთი საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი ნაცებსაც არ უკადრიათ, უბრალოდ სამსახურიდან გაგვყარეს მე, ჩემი და ნარგიზ ცეცხლაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ჩემი ძმა რამაზ ცეცხლაძე. თქვენ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ როცა შვილის უსაფრთხოებაზე დამემუქრეთ, ამიტომ მოგიწოდებთ დროულად შეწყვიტოთ არაადამიანური ზეწოლა და მუქარა ჩემს ოჯახზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ“, – წერს ზურა ცეცხლაძე.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ეფექტურად გამოიძიოს მუქარის ფაქტი, თუმცა პოსტის გამოქვეყნებიდან 15 საათზე მეტი გავიდა და ამ დრომდე ზურა ცეცხლაძეს არავინ დაჰკავშირებია. ის არ გამოუკითხავთ. ის საელჩოებისგანაც ითხოვს:
„ასევე მივმართავ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჩემს ოჯახზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი და აღკვეთოს ასეთი ფაქტები. ასევე მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, დიპლომატებს და საქართველოს პრეზიდენტს, დაიცვან ჩემი შვილის ზვიად ცეცხლაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.
ზურა ცეცხლაძე შესაბამის მოქმედებას სახალხო დამცველისგანაც ითხოვს:
„და ბოლოს, სახალხო დამცველს ვთხოვ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება, ვიდრე არ განახორციელეს მუქარა და ეს ყველაფერი არ დასრულდა ტრაგიკულად. ჩემი შვილი ზვიად ცეცხლაძე არ წარმოადგენს არცერთ პარტიას, არის აბსოლუტურად მშვიდობიანი მომიტინგე, ყოველგვარი რადიკალიზმისა და კანონდარღვევის გარეშე, არასდროს მოუწოდებია არეულობისა და რევოლუციისაკენ, შესაბამისად მისი ყველა მოქმედება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ყველას გთხოვთ დროულ რეაგირებას“.
ჩვენ ზურა ცეცხლაძეს დამატებითი დეტალების დასადგენად ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მას და მისი ოჯახის წევრებს ჯერ საგინებლად დაურეკეს:
„როცა ყველას სატელეფონო ზარებით აგინებდნენ, ჩვენთანაც შემოვიდა ზარები სამხრეთ აფრიკიდან. ასევე, რუსეთიდან. მაშინ დედის გინებაზე იყვნენ ორიენტირებული. ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. რაც შეეხება გუშინდელ ზარს. ზარი განხორციელდა ქართული ნომრიდან, ქართულ ენაზე მოსაუბრე პირდაპირ მიმითითებდა გააჩერე შენი შვილი, ზვიად ცეცხლაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში გემუქრებათ საფრთხე, განსაკუთრებით კი შენ და ზვიადსო.
შევეცადე გამეგო, ვინ იყო და რატომ რეკავდა. ისე მესაუბრა თქვენი სიკეთისთვის ვაკეთებ ამას, რომ გაფრთხილებთო. მე ვუთხარი, რომ თუ სიკეთისთვის აკეთებდა ეთქვა სახელი და გვარი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვსო. ასევე ვუთხარი, უნდა მითხრა, რა საფრთხე ემუქრება ჩემს შვილს-მეთქი. მე ჩემი გითხარი და რაც მოგივა თქვენს თავს დააბრალეთო. ეს იყო და გათიშა ტელეფონი. “
ამის შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს ზვიად ცეცხლაძის დედას:
„ჩემს მეუღლეს ჰკითხა, სად ხართო. მან უპასუხა მიტინგზე ვართო და იგივე უთხრეს მასაც. აიძულე მეუღლე და შვილი გამოეთიშონ ამ პროცესს, თორემ საფრთხე რეალური გახდებაო. დიახ, მე ასე გავიგე, რომ შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ.“
ზურა ცეცხლაძის თქმით, ამ ამბავზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს, დღეს, 13 მაისს დილის საათებში.
„რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ მე აღარ მქონდა საუბრის ხასიათი. როგორც ვხედავ, სიტუაცია მართლაც საფრთხის შემცველია, ამიტომ მოვუწოდე სამართალდამცავებს და სხვებს. ჩემი შვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. არის 18 წლის. არის თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც სწორად კითხულობს ყველაფერს, ჩემზე უკეთესად წაიკითხა, დაამუშავა და იცის, რომ ეს არის რუსული კანონი.
მეც, როგორც იურისტმა შევისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ არის რუსული. ამ თემაში ჩვენ ოჯახი ვთანხმდებით. ასეც, რომ არ იყოს, ის სრულწლოვანია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს, ეს არის სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენ ოჯახი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ მას.
ის არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთ მის მოწოდებაში არეულობისკენ, რევოლუციისკენ ან ექსტრემიზმისკენ არ არსებობს. მშვიდობიანი, მოწესრიგებული აქციები აქვს. ერთადერთი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის რუსული კანონის უკან გაწვევაა. როგორც კი ამ კანონს გაიწვევენ, ყველა დაუბრუნდება ოჯახს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას დროული რეაგირება მოახდინონ, განსაკუთრებით სახალხო დამცველს და სამართალდამცავ ორგანოებს.“
ზურა ცეცხლაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია მიმართავს თუ არა პოლიციას ოფიციალური განცხადებით. ის ამბობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პოლიციას უნდა ჰქონოდა რეაგირება:
„ფაქტზე შეუძლიათ დაიწყონ მოკვლევა. აუცილებელი არ არის განცხადების შეტანა. ვფიქრობ, არ აქვს აზრი განცხადების შეტანას, თუმცა ჯერ საბოლოდ არ მაქვს გადაწყვეტილი. თუ დღესაც განმეორდა ზარი, შეიძლება უკვე ოფიციალური განცხადებაც შევიტანო“.
მუქარის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ზვიად ცეცხლაძემაც დაუდასტურა.
___
მთავარი ფოტო: ზვიად ცეცხლაძე დედასთან ერთად აქციაზე