„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.
„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება.
საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენს მოქალაქეებს.
გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, შეუძლებელია მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება.“ – აცხადებს ოპოზიცია.
ენმ-ს ფრაქციის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძეც, ის პარტია „ახალს“ წარმოადგენს.
„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს არის ერთობის დრო და გვინდა მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას: გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან. ძალა ერთობაშია!“ -ვკითხულობთ ფრაქციის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.
გარდა ამისა, გუშინ, 14 მაისს, პარტიებმა „ლელომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის შესახებ განაცხადეს.