„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.
გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება.
„სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური!
კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში. სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.
სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ! ….და საბოლოოდ #არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება. #კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.
P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ – წერს გოჩა სურგულაძე ფეისბუქზე.
სტუდენტური მოძრაობა ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ყოველდღე მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი პოზიციის დაფიქსირებას ლექტორებისგან და რექტორისგანაც ითხოვდნენ. დღეს კი მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილება დაგმეს, რომლის მიხედვითაც ის შეუერთდა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას.
ამ განცხადებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.
„ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, არ მინდა სტუდენტები მარტო დავტოვო“ – გვითხრა გოჩა სურგულაძემ. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტებს ახლა მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ქუჩაში სჭირდებათ.
„ვფიქრობ, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა სჭირდებათ ქუჩაში, სადაც არის აქციები.
დიახ, ვიქნები მათთან ერთად. ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები, ვიცი, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მივყვები მეც. თუ საჭირო იქნება, გადავეფარები. ხელისუფლება რას გააკეთებს ამის შემდეგ, არ ვიცით, ამიტომაც მათ სჭირდებათ გამოცდილი ადამიანები, რომლებიც გვერდში დაუდგებიან და არ მისცემენ გარკვეულ ძალებს პროვოკაციების საშუალებას, დარბევის საშუალებას.
ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ ვიბრძოდით ორი ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და „ოცნების“ დროსაც სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, მათ შორის უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს ბრძოლა მათთან ერთად გავაგრძელო, არცერთი თანამდებობა, არცერთი სამსახური არ ღირს იმად, რომ შეუერთდე უსამართლობას, არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებს და ავტორიტარიზმს.“
გოჩა სურგულაძის თქმით, საკუთარი პოზიციის გამო ხელმძღვანელისგან ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო:
„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პერიოდულად გარკვეული წნეხი ყველა ინსტიტუტზე არის, შესაძლებელია დღეს უნივერსიტეტზე იმ დოზით არ იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად იქნება.
მირჩევნია დღეს ეს პრობლემა გადაიჭრას, ვიდრე თავშეკავებული გავყვე უნივერსიტეტს რაღაც პროცესებში… მირჩევნია ვიყო გარეთ, სამსახურის გარეშე, ხელფასის გარეშე, რაც დიდი პრობლემაა. მირჩევნია ვიყო მართლა ღირსებით და დასავლურ ღირებულებებზე და არა რაღაცა ფსევდო ავტორიტარულ იდეალებზე“.
რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილებას, ხელმოწერას რექტორთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, გოჩა სურგულაძე არ ეთანხმება:
„უნივერსიტეტი და პოლიტიკა ცალკე ვერ იქნება და უნივერსიტეტის მორალური ვალდებულებაა, რომ ჰქონდეს მკაფიო პოზიცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, რადგან აქ არის საუბარი სახელმწიფოს საგარეო ორიენტირზე, გვექნება დემოკრატიული თუ არადემოკრატიული გარემო. უნივერსიტეტი არის ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული. თუ ამ ღორებულებებს სახელმწიფოში ხელი ეშლება, უნივერსიტეტს აქვს მორალური ვალდებულება, რომ პოზიცია ჰქონდეს“ – ამბობს გოჩა სურგულაძე.






