დღეს, 17 მაისს, სტუდენტური მოძრაობა ბათუმში საპროტესტო აქციას არ გეგმავს. სტუდენტები 18:30 საათზე ახალი ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციებზე დასასწრებად ეპატიჟებიან ერთმანეთს. როგორც განცხადებაშია მითითებული, იქნება დისკუსიაც. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა „ევროპისკენ“.
მომხსენებლები არიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
- ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები – ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა – ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
- ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში – ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
- რუსული ოკუპაცია საქართველოში – კახა სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ საპროტესტო აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში ერთი თვეა მართავენ. აქვთ მსვლელობები, რა დროსაც მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ რუსული კანონი.
საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში და მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.






