ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს.
„ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა დანამდვილებით თქვა, რომ აქცია უნდა გაგვემართა. დავგეგმეთ, მაგრამ ამბავი გავიდა და აქცია ჩაგვიშალეს“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე.
მისი ინფორმაციით, აქციის ინიციატორების მშობლებს ხულოს მერის სახელით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ აქციას გამართავდნენ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ, განსაკუთრებით კი აქტივისტების საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ახლობლებს.
„ზოგმა კი პირდაპირ თქვა, რომ ოჯახში მივიდნენ ხულოს მერის დავალებით. ზოგის ოჯახის წევრს კი დაურეკეს. ვფიქრობ, ზოგს იმის თქმა ეუხერხულა კიდეც, რომ მამა არ უშვებს კონკრეტული მიზეზის გამო“ – ამბობს ლაშა.
ამის შემდეგ ახალგაზრდებმა აქციის გამართვა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს ვიდეო გადაეღოთ, რომლითაც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ კი ამ ვიდეოს გაავრცელებდნენ. ლაშას თქმით ესეც გაიგეს და ხულოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვალერი შავაძემ გადაღებიდან დაბრუნებისას მათ ფოტოები გადაუღო.
„საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ვიდეო გადავიღეთ, როცა წამოვედით პოლიციელმა ბავშვებს ვიდეო გადაუღო, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანია. შემდეგ ოჯახებს შეუთვალა, ამ ფოტოებს გადავაგზავნი სადაც საჭიროა, თუ რამეს დააპირებთო, გულისხმობენ აქციას, ცხადია“ – ამბობს ლაშა.
„ბათუმელები“ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს დაუკავშირდა. ხულოს მერმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჩვენს კითხვას ხულოში საპროტესტო აქციის მისი ჩარევით ჩაშლის შესახებ პროვოკაციულად მიიჩნევს და შეურაცხყოფად აფასებს:
„საქმეზე მირეკავთ თუ პროვოკაციაზე, რა შუაშია, ეს საიდან მოიტანა, ან ვინ მოიტანა? ეს არის პროვოკაციული კითხვა. დღეს საერთოდ ვინ ვის რა დაუშალა. ან თქვენ საიდან მოიტანეთ? ასეთი ლაპარაკი ქვეყანას არ წაადგება. ძალიან გთხოვთ იმ ხალხს, რომელსაც ქვეყანაზე გული შეგვტკივა, ქვეყნის სასიკეთოდ ვზრუნავთ დღე და ღამე, ამის მეტი საქმე არა აქვთ? ქვეყნის დაქცევისკენ და უკან სვლისკენ რომ იბრძვით, რა კითხვებია?“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
მერს ვკითხეთ, გვგულისხმობს თუ არა ჩვენ, მედიას, როცა ამბობს, რომ „პროვოკაციას ვუწყობთ“.
„მუნიციპალიტეტის მერი ვარ და მაგის გარდა საქმე დამელია, რომ მე ვიღაცის საქმეებში ჩავერიო? ამდენი საქმე მაქვს, ამდენ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვემსახურები. დიახ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი კითხვა იყო. ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ხალხს ვემსახურები და ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ დაბადების დღიდან დღემდე.
დიახ, მე შეურაცხყოფად მივიღე. მე თქვენ კი არ გეჩხუბებით. ვამბობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი პროვოკაცია. ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 75 პროცენტს ხმა აქვს ჩემთვის მოცემული, არჩეულ მერს ამის მეტი საქმე არა მაქვს? მე გეუბნებით, ეგ საიდანაც წამოვიდა, არის პროვოკაცია ქვეყნის მტრების, ქვეყანა რომ არასწორ გზაზე წავიდეს და თითქოსდა თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ მიაღწევს მის საწადელს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, გაბრწყინდება და ევროპაში შევა თავის ღირსებით, კულტურით და ღირებულებებით“ – ამბობს ხულოს მერი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა დასახელებულ პოლიციელს, ვალერი შავაძესაც. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქციის შესაძლო გამართვის შესახებ არც კი გაუგია. მან რუსული კანონის წინააღმდეგ ვიდეოს გადაღების შემდეგ, მონაწილეებზე ფოტოების გადაღება და მუქარა უარყო:
„მე არც ვიდეოს გადაღება დამინახავს და არც სურათები გადამიღია. მე ვარ ფორმიანი პოლკოვნიკი. რა აქციას ატარებდნენ, რა ფოტოები გადავიღე… ვიღაცას ეშლება. 6-7 თვე ვიყავი განყოფილების უფროსი და აღარ ვარ, ალბათ ესეც არ იციან. დიახ, განყოფილებაში ვარ, მაგრამ უფროსი აღარ ვარ. გეუბნებით, რომ არაფერი ვიცი. თქვენ შაირზე ხართ?! მე თუ სადმე აქცია დავშალე, მაგას სახალხოდაც ვიტყვი“.
ლაშა ასევე გვიყვება, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლაც მოსთხოვეს: „მაგრამ არ დაწერა, სახლშიც მივიდნენ, გააფრთხილეს, მაგრამ ვერ აშინებენ, არ აინტერესებს. მოგვიანებით კი მისი ზეწოლის მიზნით გაავრცელეს, რომ ვაკანსია ჰქონდათ და სწორედ მისი თანამდებობა დაასახელეს, თუმცა ამ მეგობრის გათავისუფლების ბრძანება არ დაუწერიათ“.
ლაშა ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს კრიტიკულ პოსტებს. მან ცოტა ხნის წინ შენიშნა ისიც, რომ მის გვერდზე კონკრეტული კომენტარები წაშალეს ავტორებმა.
„დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ოჯახის წევრებს დაურეკეს და კომენტარის თაობაზე შენიშვნა მისცეს. ვიცი, რომ ერთის დედას დაურეკეს, რომელიც საჯარო მოხელეა. მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანებს ვისაც ურეკავენ და ემუქრებიან“ – ამბობს ლაშა.
____________
ფოტოზე: ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე