დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები.
„გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“.
ბათუმის №1 და №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა განცხადებებიც გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენები ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს:
„მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება“ – ვკითხულობთ №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის განცხადებაში.






