ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს იმ ძალის მიმართ, რომელმაც მავთულხლართები გააბა და ასე დააშორა მშობლების სახლს.
19 წლის ცოტნე მირცხულავა ახლა ამ ძალას ქუჩაში გამოსვლით ებრძვის. ოკუპანტს, რომელმაც რუსული კანონის სახით შემოაღწია ჩვენი ქვეყნის შიგნითაც. იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ინდივიდუალური ბრძოლაცაა რუსული რეჟიმის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
- როგორ ვებრძვი რუსულ ოკუპაციას ყოველდღიურობაში
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღიურად ვცდილობდით დისკომფორტი შემექმნა რუსებისთვის, რომლებიც ჩვენს ქუჩებში გამოჩნდნენ და აქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას.
ვცდილობდი ჩამევლო იმ ქუჩებში, ადგილებში, სადაც რუსების ბარებია გახსნილი უკრაინის დროშებით, უკრაინული სიმღერებით, „რუსეთი ოკუპანტია“, „პუტინ ხუილო“ და მსგავსი შეძახილებით. ჩვენ გვაწუხებს ჩვენს ქვეყანაში შემოსული აგრესორი, რომელიც ფეხს იკიდებს ყოველდღიურად აქ და ჩვენ ვიცით, რომ ეს მავნებელია ჩვენთვის.
ის ფიქრობს, დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას ამა თუ იმ გავლენებით და ამას ვხედავთ უკვე ყოველდღიურად“, – ამბობს ცოტნე „ბათუმელებთან“.
ცოტნე მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობაა მთავარი, სწორედ ამით იგრძნობს ოკუპანტი, რომ აქ მათი ადგილი არ არის და მათ აქ არავინ ელის.
„მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაც იყოს ტურისტი, მაგრამ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით შენს ქვეყანაში და რუსი, ჩემთვის ვერანაირად ვერ ასოცირდება კეთილ ზრახვასთან“, – გვეუბნება ცოტნე მირცხულავა.
- ჩემმა მშობლებმა აფხაზეთში დატოვეს საკუთარი ახალგაზრდობის, ბავშვობის ნაწილი
„თუ არ ვცდები, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ისტორიის სახელმძღვანელოში მეფის რუსეთის შესახებ შემხვდა ტექსტი, სადაც რუსეთი ძალიან დადებით კონტექსტში იყო წარმოჩენილი. როდესაც ამის გამო პროტესტი გამიჩნდა, საერთოდ არ მიგრძნია მასწავლებლისგან წინააღმდეგობა.
პირიქით, მითხრა, რომ მეც მაწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ერთი, ხანშიშესული ქალი ვარ და ვერ გამოვხატავ ჩემს პროტესტს ისე, როგორც საჭიროაო.
მაშინ ვიგრძენი ჩემი ძალა, თუ როგორ შემიძლია ავუბა მხარი სხვებს და ხმამაღლა ვთქვა ჩემი სათქმელი. პოზიტიური გაგებით რუსეთზე ვერ ვისწავლიდი გაკვეთილს მშვიდად, რადგან იმპერიალისტური რეჟიმის შესახებ არაფრის გაგონება არ მინდოდა. იმიტომ, რომ მათი ცუდი ზეგავლენები კარგად გვახსოვს და განვიცდით.
დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ამ ტკივილს დღესაც ისე განიცდის ჩემი ოჯახი.
როცა ჩემმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა, მათ იქ დატოვეს ახალგაზრდობის და ბავშვობის ნაწილი. როცა ვგრძნობდი, რომ საკუთარ კუთხეში, საკუთარ სახლში ვერ მივდიოდი, ეს ბრაზი, ნელ-ნელა, ბავშვობიდან შემოდიოდა ჩემში.
მე დევნილი ვარ. მართალია, ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელმაც მომიყვანა აქამდე, რომელმაც მაიძულა მეცხოვრა ჩემი სახლისგან, ჩემი სოფლისგან და ქალაქისგან შორს.
მაშინ ვიგრძენი ეს ტკივილი, მაშინ გაჩნდა ჩემში პროტესტი, როცა მივხვდი ჩემს სოფელში ვერ მივდიოდი მაშინ, როცა მე მინდოდა და ვერ ვხვდებოდი ბებიას, ვერ ვეხუტებოდი ბაბუას, ძალიან დიდი იყო ეს დისტანცია და ძალიან ხანგრძლივი.
შეიძლება წლები გასულიყო და ვერ მენახა ბიძები, მამიდები. ეს ძალიან ცუდად ისახებოდა ჩემზე. მაკლდა ის სითბო, რომელიც ბებია-ბაბუამ შეიძლება მოგცეს“, – გვიყვება თავის ტკივილზე ცოტნე. დედაზე, რომელმაც ოკუპაციის ტკივილი 14 წლის ასაკში განიცადა.
„მამა გალელია, დედა მყავს სოხუმელი.
დედაჩემმა ჩემზე პატარა ასაკში გამოიარა ის ტკივილი და დარტყმა, როდესაც სოხუმში მოუწია სახლ-კარის დატოვება. დედასთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთად წამოვიდა, სადღაც შორს, სადაც ნამყოფიც კი არ ყოფილა არასოდეს.
მამაჩემს ადიდებული ენგურის გადმოცურვაც კი მოუწია, რომ გამოეღწია აქამდე.
ამის შემდეგ, ძალიან ბუნებრივია ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ ისტორიაზე ვიზრდებოდი მთელი ბავშვობა, თუ როგორც ცდილობდნენ რუსები აფხაზეთში ქართველების გენოციდს, ეთნიკურ წმენდას.
მახსოვს, ბაღიდან გამომიყვანა დედაჩემმა და სანაყინეში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა. მაშინ რუსთაველზე ძალიან ცნობილი სოიას ნაყინი იყიდებოდა და ძალიან მიყვარდა იქ სიარული.
გვერდით მაგიდასთან რუსი ოჯახი მოგვისხდა. მახსოვს, რიგში ჩემ წინ ჩადგა ეს ბავშვი. საბავშვო ბაღის რუსულით რასაც თავი მოვაბი, ვუთხარი, რომ „ეს ჩემი ადგილია-მეთქი“.
ეს მახსენდება… დედა მახსენებს ხოლმე, როგორი პროტესტის გრძნობა გაგიჩნდა მაშინაც, რომ იცოდი, სად იყო შენი ადგილი და სად იყო იმ დამპყრობლის ადგილი, რომელიც ცდილობს შენს ყოველდღიურ რეალობაში შემოვიდეს და შენ წინ დადგესო“, – გვეუბნება ცოტნე.
- პორტიდან გაძევებული რუსული გემი
„როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს პროტესტი იზრდებოდა და ღრმავდებოდა ჩემში.
მახსოვს ის დილა, როცა გავიღვიძე და დამხვდა ახალი ამბავი – ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერია შემოდის. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, რომ არ ვიყავით ღირსი, ჩვენს ქვეყანაში რუსული გემი შემოსულიყო იმ პორტში, სადაც 30 წლის წინ, დევნილები შემოვიდნენ. დევნილები, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, დედები, მამები, შვილები… ჩვენ დევნილებს სტკიოდათ და არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, მათ კი გაწერილი ჰქონდათ საკრუიზო გეგმა, – ბათუმში მოდიოდნენ გასართობად.
მეგობართან წავედი და ერთად შევეცადეთ პროტესტი გაგვეღვივებინა ადამიანებში, რომ შეგვექმნა დისკომფორტი რუსებისთვის, რომლებიც დამცინავი რიტორიკით გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ, და მათთვის კომფორტის ზონა არ ყოფილიყო ბათუმი“, – ამბობს ცოტნე.
- დღეს რუსთაველზე საქართველოს ახალი ისტორია იწერება
21 დღეა, რაც ცოტნე და მისი მეგობრები რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დგანან და ასე აკავებენ რუსულ რბილ ძალას, რომელიც ნელ-ნელა, „თავის მძიმე საცეცებს აჩენს“.
ცოტნე მიიჩნევს, რომ ის და მისი მეგობრები დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგანან. „რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა მიჯნავს თეთრსა და შავს“, – გვეუბნება ის.
„ეს დღეებია ჩვენ ვებრძვით რუსეთს საქართველოში, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც პირდაპირ მართულია კრემლიდან. არანაირად არ გვსურს რუსული გავლენების ქვეშ მოქცევა. არ გვინდა ჩვენი მომავალი ისევ რუსეთს დაუკავშირდეს. იმ წარსულს, რომელიც იყო მჩაგვრელი და იყო დამაზიანებელი.
რუსთაველის ქუჩაზე იწერება საქართველოს ისტორია დღეს და ჩვენ ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, როგორც ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანები.
ინდივიდუალურად უნდა ვებრძოლოთ ყველამ რუსეთს, რომ საერთო სურათში ჩვენი ბრძოლისუნარიანობა უფრო ძლიერად აისახოს“, – ამბობს ცოტნე.
მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი დღეს კრემლის დავალებებს ასრულებს, ახალი თაობა კი მას არ მისცემს ქვეყნის რუსეთიზაციის უფლებას.
„ჩვენ – ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში, რადგან ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი, ჩვენი თვითმიზანი არის დასავლეთი“, – ამბობს ცოტნე მირცხულავა.