მთავარი,სიახლეები

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება

13.01.2025
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ოპერატორისა და ფოტოგრაფის, გურამ მურვანიძის დაკავებას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული   “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

„მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს: პირველად – კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) ედავებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი გამოუშვეს, თუმცა მალევე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხელახლა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას არასათანადოდ მოეპყრნენ.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს” აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე  ოპერატორი  გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაზე ზეწოლის მოტივით დააკავეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობლის, გურამ მურვანიძისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“ – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: