„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა

„კმარას“ დევნა-შევიწროება აჭარის ძალოვანებისთვის პრიორიტეტული რომ აღარაა, ეს თვალნათლივ ჩანს. მათ აღარ სდევნიან. ბათუმში 3 თებერვალს ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივისტებმა საჯაროდ გახსნეს ოფისი, რომლის წინაც ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, „კმარას“ დროშაც გამოფინეს.

 

გუშინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დროშის ჩამოგლეჯა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ მუქარას დასჯერდნენ: „ასი კაცით დავბრუნდებით და დაგარბევთო“. მიუხედავად ამისა, „კმარას შტაბბინა“ გუშინ დარბევას გადაურჩა.

პრეზენტაციის დღეს „კმარელებმა“ ჟურნალისტებისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ორგანიზაცია „ჩვენი აჭარა“-ს ოფისსა და კერძო სახლებზე გაჩენილ „კმარა“-ს წარწერებთან დაკავშირებით. „ეს წარწერები, რომლებიც გუშინ გაჩნდა „ჩვენი აჭარის“ ოფისსა და სახლზე, სადაც ასლან აბაშიძე ცხოვრობს, ჩვენი გაკეთებული არაა. ჩვენ საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ კერძო საკუთრებაზე წარწერებს არ ვაკეთებთ. ჩვენი სამიზნე მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებია, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, ემსახურება ხალხის აზრს. თუ ეს ასეა, ეს შენობებიც ჩადგეს საზოგადოების ინტერესებში. ჩვენ აჭარაში ნარკომანებად, ტერორისტებად გვთვლიან. ჩვენ არც ერთი ვართ და არც მეორე, უბრალოდ, ვართ სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც აზრის თავისუფლად გამოხატვას ვითხოვთ“ – აცხადებენ აქტივისტები.

„კმარელებს“ აინტერესებთ, თუ „აღორძინების“ მხარდამჭერებს შეუძლიათ მიტინგის გამართვა და ვერტმფრენიდან პროკლამაციების გადმოყრა, მათ რატომ ეკრძალებათ იგივე. „დღემდე იატაკქვეშ ვმუშაობდით, დღეიდან კი საჯაროდ ვიმოქმედებთ“.

ისინი მადლობას უხდიან „კმარას ურნების“ ავტორებს უფასო რეკლამისათვის.

„კმარელებისა“ და მათი ოჯახის წევრების მისამართით გრძელდება მუქარები. აქტივისტები არ გამორიცხავენ ოფისის დარბევასაც, თუმცა, ასეთ ინფორმაციას თვითონ ფლობენ და ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებლობას აჭარის ხელისუფლებას აკისრებენ.

როგორც ჩანს „კმარა“ აჭარის ხელისუფლებისთვის მაინცა და მაინც საშიში აღარ არის. იმასაც ამბობენ, რომ ორგანიზაციას თანხები დონორმა შეუწყვიტა, ან უახლოეს მომავალში შეუწყვეტს. სავარაუდოდ, „კმარამ“ თავისი მისია ამოწურა…

გუშინვე, „კმარას“ განცხადებებთან დაკავშირებით ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა  თამარ გუდავამ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნა, „კმარასთან“ დაკავშირებით საერთოდ ზედმეტად მიაჩნია კომენტარიო, ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: „კმარას აქტივისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ხელისუფლების ნამოქმედარია ის წარწერები, რომლებიც გამოჩნდა „ჩვენი აჭარის“ ოფისზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვაძლიერებ იმ აზრს, რომ კმარა ქართული სიტყვაა და რატომ არ შეუძლია ორგანიზაცია „კმარას“ წევრებისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანმა დაწეროს „კმარა“ და იგი ჩაითვალოს ხელისუფლების მხარდამჭერად. ასე ხელაღებით ხელისუფლების დადანაშაულება გაუგებარია და ვფიქრობ, რომ არასასურველ შედეგს მოგვიტანს. თვითონ ძალიან თამამები არიან საჩივარისა და სარჩელების შეტანისას, ანალოგიური რამ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენაც“.

ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს.

თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა,  თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს,  რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე.

ამასთან,  როგორც ასანიძე აღნიშნავს, მკაცრი პირობები, რომელიც ბათუმის უშიშროების იზოლატორში მყოფ პატიმარს სტრასბურგის სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ დაუწესეს, უკვე კარგა ხანია მოიხსნა და ასანიძეს ახლობლები იზოლატორში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ნახულობენ.

ბათუმში კი ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ინაუგურაციის დღეს, თენგიზ ასანიძეს საკუთარი ხელით გაუხსნიდა უშიშროების იზოლატორის კარს და გაათავისუფლებდა.

ამ ყველაფრის პარალელურად აჭარის უშიშროების სამინისტროსთან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ასანიძის შესაძლო გათავისუფლების გამო. ისინი  მოკლული (ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის) ვაჟა გოგიტიძის ახლობლები იყვნენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი (გოგიტიძის მეუღლე) აცხადებდა, თუკი ასანიძეს გაათავისუფლებდნენ, ის და მისი ნათესავები მას საკუთარი ხელით დაახრჩობდნენ.

თენგიზ ასანიძის მეუღლე, გულიკო ასანიძე აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა შეკრება უშიშროების სამინისტროსთან ხელისუფლების მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლია.

ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უარყო გავრცელებული ხმები და 90-იანი წლების დასაწყისიც გაიხსენა: „გამგებელს, ადამიანს, რომელსაც მსგავსი რამ არ გაუკეთებია, იარაღის დარიგებას ნუ დავაბრ-ალებთ. სამოქალაქო ომის პერიოდში ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვერიგებინა იარაღი თავდაცვისათვის. მაშინ ეს ერთადერთი საშუალება იყო თავიდან აგვეცილებინა კარზე მომდგარი ჯავშანტექნიკა, არტილერია, შეიარაღებული ფორმირებები. ისინი მაშინაც ხელისუფლების პოზიციებიდან გვესაუბრებოდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო და თითქმის ყველა დააპატიმრეს“.

ასლან აბაშიძემ შეაფასა რა გუშინ, ფილარმონიაში გამართული შეკრება და ახალი ორგანიზაციის „დემოკრატიული აჭარა“-ს დაფუძნება, განაცხადა, რომ თბილისში ჩასაყვანად ადამიანებს გადაუხადეს ფული და ამ გზით შეკრიბეს ხალხი არა მარტო აჭარაში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიც. „თუმცა, ჩვენც გვყავს ხალხი, მხარდამჭერები, რომლებსაც ერთ დროს ნახავთ აჭარის დედაქალაქში“, – დასძინა ასლან აბაშიძემ.

რაც შეეხება ზოგიერთების მხრიდან აჭარის ლიდერობის ამბიციებს, ეს თურმე მას არ აღშფოთებს. „აბსოლუტური უზნეობაა, ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვიღაცის კანდიდატურამ შემაშფოთოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რაც გავაკეთე. მე მიკროფონით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში და მიკროფონით არ ვმუშაობ. არც ცრუ დაპირებები მიმიცია ვინმესთვის ოდესმე, არც წინასწარ გამიფრთხილებია, რომ აი ამას გავაკეთებ. მე ვაკეთებ, რათა შთამომავლობას დარჩეს… ვერც გვირაბებს, ვერც საზღვაო პორტს და ძალიან ბევრ რამეს, ვერ წაშლი“, – აცხადებს აბაშიძე და სვამს კითხვას, რომელსაც თავადვე პასუხობს: „რა არის მიზეზი ამ აგრესიული შემოტევების? – არავის ეგონოს, რომ ეს ასლან აბაშიძეა, ან აჭარა, ისევე როგორც აფხაზეთი, ოსეთი იყო. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციურ წყობას, კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას, მშვიდობას და სტაბილურობას, აჭარის მოსახლეობას ისევე დავიცავთ, როგორც პირველი სამოქალაქო ომის დროს. ჩვენ ვიქნებით მტკიცენი და შეურყეველნი.  ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, ისინი იქნებიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს ყოველივე ამას“.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ასლან აბაშიძე, დღევანდელ ხელისუფლებას, ფაქტობრივად ხელისუფლებად არ მიიჩნევს, ვინაიდან იგი არ კრავს ერთიან ეროვნულ ძალებს და კვლავ მიდის იმ გზით, რომელიც საბოლოოდ დააზიანებს ქვეყანას. მიუხედავად ამისა იგი ადასტურებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას: „მე ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან, ვინც არ უნდა იყოს, ვინც არის დღეს, ვინც იყო მანამდე და ვინც მოვა მომავალში. რაც შეეხება ისეთ ძალებს, რომელიც არაკონსტიტუციური გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, მათთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ“.

ასლან აბაშიძე მისი ოპონენტების მისამართით აცხადებს, რომ „ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ – ჩვენ ვართ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი ხელისუფლება, სახელისუფლო ორგანოები, მოსახლეობა, ავტონომიური რესპუბლიკა, რადგან ვიცით საითკენაც არის ეს აგრესია მიმართული. თითქოს მოდიან „დემოკრატები“, მაგრამ ცდილობენ ძალით დაამხონ კონსტიტუციური ხელისუფლება. როგორ მოიქცეოდნენ ეს ძალები, თუკი ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და მათ დამხობას ისეთივე ძალები შეეცდებოდა, როგორიც თავად არიან ახლა. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებდნენ. რა არის გასაკვირი, თუ ჩვენც არ დავუშვებთ ამას“.

ასეთი განცხადების შემდეგ აჭარის მეთაური ახალ ხელისუფლებას თავისი მოქმედებებით ძალზედ რადიკალურს უწოდებს. „ეს ყველაფერი არ შეიძლება ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს იმ ფონზე, რომელიც გვაქვს – სოციალურ-ეკონომიურ ფონს ვგულისხმობ. ხელისუფლებაში მოსვლის წინ ახალი ხელისუფლების ლიდერები ხალხს ხელფასების, პენსიების გაზრდას დაპირდნენ, დღეს სულ სხვა შედეგი გვაქვს. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წარმოიშვას რაღაც ძალები, ვისაც დაინტერესებული მხარე დააფინანსებს და შეიძლება მათაც მოუნდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა“, – აცხადებს აბაშიძე.

ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობაზე საუბრისას ფინანსურ საკითხებში ასლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 მილიონი მართებს ცენტრალურ ხელისუფლებას.“

როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესაძლო დაფინანსების საკითხები, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან.

როგორც სერგეი ივანოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე თვლის, რომ „სტამბულის ყველა შეთანხმება, რომლებიც რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სამიტზე აიღო, შესრულებულია“.

ამ შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ქართულ მხარეს უკვე გადასცა ვაზიანის სამხედრო ბაზა და გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა ოფიციალური თბილისი ამაში დასარწმუნებლად აფხაზეთში განლაგებული ბაზის საერთაშორისო მონიტორინგს ითხოვს.

რაც შეეხება ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებულ ბაზებს, რუსული მხარე აფიქსირებს, რომ მათ გაყვანას 11 წელი დასჭირდება.

„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“

მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ვიზიტმა აქაური „კმარელები“ ერთგვარად გამოაცოცხლა. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა და არაორგანიზებულმა ჯგუფმა, ძალისმიერ „შავრაზმულ კატაკლიზმებს“ ვერ გაუძლო და სტიქიურად დაიშალა.

დღეს ორი საათისთვის „კმარას“ ორმოცდაათამდე აქტივისტი ისევ შეიკრიბა და „კმარასა“ და საქართველოს დროშებით ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი სხვადასხვა შინაარსის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ: „კმარა უმოქმედება“, „კმარა დიქტატურა“, „დემოკრატია და თავისუფლება აჭარის მოსახლეობას“. ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური პროკლამაციების გავრცელებისას, პოლიციამ ერთი აქტივისტი ავთო ბერიძე აიყვანა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.

მის გათავისუფლებას თავად „კმარელები“ ითხოვდნენ (მათი შეკრების ძირითადი მიზეზიც ეს ყოფილა): „ჯიბეებს მივხედოთ რამე არ ჩაგვიდონ. ყველა აქტივისტი ასე აიყვანეს… აშკარად დიდი საშიშროებაა. მთელ აქტივს წამოვიყვანთ და მოვითხოვთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მოგვცენ. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენს მეგობარს არ გაათავისუფლებენ“, – აცხადებდნენ ისინი.

„კმარელები“ დარბევას ვერც დღეს გადაურჩნენ. ისინი ჯერ აჭარის შს სამინისტროსთან, შემდეგ კი ქალაქის პირველ ქვეგანყოფილებასთან მივიდნენ, სადაც მათ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა და პოლიციელებმა დროშები წაართვეს.

პოლიციელები კმარელებს მოსახლეობის აბუნტებას აბრალებენ.

აჭარის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის მოშველიებით თავის მოქმედებებს ამართლებს და ყველას აფრთხილებს, რომ დაემორჩილონ კანონს. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი კი მანიფესტაციებსა და შეკრებებს კრძალავს. აღნიშნული კანონის კანონიერების საკითხი კი, დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანია.

„კმარელების“ დევნა-შევიწროება ძველებურად აქტუალური აჭარის ძალოვანებისთვის თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო. ასე იმ შემთხვევამ გვაფიქრებინა, რომელსაც ორი დღის წინ ჰქონდა ადგილი.  26 იანვარს, დილით, ფიროსმანის ქუჩაზე, მეოთხე ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა სამი „კმარელი“ – ლევან ლორთქიფანიძე, ნოდარ დუმბაძე და ლევან ტეტემაძე დააკავეს. როგორც განყოფილების უფროსმა, გურამ დავითაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო, რისთვის დააკავეს ეს ბიჭები, „სიტუაციაში გარკვევის შემდეგ“ კი დაკავებულები გაათავისუფლეს და ჩამორთმეული „კმარას პროკლამაციებიც“ დაუბრუნეს.

კმარა (1)
შენობა, სადაც კმარელები ჰყავდათ.

„გაზეთი ბათუმელები“ მაშინ გათავისუფლებულ „კმარელებს“ გაესაუბრა.

დილით, დაახლოებით ათის წუთებზე აგვიყვანეს. ფიროსმანის ქუჩაზე, „გეპეისთან“ ღამით მორჩენილ პლაკატებს ვავრცელებდით. გარკვევა იმის, თუ კონკრეტულად რა ბრალდებით აგვიყვანეს, ვერ მოვასწარით, გამოძახებაზე წავიდნენ. განყოფილებაში მიგვიყვანეს და მორიგესთან დაგვტოვეს. მერე ჟურნალისტებიც  მოხვედით…

ჩვენ ერთი რამ ვიცით, ახალგაზრდობამ აჭარაში, საქართველოში უნდა შემოიტანოს კარგი ცხოვრება. აჭარაში სიტყვის თავისუფლება მაღალ დონეზე უნდა იყოს. 12 წელია ერთი გვარია ხელისუფლებაში, ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ.

დიდი ხანია რაცკმარასაქტივისტები ხართ?

ნოდარ დუმბაძე: 16 იანვრიდან. პირველად „კმარას“ აქტივისტი მე გავხდი. გაწევრიანება ჩემმა მეგობარმა შემოგვთავაზა, რომელიც ბათუმში ხელმძღვანელობს ამ მოძრაობას. 24 საათი მოვთხოვე მოფიქრებისთვის. მერე თბილისშიც ვიყავი და იქაურ აქტივისტებს შევხვდი.

მათთან შეხვედრა აუცილებელია გაწევრიანებისთვის?

თბილისში წასვლა აუცილებელი არაა, უბრალოდ ბათუმში „კმარა“ არაორგანიზებულია. რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ერთმანეთს შეგნებულად არ ვიცნოთ. ისე თავისუფლების ინსტიტუტის სახით მალე ჩამოვყალიბდებით.

უფრო საინტერესო რამის კეთება რომ შემოგთავაზონ, მაინც გააგრძელებთკმარასპროკლამაციების გავრცელებას?

წინადადებას გააჩნია, მაგრამ სანამ ჩვენ საქმეს არ დავამთავრებთ, სხვას ხელს არ მოვკიდებთ. სჯობს ერთი-ორი თვე ათენო ღამეები, ვიდრე მთელი ცხოვრება ღამენათევი დაგვტოვოს ხელისუფლებამ.

თქვენი, როგორცკმარელისუმთავრესი მიზანი?

გვინდა სიტყვის თავისუფლება იყოს აჭარაში და მოხდეს ხავერდოვანი რევოლუცია. სჯობს ახლა გავრისკოთ, ვიდრე მთელი ცხოვრება გვეშინოდეს.

თუ გრძნობთ საზოგადოების აგრესიას?

საზოგადოებაში ჩვენს მიმართ აგრესია არ არის, მსგავსი დამოკიდებულება „აღორძინების“ მხარდამჭერებს, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს.

კედლებზე წარწერების გაკეთებას როგორ აფასებთ?

არ შეიძლება, ეს გადამეტებაა. პულივიზატორებით ჩვენ არ ვმუშაობთ და თუ დავიწყებთ, ასფალტს მოვხატავთ ალბათ.

რამდენს გიხდიან ამ საქმეში?

ეს შეკითხვა განყოფილებაშიც დაგვისვეს, არაფერსაც არ გვიხდიან. თბილისში ჩასვლა-ჩამოსვლის თანხა აგვინაზღაურეს. ისე, რომ მოგვეთხოვა, დარწმუნებული ვარ, გადაგვიხდიდნენ. თქვენ ფიქრობთ, აუცილებლად უნდა გადაგვიხადონ?

როგორც ცნობილია, თბილისშიკმარელებიანაზღაურებით მუშაობენ.

საქმე რაშია იცით, აქტიურები 28 კაცი ვართ. მერე, როცა თავისუფლების ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, სამუშაო ალბათ ყველას გვექნება და ვისაც რა შეეძლება, იმას გააკეთებს.

ღიად რატომ არ აფიქსირებთ თქვენს მოქმედებას?

ერთხელ უკვე გამოვედით, ეკლესიასთან.

ოჯახის წევრებმა თუ იციან რასაც აკეთებთ?

არა. გვიშლიან, ღელავენ. როდესაც შევეცადეთ ჩვენი საქმიანობის შესახებ რაიმეს ახსნა, შეშინდნენ. მშობლები ძირითადად წინააღმდეგი არიან.

 

სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა – ხუთჯვრიანი დროშა აღმართა.

დროშის აღმართვის ცერემონიის დროს მიხეილ სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა – საქართველოში გასული წლის ნოემბერში განხორციელებული „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო.

როგორც პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ისტორიული მომენტია, სტრასბურგში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა ნიშნავს ქართული ხალხის უფლებას იწოდებოდეს უძველეს ქრისტიანულ და ევროპელ ერად.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა, სადაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება.

სესიაზე განხილული იქნება საქართველოში 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

გათვალისწინებულია პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პიტერ შიდერთან, ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრთან ტერი დევისთან, სხვა ოფიციალურ პირებთან.

სტრასბურგიდან მიხეილ სააკაშვილი 29 იანვარს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები კანცლერ გერჰარდ შროდერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერთან, გერმანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

მიხეილ სააკაშვილს ამ ვიზიტებისას თან ახლავს მეუღლე სანდრა რულოვსი.

ჯემალ ინაიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთ ლიდერი, ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ ინაიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, რაც მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.

როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი აქტიურობა „ჩვენი აჭარის“ ეგიდით, რომელიც აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვს, უკმაყოფილებას იწვევს.

ინაიშვილი აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს მოქმედებას აჭარაში დემოკრატიის დამყარებამდე.

როგორც პრესკონფერენციაზე „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა განაცხადა, სახალხო მოძრაობა რამდენიმე „ხმაურიანი აქციის“ მოწყობას გეგმავს აბაშიძის რეჟიმისაგან აჭარის გათავისუფლების მოთხოვნით.

ხელისუფლება დაინტერესებულია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენით

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ბევრად მეტი იყო, ამჟამად კი მხოლოდ მიახლოებითი ციფრი არსებობს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ამიტომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ საშუალება მისცა მოსახლეობას გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია.

მისი თქმით, გასული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევით, რადგან ხალხს წაერთვა უფლება მიეცა ხმა არჩევნებზე.

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 2 231 986 შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 1 963 556-მა ადამიანმა მიიღო.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 28 მარტს უნდა შედგეს.

 

რისთვის ემზადება აჭარა?

შს მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობაში ცრემლსადენი და მომწამლავი გაზი,  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რიგდება.

როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, ამგვარი ქმედებების არანაირი საჭიროება არ არსებობს და, ბუნებრივია, ხელისუფლება იქ სისხლისღვრას და ძალადობრივ ქმედებებს არ დაუშვებს.

თუ აჭარის მოსახლეობა გადაწყვეტს შეცვალოს ხელისუფლება, ის ამას მშვიდობიანი მეთოდებითა და გზით გააკეთებს, – თქვა ბარამიძემ.

საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა.

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ „სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში“.

სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის „პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს წარმოადგენს“.

ეს ღირებულებები გაზიარებულია თითოეული ქართველის მიერ, თქვა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ „ვარდების რევოლუცია“ იქცევა მოდელად მთელი რეგიონისთვის და გახდება მაგალითი იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შესწევთ ძალა გაატარონ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებები.

მისი განცხადებით, წარმატებები საქართველოში ნიშნავს წარმატებას მთელ რეგიონში, ხოლო თუ  საქართველო წააგებს, ეს იქნება მარცხი მთელი რეგიონისთვის.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს უნარი წამყვანი როლი ითამაშოს ევროპის კეთილდღეობის და სტაბილურობის საქმეში, თუმცა მას დაემუქრება არასტაბილურობის წყაროდ ქცევის საფრთხე, თუკი ევროპის გარეთ აღმოჩნდება მიტოვებული.

საქართველოს თვითმყოფადობა ფუნდამენტურად ევროპულია და დღეს ქვეყანა საბოლოოდ ადგას შინისკენ მიმავალ გზას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თამარ გუდავა დარბევის შესახებ წინასწარ გვაფრთხილებს

„გაზეთმა ბათუმელებმა“ 26 იანვარს, რედაქციაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელთა წინაშე თავიანთი პროტესტი, ბოლო დროს აჭარაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევათა გამო, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რედაქციის თანამშრომლებისდმი განხორციელებული ზეწოლის გამო.

იმავე დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ, პრესკონფერენცია გამართა. როგორც გაირკვა, პრესკონფერენციის მოწვევის მიზეზი ჩვენი რედაქციის მიერ გაკეთებული მიმართვა გამხდარა. „გაზეთი ბათუმელები“ მიესალმებოდა კიდეც აღნიშნულ ფაქტს, რომ არა ერთი გარემოება. ნაცვლად იმისა, რომ პრესცენტრის ხელმძღვანელს, დაეგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია და კონკრეტული განცხადება გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით, მან მთელი „პრესკონფერენცია“ ჩვენი მიმართვის „განხილვას“ დაუთმო. უფრო მეტიც, ჟურნალისტები არაობიექტურობასა და მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, იმაზე, რაც დღეს ხდება, პასუხისმგებლობას ვერ, უფრო სწორად, არ აიღებს.

პრესცენტრის ხელმძღვანელი ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე უფრო, რატომღაც, მიტანილ  ხმებს(!) გაუღიზიანებია. „მე მითხრეს, რომ „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორისთვის უთქვამს, რაც შეიძლება მკაცრი განცხადება გააკეთე, თუნდაც ტყუილიც თქვი, თორემ ისე, ჩემს მასალას ეთერში არ გაუშვებენო“, – განაცხადა თამარ გუდავამ.

ჩვენ იძულებული ვართ შევახსენოთ ქალბატონ თამარ გუდავას, რომ იმაზე მეტი, რაც მიმართვაში ჩამოვაყალიბეთ, არანაირი განცხადება, მითუმეტეს ტყუილი, „გაზეთ ბათუმელებში“ და სხვათა შორის, არც „რუსთავი-2“-ის ეთერში არ გასულა. ის კი, რომ თამარ გუდავა „გაზეთ ბათუმელების“ მიმართვას მთლიანად ტყუილს უწოდებს – მისი პრობლემაა.

თამარ გუდავას მიაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ფიზიკურად უსწორდებიან მათ, არ ინდობენ არავის, მათ შორის ჟურნალისტებსაც კი, აჭარის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და თავიანთ პოზიციას თურმე ასეთი ფორმით გამოხატავენ. გუდავას თქმით, ესეც თავისუფალი სიტყვის ერთგვარი გამოხატულება ყოფილა და აქ, რაიმე დაჯგუფებაზე, ე.წ. „სპეცრაზმზე“ თუ „შავრაზმელებზე“ საუბარი ზედმეტია. „მე რომ შავი ტანსაცმელი ჩავიცვა, რა, შავრაზმელი ვიქნები?“ – ისე კითხულობს გუდავა.

„ის ადამიანები რომ შეიკრიბონ, რომლებიც თქვენს პოზიციას არ იზიარებენ და დაგარბიონ, ხელისუფლება რა შუაშია? მათაც აქვთ თავიანთი სიტყვის უფლება“, – გვმოძღვრავს გუდავა, უფრო კი, ალბათ გვაფრთხილებს – უარესს ელოდეთ და მერე თქვენს თავს დააბრალეთო.

ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა

 

25 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქ ბათუმში სამხედრო აღლუმის მიღებისა და ქალაქის დატოვების შემდეგ, მოეწყო პრეზიდენტის მხარდამჭერთა მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია, რომელმაც მოგვიანებით მიტინგის სახე მიიღო.

აღლუმი 4

მშვიდობიან მიტინგს დასაშლელად ე.წ. „სპეცრაზმი“ შეესია და მომიტინგეები დაარბია. მიუხედავად ამისა, მომიტინგეებმა გააგრძელეს ქალაქის ქუჩებში მსვლელობა.

„გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის მოხდის მიზნით, ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ.

აღლუმი 2

მიტინგის  დარბევის შემდეგ შეიქმნა ნაცნობი (ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებისათვის) სიტუაცია, რომელიც ბოლო დროს ხშირად მოსდევს ხოლმე ანალოგიურ აქციებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი ფიქსირდება. ანუ, ამჯერადაც, მიტინგის დარბევის შესახებ ბრძანებას გასცემდა და უშუალოდ დარბევას ახორციელებდა ერთი და იგივე ჯგუფი.

აღლუმი 5

ეს ის ჯგუფია, რომელსაც ანალოგიური აქციები და მასმედიის სხვადასხვა საშუალების  ჟურნალისტები ხშირად, ზოგჯერ უსასტიკესადაც კი დაურბევია.

25 იანვარს „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტებს ე.წ. „სპეცრაზმმა“ არ მისცეს საშუალება პროფესიული მოვალეობის შესრულებისა, კიდევ ერთხელ შეურაცხყეს სიტყვიერად, დაუმტვრიეს ციფრული ფოტოაპარატი და წაართვეს მეხსიერების ბარათი, რომელზედაც მიმდინარე მოვლენები და თავად დამრბევი ჯგუფი იყო დაფიქსირებული.

უახლოეს წარსულში ჟურნალისტების, კერძოდ „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომლებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და აპარატურის დამტვრევა-დაზიანების არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რის შესახებაც, რედაქციამ აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა.

აღლუმი 6

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სცემეს „გაზეთ ბათუმელების“ ერთ-ერთი თანამშრომელი,  შემდეგ კი, სოფელ გონიოში გამართულ მიტინგზე ჩვენს რამდენიმე ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს დიქტოფონი და ციფრული ფოტოაპარატი. ხშირია რედაქციის თანამშრომლებისადმი მუქარაც.

„გაზეთი ბათუმელები“ ვერანაირად ვერ შეეგუება თავისუფალი ჟურნალისტებისადმი და, საერთოდ, განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ, აღნიშნულ ვანდალურ დამოკიდებულებას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

გამომდინარე აქედან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ყველა შესაბამისი სამსახურებისაგან, კატეგორიულად მოვითხოვთ შეწყდეს თავისუფალი ჟურნალისტების დევნა-დაშანტაჟება და მასმედიის წარმომადგენლებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება!

აღლუმი 7

მოვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

მოვითხოვთ აგრეთვე, რომ შეწყდეს „გაზეთ ბათუმელებისაგან“ მტრის ხატის შექმნა და მავანთა მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობა!

„გაზეთი ბათუმელები“ მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა დიპლომატიურ კორპუსებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვის, საერთოდ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, ხმა აიმაღლონ აჭარაში  ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად.

აბაშიძემ ნაცემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ერაყში რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები.

„თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და ჯიქურ ვუტევთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც აბსოლუტური სიმშვიდეა და სადაც არის ქართული კულტურის ცენტრი“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

აჭარაში ჟურნალისტების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ფიზიკური თუ სხვა სახის ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით და, საერთოდ, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ირგვლივ საუბრისას, ავტონომიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს იგავ-არაკი „ენით დაკოდილი“ შეგვახსენა და ერთგვარ პერსპექტივად ერაყის ომი გადაგვიშალა.

ასლან აბაშიძე: „არ იქნება სწორი, თუკი ჩვენ არ დავეყრდნობით აჭარის კანონს, რომელიც ჟურნალისტიკასთან არის დაკავშირებული. იქ ძალზედ კარგადაა ჩამოყალიბებული თქვენი უფლებები. როდესაც უფლებებს გადააჭარბებთ, ეს ადამიანის შეურაცხყოფის სიბრტყეში გადადის…

სიტყვით მიყენებული ჭრილობა კი არაფრით ხორცდება. უნდა მოზომოთ თქვენი ემოციები, თქვენი რიტორიკა, ეს არის თქვენი დაცვის ყველაზე დიდი გარანტია. იყავით ობიექტურები, მაგრამ იყავით კორექტურები. ამაზეა ეს კანონმდებლობა აგებული, ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც იყო ერაყი, რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა, ისინი ვერავინ დაიცვა. თქვენც ისეთივე ადამიანები ხართ, როგორც ჩვენ და რატომ გგონიათ, რომ თქვენი დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი, რიგითი მოქალაქის, მინისტრის, დეპუტატის. რატომ აყენებთ თქვენს თავს მაღლა.

თქვენ მეოთხე ხელისუფლება ხართ და შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ზემდგომ ხელისუფლებას, რატომ იღებთ საკუთარ თავზე ამას. არ გვაძლევთ ანალიტიკურ ანალიზს, მიმოხილვას, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. თქვენ ძაბავთ სიტუაციას, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მე ერთი ფორმულა ამოვირჩიე – არ წავიკითხო გაზეთები, არ ვნახო ტელევიზია და გავაკეთო ის, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას.

აჭარაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. რატომ არ ამბობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არავის აქვს უფლება მიტინგის, მითუმეტეს ხელისუფლების დამხობის მოწოდების უფლება. რატომ ხართ გულგრილი იმაზე, რაც ხდება. ცალმხრივი სიმართლე სიმართლე არ არის. აგრესიულობა ბადებს აგრესიულობას, მოვუწოდებთ ყველას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში იმოქმედოთ და კონსტიტუციური კანონები დაგიცავთ თქვენც“.

რა დარღვევებია ბათუმის მესამე საპყრობილეში

ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი რამოდენიმე პატიმარი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისაგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.

ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას იუსტიციის მინისტრის დავალებით ბათუმის საპყრობილეში ინსპექცირებისათვის იყო მივლინებული.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ,  ასეთი შემოწმება ბათუმის საპყრობილეში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თოფურიძის განცხადებით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საპყრობილეში იმყოფებიან პატიმრები – იოსებ და მამია ქოქოლაძეები, ნოდარ, ვახტანგ და ზაურ შოთაძეები, რომელთა მიმართ განაჩენი გამოტანილია 1995 წელს და  მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა 10-11 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი 1995 წელსვე შევიდა კანონიერ ძალაში და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იხდიდნენ, დღემდე ბათუმის საპყრობილეში იმყოფებიან.

ამავე საპყრობილეში იოსებ თოფურიძემ მოინახულა „კმარას“  აქტივისტების ნათესავები რომეო ჩხარტიშვილი და ირაკლი ხაჟომია, რომლებიც 2004 წლის 6 იანვარს აჭარის შს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისათვის დააკავეს.

მათ მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილება 9 იანვარსაა გამოტანილი, ხოლო საპყრობილეში 22 იანვარს შეიყვანეს. მაშინ, როცა ისინი საპყრობილეში 72 საათის განმავლობაში უნდა გადაეყვანათ, 13 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში.

ხაჟომიასა და ჩხარტიშვილის განცხადებით, ისინი უდანაშაულონი არიან და მხოლოდ იმის გამო ედავებიან, რომ მათი ძმა და შვილი ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“  წევრები არიან, – ამბობს თოფურიძე.

იოსებ თოფურიძის ინფორმაციით, საპყრობილეში იმყოფებიან ასევე ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენის ბრალდებით არიან დაკავებული, თუმცა, მას ამ პატიმრებმა განუცხადეს,  რომ უკანონოდ არიან დაკავებული. მათი მტკიცებით, ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს, ხოლო დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები არიან.

თოფურიძემ ბათუმიდან პატიმრების წერილები და განცხადებები წაიღო.

რისთვის მიდიოდა დიასამიძე ბათუმიდან

პოსტაბაშიძისეული პერიოდისთვის გამალებული სამზადისი მიმდინარეობს. „ჩვენი აჭარას“ დამფუძნებელი თამაზ დიასამიძე აქტიურად ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. მან საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე სარჩელი შეიტანა. ახლახანს კი, როცა „დემოკრატიული აჭარას“ დასაფუძნებლად სურმანიძემ ხალხი თბილისში გაიხმო, დიასამიძემ ვარდებით მსვლელობა მოაწყო ჩოლოქზე. „ჩოლოქის ხერგილის გახსნასთან დაკავშირებით სიმბოლური მსვლელობა მოვაწყეთ. გადავედით ჩოლოქზე, მოვბრუნდით უკან და შემხვედრს ვარდები დავურიგეთ“ განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ყველა ფიქრობდა, რომ დიასამიძის მხარდამჭერთა აქციას ხელისუფლება დაარბევდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა – ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ვარდები დაახვედრეს. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ოპონენტებს ეთქვათ – „ჩვენი აჭარა“ ასლან აბაშიძის ხელისუფლებას შეეკრა და ერთობლივ სპექტაკლებს დგამს.

„გაზეთი ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ დიასამიძესთან, რომელიც კვირის დასაწყისში შედგა.

ბატონო თამაზ, შედგება თუ არა პრეზიდენტის და აქედან გამომდინარე თქვენი თანამშრომლობა აჭარის ხელმძღვანელთან?

ვფიქრობ, რაიმე შუამავალს არ საჭიროებს ახალი პრეზიდენტი აბაშიძესთან ურთიერთობაში. სააკაშვილი გაბედულია და ცხადად აქვს კურსი აღებული აჭარაში შექმნილ მდგომარეობაზე. აქ სახელმწიფოებრივი კონტროლისა და კონსტიტუციური წესიგის აღდგენის მიმართულებით რეალური ნაბიჯები იდგმება და არამარტო განცხადების დონეზე. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ახლახან ჩხაიძის (აკაკი ჩხაიძე) დაპატიმრება იყო. ეს ათი წლის განმავლობაში აჭარის ტერიტორიაზე აჭარის ფარგლებს გარედან ჩატარებული პირველი აქციაა. აბაშიძე ამ შემთხვევაში განერიდა მოვლენებს და შეატოვა ჩხაიძე თბილისის სამართალდამცავებს. ცენტრალურ ხელისუფლებაზე განაწყენებული თუ ძებნილი ადამიანები თავშესაფარს ყოველთვის ბათუმში პოულობდნენ. სახელმწიფო ქონების ძარცვისათვის ძებნილი მამალაძე აქედან გავიდა უცხოეთში, ცოლ-შვილი კი აქ ჰყავს დატოვებული, ეს აღარ იქნება.

ანალოგიური შეიძლება ითქვას პირიქითაც, აქ ძებნილები თბილისს აფარებდნენ თავს. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში თქვენც წასული იყავით

მე არასოდეს გავქცეულვარ ჩემი კუთხიდან, თვეში ერთხელ ყოველთვის ჩამოვდიოდი ბათუმში. ზოგიერთი ქართული გაზეთი ავრცელებდა ინფორმაციას – ბათუმიდან გაქცეული დიასამიძეო. ცხადია, ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება, მაგრამ გააჩნია ადამიანები ამ რეგიონიდან რისთვის გარბიან. როცა ადამიანი გაურბის უსამართლობას, დაჩაგრულობას, ეს სხვა ამბავია, ხოლო როცა დამნაშავეა, სხვა.

თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ვინც გადააყენა აბაშიძემ, თბილისში წავიდნენ და მაღალ სამსახურზე მოეწყვნენ. ამ შემთხვევაში განსხვავება ისეთია,  როგორც ცასა და დედამიწას შორის. საერთოდ, სასაცილოა პოლიტიკური ცენტრის აღმოცენება ბათუმში. მეტოქეობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომლის ტანდემიც 95 წლის შემდეგ აღმოცენდა, წმინდა მარცხით დამთავრდა. ბათუმის პოლიტიკური ცენტრი გათამაშებული იყო შევარდნაძე-აბაშიძეს შორის ძალაუფლებისა და ქონების გადანაწილებისთვის. პოლიტიკური პარტიები, ვინც კონცენტრირებული იყო ბათუმზე, აქ საზრდოს შოულობდნენ, კარიერას იკეთებდნენ აბაშიძეს გაყალბებული საარჩევნო სიებით და აბაშიძის ადვოკატობას თამაშობდნენ, იცავდნენ ამ დამპალ რეჟიმს. მათ გატაცებულ ტრილიონებს ყველას დავაბრუნებინებთ.

ამ თანხებზე თუ გაქვთ დოკუმენტაცია ან თქვენ, ან პრეზიდენტს

ყველაფერზე დოკუმენტაცია, ბუნებრივია, არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს, დაიდება. ყველამ იცის რა შემოსავლები არსებობს აჭარაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანაოსნოს დოკუმენტაცია ხომ არსებობს ე.წ. თბილისის პოლიტიკურმა ცენტრმა რომ დაულაგა აბაშიძეს – მილიარდზეა ლაპარაკი.  ნახეთ, ნავთობის ტერმინალი, სადაც გემების მიღება-გაშვება საპორტო კონტროლის გარეშე ხდება, რამდენ დოლარად არის შეძენილი. სახელმწიფოსაგან ტერმინალი კერძო ფირმამ გამოისყიდა ჩალის ფასად – 40 მილიონ დოლარად, მისი ღირებულება კი ასეულ მილიონებს აღწევს. დაიანგარიშეთ რამდენი ტონა ნავთობის გადატვირთვა ხდება და ნახავთ რა თანხებს მიიღებთ. გატაცებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანკებში არ დევს. ოქროსა და ვერცხლის, უცხოეთში სასახლეების სახით აქვთ დაბანდებული. ნახეთ წლების განმავლობაში რამდენი გადმოურიცხა ცენტრმა რეგიონს და აქედან რამდენი გადაირიცხა. ფაქტობრივად ქრთამავდა აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას, პირამიდა იყო აქ გაკეთებული, საიდანაც საზრდოობდნენ პოლიტიკური პარტიები, მინისტრები. პოზიცია-ოზიციობანას თამაშობდნენ და ოპოზიციის ადგილი დაიკავეს ხელისუფლებაში. მოკლედ, ყველამ იცის სადღეღამისოდ რამდენი ფული იდება აბაშიძის მაგიდაზე და ისიც, რომ აქედან თბილისში მიედინებოდა მილიონები.

რისთვის უპირებენ სმირბას ანგარიშსწორებას

საქართველოს პარლამენტის წევრის, ასლან სმირბას სახლს დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა ესროლეს. კულუარული ინფორმაციით, ეს განაპირობა სმირბას „ნაციონალებთან“ ჩახუტებამ, თუ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. სმირბაზე ანგარიშსწორების (საუბრობდნენ ლიკვიდაციაზე) შესახებ ინფორმაციები კულუარებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ასლან სმირბამ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ იცის და ფერიაში, საკუთარ სახლშია ჩაკეტილი. რა ანგარიშსწორებაზეა საუბარი? – ამის შესახებ ოფიციალურად არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ სმირბა ამ აფეთქებით სერიოზულად რომ გააფრთხილეს, აშკარაა. „გაზეთ ბათუმელებთან“ მომხდარზე და, საერთოდ, მის ირგვლივ შექმილ „ბურუსზე“ თავად ასლან სმირბა საუბრობს:

დილით დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა არ შეგეშინდეს, მაგრამ სახლთან აფეთქება მოხდაო. რა მოხდა რომ ვიცოდე, ალბათ ძალოვან სტრუქტურაში ვიმუშავებდი. ერთი ბომბი პირდაპირ კარებზეა ნასროლი, დამსხვრეულია მინები. საბედნიეროდ, მეორე ბომბი (რგოლი მოხსნილი ჰქონდა) არ აფეთქებულა. ადგილზე ჯემალ გოგიტიძე მოვიდა – შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროებიდანაც იყვნენ. იმდენად უსიამოვნო იყო ჩემთვის იქ არსებული სიტუაცია, რომ წამოვედი.

ასლან სმირბა (2)

ამბობენ, რომ ბოლო კვირას სწორედ ფერიაში აფარებდით თავს?

სიმართლე გითხრათ, ფერიაში არ ვყოფილვარ. ვერიდებოდი აქტიურობას, ისე ვიყავი სახლში, ქალაქში გამოსვლის სურვილი არ მქონდა.

.. რაღაც მართლა ხდებოდა?

არ ვიცი, ახლა რომ გითხრათ, რაღაცას ვგრძნობდი-მეთქი, არა. ყველანაირი ჭორი დადის. ყურადღებას არ ვაქცევდი.

ამ ფაქტის მერე სულ ვფიქრობ, არ მინდა ამ ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება. იქნებ იმან გააღიზიანა ვინმე, რაც პრესაში დავწერე. ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით აფხაზეთთან დაკავშირებით კონცეფციაზე ვმუშაობ. შეიძლება ამანაც გააღიზიანა ვინმე. ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მყავს მტერი, ამას ხმამაღლა  ვაცხადებ. ნებისმიერ უწყებაში, სადაც მიმუშავია, ყველა დაგიდასტურებთ, ვმუშაობდი ხალხისთვის, ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ის ორგანიზაცია წარმომეჩინა, სადაც ვიყავი.

პოლიტიკურ შეფასებას აძლევთ მომხდარს?

კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკურ შეფასებას რაღაც მიზნებით არ ვაძლევ, თავს ვიკავებ. ჯერ ძიებას დაველოდები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებ. ხმამაღლა ვამბობ, ნურავის ჰგონია, რომ მე მოსკოვში, ან სადმე სხვაგან გადავიხვეწები, არსად წამსვლელი არა ვარ. არც სამსახური მინდა, არც არაფერი, უბრალოდ, საქვეყნოდ ვიტყვი ჩემს სათქმელს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შედეგ ქვეყანაში მიდის კორუფციასთან ბრძოლა. მე, ასლან სმირბას ვერაფერს დამაბრალებენ, რადგან ცოტა წინდახედული კაცი ვარ და რა დოკუმენტსაც ვაწერდი ხელს, ყველას ასლს ვინახავდი.

თქვენზე ამბობდნენ, თითქოს პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალეთ დანაციონალებისმიმართ სიმპატიები გაქვთ?

კიდევ ვიმეორებ, არავითარი „ნაციონალური მოძრაობის“, არც ერთი პარტიის ძახილი არ მინდა, მაგრამ ვინმეს თუ აღიზიანებს, რომ მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტთან, ან შინაგან საქმეთა მინისტრთან, ნუ დაავიწყდებათ, რომ ბათუმელი კაცი ვარ და პოლიტიკისთვის მეგობრობას ვერ წავშლი. ვიღაცის ამბიციის გულისათვის სამეგობრო წრეს ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან, ვერ დავკარგავ.

ბათუმში ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა ჩემზე – სიტუაციის გამოყენებას გეგმავსო. პირველად ვაცხადებ, ასლან სმირბა არავითარი პოლიტიკური გარიგების, თამაშის მომხრე არ არის. მე სიტუაციაში ჩახედული კაცი ვიყავი და ვასრულებდი იმ საქმეს, რასაც კაცობა ჰქვია.

გულწრფელად გეუბნებით, ასლან აბაშიძესთან შეხვედრა არ მქონია, მაგრამ ჩემთვის სამარცხვინოა ის ფაქტი, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია იქმნება. სულერთია ეს „აჭარა ჩემი სიამაყეა“ იქნება თუ სხვა, ორგანიზაცია უნდა შექმნას იმ ადამიანმა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს.

როგორ ფიქრობთ, ეს აფეთქება გაფრთხილება იყო თუ დაშინება?

არაფრის არ მეშინია და თავს შევაკლავ ბოლომდე. ერთადერთი, რაც მაშინებს, ესაა ჩემი შვილების უსაფრთხოება, ბავშვი სკოლიდან წამოვიყვანე და ჩემთან მყავს. მე ქალაქში არ მჭირდება დაცვა, საქართველოს ყოფილი ცეკას მდივნის, შევარდნაძის ბრძანებით, ქვეყანაში დაცვა ეკუთვნის პრეზიდენტს და აჭარის მეთაურს. დანარჩენი ფორმირებები უკანონოა.

პოლიტიკიდან წასვლას ხომ არ აპირებთ?

შეიძლება წავიდე… შეიძლება ახალი სისტემა შევქმნა და ვიმუშავო.

მწერალთა ერთი ჯგუფი „ჩაყლაპულ მზეს“ ნატრულობს

რამდენიმე დღის წინ, მწერალთა გარკვეული ნაწილი განსხვავებული  პოზიციის დასაფიქსირებლად მწერალთა კავშირის წინ შეიკრიბა. მათი მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც უცვლელი იყო, გადადგეს აბაშიძე და აჭარაში შეიქმნას დემოკრატიული სივრცე. სააკაშვილს კი მოუწოდებენ, რომ ძველი ხელისუფლების მსგავსად აბაშიძესთან გარიგებებზე არ წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პრეზიდენტის იმიჯის შელახვას წინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ მას ვარდების რევოლუცია აღარ უშველის. „გაზეთი ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

ხათუნა თავდგირიძე: – „გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომელსაც ბოლო დროს ადგილი აქვს აჭარაში და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მოძრაობას „ჩვენი აჭარა“. მიგვაჩნია, რომ ეს არის რეალური ძალა, რომელმაც უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ ჩვენი კუთხის მომავალი. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ არჩევნებში „აღორძინება“ არჩევნებს წააგებს და პოლიტიკური არენიდან წავა.

თქვენთვის აბაშიძის წასვლაა მთავარი თუ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა?

აბაშიძის წასვლა, რადგან შეუძლებელია მთელი ცხოვრება ემსახურებოდე ერთს და შემდეგ მოულოდნელად, რადიკალურად შემოატრიალო კურსი.

თუ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას დაუშვებს?

ეს იქნება გაბრძოლება, იძულებითი გზა, შეიძლება აბაშიძის ყური მიეჩვია განსხვავებული აზრის მოსმენას, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მწერლები იძულებული ვართ ჩვენი საქმე მივატოვოთ და რაღაც პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ. ჩვენ რომ თავიდანვე გამოგვეხატა პროტესტი, შეიძლება აღარ ვყოფილიყავით ამ დღეში…

რა გიშლიდათ აქამდე ხელს?

ადრე ცენტრისგან მხარდაჭერის იმედი არ გვქონდა, ახლა დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდა და იმედია აჭარასაც მოხედავს.

რევაზ ჩხარტიშვილი: – „ხელისუფლებისგან ვითხოვთ დემოკრატიას, სიმართლის გაგებას და დაფასებას. მე პიროვნებასთან არაფერი მაქვს სადაო, მაგრამ სათავეში ვინც უნდა იყოს, იგივეს მოვითხოვ.

ზურაბ ფირცხალაიშვილი: – ჩვენ გვინდა მზე, რომელიც ჩაგვიყლაპეს და რომელსაც თავისუფლება ჰქვია. ეს აკლია აჭარას. უნიჭო ადამიანები, მხოლოდ გვარიშვილობით ადიან იერარქიულ კიბეზე. მართალ აზრს არავინ გაგაჭაჭანებინებს.

ქეთევან გიორგაძე: – პოეტი არის მუდმივი ოპოზიცია, თუ სააკაშვილი იმას არ გააკეთებს, რასაც არჩევნებამდე გვპირდებოდა და თუ ძველი ხელისუფლების მსგავსად გააგრძელებს აბაშიძესთან გარიგებებს და ისევ გუთნის დედის როლში დავჩებით, რა თქმა უნდა, მისი რეიტინგი დაეცემა.  აბსოლუტურად მისაღები ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ როცა დემოკრატიაა, მაშინ უფრო მეტი შანსია იმისა, რომ დაუდგრომელ სიტუაციებში არ აღმოჩნდე.

ცისანა ანთაძე: ყოველთვის მხარდამჭერი ვიყავი ასლან აბაშიძის პოლიტიკის. მასში ვხედავ დიდ მამულიშვილს, ძალიან ფხიზელ პოლიტიკოსს, ქვეყნის ბედზე დაფიქრებულს, დიპლომატსა და ერის კაცს.

სიტყვა ვარდები, ხავერდოვანი რევოლუცია, მიხაკების რევოლუცია, რაც გინდათ უწოდეთ, ჩემთვის მიუღებელია. არა მგონია რევოლუცია მთელი საქართველოსთვის მისაღები იყოს.

განსხვავებული აზრის არსებობა მიუღებელია თქვენთვის?

მისაღებია, მაგრამ არა ბარიკადებით. ადამიანის სულზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედო. ნებისმიერი რევოლუცია ადამიანის სულში უარყოფითად აისახება. არ მინდა საქართველოში ბრბო მყავდეს. მიყვარს ახალგაზრდობა, ჯანსაღი აზრი და ოპოზიციასაც დიდი გულისყურით ვუსმენ, მაგრამ აზრის გამოხატვის „კმარასეული“ ფორმა ჩემთვის მიუღებელია, შეურაცმყოფელია ერის, ოჯახის და ტრადიციისათვის.

მოგწონთ ხიდჩატეხილობა საქართველოში? იმ დღეს (პრეზიდენტის ჩამოსვლის დღე იგულისხმება ლ.დ.) ფეხზე იმისათვის ვიდექით, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. ყველამ დაინახა, რომ ასლან აბაშიძე მარტო არ არის. მის პოლიტიკურ კურსს 10 ათასობით ადამიანი უჭერს მხარს, ეს ხომ მისაღები უნდა იყოს. ამის დემონსტრირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც საკუთარი ინიციატივით გამოვიდა იმ დღეს ქუჩაში.

ხალხის დარბევას როგორ შეაფასებდით?

მე არ მინახავს იქ დარბევა. ამას ვერ მივცემ დადებით შეფასებას, მაგრამ დამრბევი ხელისუფლება არ არის. განსხვავებული აზრი, ზოგჯერ, ვერ პოულობს სწორ მიმართულებას და ხალხი უპირისპირდება ერთმანეთს. ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ამ დაპირისპირებისგან. მე მინდა, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მართოს ქვეყანა, ღირსეული პრეზიდენტი იყოს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავად პრეზიდენტს. კარს მომდგარია არჩევნები, რა საჭიროა გადადექი, ვინ მკარნახობს მე ამას, „ჩვენი აჭარა“?

„ვინ ფიქრობს დღე და ღამე ჩვენზე?!“

პრეზიდენტის ინაუგურაციის წინადღით, „აღორძინების“ მხარდამჭერები ბათუმის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ვინ იცის უკვე მერამდენედ შეახსენეს ერთმანეთს, რომ აბაშიძე აჭარის გადამრჩენია. რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა შეძახილები – „ვინ მოგვიტანა მშვიდობა, ვინ ფიქრობს დღე და ღამე ჩვენთვის, ვინ დაგვირგო პალმა! და ა.შ“. მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს „სოროსის ბნელი საქმეები“, „ცდები ქართველ ერზე“ და ხალხს მოუწოდეს, რომ სოროსის ფულით დაფინანსებული ტელეარხებისთვის არ შეეხედათ – უყურეთ მხოლოდ აჭარის ტელევიზიას, მხოლოდ აქედან გაიგებთ სიმართლეს – ქადაგებდა ერთ-ერთი გამომსვლელი.

კონსერვატორიის სახელით მომღერალი ირაკლი კახიძე გამოვიდა, რომელმაც საოპერო კულტურის აღორძინებაში ასლან აბაშიძის წვლილზე ისაურა (არ აღუნიშნავს ის, რომ საოპერო თეატრს, რომელსაც ათი წლის ისტორია აქვს, თითქმის ხუთი წელია თეატრალური დადგმა უფინანსობის გამო არ გაუკეთებია. იგივე მიზეზით ჩაიშალა საიუბილეო დადგმაც, რომელსაც თეატრი დეკემბრის თვეში ვარაუდობდა. ლ.დ.)

ერთ-ერთი აქტივისტის ანა კალანდაძის თქმით, ასლან აბაშიძე იმდენად მაღალი სულის პატრონია, რომ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები მისი  ყურადღების ღირსნიც კი არ ყოფილან. „მის ადგილზე რომ ვიყო, მაგნაირ ადამიანებს, შუქს კი არა, საერთოდ არაფერს ვაღირსებ და სამეგრელოსა და გურიის მსგავსად გაჭირვებაში ვამყოფებ“, – ამბობს ის.

„უღირსი ხალხის“ გასანათლებლად კი „ამღორძინებლები“ არც ლექსებს იშურებდნენ და არც ფრთიან სენტენციებს, საქართველოს პრეზიდენტს კი თბილ გულს და ერთგულებას ჰპირდებოდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბაშიძე „აჭარლების გვერდით დარჩება“ და თუ  „მიშა აჭარაში რევოლუციურ ვარდებს არ ჩამოიტანს…“

მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ცუდად არ ვცხოვრობთ, განსხვავებით სხვა კუთხეებისგან. ჩვენთან ხელფასები, პენსიები ყოველთვის დროულად რიგდება, ამის დაუნახაობა არ შეიძლება“. 37 წლის გამეორება სურთ საქართველოში – ამბობენ, მაგრამ ვის, არ აკონკრეტებენ.

„აღორძინების“ მხარდასაჭერ მიტინგზე აჭარის დროშის გვერდით, ნაცმოძრაობის „გაეროვნებული“ დროშაც ფრიალებდა. რაც შეეხება პლაკატებს, ძირითადად ასეთი შინაარსის იყო:  „გაუმარჯოს ბაბუს“, „გეყოფათ „კმარა“ და „შორს აჭარის ავტონომიისაგან“.

დასასრულს მიტინგს აჭარის მეთაურიც შეუერთდა. ასლან აბაშიძემ ისაუბრა დღეს არსებულ სიტუაციაზე ცენტრსა და რეგიონს შორის. კითხვას – თანამშრომლობს თუ არა რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრთან? – თვითონვე აბსურდული და შეურაცხმყოფელი უწოდა: „აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ბევრს უნდა, რომ შუღლი და მტრობა დათესოს, მაგრამ აჭარა იყო, არის და დარჩება ერთიანი  საქართველოს ქვაკუთხედად“.

აჭარის მეთაური „ქალამნების ჩაცმას აპირებს მონაპოვრის დასაცავად“ და ცენტრალური ხელისუფლებისაგან არსებული კურსის შეცვლას იმედოვნებს.

მეთაური ქვეშევრდომებით უკმაყოფილოა

დღეს აჭარის მეთაურთან არსებული მთავარი საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულების საკითხი იდგა. ასლან აბაშიძემ მკაცრი შეფასება მისცა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებს. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად ვერ ასახავს რეალობას. განსაკუთრებული უკმაყოფილება ბათუმის საგადასახადო სამსახურის მიმართ გამოხატა. მისი განცხადებით, დაუშვებელია, რომ ბათუმს ასეთი მაჩვენებელი ჰქონდეს. „დეკემბრის თვეში თუ შესაძლებელია ბიუჯეტის შესრულება, სხვა თვეებში რატომ არ ხდება“, – კითხულობს აბაშიძე.

კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოსაზრებით, საჭიროა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს შენატანებისაგან გარკვეული პროცენტი დაურიგდეთ. ეს წინადადება ასლან აბაშიძემ მისაღებად მიიჩნია.

ავტონომიის მეთაურმა მკაცრი შენიშვნა გააკეთა ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომის ჩაუტარებლობის გამო. ამასთან დაკავშირებით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩიტო ომერაძემ, სენატის თავმჯდომარემ ანთაზ ქიქავამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოსიკო გვარიშვილმა სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს, მაგრამ საყვედური მაინც დაიმსახურეს.

ასლან აბაშიძემ აჭარის პარლამენტის მიმართაც პრეტენზიები გამოთქვა: „პარლამენტის მუშაობა უფრო ქმედითი უნდა იყოს. თუ მისაღებია კანონი, თავის დროზე უნდა გაკეთდეს. მარტო რომ ვიყავი, უფრო უკეთესად ვართმევდი თავს საქმეებს“.

აღსანიშნავია, რომ დრამატული თეატრის კონფერენც-დარბაზში სხდომა განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარდა. თეატრის დარბაზში ბავშვთა ოპერის სპექტაკლი „პრინცესა ტურანდოტი“ მიმდინარეობდა. თეატრის ეზოში კი ასლან აბაშიძის მხარდამჭერები მიტინგს მართავდნენ, დარბაზში ისმოდა სკანდირება „ბაბუ-ბაბუ“.

 

 

დღეს მოსალოდნელ დესტაბილიზაციას გადავურჩით

დღევანდელი დღე ბათუმში ვერტმფრენების გუგუნის ხმაზე გათენდა. სამხედრო ვერტმფრენები ქალაქის თავზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში დაფრენდენ. პარალელურად, ყოფილი უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიასთან კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები გამოჩნდა, თუმცა, ჯარისკაცები ავტომანქანებიდან არ გადმოსულან.

დილის 11 საათისთვის სამხედრო ავტომანქანები ჯარისკაცებთან ერთად ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარდა, ისინი ხ-ნძარსაწინააღმდეგო მანქანებით ჩაანაცვლეს. აჭარის მეთაურის რეზიდენციის წინ კი ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ აჭარაში, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. აჭარის უშიშროების საბჭოს მდივნის, როსტომ ბოლქვაძის თქმით, მან მობილიზაციის შესახებ არაფერი იცის და ერთადერთი, რაც მისთვის არის ცნობილი ისაა, რომ ქალაქში ხელისუფლების მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

ქალაქში ვრცელდებოდა აგრეთვე ხმები იმის შესახებ, რომ დღეს ბათუმში, ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები უნდა გამართულიყო. პარალელურად საუბრობდნენ იმაზეც, რომ მოსახლეობაში სხვადასხვა ტიპის იარაღი რიგდებოდა. იარაღის დარიგება დღის ბოლოს თავად ასლან აბაშიძემ უარყო.

ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილი პანიკამ მოიცვა. იმის შიშით, რომ რაღაც მოხდებოდა, ზოგიერთ მათგანს ბავშვები სკოლებშიც კი არ გაუშვიათ.

დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ ბათუმელ ოპერატორს  ბინაში შეიარაღებული პირები მიუვარდნენ, წაართვეს ვიდეოკამერა და კასეტა დაუმტვრიეს. ოპერატორს მოგვიანებით შს მინისტრის ჯემალ გოგიტიძის ჩარევით კამერა დაუბრუნეს, თუმცა სასტიკად დაემუქრნენ.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზირება ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.  ეტყობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე  აღებას არც ხელისუფლება აპირებს, ვინაიდან, როგორც მისი ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, ისინი კანონებს, ხოლო, მათი მხარდამჭერები კანონიერ ხელისუფლებას იცავენ.

იგივე პოზიციას აფიქსირებს უშუალოდ რეგიონის ხელმძღვანელიც, რომელიც, აჭარაში აფხაზეთის ამბების შესაძლო განმეორებას წინასწარმეტყველებს და პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, უშუალოდ, ჟურნალისტებსაც აკისრებს.

 

ავთო დარჩია „შაოსანთა“ ვინაობას დაასახელებს

პრეზიდენტის ვიზიტს აჭარაში „ნაციონალების“ დარბევა მოჰყვა. იყო მცდელობა ე.წ. ოპოზიციის ხელმძღვანელების გატაცებისა. „გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით თავად ადრესატს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბათუმის საოლქო გაერთიანების თავმჯდომარეს ავთო დარჩიას ესაუბრა. „ხალხი აბსოლუტურად უმართავი და დაქსაქსული იყო, რაც საშინელ ქაოსს ქმნიდა. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ დაშლილიყვნენ. პარკის ტერიტორიაზე მიტინგზე შემოვარდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც მთლიანად არია სიტუაცია. შემდეგ ხალხი ღვთისმშობლის ეკლესიისაკენ გადაადგილდა, მაგრამ ე.წ. „შაოსნები“ აქაც გამოჩნდნენ. ვიღაც კაცი მეუბნება: დავიშალოთ-დავიშალოთო და ამ სიტყვებით გვერდზე გამიყვანა. ამ დროს ორმა კაცმა მომკიდა ხელი, ჰაერში ამიტაცა და წამიყვანა, მაგრამ შემოტრიალება მოვასწარი, ქალები დამეხმარნენ და თავის დაღწევა ასე მოვახერხე. ეს იყო გატაცების მცდელობა. იგივე განმეორდა ნატო იმნაძის მიმართაც, მანქანა უკვე მზად იყო მის გასატაცებლად, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გამოუვიდათ რამე“.

ქრისტიან-დემოკრატების თავჯდომარისათვის ცნობილია ე.წ. „შაოსანთა“ ვინაობა. „ისინი სპეცრაზმისის წარმომადგენლები არიან. მათ ვინაობას მალე დავასახელებ“, – აცხადებს ავთო დარჩია.

ჰგავს თუ არა ედვარდ სურმანიძე ნაფთალინიდან ამოღებულს – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

აბაშიძის რეჟიმის საწინააღმდეგო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე რა პრეტენზია უნდა მქონდეს. პრეზენტაციაზე მისალმებასაც კი ვაპირებდი, თუმცა ედვარდ სურმანიძემ ჩათვალა, რომ იქ შეკრებილ ხალხს შესაძლოა ჩემთვის მხურვალე ტაში დაეკრა და ამიტომ არ ისურვა ჩემი სიტყვით გამოსვლა. არ შეიძლება დღეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება აბაშიძის შემდგომი პერიოდისთვის ხელმძღვანელი. ჩვენ გვაქვს უკანასკნელი ბრძოლა აბაშიძის რეჟიმთან. ის გამუდმებით  სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს გვახსენებს და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სისხლის დაღვრით გვემუქრება. ასეთ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ აბაშიძის შემდეგ მე უნდა ვიყვე, რადგან ზურაბ ჟვანიამ დამავალა, ან თქმა დაგასწარით, არ შეიძლება. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის უმწიფარობა, მორალური თვალსაზრისით კი მორალის ნაკლებობა.

ჩვენი აჭარასმცდელობა ოპოზიციის გაერთიანებისა, პრაქტიკულად უშედეგოდ დამთავრდა.

ჩვენი ამოცანა იყო „ჩვენი აჭარა“ მათთვისაც ისეთი შინაური ყოფილიყო, როგორიც ბევრი სხვა ადამიანისთვისაა. „ჩვენმა აჭარამ“ ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები აჭარაში, მათ დააკომპლექტეს ყველა უბანი და უზრუნველყვეს ხმების დაცვაც. ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო პოლიტიკური სივრცის გახსნა აჭარაში ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში. ამიტომ ჩვენგან დისტანცირებით სასიკეთო შედეგებს არამგონია რომ მიაღწიონ.

არის მეორე ფაქტორიც: პრაქტიკულად, ასლან აბაშიძის ხელისუფლების რესურსი იყო გამოყენებული ამ ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გულანთებული პატრიოტები და აბაშიძის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ აქტივისტებში შევიცანი ისეთებიც, რომლებიც აბაშიძემ თბილისში ჩამოიყვანა შევარდნაძის მხარდასაჭერად და რუსთაველზე ხერგილი მოგვიწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც კი შევიცანი, 23 ოქტომბერს ჩვენი მიტინგი რომ დაარბიეს. ასეთი რესურსით ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლა მაინცადამაინც წარმატებული ვერ იქნება. აი ეს საყვედური, თუ შენიშვნა შემიძლია ედვარდ სურმანიძის მიმართ ვთქვა. არ იყო სასურველი მეორე ოპოზიციური სტრუქტურის შექმნა.

საუბრობენ შესაძლო გარიგებაზეც.

შესაძლოა ასლან აბაშიძისთვის უფრო მისაღები იყოს ჟვანიასა და სურმანიძეს გაურიგდეს, ვიდრე სააკაშვილს და ბერძენიშვილს, ეს ბუნებრივია. ასლან აბაშიძე ცდილობს საქართველოს ახალი პრეზიდენტისგან თავი დაიცვას მისთვის ნაკლებად მტკივნეულ ხალხთან თანამშრომლობის გზით. თუ ასლან აბაშიძე ჟვანიას გადააბარებს ხელისუფლებას, მაშინ ჩაითვლება, რომ რაღაც ნომენკლატურული გადატრიალება ხდება. ეს არ იქნებოდა ურიგო, რადგან მერე დაინიშნება აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები და რეალურად გამოჩნდება, ვის რა ძალა აქვს. მაგრამ, ალბათობა იმისა, რომ აბაშიძე ჟვანია-სურმანიძეს გადააბარებს ხელისუფლებას, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამიტომ გაუგებარია მათი სიმბიოზი (თანაცხოვრება) – ძირს აბაშიძე და მეორეს მხრივ კონსტრუქციული თანამშრომლობა მასთან.

ედვარდ სურმანიძეს ვუსურვებ იყოს აქტიური პოლიტიკოსი და ნაფთალინიდან ამოღებულს არ გავდეს. მას არ მიუღია მონაწილეობა ბოლო წლების, მითუმეტეს ბოლო თვეების პოლიტიკური პროცესებში. მაგრამ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გამომჟღავნდა მისი ამბიციები. სხვათა შორის, მასთან და მის ბევრ მომხრესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კარგი იქნება თუ მოხერხდება ორი ძალის თანამშრომლობა, ოღონდ წინასწარ გამოცხადებული აკვიატებების გარეშე, რომ აბაშიძიეს არ მიეცეს მანევრების შესაძლებლობა.

ეს პროცესებინაციონალებსადადემოკრატებსშორის დაპირისპირებას ხომ არ გამოიწვევს?

ზურაბ ჟვანია ფრთხილია, ვერ გარისკავს ცალკე გასვლას. ყველა რეიტინგი ადასტურებს, რომ  შეფარდება „ნაცმოძრაობასა“ და „დემოკრატებს“ შორის ექვსი ერთზეა, აჭარაში ეს შეფარდება ათი ერთზე იქნება. იმის დაფიქსირება, რომ ჟვანიას პარტია გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე სააკაშვილისა, მათ ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს. მე საკმაოდ მკაცრი განცხადება გავაკეთე ჟვანიას მისამართით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან თანამშრომლობის წინააღნდეგი ვარ.

ჩვენი აჭარა“ აჭარაში ლიდერად თქვენს კანდიდატურას განიხილავს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ შევალთ ინიციატივით, რომ პარლამენტმა მიიღოს კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. ამ კანონის მიხედვით აჭარაში მეთაური და ორპალატიანი პარლამენტი არ იქნება.  იქნება მინისტრთა კაბინეტი და უზენაესი საბჭო – გუნდური მმართველობის ორგანო. ბუნებრივია, ჩვენი გუნდი მზადაა აჭარაში ხელისუფლების ასაღებად, მაგრამ პერსონალურად მე არ ვაპირებ აჭარაში დავიკავო რაიმე თანამდებობა, იქნება ეს პირველი, მეორე თუ მესამე.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზენაცმოძრაობიდან“  ვინ მოიაზრება?

გულწრფელად გეუბნებით, მაგაზე არ გვიფიქრია. წინ არის პოლიტიკური ვატერლოო, ან ჩვენ ვიგებთ, ან აბაშიძე. ჯერ აბაშიძის ხელისუფლებაა პოლიტიკურ საიქიოში გასასტუმრებელი. შემდეგ კონსტიტუციური კანონით დაინიშნება უზენაესი საბჭოს არჩევნები. არ არის გადაწყვეტილი თამაზ დიასამიძეზე, ოთარ ზოიძეზე, კობა ხაბაზზე, ჯემალ ინაიშვილზე, თუ რომელ პოლიტიკურ ფიგურაზე შევჩერდებით. არც ერთ ჩვენგანს არა აქვს ისეთი მდგომარეობა, სურმანიძისგან განსხვავებით, რომ არ შეეძლოთ პირველი ან მეორე პოსტის გარეშე იყვნენ წარმატებული პოლიტიკოსები.

 

 

(პოლიტ)პატიმრების ახლობლებმა ქუჩა გადაკეტეს

ორშაბათს, ბათუმის სასამართლოს წინ, დაკავებული „ნაციონალების“, ნური ანანიძისა და ვაჟა კახიძის  ახლობლებმა ქუჩა გადაკეტეს.

დაკავებულთა ადვოკატები ირაკლი ფხალაძე და ზურაბ გვარჯალაძე  აცხადებენ, რომ დაპატიმრება უკანონოდ მოხდა და მას მოტივად პოლიტიკური სარჩული უდევს.

ზურაბ გვარჯალაძე: „ბრალდებები ვაჟა კახიძის მიმართ (იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა) არის აშკარად შეთითხნილი, ჩხრეკა ჩატარდა უკანონოდ“. იგივეს აცხადებს ნური ანანიძის (თუმცა მის საქმეში ნარკოტიკი არ ფიგურირებს) ადვოკატიც, ირაკლი ფხალაძეც.

აქცია 1

გზის გადაკეტვის მიზეზი გახდა ის, რომ აჭარის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატთა შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღმკვეთი ღონისძიების (წინასწარი პატიმრობა) გაუქმებისა და დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი აპირებენ მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რათა მიაღწიონ საქმეების გამოთხოვას და თბილისში გადატანას. მათივე თქმით, ისინი უმაღლესი სასამართლოს მიერ (მოსამართლე გივი აბაშიძე) სხვა გადაწყვეტილების მიღებას არც ელოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობაში მითითებული მოტივაცია საკმარისი იყო, რათა აღმკვეთი ღონისძიება გაუქმებულიყო.

აქცია 4

როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი შეხვდნენ დაკავებულებს და მათ მიმართ არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურს, – გამორიცხული არაა ასეთ ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, თუმცა თავად დაპატიმრებულები ამას არ ადასტურებენ. „შეიძლება ეშინიათ და იმიტომ ვერ ამბობენ ვერაფერს“, – თვლიან ადვოკატები, რომლებიც უმაღლესი სასამართლოს მისამართით აცხადებენ, რომ „დადგენილება გამოცხადდა სხდომის დამთავრებიდან 2 წუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს დადგენილება წინასწარ ჰქონდა მიღებული“.

აქცია 5

ე.წ. „შავრაზმელებმა“ გუშინ, სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი ადამიანების მსუბუქი ავტომანქანით (სახ. ნომერი: AMA 661) მიადგნენ და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად პიკეტი მანქანითვე გაარღვიეს. ფაქტობრივად ხალხს გადაუარეს. რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ეს ყველაფერი ქალაქის პოლიციის შეფის ჯუმბერ ტაკიძის თვალწინ ხდებოდა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ხალხს კატეგორიულად მოსთხოვა გაეთავისუფლებინათ ქუჩა. ხალხი აჭარის შს მინისტრის მისვლას ითხოვდა, ვინაიდან ყველაფერში სწორედ მას ადანაშაულებდნენ და რატომღაც ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ასლან აბაშიძემ არაფერი იცის, რაც ხდება აჭარაში და მას გარემოცვა ატყუებს.

ჯუმბერ ტაკიძე
ჯუმბერ ტაკიძე

მინისტრი მოპიკეტეებთან არ მისულა. მოგვიანებით გზის გახსნა ისევ პოლიციას მოუხდა, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით. ხალხი მას შემდეგ დაიშალა, რაც ადვოკატებსა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

აქცია 6

ოფიციალური ინფორმაციით, ნური ანანიძე  შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებას გეგმავდა. როგორც ცნობილია, იგი ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა, რომელშიც ასეულობით ყოფილი მეომარია გაერთიანებული.

რას მალავენ ქონების მართვის სამმართველოში

ის, რომ დღეს ფაბრიკა-ქარხნები გაჩერებულია, არავისთვისაა ახალი. არც ისაა ახალი, რომ იქ არსებული მანქანა-დანადგარებით, თუ კონსტრუქციების ჯართში ჩაბარებით, ბევრმა ხელი მოითბო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჯართის მიმღები პუნქტებია, რომლებსაც არავინ აკონტროლებს.

ხელვაჩაურის რაიონში, მანდარინის შემფუთავი ქარხნის ეზოში მჟავა-მედეგის მასალისაგან დამზადებული ცისტერნები იყო მოთავსებული. რამდენიმე დღის წინ, ღამით, ქარხნის ტერიტორიიდან ექვსი ცისტერნა მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 6-10 ათას დოლარს აღწევს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თანხა ორგანიზაციის დირექტორს  ნიაზ ვარშალომიძეს და რაიონის ქონების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელს ედუარდ გორაძეს გაუნაწილებიათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „გაზეთი ბათუმელები“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ორივე მათგანს დაუკავშირდა.

ნიაზ ვარშალომიძე: – მსხვილი და მცირე ბიზნესის ნებართვა აჭარის უმაღლესმა საბჭომ დამრთო. ეს სამი ცისტერნა („პავილიონის“ ეზოში მხოლოდ სამი მჟავა-მედეგის ცისტერნაა შემორჩენილი).  ჩემი საკუთრებაა – ერთმა თბილისელმა ვალში მომცა. ათი წელია აქ მიწყვია, ეზოში ადგილი არ მქონდა, ჩემია და კიდეც ვაპირებდი გაყიდვას, მაგრამ საქმე ჩამიშალეს – არეულობაა და შემდეგ გაატანეო. (მყიდველის ვინაობას  და ღირებულებას არ აკონკროტებს – მ.მ.). საგადასახადოში გადასახადს გადავიხდი და მაინც გავყიდი. იქით ეძებონ ქურდები. 26 ცისტერნა, რომელიც ბალანსზე იყო, მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანზორ დევაძემ გაანადგურა და გაყიდა. რაიონის გვირაბ-მაცივარიც დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს.

ედუარდ გორაძე: – მე და ნიაზ ვარშალომიძე ხშირად ერთად ვართ, ნათლობა გვაქვს. ეს ჭორი ჩემს მიმართ აგორდა და ნიაზიც მოჰყვა. თითქოსდა ცისტერნები ქარხნის ბალანსზეაო. იმ ღამეს ცისტერნებს კი არა, ხის მასალას ეძებდა რაიონის პოლიცია და ეკოპოლიცია. თითქოს ეს ხის მასალა მე მქონდა აქ შენახული და აქედან გამქონდა. ამით ცდილობენ ჩირქი მომცხონ, ჩემში კონკურენტს ხედავენ. ოფიციალურად დავსვამ ფაქტების გადამოწმების საკითხს, პირდაპირ ვიტყვი, ვის რა აქვს წაღებული, ეს ყველაფერი ისედაც დაფიქსირებულია. ყველას უკან მოვაყვანინებ გაყვანილ მანქანებს. საბოლოო ჯამში მე და ყოფილი გამგებელი გავილანძღეთ ამაზეც და თბილისში მიტინგზე ჩაყვანილ ხალხზე ფულის გაცემის თაობაზეც.

ცისტერნების ჯართში ჩაბარების ნებართვა ვინ გასცა?

ნებართვა გასცა ქონების მართვის სამმართველომ, ცისტერნები დამფუძნებელმა – სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წაიღო. ეს ორი წლის წინათ იყო. ამაზე დავა წარმოიშვა, მაგრამ ყველა გაჩუმდა, რადგანაც ეს საქმე სამინისტროს ეხებოდა. მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად, ფაბრიკის ქონების ჯართად დაჭრის შემდეგ, რეალიზაციიდან მიღებული თანხის 20% ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო. ფაბრიკის ქონება გაიყიდა (ჩაის საკრეფი უნიკალური როლერები ჯართში 100 ლარად ჩააბარეს) და იქაურ თანამშრომლებს ამ თანხიდან ხელფასებიც კი არ დაურიგეს.

აჭარაში „იების რევოლუცია“ მზადდება

ახლახანს კიდევ ერთი არაპოლიტიკური ორგანიზაცია „დემოკრატიული აჭარა“ დაფუძნდა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები დედაქალაქში ამჯობინებენ რეგისტრაციის გავლას. პირველობის დასამტკიცებლად დედაქალაქში ბათუმიდან, ამჯერად, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გადასხეს „დესანტი“. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჭარიდან ჩასულმა დაახლოებით 4000 კაცმა მოიყარა თავი – არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „დემოკრატიისა და სამართლიანობის ცენტრის“, „ჩვენი აჭარას“, ორგანიზაცია „აფსაროსის“ წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, წასვლის მსურველები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ სიები მაქსიმალურად შემცირდა.

მოკლედ, დედქალაქს ესტუმრნენ ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა აჭარის ხელისუფლებით.

ბურჯანაძე-დემოკრატებმა ხალხის თბილისში ჩასაყვანად იგივე მეთოდები გამოიყენა, რის გამოც ერთი თვის წინ „აღორძინებას“ დასცინოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პარტიამ აჭარიდან აქტივისტების ჩასაყვანად 150 ათასი ლარი გაიღო. 200-200 ლარი გადაუხადეს მძღოლებს, 50-50 მხარდამჭერებს…

„გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში მსგავსი რამ კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული აჭარა“-ს ერთ-ერთმა ინიციატორმა ჯელალ ქიქავამ: „ამ ხალხის ჩასაყვანად პირადად ჩემს ფულს ვხარჯავ და ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, მხოლოდ მძღოლებს ვუხდი“. თავისი სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად ჯელალ ქიქავამ ჯიბიდან ლარების დასტა ამოიღო და დანახარჯის ოდენობად 10 ათასი ლარი დაასახელა.

მის განცხადებაში კორექტურა შეიტანა ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტმა, რომელიც ბევრად უფრო გულწრფელი ჩანდა: „ბურჯანაძე-დემოკრატები“ გვაფინანსებს, ზუსტი ციფრი, ტყუილი რომ არ გითხრათ, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მძღოლებს 100 ლარს  და საწვავის  ტალონებს ურიგებდნენ. აქტივისტებს საგზლად თითო პური, ძეხვი და ლიმონათი დაურიგდათ. ჯიბის ფულად 5-5 ლარიც გაიცა“…

„დემოკრატიული აჭარა“-ს დამფუძნებლები, ისევე როგორც „ჩვენ აჭარა“-ში გაიძახიან, რომ მათი უმთავრესი მიზანი აჭარაში არსებული ხელისუფლების დემონტაჟია. პარალელურად მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა იმ სკამის დასაუფლებლად, რაზეც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძე მყარად იჯდა. კულუარული ინფორმაციით, რომელზეც ღიად საუბარს ყველა გაურბის, „ორივე აჭარა“ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს აჭარის დღევანდელ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე.

„დემოკრატიულ აჭარა“-ს ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი, რომელიც  „მზადაა გაერთიანებისთვის, რათა ერთიანი ძალით იბრძოლონ აჭარაში დემოკრატიისთვის, დაიცვან აქ მცხოვრებთა უფლებები, აღიკვეთოს თავისუფალი სიტყვის  დევნა, ძალის დემონსტრირება“. ეს არის ედვარდ სურმანიძის ლოზუნგები, რომელიც ფორუმზე დაცვის თანხლებით და ვარდებით „შეიარაღებული“ გამოჩნდა. შეკრებილები მას ოვაციებით შეხვდნენ: „სურმანიძე, სურმანიძე, ძირს აბაშიძე, ძირს მისი კლანი“ – სკანდირებდა დარბაზი.

გამომსვლელები ხოტბას ასხამდნენ ახალ პრეზიდენტს, მეორეს მხრივ კი ბოდიშს იხდიდნენ იმ ხალხის ნაცვლად, ვინც ძალით ჩაიყვანეს შევარდნაძის მხარდასაჭერად. ამისთვის ასლან აბაშიძეზე პასუხის მოთხოვნასაც აპირებენ.

სურმანიძემ ისაუბრა მოთხოვნებზე, რომელსაც ავტონომიის მეთაურს უყენებდა: „ვუთხრათ კმარა მოძველებულ რეჟიმს და ჩავაბაროთ ისტორიას. ჩვენ თითოეულ მოსახლესთან მივალთ და დავარწმუნებთ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ ორ თვეში საზოგადოება, გოდერძის უღელტეხილიდან ჩოლოქამდე, მზად იქნება ცვლილებებისათვის“.

აჭარის ხელმძღვანელობას ედვარდ სურმანიძემ პირველ რიგში  საგანგებო სიტუაციის გაუქმების მოთხოვნა წაუყენა. „უნდა შევქმნათ ახალი კადრები, წარმოვაჩინოთ ახალგაზრდობა და ახალი სახეები. ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები გაყალბების გარეშე და ვნახავთ, რომ „აღორძინება“ ვერ გადალახავს 7-პროცენტიან ბარიერს. ჩვენ ვთავაზობთ თავისი ხელით, უახლოეს კვირეებში ცენტრალური ხელისუფლებისგან მიტაცებული პრეროგატივები გააუქმოს. უნდა გაუქმდეს უშიშროების სამინისტრო, საბაჟო, საფინანსო და სასაზღვრო სამსახურები“.

ცნობილი სახეებიდან შეხვედრაზე ვარდების რევოლუციის აქტივისტი გოგა ხაინდრავაც დაფიქსირდა.

სურმანიძის ამბიციამ, მოვიდეს აჭარის ხელისუფლებაში, ოპოზიციონერ რევოლუციონერებში გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა რადიკალურ განცხადებებს, ჯერჯერობით, ყველა ერიდება. ისე, საზოგადოებას კი ურჩევენ, გაიხსენოს უკანასკნელად როდის დალანდეს სურმანიძე აქტიურ პოლიტიკაში.

სურმანიძე არანაირ რეპლიკას არ აქცევს ყურადღებას და ბათუმში ჩამოსვლას გეგმავს, რათა სათავეში ჩაუდგეს „რევოლუციას ძირმომპალი რეჟიმის დასამხობად“. სურმანიძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ თავისი პოზიცია ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებითაც დააფიქსირა: „ავტონომიის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, ყოველივე მიზანდასახულად განხორციელდება სტატუსის ქვეშ, აჭარა იქნება მაგალითის მიმცემი აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის“.

ედვარდ სურმანიძეს, როგორც მომავალ ხელისუფალს, აჭარიდან სპეციალურად მის სანახავად ჩასულ შემწეობის მთხოვნელებთან შეხვედრაც არ დაზარებია. ფორუმზე მისული თბილისელი სტუმრები სინამდვილეს თვალს უსწორებდნენ და „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდნენ, რომ აქ და ამგვარ შეკრებებზე ხალხი ქულების დასაწერად და მომავალი ლიდერისთვის თავის დასამახსოვრებლად მიდის. „ეს ჩვენი უბედურებაა, ბევრი ცდილობს ამ ძალას თავი დაამახსოვროს, რათა გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას გამოჰკრას ხელი. სანამ ასე ვიქნებით, არაფერი გვეშველება“, – ამბობდნენ ისინი.

შეკრებილი საზოგადოება იმედოვნებს, რომ თებერვალში, როცა მთა და ბარი იებით დაიფარება, აჭარაში იების რევოლუციას მოახდენენ.

 

„ჩვენი აჭარა“-ს საპასუხო აქცია „ჩვენი ბაბუ“

ორი დღის წინ მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით აჭარაში, მთელ რიგ  საკრებულოებზე ხუთჯვრიანი დროშების აფრიალების პარალელურად, ბათუმში „აღორძინების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დაახლოებით 30-40 კაცი ვარდებით, „აღორძინების“ დროშებითა და „ბაბუ, ბაბუს“ ძახილით ბულვარში, მემედ აბაშიძის ძეგლისკენ დაიძრა.

იმ დღევანდელი აქცია შეფასდა, როგორც „აღორძინების“ უსუსურობის დემონსტრირება.

ამიტომ, „აღორძინებისა“ და ასლან აბაშიძის მხარდამჭერები ბათუმში გუშინაც შეიკრიბნენ. ბუნებრივია, მათი შეკრების მიზეზი, როგორც თავად განაცხადეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. „ჩვენ დავიცავთ ასლან აბაშიძეს და დავიცავთ აჭარას“. „ყველა, ვისაც სურს მშვიდობიანი ცხოვრება აჭარაში, ვალდებულია ქუჩაში გამოვიდეს და გვერდით დაგვიდგეს“, „აბაშიძეზე უკეთესი ხელმძღვანელი აჭარას არ ჰყოლია და არც ეყოლება“ – აცხადებდნენ თეატრის წინ შეკრებილი მომიტინგეები და გაიძახოდნენ „გაუმარჯოს ბაბუს“. თუმცა, ერთი შეხედვითაც შეამჩნევდა კაცი, მათი მოქმედება ძირითადად იქეთკენ რომ იყო მიმართული, ყველაფერი დაეფიქსირებინა მედიას. სხვათა შორის, იმ მასმედიას, რომელსაც მომიტინგეები, თუ ანალოგიურ აქციათა ორგანიზატორ-მონაწილეები, ხშირად აუგად მოიხსენიებენ. თუმცა ამ მიტინგზე არ ყოფილა იმის საშიშროება, რომ რომელიმე ჟურნალისტს ანგარიშს გაუსწორებდნენ…

მომიტინგეთა უმეტესობას სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოქალაქეები შეადგენდენ. მათ შორის იყვნენ ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამთავრობო დაცვის წევრები და აჭარის ხელისუფლების  წარმომადგენლებიც კი.

ამ ადამიანებში, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ და „კმარას“ აქტივისტების აჭარაში მოღვაწეობა იწვევს და ამას ისინი არც მალავდნენ. ისინი, სწორედ ამ მოძრაობებს აკისრებენ პასუხისმგებლობას საზოგადოების შიგნით მოსალოდნელ დაპირისპირებაზე და ახსენებენ მათ, რომ „შვილს ყველა დედა ერთნაირი ცრემლით დასტირის“. მომიტინგე ქალბატონთა ერთი ნაწილისათვის, შეკრების უმთავრესი მიზანი სწორედ ის ყოფილა, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.

ამჯერად, ბათუმის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა (თუ ჩამოვიდა), რითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს სახეზე აღტაცებაც კი ეტყობოდათ. თუმცა,  ზოგიერთ მათგანში გარკვეულმა შიშმა მაშინ დაისადგურა, როცა მომიტინგეები ასლან აბაშიძის რეზიდენციისაკენ დაიძრნენ. აქაოდა – ხვალ რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოიქცეს, შეიკრიბოს და ფანჯრებზე მშვიდობიანად მოგვიკაკუნოს, რა პასუხი უნდა გავცეთო. მათი შიში მაშინ გაქარწყლდა, როცა მომიტინგეებმა რეზიდენციას გვერდი აუარეს (უფრო ზუსტად არ გაატარეს) და აჭარის ტელევიზიისაკენ, შემდეგ კი უნივერსიტეტისაკენ გაემართნენ.

ასლან აბაშიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამაზე ფართომასშტაბიან მიტინგსაც გამართავენ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას დაინახავენ…

 

„აღორძინების“ აგონიამ ბათუმში ედპ გამოაცოცხლა

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში ერთპარტიული ხელისუფლების პრეცედენტი იქმნება. არსებული ხელისუფლების ოპონირებას მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალები აპირებენ. ექსპერტების აზრით, პარლამენტში მათი მოხვედრა მხოლოდ გაერთიანებითაა შესაძლებელი. „ახლების“, „მრეწველების“, „ედპ“-სა და „ტრადიციონალისტების“ გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მოახერხებენ თუ არა ისინი არჩევნებამდე  ამას, ძნელი სათქმელია.

ედპ-ს აჭარის პარლამენტში თავისი დეპუტაცია ჰყავს. აჭარის პარლამენტის 2001 წლის არჩევნებზე „აღორძინებამ“ იშვიათი გამონაკლისი დაუშვა და დემოკრატიული ფონის შესაქმნელად „მრეწველებსა“ და ედპ-ს 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება მისცა. ოპონენტები მაშინ ორივე პარტიას „აღორძინებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.

ედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრი და აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე აჭარის ხელისუფლებასთან ალიანსს უარყოფს: „ჩვენ ყოველთვის ვიყავით აჭარის ხელისუფლების ოპოზიციაში. ჩემთვის  მიუღებელია გარკვეული ფორმები, რადიკალურ დაპირისპირებას შეიძლება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები მოჰყვეს. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს“.

ილია ვერძაძე აჭარის პარლამენტში თავის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს. „პარლამენტში ჩემი ორწლიანი მოღვაწეობით უკმაყოფილო ვარ და ვთვლი, რომ ყოველდღიურმა რუტინულმა საკანონმდებლო საქმიანობამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა“.

ილია ვერძაძე ბოლო დროს საპარლამენტო სხდომებზე არ ჩანს. იგი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და მოახლოებულ არჩევნებისათვის აჭარაში ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს. ედპ დღეს არსებული ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება, თუმცა სარიშვილის გადაყენების შემდეგ აჭარის ხელისუფლებასთან ტრადიციულ ურთიერთობებს წყვეტს. მართალია, მოძრაობა „ჩვენს აჭარაში“ გაერთიანებას ედპ ჯერ არ აპირებს, თუმცა მათ აქტიურობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის დადებითად აფასებს და ხმების დაცვის იმედიც აქვს. „მე მესახება, რომ ძალიან დიდ ნაწილში აქცენტირება მაინც კეთდება რევანშისტულ პოზიციებზე“ – აცხადებს ვერძაძე, თუმცა აჭარის ხელისუფლების გარდაუვალ შეცვლაზე საუბრობს. იგი ამ თემაზე უახლოეს დღეებში პოლიტიკურ განცხადებასაც გააკეთებს.

გონიოს მიტინგმა საკრებულოს თავმჯდომარე ჩამოაქვეითა

სოფელ გონიოში ნაციონალების მხარდამჭერთა მიტინგი საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. თავად ზურა კახიძის თქმით, „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავდექი, გადავიღალე. დღეს ხელისუფლებაში მუშაობა, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ძალიან ძნელია, უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი“. თუმცა, ყოფილი საკრებულოს თავჯდომარე ისევ საკრებულოს თანამშრომლად  რჩება, ამ დღეებში გადაწყდება მისი მოადგილედ დანიშვნის საკითხი.

„გაზეთი ბათუმელები“ ახალ თავმჯდომარეს სიმონ ზაქარაძესაც გაესაუბრა, რომელმაც გამორიცხა ნაციონალების დროშის კულტურის სახლის შენობაზე ატანა: „კულტურის სახლის შენობის თავზე დროშები არ ყოფილა, ეზოში ეჭირათ. ჯამბულ ბერიძე და კაკაბაძე (სახელი არ მახსოვს) შემდეგ მოვიდნენ ჩემთან და მომიბოდიშეს, შეგვეშალაო“.

მიტინგი ახალსოფელშიც იყო დაგეგმილი, მაგრამ მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. რადგანაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და საკრებულოს თავმჯდომარე დანიშნული მიტინგის ადგილზე დროულად აღმოჩნდენ.

გათავისუფლებული „კმარელები“ ისევ კმარელებად რჩებიან

ათი დღის წინ დაკავებული „კმარელები“ ბექა მურვანიძე და ძმები ჩხეტიები 18 იანვარს ქალაქის მეხუთე ქვეგანყოფილების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდნენ. გათავისუფლებულები ერთხმად აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და წაყენებულ ბრალდებას (პოლიციელების შეურაცხყოფას) კატეგორიულად უარყოფენ. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე, – ამბობს მურვანიძე – ჩვენ სადარბაზოში „კმარას“ პლაკატების გაკვრის დროს აგვიყვანეს. თავიდან იყო ფიზიკური ზეწოლის ფაქტები, მაგრამ აქ შედარებით ნორმალურად გვექცეოდნენ. მედიის საშუალებით კი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. ჩვენი ქმედება არ იყო არაკანონიერი, ვმოქმედებდით კონსტიტუციის ფარგლებში. მომავალშიც ვაპირებთ გამოვხატოთ პროტესტი არსებული რეჟიმის წინააღმრდეგ“. თანამოაზრეების აზრს აგრძელებენ ძმები ჩხეტიებიც. ირაკლი ჩხეტიას თქმით, ეს ფაქტი მათთვის დიდი ცხოვრებისეული გამოცდა იყო – „აბსოლუტურად ნათელია აყვანის მოტივი, ჩვენ განსხვავებული აზროვნების გამო ვიდევნებოდით ხელისუფლების მხრიდან, რადგან „კმარა-დიქტატურა“ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი რამ არ ხდება, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მშვიდობიანი ფორმით ისევ გავაგრძელებთ მოქმედებას“. როგორც აჩიკო ჩხეტია ამბობს, ისინი მორალური ზიანის კომპენსაციას ხელისუფლებისაგან არ ითხოვენ, რადგან, მისი თქმით, “ჩვენი ქვეყნის პირობებში მსგავს მოთხოვნას აზრი არა აქვს”.

გათავისუფლებულმა „კმარელებმა“ ბათუმი იმავე დღეს დატოვეს. ჩხეტიების დედის ნანა დონდოლაძის თქმით, ისინი პროვოკაციისაგან დაცულები არ არიან. „საქმიანობას, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავ, ეს მათი პოლიტიკური მრწამსია და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მათთვის აჯობებს, რომ ქალაქიდან გავიდნენ. აქ რჩება ძალა, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს“, – ამბობს იგი. ბიჭების გათავისუფლებას სიხარულით შეხვდა ჯანო მურვანიძეც:  „მთავარია, რომ ისინი თავისუფალი არიან. მათზე, ბუნებრივია, მომავალში ზეწოლა მოხდება, მაგრამ ისევ სულიერ სიმტკიცეს უნდა მოვუხმოთ და მოვიპოვოთ ის, რისთვისაც ვიბრძვით“.

ჩხეტიების მშობლების ინფორმაციით, ბიჭები ამჟამად  ქალაქიდან გასულები არიან. ისინი დედაქალაქში ნაქირავებ ბინაში აპირებენ ცხოვრებას. „აჩიკო მანამდეც მუშაობდა ერთ-ერთ ამერიკულ ბარში მუსიკოსად, ახლაც იმუშავებენ და ასე გაიტანენ თავს. იმედია, მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებენ ბათუმში ნორმალურ ცხოვრებას“.

fotoze minaweri:  დაკავებული „კმარელები“ ბექა მურვანიძე და ძმები ჩხეტიები გათავისუფლებული არიან

პოლიციელს განსხვავებული აზრისთვის სცემეს

პოლიტიკური მოტივით ბათუმში ამჯერად პოლიციელი სცემეს. 14 იანვარს, დაუდგენელი პირები სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეოთხე ქვეგანყოფილების ინსპექტორს ზებურ იაკობაძეს.

დაზარალებულის თქმით, მას სამსახურში წასვლისას დაესხნენ თავს: „აღმაშენებლის ქუჩაზე წამომეწია შავი ფერის ბმვ-ს მარკის უნომრო ავტომანქანა. როცა გამისწორდნენ, გაჩერება მთხოვეს და მკითხეს ვიყავი თუ არა ზებურ იაკობაძე. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი, ვინ არიან არ ვიცი.  კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღეს, უნდა დაგელაპარაკოთო – მთხოვეს. ჩამოვედი, არაფერი უკითხავთ,დამიწყეს უმოწყალოდ ცემა, თან მეუბნებოდნენ – შენ არ მოგწონს აჭარის ხელისუფლება, შენ არ გიყვარს ასლან აბაშიძე“.

პოლიციელის თქმით, თავდამსხმელები შავ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მისი აზრით, ფიზიკური შეურაცხყოფის მოტივი პოლიტიკური შეხედულებებია. იაკობაძის განცხადებით მას არანაირი ურთიერთობა ნაციონალებთან არ აკავშირებს. „საპრეზიდენტო არჩევნებზე მივედი და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. ამას არც ვმალავ და არც არავისი მეშინია. ეს ჩემი პირადი საქმეა, ამის გამო არ უნდა მცემდნენ. თუ ჩემი ცემით რამე გამოვა, ამასაც ვნახავ. ჩემს უკან დიდი სანათესაო და სამეგობრო დგას. თავდამსხმელებს ყოველივე ამის გამო პასუხს ვაგებინებ“ – აცხადებს იაკობაძე.

მომხდარი ფაქტით ყველაზე მეტად კოლეგები, პოლიციელები არიან აღშფოთებული. პოლიციის ოფიცერი თავდაპირველად თავდასხმის ფაქტის გახმაურებას არც აპირებდა, რომ არა კოლეგების აქტიურობა. თუ კი პოლიცია ვერ დაიცავს საკუთარ უფლებებს, მაშინ მოსახლეობამ რა უნდა ქნას” – აცხადებენ ისინი.

იაკობაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა დიდი ხანია, საგულდაგულოდ მზადდებოდა. „ღმერთს მადლობა, რომ იარაღი თან არ მქონდა, თორემ აუცილებლად გამოვიყენებდი და ცოდვაც დატრიალდებოდა“.

შაოსნებმა სასტიკად ნაცემი, გონება-დაკარგული პოლიციელი ჩაბნელებულ ქუჩაში მიატოვეს და წავიდნენ. იაკობაძე რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა გონს და სახლში მისვლა მოახერხა.

იყო თუ არა ეს თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი? ჰქონდა თუ არა იაკობაძეს სამსახურში პოლიტიკური შეხედულებების გამო გართულებები?

„თბილისში, აჭარის ხელისუფლება მშვიდობიან აქციას რომ აწყობდა, ჩემი ძმის მიკროავტობუსით ავადმყოფი მამა მიმყავდა სოფელში. გამაჩერეს და თბილისში წასვლა მომთხოვეს. ოჯახური პირობების გამო უარი ვუთხარი წასვლაზე. შენ აჭარის მტერი ხარ, ჩვენი პოლიტიკა არ მოგწონსო. „მარშრუტკა“ წამართვეს და სტადიონზე შეაგდეს“ – აღნიშნავს დაზარალებული.

იაკობაძე სახლში შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ და ქალაქის სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ტაკიძემ მოინახულეს.   ტაკიძის განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

P.შ. მიუხედავად პოლიციელის ასეთი განცხადებისა, ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზეც, რომ ხალხის ცემა-ტყეპას არა მხოლოდ აჭარის ხელისუფლების, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთითაც ხორციელდება. მოკლედ „გარე ძალების“ ფაქტორს არც ამ შემთხვევაში გამორიცხავენ.

პენსიას ისევ ფოსტალიონები დაარიგებენ

პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ავტონომიურ რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა ექსპერიმენტმა, როგორც ჩანს, არ გაამართლა. მაშინ პენსიების გაცემა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ჩამოართვეს. ექსპერიმენტი მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონსა და ბათუმს მოიცავდა, სადაც  პენსიებს „საზღვაო ბანკი“ გასცემდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში აჭარის მეთაურთან გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ პენსიები ისევ სამინისტრომ დაარიგოს. ანუ, პენსიონერებს ფოსტალიონები პენსიას სახლში მიუტანენ.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის, ნოდარ თამაზაშვილის თქმით, ზემოთქმული განაპირობა იმან, რომ შესაბამისი მოთხოვნა პენსიონერებს გაუჩნდათ. თუმცა, მათ, ვისაც სურთ პენსია ბანკში აიღონ, მინისტრის თქმით, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ – ნებისმიერ პენსიონერს კუთვნილ პენსიას ბანკში გადაურიცხავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ თამაზაშვილი იმთავითვე წინააღმდეგი იყო  სამინისტროს აღნიშნული ფუნქცია ჩამორთმეოდა. მინისტრი თავის პოზიციას იმით ხსნიდა, რომ ეს ფოსტის განყოფილებების მუშაობის პარალიზებას გამოიწვევდა. დატარების სამსახურებში ფოსტალიონები ფაქტობრივად უმუშევრები რჩებოდნენ. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმ სოფლებში, რომლებშიც აღნიშნული ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო.

ნოდარ თამაზაშვილის თქმით, გამორიცხული არაა ვითარება ისევ შეიცვალოს და ხელისუფლება, უკვე შეჩერებულ ექსპერიმენტს, ხელახლა მიუბრუნდეს.

უცხოელების დაფინანსებული არჩევნები და უხელფასოდ დარჩენილი კომისიის წევრები

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ეს არჩევნები მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს, აქედან გამომდინარე, კუთვნილი თანხები, წესით, ყველა კომისიას დროულად უნდა მიეღო, თუმცა აჭარაში არსებული ექვსი ოლქიდან თანხა (400 ათასი ლარი), შესრულებული სამუშაოსთვის, არავისთვის გადმოურიცხავთ.

#48-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი თეა დიასამიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 30-35 ლარიან გასამრჯელოს დღემდე უიმედოდ ელოდება: „4 იანვარი ისეთი დღეა, როცა ჯერ კიდევ სადღესასწაულო განწყობა გრძელდება. კომისიის წევრებმა ამ ყველაფერზე უარი ვთქვით, რათა ცოტა ფული გაგვეკეთებინა. შემდეგ გაირკვა, რომ ცესკო-ს თანხა არ გადმოურიცხავს. ყოველდღიურად გვპირდებიან 2-3 დღეში იქნებაო. ამ დაპირებებს, როგორც ჩანს ახდენა არ უწერია“.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმავე საარჩევნო უბნის 15 კომისიის წევრს პრემიის სახით 50 ლარი დაურიგეს იმ სამუშაოსთვის, რაც მათ შეასრულეს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შექმნილ უბნებში კი, სადაც ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა, კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობა, გაღიზიანებას იწვევს. „მეორედ იმიტომ წავედი, ხელფასის დაკარგვა არ მინდოდა. გარანტია არც იმისა მაქვს, რომ ახლა მივიღებ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, რომელმაც ხმამაღლა მოითხოვა დროული ანაზღაურება, გარკვეული პრობლემები შეექმნა. მე არ ვამბობ, რომ ეს სამსახურის ფასად დაუჯდა, მაგრამ გარკვეული პირებისაგან გაილანძღა“, – აცხადებს თეა დიასამიძე.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტი არ გამორიცხავს, რომ პირველი არჩევნების დროს თანხის დროული გაცემა უზრუნველყო „აღორძინებამ“.

დღეს გამარჯვებულს, ანუ საქართველოს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ ეცლება იმისათვის, რომ ცესკო-ს მიერ გაკეთებულ ხარჯთაღრიცხვას გაეცნოს, ან თანხების გადარიცხვა-არგადარიცხვა გააკონტროლოს, მაგრამ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ამაზე ნამდვილადაა პასუხისმგებელი. 46-ე საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი, „რესპუბლიკელი“ გუგული დუაძე როგორც აცხადებს, ამ საკითხის თაობაზე შეხვდა ცესკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თანხები უმოკლეს ვადაში გადმოირიცხება.

პედაგოგებს დანამატები ურიგდებათ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პედაგოგების 30%-იან ხელფასის დანამატის გაუცემლობამ აჭარის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადრე ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ ეს თანხები ცენტრის დასაფარი იყო, ცენტრი კიდევ ბიუჯეტში გადაურიცხავ თანხებს ახსენებდა რეგიონს. საბოლოო ჯამში პედაგოგები რჩებოდნენ დაზარალებულები.

ახალი წლიდან აჭარის ხელისუფლებამ გამონახა თანხები და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გასული წლის დავალიანების დაფარვაც დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობა იმან, რომ პედაგოგთა დიდი ნაწილი ასლან აბაშიძის მხარდამჭერებად აღარ მოიაზრებოდა. განათლების მინისტრის ნანი გუგუნავას ინფორმაციით, „მილიონ რვაასი ათასი ლარი აჭარიდან გადაირიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში, კონკრეტულად აჭარის პედაგოგებისთვის ხელფასის დანამატის გაცემისათვის. ამ მომენტისათვის დაფინანსებულია გასული წლის სამი თვის დანამატი. საკრებულოებში ეს თანხა გადარიცხულია. იანვრიდან პარალელურად დაფინანსდება 2003 წლის სხვა თვეებიც და 69%-იან დანამატს მივიღებთ“.

ამით პედაგოგების გულის მოგება წესით უნდა მოეხერხებინა აჭარის ხელისუფლებას, მაგრამ როგორც „გაზეთ ბათუმელებისათვის“ ცნობილი გახდა, ბათუმის 22-ე, 10-ე და 28-ე სკოლებში პედაგოგთა გაფიცვები, ხელფასის მომატების მოთხოვნით, კვლავაც იგეგმება.

აბაშიძის ორეული აღრიცხვაზეა აყვანილი

 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები სულიკო ძნელაძე აჭარის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან ფიზიკური მსგავსების გამო საკმაოდ პოპულარულია. პროფესიით იურისტი, გადამდგარი სამხედრო პოლკოვნიკი, ახლა ადვოკატად მუშაობს. ბატონი სულიკო ხუთ ენას ფლობს, მათ შორის თურქულს. სწორედ ამიტომ ხშირად უხდება თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

თუ როგორ ცხოვრობს აჭარაში ასლან აბაშიძის ორეული, ამის შესახებ „გაზეთ ბათუმელებთან“ თავად რესპონდენტი საუბრობს.

– ბატონო სულიკო აჭარის მეთაურთან მსგავსების გამო კურიოზები ხომ არ შეგმთხვევიათ?

– მაინცა და მაინც არა. რამდენჯერმე ვიყავი, სადაც ჯერ არს. აყვანილი ვარ აღრიცხვაზე. გამაფრთხილეს, მოვერიდო რაიმე ნიშნით იმიტაციას. ერთხელ თბილისში ვიყავი, განათლების სამინისტროში მივიტანე დოკუმენტები მახინჯაურის ბავშვთა სახლის შესახებ. კარტოზიას ყურადღება არ მოუქცევია, მაგრამ სამინისტროში ატყდა ერთი ამბავი, – აჭარიდან ბაბუ გვესტუმრაო. მეორე დღესვე დავბრუნდი ბათუმში. სადგურში ორი ახალგაზრდა დამხვდა. მითხრეს, მოემზადე, ჩვენთან ერთად წამოხვალო. მიმიყვანეს შს სამინისტროში, მაშინ ენვერ ხალვაში იყო მინისტრი. მან საგანგებო მიღება მომიწყო. ხილით და კონიაკით პატარა ტაბლა დადგეს, გვერდით ჯემალ გოგიტიძე და თენგიზ კონცელიძე მომისხდნენ. ენვერ ხალვაშმა მკითხა, ბიჭები თუ მყავდა. ორი მყავს და ორივე რუსეთში-მეთქი – ვუთხარი. მერე მითხრეს – იცით რაზე გამოგიძახეთ? შენმა ძმამ დაგვირეკა, რომ აღრიცხვაზე აგიყვანოთო. ამის შემდეგ სურათები გადამიღეს, დაახლოებით 45 პოზაში. მისამართი მკითხეს, არადა თენგიზ კონცელიძემ მშვენივრად იცოდა, რადგან სამჯერ ვყავდი უშიშროების კომიტეტში. მერე მერსედესში ჩამსვეს და სახლში წამიყვანეს.

– თქვენზე ამბობენ,  სარფის საბაჟოზე მანქანები გაუშვა ურიგოდო.

– მაშინ რიგები კვარიათამდე იყო. ჩემთან მოვიდნენ უშიშროების სამსახურის ბიჭები, გამოვეწყვე და წავყევი. სარფში რომ მივედით, თურმე ბატონი ასლანი იქედან 5 წუთის წამოსული იყო. გაკვირვებული და აფორიაქებული მიყურებდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რა არ მოეწონა, უკან რამ დააბრუნაო. მე გავეცი ბრძანება, ის მანქნები, იქ რომ იდგნენ, სასწრაფოდ გაეშვათ. დაახლოებით 500 მანქანა გავიდა ურიგოდ. მაშინ საზღვარზე რუსის ჯარი იდგა. ერთ-ერთ ჯარისკაცს გამოველაპარაკე, საიდან ხარ-მეთქი. ზაპოროჟიედანო – მიპასუხა. ვუთხარი, რომ იქ რამდენიმე წელს ვმსახურობდი და ჩვენ „ზემლიაკები“ ვართ-მეთქი. საწყალს გაოცებისაგან ავტომატი გაუვარდა ხელიდან.

– თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით, რითი ხართ დაკავებული?

–  იურისტი ვარ. საბჭოთა პერიოდში პროკურატურაში ვმუშაობდი. ამჟამად ადვოკატად ვმუშაობ.

– უფრო ხშირად რა საქმეზე ხდებიან ჩვენი მოქალაქეები თურქეთის სასამართლოში?

– ჩვენგან განსხვავებით ძალზე მკაცრად ისჯება იქ ქურდობა და პროსტიტუცია. ყველაზე ხშირად ამ საკითხებზე მიხდება ჩასვლა. ჩვენთან მკვლელობაზე სამ წელს აძლევენ. იქ ქურდობაზე 50 წელს უსჯიან.

– დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას როგორ აფასებთ?

– მთავარია, მშვიდობა იყოს. საქართველოს ერთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს და ჰყავს კიდეც. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, ისე როგორც ევროპაშია. რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, ის ხალხისათვის იბრძვის, თუმცა გარშემომყოფები არ უვარგა. ზოგიერთები რომ ფიქრობენ, ეს კაცი აჭარას არ დაკარგავს. იმედი მაქვს, რომ საქართველო ერთიანი იქნება მუდამ. სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია. ხალხს მისი დიდი იმედი აქვს და ღმერთმა ქნას, რომ მან გაამართლოს. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გვეშველოს?!

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული NGO დაფუძნდა

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა აჭარისათვის და ამით მთელი საქართველოსათვის“ შეიქმნა. ამ ორგანიზაციის წევრები აჭარაში ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არიან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თენგიზ კახიძე წლების განმავლობაში „აღორძინების კავშირის“ აქტიური წევრი იყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე მან პარტიის რიგები დატოვა. ორგანიზაციის შექმნის მიზეზი „ჩვენი აჭარას“ გააქტიურება და „კმარას“ გამოჩენა ყოფილა. თენგიზ კახიძე ორგანიზაციის მიზნებზე საუბრობს: „მიმდინარეობს ფარული მუშაობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ფენაში, მიდის მათი გამოყენების პროცესი საკუთარი პარტიული ინტერესებისათვის. ჩვენი მიზანია გავიდეთ მოსახლეობაში, შევხვდეთ თანატოლებს და მოვუწოდოთ, რომ ბრმა იარაღად არ იქცნენ არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, „კმარასა“ თუ სხვა ორგანიზაციის ხელში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა აჭარისათვის და ამით მთელი საქართველოსათვის“ აჭარაში სიმშვიდისა და სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს და ახალგაზრდობას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვთავაზობთ, დაველოდოთ ახლადარჩეული პრეზიდენტისა და ავტონომიის მეთაურის მომავალ შეხვედრას, მათ შორის გამართულ საუბარს. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ აჭარა იყო, არის და იქნება საქართველოს უერთგულესი კუთხე, არ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს“, – აცხადებს კახიძე.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ჩაბმას კულტურულ საქმიანობაში და დასაქმების პრობლემების მოგვარებას, თუმცა, ამის კონკრეტული პროგრამა ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, „ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას. არსებული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით გადაგდების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, ქუჩურ მანიფესტაციებს დავუპირისპირდებით უიარაღოდ, შიშველი ხელებით და საღი აზროვნებით, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

იქნება თუ არა ეს ორგანიზაცია „აღორძინების“  სატელიტი ორგანიზაცია? – თენგიზ კახიძე კატეგორიულად გამორიცხავს ამას. მისი მტკიცებით ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი ასლან სმირბა არ ყოფილა. კახიძე ირწმუნება, რომ „ამის შესახებ დიდ ხანს ფიქრობდნენ“…

„ჩვენი აჭარა“ ლოკალურ აქციებზე გადადის

მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯვრიანი დროშის დაკანონებას საქართველოს პრეზიდენტი 25 იანვარს მოაწერს ხელს, სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით, 19 იანვარს აჭარაში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშის აღმართვის უპრეცედენტო ცერემონიები მოეწყო.  აღსანიშნავია, რომ ეს აქციები მხოლოდ აჭარის სოფლებს შეეხო და ქალაქებში არ განხორციელებულა. „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ დიასამიძის განცხადებით 150-მდე ალამია აღმართული. „ამით ხაზი გავუსვით ჩვენი მოძრაობის მშვიდობიან, ორგანიზებულ ხასიათს და მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას. იცით, რა სპონტანური ხასიათი ჰქონდა მოსახლეობის აზრის გამოხატვას აჭარის სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, რომელსაც უცნაური და გაუგებარი ხასიათის შეხლა-შემოხლა მოსდევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბოლოოდ დაგვესვა წერტილი არაორგანიზებული გამოსვლებისთვის და ანგარიში გაგვეწია ხალხის განწყობილებისთვის. მე ვთვლი, რომ  მოსახლეობამ მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, როდესაც ხელისუფლებას დაასწრო და სახელმწიფო ატრიბუტიკის, დროშის აღმართვა დაიწყო სახელმწიფო დაწესებულებებზე“ – აცხადებს დიასამიძე.

„ჩვენი აჭარის“ გადაწყვეტილებით ბათუმში ამგვარი აქციის გადადება გამოწვეულია იმით, რომ იგი ადმინისტრაციული ცენტრია, აქ არის ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები. მოსალოდნელი იყო ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა. მათი აზრით, აჭარის ყველა სოფელში ერთდროულად ძალის გამოყენების შესაძლებლობა არსებულ ხელისუფლებას უკვე აღარ შესწევს. ორგანიზატორების თქმით, სოფლის საკრებულოებში მოღვაწე ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აქციაში დიდი მონდომებით ჩაებნენ.

თამაზ დიასამიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს: „უახლოეს პერიოდში აქ ჩვენ ლოკალურ აქციებს ვაპირებთ, ეს იქნება აქციები სოფლებში, დაბებში, საკრებულოებში, იქნება ხალხის მსვლელობები, სოფლებიდან ცენტრისაკენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გარდაუვალი პროცესები მართვადი გავხადოთ, რათა კალაპოტიდან არ ამოვარდეს, არ იქცეს ბუნტებად,  აჯანყებებად, რათა მას ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი“.

რაც შეეხება გონიოს აქციას, დიასამიძის თქმით, მან შეასრულა ის მისია, რაც დასახული იყო. თუმცა, იქ პროცესები გასცდა კიდეც დასახულ მიზნებს და აქციამ მიტინგის ხასიათი მიიღო, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები. „ჩვენ ამას მიზნად არ ვისახავდით. იქ ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა რადიკალიზმით და შეუძლებელიცაა აბსოლუტურ კალაპოტში მოაქციო მოსახლეობა, რომელიც 10 წლის განმავლობაში შეზღუდული იყო. ჩვენ შევეცადეთ, რომ აქცია აღარ გაგრძელებულიყო. მიტინგი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მაგრამ საბედნიეროდ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა“.

„ჩვენი აჭარა“ აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას გეგმავს. თავად დიასამიძე მოძრაობის პოლიტიკურ რანგში აყვანას გამორიცხავს: „მე ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლება აღარ გამოხატავს მოსახლეობის აზრს, ამიტომაც ის ვადამდელი არჩევნებით უნდა შეიცვალოს“. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს ასლან აბაშიძის ადგილს, ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი ყოფილა: „საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო და ვინ უნდა გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა რეგიონში, ეს მარტო აქ გადასაწყვეტი არ არის. უკვე წავიდა ის დრო, როდესაც აქ რეგიონის ხელმძღვანელი იყო საგარეო პოლიტიკის გამტარებელი და საშინაო პოლიტიკაში მთავარსარდლად ცხადდებოდა“.

რაც შეეხება 25 იანვარს პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს ბათუმში, დიასამიძე ამის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე „ჩვენი აჭარა“ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ჯერჯერობით არც ემზადება.

 

Exit mobile version