სიახლეები

არჩილ ხაბაძე: ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის

28.03.2013 • 1701
არჩილ ხაბაძე:  ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის

არჩილ ხაბაძე

ბატონო არჩილ, როცა ბიძინა ივანიშვილი თურქეთიდან დაბრუნდა, განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მან თქვა, რომ შესაბამის ადგილს თქვენ გამონახავდით. ახლა კი არსებული მეჩეთის გაფართოებაზე საუბრობთრა შეიცვალა იმ განცხადებების შემდეგ?  

საკითხი დგას ასე, არის ახლის აშენების ვარიანტიც და არსებულის გაფართოებისაც.  ჩვენ ვთავაზობთ გაფართოებას, რადგან საზოგადოებაც არ არის გაფართოების წინააღმდეგი.

საზოგადოებაში ვის გულისხმობთ, რაიმე კვლევა ჩაატარეთ, თუ რაიმე კონკრეტულ განცხადებებს ეყრდნობით

ჩვენ გვქონდა და გვექნება კონსულტაციები არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. იქნებიან ესენი მწერლები, თუ სხვა ვინმე, ვისთანაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ტერიტორია მეჩეთისთვის გამოყოფილი არ არის.  ზოგიერთს ქალაქის ცენტრში სურს ადგილი, ზოგიერთს _ პერიფერიაში, ვერ შევთანხმდით მუსლიმან მრევლთან.

 როცა აკეთებთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს მშენებლობაზე, ხომ არ უჩენთ ფუჭ მოლოდინს მუსულმან მრევლს?

როცა აშენებაზე გაკეთდა განცხადება, მაშინ იყო ამაზე საუბარი. მათი მხრიდან მოთხოვნა არის მაქსიმუმი, ჩვენ ვთავაზობთ შუალედურს. ჩვენი  პოზიცია არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს დაპირისპირება, არ წამოვიდეს აგრესია. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, ახალი აშენდეს, თუ არსებული გაფართოვდეს.

 რა ვადაში წარმოგიდგენიათ ამ საკითხის გადაწყვეტა?

რადიკალური მოთხოვნების შემთხვევაში, დრო დასჭირდება, გაფართოების შემთხვევაში კი მზაობა არის. მართალია, ამასაც დასჭირდება დრო, რადგან უნდა მომზადდეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება მეჩეთის გაფართოება ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ურბანული იერ-სახე. მოკლევადიან პერსპექტივაში არც ეს მოხდება.

თურქეთში ვიზიტზე მინდა გკითხოთ, საუბრობენ იმაზე, რომ ინვესტორებმა იკლო, თურქეთში ვიზიტის დროს თუ შეხვდით ინვესტორებს, ხომ არ მიგიღიათ ახალი წინადადებები?

ართვინსა და რიზეში შევხვდი სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და ბიზნესმენთა გაერთიანებას.  იყო სიფრთხილის მომენტი, რადგან წინასაარჩევნოდ იყო განცხადებები, რომ თურქულ ინვესტიციებს აღარ მოვიზიდავდით. ჩვენ ეს ეჭვები ჩავუკალით. მათ აჭარაში იზიდავთ საგადასახადო სისტემა და ის, რომ ნაკლები ბიუროკრატიაა ბიზნესისთვის. აინტერესებთ როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე ტურიზმიც. იყო სერიოზული შემოთავაზებებიც, განვიხილავდით  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკითხსაც, ნახევარი მილიარდის ინვესტიციაზე იყო საუბარი. კონკრეტულად ნავთობის შემოტანაზე, გადამუშავებასა და გატანაზე  უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც არც გარემოს აზარალებს. აინტერესებთ სათამაშო ბიზნესიც.

წინა ხელისუფლება ინვესტორების მოსაზიდად ერთ ლარად გასცემდა ქონებას,   თქვენ თუ აპირებთ ამ პოლიტიკის გაგრძელებას?

ერთ ლარად არავის არ მივცემთ ქონებას. ეს ფორმა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა ინვესტორებთან მიმართებაში. ჩვენ ვესაუბრებით გრძელვადიან იჯარაზე. დღეს იმდენად საინტერესოდ მიაჩნიათ ჩვენი რეგიონი, რომ არც არის ერთ ლარზე საუბარი. არიან ისეთები, რომლებსაც უჭირთ `ერთლარიანი~ ქონების დაბრუნება, რადგან უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მათ რეალურად ერთი ლარი არ გადაუხდიათ ამ ქონებაში.

 

 თქვენ გაქვთ კერძო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება, რა სირთულეებს ხედავთ საჯარო სამსახურში? არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც გიჭირთ

მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც კომერციულ სტრუქტურაში. არ ვღალატობ გუნდურობის და სხვისი აზრის მოსმენის პრინციპს. არის საკითხები, სადაც აზრი იყოფა და გიწევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ისე, რაც ამ სამსახურში მოვედი, ვატყობ, რომ უფრო მკაცრი ვხვდები. არ ვიყავი მუშტის ქნევას მიჩვეული, არც ახლა ვიქნევ, მაგრამ უფრო რბილი და დემოკრატი ვიყავი, აქ კი დემოკრატია რაღაც არ გამოდის. არის კატეგორია თანამშრომლების, რომლებთანაც ეს არ მოქმედებს. ზოგიერთს სჭირდება მითითება და შენიშვნის მიცემა, რომ საქმე გააკეთოს. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არიან მიჩვეულნი და თავიანთ აზრს ვერ შემოგთავაზებენ.

რაც შეეხება მოუგვარებელ თემებს, ძალიან მიჭირს სოციალური საკითხების გადაჭრა. ალბათ რაღაც გეგმის შემუშავება იქნება საჭირო.

 თქვენ ახსენეთ თანამშრომლების პრობლემა, როდესაც თქვენზე დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობენ თქვენი ახლობლები, მაგალითად მეჯვარე, ცოლის ნათესავი და .არსებობს ალბათობა, რომ ახლობლობის გამო დაზარალდეს სახელმწიფო ?

ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. პირველ პერიოდში, როცა საჯარო სამსახურები რევანშისტულად იყვნენ განწყობილნი, ჩვენი გუნდი კი იყო სუსტი და ნდობის ხარისხი დაბალი, უცხო ადამიანებთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. ასეთ დროს ჩვეულებრივია, რომ შინაურს ეძებ. ხანდახან იწვევს დისკომფორტსაც, მაგრამ ერთგულება და პასუხისმგებლობა ნდობაზეა აწყობილი. მეგობარი, რომელსაც ენდობი, უნდა მიხვდეს, რომ არ მიიყვანოს ჩიხში საქმე და ამას ვეუბნები ყველას. მე ვერ ვიტან, როცა  არსებობს ფაქტი, ის კი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე.

 ყოფილ ფინანსთა მინისტრს ხომ არ გულისხმობთ, რომლის მეჯვარეც ხართ? ის ამტკიცებდა, რომ განცხადება არ ჩაუბარებია და ისე გაათავისუფლეთ, რა მოხდა სინამდვილეში?

მისი განცხადება შემოვიდა, თუმცა მან პირადად მთხოვა, რომ აღარ შემიძლია და უნდა წავიდეო.

თქვენ ამბობთ, რომ ერთგულებაა მთავარი, ნაციონალებიც ერთგულების მიხედვით ნიშნავდნენ კადრებს. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც წლების განმავლობაში ჰქონდათ უსამართლობის განცდა და ცვლილებებს მოელოდა

პრესსამსახურის უფროსი ვერ იქნება უცნობი, ვერც თანაშემწე. თუმცა ვაპირებთ სექტემბრიდან ატესტაციის ჩატარებას.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტარი მურმან დუმბაძე ერევა საკადრო პოლიტიკაში, ეს რეალურად ასეა?

რეკომენდაციებს მაძლევს, მეუბნება, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე ვინ შეიძლება გამოდგეს. 50 პროცენტი მისი რეკომენდაციების გავითვალისწინე. ძირითადად პარტიული აქტივისტების დასაქმებას მთხოვს. აქ არის ორი მიმართულება, _ აქტივისტი და პროფესიონალი. თანაც კოალიციური ბალანსი არ უნდა დაირღვეს.  იყო შემთხვევები, როცა უარიც მითქვამს.

იყო საუბარი იმაზეც, რომ გარკვეული ვადით იყავით ამ თანამდებობაზე დანიშნული, შემდეგ კი  ივანიშვილს თვითონ სთხოვეთ თანამდებობიდან წასვლა

არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. არ ვაპირებ წასვლას. არ ვარ ასეთი სუსტი ადამიანი, რომ უკან დავიხიო. ბიძინა ივანიშვილს კი  ყოველდღე ვუკავშირდები და ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობა გვაქვს.

ბოლოს გკითხავთ ხელვაჩაურის გამგებლის ტელედაკავებაზე, რას ფიქრობთ დაკავების ამ ფორმაზე?

ძალოვნების ფუნქციებში ვერ ჩავერევი, თუმცა, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან თუ ვიტყვი, ეს ალბათ არის სხვების გაფრთხილებისთვის ან დაშინებისთვის, არ ვიცი. მე მეშინია, ზოგადად შეცდომის მეშინია, რომ არ დავუშვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: