ნეტგაზეთი • RU

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მედდების აქციის შესახებ

 

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედპერსონალის მოთხოვნებით, რომლებმაც დღეს გამართეს აქცია, ირღვევა როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა პერსონალის, ასევე პაციენტის უფლებები“ – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში დღეს, 26 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების მიერ გამართულ აქციას, სადაც მედდებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ, გააპროტესტეს.  

 

როგორც მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებს“ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან მან თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად, თუ სად იმუშავებდნენ, ორი თვე მისცა, თუმცა მათ გადაწყვეტილება დღემდე ვერ მიიღეს და კვლავ დამატებით დროს ითხოვენ.  

„მე მათ უფლება მივეცი დროებით შეეთავსებინათ ორი სამსახური, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელ სამსახურში დარჩებოდნენ საბოლოოდ. ერთი თვის შემდეგ მათ არასაკმარისად ჩათვალეს ეს დრო გადაწყვეტილების მისაღებად, მოვიდნენ მთხოვეს კიდევ ერთი თვე. მე მათ კიდევ ერთი თვე მივეცი, ახლა კი კიდევ სამი თვის ვადას ითხოვენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 20 ექთანია ასეთი, ექთანების საერთო რაოდენობა კი არის 250 და მე 20 ექთანს დავუმორჩილო 250 ექთანის ნება?! ეს ცოტა რთული იქნება“ –  აცხადებს მალხაზ ხალვაში.

ამასთან, როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, პირველი აპრილიდან იწყება ექთანების გადამზადება და მათ არ აქვთ უფლება, რომ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები გადაამზადონ.

მისივე განმარტებით, „სამსახურის დატოვება იმიტომ ხდება, რომ ექთნები და სამედიცინო პერსონალი მუშაობს გარკვეული გრაფიკის მიხედვით. როცა ისინი სხვა სამსახურში არიან, ამოტივტივდა რამდენიმე პრობლემა,  ერთი საათით გვიან მოდიან სამსახურში და ასევე ერთი საათით ადრე მიდიან, იმიტომ, რომ გარბიან მეორე სამსახურში, რითაც ირღვევა ჩემი სამედიცინო პერსონალის უფლებები. მეორე მომენტი არის ის, რომ მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც სხვა სამსახურიდან რესპუბლიკურში როცა მოდიან, მათ მუშაობა აღარ შეუძლიათ.“

 

მალხაზ ხალვაში დასძენს, რომ მისთვის პიროვნულად გასაგებია ამ ადამიანების სურვილი, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის დადებითი შედეგი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მალხაზ ხალვაშის ბრძანებას ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმადაც მომავალი თვიდან მათ სხვა  საავადმყოფოში შეთავსებით მუშაობა აღარ შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მათ სამსახურიდან გაუშვებენ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჯაყელი