მთავარი,სიახლეები

ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში

25.03.2013 • 3740
ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში

„აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თხოვნით მივმართავ, რომ ბუნებას შველა სჭირდება. ასეთ ლამაზ ბუნებას არ შეიძლება წაართვან ასეთი ლამაზი შვილები,“ – ამბობს თამაზ ქოქოლაძე, სოფელ ქოქოლეთის მცხოვრები.

მისი თქმით სოფელში რამდენიმე მონადირეა, რომელთაც მონადირე ძაღლები ჰყავთ. ძაღლები ტყიდან შვლებს ერეკებიან, რის გამოც ცხოველები სოფელში ჩადიან. ძაღლებისგან შვლების დევნის ფაქტს ადასტურებს ქოქოლეთის კიდევ ერთი მცხოვრები მალხაზ ქოქოლაძე. ეს უკანასკნელი თავადაც მონადირეა, ძაღლი მასაც ჰყავს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, მისი ძაღლები  შველზე დაგეშილი არ არიან.

„ვინც კი რამე საშუალება ნახა და მონადირე ლეკვი იშოვა, მოჰყავს სახლში. ოფიციალურად შველზე სანადიროდ არავინ მიდის, მაგრამ ეს მონადირე ძაღლები იგივე მოწანწალე ძაღლებია, თუ კარგ პირობებში არ შეინახავ. მეც მყავს ძაღლი, მაგრამ უჩემოდ ნაბიჯს არ გადადგამს. მეორეც, ამ ძაღლს სისხლში აქვს ნადირობა და შველი ძალიან უყვარს მონადირე ძაღლს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.

მისი თქმით გამოსავალი იმაშია, რომ საქმეში შესაბამისი უწყებები ჩაერიონ და სოფელში ყველა ძაღლი აღრიცხონ.

„ამ ძაღლების აღრიცხვა უნდა მოხდეს, დაბირკონ, პასპორტით გააფორმონ, რომ ყველამ თავის ძაღლს მოუაროს. სხვა შემთხვევაში რთულია იმის გარკვევა, ვისი ძაღლი სდევნის შვლებს. მითუმეტეს ახლა არის გამრავლების, მყვირალობის დრო. მე რაც ვნახე, ტყიდან გამოსული შველი ყველა მამალი იყო. როგორც ჩანს, ამ ძაღლებს მამალი იტყუებს და ორსულ დედალს მალავს, იცავს. დედალ შველს რომ გამოეკიდოს ძაღლი, ის ვერ გაასწრებს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.

იგი ამბობს, რომ ორი კვირის წინ შველი თავადაც გადაარჩინა, ხელვაჩაურში ჩაიყვანა, გარემოს დაცვის სამმართველოსაც შეატყობინა. შველს დახმარება გაუწიეს, თუმცა ის დაიღუპა. მალხაზ ქოქოლაძის თქმით, შველს ნატყვიარი ეტყობოდა.

იმ ფაქტს, რომ შველი ტყვიით იყო დაჭრილი, ადასტურებს ექიმი ვეტერინარი გიორგი კალანდაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნატყვიარი ძველი იყო.

„შველი როცა მოიყვანეს, ჰქონდა ნაგლეჯი ჭრილობა. დაკბენილი იყო ცხოველებისგან. აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, რაც საჭირო იყო. ასევე რქასთან ჰქონდა ძველი ნატყვიარი, რომელიც შეხორცებული იყო, თუმცა განაკაწრის ნაკვალევი ჰქონდა. ახალი ჭრილობა ბარძაყზე, არ იყო ნატყვიარი, დაჩირქებული იყო,“ –  ამბობს გიორგი კალანდაძე.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის მირზა ნოღაიდელის მტკიცებით კი შველს ტყვიით მიყენებული ჭრილობა არ ჰქონია. იმავეს ამტკიცებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ კუპრეიშვილი.

„ირემი იყო ავადმყოფი და დაკბინეს ძაღლებმა იმის გამო, რომ იყო ავადმყოფი და გაქცევა ვერ მოახერხა. ეს იყო და ეს. ნატყვიარი? ვინ თქვა ნატყვიარი. ნატყვიარი არ ჰქონია. მე არ შემიმჩნევია. ვინც ნახა, ისიც უარყოფს ამას და ეს აბსურდია,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი.

კუპრეიშვილის თქმით ქოქოლეთის მცხოვრებნი პატიოსნად ნადირობენ და იმის თქმა, რომ სოფლის მცხოვრებთა ძაღლები ტყიდან  შვლებს სდევნიან, არასწორია.

„ეს არის ქოქოლეთის მოსახლეობის შეურაცხყოფა. პატიოსან მონადირეობას რაც შეეხება, სწორედ მაგ სოფელშია დაცული. არის სახეობები, რაზეც ისინი არ ნადირობენ, ერთ-ერთია ირემი. რაღაც უცხო რომ გამოჩნდება, ძაღლი უყეფს, თუ მორევა შეუძლია, მისდევს. რა ვქნა ახლა, კაცს ვერ ავუკრძალავთ, რომ ძაღლი ჰყავდეს,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი. მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი, გარემოს დაცვის სამმართველო ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს.

სახელმწიფო, წესით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს. შველი  „წითელი ნუსხაშია“ შეყვანილი. სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი შავგულიძის თქმით, გარემოს დაცვის სამმართველოს რეაგირებისთვის ბერკეტები არ აქვს.

„თუ იყო ძველი ნატყვიარი, ვერაფერს გააკეთებდა გარემოს დაცვის სამმართველო. უბრალოდ შეუძლებელია რამის გარკვევა. არასოდეს არ იცი ეს სად მოხდა. დამალეს – არ დამალეს, ძნელი სათქმელია, შესაძლებელია ზედმეტი კითხვების გაჩენა არ უნდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გააკეთებდნენ,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიიდან მონადირე ძაღლები შვლებს  სდევნიან, შავგულიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მარტო სახელმწიფოს ჩარევა არ კმარა, მოსახლეობის ნებაც უნდა იყოს არსებული მდგომარეობის შეცვლა.

„ძაღლების საკითხი არის საკმაოდ პრობლემატური. ეს იქნება მაწანწალა თუ მონადირე ძაღლი, იწვევენ სერიოზულ პრობლემას და პრაქტიკულად ხანდახან ნადირობენ კიდეც. ფიზიკურად ნადირობენ ველურ ცხოველებზე და როცა დაცულ ტერიტორიასთან გვაქვს საქმე, ეს განსაკუთრებით სერიოზული საკითხია. ეს არის უფრო რთული საკითხი, ვიდრე გარემოს დაცვის რაღაც სტრუქტურას მოსთხოვო, რომ მოუარონ. ერთი მხრივ, დაცული ტერიტორია უნდა იყოს დაცული და იქ არავითარი ძაღლი არ უნდა შევიდეს. უბრალოდ უნდა მოხდეს ამ ძაღლის დაპატიმრება. როგორც, ვთქვათ, კანონის დამრღვევს დააკავებ, აი ისე უნდა დააპატიმრო ძაღლიც. მეორე მხრივ, თავად შველი შეიძლება გამოვიდეს დაცული ტერიტორიიდან და გახდეს ძაღლების მსხვერპლი.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, სახელმწიფომაც უნდა აიღოს და მოსახლეობამაც. მაგრამ მეორე საკითხია, საქართველოში სანამ არ ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის ინსპექციის მაგვარი რამე სტრუქტურა, რომელიც როგორც მე ვიცი, აუცილებლად აღდგება, მანამდე ეს საკითხი ღიად რჩება. ახლა ცალსახად პასუხისმგებელი ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს, ვთქვათ, ბუნებისადმი სამართალდარღვევის აღკვეთაზე, არ არსებობს,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: