სიახლეები

ექთნის არჩევნები პოლიტიკური ნიშნით

25.03.2013
ექთნის არჩევნები პოლიტიკური ნიშნით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრებლები სამედიცინო პუნქტში ახალი ექთნის, მზისადარ მანველიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მზისადარ მანველიძე ჯანდაცვის სამინისტრომ იმიტომ დანიშნა, რომ „ნაციონალია“, ხოლო „ოცნების“ კადრი, თამარ ვარდმანიძე, სოფელში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად არ დანიშნეს.

„ჩვენმა კადრმა, ვარდმანიძე თამარმა სამი ხმით მოიგო, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან გორგილაძემ გვითხრა, სამი ხმით მოგება მოგება არ არისო“.

უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ

„იმასაც აქვს დიპლომი და ამასაც, მაგრამ კომპეტენციას კი არ აქვს აქ მნიშვნელობა ან დიპლომს, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ექთნის დანიშვნა“- ამბობენ უჩხითელები.

„სამინისტროში მითხრეს, მანველიძე იმიტომ დავნიშნეთ, რომ მას ბათუმში აქვს დამთავრებული შენ კი მახუნცეთშიო. მე რეკომენდაცია არ ჩამომივიდა გამგეობიდან, რადგან სატყეო მეურნეობის უბნის უფროსის როლანდ კობალაძის ცოლი დანიშნეს. კობალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო“-ამბობს თამარ ვარდმანიძე

ნოდარ ბედინაძე კი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „ლევან გორგილაძემ პირდაპირ გვითხრა, რადგან თქვენი კანდიდატი „ოცნების“ მომხრეა, არ დავნიშნეთ და თუ გინდა იდავეთო. კაბინეტიდან გარეთ გამოგვყარა“.

„აგერ გვაქვს ოქმი. სადაც ხმების უმრავლესობა მიიღო თამარ ვარდმანიძემ. თუ არჩევნებს არ ჰქონდა ძალა, რატომ ჩაგვატარებინეს. მოატყუეს სოფელი“-ამბობს ნაზი გოჩაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის  ლელა სურმანიძის განცხადებით, მზისადარ მანველიძე გამგეობის წარდგინებით დაინიშნა:

„გამგეობამ შემოგვთავაზა ორი კანდიდატურა, ვინაიდან, ორივე კანდიდატურას ჰქონდა ერთნაირი პირობები იმ მხრივ რომ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მზისადარ მანველიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა რომ უფრო უკეთესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. თანაც მანველიძეს აქვს ფერშალის კვალიფიკაცია, ვარდმანიძეს კი მედდის“.

ლელა სურმანიძე, ექთნის დანიშვნის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

სოფლის ექთნის ანაზღაურება გამოწერით 250 ლარია, ხელზე კი 200 ლარს იღებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.