Batumelebi | როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს – Batumelebi
RU | GE  

როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს

 

Fly fishing -ი ანუ როგორც მას უწოდებენ ხელოვნურ სატყუარაზე თევზაობა, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. თევზაობის ამ სტილს ერთეულები მისდევენ. ნიკა ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში Fly fishing -ს მისდევს. თევზაობის ამ ფორმის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მეთევზე თევზის მოსაზიდად არ იყენებს ბუნებრივ სატყუარას და დაჭერილ თევზს უკან,  მდინარეში აბრუნებს.  

„ეს ცხოვრების სტილია, ცხოვრების ფილოსოფიაა. დიდი ისტორიის მქონე თევზაობის სტილია. დაახლოებით მეთოთხმეტე-მეთხუთეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივი თევზაობისგან არის ის, რომ ვთევზაობთ ხელოვნური მასალების მეშვეობით, მაგალითად, მამლის ბუმბულით. თევზის საკვები ბაზა რაც არის, ღორტავს რომ ეძახიან, ხელოვნური მასალისგან მის მსგავს სატყუარას ვაკეთებთ.  არ გამოიყენება ბუნებრივი სატყუარა – ჭიაყელა, პური და სხვა სატყუარები,“ – ამბობს ნიკა ზურაბიშვილი.

 

 

ნიკა ზურაბიშვილი
ნიკა ზურაბიშვილი

 

 

მისი თქმით თევზაობის ამ მეთოდით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჰემინგუეის მოთხრობების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. მოგვიანებით, როცა თევზაობა დაიწყო, ბლოგი შექმნა, სადაც თავისი გამოცდილების შესახებ წერს და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნის. Fly fishing -მა სანამ დღევანდელი სახით ჩამოყალიბდებოდა, განვითარების დიდი გზა განვლო. ამ მეთოდით თევზაობის შესახებ პირველი ინფორმაცია ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გვხვდება და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი. უკვე მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში მთელი რიგი ლიტერატურა იქმნებოდა იმდროინდელი სწავლულების მიერ. მათ მიერ დაწერილ წიგნებში იმიტაციების (ხელოვნური სატყუარების) შექმნის და გამოყენების სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნიკა ზურაბიშვილი ამბობს: „Fly fishing -ის გავრცელებას მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება ჰპოვა ამ მეთოდმა ჩვენთან, ნამდვილად არ ვიცი, არადა, საინტერესო იქნებოდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია, რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს. მოიპოვება ცნობები, რომ სამეგრელოში დღემდე ე.წ. „ბუნდღაობა“ ეწოდება. მამლის ბუმბულს ახვევენ ნემსკავზე და ამ მეთოდით თევზაობენ მთის მდინარეებში. კლასიკური  ფლაიფიშინგის მეთოდი საქართველოში არ არსებობს და ვერ ვიტყვით, რომ გავრცელებულია.“

 

 

მაინც რატომ არის საინტერესო და განსაკუთრებული თევზაობის ეს სტილი? ნიკა ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს გაძლევს  ახლო ურთიერთობის საშუალებას ბუნებასთან.

 

 

„სპეციალურად ირთულებს მეთევზე თავის ამოცანას. ჩვეულებრივი სატყუარით დაჭერა ყველას შეუძლია.  მეთევზე ჯერ აკეთებს, მაგალითად, ჭიაყელას მსგავს იმიტაციას, სატყუარას, შემდგომ უკვე თევზს ატყუებს მისით. ამასთან ეს მთელი ფილოსოფიაა.  თევზისადმი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ის, რომ აი, წავიდა მეთევზე, წამოიღო  თევზი და შეწვა ტაფაზე. ჩვენი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თევზს უკან, ბუნებაში ვაბრუნებთ იმისათვის, რომ გამრავლდეს. სწავლობ არა მხოლოდ თევზს, არამედ მდინარეს. რომელი მწერი ბუდობს ამა თუ იმ ადგილას, რა სახის, რა ფერის იმიტაცია უნდა დამზადდეს, რომ თევზი მოიტყუო.

 

რატომ ვაბრუნებ თევზს უკან მდინარეში? იმდენად მიყვარს ბუნება, არ შემიძლია მოვკლა ეგ თევზი, იმიტომ, რომ ამ თევზთან შეხვედრას ველოდები კვირები და ხანდახან თვეები. მეორეც, საქართველოში სამწუხაროდ იმდენი თევზი აღარაა დარჩენილი, რომ ყველამ სახლში წავიღოთ. ანუ რაც უფრო მეტი თევზი დაბრუნდება მდინარეში, მით უფრო მეტი თევზი იქნება, გამრავლებას და ნორმალური იხტიოფაუნის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს,“- ამბობს ნიკა. 

 

Fly fishing – ის მეთოდით თევზაობა კალმახზე სათევზაოდ არის შექმნილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ  საქართველოში დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, კალმახის ჭერა აკრძალულია, ამ სტილის მიმდევრები სხვადასხვა სახეობებზე თევზაობენ.

 

 

„იძულებულები ვართ, ვითევზაოთ სხვადასხვა სახეობის თევზზე. მაგალითად, მე ვიჭერ ხრამულს, სიმორს, წვერას, კარჩხანას. იმდენად უნივერსალური მეთოდია, რომ არა აქვს მნიშვნელობა თევზის სახეობას. ეს მეთოდი „თვითონ ირჩევს“ ადამიანს. პირადად ჩემთვის ეს მეთოდი არის მისაღები,“ – ამბობს ნიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი