სიახლეები

ქალები პოლიტიკაში

27.03.2013
ქალები პოლიტიკაში

 

 „პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით საქართველოში ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით საქართველო ბოლო ან ბოლოს წინა ადგილზეა – ასეთია რეიტინგები და ეს თემა არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.  

 

 

 თუ გვინდა, რომ კარგი მომავალი გვქონდეს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე პოლიტიკური ჩართულობის, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ შეიძლება, რომ ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარი, რომელსაც წარმოადგენენ ქალბატონები  – იყვნენ ჩრდილში“.  – განაცხადა NIMD-ის პროგრამების ოფიცერმა ირაკლი ქობალიამ.

 

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე ჩაატარეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი.

 

მომხსენებელმა თამარ ბაგრატიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქალთა აქტიურობა არჩევნების დროს საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა რაც შეეხება ქალთა წარმომადგენლობას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აქ მდგომარეობა საგანგაშოა: პარლამენტში მხოლოდ 18 ქალია წარმოდგენილი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი სამი.

ნინო შიოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ქალთა უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, თუმცა პრაქტიკაში განსახორციელებლად რიგი პრობლემები არსებობს.

 

„ტრადიციულად კიდევ არის შემორჩენილი, რომ ქალის საკუთრება ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე შეზღუდულია. ქალები ვერ მუშაობენ, ისინი არ არიან რეალიზებული და ეკონომიკურად არიან დამოკიდებული მეუღლეებზე, ოჯახის წევრებზე, მშობლებზე” – აღნიშნა ნინო შიოშვილმა.

 

შეხვედრაზე გენდერული კუთხით აჭარაში არსებული მდგომარეობაც განიხილეს, როგორც აჭარაში რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტმა, ნატა იმედაიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში აჭარაში პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ტენდენცია გაიზარდა, თუმცა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ კუთხით მუშაობაა საჭირო.

ირაკლი ქობალიას თქმით, დებატები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხელს შეუწყობს პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას, რომელშიც მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. მისი თქმით დისკუსიების შედეგად შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელსაც ორგანიზაცია  წიგნის სახით გამოსცემს.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, NIMD-მა პროექტის „დემოკრატიის სკოლის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და გორში ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: