სიახლეები

ბათუმში თანამედროვე შუქნიშნებს ამონტაჟებენ

22.03.2013 • 1504
ბათუმში თანამედროვე შუქნიშნებს ამონტაჟებენ

 

ბათუმის ქუჩებში თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. მოდერნიზებული შუქნიშნები ქალაქის 16 გზაჯვარედინზე განთავსდება. შუქნიშნები რადარებითა და მოძრავი კამერების მეშვეობით სრულად გააკონტროლებს საგზაო მოძრაობის ინტენსივობას და შესაბამისი ფერის ჩართვით დაარეგულირებს მოძრაობას, რაც გზაჯვარედინებზე საცობის შექმნას თითქმის გამორიცხავს.

 

ასევე, გათვალისწინებულია პარკომეტრების დამონტაჟება და მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც შუქნიშნები და საგზაო მოძრაობა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება. სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით თვენახევარში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად მოინახულა.

გარდა შუქნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისა, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირზე მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც რადარებით, შესაბამისი ღილაკითა და ხმოვანი სიგნალით აღიჭურვება, რაც მხედველობადაქვეითებული მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ბელგიურ კომპანია ,,ვიალისთან”, რომელსაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. სააგენტომ სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა 16 გზაჯვარედინის შუქნიშნებით გამართვისთვის საჭირო მოწყობილობა – კომპიუტერული ტექნიკა, მართვის პულტები, რადარები, ვიდეოთვალი, დენის წყარო და ა.შ. 1500 საგზაო ნიშანი და მართვის ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა.

 

ამავე კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შუქნიშნების გამართვასა და ცენტრის მოწყობას. სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი