სპორტი

ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატება იქნება

21.03.2013 • 1932
ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატება იქნება

ირინა, დღესდღეობით საქართველოში ყველაზე წარმატებულ ძიუდოისტ ქალად ითვლები, თუმცა, როგორც ვიცი, შენი სპორტული ცხოვრება მშვილდოსნობით დაიწყო. რატომ შეცვალე არჩევანი?

 

 

– მშვილდოსნობით დავინტერესდი თავიდან და ვარჯიშიც ამიტომ გადავწყვიტე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიმიღწევია, მალევე მომიწია ძიუდოში გადასვლა. ქალთა ძიუდო ახალშემოსული იყო აჭარაში, რაღაც ტურნირი ტარდებოდა, ვესწრებოდი, იქვე იყო საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი გოდერძი ველიჯანაშვილი, სწორედ მან მირჩია ძიუდოში ვარჯიშის დაწყება, ასევე სიმონ ზაქარაძემაც, რომელიც ხელვაჩაურის სპორტსკოლაში მუშაობს. ვფიქრობ, არჩევანში არც შევმცდარვარ.

 

 

  შენი ტიტულები ჩამოგვითვალე

 

 

– პირველი წარმატება 2005 წელს მოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თასის გათამაშებაში გავიმარჯვე. შემდეგ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე, მართალია, საპრიზო ადგილი არ ამიღია, მაგრამ სწორედ ამ ტურნირმა განაპირობა ჩემი მომავალი, კარგად ვიჭიდავე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შარშან ბაქოში გამართული „დიდი სლემის“ ტურნირი იყო, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე, ასევე ვიასპარეზე სტამბულში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

 

 

ეს ძიუდოში, როგორც ვიცი, ძალები სამბოშიც მოსინჯე

 

 

– დიახ და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს შევმატე.

 

ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)
ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)

 

 

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოდიოდი, ამჟამად რომელში ჭიდაობ?

 

 

– აბსოლუტურში ვარ.

 

 

მაშინ შენი თანამემამულე თეა დონღუზაშვილი გეცოდინება

 

 

– თეას ვინ არ იცნობს?! უძლიერესი სპორტსმენია. ორჯერ შევხვდი და ორჯერვე დავმარცხდი. თან მაშინ დამწყები სპორტსმენი ვიყავი.

 

 

რევანშის სურვილი არ გაქვს?

 

 

– რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ თუ არ ვცდები, მან აქტიურ სპორტულ კარიერას თავი დაანება.

 

 

ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში გექნება მონაწილეობა მიღებული

 

 

– რა თქმა უნდა. გერმანიაში ვიჭიდავე, მეშვიდე ადგილი დავიკავე, ეს კი საკმარისი არ აღმოჩნდა ლიცენზიისთვის. შემდეგ ტრავმა მივიღე და ცხრა თვე გამიცდა, ხელი თაბაშირში მქონდა ჩასმული.

 

 

ამჟამად თბილისში ვარჯიშობ?

 

 

– კი, თბილისში ვარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა არ შემიძლია ორიოდ სიტყვა ჩემს ბათუმელ მწვრთნელზე, ნანი კირკიტაძეზე არ ვთქვა, რომელთანაც გადავდგი პირველი ნაბიჯები ძიუდოში და დღესაც, როდესაც ბათუმში ჩამოვდივარ, მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვვარჯიშობ. ასევე ნათია აბუსერიძე, რომელიც ძალიან დამეხმარა, თავად ყოფილი სპორტსმენია და თუ არ ვცდები, საბჭოთა კავშირის პრიზიორიცაა.

 

 

უახლოეს მომავალში რა ტურნირზე მიემგზავრები?

 

 

– თურქეთში გაიმართება „დიდი სლემი“, იქ ვიჭიდავებ, ვეცდები საპრიზო სამეულში მოვხვდე და სარეიტინგო ქულები ჩავიწერო.

 

 

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი რამდენად გაქვს?

 

 

– ოლიმპიადა ჩემი ოცნებაა. ვიცი, რომ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი გამოდის და ისევე როგორც მე, ყველა ოლიმპიადაზე ოცნებობს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ჩემთვის უკვე დიდი წარმატება იქნება.

 

 

როგორც ვიცი, შენი ორი დაც სპორტსმენია და ისინიც ქალებისთვის უჩვეულო სპორტის სახეობაში ასპარეზობენ

 

 

– კი, ასე ვთქვათ, სპორტული ოჯახი ვართ. ორივე მკლავჭიდელია. ახლახან გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ლამზირამ მეორე, ლარისამ კი – მესამე ადგილი დაიკავა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: